ინდოეთი. კასტებს შორის ქორწინების კუთხით არსებული ვითარება. აპრილი, 2021

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვითა საკითხების საბჭოს 2019 წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც ინდოეთში ე.წ. შერეულ ქორწინებებს ეხება, ინდოეთში პირთა შორის ქორწინება რეგულირდება მათი, ანუ ქორწინებაში მონაწილე პირთა მიმართ მოქმედი „პირადი სტატუსების შესახებ კანონით“. მაგალითად, თუ ორი ჰინდუსი, ბუდისტი, ჯაინი ან სიკჰი პირი ქორწინდება, მათი ქორწინება შესაძლებელია ჩატარდეს „ჰინდუსთა ქორწინების აქტის“ შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც ქორწინების მონაწილე ერთ-ერთი პირი ქრისტიანია, შესაძლებელია „ინდოელ ქრისტიანთა 1872 წლის ქორწინების აქტის“ გამოყენება. როდესაც ინდოეთში მუსლიმი მამაკაცი ქორწინდება, „მუსლიმთა პირადი სტატუსების შესახებ“ კანონის მიხედვით (რომელიც ისლამის ჰანაფის სწავლების მიხედვით ინტერპრეტაციას ეფუძვნება),  მას ცოლად  მხოლოდ „კიტაბია“ ანუ ისლამის, ქრისტიანობის ან იუდაიზმის მიმდევარი ქალის შერთვა შეუძლია. რაც შეეხება მუსლიმ ქალებს, მათ აღნიშნული კანონით, აკრძალული აქვთ არა-მუსლიმ მამაკაცთან ქორწინება.

გარდა ზემოხსენებული კანონებისა, ინდოეთში ასევე არსებობს ფედერალური კანონი – 1954 წელს მიღებული „სპეციალური ქორწინების აქტი“, რომელიც ნებას რთავს ნებისმიერი რელიგიისა თუ კასტის პირებს, ერთმანეთზე იქორწინონ სპეციალური, სამოქალაქო ქორწინების პროცედურის გამოყენებით.

ანგარიშის მიხედვით,  ინდოეთში ქორწინებების უმრავლესობა ოჯახების მიერ არის შეთანხმებული. ამის საპირისპიროდ, არსებობს ტერმინი – „სიყვარულით ქორწინება“, რომელიც აღნიშნავს სიტუაციას, როდესაც წყვილი საკუთარი ნებით, ოჯახის ჩარევის გარეშე იღებს ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას. წყაროთა მიხედვით, რელიგიათშორისი და კასტათშორისი ქორწინებები ინდოეთში არაა ფართოდ გავრცელებული. პირთა უმრავლესობა საკუთარი კასტის ან რელიგიის წარმომადგენელზე ქორწინება. კასტათშორისი ქორწინება ინდოეთში დარეგისტრირებული ქორწინებების დაახლოებით 9.9 %-ს შეადგენს და ყველაზე ხშირად ფიქსირდება შემდეგ შტატებში: პენჯაბი (22.5 %); მაგჰალაია (25 %); გოა (28.4) და ქერალა (21.3 %).

რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას კასტათშორისი ქორწინების მიმართ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ინდოეთში ინტერ-რელიგიურ და ინტერ-კასტულ ქორწინებებს “კეთილი თვალით არ უყურებენ“. ხოლო საზოგადოებრივი კუთხით, ყველაზე მიუღებელი ქორწინებებია: მუსლიმსა და ჰინდუსს, ღარიბსა და მდიდარს, და დალიტსა და არა-დალიტ ჰინდუსებს შორის. სწორედ ამით არის განპირობებული ის ფაქტიც, რომ, როგორც წესი, შერეულ წყვილებს შორის ძალადობას, ყველაზე ხშირად, სწორედ მუსლიმი და ჰინდუსი ან დალიტი და არა-დალიტი ჰინდუსი ცოლ-ქმარი აწყდებიან.

წყაროთა მიხედვით, კასტათშორისი ქორწინება უფრო მისაღებია, როდესაც ქალი პარტნიორი უფრო დაბალი ფენიდან არის, ხოლო მამაკაცი – შედარებით მაღლიდან. კვლევითი დირექტორატის მიერ გამოკითხული ანთროპოლოგის მიხედვით, წყვილის განსხვავება თემში და სოციო-ეკონომიკურ სტატუსში, განსაზღვრავს მათი წყვილისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას. კასტათშორის ქორწინებას ხშირად თან ახლავს სტიგმა, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ისეთ მოპყრობაში, როგორიცაა: ძალადობა; კოლექტიური სასჯელი და სოციალური გარიცხვა. ანთროპოლოგის მიხედვით, შერეულ ქორწინებაზე რეაქცია შესაძლებელია იყოს ისეთი მსუბუქი, როგორიცაა ოჯახის მხრიდან უარი ან მცდელობები, დააშორონ წყვილი და უფრო მძიმეც, მაგალითად – ოჯახის მხრიდან პირისთვის ზურგის შექცევა; ლინჩის წესით გასამართლება და მკვლელობა. წყაროს მიხედვით, შედარებით სერიოზული ძალადობა უფრო მოსალოდნელია, მაგალითად, ჰინდუსი-მუსლიმი წყვილის ან დალიტი-არა-დალიტი წყვილის ქორწინებისას. ყველაზე უფრო გავრცელებული რეაქცია, როგორც წესი, ოჯახის მხრიდან ქორწინებაზე უარი და წყვილისთვის ოჯახობრივი მხარდაჭერის შეწყვეტაა.[1]

