ერიტრია. ადამიანის უფლებები; გადაადგილება; სამხედრო სამსახური; იძულებითი შრომა; მარტი, 2019

ერიტრეა მკაცრად ცენტრალიზებული, ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყანაა, რომელსაც პრეზიდენტი ისაიას აფვერკი აკონტროლებს. სამართლიანობის და დემოკრატიის სახალხო ფრონტი, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ქვეყნის ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა. ქვეყანამ ეთიოპიისგან დამოუკიდებლობა 1993 წელს მოიპოვა და მას შემდეგ არცერთი ეროვნული დონის არჩევნები არ ჩატარებულა. რეჟიმის სამოქალაქო ხელისუფლება, როგორც წესი, ეფექტურ კონტროლს ინარჩუნებს უსაფრთხოების ძალებზე.

ადამიანის უფლებების ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევებს წარმოადგენს თვითნებური მკვლელობები; გაუჩინარებები; წამება და სხვა არა ადამიანური მოპყრობა უსაფრთხოების ძალების მხრიდან, მათ შორის რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებების გამო; მძიმე საპატიმრო პირობები; თვითნებური დაპატიმრებები; სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; სიტყვისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვა; ინტერნეტის, აკადემიური და კულტურული ღონისძიებების თავისუფლების შეზღუდვა; რელიგიის, შეკრებისა და გაერთიანების უფლების შეზღუდვა; შიგა და გარე გადაადგილების უფლების შეზღუდვა; მთავრობის არჩევის უფლების არ არსებობა; კორუფცია და გამჭვირვალობის ნაკლებობა; საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა; ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა; ადამიანებით ვაჭრობა; ერთსქესიანთა კავშირის სისხლის სამართლებრივი დევნა; იძულებითი შრომა, მათ შორის იძულებითი მონაწილეობა ქვეყნის სამხედრო სამსახურში 18-თვიანი ვადის მიღმა. მთავრობა, როგორც წესი, არაფერს აკეთებს ოფიციალური პირების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად და დამნაშავეების დასასჯელად. დაუსჯელობა ასეთი ქმედებებისთვის ნორმადაა ქცეული.

გადაადგილების თავისუფლება – კანონი და კონსტიტუცია აწესებს შიგა და გარე გადაადგილების, ემიგრაციისა და რეპატრიაციის თავისუფლებას, თუმცა მთავრობა კრძალავს ყველა ამ უფლების განხორციელებას.

ქვეყნის შიგნით გადაადგილება – მთავრობა მოითხოვს მოქალაქეებისგან, რომ მათ ბინადრობის ადგილის ცვლილების შესახებ აცნობონ ადგილობრივი ხელისუფლებას, თუმცა ბევრი ამას არ აკეთებს. ქვეყნის შიგნით მოგზაურობისას, განსაკუთრებით სასაზღვრო რეგიონებში, რამდენიმე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ხელისუფლება მოქალაქეებისგან მოითხოვს მოგზაურობის დასაბუთების წარდგენას. არა მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა კანონიერია. მთავრობა ითხოვს ყველა დიპლომატისგან, საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიით მომუშავეებისგან, გაეროს თანამშრომლებისგან და უცხოელებისგან, რომ მათ ითხოვონ მთავრობისგან ნებართვა 10 დღით ადრე, ვიდრე ისინი ასმარადან 15.5 მილის დაშორებით გამგზავრებას გადაწყვეტენ. ხელისუფლება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის თანამშრომლებისთვის გასცემს ერთთვიან ნებართვას, რათა მათ შეძლონ გადაადგილება უმკულუს ლტოლვილთა ბანაკის მიმართულებით. აღნიშნული ტერიტორიის მონახულების უფლებას დიპლომატებს აძლევენ მაისში.

