ერაყში უსაფრთხოების მხრივ არსებული სიტუაცია 2014 წლიდან უკიდურესად გართულდა, როდესაც დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი დაიკავა და “ისლამური სახალიფოს” ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადა. 2014 წლიდან მოყოლებული, კონფლიქტს ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მილიონობით ერაყელი იძულებით გადაადგილებული პირი ან უცხო ქვეყანაში ლტოლვილი გახდა. ერაყის ხელისუფლებამ, საერთაშორისო ძალების დახმარებით, დაჯგუფებაზე გადამწყვეტი შეტევა 2016 წლიდან დაიწყო და 2017 წლის ბოლოს დაჯგუფებაზე გამარჯვებაც გამოაცხადა.
- ანბარი
ანბარის პროვინცია იყო ერთერთი პირველი, რომელიც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა 2014 წლის იანვარში. ამავდროულად, ანბარი იყო დაჯგუფების ბოლო ბასტიონი, რომელიც ერაყის უსაფრთხოების სამსახურის სასარგებლოდ 2017 წლის ნოემბერში დაეცა.
1.1 პროვინციაში მოქმედი ძირითადი ჯგუფები
ანბარის საოპერაციო სარდლობა რამადის, ფალუჯისა და მიმდებარე უდაბნო ტერიტორიების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. პროვინციის უმეტესი ნაწილის, მათ შორის დასავლეთ რამადის, მდინარე ევფრატის დასავლეთ ხეობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია ჯაზირასა და ბადიას საოპერაციო სარდლობა. ფედერალური პოლიცია ანბარში ორი დანაყოფითაა წარმოდგენილი: მეორე ფედერალური დანაყოფი და მეხუთე ფედერალური დანაყოფი. პროვინციაში ოპერირებს ასევე სწრაფი რეაგირების დანაყოფი და საზღვრის დაცვის სარდლობა.
ანბარის პროვინცია სათანადოდ მოქმედი საპოლიციო ძალის ნაკლებობას განიცდის. ადგილობრივი პოლიციის სისტემა ჩამოიშალა 2014 წელს, მას შემდეგ, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ პროვინციაზე კონტროლი დაამყარა. 2010 წელს ანბარში 28 ათასი პოლიციელი იყო. დაახლოებით 14 ათასი 2014-2016 წლებში გაათავისუფლეს, რადგან მათ ვერ მოახერხეს პროვინციის გარეთ შეკრებილ ჯგუფებში გაერთიანება. 2017 წელს ფედერალურმა მთავრობამ აღადგინა 3 ათასზე მეტი პოლიციელი, მას შემდეგ, რაც გაიარეს სპეციალური სასწავლო კურსი. ფედერალური ხელისუფლება კიდევ 6 ათასი პოლიციელის აღდგენაზე მუშაობს.
ანბარის პროვინციაში მოქმედებს სახალხო მობილიზაციის ძალები. 2017 წლის მაისის მდგომარეობით, ანბარში მათი რაოდენობა 16 ათას მებრძოლს შეადგენს. გარდა აღნიშნული ჯგუფებისა, ანბარის პროვინციაში წარმოდგენილნი არიან ირანის მხარდაჭერილი, პოლიტიკურად ასოცირებული დაჯგუფებები და სუნიტი ტომების დაჯგუფებები.
2018 წლის დეკემბერში „ისლამური სახელმწიფო“ ანბარის პროვინციაში მოიერიშე ქსელს ინარჩუნებდა ალ-ქაიმში, უადი ჰორან/რუთბასა და თართარის ტბის მიმდებარედ. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის ბოლოსთვის დაჯგუფება ერაყში რაიმე ტერიტორიას უკვე აღარ აკონტროლებდა, მაინც განაგრძობდა ასიმეტრიულ იერიშებს უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ნინევაში, სალაჰადინში, კირკუკში, დიალაში, ანბარსა და ბაღდადში. ვრცელდებოდა ინფორმაცია დაჯგუფების მიძინებულთა ქსელის არსებობის შესახებ ანბარის უდაბნოებში. ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი მეომარი ჰყავს შემორჩენილი „ისლამურ სახელმწიფოს“ ანბარში, არ არის ხელმისაწვდომი; ერაყის შეიარაღებული ძალები ვარაუდობენ, რომ საუბარია რამდენიმე ასეულ მებრძოლზე, რომლებიც მცირე დანაყოფებად გადაჯგუფდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ დასუსტებულია და აღარ შეუძლია დიდი მასშტაბის იერიშების ორგანიზება, იყო მცდელობა, დაჯგუფების მებრძოლები შესულიყვნენ ანბარის პროვინციაში სირიის მხრიდან, რის გამოც პროვინციაში ანტი-ტერორისტული ძალების მობილიზება მოხდა.
1.2 უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება
2018 წლის განმავლობაში ანბარის პროვინციაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 46 ინციდენტი დაფიქსირდა, რასაც 86 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია წინა წლის მონაცემებთან შედარებით, როდესაც 170 ინციდენტს 761 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. სიკვდილიანობის ინტენსივობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მოქალაქეზე 45.3-დან (2017 წელი) 5.1-მდე (2018 წელი) შემცირდა. 2018 წლის განმავლობაში რამადი, ალ-კაიმი და ჰადიტია იყო ის რაიონები, სადაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველაზე მეტ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ანბარში დაფიქსირებული ინციდენტების უმეტესობა მოიცავდა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებას და ცეცხლსასროლი იარაღებიდან სროლას.
2018 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ იერიშები ანბარის პროვინციაში სერიოზულად შესუსტდა. თვეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 9.1 ინციდენტი მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი 2017 წელს 60.6 იყო. ამის ფონზე გაიზარდა „მაღალი სიმძლავრის“ იერიშების პროცენტული წილი – ყველა იერიშის 49%. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელს 30% იყო. ჯოელ უინგი ერაყში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტენდენციების შესახებ წერდა, რომ 2018 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ ამბოხებულებმა დიდწილად დატოვეს ანბარის პროვინცია.
1.3 სახელმწიფოს უნარი დაიცვას კანონი და წესრიგი
ანბარის უდაბნოს დიდი ნაწილი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიძინებულთა ქსელის მიერ გამოიყენება გადაჯგუფებისა და იერიშების ორგანიზებისთვის, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს ხელისუფლებისთვის უსაფრთხოების კუთხით. ანბარის უსაფრთხოების საბჭომ გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ პროვინციაში უსაფრთხოების ძალების ნაკლებობაა. თავის მხრივ, უსაფრთხოების ძალებისთვის პრობლემურია ანბარში მუდმივი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. ერაყის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად განადგურდა სამალავები და მოხდა იარაღის კონფისკაცია. არასახარბიელო რელიეფი ართულებს საკონტროლო-გამშვები და სათვალთვალო პუნქტების მოწყობას; მხოლოდ სირიასთან საზღვარი 600 კილომეტრს შეადგენს. ფოროვანი საზღვარი სირიასთან დიდი გამოწვევაა ერაყის ხელისუფლებისთვის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების ინფილტრაციის პრევენციის კუთხით. ქვეყანაში ექსტრემისტთა შედინების პრევენციის მიზნით, ხელისუფლება ცდილობს შექმნას უსაფრთხოების ღობე ალ-ქაიმში; თუმცა, დიდი ეჭვი არსებობს აღნიშნული ღობის ეფექტურობის შესახებ. საზღვრის მიმდებარედ, სირიის ტერიტორიაზე, „ისლამური სახელმწიფო“ ძალებს იკრეფს; მათ მთლიანად დაიკავეს ქალაქ სოუსას ბაღუზის რაიონი. გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების რაკეტები უკვე რამდენჯერმე მიწვდა ერაყის ტერიტორიას. ყოველივე ამან, შეიძლება, გავლენა იქონიოს ერაყის სასაზღვრო რეგიონების უსაფრთხოებაზე, მათ შორის ქალაქ ალ-ქაიმში.
სახალხო მობილიზაციის ძალები არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, სჩადიოდნენ რა უსამართლო მკვლელობებს და სხვა სახის მკვლელობებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციების დროს. რწმენის ნაკლებობისა და შიშის გამო ბევრი ადგილობრივი თავს იკავებს უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობისგან. აღნიშნული საკითხი საჭიროებს შესაძლებლობების განვითარებისკენ მიმართულ ძალისხმევას ტომთა ლიდერების მხრიდან, რომლებიც ხშირად სხვადასხვა სექტის თუ ტომის წარმომადგენლები არიან.
სახალხო მობილიზაციის ძალები გეგმავდნენ ანბარის დატოვებას „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვების გამოცხადების შემდეგ; თუმცა, მათ გეგმები შეცვალეს, რაც იმით ახსნეს, რომ პროვინციაში ჯერ კიდევ არის ასაფეთქებელი ნივთიერებები და დანაღმული სახლები. ერაყის მთავრობა 2018 წლის იანვარში გეგმავდა სახალხო მობილიზაციის ძალების ანბარიდან გაყვანას, მაგრამ სირიის საზღვართან დაჯგუფების მოძლიერების და ზოგიერთი საერთაშორისო დანაყოფის ტერიტორიიდან გასვლის გამო, სახალხო მობილიზაციის ძალების წარმომადგენლობა ანბარში გაძლიერდა. ანბარი ერთადერთი სუნიტური პროვინციაა, სადაც სახალხო მობილიზაციის ძალები კვლავ არიან წარმოდგენილნი.
1.4 იძულებითი გადაადგილება და დაბრუნება
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, ანბარიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა შეადგენდა 201,996 პირს; 52,878 პირი გადაადგილებული იყო პროვინციის შიგნით. 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ანბარის პროვინცია იკავებდა მეორე ადგილს დაბრუნებულთა მაჩვენებლის მიხედვით. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის, პროვინციაში დაბრუნებულთა რაოდენობა 1,290,606 პირს შეადგენდა. გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის ოფისის 2019 წლის მონაცემებით, ნინევას შემდეგ, ანბარი კვლავ მეორე ადგილზე იყო დაბრუნებულთა რაოდენობის მიხედვით (1,352,562 დაბრუნებული). გავრცელებული ინფორმაციით, თემებისა და ტომების ლიდერები დაბრუნებას უკრძალავენ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების ოჯახებს. მათ ემუქრებიან, რომ მათ შესახებ აცნობებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ შემთხვევაში, თუ არ გადაიხდიან დიდი ოდენობის თანხას.
1.5 გზების უსაფრთხოება
ანბარის პროვინციაში უსაფრთხოებაზე სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფება აგებს პასუხს. მათ შორისაა, არმია, პოლიცია, სუნიტური ტომების დაჯგუფებები, ასევე სახალხო მობილიზაციის ძალები. სხვადასხვა საკონტროლო-გამშვები პუნქტის ადმინისტრირებას სხვადასხვა დაჯგუფება ახდენს. საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოქმედებენ თვითნებურად, იმის მიხედვით, თუ რა დღის წესრიგი აქვს ამა თუ იმ დაჯგუფებას. ადგილობრივები პროვინციის მილიტარიზაციის მაღალ ხარისხზე ამახვილებენ ყურადღებას.
