რუსეთი. ისლამური განათლების საზღვარგარეთ მისაღებად წასული კავკასიელები. მარტი, 2019

საერთაშორისო ორგანიზაცია „Jamestown Foundation“ 2014 წლის 22 სექტემბერს წერდა, რომ იანვარში დაღესტნის გუბერნატორი რამაზან აბდულატიპოვი ეწვია უნტსუკულის რაიონს, საიდანაც სოფლის დაახლოებით 100 ახალგაზრდა სწავლობდა სხვადასხვა ისლამურ ინსტიტუტში საზღვარგარეთ. აბდულატიპოვმა სოფლის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ისინი ერთად უნდა დაბრუნებულიყვნენ უკან ან მათ ემუქრებოდათ ექსტრემისტთა სიაში ავტომატური მოხვედრა. თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას საზღვარგარეთ ისლამის სწავლების იმართ ის ასე ხსნიდა: „ჩვენ ისლამი არაბული ქვეყნებისგან მივიღეთ, მაგრამ დღევანდელი ისლამური სამყარო, განსაკუთრებით კი არაბული, ექსტრემისტული ძალების გავლენის ქვეშაა; ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს კონტაქტებს“.[1]

იგივე წყარო 2014 წლის 21 ოქტომბერს წერდა, რომ ბევრი ოფიციალური პირი ხელისუფლებისთვის მისაღებ მუსლიმურ ორგანიზაციებში ისლამური განათლების ნაკლებობას განიცდის და მუდმივად უჭირთ ახალგაზრდა თაობის წინააღმდეგ, ვისაც მითითებები აქვთ მიღებული საზღვარგარეთის ისლამური ინსტიტუტებიდან. 2013 წელს დაღესტნის გუბერნატორმა, რამაზან აბდულატიპოვმა წარმოადგინა რესპუბლიკაში ისლამის მქადაგებლების მრავალფეროვნების დაძლევის საკუთარი გზა; მან გამოაცხადა, რომ ყველა, ვინც საზღვარგარეთ სწავლობდა ისლამს, უნდა დაბრუნებულიყო დაღესტანში ან ავტომატურად მოხვდებოდა მებრძოლი ბოევიკების სიაში. მაშინ ექსპერტებმა განმარტეს, რომ აბდულატიპოვის ხედვა რეალურად არაფერს ახალს არ გულისხმობდა, რადგან ხალხი, ვინც ისლამურ განათლებას იღებდა საზღვარგარეთ, უკვე საკმაო ხანი იყო, რაც ნებისმიერ შემთხვევაში, ავტომატურად ხვდებოდა პოლიციის მონაცემთა ბაზაში.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Jamestown Foundation“ 2015 წლის 7 მაისს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერდა, რომ დაღესტნის ხელისუფლება შეშფოთებული იყო იმ ფაქტით, რომ მიუხედავად რესპუბლიკაში არსებული ბევრი ისლამური ინსტიტუციისა, იზრდებოდა ახალგაზრდა დაღესტნელების რაოდენობა, ვინც მიდიოდა საზღვარგარეთ სასწავლებლად, მაგალითად საუდის არაბეთისა და ეგვიპტის ისლამურ ინსტიტუტებში. ისინი, ვინც საზღვარგარეთ სწავლობდა, მოგვიანებით, ხშირად უერთდებოდა მეომრებს სირიასა და ერაყში. დაღესტნის ხელისუფლება მოუწოდებდა თავის ახლო აღმოსავლეთში მყოფ სტუდენტებს, დაბრუნებულიყვნენ რესპუბლიკაში.

ამავე ინფორმაციაში წყარო წერდა, რომ ოფიციალურ მოსკოვს არ სურს ბევრი ისლამური საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობა ქვეყანაში; კრემლის სურვილია, ჰქონდეს მხოლოდ ორი ასეთი სასწავლებელი ჩრდილოეთ კავკასიაში და ამავდროულად, მას სურს ისლამური განათლების მისაღებად სტუდენტების საზღვარგარეთ წასვლა შეზღუდოს. რუსეთის მთავრობას სურს, ყველაფერი იყოს ისე, როგორც იყო საბჭოთა რეჟიმის დროს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო ერთი ისლამური ინსტიტუტი და მისი სასწავლო გეგმა მზადდებოდა კრემლში. თუმცა, საბჭოთა მოდელთან დაბრუნება წამოწევს იმ პრობლემებს, რომელთაც წარსულში მუსლიმთა რადიკალიზაციას შეუწყო ხელი, მათ შორის ისეთ რეგიონებში, რომლებიც სუფისტებით დომინანტურად მოიაზრებოდა.[3]