საზღვარგარეთ მოგზაურობა – მთავრობას ზღუდავს საზღვარგარეთ მოგზაურობას. მთავრობა მოითხოვს მოქალაქეებისგან, ხანდახან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგანაც, რომ მათ აიღონ ქვეყნის დატოვების ნებართვა. მთავრობა ზღუდავს ერიტრიელებად მიჩნეული ბავშვების მოგზაურობას, მაშინაც როცა მათ უცხო ქვეყნის პასპორტი აქვთ. პასპორტისა და ქვეყნიდან გასასვლელი ვიზის მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნები არა თანმიმდევრული და გაუმჭვირვალეა. მთავრობა ხშირად არ გასცემს მოქალაქეებზე პასპორტებს და გასვლის ნებართვის ვიზებს იმ მიზეზით, რომ მოქალაქეებს არ აქვთ დასრულებული სამხედრო სამსახური; ან უბრალოდ ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ხელისუფლება, როგორც წესი, არ გასცემს ქვეყნის დატოვების ნებართვას 5 წლის ზევით ასაკის ბავშვებზე. ქვეყნიდან გასვლის ნებართვას ძალიან ცოტა მოზარდი იღებს. მშობლები ერიდებიან ქვეყნიდან გასვლის ნებართვა ითხოვონ სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკთან ახლოს მყოფი შვილებისთვის, რადგან შიშობენ, რომ ხელისუფლება მშობლებსაც აუკრძალავს ქვეყნიდან გასვლას. ქვეყნიდან გასვლაზე უარს ეუბნებიან, ძირითადად, მამაკაცებს 54 წლამდე, იმის მიუხედავად, მოიხადეს თუ არა მათ თავიანთი წილი სამხედრო სამსახური და ქალებს 30 წლამდე, თუ მათ შვილები არ ჰყავთ. მთავრობა, როგორც წესი, ქვეყნის დატოვების ნებართვას არ გასცემს სამოქალაქო მილიციის წევრებზე, თუმცა ზოგი, ვინც ხელისუფლების მიერ გათავისუფლებულია ეროვნული სამსახურიდან და აქვს თავისი ზონის მეთაურის თანხმობა, ქვეყნიდან გასვლის ნებართვას იღებს.

2015 წელს წყაროები წერდნენ, რომ მთავრობამ, დიდწილად სამხედრო ძალებმა და განსაკუთრებით სასაზღვრო მეთვალყურეობის დანაყოფმა „მიზანშეწონილი პერიოდისთვის“ დანერგა სასიკვდილო გასროლის პოლიტიკა. 2016 წელს წყაროები აღნიშნავდნენ, რომ არსებობდა საიმედო მტკიცებულებები აღნიშნული პოლიტიკის კვლავ არსებობისა, თუმცა მისი აღსრულება აღარ ხდებოდა ისე მკაცრად, როგორც წარსულში. ორგანიზაცია „ექიმები საზღვრების გარეშე“ წერდა, რომ ერიტრიელებს, რომლებიც ცდილობდნენ საზღვრის გადაკვეთას და ეთიოპიაში გადასვლას, ესროდნენ; ბევრი ერიტრიელი გახდა იმის მოწმე, თუ როგორ გაუხსნეს ცეცხლი სხვა ერიტრიელებს საზღვრის გადაკვეთის მცდელობის დროს.

ქვეყნის დატოვება – გავრცელებული ინფორმაციით, იყო შემთხვევები, როდესაც ქვეყნის დატოვების ნებართვის გარეშე ერიტრიიდან გასულ მოქალაქეებს აღარ აძლევდნენ ქვეყანაში დაბრუნების უფლებას. ბევრი მოქალაქე, ვინც ერიტრეა დატოვა, თავად რჩებოდა დევნილობაში, რადგან ეშინოდა თავისი რელიგიის ან პოლიტიკური შეხედულებების გამო ან გაურბოდა სამხედრო სამსახურში გამოძახებას. სხვა წყაროების ინფორმაციით, არაფერი ემუქრებოდათ მათ, ვინც სხვა ქვეყნის ბინადრობას ან მოქალაქეობას ფლობდა. ზოგადად, მოქალაქეებს აქვთ დაბრუნების უფლება, მაგრამ მათ, ვინც ცხოვრობდა საზღვარგარეთ, უნდა დაადასტუროს, რომ გადაიხადეს საზღვარგარეთ გამომუშავებული შემოსავლის გადასახადი (2%-ის ოდენობით), რომ მიიღონ წვდომა სახელმწიფო სერვისებზე, მათ შორის ისეთ მომსახურებაზე, როგორიცაა ქვეყნიდან გასვლის ნებართვის აღება, დაბადების ან ქორწინების მოწმობის აღება, პასპორტის განახლება და უძრავი ქონების ტრანზაქცია. მთავრობა აღნიშნულ მოთხოვნას აღასრულებდა არა თანმიმდევრულად. მთავრობა დიდი დაკვირვებით განიხილავს იმ მოქალაქეთა საქმეებს, რომელთა შესახებ ცნობილია, რომ დაარღვიეს კანონი უცხო ქვეყანაში ან არიან რაიმე დაავადების მატარებელნი ან უცხო ქვეყნის მთავრობამ მათ უარი უთხრათ პოლიტიკური ნიშნით თავშესაფარზე.