რუმინეთის ლტოლვილთა საკითხების ეროვნული საბჭო ინდოეთში ქორწინებების შესახებ 2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ საუკუნეების მანძილზე, ინდოეთში მოქმედი კასტური წყობილება მართავდა ჰინდუსი პირის სოციალური თუ რელიგიური ცხოვრების ყველა ასპექტს, მათ შორის – ქორწინების საკითხსაც. მაგალითად, სოფლად მაცხოვრებელ თემში ყოველთვის არსებობდა ცალკეული დასახლებები, სადაც მხოლოდ კონკრეტული კასტის წარმომადგენლები ცხოვრობდნე; დაყოფილი და გადანაწილებული იყო წყლის ჭები; პირს მხოლოდ საკუთარი კასტის წარმომადგენელზე შეეძლო ქორწინება და ა.შ. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სეკულარულმა განათლებამ და მზარდმა ურბანიზაციამ ახალ მასშტაბებს მიაღწია, კასტური სისტემის გავლენა, მეტ-ნაკლებად შემცირდა. ეს განსაკუთრებით სახეზეა დიდ ქალაქებში, სადაც სხვადასხვა კასტის წარმომადგენლები გვერდიგვერდ ცხოვრობენ და კასტაშტორისი ქორწინებები სულ უფრო და უფრო ხშირი ხდება. თუმცაღა, მიუხედავად ამისა, კასტური იდენტობა კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს და პირის გვარი თითქმის ყოველთვის ღიად მიუთითებს მის კასტურ კუთვნილებაზე.

ანგარიშის მიხედვით, კასტაშტორისი ქორწინებები, მაინც რჩება შედარებით იშვიათ მოვლენად. ზოგიერთ სოფლებში (განსაკუთრებით, ჩრდილოეთი ინდოეთის შტატებში: ჰარიანა; პენჯაბი და უტტარ პრადეში) დღემდე არსებობს ე.წ. კასტის საბჭოები (khap  panchayat), რომლებიც ხშირად წყვეტენ თემის წევრების ქორწინების საკითხებს და არის შემთხვევები, როდესაც პირს უკრძალავენ საკუთარი კასტის გარეთ ქორწინებას. თუმცა, ზოგიერთი ავტორის მიხედვით, კასტაშორისი ქორწინებები ნელი ტემპით, მაგრა მაინც იზრდება ზოგიერთ სოციო-ეკონომიკურ ჯგუფებში, მაგ. – ქალაქელ ახალგაზრდებში. ურბანულ დასახლებებში მცხოვრები ქალები, უფრო ხშირად ქორწინდებიან საკუთარ კასტას გარეთ, განსაკუთრებით, თუ ისინი ქრისტიანები არიან და აქვს მაღალი საგანმანათლებლო და ეკონომიკური სტატუსი. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ქორწინებების რაოდენობა იზრდება ქვე-კასტებში და არა – უშუალოდ ძირითადი 4 კასტის წარმომადგენლებს შორის.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კასტათშორისი ქორწინებების წასახლაისებლად, ბევრი შტატის მთავრობა გარკვეულ ფინანსურ ჯილდოსა თუ შეღავათებს აწესებს. მაგალითად, შტატ ორისსას მთავრობა, იმ შემთვევაში, თუ პირი დაქორწინება დაბალი კასტის წარმომადგენელზე, წყვილს ფულად ჯილოს სთავაზობს, რომლის რაოდენობაც, 2018 წლის 3 ივლისს 100 000 რუპიიდან 250 000 რუპიამდე გაიზარდა.ქერალას შტატის მთავრობის სოციალური სამართლის დეპარტამენტმა, თანასწორობის მხარდასაჭერად, შემოიღო კასტათშორისი ქორწინებების სქემა. სქემის ფარგლებში, ქერალას მთავრობა კასტათშორის წყვილებს ფინანსულ დახამრებას უწევს შემდგომი მიზნებისთვის: მცირე ბიზნესის დასაწყებად;  ნაკვეთების ან სახლების შესაძენად და ა.შ.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის კასტური სისტემა კვლავ რჩება ქვეყანაში დისკრიმინაციის და სოციალური გარიყვის მთავარ წყაროდ, ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, მის წინააღმდეგ ჩნდება სამი ძირითადი ფაქტორი: დივერსიფიცირებული საშუალო კლასი; ურბანიზაცია და ახალგაზრდების დემოგრაფიული მატება.[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ინდოეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ინდოეთის უზენაესი სასამართლოს 2018 წლის მარტის გადაწყვეტილებით, შტატების მთავრობა უნდა შექმნან სპეციალური ქსელები შტატის ყველა დასახლებაში, სადაც პირებს საშუალება მიეცემათ, სათანადო უწყებებს შეატყობინონ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობისა და კასტათშორისი ქორწინებების შედეგად დაქორწინებული წყვილების მიმართ არსებული საფრთხეების შესახებ.[3]

მედია საშუალება Indiatoday 2021 წლის 9 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ, იმავე კვირის სამშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ინდოელ სრულწლოვნებს გააჩნიათ აბსოლუტური უფლება, თავისუფლად აირჩიონ საკუთარი პარტნიორი. სასამართლომ ასევე დამატებით ხაზი გაუსვა, რომ დროა „საზოგადოებამ ისწავლოს კასტათშორისი და რელიგიათშორისი ქორწინებების მიღება“. მოსამართლეებმა აღნიშნეს, რომ მშობლების მხრიდან გაუმართლებელი და საზოგადოებისთვის ნაკლებად სასურველი საქციელი საკუთარი შვილებისთვის ზურგის შექცევა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათ გადაწყვიტეს საკუთარი კასტის თუ თემის გარეთ ქორწინება.

სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუციელებლია საკონსულტაციო და ტრეინინგ სესიების მოწყობა პოლიციის თანამშრომელთათვის, რათა მათ ისწავლონ კასტაშტორისი ქორწინებებთან დაკავშირებული საქმეების მართვა.[4]

[1] Immigration and Refugee Board of Canada – India: Situation of inter-religious and inter-caste couples, including treatment by society and authorities; situation of children from such marriages (2017-May 2019) [IND106276.E]; published on 16 May 2019; available at

[accessed 8 April 2021]

[2] Romanian national council for refugees – Report on land litigation and marriage Issues in India (women and land ownership; legal framework; honour crimes; forced marriage; child marriage; domestic abuse; other topics); published in October 2018; available at https://www.portal-ito.ro/#/view/e241a4be-ffc3-4139-9cf5-eb5ffb18ef10 [accessed 10 April 2021]

[3] United States Department of State – 2019 Country Reports on Human Rights Practices: India; published in March 2020; available at

[accessed 10 April 2021]

[4] Indiatoday – article “Supreme Court: High time society learns to accept inter-caste, inter-faith marriages”; published on 9 February 2021; available at https://www.indiatoday.in/india/story/supreme-court-inter-caste-inter-faith-marriages-karnataka-couple-1767474-2021-02-09 [accessed 12 April 2021]

ინდოეთი. ინფორმაცია ჩამარას კასტის შესახებ. ივნისი, 2020

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, ინფორმაცია ინდოეთში ჩამარის კასტის, მათ შორის – მათი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ, შედარებით მწირი იყო.

ენციკლოპედია Britannica-ს მიხედვით, ჩამარები ჩრდილოეთ ინდოეთში გავრცელებული კასტაა, რომელთა წევრებიც, ისტორიულად, ტყავის დამუშავებით ირჩენდნენ თავს. თვითონ სიტყვა სანსკრიტული სიტყვა „ჩარმაკარა“-სგან მოდის, რომელიც „ტყავზე მომუშავეს“ ნიშნავს. ჩამარის კასტის წევრები განეკუთვნებიან ინდოეთის მთავრობის მიერ ოფიციალურად განსაზღვრულ  “დამოკიდებულ კასტას“ (იგივე „დალიტებს“).[1]

ინდოეთის კასტების სისტემა მსოფლიოში არსებულ საზოგადოებრივ სტრუქტურათა შორის ერთ-ერთი უძველესია. სისტემა ყოფს ინდუსებს 4 კონკრეტულ, იერარქიულ ჯგუფად, მათი  კარმის (საქმიანობის) მიხედვით. იერარქიულად ყველაზე მაღლა დგანან „ბრაჰმანები“ – სწავლულები, შემდგომ მოდიან „ქშატრიები“ ანუ მეომრები, „ვაიშიები“ – ვაჭრები  და, ბოლოს, „შუდრები“ ანუ მშრომელები.

კასტების სისტემის გარეთ არსებობს კიდევ ერთი ჯგუფი „დალიტები“, რომლებიც იერარქიულად ყველაზე დაბალ კლასად ითვლება. საუკუნეების მანძილზე, ინდოეთში ზემოხსენებული სისტემა განსაზღვრავდა სოციუმს, ანიჭებდა რიგ უფლებებსა და პრივილეგიებს იერარქიულად ზედა საფეხურზე მდგომ კასტებს, ხოლო „დაბალ კასტებს“ უამრავ შეზღუდვას უწესებდა.

თანამედროვე ინდოეთის კონსტიტუციის 15 და 17 მუხლებით აკრძალულია დისკრიმინაცია კასტის ნიშნით. მეტიც, არსებობს ე.წ. კვოტირების სისტემა სახელმწიფო სამსახურსა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც ისტორიულად დაბალ საფეხურზე მყოფი ჯგუფები პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან.

ბოლო ათწლეულებში, მზარდი ურბანიზაციისა და სეკულარული განათლების დანერგვის ფონზე, კასტების სისტემის გავლენა მეტ-ნაკლებად შემცირდა, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში, პირის გვარი, რომელიც ხაზს უსვამს მის კასტას, საზოგადოების თვალში მაინც მისი პიროვნების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორია.[2]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების საბჭო ინდოეთში დალიტთა მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ინვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი  – 2016-2020 წლები) წერდა, რომ ტერმინი დალიტი ნიშნავს „ჩაგრულს“. წყაროთა მიხედვით, ადრე აღნიშნული კასტის წევრებს „ხელშეუხებლებს“ უწოდებდნენ, ხოლო დღევანდელი მდგომარეობით, მათი ოფიციალური სახელწოდებაა „დამოკიდებული კასტა“ (Scheduled Caste). აღნიშნული ტერმინი განმარტებულია, როგორც „ხალხის ჯგუფი, რომელიც წარსულში ექვემდებარებოდა განსაკუთრებით მძიმე სტიგმას  სოციალური, საგანმანათლებლო და ეკონომიკური კუთხით, რაც განპირობებული იყო დამკვიდრებული ტრადიციით მათი ხელშეუხებლობის (Untouchability) შესახებ“.

2011 წლის მონაცემებით, დამოკიდებული კასტები ინდოეთის მოსახლეობის 16.6 %-ს შეადგენენ, ხოლო მათი უმრავლესობა (76.4 %) ძირითადად სასოფლო დასახლებებში ბინადრობს.

ანგარიშის მიხედვით, 2011-12 წლებში ინდოეთში ჩატარდა მასშტაბური კვლევა კასტური სისტემის შესახებ, რომლის ფარგლებშიც 45 000 ოჯახი გამოიკითხა. რესპონდენტთა 27 %-მა განაცხადა, რომ იზიარებდა და ახორციელებდა ე.წ. „ხელშეუხებლობის“ პრაქტიკას (ანუ დალიტთა გამორჩევას მათი კასტური ნიშნით) რაიმე ფორმით. აღნიშნული პრაქტიკა ყველაზე მეტად უპირატესი იყო ბრაჰმინ რესპოდენტებში (52 %).