- ბაღდადი
ბაღდადზე თავდასხმები „ისლამურმა სახელმწიფომ“ გააქტიურა 2013 წლიდან. მათი სტრატეგია მიზნად ისახავდა ერაყის ხელისუფლების უუნარობის დემონსტრირებას. ჯოელ უინგის 2017 წლის აგვისტოს მონაცემებით, დაჯგუფება განაგრძობდა იერიშებს ბაღდადზე, თუმცა ინტენსივობა იყო შემცირებული დღეში 12 ინციდენტიდან 3 ინციდენტამდე. იერიშები, რომელთაც თან ახლდა მასობრივი მსხვერპლი მნიშვნელოვნად შემცირდა 2018 წლის პირველი კვარტლის შემდეგ.
2.1 პროვინციაში მოქმედი ძირითადი ჯგუფები
ერაყის არმიის დანაყოფები ბაღდადში მოქმედებენ ბაღდადის საოპერაციო სარდლობის მეთაურობით. პრემიერ მინისტრის სპეციალური ძალების დანაყოფი პასუხისმგებელია ბაღდადის საერთაშორისო ზონისა და პრემიერის უსაფრთხოებაზე. მათ ასევე ავალიათ ბაღდადის გარკვეული ტერიტორიების უსაფრთხოების დაცვა, განსაკუთრებით შიიტური მოლოცვის დღეებში.
ქალაქ ბაღდადს და შემოგარენს ძირითადად ხელისუფლება აკონტროლებს; თუმცა, პრაქტიკულად, ხელისუფლება თავდაცვისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით როლებს ინაწილებს შიიტურ სახალხო მობილიზაციის ძალებთან; აღნიშნული ხშირად იწვევს არასრულ კონტროლს ან პირიქით, გადაფარვას.
2.2 უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება
ბაღდადში, ისევე როგორც ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე, დიდი მასშტაბის მასიური იერიშები შემცირდა მას შემდეგ, რაც 2017 წლის დეკემბერში პრემიერმა „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შესახებ გამოაცხადა. დაჯგუფება ინარჩუნებს აქტიურ ქსელს ჩრდილოეთ და დასავლეთ ე.წ. „ქამრის ზონაში“ (ბაღდადის გარშემო ტერიტორიები), მაგრამ ისინი გადაჯგუფების ეტაპზე არიან 2017 წლის დიდი დანაკარგების შემდეგ. „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ბაღდადი ნაკლებად პრიორიტეტული გახდა 2018 წელს; შეიზღუდა დაჯგუფების აქტივობები ბაღდადში და „ქამრის ზონაში“. მიუხედავად იმისა, რომ დაჯგუფება მეტწილად აღარ მონაწილეობს ბაღდადში მიმდინარე ძალადობაში, „ისლამური სახელმწიფო“ მაინც ინარჩუნებს შესაძლებლობებს, განახორციელოს იერიშები ბაღდადის ურბანულ ცენტრში. „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ ამტკიცებს, რომ საერთო ჯამში, „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებული არ არის და განაგრძობს მხარდაჭერის ზონების აღდგენის პროცესს. „ისლამური სახელმწიფო“ ინარჩუნებს მუდმივად მოქმედ მოიერიშე ქსელს 27 ზონაში ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ბაღდადში – ტარმიაში, ტაჯიში, რაშიდიაში, ჯურფ ალ საკჰრში, ლატიფია/იუსუფიაში, ჯისრ დიალა/მადაინსა და აბუ გრაიბში.
2018 წელს ბაღდადში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 392 ინციდენტი დაფიქსირდა, რასაც შედეგად 566 სამოქალაქო პირის დაღუპვა მოჰყვა. ეს იყო რიგით მეორე მაშვენებელი ნინევას შემდეგ. 2018 წლის მაჩვენებლები იყო შემცირებული 2017 წელთან შედარებით, როცა ბაღდადში დაფიქსირდა 487 ინციდენტი და 1032 სამოქალაქო პირის დაღუპვა. 100 ათას კაცზე სიკვდილიანობის ინტენსივობის მაჩვენებელი ბაღდადში 2018 წელს 7.36 იყო მაშინ, როდესაც 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 14.38-ს შეადგენდა.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების სიმრავლით გამოირჩეოდა ადამიანს რაიონი, სადაც 78 ინციდენტს 94 პირი ემსხვერპლა; შემდეგ იყო რესაფას რაიონი – 77 ინციდენტი და 161 დაღუპული და მადაინი – 63 ინციდენტი და 69 დაღუპული. სიკვდილიანობის ინტენსივობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ტარმიაში (35.80), მადაინსა (15.91) და ადამიაში (8.25).
ბაღდადშიო დაფიქსირებული ინციდენტების უმეტესობა მოიცავდა ცეცხლსასროლი იარაღებიდან სროლას (46.4%), სიკვდილით დასჯებს და სხვა სახის მკვლელობებს (30.6%) და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებას (20.7%).
სხვადასხვა წყაროების მონაცემებით, საერთო ჯამში, 2018 წლის განმავლობაში, წინა წელთა შედარებით, ბაღდადსა და შემოგარენში ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა შემცირდა. 2018 წელს, ბაღდადში დაფიქსირდა სალაფიტი ჯიჰადისტების ტერორისტული იერიშების ყველაზე ცოტა რაოდენობა 2003 წლის შემდეგ. „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ბაღდადში დაფიქსირებული ძალადობა უმეტეს შემთხვევაში იყო პოლიტიკური ძალადობა, რაც დაკავშირებული იყო ძალაუფლების გადანაწილებასა და მთავრობის ფორმირებასთან 2018 წლის მაისის არჩევნების შემდეგ. ძალადობის ტენდენციები ბაღდადში აჩვენებს, რომ თითქმის სრულად ადგილი აქვს პირად, მიზნობრივ ან კრიმინალური ხასიათის ძალადობას, რომლის დროსაც გამოიყენება მცირე შეიარაღება; ადგილი აქვს სროლას, ძარცვას, რეკეტს და ა.შ. შეიარაღებულ დაჯგუფებებს ბაღდადში სუნიტები და უმცირესობები ადანაშაულებენ სიკვდილით დამუქრებებში, გატაცებებში, მიზნობრივ მკვლელობებში, ქონების მითვისებასა და სხვა სახის ძალადობაში. დაჯგუფებები, ასევე, ჩართულნი არიან შეიარაღებულ შეტაკებებში ერთმანეთს შორის და ერაყის უსაფრთხოების ძალებთან; ასეთი ფაქტები რამდენჯერმე დაფიქსირდა ბაღდადის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში 2018 წელს. წყაროები აღწერენ ათობით შემთხვევას, როდესაც ადგილი ჰქონდა ხელნაკეთი და აალებადი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებას; ასევე, შეიარაღებულ შეტაკებებს, სროლასა და მკვლელობებს.
2.3 სახელმწიფოს უნარი დაიცვას კანონი და წესრიგი
2018 წლის იანვარში წყაროები წერდნენ, რომ უსაფრთხოების ძალებმა ბაღდადში მიაღწიეს პროგრესს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დაზვერვითი საქმიანობისას; ასევე, წარმატებული იყო სამხედრო ოპერაციები ბაღდადის „ქამრის ზონაში“; ყოველივე ამან დადებითი გავლენა იქონია ბაღდადში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. აშენდა დამცავი ღობე ბაღდადის გარშემო და მოეწყო დამცავი კარებები, რამაც უნდა მოახდინოს ამბოხებულების დედაქალაქში შეღწევის პრევენცია. საერთო ჯამში, 2018 წელს უსაფრთხოების ძალებმა წარმატებით გაართვეს თავი ამოცანას და ბაღდადში არ დაუშვეს ფართომასშტაბიანი ძალადობის დაბრუნება.
სამოქალაქო პირთა სხვადასხვა სახის ძალადობისგან დაცვის ეფექტიანობა დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე და პროცესში ჩართულ სუბიექტებზე. დაცვისკენ მიმართულ ძალისხმევას აკნინებს არსებული სიტუაცია იმ კუთხით, რომ სახალხო მობილიზაციის ძალები არ ემორჩილებიან ერაყის ერთიან მთავრობას, არამედ საკუთარ მეთაურებს, სხვადასხვა პოლიტიკურ კანდიდატებს ან ირანელ პატრონებს. მთავრობა ვერ ახერხებს აკონტროლოს უკანონობა და კრიმინალი დაჯგუფებებისა და კრიმინალური ელემენტების არსებობის გამო. დაჯგუფებებს შეუძლიათ ღიად დაარღვიონ კანონი ყოველგვარი შედეგების გარეშე. ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან ბაღდადში, აქვთ ღია წარმომადგენლობა, თავისუფლად შეუძლიათ დააწესონ საკონტროლო-გამშვები პუნქტები; გარდა ამისა, პოლიციასთან ურთიერთქმედებით, აკონტროლებენ, აპატიმრებენ, სჯიან პირებს და ჩართულნი არიან კრიმინალურ ქმედებებში. მათ განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვთ შემოგარენში, სადაც ისიც კი შეუძლიათ, ადგილობრივებს საკუთარ სახლებში დაბრუნება აუკრძალოს.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სახალხო მობილიზაციის ძალები მაინც პოპულარობით სარგებლობს და ინარჩუნებს როგორც ფორმალურ, ასევე არა ფორმალურ ძალაუფლებას და ჩართულია სარეკონსტრუქციო პროცესში; მაგალითად, ბაღდადში, ისინი რეკლამას უკეთებდნენ საკუთარ როლს სამედიცინო კლინიკის რეკონსტრუქციის საქმეში. ხშირად, ბაღდადში, ადგილობრივები პოლიციის ნაცვლად, სწორედ დაჯგუფებებს მიმართავენ სამართლის ძიებაში. ამას ხელს უწყობს გავრცელებული მოსაზრება პოლიციაში კორუფციის შესახებ. 2018 წლის არჩევნებში ხელისუფლებაში ადგილი მიიღო ბევრმა ისეთმა პოლიტიკოსმა, ვისზეც გავლენა აქვთ სახალხო მობილიზაციის ძალებს; კერძოდ, მუქთადა ალ-სადრის მშვიდობის ბრიგადა.
ბაღდადში უსაფრთხოების ძალების მაღალი კონცენტრაციაა და ისინი საკმაოდ აქტიურებიც არიან. მათი მტკიცებით, სწორედ ასეთი წარმომადგენლობისა და აქტივობების შედეგად შემცირდა „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ძალადობის საფრთხე.