მოქალაქეობა – იეჰოვას მოწმეები, რომლებიც არ ასრულებენ სამხედრო სამსახურს, კვლავ რჩებიან საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გარეშე. მათ არ შეუძლიათ იმუშაონ ფორმალურ ეკონომიკაში ან მიიღონ კვების კუპონები მთავრობის მიერ სუბსიდირებული ფასებით პროდუქტების შესაძენად.[1]

უსასრულო სამხედრო სამსახური და იძულებითი შრომა – ერიტრიის ყველა მოქალაქის უფლებები მკაცრად იზღუდება, თუმცა ყველაზე უარეს დღეში არიან ახალგაზრდები, რომელთაც სამხედრო სამსახურში იწვევენ. გაეროს სამსახურების მიერ ერიტრიის სამხედრო სამსახური დახასიათებულია, როგორც „მონობა“. და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ მიაღწია შეთანხმებას ეთიოპიასთან, მთავრობამ მაინც არ გაათავისუფლა ეროვნულ სამსახურში დიდი ვადით გაწვეული არცერთი პირი.

18 წლის ყველა პირი გაწვეულია ეროვნულ (სამხედრო) სამსახურში. ისინი მსახურობენ უსასრულოდ, ზოგიერთი 18 წლის განმავლობაშიც კი. უსასრულო სამხედრო სამსახური არ არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ათასობით ერიტრიელი, მათ შორის ბავშვები თანმხლები პირების გარეშე, ტოვებენ ერიტრიას ყოველთვე, მაგრამ სამხედრო სამსახური უმთავრესი მიზეზია. 1998 წლის ომის შემდეგ, ქვეყანა მოსახლეობის თითქმის 15%-მა დატოვა. მას შემდეგ, რაც ეთიოპიასთან საზღვარი გაიხსნა, ქვეყნიდან წასული ერიტრიელების, განსაკუთრებით თანმხლების პირის გარეშე ბავშვების, რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სამხედრო სამსახურში გაწვეულები დიდი ხანია არა ადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მათ შორის წამების ობიექტები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება გაიზარდა, ის მაინც არაა საკმარისი ოჯახების შესანახად, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ მატებასთან ერთად გაიზარდა საკვებისთვის განკუთვნილი დაქვითვები.

ერიტრიის ინფორმაციის მინისტრმა 2018 წელს გაცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ გაწვეულთა ერთ მეხუთედზე ნაკლებს აქვს სამხედრო როლი. დანარჩენები არიან ფერმის მუშახელი, მასწავლებლები, მშენებლობის მუშები, საჯარო მოსამსახურეები, დაბალი ინსტანციის მოსამართლეები და სხვა საჯარო მოხელეები. სამხედრო სამსახურში გაწვეულებს აფორმებენ მთავრობის საკუთრებაში მყოფ სამშენებლო ფირმებში და ამუშავებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უცხოელების საკუთრებაში არსებულ საბადოებზე.[2]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Eritrea, 20 April 2018

 (accessed on 6 March 2019)

[2] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Eritrea, 17 January 2019

 (accessed on 6 March 2019)