გეოგრაფიულად, „ხელშეუხებლობა“ ყველაზე მეტად გავრცელებულია ინდოეთის შუა ნაწილში კერძოდ: მადჰია პრადეშის შტატი (53 %); ჰიმაჩალ პრადეშ (50 %); ჩჰატტისგარჰი (48 %); რაჯაშტანი და ბიჰარი (47 %); უტტარ პრადეში (43 %) და უტტარახანდი (40 %). რაც შეეხება ამ კუთხით ყველაზე „პროგრესულ“ შტატებს, ესენია: დასავლეთი ბენგალი (1 %); ქერალა (2 %); მაჰარაშტრა (4 %); ანდჰრა პრადეში (10 %) და ა.შ

დალიტთა სოლიდარობის საერთაშორისო ქსელი, რომელიც კოპენჰაგენში მოქმედ დალიტთა უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, უფრო დეტალურად საუბრობს „ხელშეუხებლობაზე“. კერძოდ, მათი განმარტებით, როგორც ინდოეთში აღნიშნული პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული როგორც ურბანულ დასახლებებში, ასევე – სოფლად. თვითონ პრაქტიკა, ნიშნავს, რომ დომინანტი კასტის წევრები ხელით არ ეხებიან დალიტებს; არ შედიან მათ სახლებში; არ რთავენ საკუთარ შვილებს, რომ ითამაშონ მათთან ერთად ან რაიმე ტიპის ურთიერთობა ჰქონდეთ დალიტებთან და ა.შ. ორგანიზაციის განმარტებით, „ხელშეუხებლობის“ ათასზე მეტი ვარიაცია არსებობს და მათი სიმკაცრე და უპირატესობა კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონზეა დამოკიდებული.

კვლევითი დირექტორატის მიერ გამოკითხული კიდევ ერთი წყარო ამბოს, რომ „ხელშეუხებლობა“ ვლინდება ცხოვრების თითქმის ყველაზე ასპექტში. მაგალითად, დალიტები ვერ იღებენ წყალს საერთო ჭებიდან, არ შეუძლიათ ტაძრებში და საპარიკმახეროებში შესვლა; მათ სამსახურში უხდიან გაცილებით ნაკლებს; დალიტ ბავშვებს სკოლებში აიძულებენ ტუალეტების წმენდას და ცალკე ჭამას და ა.შ.

ანგარიშის მიხედვით, ინდოეთის სასოფლო დასახლებებში აღნიშნული პრაქტიკა უფრო უპირატესია და ზოგჯერ იღებს ისეთ დისკრიმინაციულ სახეებსაც, როგორიცაა: წყალზე, საკვებზე და საცხოვრებელზე წვდომის შეზღუდვა;  მათი მიცვალებულების დაკრძალვაზე ან კრემაციაზე უარის თქმა და ა.შ. ინდოეთში არსებული ტრადიციების და პრაქტიკის მიხედვით, დალიტთა საცხოვრებელი სოფლის გარეთ უნდა იყოს, რათა არ „დააბინძუროს“ ის. გარდა იმისა, რომ ისინი შეზღუდულნი არიან სახლების სივრცეში, მათი სახლები ასევე ნაკლებად ხარისხიანი და გამძლე მასალისგან ნაშენები უნდა იყოს. მაგალითად, 2011 წლის აღწერის მონაცემებით, დალიტები და დაბალი ტომობრივი კასტის სხვა წარმომადგენლები ცხოვრობენ ზედმეტად დაბალი ხარისხის სახლებში. კერძოდ, მათი მხოლოდ  22 %-ის სახლი იყო აგურით ან ცემენტის მასალით აშენებული. ასევე, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო მათ მიერ საპირფარეშოებზე წვდომის საკითხი. კერძოდ, გამოკითხულთა 66 %-ს არ გააჩნდა წვდომა საპირფარეშოებზე.

ზემოხსენებულის გარდა, ანგარიშში ასევე საუბარია დალიტების მიმართ დისკრიმინაციაზე დასაქმების და განათლების კუთხით. შედარებით ნაკლებად, მაგრამ ზოგჯერ მაინც გვხვდება მათი დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნითაც.

რაც შეეხება დალიტების მიმართ ძალადობის შემთხვევებს, ანგარიშის მიხედვით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ამ კუთხით ფიქსირდება ზრდა. კერძოდ, „ინდოეთის დანაშაულთა არქივის ბიუროს“ მონაცემებით, 2017 წელს, დამოკიდებულ კასტის წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიმართული 43 203 დანაშაულებრივი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული რიცხვი 2016 წელს 40 801 იყო; 2015 წელს კი – 38. 670. იმავე წყაროს ცნობით, 2017 წელს დაფიქსირებული დანაშაულთა 26.5 % უტტარ პრადეშის შტატზე მოდის, 15.6 % – ბიჰარზე, ხოლო კიდევ 13.6 % – მადჰია პრადეშის შტატზე.

რამდენიმე წყაროს ცნობით, ისევე როგორც მუსლიმები, დალიტებიც ასევე ხშირად წარმოადგენენ ინდოეთში ძროხების დამცველთა ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი თავდასხმების სამიზნეებს. აღნიშნულ ინციდენტების ფარგლებში ადგილი ჰქონდა როგორც მკვლელობების, ასევე – ბრბოს მასობრივი ძალადობის, თავდასხმების და დაშინების შემთხვევებს. ამ კუთხით, ყველაზე აქტიური შტატები იყო: მადჰია პრადეში, ჰარიიანა; ჯჰარხანდი; გუჯარათი და უტტარ პრადეში.

ერთ-ერთი ინდური არასამთავრობო ორგანიზაციის მიხედვით, „იმ შემთხვევაში, თუ დალიტი პირი კასტით დადგენილ წესებს დაარღვევს, დალიტთა მთლიანი თემი დაექვემდებარება სასჯელს, რომელიც ხშირად იღებს ისეთი მძიმე ფორმებს, როგორიცაა: საცხოვრებელზე და დასაქმებაზე წვდომის შეზღუდვა; ფიზიკური თავდასხმები დალიტ ქალებზე და მათი სახლების გადაწვა“.