„საერთაშორისო და სტრატეგიული სწავლებების ცენტრი“ 2018 წლის პირველ ივნისს გამოქვეყნებულ კვლევაში რუსეთში რელიგიისა და ძალადობის შესახებ წერს, რომ 2014 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა „რუსეთის ფედერაციაში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის“ 2015-2025 წლების სტრატეგიას. აღნიშნულ სტრატეგიაში მხოლოდ ორი ჩანაწერი ეხება რელიგიურ სფეროს უშუალოდ; ესენია: რუსეთის იმ მოქალაქეების კონტროლი, რომლებიც დატოვებენ ქვეყანას რელიგიური განათლების საზღვარგარეთ მისაღებად (აქტივობა არ გულისხმობს რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ რელიგიური განათლების აკრძალვას); და იმ რელიგიური ორგანიზაციების მხარდაჭერა, ვისაც სურვილი აქვს ებრძოლოს ექსტრემიზმს.[4]

საერთაშორისო ორგანიზაცია „ფორუმი 18“ 2018 წლის 8 ივნისს წერდა, რომ დაღესტანის სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ილგარ ალიევს რელიგიური სწავლების მიზნით სხვა პირებთან შეხვედრის გამო; ასევე, მას ორი წლით აეკრძალა შეხვედრები მუსლიმი თეოლოგის საიდ ნურსის ნაწერების შესწავლისთვის. ანალოგიურად, კრასნოიარსკის სასამართლომ კიდევ ერთი მუსლიმი ალექსეი დედკოვი 6 თვის საშუალო შემოსავლის ოდენობით დააჯარიმა.[5]

ბრემენის უნივერსიტეტის მიერ 2018 წლის 17 დეკემბერს მომზადებულ „რუსეთის ანალიტიკურ დაიჯესტში“ წერია, რომ სახელმწიფო სააგენტომ „როსსოტრუდნიჩესტვო“, რომელიც პასუხისმგებელია საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებზე, წამოიწყო კამპანია სახელწოდებით „მივესალმებით დაბრუნებას (Highly Likely Welcome Back)“; აღნიშნული კამპანიის ფარგლებში სააგენტო სამშობლოში იწვევდა რუს სტუდენტებს უცხოეთის უნივერსიტეტებიდან, რათა დაეცვა ისინი „რუსოფობიური განწყობების“ ნეგატიური გავლენებისგან.[6]

ნორვეგიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის ცენტრი „ლანდინფო“ 2019 წლის 14 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში ჩრდილოეთ კავკასიის შესახებ წერს, რომ უცნობია ზუსტი რაოდენობა თუ რამდენმა პირმა დატოვა ჩრდილოეთ კავკასია „ისლამური სახელმწიფოს“ ან სხვა შეიარაღებული დაჯგუფების შემადგენლობაში საბრძოლველად ერაყსა და სირიაში. თუმცა, წყაროები თანხმდებიან, რომ მათი რაოდენობა მაღალია. გადინება ხდებოდა დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ყაბარდინო-ბალყარეთიდან და ინგუშეთიდან; მათ შორის ყველაზე დიდი მაჩვენებლით ხასიათდებოდა დაღესტანი. გადინების პიკი იყო 2013 წელს და მას შემდეგ ნელ-ნელა იკლო. ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამჟამად, ნაკლებად ტოვებს ვინმე ჩრდილოეთ კავკასიას სირიასა თუ ერაყში საბრძოლველად.

დღესდღეობით ძალიან ცოტა მებრძოლი ბრუნდება რუსეთში. დაბრუნებულთა შორის ძალიან ცოტა ერთვება საბრძოლო აქტივობებში. დაბრუნებისთანავე, უცხოეთში მებრძოლები ხდებიან რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით დევნის ობიექტები. ამასთან, ძალიან ცოტა დაისაჯა იმის გამო, რომ გეგმავდა საზღვარგარეთ საბრძოლველად წასვლას. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის ლიდერობით ქალთა და ბავშვთა ჯგუფი დაბრუნდა რუსეთში. ჩეჩნეთში, ქალები, ძირითადად, არ დაუპატიმრებიათ მაშინ, როდესაც დაღესტანში რამდენიმე მათგანი დააპატიმრეს. „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო წევრთა და მხარდამჭერთა ოჯახის წევრები ჩეჩნეთში აღიქმებიან მათი ნათესავების ქმედებებზე პასუხისმგებლებად და არიან სხვადასხვა სახის შევიწროვების, დამცირებისა და ხანდახან დაკავების ობიექტები.[7]

თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილება, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სირიის ომში მონაწილეობის ბრალდებების საკითხზე იმ ჩრდილო კავკასიელების წინააღმდეგ, რომლებიც ეგვიპტეში ან სხვა მუსლიმურ ქვეყნებში  წავიდნენ სასწავლებლად, ესაუბრა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ჩრდილოეთ კავკასიის საკითხების მკვლევარს ალექსანდრე კვახაძეს. მისი ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება აქტიურად აკვირდება მათ, ვინც სასწავლებლად მუსლიმურ ქვეყნებში მიდის. მისი თქმით, როდესაც ეს ხალხი სამშობლოში ბრუნდება, ხელისუფლება მათ სთავაზობს დასაქმებას ხელისუფლებისთვის სასურველ, ძირითადად სახელმწიფო რელიგიურ ინსტიტუტებში. იმ შემთხვევაში თუ პირი უარს იტყვის შეთავაზებულ ადგილას დასაქმებაზე და რელიგიურ აქტივობებში ჩაერთვება დამოუკიდებლად, ამ შემთხვევაში ხელისუფლება მათ გარკვეულ პრობლემებს უქმნის.[8]

