ნიგერია. კვარის შტატში არსებული ვითარება 2019 წლის არჩევნების შემდეგ. ივნისი, 2019

2019 წლის თებერვალში ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისმა გამოაქვეყნა ანგარიში ნიგერიის შესახებ, სადაც განხილულია ქვეყანაში არსებული ვითარება. ანგარიშში წარმოდგენილია ნიგერიაში არსებული მდგომარეობის ანალიზი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნიგერიის კონკრეტულ შტატებში ადგილი აქვს სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტს, რომელიც შეიძლება ევროკავშირის მაკვალიფიცირებელი დირექტივის 15-ე მუხლის მნიშვნელობის ქვეშ მოხვდეს. ეს შტატებია: აბია, ადამავა, აკვა იბომი, ბაუჩი, ბაიელსა, ბენუე, ბორნო, კროს რივერი, დელტა, ედო, ეკიტი, გომბე, იმო, კადუნა, კოგი, კვარა, ნასარავა, ნიგერი, ონდო, პლატო, რივერსი, ტარაბა, იობე და ასევე დედაქალაქის ფედერალური ტერიტორია აბუჯა.

ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე შტატში ადგილი აქვს შეიარაღებულ კონფლიქტს, რომელშიც მონაწილეობენ ფერმერებისა და მწყემსების შეიარაღებული ჯგუფები, ეთნიკური დაჯგუფებები და ნიგერიის უსაფრთხოების ძალები. ასეთი შტატებია: ადამავა, ტარაბა, პლატო, ნასარავა და ბენუე. მათ გარდა, მსგავსი პრობლემები გვხვდება შემდეგ შტატებში: კოგი, კვარა, კადუნა, ნიგერი და დედაქალაქის ფედერალური ტერიტორია აბუჯა.

კვარის შტატში ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა კვირაში 0.08 ინციდენტს შეადგენს. შტატში არ ფიქსირდება ე.წ. „დისტანციური ძალადობის“ (Remote Violence) ფაქტები. კვარის შტატში, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 ათას კაცზე 0.09 შეადგენს. სიკვდილის ფაქტები დისტანციური ძალადობის შედეგად, კვარას შტატში არ ფიქსირდება.

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი დოკუმენტში, ასევე, წერს, რომ დელტას, ედოს, იკიტის, კადუნას, კოგის, კვარისა და ნიგერის შტატებში და ასევე აბუჯაში განურჩეველი ძალადობის დონე იმდენად დაბალია, რომ ზოგადად არ არის იმის რისკი, რომ სამოქალაქო პირს პირადად მიადგეს ზიანი განურჩეველი ძალადობის მიზეზით, მაკვალიფიცირებელი დირექტივის 15-ე მუხლის გაგებით. ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად ამისა, ინდივიდუალური ელემენტები ყოველთვის უნდა იქნას განხილული.[1]

ნიგერიაში 2019 წლის 23-24 თებერვალს ჩატარდა არჩევნები. ქვეყნის მოსახლეობამ აირჩია პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და საკანონმდებლო ორგანოს – წარმომადგენლობითი სახლისა და სენატის წევრები. საპრეზიდენტო არჩევნებში მუჰამადუ ბუჰარიმ გაიმარჯვა და კიდევ ერთი ვადით გახდა ნიგერიის პრეზიდენტი.[2]

საერთო შეფასებით, არჩევნების როგორც წინა, ასევე შემდგომი პერიოდი ძალადობით ხასიათდებოდა. 2019 წლის 13 თებერვალს „Amnesty International“-მა გაავრცელა განცხადება, სადაც ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებდა არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობაზე. ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებდა, დაეცვა მოსახლეობა ძალადობისგან და უზრუნველეყო გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვა როგორც არჩევნებამდე, ასევე შემდგომ პერიოდში. „არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა კანოს, კვარის, კოგის, რივერსის, ტარაბასა და ბაიელსას შტატებში ღრმა შეშფოთების მიზეზია და სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს; რეაგირების დაგვიანება ადამიანის უფლებების პატივისცემის საკითხს არჩევნების პერიოდში დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა ორგანიზაციის ნიგერიის წარმომადგენლობის დირექტორმა.[3]

კვარის შტატში ადგილობრივი არჩევნები წააგო ბუკოლა სარაკიმ, რომელიც ცდილობდა, კიდევ ერთი ვადით ყოფილიყო წარმოდგენილი სენატში. სარაკი ნიგერიაში რიგით მესამე ყველაზე ძლევამოსილი პოლიტიკური ოფისის მფლობელია. ის იყო არა მხოლოდ მოქმედი სენატორი, არამედ ოპოზიციური სახალხო დემოკრატიული პარტიის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი.

