ეგვიპტე. ინფორმაცია კოპტების მდგომარეობის შესახებ. ივლისი, 2022.

აშშ-ის კომისია საერთაშორისო რელიგიის შესახებ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი) ეგვიპტეში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერს, რომ ეგვიპტის მოსახლეობა დაახლოებით 105 მილიონი ადამიანს შეადგენს, რომელთა 90% სუნიტი მუსლიმია. ითვლება, რომ კოპტები ყველაზე დიდი ქრისტიანული საზოგადოებაა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. კოპტების 90%-ზე მეტი მიეკუთვნება კოპტურ მართლმადიდებლურ ეკლესიას, ხოლო კოპტი კათოლიკეები, ევანგელისტები, პროტესტანტები წარმოადგენენ, პატარა, მაგრამ გამორჩეულ ქვესაზოგადოებებს.

წყაროს თანახმად, ეგვიპტეში მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს „ზეციური რელიგიების შეურაცხყოფას“. აღნიშნული კანონი ეგვიპტეში მცხოვრები რელიგიური უმცირესობებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. მსგავსი კანონების ამოქმედებით ეგვიპტის ხელისუფლება ცდილობს რელიგიური უმცირესობებისა და ადამიანის უფლებათა აქტივისტების შესუსტებას. სასამართლოები, რომლებიც საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ დადგენილი საგანგებო კანონების მიხედვით მოქმედებენ, ხშირად გამოსცემენ ბრძანებებს რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებთან დაკავშირებული საქმეების განახლების შესახებ. კოპტი პატრიკ ზაკი და რამი კამელი, რომლებიც დაკავებიდან 2 წლის შემდეგ გაათავისუფლეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისევ წარსდგებიან მოსამართლის წინაშე. დაკავებულებს ბრალი ედებათ ვიდეოს გასაჯაროებისთვის, რომელშიც ისინი ეგვიპტელი კოპტების მდგომარეობის შესახებ საუბრობენ.

აშშ-ის კომისია გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა კოპტებზე ძალადობის შემთხვევები, განსაკუთრებით სოფლებში.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი) ეგვიპტეში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერს, რომ  კანონის თანახმად ეგვიპტეში ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის მიმდევრები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ საკუთარ რწმენასთან დაკავშირებული რიტუალები და ააგონ სალოცავები, რადგან სახელმწიფოში მხოლოდ აღნიშნული სამი რელიგია არის ოფიციალურად აღიარებული. კანონმდებელი კრძალავს დისკრიმინაციას რელიგიური ნიშნით და ადგენს, რომ ეგვიპტის თითოეული მოქალაქე, მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, კანონის წინაშე თანასწორია.

წყარო ასევე იუწყება, რომ ეგვიპტის ხელისუფლებამ 2017 წლის 21 ივნისს აჰმად საიდ იბრაჰიმ ალ-სობატი სიკვდილით დასაჯა კოპტი მღვდლის განზრახ მკვლელობის გამო. 2020 წელს, კოპტი ქრისტიანის მკვლელობის ბრალდებით თავისუფლების უვადო აღკვეთა მიესაჯათ ძმებს ნაზირ და ალი ალ-სამბოებს. გარდა ამისა, მინიას სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა იმ პირებს, რომლებიც ანადგურებდნენ, წვავდნენ კოპტების სახლებს (10 პირს მიუსაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა).

საანგარიშო პერიოდში  ეგვიპტელი კოპტები რამდენჯერმე გახდნენ ტერორისტული დაჯგუფებების თუ ზოგადად სხვა პირთა თავდასხმის სამიზნე. კერძოდ, 2021 წლის აპრილში, ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულმა დაჯგუფებამ (ISIS-SP) გამოაქვეყნა კოპტი ქრისტიანის მკველელობის ამსახველი ვიდეო, ხოლო ამავე წლის 27 ივლისს კოპტი სალაჰ ასადი, სავარაუდოდ სალაფიტმა მეზობელმა, ცივი იარაღით მოკლა.

2020 წლის სექტემბერში ადგილი ჰქონდა კოპტებსა და ეგვიპტის უშიშროების ძალებს შორის შეტაკებას, რომლის გამომწვევი მიზეზიც სოფელ ბასტარში მშენებარე კოპტური ტაძრის ნგრევა იყო. აღნიშნული შეტაკებების შედეგად დაშავდა სულ მცირე 4 პირი, ხოლო 21 კოპტი კი დააპატიმრეს. დამკვირვებლები, მათ შორის კოპტი წარმომადგენლები, ადგილობრივ სასულიერო პირებს ადანაშაულებდნენ, რომლებმაც კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციის პროცედურების გავლაზე უარი განაცხადეს.[2]

„Freedom House“-ის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი) ეგვიპტეში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ წერია, რომ კოპტები ეგვიპტეში წარმოადგენენ რელიგიურ უმცირესობას. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტის კონსტიტუციის 64-ე მუხლის თანახმად, რელიგიის თავისუფლება აბსოლუტურ უფლებას წარმოადგენს, ეგვიპტეში რელიგიური უმცირესობები, მათ შორის კოპტები, ხშირად ხდებიან ფიზიკური ძალადობის, დაბომბვისა თუ განზრახ გაჩენილი ხანძრის მსხვერპლნი.[3]

„Human Rights Watch“-ის მიერ 2022 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტისთვის გაგზავნილ ანგარიშში ეგვიპტეში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების წერია, რომ ხელისუფლება რეგულარულად ვერ იცავს ქრისტიანებს სექტანტური თავდასხმებისგან. ხშირად ეგვიპტის ხელისუფლება მართავს „შერიგების სესიებს“, რომელიც ხელს უწყობს მუსლიმებს თავი აარიდონ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ქრისტიანების მიმართ ჩადენილი ქმედებებისთვის.

2019 წელს, შობის დღესასწაულამდე ორი დღით ადრე, კოპტურ ეკლესიაში დამონტაჟებულმა ბომბმა ერთი პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა. ერთი წლით ადრე, დიმშაუ ჰაშიმის სოფელში კოპტი ქრისტიანების სახლები გაანადგურეს, მას შემდეგ, რაც გავრცელდება ხმები, რომ ქრისტიანები სოფელში ტაძრის აშენებას გეგმავდნენ. წყაროს თანახმად, 29 კოპტი ქრისტიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 2017 წლის მაისში,  ავტობუსზე განხორციელებულ შეტევას. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.[4]

„Amnesty International“ -ის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ 2022 წლის 30 იანვარს ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა ელ-მინიას პროვინციაში 9 კოპტი ქრისტიანი დააკავეს. აღნიშნული პირები დაკავებამდე ერთი კვირით ადრე შეუერთდნენ მშვიდობიან პროტესტს, რომლის ფარგლებშიც ქრისტიანული ეკლესიის მშენებლობის ნებართვას ითხოვდნენ, რადგან აღნიშნული იქნებოდა სოფლის კოპტი მაცხოვრებლებისთვის ერთადერთი ადგილი, სადაც ისინი ღვთის დიდებას აღასრულებდნენ.

წყარო იუწყება, რომ ხელისუფლება წლების განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდა სოფლის მაცხოვრებლების მოთხოვნას ქრისტიანული ეკლესიის აშენების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ელ-მინიას პროვინციის ამ სოფელში დაახლოებით 800-მდე კოპტი ცხოვრობს. ხელისუფლება ცდილობს ძალის გამოყენებით ჩაახშოს კოპტი მოსახლეობის მშვიდობიანი პროტესტი.