2.4 იძულებითი გადაადგილება და დაბრუნება
2015 და 2016 წლებში ბაღდადში მასობრივად გადაადგილდებოდნენ ერაყელები, ძირითადად ანბარიდან, ნინევასა და ბაბილიდან. 2016 წლის 2 მარტს ბაღდადში დევნილთა რაოდენობა 604,140 იყო. აღნიშნული მაჩვენებელი 69,204-მდე შემცირდა 2018 წლის 15 დეკემბრისთვის. 2017 წლის 15 სექტემბრიდან 2018 წლის 15 დეკემბრამდე, ბაღდადს შიგნით გადაადგილებულთა რაოდენობა 8,550-დან 486-მდე შემცირდა. ბაღდადიდან იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა 2018 წლის ბოლოს 30 ათასს შეადგენდა. მათ, ვინც დედაქალაქი დატოვა, ძირითადად სულეიმანიასა და ერბილს მიაშურა.
ბაღდადში გადასული დევნილები ძირითადად განსახლდნენ კარხში (28,284), აბუ გრაიბში (10,428) და ადამიაში (7,464). სოციალური უთანასწორობა შეიქმნა თავრას რაიონებში, სადაც მოსახლეობის დიდმა რაოდენობამ მოიყარა თავი. დევნილები ძირითადად ნათესავებთან და ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ; მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი რჩება ბანაკებში.
2.5 გზების უსაფრთხოება
საკონტროლო-გამშვები პუნქტები ბაღდადში მოწყობილია იმ მიზნით, რომ მოხდეს ქალაქში დანაღმული ავტომობილების და თვითმკვლელი მოიერიშეების შესვლის პრევენცია. სახალხო მობილიზაციის ძალები ბაღდადში მუდმივად მოქმედ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს არ ფლობენ. მათ არ უნდათ ასოცირდებოდნენ ამ საკითხთან და პუნქტებს დროებით აწყობენ საჭიროებიდან გამომდინარე. განსხვავებული სიტუაციაა შემოგარენში, სადაც სახალხო მობილიზაციის ძალების წარმომადგენლობა უფრო ღიაა და საკონტროლო-გამშვები პუნქტებიც მოქმედია. რამდენიმე წყაროს მტკიცებით, სახალხო მობილიზაციის ძალების საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოქმედებს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილშიც.
2018 წლის იანვარში მინიმუმ 281 საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიხურა და მინიმუმ 600 მთავარი ქუჩა და გასასვლელი ხელახლა გაიხსნა. 2018 წლის 10 დეკემბერს გალავნით შემოსაზღვრული საერთაშორისო ზონა (მწვანე ზონა) საზოგადოებისთვისაც გაიხსნა. ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მწვანე ზონა პირველად გახდა საჯაროდ ხელმისაწვდომი.
- დიალა
დიალას პროვინცია მეამბოხეების თავშესაფარს წარმოადგენდა 2004 წლიდან. 2003 წლიდან მოყოლებული დიალა იყო ერთგვარი ჰაბი „ისლამური სახელმწიფოს“ წინამორბედთათვის, როგორებიც იყვნენ ისლამური სახელმწიფო ერაყში და ერაყის ალ-ქაიდა. იდეალური ლოკაცია სამხედრო ოპერაციების დაკავშირებისთვის და რთული რელიეფი უზრუნველყოფდა იდეალურ მდებარეობას მეამბოხეებისთვის, რომლებიც ეძებდნენ თავშესაფარს უსაფრთხოების ძალებისგან დასამალად.
3.1 პროვინციაში მოქმედი ძირითადი ჯგუფები
დიალას პროვინცია დიილას საოპერაციო სარდლობის დაფარვის ზონაშია; სარდლობა სრულად ფარავს დიალას პროვინციას და ასევე, სალაჰადინის აღმოსავლეთ ნაწილს, ეთნიკურად მრავალფეროვანი ტუზ-ხურმატოს ჩათვლით და ასევე ჰამრინის მთებს. სასაზღვრო გვარდია ფარავს დიალა-ვასიტის სასაზღვრო ზოლს ირანთან. სახალხო მობილიზაციის ძალები ძალიან ძლიერია დიალაში. ბადრის ორგანიზაცია, რომელიც პროვინციის საბჭოს აკონტროლებს, უსაფრთხოების კუთხით მთავარი მოქმედი სუბიექტია. გარდა ბადრის ორგანიზაციისა, პროვინციაში სახალხო მობილიზაციის ძალების სხვა დაჯგუფებებიც მოქმედებენ. პროვინციაში, ასევე, წარმოდგენილნი არიან ირანისგან მხარდაჭერილი დაჯგუფებები.
3.2 უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება
უსაფრთხოების ძალებმა „ისლამური სახელმწიფო“ დიალას პროვინციიდან 2015 წელს განდევნეს; თუმცა, 2017 წელს ერაყის ცენტრალურ ნაწილში დაჯგუფების დამარცხების შემდეგ, „ისლამური სახელმწიფოს“ ბევრმა მებრძოლმა აღადგინა კავშირები მომხრეებთან დიალას პროვინციაში. „ისლამური სახელმწიფოს“ 27 მოიერიშე ქსელიდან 5 დიალაში მდებარეობს – მუქთადიაში, ჯაულაუაში, საადიაში, ქარა ტაპასა და მანდალიში. 2018 წლის ოქტომბერში დაჯგუფებამ აღადგინა მოკავშირეთა ქსელი დიალას მდინარის ხეობაში, ჰამრინი ტბის მიმდებარე პერიფერიულ ზონებში, საიდანაც ცდილობ იერიშების განხორციელებას. წყაროების ცნობით, კირკუკის, სამხრეთ ნინევას, დიალას და ბაღდადტან ახლოს მდებარე ტარმიას პერიფერიულ ზონებში „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ აკონტროლებს სიტუაციას ღამით.
2018 წლის ივლისში „როიტერთან“ საუბრისას ერთერთი საველე მეთაური ამტკიცებდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები მცირე, 3-5-კაციან ჯგუფებად გადაჯგუფდნენ და მათი რაოდენობა პროვინციის ტეროტორიაზე 75 მებრძოლს არ აღემატება. ტომების დაჯგუფების ლიდერი მიიჩნევდა, რომ სალაჰადინსა და დიალას შორის დაჯგუფების 150-200 მებრძოლი იმალება. წყაროების ინფორმაციით, ამბოხებულები მთებში იმალებიან, რაც ართულებს მათ მოძებნას. ისინი იყენებენ „სწრაფი იერიშისა და გაქცევის“ ტაქტიკას. დაჯგუფების მებრძოლებმა გაიპარსეს წვერი და ჩაიცვეს ჩვეულებრივი სამოსი, რამაც მათ გაუადვილა ადგილობრივ მოსახლეობაში შერევა. ისინი საბოტაჟის ტაქტიკას მიმართავენ და იერიშებს ახორციელებენ მოწყვლად ობიექტებზე, როგორიცაა მაგალითად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. ყოველივე ეს უფრო მეტად აღვივებს მძვინვარებას ხალხში, რომელიც ისედაც იტანჯება ელექტროენერგიის დეფიციტით.
დიალას პროვინციაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების და სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის რაოდენობა თითქმის იდენტური იყო 2017 და 2018 წლებში. 2018 წელს პროვინციაში დაფიქსირდა 170 ინციდენტი, რასაც 265 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. 2017 წელს ინციდენტების რაოდენობამ 180 შეადგინა, ხოლო მსხვერპლის რაოდენობა 276 იყო. სამოქალაქო პირებში სიკვდილიანობის ინტენსივობა 100 ათას კაცზე შეადგენდა 17.1-ს 2017 წელს და 16.4-ს 2018 წელს.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების სიმრავლის კუთხით გამოირჩეოდა ალ-მუქთადიას (82 ინდიტენტი და 112 დაღუპული), ქანაქინისა (36 ინციდენტი და 61 დაღუპული) და ბალადრუზის (20 ინციდენტი და 30 დაღუპული) რაიონები. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი ინტენსივობა სამოქალაქო პირებს შორის დაფიქსირდა ალ-მუქთადიაში (46.37); შემდეგ კიფრსა (33.77) და ქანაქინში (26.14). დაფიქსირებული ინციდენტების უმეტესობა იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა (49.4%), ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედება (25.9%) და სიკვდილით დასჯა და სხვა სახის მკვლელობები (19.4%).
ვესთ პოინთის ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის სწავლების ვაშინგტონის ინსტიტუტის მკვლევარი მაიკლ ნაითსი 2018 წლის დეკემბრის ანალიზში წერს, რომ 2018 წელს დიალაში ინციდენტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირდა. 2018 წელს დიალაში „ისლამური სახელმწიფოს“ იერიშების საშუალო თვიური რაოდენობა 26.2 იყო. იგივე მაჩვენებელი 2017 წელს შეადგენდა 79.6-ს და 50.3-ს 2013 წელს.
საერთო ჯამში, უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება დიალაში 2018 წლის განმავლობაში მერყევი იყო. 2018 წლის იანვარში „ისლამური სახელმწიფო“ აქტიური იყო პროვინციის თითქმის ყველა პერიფერიულ ზონაში. იერიშები მოიცავდა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებას; ასევე, მიზნობრივ თავდასხმებს უსაფრთხოების ძალებზე. დაჯგუფების უნარი, იერიშები განეხორციელებინა, იძლეოდა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ მეამბოხეები ახერხებდნენ თავისუფლად გადაადგილებას დიალას პროვინციაში. იგივე ხასიათის იერიშები გრძელდებოდა თებერვალშიც.
2018 წლის მარტში დიალაში ვითარება დაიძაბა. ვრცელდებოდა ინფორმაციები პოლიციელთა და სახალხო მობილიზაციის ძალების წევრების გატაცებების შესახებ. სხვადასხვა იერიშის დროს მოკლეს ორი მერი და ამასთან, „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიწყო დაშინების ტაქტიკის გამოყენება. მეამბოხეთა აქტიურობა გაგრძელდა აპრილის დასაწყისშიც. ვრცელდებოდა ინფორმაციები დაშინებებისა და მუქარების შესახებ მაისში. აგვისტოში პროვინციის უსაფრთხოების საბჭომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსული დატოვა და დიალაში მოახდინა ინფილტრაცია „ისლამური სახელმწიფოს“ 180 მებრძოლმა. საერთო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის განმავლობაში ინციდენტების რაოდენობამ იკლო, „ისლამური სახელმწიფო“ განაგრძობდა უსაფრთხოების ძალებისა და სახალხო მობილიზაციის ძალების წინააღმდეგ იერიშებს დიალას პროვინციაში. 2018 წლის დეკემბერში ჯოელ უინგი თავის შეფასებაში წერდა, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ კონტროლი დაამყარა დიალას პერიფერიების უმეტეს ნაწილზე; ისევე როგორც სამხრეთ კირკუკისა და ცენტრალური და ჩრდილოეთ სალაჰადინის პერიფერიული ზონების დიდ ნაწილზე.
