ტაჯიკეთი. ისლამის აღორძინების პარტია და მისი მხარდამჭერები. ოქტომბერი, 2021

ტაჯიკეთის ისლამის აღორძინების პარტია სათავეებს 1970-იანი წლებიდან იღებს. ოფიციალურად პარტია 1991 წლის 26 ოქტომბრის ყრილობაზე დაფუძნდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 2015 წლის 29 სექტემბრამდე, ტაჯიკეთის ისლამის აღორძინების პარტია იყო ერთადერთი ისლამური პარტია, რომელიც ოფიციალურად და კანონიერად არსებობდა ყოფილი პოსტ საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიებზე. პარტია საიდ აბდულო ნურიმ დააფუძნა. პარტიის იდეოლოგია არის ისლამიზმი, სოციალური კონსერვატიზმი და ისლამური დემოკრატია. საუკეთესო წლებში პარტიის წევრთა რაოდენობა 40 ათასს აღწევდა. 2006 წლიდან პარტიის ლიდერი მუხიდდინ კაბირია. მისი წინამორბედები იყვნენ: საიდ აბდულო ნური 1993 – 2006 წლებში და მუჰამადშარიფ ჰიზმატზოდა 1991 – 1993 წლებში. სათავო ოფისი ტაჯიკეთის დედაქალაქში, დუშანბეში მდებარეობდა. პარტიის დევიზი „შახადისა“ (რწმენა ალაჰისა და მისი მოციქულის მიმართ) და „ტაკბირის“ (ღმერთის დიდება ისლამში სიტყვებით – „ალლაჰ აქბარ“) წარმოთქმა იყო. ისლამის აღორძნების პარტია ტაჯიკეთის მეორე, მესამე და მეოთხე მოწვევის პარლამენტებში ორ-ორი დეპუტატით იყო წარმოდგენილი. პარტიის ოფიციალური ინტერნეტ გვერდის მისამართია: www.nahzat.org.

2000 წელს ისლამის აღორძინების პარტიამ ხელისუფლება საერთო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, 2003 წელს კი საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ გამოვიდა. აღნიშნული ცვლილებები პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს კიდევ ერთხელ პრეზიდენტად არჩევის უფლებას აძლევდა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობის დაძაბვამ, პარტიის აქტივისტების მიმართ დევნის ხასიათი მიიღო. 2003 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს და ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯეს საიდ აბდულო ნურის მოადგილე შამსუდინ შამსუდინოვი.

მოგვიანებით, ისლამის აღორძინების პარტია, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნაზარზოდას მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, ერთერთ მონაწილედ გამოაცხადეს და 2015 წლის სექტემბერში ტაჯიკეთის უზენაესმა სასამართლომ ისლამის აღორძინების პარტია ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და მისი საქმიანობა ტაჯიკეთის ტერიტორიაზე აიკრძალა. პარტია, ასევე, შეიყვანეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის რეგიონული ანტიტერორისტული სტრუქტურების ტერორისტული, ექსტრემისტული და სეპარატისტული ორგანიზაციების სიაში.[1]

სასამართლომ, ასევე, აკრძალა პარტიასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის პუბლიკაცია და აკრძალა თავად პარტიის ბეჭდვითი საქმიანობა (პარტია ბეჭდავდა გაზეთს „ნაჩოტი“). პარტიის წევრებს ბრალად დასდეს დანაშაულებრივი საზოგადოების წევრობა, რომელთა მიზანი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაა.

2015 წლის 4 სექტემბერს შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებს და ხელში ჩაიგდო დიდი ოდენობით იარაღი, რის შემდეგაც მათ მოაწყვეს თავდასხმები რიგ სახელმწიფო შენობებზე ვახდატში (20 კმ დუშანბედან). ოფიციალური მონაცემებით, მაშინ 8 პოლიციელი და 9 თავდამსხმელი დაიღუპა. უსაფრთხოების ძალებმა თავდასხმებში მაშინ თავდაცვის მინისტრის მოადგილე აბდულხალიმ ნაზარზოდა დაადანაშაულა და პრეიზდენტმა ემომალი რაჰმონამ ის თანამდებობიდან გადააყენა. ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში პარტია ისლამის აღორძინების პარტიაც მონაწილეობდა. შედეგად, პარტიის 13 ხელმძღვანელი პირი დააპატიმრეს; თავად გენერალი ნაზარზოდა 2015 წლის 16 სექტემბერს მოკლეს.[2]