წყაროს შეფასებით, ეგვიპტეში მოქმედი დისკრიმინაციული კანონმდებლობა წლებია ძირს უთხრის ქვეყანაში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების თავისუფლებას. კოპტი ქრისტიანებისთვის დაწესებული შეზღუდვები ამის ნათელი მაგალითია. სტატიის თანახმად 2016 წელს ქრისტიანულ ეკლესიაში დაფიქსირდა ხანძრის ფაქტი, რომლის გამომწვევი მიზეზიც ხელისუფლებამ ვერ დაადგინა. მსგავსი დამოკიდებულება აიძულებს კოპტებს საკუთარ რწმენასთან დაკავშირებული რიტუალების აღსასრულებლად სოფლიდან სოფელში გადავიდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეგვიპტეში 2016 წლის შემდეგ 25 ქრისტიანული ეკლესია დაიხურა.[5]

[1] აშშ-ის კომისია საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების შესახებ – ანგარიშში რელიგიის თავისუფლების შესახებ – ეგვიპტე; გამოქვეყნებულია 2022 წლის აპრილში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 7 ივლისს]

[2] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ – ეგვიპტე; გამოქვეყნებულია 2022 წლის 2 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 7 ივლისს]

[3] Freedom House –  ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ – ეგვიპტე; გამოქვეყნებულია 2022 წლის 28 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 7 ივლისს]

[4] Human Rights Watch –  ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ – ეგვიპტე;  გამოქვეყნებულია 2022 წელს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 7 ივლისს]

[5] „Amnesty International“ – „Egypt: Release nine Coptic Christians detained for attempt to rebuild church“; გამოქვეყნებულია 2022 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.amnesty.org/en/latest/news/2022/03/egypt-release-nine-coptic-christians-detained-for-attempting-to-rebuild-church/ [ნანახია 2022 წლის 7 ივლისს]

ეგვიპტე. ქრისტიანი კოპტების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ივნისი, 2021

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი (DFAT) ეგვიპტის შესახებ 2019 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ოფიციალურად 12 ქრისტიანული დენომინაციაა აღიარებული, ქრისტიანთა უმრავლესობა (დაახლოებით 90%) კოპტთა მართლმადიდებელ ეკლესიას მიეკუთვნება. ეგვიპტეში ქრისტიანები მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ბინადრობენ, თუმცა განსაკუთრებით კონცენტრირებულნი არიან სამხრეთ ეგვიპტეში და ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა კაირო და ალექსანდრია. ეგვიპტელი ქრისტიანები პოლიტიკურად და სოციო-ეკონომიკურად მრავალფეროვან ცხოვრებას მისდევენ: გააჩნიათ სხვადასხვა პროფესია; არსებობენ როგორც ღარიბი, ასევე – მდიდარი ქრისტიანები; გააჩნიათ სხვადასხვა დონის განათლება და ა.შ. ისევე როგორც ისლამისა და იუდაიზმის შემთხვევაში, ეგვიპტეში ქრისტიანთა ისეთ პირად საკითხებს, როგორიცაა – ქორწინება, განქორწინება; მემკვიდრეობა და ა.შ., განაგებს შესაბამისი რელიგიური ინსტიტუცია (ქრისტიანი კოპტების შემთხვევაში – კოპტთა მართლმადიდებლური ეკლესია).

როგორც წესი, ქრისტიანებს ისეთი სამოსი აცვიათ, როგორც მუსლიმ ეგვიპტელებს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქრისტიანი ქალები, მუსლიმებისგან განსხვავებით, საკუთარ თმას ჰიჯაბით არ ფარავენ. ეგვიპტელ ქრისტიანებს, როგორც წესი, მაიდენტიფიცირებული სახელები აქვთ.

ანგარიშის მიხედვით, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი ბარიერი, რომელიც ხელს შეუშლის ეგვიპტელ ქრისტიანს საჯარო ცხოვრებაში ჩართვაში და ბევრი მათგანი გამხდარა ცნობილი და გავლენიანი ფიგურა როგორც პოლიტიკურ, ასევე – ეკონომიკურ და ბიზნეს სფეროებში. დეპარტამენტის შეფასებით, ეგვიპტის საჯარო სამსახურში დასაქმებული ქრისტიანების პროცენტული მაჩვენებელი, ქვეყნის რელიგიური დემოგრაფიის გათვალისწინებით, საკმაოდ მაღალია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ როგორც წესი, ქრისტიანებს არ უკავიათ მაღალი თანამდებობები საჯარო სამსახურში, მათ შორის – სამხედრო და უსაფრთხოების უწყებებში. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეში არსებობს ანტი-დისკრიმინაციული კანონები და სამართლებრივი დაცვის სხვადასხვა საშუალებები, მათი აღსრულების საკითხი ზოგჯერ პრობლემურია და ქრისტიანი პირი, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა დაექვემდებაროს დისკრიმინაციას, განსაკუთრებით – ქალაქგარეთ დასახლებებში.

ანგარიშში მოცემული ინფორმაციით, ბევრი ქრისტიანი და თუ სხვა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის შესაძლებელია უკეთესი სიტუაცია იყოს, ისინი ზოგადად უფრო დაცულად გრძნობენ თავს პრეზიდენტი სისის ადმინისტრაციის ფარგლებში, წინა პრეზიდენტებთან შედარებით. ქრისტიანი რელიგიური ლიდერები ხშირად გამოხატავდნენ მადლობას სისის საჯარო მიმართვისადმი, რომლის ფარგლებშიც მან მოუწოდა ყველა ეგვიპტელს, ეროვნული ერთობა საკუთარ რელიგიურ განსხვავებებზე მაღლა დაეყენებინათ. ქრისტიანები ასევე აფასებენ პრეზიდენტი სისის პირად მაგალითს, როდესაც 2015 წელს ის პირადად დაესწრო საშობაო წირვას კაიროში მდებარე ერთ-ერთ ტაძარში და აქედან მოყოლებული ყოველწლიურად იგივეს აკეთებს. პრეზიდენტი ასევე აქტიურადაა ჩართული ქრისტიანულ თემთან უშუალოდ ურთიერთობაში: მაგალითად, ქრისტიანებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შემდგომ, მან ეროვნული გლოვის დღეები გამოაცხადა და პირადად მიუსამძიმრა პატრიარქ ტავადროსს. ადგილობრივი წყაროების მიხედვით, ქრისტიანები კვლავ რჩებიან სისის ერთგულ მხარდამჭერებად, თუმცა, როგორც სხვა ეგვიპტელების შემთხვევაში, მათი თავდაპირველი ენთუზიაზმი ეკონომიკურმა უკუსვლამ და მიმდინარე სოციალურმა გართულებებმა გაანელა.

ანგარიშში ასევე მოცემულია ბოლო პერიოდში, უშუალოდ ქრისტიანებზე განხორციელებული ერთეული ტერორისტული თავდასხმები. 2016 წლის დეკემბერში, კაიროშო მდებარე წმ. მარკოზის საკათედრო ტაძარში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 29 პირის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 49 – დაშავდა. 2017 წლის 9 აპრილს ორ თავდასხმას ჰქონდა ადგილი წირვებზე, რომლებზედაც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. პირველი თავდასხმა ტანტაში მოხდა, რომელსაც 27 ადამიანი ემსხვერპლა, 70 კი – დაშავდა, ხოლო მეორე ინციდენტს ალექსანდრიაში 16 პირის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 66 – დაშავდა. ამ უკანასკნელის დროს, მესაზე პატრიარქი ტავადროსიც იმყოფებოდა, თუმცა, არ დაშავებულა. 2017 წლის მაისში, მინიაში შეიარაღებულმა პირმა ცეცლი გაუხსნა ქრისტიანების ავტობუსს და მოკლა 29 პირი, რომლებმაც უარი განაცხადეს საკუთარი რწმენის უარყოფაზე. 2018 წლის ნოემბერში, შეიარაღებული პირები ჩაუსაფრდნენ კაიროს სამხრეთით მდებარე მონასტერში მიმავალი ქრისტიანი მომლოცველებით დატვირთულ 3 ავტობუსს. შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 19 – დაშავდა. აღნიშნული თავდასხმების გარდა, გავრცელებული ცნობებით, ადგილი ჰქონდა თავდასხმების კიდევ რამდენიმე მცდელობას, რომელთა პრევენციაც უსაფრთხოების ძალებმა მოახერხეს.