სარაკი თავდაპირველად მმართველი პარტიის წევრი იყო. საერთო ჯამში, მტრული დამოკიდებულება არ ჩამოყალიბებულა ბუკოლა სარაკისა და პრეზიდენტს შორის, რომელმაც კორუფციის ბრალდებით გამოძიების ინიცირება მოახდინა სარაკის წინააღმდეგ. უზენაესმა სასამართლომ სარაკი 2018 წლის ივლისში გაამართლა და მომდევნო თვეს მან მმართველი პარტია საერთო პროგრესული კონგრესი დატოვა.

ბუკოლა სარაკი ცდილობდა ხელახლა არჩეულიყო სენატში კვარის შტატიდან, მაგრამ გამარჯვება საერთო პროგრესული კონგრესის კანდიდატს იბრაჰიმ ოლორიეგბეს დარჩა, რომელმაც წარმატებით დაასრულა „სარაკების დინასტიის“ 50 წელზე მეტი დროის განმავლობაში არსებული პოლიტიკური დომინირება კვარაში. ბევრის აზრით, ხალხი დაიღალა შტატში განვითარების ნაკლებობით, რამაც ჩამოაყალიბა საპროტესტო მოძრაობა „O To Ge“ (Enough is Enough). მოძრაობა სარაკისა და მის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი კანდიდატების წინააღმდეგ იყო მიმართული (ყველა ამ კანდიდატმა მარცხი განიცადა).[4]

ევროკავშირის არჩევნების დამკვირვებელთა მისიის შეფასებით, ნიგერიაში ჩატარებული არჩევნებისას, ქვეყნის წამყვანმა პარტიებმა ვერ შეძლეს ძალადობის თავიდან აცილება. წყაროს ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის შედეგად 150-მდე ადამიანი დაიღუპა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში.[5]

ადილობრივ მედიაში არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაციები პოლიტიკური ძალადობის შესახებ. 2019 წლის 14 იანვარს ასობით ქალმა კვარის შტატის ქალაქ ილორინის ქუჩები გადაკეტა და პოლიტიკური ძალადობა გააპროტესტა. ისინი, იმ დროს, სენატის მოქმედი პრეზიდენტის სარაკის ოჯახის წინააღმდეგ თავდასხმებს აპროტესტებდნენ. დემონსტრანტები ძალადობის ტალღის, რასაც რამდენიმე პირის დაშავება, ქონების განადგურება და ერთი პირის სიკვდილი მოჰყვა, უკან დგომაში ადანაშაულებდნენ საერთო პროგრესულ კონგრესს. ქალების პროტესტი გაიმართა ასევე კვარის შტატის მთავრობის სახლთანაც. ისინი მოგვიანებით გუბერნატორმა მიიღო და დაპირდა, რომ ხელისუფლება ყველაფერს იღონებდა, კვარის შტატში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მან ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე დამნაშავე იდენტიფიცირებული იყო და ისინი მალე მიეცემოდნენ პასუხისგებაში.[6]

კვარის შტატში არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის გამო შეშფოთებას გამოხატავდა, ასევე, ქვეყნის საარჩევნო კომისია. კვარის შტატის საარჩევნო კომისარი 2019 წლის იანვარში მოუწოდებდა ტრადიციულ ლიდერებს, ხელი შეეწყოთ მშვიდობისთვის არჩევნების წინა და შემდგომ პერიოდში. „მსურს სამეფო მამებს მივმართო, რომ მათ შეკრიბონ პოლიტიკური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები და მათ მშვიდობაზე ესაუბრონ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მშვიდობიანად არჩევნებამდე, არჩევნების დღეს და შემდეგაც“, – აცხადებდა კომისარი. „ვწუხვარ, რომ ჩვენი კამპანია კვარის შტატში ძალადობრივი გახდა. საარჩევნო ბილბორდების დაზიანება ყოვლისმომცველი ხასიათის მატარებელი გახდა“, – აღნიშნავდა იგი. მიუხედავად ამისა, კომისარი პირობას დებდა ხალხის წინაშე, რომ ის მზად იყო, შტატში ჩაეტარებინა თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნები.[7]