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი 2021 წლის 24 აგვისტოს ანგარიშში წერს, რომ ტაჯიკეთში გავრცელებულია არასამართლიანი სასამართლოები, მათ შორის მიკერძოებული დამოკიდებულება პროკურატურის სასარგებლოდ. უხეშად ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა უკიდურესად დაბალია. გამოხატვის თავისუფლების საკითხებში სპეციალური მომხსენებლის ინფორმაციით კი ისლამის აღორძინების პარტიის წევრებისა და მათი ადვოკატების სასამართლო პროცესები ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს და აღნიშნული პროცესები უნდა ანულირდეს.[3]

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „ფორუმი 18“ 2021 წლის 10 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, რომ ტაჯიკეთის საიდუმლო პოლიციამ დააპატიმრა იმამი მაჰმადსოდუკ საიდოვი, რომელმაც პარასკევის ლოცვისას უარი თქვა, სახელმწიფოს მიერ მიწოდებული ქადაგების წაკითხვაზე და საკუთარი სიტყვებით იქადაგა. სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ორგანიზაციის ცნობით, ასევე დააპატიმრეს ორი პირი, რომლებიც იმავე მეჩეთში დადიოდნენ. აბდუგაფორ რაჯაბოვსა და ასლამხორ კარიმოვს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ რელიგიურ ექსტრემისტულ ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართულობის ბრალდებით. ადგილობრივ მოსახლეობაზე დარყდნობით, ორგანიზაცია წერს, რომ რაჯაბოვისა და კარიმოვის დაპატიმრება ისლამის აღორძინების პარტიასთანაა დაკავშირებული.[4]

მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“ 2021 წლის 9 ივნისს წერდა, რომ ტაჯიკეთის მთავრობის კრიტიკოსები განიცდიან ზეწოლას რუსეთში და ისინი იძლებითი გაუჩინარებების მსხვერპლები არიან. გაუჩნარების შემდეგ კი ისინი პირდაპირ ტაჯიკეთის ციხეებში ჩნდებიან. ამავე სტატიის მიხედვით, მოსკოვში მყოფი ტაჯიკი სტუდენტი სუჰრობ იაჰონი ამტკიცებდა, რომ ტაჯიკეთში მისი ოჯახის წევრები დაიბარეს, რათა განეხილათ ის საქმიანობა, რასაც ის რუსეთში ეწეოდა. იაჰონის თქმით, მას მოსთხოვეს სოციალური მედიიდან წაეშალა ფოტოები, რომლებზეც ის აღბეჭდილი იყო ტაჯიკი ემიგრანტების ჯგუფის ერთერთ ლიდერთან იზატ ამონთან (2021 წელს რუსეთმა ის ტაჯიკეთში გააძევა) და აკრძალული ისლამის აღორძნების პარტიის ყოფილ წევრთან ერთად.[5]

მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“ 2021 წლის 2 ივნისს წერდა, რომ აკრძალული ისლამის აღორძინების პარტიის ყოფილი წევრი ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრობისთვის გაასამართლეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მირზო ჰოიმუჰამადი, ასევე ცნობილი როგორც მირზოქულ ჰოიმატოვი პარტიის ხუჯანდის ფილიალის უფროსის მოადგილე იყო. როგორც დაპატიმრებულის ნათესავები ამტკიცებენ, ჰოიმუჰამადმა ყველანაირი პოლიტიკური აქტივობა შეწყვიტა 2015 წელს და ის რუსეთში, ტიუმენში ექიმად მუშაობდა. ასევე, მისი ნათესავების თქმით, ჰოიმუჰამადი ტაჯიკეთში თებერვალში ჩავიდა და მას მაშნვე აუკრძალეს ქვეყნის დატოვება და 22 მაისს დააპატიმრეს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ისლამის აღორძნების პარტიის ათობით წევრი და მხარდამჭერი გაასამართლეს და ბევრ მათგანს პატიმრობა მიუსაჯეს.[6]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ტაჯიკეთის შესახებ წერს, რომ ისლამის აღორძინების პარტიის პატიმრობაშ მყოფი წევრის, რაჰმატულო რაჯაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. რაჰმატულოს შვილის, შუხრატის ინფორმაციით, მამამისს მაღალი სიცხე ჰქონდა და ის საპატიმროში სამედიცინო დახმარებას ვერ იღებდა.[7]