რაც შეეხება ქრისტიანთა მიმართ საზოგადოებრივ დამოკიდებულებას, ანგარიშის მიხედვით, ეგვიპტელთა უმრავლესობა, განსაკუთრებით – ურბანულ დასახლებებში ცხოვრობენ, მუშაობენ და ურთიერთობენ ერთმანეთთან და ამ პროცესში ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ ერთმანეთის რელიგიურ კუთვნილებას. თუმცაღა, მცირე-მასშტაბურმა დავებმა (მაგალითად, სამეზობლო დავა), ზოგჯერ შესაძლოა რელიგიური სარჩული მიიკრან და აღნიშნული გადაიზარდოს თემებს შორის დაპირისპირებაში, განსაკუთრებით – სასოფლო დასახლებებში. როგორც წესი, ასეთი ტიპის ძალადობა ეგვიპტეში იღებს ვანდალიზმისა და ქონების განადგურების ფორმას. 2011-2013 წლებში დაფიქსირებული ფართომასშტაბიანი ანტი-ქრისტიანული ძალადობის შემდგომ, უკანასკნელ ხანებში, ისეთი მაღალ-პროფილური ინციდენტები, რომელთა ფარგლებშიც ადამიანები მოკლეს, ან/და ეკლესიებს თავს დაესხნენ, თითქმის აღარ ფიქსირდება.

საზოგადოებრივი ძალადობის ბოლო წლებში მომხდარ ფაქტთა უმრავლესობა, ზემო ეგვიპტის (ქვეყნის სამხრეთი ნაწილი) პროვინციებში ფიქსირდებოდა. ამ კუთხით შედარებით აქტიური იყო პროვინცია მინია (Minya), სადაც ქრისტიანები მოსახლეობის 40 %-ს შეადგენენ და ასევე გვხვდება ისლამისტთა მაღალი კონცენტრაცია; სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი; განათლების დაბალი დონე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეგვიპტელი ლიდერები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ თემში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებას. მაგალითად, პრეზიდენტმა სისიმ რამდენჯერმე დაგმო ეგვიპტური საზოგადოების გახლეჩის მცდელობები და ეგვიპტელებს ეროვნული ერთიანობისკენ მოუწოდა. 2018 წლის დეკემბერში, ხელისუფლებამ დააანონსა გადაწყვეტილება უმაღლესი კომიტეტის შექმნის შესახებ, რომელსაც დაევალებოდა თემში ძალადობის პრევენციის კუთხით ზოგადი სტრატეგიის შემუშავება.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სახეზეა პრობლემები ქრისტიანული ეკლესიების შენების (ან აღდგენა/რემონტის) კუთხით. კერძოდ, ეკლესიების შენება ზოგადად წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ საკითხს, რადგან ისტორიულად, ეს წარმოადგენდა ძალიან რთულ და ჩახლართულ პროცესს, რომლის ფარგლებშიც, შესაბამისი სამსახურები ცდილობდნენ, პროცედურებისა თუ ბიუროკრატიის გამოყენებით, არ დაეშვათ ახალი ეკლესიების აშენება.

2016 წლის აგვისტოში, ეგვიპტის პარლამენტმა მიიღო კანონი N80/2016, რომელიც საშუალებას აძლევს ქრისტიანებს, ააშენონ ან შეაკეთონ ეკლესიები. ადგილობრივ წყაროთა მიხედვით, 2016 წლის კანონი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, ზოგიერთ რეგიონში მისი აღსრულების კუთხით პრობლემები ფიქსირდება. აღნიშნულ წყაროები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ზემოხსენებული კანონის საფუძველზე, კოპტურმა ეკლესიამ დაახლოებით 2 500 განაცხადი შეიტანა უკვე აშენებული, არა-ლიცენზირებული ეკლესიების დაკანონების მოთხოვნით, თუმცა, 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მხოლოდ 200 განაცხადი იყო დაკმაყოფილებული. წყაროთა მიხედვით, ეგვიპტის ხელისუფლება უარს ამბობდა მშენებლობის ან შეკეთების ნებართვების გაცემაზე შედარებით უფრო სენსიტიურ რეგიონებში (მათ შორის, ქალაქები – მინია; ლუქსორი და ესნა), რაც განპირობებული იყო ადგილობრივი მუსლიმების მკაცრი წინააღმდეგობით. მეტიც, აღნიშნულ ქალაქებში, კანონის დარღვევით, მათ 12-მდე ეკლესია დახურეს.

ეგვიპტის მთავრობამ აღადგინა რამდენიმე ეკლესია თუ ეკლესიის მფლობელობაში მყოფი ქონება, რომელიც განადგურდა ან დაზიანდა 2013 წლის ძალადობისას. ამ კუთხით აღსანიშნავია კაიროში წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს ტაძრის შეკეთება, რომელიც 2016 წლის ტერაქტის დროს დაზიანდა. ამას გარდა, ეგვიპტის ხელისუფლებას დააფინანსა მინიას პროვინციის სოფელ ალ-ოურიში ეკლესიის აშენება. აღნიშნულ სოფელში, ლიბიიდან გადმოსულმა, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ აფილირებულმა პირებმა 20 კოპტი მოკლეს.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2021 წლის მაისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ეგვიპტის კონსტიტუციის თანახმად, „რწმენის თავისუფლება აბსოლუტური უფლებაა“ და „წმინდა (აბრამისეული) რელიგიების მიმდევართა თავისუფლება, განახორციელონ რელიგიური რიტუალები და იქონიონ სალოცავი ადგილები, კანონითაა გარანტირებული“. ამას გარდა, კონსტიტუცია ასევე აწესებს ისლამს, როგორც, სახელმწიფო რელიგიას, ხოლო შარიათის პრინციპებს – როგორც კანონმდებლობის ძირითად წყაროს.

ანგარიშის მიხედვით, ეგვიპტის მოსახლეობა 101.8 მილიონ ადამიანს შეადგენს, რომელთაგან დაახლოებით 90 % სუნიტი მუსლიმია, ხოლო დაახლოებით 10 კი – ქრისტიანი (სხვადასხვა გათვლებით, 5-დან 15 %-მდე).  ქრისტიანთაგან თითქმის 90 % მიეკუთვნება კოპტთა მართლმადიდებელ ეკლესიას. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, ებრაელებისა და ქრისტიანების შემთხვევაში, მათივე კანონიკური წესები და კანონები წარმოადგენს იმ სამართლებრივ ბაზას, რომელზე დაყრდნობითაც წყდება მათ პირად სტატუსებთან, რელიგიური თემებთან და სულიერი ლიდერების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხები. ზოგადად, ეგვიპტეში პირები ექვემდებარებიან პირადი სტატუსების შესახებ სხვადასხვა კანონმდებლოებას (ქორწინების, განქორწინების, მემკვიდრეობისა და ა.შ.), რასაც განაპირობებს მათი რელიგიური კუთვნილება.