არჩევნებამდე რამდენი დღით ადრე, 19 თებერვალს, შეტაკება მოხდა მმართველი საერთო პროგრესული კონგრესისა და ოპოზიციური სახალხო დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებს შორის კვარის შტატის სამხრეთით. დაპირისპირება მმართველი პარტიის კანდიდატის ლოლა აშირუს  და ოპოზიციური პარტიის კანდიდატის რაფიუ იბრაჰიმის მხარდამჭერებს შორის ოჯოკუში მოხდა. ოჯოკუ ოპოზიცური პარტიის წარმომადგენლის სენატორ იბრაჰიმის მშობლიური ქალაქია, სადაც ის ხელახლა არჩევას გეგმავდა. მისი მხარდამჭერების მხრიდან თავდასხმა მოხდა აშირუსა და მის მხარდამჭერებზე. წყაროების ცნობით, პოლიციამ წარმატებით გაართვა თავი სიტუაციის კონტროლის ქვეშ აყვანას, კანდიდატის უვნებლად გაყვანასა და ძალადობაში აქტიურად ჩართული ეჭვმიტანილების დაკავებას; თუმცა, ძალადობის შედეგად ორი პირი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.[8]

ადგილობრივი მედიის ცნობით, არჩევნების შედეგების გამოცხადებას, ასევე მოჰყვა ძალადობრივი ქმედება. წყარო წერს, რომ შედარებითი მშვიდი მდგომარეობა კვარის შტატში არჩევნების შედეგების გაჟღერების შემდეგ დაიძაბა, როდესაც ქუჩაში ახალგაზრდების ჯგუფი გამოვიდა. ისინი დანებით და სხვა საშიში ნივთებით იყვნენ შეიარაღებული და საერთო პროგრესული კონგრესის კანდიდატის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. ინციდენტს ადგილი ჰქონდა კვარის შტატის დედაქალაქ ილორინში, ნიგერის, იკოკოროს ქუჩებსა და ტაივო ისალეს რაიონში. ნიგერიის პოლიცია და სამხედროები სწრაფად ჩაერივნენ ვითარებაში სიტუაციის დასაწყნარებლად. პოლიციამ დაადასტურა 8 პირის დაკავება, რომელთა წინააღმდეგაც გამოძიება დაიწყო. მისი თქმით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.[9]

[1] EASO; Country Guidance: Nigeria; Guidance note and common analysis; February 2019; available at:

[accessed 17 June 2019]

[2] BBC; Nigeria election 2019: Big winners and big losers; By Naziru Mikailu; 3 March, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-47400317?intlink_from_url=https://www.bbc.com/news/topics/crx60q1k8ldt/nigerian-general-election-2019&link_location=live-reporting-story [accessed 17 June 2019]

[3] AI – Amnesty International: Nigeria: Authorities must uphold human rights during and after elections, 13 February 2019

 (accessed on 17 June 2019)

[4] BBC; Nigeria election 2019: Big winners and big losers; By Naziru Mikailu; 3 March, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-47400317?intlink_from_url=https://www.bbc.com/news/topics/crx60q1k8ldt/nigerian-general-election-2019&link_location=live-reporting-story [accessed 17 June 2019]

[5] All Africa; Nigeria: APC, PDP culpable in Nigeria’s 2019 election violence – EU; By Kunle Sanni; 16 June, 2019; available at: https://allafrica.com/stories/201906160138.html [accessed 17 June 2019]

[6] NAIJ.COM; 2019 elections: Kwara women protest against political violence in Ilorin; January, 2019; available at: https://www.legit.ng/1215538-2019-elections-kwara-women-protest-political-violence-ilorin.html [accessed 17 June 2019]

[7] NAIJ.COM; INEC express worry over political violence in Kwara state; January, 2019; available at: https://www.legit.ng/1215369-inec-expresses-worry-political-violence-kwara-state.html [accessed 17 June 2019]

[8] Sahara Reporters; Two killed, scores injured as APC, PDP supporters clash in Kwara; 20 February, 2019; available at: http://saharareporters.com/2019/02/20/two-killed-scores-injured-apc-pdp-supporters-clash-kwara [accessed 17 June 2019]

[9] Premium Times; Police arrest 8 for post-election violence in Ilorin; available at: https://www.premiumtimesng.com/regional/north-central/181316-police-arrest-8-for-post-election-violence-in-ilorin.html [accessed 17 June 2019]