მედია საშუალება „ინტერფაქსი“ 2021 წლის 9 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ტაჯიკეთის ხელისუფლებამ ისლამის აღორძნების პარტიის ლიდერის მუჰამედ კაბირის საქმეს გრიფით საიდუმლო დაადო. კაბირი ტაჯიკეთიდან 2015 წელს გაიქცა. 2018 წელს კი მის წინააღმდეგ დახურული სასამართლო პროცესი დაიწყო. მედიის ცნობით, კაბირის დაუსწრებლად მიესაჯა პატიმრობა, თუმცა მოსამართლემ ჟურნალისტებს არ უთხრა, რამდენი წლით პატიმრობა მიესაჯა კაბირის, რადგან საქმე გასაიდუმლოებულია.[8]

[1] პოლიტიკური პარტიის „ისლამის აღორძნების პარტია“ ოფიციალური ინტერნეტ გვერდი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://ru.nahzat.org/ [ნანახია 2021 წლის 13 ოქტომბერს]

[2] მედია საშუალება „ანადოლუ“; ტაჯიკეთის ისლამის აღორძნების პარტია კანონგარეშედაა გამოცხადებული; გამოქვეყნებულია 2015 წლის 29 სექტემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.aa.com.tr/ru/%D0%BC%D0%B8%D1%80/%D0%BF%D0%B0%D1%80%D1%82%D0%B8%D1%8F-%D0%B8%D1%81%D0%BB%D0%B0%D0%BC%D1%81%D0%BA%D0%BE%D0%B3%D0%BE-%D0%B2%D0%BE%D0%B7%D1%80%D0%BE%D0%B6%D0%B4%D0%B5%D0%BD%D0%B8%D1%8F-%D1%82%D0%B0%D0%B4%D0%B6%D0%B8%D0%BA%D0%B8%D1%81%D1%82%D0%B0%D0%BD%D0%B0-%D0%BE%D0%B1%D1%8A%D1%8F%D0%B2%D0%BB%D0%B5%D0%BD%D0%B0-%D0%B2%D0%BD%D0%B5-%D0%B7%D0%B0%D0%BA%D0%BE%D0%BD%D0%B0/364721 [ნანახია 2021 წლის 13 ოქტომბერს]

[3] HRC – UN Human Rights Council (formerly UN Commission on Human Rights): Compilation on Tajikistan; Report of the Office of the United Nations High Commissioner for Human Rights [A/HRC/WG.6/39/TJK/2], 24 August 2021

 (accessed on 13 October 2021)

[4] Forum 18: Imam jailed for preaching his own sermon, 10 August 2021

 (accessed on 13 October 2021)

[5] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Whereabouts Unknown: Tajik Government Critics Face Pressure, Forced Disappearances In Russia, 9 June 2021

 (accessed on 13 October 2021)

[6] RFE/RL – Radio Free Europe/Radio Liberty: Former Member Of Banned Tajik Opposition Party Jailed On Extremism Charge, 2 June 2021

 (accessed on 13 October 2021)

[7] USDOS – US Department of State: 2020 Country Report on Human Rights Practices: Tajikistan, 30 March 2021

 (accessed on 13 October 2021)

[8] მედია საშუალება „ინტერფაქსი“; ტაჯიკეთმა ოპოზიციური პარტიის ლიდერის განაჩენი გაასაიდუმლოვა; გამოქვეყნებულია 2021 წლის 9 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.interfax.ru/world/750039 [ნანახია 2021 წლის 13 ოქტომბერს]