ეგვიპტის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალულია და საკუთარ დეფინიციაში მოისაზრებს „ნებისმიერ ქმედებას ან უმოქმედობას, რასაც შედეგად მოჰყვა პირთა დისკრიმინაცია… მათი რელიგიის ან რწმენის გამო“. კანონის მიხედვით, აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ან/და ჯარიმა, რომლის ოდენობაც უნდა იყოს სულ მცირე 30 000 ფუნტი (1900 ა.შ.შ. დოლარი) და არაუმეტეს 50 000 ფუნტისა (3100 ა.შ.შ. დოლარი). როდესაც დამნაშავეს საჯარო მოხელე წარმოადგენს, კანონის მიხედვით, სასჯელად განსაზღვრულია სულ მცირე 3 თვის ვადით პატიმრობა და 50 000-დან 100 000 ფუნტის ოდენობით ჯარიმა.

რაც შეეხება სამთავრობო დამოკიდებულებას ქრისტიანთა მიმართ, ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 20 მაისს, შესაბამისმა სამსახურებმა ბეჰეირას პროვინციაში დააკავეს მღვდელი და 14 კოპტი პირი, რომლებიც მათი ეკლესიის დანგრევას აპროტესტებდნენ. მათმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ეკლესია 15 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, როდესაც აბუ ალ-მატამირს საქალაქო საბჭომ მისი დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციების მიხედვით, ადგილობრივმა მუსლიმებმა ეკლესიის გვერდით მალევე ააშენეს მეჩეთი, რათა ხელი შეეშალათ ეკლესიის დაკანონების პროცესისთვის.

27 ივნისს, კაიროს ადამიანის უფლებათა ინსტიტუტმა დაგმო უფლებადამცველი რამი კამელ საიედ სალიდის და სხვა აქტივისტების განგრძობადი დაკავება. კამელი თავდაპირველად ეგვიპტის ხელისუფლებამ 2019 წლის ნოემბერში დააკავა, რადგან მან შვეიცარიის ვიზაზე განაცხადი შეიტანა, რათა ჟენევაში მიმდინარე გაერო-ს ფორუმში მიიღო მონაწილეობა და ესაუბრა კოპტთა თემის პრობლემებზე. ეგვიპტის მთავრობამ მას ბრალად დასდო აკრძალული ჯგუფის წევრობა და ყალბი ცნობების გავრცელება. 6 დეკემბერს კაიროს სასამართლომ მისი წინასწარი პატიმრობა დამატებით 45 დღით გააგრძელა.

2019 წელს, ალექსანდრიისა და დამანჰურის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა, კოპტთა მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანამშრომლობით, კოპტური კვლევების ცენტრი დააფუძნეს. ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს კურსებს კოპტური ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და ხელოვნების შესწავლის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას კოპტ ქრისტიანთა მიმართებით, პრესაში და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ცნობებით, 3 ოქტომბერს მინიას პორვინციის ქალაქ დაბბოუსში ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის კოპტური ქორწილის დროს, რომელსაც კიდევ დამატებითი ძალადობა მოჰყვა 2 დღის შემდგომ. პოლიციამ ორივე მხრიდან 12 პირი დააკავა.

აპრილში, ეგვიპტის შესაბამისმა სამსახურებმა გაანეიტრალეს და ჩაშალეს კოპტური აღდგომის დღესასწაულის წინააღმდეგ მიმართული არეულობის მცდელობა კაიროს ამირიაჰის უბანში.

16 მაისს, პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც, გავრცელებული ცნობებით, ალექსანდრიაში მდებარე ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა. შემთხვევას არანაირი ზიანი არ მოჰყოლია. მოგვიანებით, საქმეზე მომუშავე პროკურორებმა აღნიშნეს, რომ მოცემული პირი წარსულში ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იყო განმწესებული და მოითხოვეს მისთვის ფსიქიატრიული შემოწმების ჩატარება.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდებოდა ცნობები კოპტი გოგონებისა და ქალების გატაცების შესახებ, სამთავრობო პირები, ქრისტიანული თემის ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ ისინი აღნიშნულ შემთხვევებს „გატაცებას“ ვერ უწოდებდნენ. მაგ. მარტში, Minority Rights Group International წერდა, რომ 2019 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ფიქსირდებოდა კოპტი ქალების გატაცების 13 შემთხვევა.[2]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) აღნიშნულია, რომ ქვეყანა განგრძობადი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში იმყოფება 2017 წლიდან, როდესაც ადგილი ჰქონდა ტერორისტულ თავდასხმებს კოპტურ ეკლესიებზე. ასევე, უბრალოდ ნახსენებია, რომ ზოგჯერ, ადგილი ჰქონდა საზოგადოების მხრიდან რელიგიურ ნიადაგზე ძალადობას კოპტი ქრისტიანების მიმართ. კოპტებთან მიმართებით სხვა აქტუალური საკითხების შესახებ, ანგარიშში ინფორმაცია არ იძებნება.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ეგვიპტის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ 2014 წლის კონსტიტუციის 64-ე მუხლით „რწმენის თავისუფლება აბსოლუტური უფლებაა“. ეგვიპტელთა უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია, თუმცა, კოპტი ქრისტიანები მნიშვნელოვან რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ. მათ გარდა, ქვეყანაში შედარებით მცირე რაოდენობით, ასევე ბინადრობენ შიიტი მუსლიმები და არა-კოპტური ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები.

ანგარიშის მიხედვით,  რელიგიური უმცირესობებისა და ათეისტების მიმართ, ზოგჯერ, ადგილი აქვს სამართლებრივ დევნასა და ძალადობას. განსაკუთრებით კოპტების შემთხვევაში, ბოლო წლების განმავლობაში, ადგილი ჰქონდა მასობრივი იძულებითი გადაადგილების შემთხვევებს (სინაის ნახევარკუნძულიდან), ფიზიკურ თავდასხმებს, მათი საცხოვრებლის  გადაწვასა და მათ მიერ ეკლესიების მშენებლობების ხელის შეშლას.[4]

[1] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT EGYPT; published in June 2019; available at

[accessed 14 June 2021]

[2] United States Department of State – 2020 Report on International Religious Freedom: Egypt; published in May 2021; available at

[accessed 15 June 2021]

[3] United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Egypt; published in March 2021; available at

[accessed 15 June 2021]

[4] Freedom House – Freedom in the World 2020 – Egypt; published in March 2021; available at

[accessed 15 June 2021]

[5] UK Home Office – Country Policy and Information Note Egypt: Christians; published in October 2020; available at

[accessed 16 June 2021]

ეგვიპტე. კოპტების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ნოემბერი, 2020

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ეგვიპტის კონსტიტუციის თანახმად, „რწმენის თავისუფლება აბსოლუტური უფლებაა“ და „წმინდა (აბრამისეული) რელიგიების მიმდევართა თავისუფლება, განახორციელონ რელიგიური რიტუალები და იქონიონ სალოცავი ადგილები, კანონითაა გარანტირებული“. ამას გარდა, კონსტიტუცია ასევე აწესებს ისლამს, როგორც, სახელმწიფო რელიგიას, ხოლო შარიათის პრინციპებს – როგორც კანონმდებლობის ძირითად წყაროს.