ანგარიშში, ასევე, საუბარია კონკრეტულად დალიტი ქალების მიმართ მიმართულ ძალადობის შემთხვევებზე. კერძოდ, კვლევითი დირექტორატის მიერ შესწავლილი წყაროების მიხედვით, დალიტი ქალები ხშირად ხდებიან გაუპატიურებისა ან გაუპატიურების მუქარის დანაშაულის მსხვერპლნი. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა სასოფლო რეგიონებში,  სადაც ზოგჯერ ხდება დალიტ გოგონათა ჯგუფური გაუპატიურება, რაც  მათი ოჯახების მიერ ჩადენილი რაიმე გადაცდომის გამო სასჯელის სახედ არის მიღებული. ხშირია დალიტი ქალების გატაცების შემთხვევებიც. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, „დომინანტი კასტის წარმომადგენლები მიმართავენ სექსუალური ხასიათის დალიტი გოგონების წინააღმდეგ, რათა დასაჯონ ან დაამცირონ ისინი.“ სხვა წყაროებიც საუბრობენ, რომ გაუპატიურება ხშირად გამოუყენება, როგორც მაღალი კასტების „იარაღი“ კასტათა შორის კონფლიქტის დროს.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ინდოეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონი დალიტებს იცავს, მიმდინარე წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები მათ მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის არაერთ შემთხვევაზე, განსაკუთრებით – სერვისებზე წვდომის, ჯანდაცვის, განათლების, გადაადგილების თავისუფლების, ქორწინების და სასამართლოზე წვდომის კუთხით. გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიხედვით, ზოგჯერ ადგილი ჰქონდა დალიტთა კანონგარეშე მკვლელობებს და დალიტი ქალების მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობას. ხშირად, დალიტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი რჩებოდა, რადგან ან მთავრობა არ უქვემდებარებდა დამნაშავეებს სისხლისსამართლებრივ დევნას, ან, ზოგჯერ თვითონ მსხვერპლი დალიტები იკავებდნენ თავს დანაშაულის შეტყობინებაზე, რადგან ეშინოდათ შურისძიების.

ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, დალიტ მოსწავლეებს და სტუდენტებს, საკუთარი იდენტობის გამო, ზოგჯერ უარს ეუბნებოდნენ კონკრეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებაზე. ასევე, მათ არ უშვებდნენ დილის ლოცვებზე, სვამდნენ კლასის ბოლო რიგებში და აიძულებდნენ სკოლის ტუალეტების დასუფთავებას, თანაც იმ ფონზე, როდესაც თვითონ დალიტებს აღნიშნული ტუალეტებით სარგებლობის უფლება არ ჰქონდათ. ასევე, ვრცელდებოდა ცნობები ისეთი შემთხვევების შესახებაც, როდესაც, მაგალითად მასწავლებელი უარს ამბობდა დალიტი მოსწავლეების საშინაო დავალების შესწორებაზე, არ აძლევდა მათ შუადღის საკვების ულუფებს და, ასევე, აიძულებდა დალიტ მოსწავლეებს, დამსხდარიყვნენ  მაღალი კასტის წარმომადგენელი ბავშვებისგან მოშორებით.[4]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, კონკრეტული უმცირესობები – მუსლიმები; დაბალი სოციალური კასტის წარმომადგენელი დალიტები და ადივასების ტომი, განიცდიან გარკვეულ დისკრიმინაციას  და კვლავ რჩებიან  მარგინალიზებულ მდგომარეობაში, როგორც ეკონომიკური, ასევე – სოციალური კუთხით. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის კონსტიტუცია კრძალავს დისკრიმინაციას კასტური ნიშნის და აწესებს კონკრეტულ ქვოტებს დალიტებისთვის როგორც საგანმანათლებლო, ასევე – სამთავრობო საქმიანობის კუთხით, ისინი მაინც ექვემდებარებიან რუტინული ხასიათის დისკრიმინაციასა და ძალადობას, ხოლო ქვეყნის სამართალდამცავი და სასამართლო სისტემა, ზოგიერთ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს მათ სათანადო დაცვას.[5]

Human Rights Watch 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის (საანგარიშო პერიოდი  – 2019 წელი) მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში, დალიტების მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობრივ თავდასხმებსა და დისკრიმინაციას. სექტემბერში, ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ მთავრობას დააკისრა შეემოწმებინა ქვეყნის უნივერსიტეტებში აპლიკანტის კასტის გამო მიღებაზე უარის თქმის შემთხვევები. ეს საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც აღნიშნული მოთხოვნით ორი სტუდენტის – ერთი დალიტისა და ერთი ადგილობრივი ტომის წარმომადგენლების დედებმა შექმნეს პეტიცია. გავრცელებული ცნობებით, აღნიშნულმა სტუდენტებმა, სავარაუდოდ დისკრიმინაციის გამო, თავი მოიკლეს.[6]

[1] Encyclopedia Britannica  – Chamar; available at https://www.britannica.com/topic/Chamar [accessed 29 June 2020]

[2] BBC Article “What is India’s caste system” 25.02.2016, BBC, available at: http://www.bbc.com/news/world-asia-india-35650616(accessed on 29 June 2020)

[3] Immigration and Refugee Board of Canada – India: Treatment of Dalits by society and authorities; availability of state protection (2016-January 2020); published in January 2020; available at

[accessed 29 June 2020]

[4] United States Department of State – “2019 Country Reports on Human Rights Practices: India”; published on 11 March 2020; available at

[accessed 29 June 2020]

[5] Freedom House – Freedom in the World 2020 – India; published on 4 March 2020; available at

[accessed 30 June 2020]

[6] Human Rights Watch – “World Report 2020 – India”; published on 14 January 2020; available at