3.3 სახელმწიფოს უნარი დაიცვას კანონი და წესრიგი
დიალადან ნინევამდე „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სახლებში ხაფანგები დატოვეს, რაც დევნილი მოსახლეობის დაბრუნებას ართულებს; უსაფრთხოების ძალების წევრები კი არ არიან საკმარისად გაწვრთნილები მაღალი-რისკის შემცველი ნივთიერებების გასანეიტრალებლად. დიალაში უსაფრთხოების კუთხით შექმნილმა ვაკუუმმა, რაც უსაფრთხოების ძალების ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან გაწმენდითი სამუშაოებით დაკავებამ შექმნა, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ამბოხის ტაქტიკაზე გადასვლისთვის გამოიყენა. არმიის, ფედერალური პოლიციისა და სახალხო მობილიზაციის ძალების ერთობლივად განაგრძობენ პროვინციაში გაწმენდით სამუშაოებს. ძნელი რელიეფი ჰარმინის მთებში უადვილებს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს წვრთნის, დაგეგმვისა და იერიშების პროცესს. 2018 წლის თებერვალში უსაფრთხოების ძალებმა ბაქუბასთან 20 კილომეტრიანი გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც აღჭურვილი იყო მაცივრებით და სარეცხი მანქანებით, მზის განათების სისტემებით და რამდენიმე თვის სამყოფი საკვები პროდუქტებით.
უსაფრთხოების ძალების 8 წევრის გატაცებისა და მკვლელობის შემდეგ, 2018 წლის ივნისში, მთავრობამ ფართო მასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო. ოპერაციაში ჩართული იყვნენ უსაფრთხოების ძალებისა და სახალხო მობილიზაციის ძალების რამდენიმე ასეული წევრი; ასევე, ელიტარული დანაყოფები. მიუხედავად დიდი წარმომადგენლობისა, ოპერაცია 2 კვირაში შეჩერდა, რადგან ვერ მოხერხდა ვერცერთი ამბოხებულის მოკვლა ან დაჭერა. ადგილობრივი ოფიცრის ინფორმაციით, ერაყის ძალები მაინც განაგრძობენ გაწმენდით ოპერაციებს. 2018 წლის ოქტომბერში გაერთიანებულმა ძალებმა შეძლეს და აღმოაჩინეს და გაანადგურეს 40 პოზიცია, რომელიც დიალას პროვინციაში „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკუთვნოდა.
3.4 იძულებითი გადაადგილება და დაბრუნება
2018 წლის დეკემბრისთვის დიალას პროვინციიდან იძულებით გადაადგილებული იყო 89 ათასზე მეტი პირი; მათი უმრავლესობა (დაახლოებით 50 ათასი) პროვინციის შიგნით. ამავე პერიოდისთვის, დიალას პროვინცია იკავებდა მეხუთე ადგილს დაბრუნებულთა რაოდენობის მიხედვით (223,326 რეგისტრირებული დაბრუნებული). დაბრუნებულთა უმეტესობა (176,718), ასევე იყო პროვინციის შიგნით გადაადგილებული პირი. 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, დიალას პროვინციიდან გადაადგილებულთა 80% პროვინციის შიგნით იყო ადგილნაცვალი.
2018 წლის ბოლოს, დიალაში 319,139 ადამიანი საჭიროებდა სხვადასხვა სახის დახმარებას. 36,573 ოჯახი მძიმე პირობებში იყო. დიალაში დაბრუნებულთა 12% ცხოვრობდა დაზიანებულ ან დანგრეულ სახლებში. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, პროვინციაში დაბრუნებულთა 40% ცხოვრობდა დაბალი სიმძიმის პირობებში, 32% საშუალო სიმძიმის და 26% მაღალი სიმძიმის პირობებში. დიალას პროვინცია არის ერთერთი იმათ შორის, სადაც განსაკუთრებით დაზიანდა ინფრასტრუქტურა. დიალაში, ისევე როგორც რამდენიმე სხვა პროვინციაში, ბევრი დაბრუნებული, რომელთაც ექსტრემისტებთან კავშირი დაბრალდათ, დაბრუნების შემდეგ იძულებით გაყარეს საკუთარი სახლებიდან. დიალას სუნიტურ რაიონებში სახალხო მობილიზაციის ძალები დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილ პირებს. გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებულები, რომელთაც ჰყავთ ნათესავები „ისლამური სახელმწიფოს“ შემადგენლობაში, აწყდებიან სხვადასხვა სახის პრობლემებს, მათ შორის, შურისძიების მიზნით, ოჯახის წევრების ამოხოცვის მუქარებს.
3.5 გზების უსაფრთხოება
ჯალაულას სადავო ზონაში სახალხო მობილიზაციის ძალებმა დააწესეს უკანონო გადასახადები სატვირთო მანქანებზე, რომელთაც სავაჭრო ტვირთი მიაქვთ ქურთისტანის რეგიონიდან დანარჩენი ერაყის ტერიტორიაზე. საკონტროლო-გამშვები პუნქტები განთავსებულია მთავარ კომერციულ გზებზე. მანქანების გატარების სანაცვლოდ დაწესებული გადასახადებით დღეში დაახლოებით 300 ათასი ამერიკული დოლარი გროვდება. 2018 წლის განმავლობაში, „ისლამური სახელმწიფო“ პერიოდულად აწყობდა ყალბ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს, რისი საშუალებითაც იტაცებდა ხალხს გამოსასყიდის მიღების ან მკვლელობის მიზნით.
- კირკუკი
კირკუკის პროვინცია იყო ერთერთი იმ სადავო ტერიტორიებს შორის, სადაც ყველაზე ცუდი ტურბულენტური სიტუაცია იყო უსაფრთხოების კუთხით. „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2014 წელს დაიწყო იერიშები და როდესაც ერაყის არმია ჩამოიშალა, დაჯგუფებამ პროვინციაზე კონტროლი დაამყარა. „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ, 2017 წლის სექტემბერში ერაყის ქურთისტანმა ჩაატარა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ. რეფერენდუმი, რომელსაც ერაყი კატეგორიულად შეეწინააღმდეგა, კირკუკის პროვინციასაც მოიცავდა. ამიტომ, ერაყის მთავრობამ კირკუკში, რომელსაც ქურთული ძალები აკონტროლებდნენ, ჯარი, ანტი-ტერორისტული ძალები, ფედერალური პოლიცია და სახალხო მობილიზაციის ძალები შეიყვანა და ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა. შედეგად, პროვინციაში ქურთული გავლენები არაბებისა და თურქმენების სასარგებლოდ დასუსტდა.
4.1 უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება
2018 წელს კირკუკში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 126 ინციდენტი დაფიქსირდა, რასაც 276 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. აღნიშნული მაჩვენებელი იყო გაცილებით ნაკლები, ვიდრე წინა წელს, როდესაც 175 ინციდენტს 950 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. 100 ათას კაცზე სიკვდილიანობის ინტენსივობის მაჩვენებელი 62.9-დან 18.3-მდე შემცირდა 2018 წელს. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მაჩვენებელი იყო მეორე ერაყის პროვინციებს შორის, ნინევის პროვინციის შემდეგ. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების სიმრავლით გამოირჩეოდა ქალაქი კირკუკი (53 ინციდენტის შედეგად დაიღუპა 81 სამოქალაქო პირი), ალ-ჰავიგა (48 ინციდენტის შედეგად დაიღუპა 126 სამოქალაქო პირი) და დაქუქი (9 ინციდენტის შედეგად დაიღუპა 39 სამოქალაქო პირი). ინციდენტების უმეტესობა მოიცავდა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას (34.9%), ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებას (31.7%) და სიკვდილით დასჯა/მკვლელობებს (28.6%).
2018 წლის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ იერიშები კირკუკის პროვინციაში ეტაპობრივად შემცირდა. წლის დასაწყისში იერიშების რაოდენობა საშუალოდ თვეში 39-ს შეადგენდა, საიდანაც 21 (53%) იყო მაღალი მასშტაბის შეტევა. მესამე კვარტლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 25-მდე, საიდანაც მაღალი მასშტაბის იერიში იყო 13. 2018 წლის ნოემბრისთვის „ისლამური სახელმწიფო“ ვეღარ აკონტროლებდა რაიმე ტერიტორიას კირკუკის პროვინციაში, თუმცა ინარჩუნებდა მებრძოლებს ჰავიჯასა და ჰამრინის მთებში. ამავე ტერიტორიებზე, სავარაუდოდ, დაჯგუფება ინარჩუნებს მიძინებულთა ქსელს.
2018 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში კირკუკის პროვინცია „ისლამური სახელმწიფოს“ იერიშებისთვის ყველაზე ნაყოფიერი ტერიტორია აღმოჩნდა. ინციდენტების და ძალადობის დონე, კვლავ შედარებით მაღალია. ჯოელ უინგის შეფასებით, კირკუკის პროვინცია დანარჩენი ერაყის ტენდეციებიდან განცალკევებით დგას, რადგან „ისლამური სახელმწიფო“ ჯერ კიდევ ახერხებს ქალაქ კირკუკზე რეგულარული იერიშების მიტანას. წყაროების ცნობით, გარდა ამისა, „ისლამური სახელმწიფოს“ ფოკუსი უფრო მეტადაა მიმართული ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ. 2018 წლის ივლისში ადგილობრივი ხელისუფლების, ტომთა უხუცესების თუ სოფლის ლიდერთა ათობით წარმომადგენელი მოკლეს. 2018 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში, ასევე, მოკლეს რამდენიმე სოფლის ლიდერი. კირკუკის პერიფერიულ ზონებში, ღამით, „ისლამურ სახელმწიფოს“ აქვს გადაადგილების სრული თავისუფლება. პროვინციაში სხვა სახის ძალადობა მოიცავს ორგანიზებულ დანაშაულს და პოლიტიკურ ძალადობას; ხანდახან ორივეს ერთად. 2018 წლის მაისის არჩევნების დროს, ისევე როგორც ერაყის სხვა რეგიონებში, კირკუკშიც მიიტანეს იერიში კანდიდატებზე; თურქმენი პოლიტიკოსი დანაღმული ავტომობილის აფეთქებას გადაურჩა. კირკუკი იყო რიგით მესამე პროვინცია არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის შედეგად დაღუპულთა მაჩვენებლით (10 მოკლული აპრილში და 20 – მაისში).
4.2 სახელმწიფოს უნარი დაიცვას კანონი და წესრიგი
კირკუკის პროვინციაში, სხვადასხვა სამთავრობო ძალები, მათ შორის სახალხო მობილიზაციის ძალები, ფედერალური პოლიცია, არმია და სპეციალური დანაყოფები, ერთობლივი მოქმედებით მეტ-ნაკლებად თავს ართმევდნენ უსაფრთხოების უზრუნველყოფას 2018 წელს. საერთო ჯამში, 2017 წელთან შედარებით, კირკუკის გარშემო უფრო ნაკლები საკონტროლო-გამშვები პუნქტი იყო და მათ სრულად აკონტროლებდა ერაყის უსაფრთხოების სამსახური.
ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის წარმომადგენლების მტკიცებით, მას შემდეგ, რაც პეშმერგამ კირკუკი დათმო, შეიქმნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვაკუუმი იმ ტერიტორიებზე, სადაც ერაყის სამხედრო ძალები არ ოპერირებენ; რამაც „ისლამურ სახელმწიფოს“ ამ ტერიტორიებზე მოქმედებისა და იერიშების დაგეგმვის საშუალება მისცა. სხვადასხვა წყარო, ზოგადად, მიიჩნევს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება გამოსწორდა მას შემდეგ, რაც ერაყის უსაფრთხოების ძალებმა 2017 წლის ოქტომბერში პროვინციაზე კონტროლი აღადგინეს. ამასთან, წყაროები კირკუკში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას კომპლექსურს და მყიფეს უწოდებენ. მათივე შეფასებით, პროვინცია პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით არა სტაბილურობას განიცდის.
ფედერალურ პოლიციას, რომელიც მიიჩნევა, რომ ბაღდადელი შიიტებისგან არის დაკომპლექტებული, არ აქვს ნდობა ადგილობრივი სუნიტი მოსახლეობის მხრიდან. ანტი-ტერორისტული ძალები კი საპირისპიროდ, მიიჩნევა, რომ უფრო პროფესიონალები არიან. საპოლიციო ბრიგადების დიდი წარმომადგენლობა ართულებს „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედებებს, თუმცა, სამოქალაქო პირების დაცვის კუთხით, ხშირად, ჩავარდნებია; ხშირად, სამართალდამცავები აგვიანებენ სოფლის მოსახლეობის დახმარებას და უკვე განხორციელებული იერიშების შემდეგ აპატიმრებენ და განაიარაღებენ დამნაშავეებს.
ქალაქ კირკუკის გარეთ, სადაც სადავო ტერიტორიებია არაბებსა და ქურთებს შორის, ქურთები, რომლებიც დაბრუნებას ცდილობენ აწყდებიან დისკრიმინაციას და შევიწროვებას თურქმენული შიიტური დაჯგუფებების მხრიდან. სხვა შემთხვევებში, მიწები არაბებმა და თურქმენებმა მიითვისეს. ქურთებმა სრულად დაცალეს 40 სოფელი და ბევრ ქურთს ეშინია დაბრუნების შიიტური დაჯგუფებების გამო.
ერაყის უსაფრთხოების ძალები და სახალხო მობილიზაციის ძალები განაგრძობენ „ისლამური სახელმწიფოსგან“ გაწმენდით ოპერაციებს, განსაკუთრებით, ჰავიჯაში, დაქუქსა და კირკუკის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება გაუმჯობესდა 2018 წლის ივლისსა და აგვისტოში; მნიშვნელოვნად შემცირდა „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან იერიშების რაოდენობა; თუმცა, დაჯგუფების ქსელი სრულად ვერ გაანეიტრალეს და „ისლამური სახელმწიფო“ განაგრძობდა იერიშებს, მათ შორის ქალაქ კირკუკშიც.
კრიმინალი, რომელშიც ჩართული იყო როგორც დანაშაულებრივი ქსელები, ასევე უსაფრთხოების ძალების ელემენტები 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ გაიზარდა. ნარკოტიკებით ვაჭრობა, რომელსაც ძალიან მცირე მასშტაბით ჰქონდა ადგილი ქურთისტანსა და სადავო ტერიტორიებზე 2014 წლამდე, მომგებიან ბიზნესად გადაიქცა სახალხო მობილიზაციის ძალების კონტროლირებად ტერიტორიებზე. ვრცელდებოდა ინფორმაციები ოფიციალური პირების დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართულობის შესახებ. ვაჭრებს დაუწესეს „დაცვის უზრუნველყოფის გადასახადი“ და იყო მკვლელობების შემთხვევები დაუმორჩილებლობის დროს.
4.3 იძულებითი გადაადგილება და დაბრუნება
კირკუკის პროვინციაში საკმაო რაოდენობის იძულებით გადაადგილებული პირები არიან. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, კირკუკში ფიქსირდებოდა 108,138 იძულებით გადაადგილებული პირი, რაც 2017 წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით (180,858) მნიშვნელოვნად ნაკლებია. დევნილთა უმეტესობა თავად პროვინციის შიგნით გადაადგილებული პირები არიან – 42% ჰავიჯადან, 9% კირკუკიდან და 6% დაქუქიდან; დანარჩენი – სალაჰადინსა და ნინევიდან. 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით 319,338 კირკუკელი დევნილი დაუბრუნდა თავის მშობლიურ რეგიონს.
რაც შეეხება ქურთ მოსახლეობას, სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, მათი უმეტესობა, ვინც სადავო ტერიტორიები დატოვა ერაყის ძალების მიერ პეშმერგას წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციის შემდეგ, უკან დაბრუნდა. გადაადგილებული ოჯახების 75% დაბრუნდა ქალაქ კირკუკში. დაახლოებით 6 ათასი დევნილი, ვინც დაბრუნებაზე უარი თქვა, ძირითადად პეშმერგას წევრები არიან.
2018 წლის ბოლოს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და გაეროს სააგენტოები მძიმედ და ძალიან მძიმედ აფასებდნენ დაბრუნებულთა მდგომარეობას რიგ ზონებში და მიიჩნევდნენ, რომ იყო ხელახალი გადაადგილების რისკი. ალ-აბასში და სამხრეთ ჰავიჯაში ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და წვდომა საბაზისო სერვისებზე შეზღუდულია. მსოფლიო ბანკის 2018 წლის იანვრის მონაცემებით, კირკუკში სახლების 7% დაზიანებულია, რაც მეოთხე მაჩვენებელია ნინევის, სალაჰადინისა და ანბარის შემდეგ. 2019 წლის მონაცემებით, ჯანდაცვის ობიექტების 35% არ ფუნქციონირებს. კონფლიქტის შედეგად, ასევე, მძიმედ დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო ტერიტორია. 2018 წლის ბოლოს „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ ახორციელებდა იერიშებს ინფრასტრუქტურაზე; 2018 წლის სექტემბერში, დაჯგუფებად ააფეთქა კირკუკისა და დუბიზის დამაკავშირებელი ნავთობსადენი.
4.4 გზების უსაფრთხოება
2018 წლის განმავლობაში, მრავალი გზა ქალაქ კირკუკში და პროვინციის სხვადასხვა რაიონში მიჩნეული იყო მაღალი რისკის შემცველად. კირკუკისა და ბაღდადის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ასევე დამაკავშირებელი გზაა ერაყის სამხრეთ პროვინციებთან, ერთერთ ყველაზე საშიშ მარშრუტად მიიჩნეოდა 2018 წლის ივლისისთვის. წყაროების ინფორმაციით, ამ გზებზე ადგილი ჰქონდა გატაცებებს, ყალბ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს, მკვლელობებს, ძარცვებს, ავტომობილების აფეთქებებს და უსაფრთხოების ძალებისა და ხელისულფების წარმომადგენელთა მიზნობრივ მკვლელობებს.
- ნინევა
ნინევაში, „ისლამური სახელმწიფოს“ გამოჩენამდეც ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ექსტრემიზმს და ორგანიზებულ დანაშაულს დაჯგუფებების მხრიდან, რომელთაგან ბევრი „ისლამური სახელმწიფოს“ „წინაპარი“, ბევრიც მოწინააღმდეგე იყო. სადავო ტერიტორიებზე მდებარეობის და მრავალფეროვანი ეთნიკური შემადგენლობის გამო, ნინევა ყოველთვის მიიჩნეოდა სუნიტური არაბული ნაციონალიზმის კერად და ერთ დროს ერაყში ალ-ქაიდას გრავიტაციის ცენტრს წარმოადგენდა.
მოსული „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლის ქვეშ 2014 წლის ივნისში მოექცა. თურქმენები, ქრისტიანები, იეზიდები, შაბაქები, კაკაები და სხვა ჯგუფები „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან წამების, საჯაროდ სიკვდილით დასჯის, გატაცებისა და სექსუალური მონობის მსხვერპლნი გახდნენ.
მოსულისთვის ბრძოლა 9 თვეს გაგრძელდა და ოფიციალური გამარჯვება „ისლამურ სახელმწიფოზე“ 2017 წლის ივლისში გამოცხადდა. მოსულისთვის ბრძოლა იყო ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება ერაყის უსაფრთხოების ძალებსა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის. ერაყის რიგით მეორე ქალაქი განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა და ძალიან დიდი რაოდენობით მსხვერპლი დაფიქსირდა სამოქალაქო პირებს შორის.
პროვინციაში მოქმედი ჯგუფები მოიცავენ ერაყის უსაფრთხოების ძალებს, სახალხო მობილიზაციის ძალებს, ქურთულ უსაფრთხოების ძალებს, ქურთისტანთან ასოცირებულ დაჯგუფებებს; არა ასოცირებულ დაჯგუფებებს, უცხოურ ძალებს და ამბოხებულებს. ერაყის უსაფრთხოების ძალები ნინევაში უსაფრთხოების მთავარ მოქმედ სუბიექტადაა მიჩნეული. სიძლიერის მიხედვით, რიგით მეორე მთავარ მოქმედ სუბიექტად შიიტური სახალხო მობილიზაციის ძალები მიიჩნევა. პროვინციაში ბევრი ადგილობრივი და არა ადგილობრივი დაჯგუფება და თემთა მობილიზაციის ძალა მოქმედებს.
მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის ბოლოს „ისლამური სახელმწიფო“ ერაყში ტერიტორიებს ვეღარ აკონტროლებდა, დაჯგუფება განაგრძობდა ასიმეტრიულ იერიშებს, მათ შორის ნინევაშიც. 2019 წლის იანვარში „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ წერდა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ვერ აკონტროლებს ტერიტორიებს, თუმცა შეინიშნება რიგი ინდიკატორებისა, რაც მიუთითებს იმას, რომ დაჯგუფება იბრძვის გავლენისთვის. „ისლამური სახელმწიფოს“ მუდმივი საოპერაციო მოიერიშე ქსელები ნინევაში წარმოდგენილი იყო მოსულში, ქაიარაჰში, ჰატრასა და ერაყ-თურქეთის გაზსადენის კორიდორის ზონაში (სამხრეთ-დასავლეთ მოსული, ბადუში და სინჯარი). 2019 წლის იანვარში წყაროები ვარაუდობდნენ, რომ პროვინციაში „ისლამური სახელმწიფოს“ მინიმუმ 300 მებრძოლი ჰყავდა მიძინებულთა ქსელში.