ანგარიშის მიხედვით, ეგვიპტის მოსახლეობა 101.8 მილიონ ადამიანს შეადგენს, რომელთაგან დაახლოებით 90 % სუნიტი მუსლიმია, ხოლო დაახლოებით 10 კი – ქრისტიანი.  ქრისტიანთაგან თითქმის 90 % მიეკუთვნება კოპტთა მართლმადიდებელ ეკლესიას.

ანგარიშის მიხედვით,  სამხედრო უზენაესმა სასამართლომ, მაისში აღასრულა 36-დან 17 სასიკვდილო განაჩენი იმ პირთა მიმართ, რომელთა აღნიშნული სასჯელი ჰქონდათ მისჯილი 2016-17 წლებში კაიროში, ალექსანდრიასა და ტანტაში კოპტური ეკლესიებში აფეთქებების მოწყობისთვის, რასაც 80-ზე მეტი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. დანარჩენ 19 პირს სასამართლომ 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ზემოხსენებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ISIS-მა აიღო. ამას გარდა, კაიროს სამხედრო სისხლისსამართლებრივმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ორ, ხოლო მუდმივი პატიმრობა – კიდევ ორ სხვა პირს, 2017 წელს, ჰელვანის უბანში კოპტურ ეკლესიაზე თავდასხმის მოწყობისთვის, რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა. 1 ივლისს, ეგვიპტის საკასაციო სასამართლომ სასიკვდილო განაჩენო მიუსაჯა პირს, რომელსაც ბრალად ორი კოპტის საჯაროდ მკვლელობა და სოფელ შამიიაში ქრისტიანული თემის ტერორიზება ედებოდა.

ანგარიშის მიხედვით, ვრცელდებოდა არაერთი ცნობა იმის შესახებ, რომ მთავრობა ხურავდა არალიცენზირებულ ეკლესიებს მუსლიმური თემის პროტესტების შემდგომ და ზოგჯერ, ვერ უზრუნველყოფდა უმცირესობების წარმომადგენლების წვდომას პროცედურულ უფლებებზე სასამართლოში. 7 იანვარს, კოპტური შობის აღსანიშნავი წირვის შემდგომ, მუსლიმთა ჯგუფმა გააპროტესტა არალიცენზირებული ეკლესიის არსებობა ზემო ეგვიპტის რეგიონში მდებარე სოფელ Manshiyet Zaafarana-ში. 11 იანვარს, ზემოხსენებული ჯგუფი კვლავ შეიკრიბა ეკლესიასთან და მისი წევრები აჟღერებდნენ ანტი-ქრისტიანულ მოწოდებებს. პოლიცია და უსაფრთხოების ძალები მალევე ჩაერივნენ, დაშალეს დემონსტრაცია და დახურეს ეკლესია. კოპტური ეკლესიის მინიის დიოექეზიამ შემდგომ გაავრცელა განცხადება, სადაც უთითებდენენ, რომ ამ ფორმით, უსაფრთხოების ძალები დაეხმარნენ ადგილობრივი მუსლიმებს ტაძრის დახურვაში.

ივლისში, ალექსანდრიისა და დამაჰურის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა დაანონსეს კოპტური სწავლებების ცენტრების დაარსება, რასაც კოპტურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანამშრომლობით ახორციელებდნენ. ცენტრებში ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა სასწავლო კურსები კოპტური ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და ხელოვნების შესახებ.

რაც შეეხება კოპტთა მიმართ საზოგადოებრივ დამოკიდებულებას, ანგარიშის მიხედვით,  3 იანვარს, დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაავრცელა ვიდეო-მიმართ, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას ჰპირდებოდა „სისხლიან თავდასმხებს კოპტურ შობასთან დაკავშირებული დღესასწაულების დროს“ და „ეგვიპტელ ქრისტიანებზე შურისძიებას“. მიმართვაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ კოპტური ეკლესიის მეთაურს – პაპ ტოვადროს II-ს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით,  17 იანვარს სავარაუდოდ „ისლამური სახელწმწიფოს“ წევრმა დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს ქრისტიანი კოპტი ჩრდილოეთი სინაის რეგიონში მდებარე ალ-არიშის საკონტროლო გამშვები პუნქტიდან. წლის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობით, აღნიშნული პირის ბედ-იღბალი უცნობი იყო.

იანვარში, ქაიროში, ნასრის უბანში ადგილობრივმა მუსლიმმა შეიხმა აცნობა უსაფრთხოების ძალებს ღვთისმშობელი მარიამის ეკლესიასთან სავარაუდო აფეთქების მოწყობის შესახებ. პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მიმდებარე ტერიტორიაზე მართლაც აღმოაჩინა თვითნაკეთი ასაფეთქებული მოწყობილობები. თუმცა, ბომბის განეიტრალების მცდელობისას, ერთი პოლიციელი დაიღუპა, ხოლო ორი – დაშავდა.

ანგარიშის მიხედვით, ვებ-გვერდმა Esshad-მა, რომელიც აღრიცხავს სექტარული ხასიათის თავდასხმებს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ თემებს შორის ძალადობის ხარისხის 2018-2019 წლებში 29 %-ით შემცირდა.

ადგილობრივი ადამიანის უფლებათა ჯგუფების მიხედვით, კერძო სექტორში დასაქმების კუთხით  რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების დისკრიმინაცია  გრძელდებოდა, მათ შორის – სპორტში. მაგალითად, წამყვან საფეხბურთო კლუბებში მოთამაშე 540 მოთამაშიდან, მხოლოდ ერთი იყო ქრისტიანი. ზოგიერთი რელიგიური ლიდერი და მედიის წარმომადგენლები აგრძელებდა ქრისტიანების მიმართ დისკრიმინაციული რეტორიკის და ენის გამოყენებას.მაგალითად, იანვარში სალაფიტმა მოძღვარმა – ვაგდი ღონეიმმა დაპოსტა ვიდეო, სადაც აკრიტიკებდა ალ-აზჰარის მთავარ იმამ აჰმედ ელ-ტაიიბს იმაში, რომ მან მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი საკათედრო ტაძრის გახსნაში. მან განაცხადა, რომ ისლამის მიხედვით, კოპტები ურწმუნოები არიან და ისინი, ვინც იღებენ მათ რელიგიას ან ეხმარებიან მათ რელიგიურ რიტუალებში, ასევე ურწმუნოები არიან.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ეგვიპტის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ 2014 წლის კონსტიტუციის 64-ე მუხლით „რწმენბის თავისუფლება აბსოლუტური უფლებაა“. ეგვიპტელთა უმრავლესობა სუნიტი მუსლიამია, თუმცა, კოპტი ქრისტიანები მნიშვნელოვან რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ. მათ გარდა, ქვეყანაში, შედარებით მცირე რაოდენობით, ასევე ბინადრობენ შიიტი მუსლიმები და არა-კოპტური ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები.