[accessed 30 June 2020]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 აპრილი, 2018

ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა – ინციდენტის შედეგად 84 ადამიანი დაშავდა. შემთხვევას ადგილი ჰქონდა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ მაიდაგურის მახლობლად. თებერვალში, ამავე ქალაქში „ბოკო ჰარამის“ მებრძოლების თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა.[1]

რელიგიური უმცირესობების დემონსტრაციას ინდოეთში 8 ადამიანი ემსხვერპლა – აქციის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, სასამართლოს ბრძანება დალიტთა (ყოფილი შეუხებლები) გაერთიანების უფლებებს არღვევს. ქვეყანაში მოქმედებს აქტი, რომელიც კასტებს შორის ძალადობის პრევენციის მექანიზმად მიიჩნევა დალიტების მიერ. სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული აქტის მოქმედება შეიზღუდა. დემონსტრაცია ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა; აქციის მონაწილეებმა გზატკეცილიც გადაკეტეს. მთავრობამ სასამართლოს ურჩია, რომ გადაწყვეტილებას გადახედოს. ქვეყანაში კასტებს შორის იერარქიით გამოწვეული ძალადობა დიდი პრობლემაა. 2016 წელს დაბალი კასტის წარმოამდგენლების წინააღმდეგ ძლადობის 40 ათასზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა.[2]

ავღანეთის ავიაიერიშებს მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ – ავღანელმა სამხედროებმა ჩრდილოეთ კუნდუზში თალიბანზე მიიტანეს იერიში, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობაც ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, ავღანეთის თავდაცვის ვერტმფრენებმა მიზანში ადგილობრივი რელიგიური სკოლა ამოიღეს და ცეცხლი გახსნეს. ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, იერიშების დროს 25-მდე ისლამისტი დაიჭრა და დაიღუპა, თუმცა საინფორმაციო სააგენტო BBC-სთან საუბრისას ექიმები ამბობენ, რომ საავადმყოფოში 50-ზე მეტი დაშავებული შეიყვანეს. თალიბანი კი აცხადებს, რომ იერიშების დროს მათი თანამებრძოლები არ დაშავებულან და მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.[3]

ღაზას სექტორში დაძაბულობა გრძელდება – ღაზას სექტორის საზღვართან მასობრივი დემონსტრაციის დროს ისრაელის ძალებმა პალესტინელი ჟურნალისტი მოკლეს. 30 წლის გარდაცვლილი ჟურნალისტი ჰალილ აბუ ატირა სააგენტოში „Ain Media“ მუშაობდა და სამუშაოს შესრულების დროს პრესის აღმნიშვნელი ჟილეტი ეცვა. ერთერთი პალესტინელი ჟურნალისტის თქმით, მედიის კიდევ შვიდი წარმოამდგენელი დაშავდა. ღაზასა და ისრაელის საზღვარზე არეულობა გრძელდება. პალესტინელი აქტივისტი, რომელიც ერთი კვირის წინ მძიმე ტრავმით საავადმყოფოში მოათავსეს, გუშინ გარდაიცვალა, რასაც საპროტესტო აქციის განახლება მოჰყვა. ე.წ. დაბრუნების მარში ღაზას სექტორში 10 დღის წინ დაიწყო, რომელიც პალესტინელებისთვის ისრაელის მიერ მიწების ოკუპაციისადმი დაუმორჩილებლობის იდეას გამოხატავს. მარშის 20000-მდე მონაწილე მავთულხლართებს მიუახლოვდა, რასაც ისრაელის სპეცრაზმთან შეტაკებები მოჰყვა. პალესტინურმა მხარემ 6-კვირიანი მარში დააანონსა.[4]

[1] BBC News; Boko Haram attack: More than a dozen dead in Maiduguri; 2 April, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-43617482

[2] BBC News; Eight dead in massive India caste protests; 2 April, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-india-43616242

[3] BBC News; Afghanistan air strike ‘kills civilians’ at religious school; 2 April 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-43619834

[4] Al Jezeera; Israel forces kill Palestinian journalist covering Gaza rally; 7 April, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/04/palestinian-journalist-yasser-murtaja-dies-shot-israeli-forces-180407054201619.html

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა. კასტური სისტემა. მარტი, 2018

პაკისტანის საზოგადოებაში კასტური სისტემა არსებობს. საზოგადოება დაყოფილია ჯგუფებად, რომელთაც ქუამები ეწოდება. ყოველი ქუამი პროფესიული ნიშნით ხასიათდება და სხვადასხვა ქუამის წევრებს შორის ქორწინება დაუშვებელია. ქუამების უდიდესი ნაწილი პუნჯაბის საზოგადოებაში არის წარმოდგენილი. უმაღლესი წოდების მქონე კასტებს წარმოადგენენ რაჯპუტები, ჯატები და არაინები. ბავშვები ავტომატურად იმ კასტის წევრებად ითვლებიან, რომელსაც მათი მშობლები მიეკუთვნებიან.[1]

კულტურული ანთროპოლოგის დევიდ ლევინსონის მიერ თანამედროვე მსოფლიოში ეთნიკური ჯგუფების შესახებ 1998 წელს გამოცემულ სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ პაკისტანი მოიცავს ოთხ პროვინციას – სინდჰის, ბალუჩისტანის (დღევანდელი ბალოჩისტანი) პენჯაბის და ჩრდილო-დასავლეთ საზღვრისპირა პროვინციას (დღევანდელი ხიბერ პახტუნხვა).