5.1 უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება
2017 და 2018 წლებში ნინევა გამოირჩეოდა ძალადობის მაღალი ინტენსივობით. 100 ათას კაცზე სამოქალაქო პირებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2017 წელს იყო 265 და შემცირდა 47-მდე 2018 წელს. 2018 წელს ნინევაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 217 ინციდენტი დაფიქსირდა, რასაც 1,591 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. 2017 წელს 600 ინციდენტის შედეგად 9,211 სამოქალაქო პირის დაღუპვა იყო დადასტურებული. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების სიმრავლით გამოირჩეოდა მოსული (ჰამდანიასა და ტილკაიფის ჩათვლით) (183 ინციდენტი და 1369 დაღუპული სამოქალაქო პირი), სინჯარი (14 ინციდენტი და 95 დაღუპული სამოქალაქო პირი) და ტელაფარი (8 ინციდენტი და 96 დაღუპული პირი).
ძალადობის მაჩვენებელი ნინევაში დარჩა მაღალი „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგად. უსაფრთხოების ძალები განიცდიდნენ გაცილებით დიდ დანაკარგებს, ვიდრე რომელიმე სხვა პროვინციაში. „ისლამური სახელმწიფოს“ ფოკუსი მიმართული იყო პერიფერიულ ზონებში მოქმედებებისკენ, მათ შორის უდაბნოს ტერიტორიაზე მოსულის სამხრეთით – ქაიარაჰში, ჰატრაში, აშ შურასა და მოსულის სამხრეთ-დასავლეთით (ატშანა, საჰაჯი და ტალ ზალატი); ასევე, ბაღდადსა და მოსულს შორის მდებარე უდაბნო და ერაყ-თურქეთის გაზსადენი (ე.წ. ჯურნის დერეფანი). 2018 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ იერიშები იყო მცირე მასშტაბის, პერიფერიულ ზონებში განხორციელებული თავდასხმების 62% მაღალი ხარისხის იყო – 37 ადგილობრივი ლიდერის მკვლელობა, მათ შორის 17 სოფლის მუხთარი იყო; ასევე, ტომთა წინააღმდეგობის ძალების ლიდერი. 2018 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში, ნინევაში 7 ქალაქის მერი მოკლეს. „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეს ასევე წარმოადგენდნენ პოლიცია და სახალხო მობილიზაციის ძალები როგორც ნინევაში, ასევე კირკუკში, დიალასა და სალაჰადინში.
უსაფრთხოების ძალები განაგრძობდნენ „გაწმენდით“ სამუშაოებს ტალაფარში, ბააჯსა და სინჯარში. რეიდები ტარდებოდა მოსულსა და გარშემო რაიონებში; ამას შედეგად მოყვა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების დაპატიმრება და ლიკვიდაცია; მათ შორის ქალი მებრძოლების.
5.2 სახელმწიფოს უნარი დაიცვას კანონი და წესრიგი
ერაყის უსაფრთხოების ძალები უსაფრთხოების კუთხით მთავარი მოქმედი სუბიექტია, თუმცა ნინევაში ის შედარებით სუსტია და ვერ უზრუნველყოფს ყველა სუბიექტის კონტროლს; აღნიშნული სუბიექტები იბრძვიან გავლენისთვის თავიანთ ზონებში და შედეგად, ნინევაში მმართველობა სამ ნაწილადაა გაყოფილი: ქალაქ მოსულს აკონტროლებს ადგილობრივი პოლიცია, გარშემო ზონაში ჩართულია სახალხო მობილიზაციის ძალები და ადგილობრივი დაჯგუფებები და დანარჩენი ტერიტორია კონტროლდება უსაფრთხოების ძალების მიერ. სინჯარში დაჯგუფებების ყოფნა ართულებს რეგიონში სიტუაციის დალაგებას, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას და იეზიდების დაბრუნებას. ხშირად ადგილი აქვს დაჯგუფებებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებს. მოსულში მოძალადეები სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებები არიან, რომელთაგან ზოგიერთი „ისლამური სახელმწიფოს“ ქსელის ნარჩენია, ზოგიც ორგანიზებული დანაშაულებრივი ელემენტი.
ერაყის უსაფრთხოების ძალების და სახალხო მობილიზაციის ძალების მიმართ გაისმის ბრალდებები, რომ ისინი იყენებენ საკუთარ ძალაუფლებას უკანონო მოქმედებებით შემოსავლის მისაღებად და ეს ამცირებს მათ საბრძოლო შესაძლებლობებს და ნდობის ხარისხს ადგილობრივ მოსახლეობაში. 2018 წლის დეკემბერში სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ აშშ-ის განცხადების შემდეგ, ექსპერტები ვარაუდობდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ გააქტიურებას როგორც სირიაში, ასევე ერაყში. 2019 წლის დასაწყისში „ჯეიმსთაუნის ფონდი“ წერდა, რომ არ გადადგმულა რეალური ნაბიჯები „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევების პრევენციისთვის და რომ მოსული არ წარმოადგენდა პრიორიტეტს შიიტური მთავრობისთვის.
5.3 იძულებითი გადაადგილება და დაბრუნება
2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 1,073,994 პირი ნინევიდან იძულებით გადაადგილებული იყო; მათგან 539,436 პროვინციის შიგნით. ამავე პერიოდისთვის ნინევა იკავებდა პირველ ადგილს დაბრუნებულთა რაოდენობით – 1,614,150. გაეროს სააგენტოები 2019 წლის დასაწყისში წერდნენ ნინევაში (ასევე სალაჰადინში, ბაღდადში, ანბარში, კირკუკსა და დიალაში) იძულებითი დაბრუნების შესახებ, რაც ხშირად ხელახალ გადაადგილებას იწვევდა. ნინევას ზოგიერთ რაიონში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ასოცირებულად მიჩნეულ პირებს უკრძალავდნენ დაბრუნებას. ექსტრემისტებთან კავშირის ბრალდებით, უსაფრთხოების ძალებმა 22 ოჯახი იძულებით გადაასახლეს მოსულტან მდებარე სოფლიდან ლტოლვილთა ბანაკში.
დაბრუნებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა მოსულში, ტელაფარსა და ალ-ჰამდანიაში. მოსულში დაბრუნებულთა რაოდენობამ თითქმის მილიონი შეადგინა. დაბრუნებულთა ძალიან მცირე რაოდენობა დაფიქსირდა ბააჯში, სადაც ვითარებას სახალხო მობილიზაციის ძალები აკონტროლებენ. არასტაბილური ვითარების გამო ძალიან ცოტა იეზიდი დევნილი დაბრუნდა სინჯარში. საერთო ჯამში, ნინევაში დაბრუნებული აწყდებოდნენ სხვადასხვა ხარისხით რთულ პირობებს. სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთა რაოდენობის (2,168,222) მიხედვით, ნინევა იკავებდა პირველ ადგილს 2018 წლის ნოემბრისთვის. დაზიანების დიდი მასშტაბებია მოსულსა და სინჯარში; შედარებით ნაკლებად, მაგრამ საგრძნობლადაა დაზიანებული პროვინციის სხვა ტერიტორიებიც. მოსულის დასავლეთ ნაწილი თითქმის სრულად განადგურებულია და იქ იშვიათად თუ ვინმე ბრუნდება. მოსულში ასაფეთქებელი ნარჩენების არსებობის გამო, ხშირია უბედური შემთხვევები და ქალაქის ზოგიერთი ნაწილი მიუწვდომელი რჩება.
5.4 გზების უსაფრთხოება
მოსულიდან სინჯარში მიმავალი გზა სირთულეებითაა სავსე, რადგან აქ 30-მდე საკონტროლო-გამშვები პუნქტია, რომელთაც სხვადასხვა ჯგუფი მართავს და კონტროლისა და არა პროგნოზირებადობის ხარისხიც სხვადასხვაა. ჰატრასა და მოსულის დამაკავშირებელ გზაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა მოაწყვეს ყალბი საკონტროლო-გამშვები პუნქტები და იტაცებდნენ მოსახლეობას; საპასუხოდ, ერაყის უსაფრთხოების ძალებმა დაჯგუფების 17 მებრძოლი მოკლეს. 2018 წლის დეკემბერში ხელისუფლებამ გადაწყვიტა პროვინციის შიგნით გზებზე ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტის გაუქმება, მაგრამ გადაწყვეტილება სრულად ვერ აღსრულდა. დოჰუკისა და მოსულის დამაკავშირებელ გზაზე ასევე განთავსებულია საკონტროლო-გამშვები პუნქტები, რომელთაც მთავრობა და შეიარაღებული ჯგუფები აკონტროლებენ; აღნიშნული პუნქტები სერიოზულად აფერხებს ვაჭრობას.
- სალაჰადინი
2014 წელს „ისლამურმა სახელმწიფომ“ სალაჰადინის ნავთობით მდიდარი ტუზის რაიონი და პროვინციის დედაქალაქი ტიკრიტი დაიავა. მიუხედავად ამისა, პროვინციის ქალაქებმა, როგორიცაა სამარა, ბალადი და ამერლი, გაუძლეს იერიშებს და დაუპყრობელი დარჩნენ. სალაჰადინი იყო პირველი პროვინცია, რომელიც ერაყის უსაფრთხოების ძალებმა „ისლამური სახელმწიფოსგან“ გაათავისუფლეს. ერაყის არმიამ 2015 წლის ზაფხულისთვის დაჯგუფების კონტროლის ზონიდან დაიხსნეს პროვინციის მთავარი დასახლებული ცენტრები. სალაჰადინი იყო ასევე პირველი პროვინცია, სადაც ხალხმა დაბრუნება დაიწყო.
პროვინციაში უსაფრთხოების კუთხით მოქმედი სუბიექტები არიან ერაყის უსაფრთხოების ძალები, სალაჰადინის საოპერაციო სარდლობა, სამარის საოპერაციო სარდლობა, ფედერალური პოლიცია, სახალხო მობილიზაციის ძალები, სუნიტური თომების დაჯგუფებები და თურქმენული დაჯგუფებები.
6.1 უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება
2018 წლის აპრილში წყაროები წერდნენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ საოპერაციო შესაძლებლობები შეზღუდული იყო სახალხო მობილიზაციის ძალების წარმომადგენლობის გამო, თუმცა კვლავ ვრცელდებოდა ინფორმაციები დაჯგუფების მებრძოლების აქტივობებზე ღამით. 2018 წლის ოქტომბერში „ისლამურმა სახელმწიფომ“ კონტროლის მცირე ზონა შექმნა სალაჰადინში ბაიჯის ჩრდილოეთით. 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, სალაჰადინში დაჯგუფებას მუდმივად მოქმედი საოპერაციო მოიერიშე ქსელი ჰყავდა ჯალამის უდაბნოში, ბაიჯიში, შირქათში, პულკანასა და მუთაბია/უდაიმში.