ანგარიშის მიხედვით,  რელიგიური უმცირესობებისა და ათეისტების მიმართ, ზოგჯერ, ადგილი აქვს სამართლებრივ დევნასა და ძალადობას. განსაკუთრებით კოპტების შემთხვევაში, სახეზეა მასობრივი იძულებითი გადაადგილების შემთხვევები, ფიზიკური თავდასხმები, ბომბებით თავდასხმა, მათი საცხოვრებლის  გადაწვა და უკანასკნელ წლებში, კოპტების მიერ ეკლესიების აშენების ხელის შეშლა.[2]

Amnesty International ეგვიპტის შესახებ 2020 წლის ანგარიშში წერდა, რომ 2019 წლის 23 ნოემბერს დააპატიმრეს კოპტი ქრისტიანი აქტივისტი – რამი კამელი, რომელიც რამდენიმე დღეში ჟენევაში, უმცირესობათა საკითხებზე გაეროს ერთ-ერთ ფორუმზე მიემგზავრებოდა. კამელი „ტერორიზმთან“ დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს, რაც ორგანიზაციის აზრით, დაკავშირებული იყო იმასთან, რომ წარსულში ის ეგვიპტეში რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე ღიად გამოხატავდა საკუთრ პოზიციას და აღნიშნულ საკითხზე 2018 წელს, მისი ეგვიპტეში ვიზიტის დროს, გაეროს სპეციალურ წარმომადგენლელსაც კი ესაუბრა. [3]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ფიქსირდებოდა ბრბოს ძალადობის და ვიჯილანტიზმის ინციდენტები, მათ შორსი – სექტარული ხასიათის ძალადობრივი ინციდენტები, მიმარტული კოპტი ქრისტიანების წინააღმდეგ. 1 ივლისს, ეგვიპტის საკასაციო სასამართლომ სასიკვდილო განაჩენო მიუსაჯა პირს, რომელსაც ბრალად ორი კოპტის საჯაროდ მკვლელობა და სოფელ შამიიაში ქრისტიანული თემის დატერორება ედებოდა.[4]

[1] United States Department of State – 2019 Report on International Religious Freedom: Egypt; published in June 2020; available at

[accessed 25 November 2020]

[2] Freedom House – Freedom in the World 2020 – Egypt; published in March 2020; available at

[accessed 25 November 2020]

[3] Amnesty International – Human rights in the Middle East and North Africa: Review of 2019; Egypt; published in February 2020; available at

[accessed 24 November 2020]

[4] United States Department of State – 2019 Country Reports on Human Rights Practices: Egypt; published in March 2020; available at

[accessed 24 November 2020]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 იანვარი, 2019

ვითარება ავღანეთში – ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სარ-ე-პულის პროვინციაში თალიბმა ექსტრემისტებმა რამდენიმე ბლოკპოსტზე მიიტანეს იერიში. თავდასხმების შედეგად 27 ავღანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.[1]

26 ავღანელი პოლიციელი და სახალხო ლაშქრის წევრი დაიღუპა აღმოსავლეთ ავღანეთში უსაფრთხოების ძალების საგუშაგოებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად. ბაგდის პროვინციის ორ რაიონში თავდამსხმელებმა კოორდინირებული იერიშები წამოიწყეს 6 იანვარს. უსაფრთხოების ძალებმა 15-ზე მეტი თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.[2]

საახალწლო ზავის მიუხედავად აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარისკაცი მოკლეს – ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა დონბასში, უკრაინის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სეპარატისტებმა 1-ელ იანვარს სამჯერ დაარღვიეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინის ჯარებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და მოკლეს ერთი და დაჭრეს ოთხი სეპარატისტი. თავის მხრივ, სეპარატისტებმა ზავის დარღვევაში კიევი დაადანაშაულეს.[3]

ნიგერის არმიამ „ბოკო ჰარამის“ 300-მდე მებრძოლი გაანადგურა – ექსტრემისტების პოზიციებზე არმიამ იერიში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ნიგერიის საზღვართან მიიტანა. ნიგერიის თავდაცვის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ სპეცოპერაციის დროს არმიას დანაკარგები არ აქვს. „ბოკო ჰარამი“ ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც ნიგერიის, ნიგერის, კამერუნისა და ჩადის ტერიტორიებზე მოქმედებს. 2015 წელს დაჯგუფებამ ერთგულება გამოუცხადა „ისლამურ სახელმწიფოს“.[4]

ბანგლადეშში ოპოზიციური პარტიისთვის ხმის მიცემის გამო ქალი ჯგუფურად გააუპატიურეს – ბანგლადეშის სასამართლომ 7 კაცი, მათ შორის მმართველი პარტიის ადგილობრივი ლიდერი, ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. 4 შვილის დედა ირწმუნება, რომ ის ჯგუფურად გააუპატიურეს, რადგან მან ხმა ოპოზიციურ პარტიას მისცა. ქალზე ძალადობას მიტინგები და სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკა მოჰყვა. კაცებმა ბრალდება უარყვეს, პარტიის ლიდერი კი პარტიიდან გარიცხეს. ბანგლადეშში არჩევნები ქაოსის ფონზე ჩატარდა. ბოლო მონაცემებით დაპირისპირების დროს სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა.[5]

საუდელი ქალები განქორწინების შესახებ ცნობას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ – საუდის არაბეთის ხელისუფლებამ სასამართლოებს დაავალა, რომ ქალებს გაყრის შესახებ ცნობა მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაუგზავნონ. ეს წესი ე.წ. საიდუმლო განქორწინებების პრაქტიკას დაუსვამს წერტილს, როცა კაცს ამ გადაწყვეტილების მიღება მეორე ნახევრის საქმის კურსში ჩაუყენებლად, ერთპიროვნულად შეეძლო. ამჯერად ქალები უკვე ინფორმირებულები იქნებიან და ალიმენტის უფლებით სარგებლობაც შეეძლებათ. ეს წესი პრინც მუჰამედ ბინ სალმანის რეფორმების ფარგლებში ამოქმედდება. ამავე რეფორმის ფარგლებში, გასულ წელს ქალებს ავტომობილის მართვის უფლება მისცეს. ამას გარდა, მათ ფეხბურთის მატჩებზე დასწრებაც უკვე შეუძლიათ. თუმცა, კიდევ ბევრი რამ არის ისეთი, რასაც სამეფოში ქალები მეურვე კაცის თანხმობის გარეშე ვერ აკეთებენ. მაგალითად, ვერ იღებენ პასპორტს, ვერ მიდიან საზღვარგარეთ, ვერ ხსნიან საბანკო ანგარიშს, ვერ იკეთებენ გეგმურ ოპერაციას, ვერ თხოვდებიან.[6]

ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიაზე თავდასხმა მოხდა – ბომბი კაიროსთან ახლოს მდებარე ქრისტიანულ ტაძართან აფეთქდა. თავდასხმას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. დაღუპული პოლიციელი ბომბის გაუვნებელყოფას ცდილობდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[7]

ეგვიპტის პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ქრისტიანული კათედრალი და მეჩეთი ერთდროულად გახსნა – აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ ტაძარი და მეჩეთი ახალ ადმინისტრაციულ დედაქალაქში შობის ღამეს გახსნა. ის ტრადიციულად დაესწრო საშობაო ლიტურგიას და სიტყვით გამოსვლისას თავის თავს ექსტრემისტების წინააღმდეგ ქრისტიანების დამცველი უწოდა. მისი თქმით, ტაძრისა და მეჩეთის ერთდროულად გახსნა ერთიანობის შესახებ გზავნილია. „ჩვენ ვართ და ვიქნებით ერთი“, – თქვა მან. ტაძრის გახსნას ქრისტიანული მრევლი და პატრიარქი ესწრებოდნენ.[8]

[1] New York Times; Taliban attacks in northern Afghanistan kill 27 security officers; By Najim Rahim and Fahim Abed; 1st January, 2019; available at: https://www.nytimes.com/2019/01/01/world/asia/afghanistan-attacks-taliban.html

[2] Radio Free Europe / Radio Liberty; At least 26 killed in Taliban attacks in western, eastern Afghanistan; 7 January, 2019; available at: https://www.rferl.org/a/taliban-attacks-security-posts-in-western-afghanistan-killing-21/29695327.html

