საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და დისიდენტების დარბევას; ადამიანის უფლებების დამრღვევები კი დაუსჯელები რჩებიან. ეკონომიკური მდგომარეობა მერყევია, რაშიც დიდი წვლილი შეაქვს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს. ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა მოახდინა კოვიდ პანდემიამაც; ქვეყანაში გაიზარდა სიღარიბე და მილიონობით ირანელისთვის საცხოვრებელი პირობები გაუარესდა.
ირანის ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უსაფრთხოების ძალები გადამეტებული და უკანონო ძალის [მათ შორის ლეტალური] გამოყენებით პასუხობდნენ საპროტესტო აქციებს, რომლებიც, ძირითადად, ეკონომიკური საკითხების გამო იწყებოდა და აპატიმრებდნენ ათასობით დემონსტრანტს. ხელისუფლება განაგრძობს ადამიანის უფლებადამცველთა შევიწროვებას; მათ დაპატიმრებებსა და სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას. ირანი კვლავ რჩება მსოფლიოში ერთერთ მოწინავე პოზიციებზე სიკვდილით დასჯის განაჩენების აღსრულების მაჩვენებლით; უფლებადამცველთა ინფორმაციით, 2021 წელს [8 ნოემბრამდე], ირანში სიკვდილით დასაჯეს მინიმუმ 254 ადამიანი, რომელთაგან მინიმუმ 7 ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებებით. ირანული სასამართლო, განსაკუთრებით რევოლუციური სასამართლოები, შორსაა აღიარებული სტანდარტებისგან; სასამართლო პროცესი არ მიმდინარეობს სამართლიანად და სასამართლო უპრობლემოდ იყენებს მტკიცებულებებად აღიარებით ჩვენებებს, რომლებიც, როგორც წესი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პირობებშია მოპოვებული.
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ქალები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, ზოგადად, კვლავ დისკრიმინაციული მოპყრობის ობიექტები არიან. ერთი სქესის წარმომადგენელთა შორის სექსუალური კავშირი დასჯადია; მამაკაცების შემთხვევაში, შესაძლოა, სიკვდილითაც კი. ირანში დაშვებულია, და ხელისუფლება ასუბსიდირებს კიდეც, სქესის შეცვლის ოპერაცია ტრანსგენდერი პირებისთვის.[1]
საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ირანის ხელისუფლება კვლავ განაგრძობს რეპრესიულ ქმედებებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ქვეყნის უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურები, ირანის სასამართლო ხელისუფლებასთან ერთად, მკაცრად დევნიან განსხვავებულ აზრს; მათ შორის, იყენებენ გადამეტებულ და მომაკვდინებელ ძალას დემონსტრანტების წინააღმდეგ; ასევე, ვრცელდება ინფორმაციები დაკავების ცენტრებში ძალადობისა და წამების შესახებ. პრეზიდენტი როუჰანი და მისი ადმინისტრაცია, რიგ შემთხვევებში, ცდილობენ შეეწინააღმდეგონ მსგავს ადამიანის უფლებების დარღვევებს უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, თუმცა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ჰამენეი მსგავს ქმედებებს მწვანე შუქს უნთებს. შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ფართო სანქციები დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც ასევე აისახება ირანელებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებზე წვდომაზე.
გასული წლების განმავლობაში, ირანის ხელისუფლება ძალიან მკაცრად პასუხობდა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს, რაც გამოიხატებოდა გადამეტებული და სასიკვდილო ძალის გამოყენებასა და ათასობით დემონსტრანტის დაპატიმრებაში. განსხვავებული აზრის, აქტივისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველთა სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით, სასამართლო და დაზვერვის სამსახური კვლავ იყენებს სხვადასხვა ფართო მნიშვნელობის მუხლს, როგორიცაა მაგალითად, „პროპაგანდა ქვეყნის წინააღმდეგ“, „შეკრება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებისთვის“, „უზენაესი ლიდერის შეურაცხყოფა“ და „ეროვნული ინტერესების შემლახავი ჯგუფის დაფუძნება ან წევრობა“.