„ისლამური სახელმწიფო“ ტერიტორიას აკონტროლებდა ბაიჯის პერიფერიულ ზონაში, მახულის მთებში, სადაც მოსახლეობაზე სოციალურ კონტროლს ახორციელებდა. შეინიშნებოდა რიგი ინდიკატორებისა რომლებიც მოწმობდა, რომ დაჯგუფება იბრძოდა გავლენისთვის. სხვადასხვა წყაროს ვარაუდით, „ისლამურ სახელმწიფოს“ 150-200 მებრძოლი ჰყავს სალაჰადინსა და დიალას შორის ტერიტორიაზე. 2018 წლის ივლისში ერაყის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვარაუდობდა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ კონტროლს ინარჩუნებდა კირკუკის, სალაჰადინისა და დიალას 75-მდე სოფელში.
2018 წელს სამოქალაქო პირებს შორის 100 ათას კაცზე სიკვდილიანობის ინტენსივობით სალაჰადინი მეოთხე პროვინცია იყო ერაყში 10.05 მაჩვენებლით, რაც თითქმის ნახევარია იმ მაჩვენებლისა, რომელიც 2017 წელს დაფიქსირდა (28.05). სალაჰადინში 2018 წელს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 83 ინციდენტი დაფიქსირდა, რასაც 152 სამოქალაქო პირის სიკვდილი მოჰყვა. აღნიშნული მაჩვენებელი ასევე გაცილებით ნაკლები იყო 2017 წლის რიცხვებთან შედარებით – 83 ინციდენტი და 424 დაღუპული სამოქალაქო პირი. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტებისა და სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით გამოირჩეოდა ბაიჯი (19 ინციდენტი და 32 დაღუპული), ალ-შირქათი (13 ინციდენტი და 40 დაღუპული) და ბალადი (13 ინციდენტი და 34 დაღუპული). ინციდენტების უმეტესობა მოიცავდა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებას და სიკვდილით დასჯა/მკვლელობებს. „ისლამური სახელმწიფო“ 2018 წლის განმავლობაში განაგრძობდა ასიმეტრიულ იერიშებს ერაყის ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით, მათ შორის სალაჰადინში. თუმცა 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ექსპერტების შეფასებით, დაჯგუფება შესუსტებული იყო პროვინციაში, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ 2018 წელს იერიშების საშუალო მაჩვენებელი თვეში შეადგენდა 14.2-ს; როდესაც იგივე მაჩვნებელი 2017 წელს 84.0 იყო. „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობების შესუსტება დიდწილად გამოიწვია შიიტურ და სუნიტურ სახალხო მობილიზაციის ძალების დაჯგუფებებს შორის თანამშრომლობამ. 2018 წლის დასაწყისში ძალადობის მატება შეინიშნებოდა, რაც დაჯგუფება „თეთრი დროშების“ აქტივობებით იყო გამოწვეული. ტენდენცია შეინიშნებოდა თებერვალშიც. მარტში იმატა თავდასხმებმა უსაფრთხოების ძალებზე. წლის განმავლობაში ძალადობრივი ინციდენტები პერიოდულად სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა. 2018 წლის ბოლოსკენ ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას ამახვილებდა ორგანიზებული დანაშაულის ზრდაზე ტუზ ხურმატოში, მათ შორის იყო გამოსასყიდის მიზნით გატაცებები, რის შედეგადაც 400-მდე ადამიანი გაუჩინარდა.
6.2 სახელმწიფოს უნარი დაიცვას კანონი და წესრიგი
„ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები ჰამრინის მთებში პროვინციაში დესტაბილიზაციის წყაროა. მთის რთული რელიეფის გამო, ძნელია დაჯგუფების წევრების წინააღმდეგ მოქმედება და ეს მათ საშუალებას აძლევს უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ იერიშები დაგეგმოს და განახორციელოს. უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული გაწმენდითი ოპერაციები არაეფექტური იყო. ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პერიფერიულ ნაწილში უსაფრთხოების ძალები საკმარისი რაოდენობით არ არიან წარმოდგენილნი. თვითმხილველთა ინფორმაციით, ჰავიჯაში, კირკუკსა და ტუზ ხურმატოში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები თავისუფლად გადაადგილდებიან. 2017 წლის ოქტომბერში ტერიტორიიდან პეშმერგას გასვლამ უსაფრთხოების კუთხით ვაკუუმი შემქნა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ქურთული ძალების გასვლის შემდეგ, დაიკარგა ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ქურთულ ძალებს ამბოხებულებთან ბრძოლის მიმართულებით ჰქონდათ.
6.3 იძულებითი გადაადგილება და დაბრუნება
2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით სალაჰადინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 238,728 პირს შეადგენდა. მათი უმრავლესობა (117,870 პირი) პროვინციის შიგნით იყო გადაადგილებული. დაბრუნებულთა რაოდენობის მიხედვით, სალაჰადინი პროვინციებს შორის მესამე ადგილს იკავებს (590,652 რეგისტრირებული დაბრუნებული). მათი ძირითადი ნაწილი პროვინციის შიგნით იყო გადაადგილებული, დანარჩენები კი კირკუკიდან და ერბილიდან დაბრუნდნენ. გაეროს სააგენტოების მონაცემებით, სალაჰადინი მესამე ადგილზეა საჭიროებების მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით (764,669). იგივე წყაროების ინფორმაციით, დაბრუნებულთათვის ყველაზე რთული პირობები იყო ნინევაში, სალაჰადინში, კირკუკსა და ანბარში. 2019 წლის იანვრის მონაცემებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით, სალაჰადინიდან დევნილთა 68% დაბრუნდა პროვინციაში. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების ნეგატიური გავლენა უფრო მაღალია, ვიდრე საშუალო მაჩვენებელი, რადგან დაბრუნებულები რისკის შემცველ ზონებში ცხოვრობენ; სადაც ადგილი აქვს სხვადასხვა სახის ინციდენტებს – თვითნებური დაკავებები (35%), გატაცებები (21%) და ინციდენტები, რომელთაც საბრძოლო ნარჩენები და ნაღმები იწვევს (13%). საერთო ჯამში, სალაჰადინში 89,158 დაბრუნებული ოჯახია, რომლებიც მძიმე პირობებს აწყდებიან. პროვინცია ასევე ერთერთია იმ პროვინციებს შორის, სადაც სერიოზულადაა დაზიანებული ინფრასტრუქტურა.
სალაჰადინში, ისევე როგორც სხვა პროვინციებში, ის დევნილები, რომელთაც მიიჩნევენ ექსტრემისტებთან კავშირის მქონეებად, უკრძალავენ დაბრუნებას ან დაბრუნების შემთხვევაში ძალით ასახლებენ უკან.
ტუზ ხურმატოს რაიონი დაყოფილია სუნიტ ქურთებს, შიიტ თურქმენებსა და სუნიტ არაბებს შორის, რაც იწვევს ხანგრძლივ ეთნიკურ და კონფესიურ დაპირისპირებებს. ტუზ ხურმატო, სადავო ტერიტორიებს შორის, ყველაზე დიდი ძალადობის მომსწრე იყო მას შემდეგ, რაც ერაყის ძალებმა ტერიტორიაზე კონტროლი წაართვეს ქურთულ ძალებს 2017 წლის ოქტომბერში.
6.4 გზების უსაფრთხოება
სალაჰადინის მოსულთან, ერბილთან და ბაღდადთან დამაკავშირებელი გზების უმეტეს ნაწილს სახალხო მობილიზაციის ძალების აკონტროლებენ. „ისლამური სახელმწიფო“ პერიოდულად ახერხებს ყალბი საკონტროლო-გამშვები პუნქტების ორგანიზებას, რაც გამოწვევაა როგორც სამოქალაქო პირებისთვის, ასევე უსაფრთხოების ძალებისთვის. სახალხო მობილიზაციის ძალები ფლობენ როგორც სივრცით კონტროლს პროვინციაში, ასევე ისინი აკონტროლებენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს. აღნიშნული პუნქტების გამო, ერთი საათის სავალი გზის გავლას დაახლოებით 4 საათი სჭირდება.
- ერაყის ქურთისტანის რეგიონი
ერაყის ქურთისტანი ავტონომიური რეგიონია, რომელიც სამი პროვინციისგან – ერბილი, სულეიმანია და დოჰუკი – შედგება. ადმინისტრაციული ცენტრი ერბილში მდებარეობს, თუმცა ძალაუფლება რეალურად ორ მთავარ პარტიას შორისაა გადანაწილებული. KDP აკონტროლებს დოჰუკსა და ერბილს და PUK აკონტროლებს სულეიმანიას. 2014 წელს დაწყებული კონფლიქტი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერაყის ქურთისტანს არ შეხებია და რეგიონში ყოველთვის იყო სტაბილური სიტუაცია უსაფრთხოების კუთხით. ქურთისტანის რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო სამოქალაქო პირებს შორის სიკვდილიანობის ინტენსივობის კუთხით. აღნიშნულმა მაჩვენებელმა მოიმატა 2018 წლის განმავლობაში და შეადგინა დოჰუკში 3.12 (1.89 2017 წელს), ერბილში 1.3 (0.8 2017 წელს) და 2.28 სულეიმანიაში (1.21 2017 წელს).
7.1 უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება
2018 წლის განმავლობაში დოჰუკში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 20 ინციდენტი დაფიქსირდა, რასაც 28 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ინციდენტების 50% იყო საჰაერო დაბომბვები. ერბილში 2018 წელს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ 15 ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც 26 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ინციდენტების უმეტესობა იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა (40%), ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედება (20%) და სიკვდილით დასჯა/მკვლელობები (13.3%). სულეიმანიაში 2018 წელს 26 ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რასაც 45 სამოქალაქო პირის სიკვდილი მოჰყვა. ინციდენტების უმეტესობა მოიცავდა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას (53.8%), სიკვდილით დასჯა/მკვლელობებს (26.9%) და დაბომბვებს (3.8%).
2018 წლის მაისის არჩევნების პარალელურად, რეგიონში გაიზარდა პოლიტიკური ძალადობის დონე. რეგიონი მოიცვა ხანგრძლივმა საპროტესტო აქციებმა. თვითმხილველები საუბრობდნენ უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე – ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების მიმართ უსაფრთხოების ძალების მიერ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და ვერბალურ იერიშებს. საპროტესტო აქციები გაგრძელდა 2018 წლის დეკემბერშიც, როდესაც სამიზნედ საჯარო შენობები და პარტიების ოფისები იქცა. დემონსტრანტები ითხოვდნენ ქურთისტანის რეგიონული მთავრობის გადადგომას.