[3] იმედის ახალი ამბები; საახალწლო ზავის მიუხედავად აღმოსავლეთ უკრაინაში ერთი ჯარისკაცი მოკლეს; 2 იანვარი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/91716/saakhaltslo-zavis-miukhedavad-agmosavlet-ukrainashi-jariskatsi-mokles

[4] Daily Nation; Niger army kills at least 280 Boko Haram militants: ministry; 3 January, 2019; available at: https://www.nation.co.ke/news/africa/Niger-army-kills-at-least-280-Boko-Haram-militants–ministry/1066-4919334-vs6ndkz/index.html

[5] BBC; Bangladesh election: Gang rape suspects detained; 6 January, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-46775833

[6] BBC; Saudi women to get divorce confirmation by text message; 5 January, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-46770612

[7] BBC; Egypt policeman killed defusing bomb near Coptic church; 6 January, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-46772729

[8] Reuters; Egypt’s Sisi opens mega-mosque and Middle East’s largest cathedral in New Capital; 6 January, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-egypt-religion/egypts-sisi-opens-mega-mosque-and-middle-easts-largest-cathedral-in-new-capital-idUSKCN1P00L9

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 დეკემბერი, 2018

ეგვიპტეში კოპტებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 2 ტერორისტი პოლიციამ მოკლა – კოპტებზე თავდასხმის შემდეგ ტერორისტები უდაბნოში მიიმალნენ, სადაც მათ პოლიციამ მიაგნო. სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს. მანამდე, პოლიციასთან შეტაკებისას, ტერაქტში ეჭვმიტანილი 19 ისლამისტი მეომარი დაიღუპა.[1]

სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა – სომხეთის საარჩევნო კომისიის ოფიციალური საბოლოო მონაცემებით, არჩევნები ნიკოლ პაშინიანის ალიანსმა „ჩემი ნაბიჯი“ მოიგო. პრემიერის კოალიციამ ხმების 70%-ზე მეტი მიიღო და 101-ადგილიან პარლამენტში 88 მანდატი დაისაკუთრა. პაშინიანის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მისი ბლოკი დაწყებულ რეფორმებს გააგრძელებს. მეორე ადგილზე ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანის „აყვავებული სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ხმების 8%-ზე მეტი მიიღო და 26 მანდატი დაისაკუთრა. პარტიამ წინა არჩევნებთან შედარებით, 5 მანდატით ნაკლები მიიღო. მესამე ადგილზე პრო-დასავლური „ნათელი სომხეთი“ გავიდა – პაშინიანის ყოფილი მოკავშირის ედმონ მარუკიანის პარტიამ ხმების 6%-ზე მეტი მიიღო და პარლამენტში 18 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. სხვა ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო 5%-იანი ბარიერის გადალახვა, მათ შორის პარლამენტს მიღმა დარჩა წლების განმავლობაში მმართველი რესპუბლიკური პარტია და პაშინიანის კიდევ ერთი მოწინააღმდეგე „დაშნაკების“ პარტია.[2] [3]

არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 49%-მა მიიღო მონაწილეობა. დამკვირვებლებმა სომხეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და არჩევნები ხასიათდებოდა საზოგადოების მაღალი ნდობით. საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, არჩევნების ჩატარდა ფართოდ კონკურენტულ გარემოში. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ ხალხის ნდობის გამართლებისა და შემდგომი საარჩევნო რეფორმებისკენ.[4]

ერაყში ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვების წლისთავი აღნიშნეს – ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ, 2017 წელს, 10 დეკემბერი ქვეყანაში ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადეს. ბაღდადში გამართულ ღონისძიებას ერაყის პრემიერ მინისტრი ადელ აბდელ მაჰდი მთავრობისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.[5]

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა – ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ფატალური ვირუსით 500-მდე ადამიანია დაავადებული. ებოლამ უკვე იმსხვერპლა 290 ადამიანი. ვირუსი დასავლეთ აფრიკაში 2015 წელს გავრცელდა.[6]

ავღანეთში ტერაქტს ბავშვებიც ემსხვერპლნენ – მორიგი ტერაქტის სამიზნე ამჯერად ქაბულის გარეუბანი იყო. დანაღმული ავტომანქანა უსაფრთხოების ძალების კოლონის ჩავლისას აფეთქდა. ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის 2 ქალი და 2 ბავშვი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 4 სამხედროა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.[7]

თურქეთის სირიაში ახალ სპეცოპერაციას იწყებს – სირიის საზღვართან სამხედრო ტექნიკისა და სპეციალური დანიშნულების შენაერთების კონცენტრაცია უკვე დაწყებულია. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო კოლონა ჰატაის პროვინციისკენ მიემართება. თურქეთის პრეზიდენტის რეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, ეს ნაბიჯი სირიაში სიტუაციის პოლიტიკური გზით დარეგულირებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო სირიელებს საფრთხეს ვეღარ შეუქმნის.[8]

იემენის კრიზისი – იემენში დაპირისპირებულმა მხარეებმა საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. გაეროს მხარდაჭერილი სამშვიდობო მოლაპარაკებები შვედეთში გაიმართა. მიზანი თითქმის ოთხწლიანი სამოქალაქო ომის დასრულება იყო. გაერო სექტემბერშიც შეეცადა მსგავსი მოლაპარაკებების გამართვას ჟენევაში, თუმცა უშედეგოდ. იემენში სამხედრო კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. თითქმის 4-წლიანი ომის შედეგად იემენში 10,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რის გამოც არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე სახელმწიფო ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.[9]

[1] Press TV; Egyptian police kill two suspects in November attack on Coptic Christians; 8 December; available at: https://www.presstv.com/Detail/2018/12/08/582369/Egypt-Minya-terror-attack-Minya-Coptic-Christians

[2] Radio Free Europe / Radio Liberty; Armenian Election Commission confirms landslide victory for Pashinian’s Bloc; 16 December, 2018; available at: https://www.rferl.org/a/armenian-election-commission-confirms-landslide-victory-for-pashinian-s-bloc/29658943.html [accessed 14 December 2018]

[3] Radio Free Europe / Radio Liberty; Pashinian alliance scores “Revolutionary Majority” in landslide Armenian win; 10 December, 2018; available at: https://www.rferl.org/a/armenian-elections-pashinian-my-step-sarkisian-hhk/29645721.html [accessed 14 December 2018]

[4] Radio Free Europe / Radio Liberty; Monitors hail Armenian vote, call for further electoral reforms; 10 December, 2018; available at: https://www.rferl.org/a/monitors-hail-armenia-s-snap-polls-call-for-further-electoral-reforms/29647816.html [14 December 2018]

[5] The Wall Street Journal; Iraq marks anniversary of ISIS defeat amid public discontent; By Ghassan Adnan and Isabel Coles; 10 December, 2018; available at: https://www.wsj.com/articles/iraq-marks-anniversary-of-isis-defeat-amid-discontent-over-corruption-governance-1544452820

[6] Express News; Ebola outbreal latest: Thousands of aid workers vaccinated amid epidemic fears; By Tom Nellist; 11 December, 2018; available at: https://www.express.co.uk/news/world/1057482/ebola-outbreak-latest-aid-workers-vaccinations-south-sudan-rwanda-uganda-who

[7] TOLO News; Blast targets security forces convoy in Kabul; 12 killed; 11 December, 2018; available at: https://www.tolonews.com/afghanistan/blast-targets-security-forces-convoy-kabul?fbclid=IwAR3jfQHtGyUUgb_y8IqxXdtESEIAjNgOYcSA7Ciz2qyiWKHBwNYSGXk2V68