ლევინსონი აღნიშნავს, რომ პენჯაბი ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, რომელიც პაკისტანის და ინდოეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. პენჯაბი წარმოადგენს მთავარ ეთნიკურ ჯგუფს რეგიონში და პაკისტანში მათი რაოდენობა 85 მილიონს შეადგენს (დაახლოებით მთელი ქვეყნის მოსახლეობის 66%). თითქმის ყველა პენჯაბელი პაკისტანში, სუნიტი მუსლიმია. პენჯაბელების უმეტესი ნაწილი სოფლად ფერმერულ საზოგადოებაში ცხოვრობს. ისინი ფერმერები ან მიწათმფლობელები არიან, ან ჩართულები არიან ფერმერობასთან დაკავშირებულ საქმიანობებში. სხვა პენჯაბელები, პაკისტანის ინდუსტრიულ ქალაქებში მომსახურების სფეროში არიან დასაქმებულები. სოფლად მცხოვრები პენჯაბელები გადანაწილებულები არიან პროფესიულ კასტებში. ჯატები (ფერმერები) და რაჯპუტები (მიწათმფლობელები) ყველაზე კარგად ცნობილი კასტებია. პენჯაბელები პენჯაბური ენის სხვადასხვა დიალექტზე საუბრობენ. პენჯაბელთა მაღალი კლასის წარმომადგენლები ურდუზე საუბრობენ.

ლევინსონი მოკლედ საუბრობს რამდენიმე პატარა ეთნიკური ჯგუფის და კასტის შესახებ, მათ შორის ბრაჰუის (სუნიტ მუსლიმთა ტომი ბალუჩისტანში და სინდჰში, მათი რაოდენობა მილიონს აღწევს და ისინი ფერმერობით ან მესაქონლეობით არიან დაკავებულები); ბურუშო (ჰუნზა) და პატარა ჯგუფები, რომლებიც ჩრდილოეთით ცხოვრობენ და დარდიკულ ენებზე საუბრობენ; კალაშა (ჰინდუსები) ხიბერ პახტუნკვა; ხოჯები მოვაჭრეთა კასტა, რომლებიც ისმაილიზმის მიმდევრები არიან (შიიტური ისლამის განშტოება); კოჰისტანი მუსლიმი ფერმერები; და სიდიები (ყოფილი აფრიკელი ტყვეები, რომლებმაც სინდჰის პროვინციაში რელიგიური ნიშნით შექმნეს კასტა).[2]

New York Times-ის არქივში დაცული ინფორმაციის მიხედვით, კასტები საზოგადოებაში არსებულ პროფესიებს ეფუძნება. სტატიის ავტორი, ჯაჰანგირ აჰმად სატი ბებიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ: პაკისტანში, უმაღლეს კასტას მიეკუთვნებიან გადასახადების ამკრეფნი ან მიწათმფლობელები. შემდეგ მოდის ლოჰარ-თრუკხანი, ან დურგალი; შემდეგ პოლი ან მქსოველი; მოჩი ან მეწაღე; მეერასი-ნაიე ან ხელოვანი-პარიკმახერი. პაკისტანში, ინდუსი ხელშეუხებლების მსგავსად ითვლებიან  ჩამერები, ჩურას, ბჰანგის ან ჯანიტორების წარმომადგენლები. ისინი ძირითადად ქრისტიანები არიან. ზოგიერთი ინდუსი ან მუსლიმია.

ფეოდალური წარმოშობის კასტური სისტემა ასახავს პროფესიების და  სოფლის მეურნეობის წარმოების მნიშვნელობას. დურგლები იყვნენ ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხი, რადგან ისინი სასოფლო-სამეურნეო იარაღს აწარმოებდნენ, შესაბამისად, მაღალ სტატუსს ატარებდნენ. პაკისტანი ნაკლებად განვითარებული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებისგან შედგება. სანამ კასტური სისტემა ინდუიზმის რელიგიური თანხმობით განისაზღვრება, მას არ აქვს მომავალი ინდუსტრიალიზებულ მუსლიმურ საზოგადოებაში. ინდუსტრიალიზებულ ტერიტორიაზე კასტები კლასებით არის ჩანაცვლებული.

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციაში არსებობს მუხლი, სადაც მოცემულია „კასტების განრიგი“. კასტისადმი კუთვნილება დაბადებით განისაზღვრება. თუ პირი შეიცვლის პროფესიას, მაგალითად პირი მეწაღის პროფესიის ნაცვლად ქირურგის პროფესიას დაეუფლება, კასტის ცვლილება ვერ მოხდება.

არსებული სტიგმის თავიდან ასაცილებლად, დაბალი კასტის წარმომადგენლები ქალაქებში გადადიან საცხოვრებლად, რის შემდეგაც იცვლიან კასტებს. როგორც წესი, ისინი ცდილობენ რომ თავიანთი წარმომავლობა დაუკავშირონ წინასწარმეტყველ მუჰამედს, თუმცა, წინასწარმეტყველს არ ჰყავდა ვაჟი, რომელიც მის გვარს გააგრძელებდა.[3]

“Pakistan Today” 2016 წელს აქვეყნებს ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ პაკისტანში, კასტებს შორის ყველაზე დიდი ყმების, მონების კასტაა. მისი წევრები მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შეადგენენ და ძირითადად სოფლად და დიდ ქალაქებში, შანთი თაუნებში (ძირითადად ღარიბი ხალხით დასახლებული ტერიტორია, სადაც სახლები დამზადებულია ხისგან ან მუყაოსგან) სახლობენ. ეკონომიკური კუთხით, ისინი თავს ირჩენენ სოფლებში ფერმის მიწების დამუშავებით, ხოლო ქალაქში მუშაობენ მძღოლებად, ქარხნების მუშებად, მშენებლობებზე ან დარაჯებად. ისინი დიდ ოჯახებს ქმნიან, სადაც სამიდან ხუთ შვილამდე აჩენენ და ბავშვების ჩათვლით, ოჯახის ყველა წევრი მუშაობს. ყოველ ბავშვს სახლში 3000-დან 5000-მდე რუპია შეაქვს. მაღალ კლასს შექმნილი აქვს მარტივი და ეფექტური სისტემა რომ მსახურთა ფენის სტატუსი შემდეგ თაობებზეც გადავიდეს, მათ შვილებს პირველი ხუთი წლის მანძილზე არ აძლევენ სკოლაში სწავლის შესაძლებლობას. საჯარო სკოლები, რომლებიც ღარიბი ბავშვებისთვის უნდა ფუნქციონირებდეს, მხოლოდ ფორმალურად არსებობს. ხოლო, კერძო სკოლები ძალიან ძვირია. სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები სამუდამოდ რჩებიან მსახურთა ფენაში.