2018 წლიდან მოხდა თურქეთსა და ქურთისტანის მუშათა პარტიას შორის კონფლიქტის ესკალაცია. თურქული შეიარაღებული ძალები ერაყის ქურთულ ტერიტორიაზე 2017 წლის ბოლოს შევიდნენ და პროგრესულად განავითარეს თავიანთი წარმომადგენლობა – ქურთისტანის ტერიტორიაზე მათ ააშენეს სამხედრო ინფრასტრუქტურა, სამხედრო ბაზები და გზები. დაკავებულმა ტერიტორიამ 400 კვადრატული კილომეტრი შეადგინა და გაიზარდა სამხედრო პატრულირება ერაყის ქურთისტანის დასახლებულ სოფლებში. თურქულ ძალები წარმოდგენილნი არიან დოჰუკისა და ერბილის პერიფერიულ ზონებში. 2018 წლის განმავლობაში გაიზარდა სახმელეთო შეტაკებებისა და საჰაერო დაბომბვების რაოდენობა, რასაც რამდენჯერმე სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის მოჰყვა. ამასთან, ირანელი ქურთი ამბოხებულების წინააღმდეგ ირანულმა ძალებმაც დაიწყეს ოპერაციები.
წყაროების შეფასებით, ქურთისტანის ჰალაბიას რაიონში „ისლამურ სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ზონები აქვს 2016 წლიდან მოყოლებული და ცდილობს აღნიშნული ზონები გააფართოვოს. მახმურის რაიონი, რომელიც ფორმალურად ერბილის პროვინციას ეკუთვნის, სადავო ტერიტორიადაა შეფასებული; სადაც „ისლამური სახელმწიფო“ მართალია ვერ აკონტროლებს ტერიტორიებს, მაგრამ აქვს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოსახლეობაზე და სახეზეა რამდენიმე ინდიკატორი, რომელიც მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ დაჯგუფება ერაყის უსაფრთხოების ძალებთან გავლენისთვის იბრძვის.
7.2 სახელმწიფოს უნარი დაიცვას კანონი და წესრიგი
ქურთისტანის რეგიონული მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქურთულ ძალებს აქვთ პოტენციალი, ძალიან ეფექტურად უზრუნველყონ უსაფრთხოება. სამართალდამცავი სტრუქტურები გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში. თუმცა, არის ტერიტორიები, რომელთაც რეგიონული მთავრობა ვერ აკონტროლებს და აქ სიტუაცია განსხვავებულია; ასეთია, ერაყის ქურთისტანის დასავლეთი. უსაფრთხოების უზრუნველყოფა იმაზეცაა დამოკიდებული, ვინ არის ძალადობის წყარო. ერაყის ქურთისტანის სამხედრო ძალები, პოლიცია და დაზვერვა პრაქტიკაში იყოფა ორ ნაწილად – ისინი, ვინც KDP პარტიას ემსახურებიან და ისინი, ვინც PUK პარტიას ემსახურებიან. ორივე მათგანი პირდაპირ პარტიის ოფისიდან იღებს ბრძანებებს და ატარებს პარტიულ ინტერესებს. გარდა ამისა, ორივე მხარეს განსხვავებული მოკავშირეები ჰყავთ როგორც ერაყის ქურთისტანში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. KDP-ის შესაძლებლობები, დამოუკიდებლად ებრძოლონ ქურთისტანის მუშათა პარტიას, შეზღუდულია, რადგან დაჯგუფება აკონტროლებს მძიმე და მიუწვდომელ ტერიტორიებს.
7.3 იძულებითი გადაადგილება და დაბრუნება
2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ერბილიდან 10 ათასამდე ადამიანი იყო იძულებით გადაადგილებული თავად პროვინციის შიგნით; გადაადგილება ხდებოდა მახმურის რაიონიდან. ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ტენდენციები გამოიწვია თურქულმა და ირანულმა ოპერაციებმა უცნობია; თუმცა რიგი წყაროების მტკიცებით, აღნიშნულმა ოპერაციებმა ადგილობრივებს გადაადგილება აიძულა.
7.4 გზების უსაფრთხოება
2018 წლის აპრილში გაიხსნა ერბილისა და მახმურის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში ერაყის ძალებსა და რეგიონული მთავრობის ძალებს შორის სადავო ტერიტორიებისთვის შეტაკებების გამო 6 თვის განმავლობაში იყო დაკეტილი. ასევე ოფიციალურად გაიხსნა ერბილისა და კირკუკის დამაკავშირებელი მთავარი გზა. ერბილიდან კირკუკისკენ მიმავალი ორი მთავარი გზატკეცილის კირკუკის საზღვართან მონაკვეთი მიიჩნევა რისკის შემცველად.
- სამხრეთის პროვინციები
ერაყის სამხრეთი პროვინციები ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სრული უმრავლესობა შიიტები არიან; თუმცა, ასევე წარმოდგენილნი არიან ფეილი ქურთები, ქრისტიანები და საბეან მანდეანელები. ქალაქი ბასრა, რომელიც ერაყის სამხრეთით მდებარეობს, სიდიდით მესამე ქალაქია. ბასრაშია ერაყში ნავთობის ყველაზე დიდი საბადოები. აღნიშნული მარაგების მსოფლიო ბაზრისთვის გახსნა სადამის რეჟიმის შემდეგ, იყო დიდი ხნის ნანატრი ბიძგი ერაყის ეკონომიკისთვის.
8.1 უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება
საერთო ჯამში, სამოქალაქო პირებს შორის 100 ათას კაცზე სიკვდილიანობის ინტენსივობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამხრეთის პროვინციებშია. 2018 წელს სამხრეთის პროვინციებში აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო ბასრაში და შეადგენდა 4.62-ს, დიქარში – 2.52, მისანში – 1.71 და ბაბილში – 1.43.
სამხრეთის პროვინციებს არ შეხებია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კონფლიქტი. სამხრეთის პროვინციებიდან დაჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლველად 2014 წელს ათასობით პირი წავიდა. სამხრეთის პროვინციები ერაყის ყველაზე უსაფრთხო ტერიტორიაა, თუმცა პრობლემები მაინც არსებობს; აღნიშნული პრობლემები დაკავშირებულია კრიმინალთან, ნარკოდანაშაულთან, შიიტურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან დაჯგუფებების მხრიდან; ასევე, გატაცებებთან, გამოძალვასა და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობასთან. სამხრეთ პროვინციებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძალიან ცოტა ინციდენტი ფიქსირდება და მათი უმრავლესობაში ჩართულნი არიან თომები, სახალხო მობილიზაციის ძალები, ბანდები ან ყველა ერთად. ძალადობა სხვადასხვა შიიტურ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის სამხრეთის პროვინციებში ხდება და წარმოადგენს ტერიტორიასა და ნავთობიდან მიღებულ შემოსავალზე კონტროლის დამყარებისთვის ბრძოლას. შიგა შიიტური დაპირისპირებები ძირითადად გავლენას ახდენს იმ ხალხის უსაფრთხოებაზე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი დაჯგუფებებში ან ტომთა ჯგუფებში.
რეგიონის სტაბილურობაზე ნეგატიურად მოქმედებს ტომებს შორის დაპირისპირება. ადგილობრივი პოლიცია უგულებელყოფს ან საერთოდ უძლურია, აღკვეთოს ასეთი კონფლიქტები. იმ შემთხვევაშიც, როდესაც ინტერვენცია მიზანშეწონილია, პოლიციის ოფიცრები, რომლებიც ხშირად ერთერთი კონფლიქტურ მხარესთან არიან დაკავშირებულები, არ ერევიან შემდგომი რეპრესიების შიშით.
სამხრეთის პროვინციებში 2018 წელი მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციებით გამოირჩეოდა. მოსახლეობა აპროტესტებდა ელექტროენერგიის დეფიციტს, სასმელი წყლის დაბალ ხარისხს, მწირ საჯარო სერვისებს, უმუშევრობას და ფართოდ გავრცელებულ კორუფციას. მთავრობა ცდილობდა ხალხის დაშოშმინებას, თუმცა ხელისუფლების დაპირებების მიუხედავად, პროტესტი გრძელდებოდა. ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა წყაროების ინფორმაციით, ათობით დემონსტრანტი იქნა დაკავებული და დაპატიმრებული.
8.2 სახელმწიფოს უნარი დაიცვას კანონი და წესრიგი
ტომებს შორის დაპირისპირება ნეგატიურ გავლენას ახდენს სამხრეთ ერაყის ეკონომიკაზე, რადგან რიგმა უცხოურმა კომპანიებმა და ნავთობის გადამამუშავებელმა ქარხნებმა შეაჩერეს თავიანთი საქმიანობა; დასაქმებული მუშახელი უარს აცხადებდა სამსახურში გასვლაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. უსაფრთხოების ძალების მცდელობას, მოეგვარებინათ ტომებს შორის კონფლიქტური ვითარება, დიდი შედეგი არ მოუტანია.
ნავთობის სექტორში ფართოდაა გავრცელებული კორუფცია და გამოძალვა. ბასრას ლიდერი კლანი რეკეტის სქემით, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერის სანაცვლო კომპენსაციადაა შენიღბული, 105 მილიონ აშშ დოლარზე მეტს იღებს. ნავთობის მარაგები ბასრაში ისეთ ტერიტორიებზეა, სადაც ძლევამოსილი, ხშირ შემთხვევაში შეიარაღებული ტომები სახლობენ და ნავთობის სფეროს სუბიექტებმა იციან, რომ უნდა დაიქირაონ გავლენიანი ტომების ლიდერები სხვადასხვა სახის კამათისა და დაპირისპირებების მოსაგვარებლად.
უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია დაპირისპირებული შეიარაღებული ჯგუფებს შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფით, რაც ზოგადად უსაფრთხოების კუთხით გარკვეულ ნაპრალებს ქმნის. კრიმინალურმა ბანდებმა ბასრაში გამოიყენეს უსაფრთხოების კუთხით არსებული ხარვეზები და შედეგად გაიზარდა ძარცვის, გატაცების, მკვლელობების და ნარკოტიკებით ვაჭრობის ფაქტები.
8.3 იძულებითი გადაადგილება და დაბრუნება
2019 წლის იანვრის მონაცემებით, იძულებით გადაადგილებული პირების დაახლოებით 3% იმყოფება სამხრეთის პროვინციებში; მათგან თითქმის ყველა ნაჯაფის პროვინციაში. გაეროს სააგენტოების მონაცემებით, სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთა რაოდენობა პროვინციებში ასეთი იყო: ნაჯაფი (28,069), ქერბალა (25,497), ბაბილი (23,853), ქადისია (15,206), ვასიტი (13,529), ბასრა (8,088), დიქარი (4,171), მისანი (2,966) და მუთანა (1,290). „Human Rights Watch“-ის ერთერთი მკვლევარის მტკიცებით, ბაბილი ერთადერთი პროვინციაა, სადაც არავინ დაბრუნებულა.[1] [2]
[1] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Security situation, March 2019
(accessed on 27 March 2019)
[2] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Security situation (supplement) – Iraq Body Count – civilian deaths 2012, 2017-2018, February 2019
(accessed on 27 March 2019)