ირანი კვლავ წამყვან პოზიციებზეა სასიკვდილო განაჩენის აღსრულების მაჩვენებლით. 2020 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით, ოფიციალური მონაცემებით, ირანის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა 23 ადამიანი; მათ შორის იყო 4 პირი, რომელთაც ბრალი ედებოდათ ისეთი ბუნდოვანი მუხლებით, როგორიცაა „ღმერთის წინააღმდეგ მტრობა (მოჰარებეჰ)“, „კორუფციის გავრცელება დედამიწაზე (ისფად ფილ არზ)“ და „შეიარაღებული ამბოხი“ (ბაგჰი). ასევე, სიკვდილით დასჯილთა შორის იყო ორი ადამიანი, რომელთაც ბრალად ედებოდათ ჯაშუშობა. ირანული სასამართლოები და განსაკუთრებით, რევოლუციური სასამართლოები, რეგულარულად არღვევენ სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას და დასაშვებად ცნობენ აღიარებით ჩვენებებს, რომლებიც გავრცელებული ცნობებით, წამებისა და სხვა არადამიანური მოპყრობის გზითაა მიღებული.
ქალები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კვლავ აწყდებიან დისკრიმინაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქორწინება, განქორწინება, მემკვიდრეობა და შვილებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. ერთსქესიანთა კავშირი ქალებისთვის გაროზგვით ისჯება; მამაკაცები კი შესაძლოა სიკვდილითაც დაისაჯონ. მთავრობა, ასევე, დისკრიმინაციულ პოლიტიკას ატარებს რელიგიური უმცირესობების მიმართ, მათ შორის სუნიტი მუსლიმების მიმართ. ხელისუფლება ზღუდავს კულტურულ და პოლიტიკურ ქმდებებს ქვეყნის ეთნიკურად აზერბაიჯანულ, ქურთულ, არაბ და ბალოჩ უმცირესობებში.[2]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ირანის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან ფაქტებს შორისაა, მათ შორის, უკანონო და თვითნებური მკვლელობები, ძალიან ხშირად მკვლელობები ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, არ მიიჩნევა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად; ამასთან, აღნიშნული ხდება სამართლიანი სასამართლოს გარეშე და ხშირად არასრულწლოვნების მიმართაც; ასევე, იძულებით გაუჩინარებები და წამება სამთავრობო აგენტების მხრიდან, ისევე როგორც თვითნებური დაკავებებისა და პატიმრობის სისტემატური გამოყენება; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური ნიშნით დაკავება/დაპატიმრებები; სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით; უკანონო ჩარევა პირად ცხოვრებაში; აზრისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე მედიის თავისუფლების შეზღუდვა; სერიოზული შეზღუდვები რელიგიის თავისუფლების კუთხით და სხვა უფლებადარღვევები. ხელისუფლება არ დგამს ქმედით ნაბიჯებს ადამიანის უფლებათა დამრღვევი ოფიციალური პირების დასჯისთვის.[3]
საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამქოვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ირანის შესახებ წერს, რომ მართალია, ქვეყანაში ტარდება არჩევნები, მაგრამ ის ფორმალური ხასიათისაა, რადგან სიტუაციას სრულად აკონტროლებს სასულიერი ხელისუფლება, რომელიც არჩევითი ორგანო არაა და რომელიც არ უშვებს არჩევნებზე კანდიდატებს, ვინც შეუფერებლად მიაჩინათ სასულიერო ძალაუფლებისთვის. სრული ძალაუფლება უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის და მის დაქვემდებარებაში მყოფი არა არჩევითი ორგანოების ხელშია კონცენტრირებული. ეს ინსტიტუტები, მათ შორის უსაფრთხოების ძალები და სასამართლო, საკვანძო როლს თამაშობს განსხვავებული აზრის რეპრესიებსა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვისას.[4]
საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ირანის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და უსაფრთხოების ძალები იყენებენ გადამეტებულ ძალას პროტესტის ჩასახშობად. ხელისუფლება კვლავ თვითნებურად აპატიმრებს ასობით დემონსტრანტს, განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებს და ადამიანის უფლებათა აქტივისტებს. ქალები, ისევე როგორც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები აწყდებიან დისკრიმინაციულ მოპყრობას და ხშირად ძალადობასაც.[5]
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტის „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC) მიხედვით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადგილი არ აქვს არც საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს, არც სამხედრო ოკუპაციას და არც არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს.[6]
[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 11 თებერვალს][2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 10 იანვარს][3] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 10 იანვარს][4] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 10 იანვარს][5] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 7 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 10 იანვარს][6] ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჟენევის აკადემია; პროექტი „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ RULAC; ირანის ისლამური რესპუბლიკა; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/map [ნანახია 2022 წლის 11 თებერვალს]