შემდეგ მოდის განათლებული საშუალო კლასი, რომლის წარმომადგენლებიც საშუალო ზომის ქალაქებში ცხოვრობენ. ისინი ჩართულები არიან მცირე ბიზნესში, საოფისე საქმეში, მუშაობენ მასწავლებლებად, არმიაში ოფიცრების მოვალეობას ასრულებენ, მუშაობენ ჟურნალისტებად, პოლიციის ოფიცრებად. ისინი ქვეყანაში გადასახადების ძირითადი გადამხდელები არიან. მათ მსახურთა კასტაზე ორჯერ ან სამჯერ მეტი შემოსავალი აქვთ, თუმცა ეს არ კმარა მათი ფინანსური სტატუსის გაუმჯობესებისთვის.

ერთერთ ყველაზე პატარა, მაგრამ გავლენიან კასტას მიეკუთვნება მეომართა კლასი. ისინი სამი შეიარაღებული ძალის ოფიცრები არიან. აღნიშნულ სამსახურში ერთვებიან განათლებული საშუალო კლასიდან, მაგრამ როდესაც წინაურდებიან და პოზიციას იცვლიან, ქმნიან საკუთარ კასტას და აქტიურად იცავენ თავიანთ ინტერესებს. როგორც წესი, ისინი საკუთარ თავს სახელმწიფოს მთავარ დამცველებად მიიჩნევენ და არ ერიდებიან კონსტიტუციის შეცვლას, მაშინ როდესაც ჩათვლიან, რომ სახელმწიფოს საფრთხე ემუქრება. ისინი ფინანსურად უზრუნველყოფილნი არიან.

პატარა, მაგრამ გავლენიან კასტას წარმოადგენს ულემა. მისი წევრების უმეტესობას საკუთარი ორგანიზაციები გააჩნია, რომლებიც შემოწირულობებს აგროვებენ და მეჩეთების ქსელს აკონტროლებენ. ისინი ხალხის ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე არიან დამოკიდებულები.

ყველაზე პატარა, მაგრამ ყველაზე გავლენიან კასტას წარმოადგენს ელიტარული კლასი. ისინი ძირითადად მსხვილი მეწარმეები, მედია მფლობელები, სარდარები (ადგილობრივი ლიდერები, ტომის ან გვარის ხელმძღვანელები), ნიშინები (სასულიერო ლიდერები) ან პოლიტიკური ლიდერები არიან. ისინი თითქმის არ იხდიან გადასახადებს, არ აღიარებენ კანონს მიწათმფლობელობის შესახებ და სახელმწიფოს რესურსებს საკუთარი მატერიალური კეთილდღეობისთვის იყენებენ. ისინი უძრავ ქონებას ფლობენ და მიაჩნიათ რომ დაბადებიდანვე ფლობენ ქვეყნის მართვის უფლებას. ისინი მკაცრი ფისკალური პოლიტიკით და კერძო საწარმოებსა და პოლიტიკურ პარტიებზე მონოპოლიის დამყარებით, აკონტროლებენ გაღატაკებულ მრავალრიცხოვან და უუფლებო კლასებს. პანამის დოკუმენტები ადასტურებენ, რომ ელიტური კლასი უმდიდრესია, რომელსაც ერთი ქვეყანა არ ყოფნის თავისი სიმდიდრის შესანარჩუნებლად.[4]

პაკისტანის საზოგადოებაში არსებული მთავარი კასტები/ტომებია: ჯატი (პენჯაბი და სინდჰის პროვინცია); პატანი (ხიბერ პახტუნხვა  და ბალუჩისტანი); არაინები (პენჯაბი); რაჯპუტები (პენჯაბი და სინდჰი); ბალოჩები (სინდჰი და ბალუჩისტანი); გუჯარები (ხიბერ პახტუნხვა და პენჯაბი); ავანი (ხიბერ პახტუნხვა და პენჯაბი); ბრაჰუი (ბალუჩისტანი და სინდჰი); ჰაზარა (ხიბერ პახტუნხვა); ხატრი (პენჯაბი); ჩუჰრა (პენჯაბი); შეიხ; სიედი; ქასაბი; ქურეში; მოჩი; მირასი; მაჩი; ჯულაჰა; ჟინვარი; ტაკჰანი და ტელი.[5]

[1] Pakistan-ETHNIC groups https://404ihpakistan.weebly.com/ethnic-groups-religion-and-caste-system.html [accessed March 19, 2018]

[2]ACCORD -Austrian Centre for Country of Origin & Asylum Research and Documentation: Pakistan

COI Compilation; August 2016 

[accessed March 19, 2018]

[3] The New York Times Archives: Pakistan Certainly Has a Caste System;  JAHANGIR AHMAD SATTI Detroit, Nov. 19, 1990 https://www.nytimes.com/1990/12/08/opinion/l-pakistan-certainly-has-a-caste-system-224690.html [accessed March 19, 2018]

[4] Pakistan Today: Caste system of Pakistan; April 25, 2016 BY Abdul Quayyum Khan Kundi https://www.pakistantoday.com.pk/2016/04/25/caste-system-of-pakistan/ [accessed March 20, 2018]

[5] Quora:What are the major castes/tribes found among Pakistani people? https://www.quora.com/What-are-the-major-castes-tribes-found-among-Pakistani-people [accessed March 20, 2018]