შეჯამება

თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილი წყაროები მოწმობს, რომ რუსეთის და მისი სუბიექტების ხელისუფლებები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ რელიგიური ექსტრემიზმის საკითხებს და მკაცრად აკონტროლებენ სიტუაციას აღნიშნული მიმართულებით. 2013 – 2015 წლებში, როდესაც ერაყსა და სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი პიკში იყო, ჩრდილოეთ კავკასიიდან მებრძოლთა გადინების მაჩვენებელი იყო მაღალი; შესაბამისად, იმ დროს ხელისუფლება უფრო აქტიურ და მკაცრ ნაბიჯებს დგამდა საზღვარგარეთ ისლამური განათლების მისაღებად წასვლის წინააღმდეგ. იმ სტუდენტები, რომლებიც საზღვარგარეთ წავიდოდნენ სასწავლებლად, ავტომატურ რეჟიმში ხვდებოდნენ პოლიციის მონაცემთა ბაზაში; ხოლო მათ, ვინც არ დაბრუნდებოდა, მოიაზრებდნენ ექსტრემისტებად ან ბოევიკ მებრძოლებად.

როდესაც სირიასა და ერაყში მებრძოლების გადინებამ იკლო, ხელისუფლების მხრიდანაც შერბილდა ტონი; 2015 – 2025 წლების „რუსეთის ფედერაციაში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის“ სტრატეგიაში ჩაიწერა, რომ უნდა მოხდეს საზღვარგარეთ რელიგიური განათლების მისაღებად წასული რუსეთის მოქალაქეების კონტროლი; თუმცა დოკუმენტში არ არის საუბარი, საზღვარგარეთ ისლამური განათლების მიღების აკრძალვაზე. მიუხედავად ამისა, წყაროები მოწმობენ, რომ ხელისუფლების პოზიცია ქვეყანაში რელიგიური ექსტრემიზმის და ისლამური განათლების მიმართ არ შეცვლილა. 2018 წელსაც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში სჯიდნენ ახალგაზრდებს ისეთი რელიგიური სწავლულების ნაშრომების გაცნობისთვის, რომლებიც მიუღებელია ხელისუფლებისთვის.

შესწავლილი წყაროები არ საუბრობდნენ უკანასკნელ წლებში რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან იმ ჩრდილო კავკასიელების წინააღმდეგ, რომლებიც ეგვიპტეში ან სხვა მუსლიმურ ქვეყნებში წავიდნენ სასწავლებლად, ავტომატურ რეჟიმში სირიის ომში მონაწილეობის ბრალდების წაყენების შესახებ. თუმცა საკითხის მკვლევარების ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება აქტიურად აკვირდება მათ, ვინც სასწავლებლად მუსლიმურ ქვეყნებში მიდის. როდესაც ეს ხალხი სამშობლოში ბრუნდება, ხელისუფლება მათ სთავაზობს დასაქმებას ხელისუფლებისთვის სასურველ, ძირითადად სახელმწიფო რელიგიურ ინსტიტუტებში. იმ შემთხვევაში თუ პირი უარს იტყვის შეთავაზებულ ადგილას დასაქმებაზე და რელიგიურ აქტივობებში ჩაერთვება დამოუკიდებლად, ხელისუფლება მათ გარკვეულ პრობლემებს უქმნის.

[1] Jamestown Foundation: Dagestani Authorities Struggle to Install Social Order in Republic; Eurasia Daily Monitor Volume: 11 Issue: 166, 22 September 2014

 (accessed on 1 March 2019)

[2] Jamestown Foundation: Lack of Conflict Resolution Mechanisms and State Interference in Religion Seen as Destabilizing Dagestan; Eurasia Daily Monitor Volume: 11 Issue: 186, 21 October 2014

 (accessed on 1 March 2019)

[3] Jamestown Foundation: Who Is Training Dagestan’s Future Islamic Scholars? Eurasia Daily Monitor Volume: 12 Issue: 86, 7 May 2015

 (accessed on 1 March 2019)

[4] CSIS – Center for Strategic and International Studies: Religion and Violence in Russia; Context, Manifestations, and Policy, 1 June 2018

(accessed on 1 March 2019)

[5] Forum 18: Russia: Longest known prison term for religious study, 8 June 2018

 (accessed on 1 March 2019)

[6] Universität Bremen – Forschungsstelle Osteuropa: Russian Analytical Digest Nr. 229, 17 December 2018

 (accessed on 1 March 2019)

[7] Landinfo – Norwegian Country of Origin Information Centre: Nord-Kaukasus: Fremmedkrigere og IS-sympatisører – omfang, rekruttering og myndighetsreaksjoner, 14 February 2019

 (accessed on 1 March 2019)

[8] საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ჩრდილოეთ კავკასიის საკითხების მკვლევარი ალექსანდრე კვახაძე; სატელეფონო საუბარი შედგა 2019 წლის 15 თებერვალს;