[8] Reuters; Turkey to launch operation against US-backed Kurds in Syria in few days; By Ezgi Erkoyun; 12 December, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-syria-turkey/turkey-will-start-operation-east-of-euphrates-in-syria-in-a-few-days-erdogan-says-idUSKBN1OB18J

[9] BBC; Yemen war: Truce for lifeline port city of Hudaydah; 13 December, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-46555059

ეგვიპტე. კოპტი ქრისტიანების გატაცებები. დეკემბერი, 2018

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2016 წელი) წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “International Christian Concern” მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეგვიპტეში ფიქსირდება ქრისტიანთა გატაცების ფაქტები. სამიზნე ჯგუფს, როგორც წესი, ქალები და ბავშვები წარმოადგენენ.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის 5 აპრილს, უცნობმა პირებმა მინიის პროვინციის სოფელ მანშეიეთ მანბალის სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს 13 წლის ქრისტიანი ბიჭი. ის დატყვევებული ყავდათ 12 დღის განმავლობაში და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა ოჯახმა გამოსასყიდის სახით გადაიხადა 300 000 ეგვიპტური ფუნტი (16 700 ა.შ.შ. დოლარი). 25 აპრილს, სამართალდამცავებმა დააკავეს 3 გამტაცებელი და ოჯახს გამოსასყიდი თანხა დაუბრუნეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “International Christian Concern” მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 12 მაისს მუსლიმმა მამაკაცმა გაიტაცა 16 წლის ქრისტიანი გოგონა მინიის პროვინციის ქალაქ ბანი მაზარიდან და ოჯახისაგან გამოსასყიდად მოითხოვა 250 000 ეგვიპტური ფუნტი (13 900 ა.შ.შ. დოლარი). გატაცებიდან ორი კვირის თავზე, მას შემდეგ, რაც ოჯახმა კატეგორიულად მოითხოვა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლებისგან სავარაუდო ეჭვმიტანილის დაკავება, სამართალდამცავებმა რეიდი განახორციელეს მამაკაცის საცხოვრებელზე, რის შედეგადაც გაათავისუფლეს ახალგაზრდა გოგონა, ხოლო მამაკაცი – დააკავეს.

ამას გარდა, ვრცელდებოდა ცნობები, რომ პოლიცია ახორციელებდა გატაცებული ქრისტიანების გათავისუფლების წარმატებულ ოპერაციებს. თუმცა, აქტივისტების განცხადებით, სამართალდამაცავების მხრიდან რეაგირება ყოველთვის არ იყო დროული და ქმედითი.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2017 წელი) წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ  ქვეყნის მასშტაბით გატაცებების სამიზნეს წარმოადგენდნენ როგორც მუსლიმები, ასევე – ქრისტიანები, წყაროთა ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ფაქტებს, როდესაც პოლიციის წარმომადგენლებმა სათანადო დახმარება ვერ გაუწიეს იმ მშობლებს, რომელთა არასრულწლოვანი ქალიშვილებიც გატაცებულნი იყვნენ მუსლიმი მამაკაცების მიერ. ერთ-ერთი შემხთვევისას გოგონას მშობლებმა ამოიცნეს გამტაცებელი და პოლიციას მისი საცხოვრელის მისამართიც მიაწოდეს, თუმცა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა არაფერი მოიმოქმედეს. ერთ-ერთი აქტივისტის ინფორმაციით, ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ქრისტიანი მშობლები უარს აცხადებენ სასამართლოში ჩივილზე, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოს უფლება აქვს, გამოძიების დასრულებამდე არასრულწლოვანი გოგონა მოათავსოს ობოლთა თავშესაფარში, რაც შეიძლება მის სრულწლოვნებამდეც (18 წლის ასაკის მიღწევა) გაგრძელდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია World Watch Monitor გაავრცელა ინტერვიუ მამაკაცთან, რომელიც იყო ყოფილი მუსლიმი და რომელიც არწმუნებდა ქრისტიან გოგონებს, რომ მასთან ერთად „გაპარულიყვნენ“ (ქორწინების მიზნით ფარულად გაქცევა). მამაკაცის განცხადებით, თითოეული ასეთი გოგონას შემთვევაში, ის იღებდა გარკვეული რაოდენობის თანხას „სალაფისტური მოძრაობებისგან“, რომელთა მიზანი იყო „ისლამის გაძლიერება და ქრისტიანობის დასუსტება“.[2]

ა.შ.შ. რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კომისია ეგვიპტის შესახებ 2018 წლის ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ ფიქსირდებოდა თანხის გამოძალვის მიზნით ქრისტიანების გატაცების ფაქტები, განსაკუთრებით – ზემო ეგვიპტეში.[3]

[1] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Egypt, 15 August 2017, available at:

[accessed 4 December 2018]

[2] United States Department of State, 2017 Report on International Religious Freedom – Egypt, available at:

[accessed 4 December 2018]

[3] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2018 – Tier 2 – Egypt, 25 April 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5b278ed30.html [accessed 4 December 2018]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 ნოემბერი, 2018

ვითარება ავღანეთში – რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, 9 ნოემბერს ავღანეთის მთავრობისა და თალიბანის წარმომადგენლები ერთმანეთს რუსეთში შეხვდებიან. საერთაშორისო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიწვეულნი არიან აშშ-ის, ინდოეთის, ირანის, ჩინეთის, პაკისტანისა და ცენტრალური აზიის ხუთივე რესპუბლიკის წარმომადგენლები.[1]

ქვეყნის მასშტაბით ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას თალიბანის 34 წევრი ემსხვერპლა. 8 სამხედრო და 99 სპეცოპერაციის დროს განადგურდა ბომბების დასამზადებელი ობიექტი, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და ოთხი თავდაცვითი საბრძოლო პოზიცია.[2]

ირანის საზღვართან მდებარე ფაჰრანის პროვინციაში თალიბანის წევრები ავღანეთის აღმოსავლეთ სახელისუფლებო ძალების წარმომადგენლებს დაესხნენ თავს. ინციდენტის შედეგად 20 ჯარისკაცი დაიღუპა. მანამდე თალიბებმა ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში სამხედრო ბაზა დაიკავეს.[3]

ბაღდადში ტერაქტების სერია მსხვერპლით დასრულდა – საერთო ჯამში ბაღდადის სხვადასხვა ადგილას ხუთი აფეთქება მოხდა. სამიზნე შიიტებით დასახლებული უბნები, მოედნები და მაღაზიების მიმდებარე ტერიტორიები იყო. ტერაქტების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[4]

იემენის კრიზისი – ზღვისპირა ქალაქ ჰოდეიდაში, 3-4 ნოემბერს საჰაერო და საარტილერიო თავდასხმებს 150-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმეტესობა მებრძოლი იყო. სამხედრო კონფლიქტი იემენში 2014 წლიდან მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში მხარეები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქ ჰოდეიდასთვის იბრძვიან, რაც ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას უშლის ხელს.[5]

პაკისტანში „თალიბანის მამად“ წოდებული სასულიერო ლიდერი მოკლეს – მაულანა სამი ულ-ჰაქი მშობლიურ ქალაქ რავალპინდში მოკლეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას თავს დაესხნენ. თავდასხმის მოტივი უცნობია. სასულიერო ლიდერის დაკრძალვას ათასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსები და სასულიერო პირები.[6]

ეგვიპტეში ავტობუსს, რომელსაც ქრისტიანები გადაჰყავდა, ცეცხლი გაუხსნეს – ინციდენტი ელ-მინიას პროვინციაში მოხდა. დაიღუპა 7 და დაშავდა 14 ადამიანი. ქრისტიანები ნათლობის ცერემონიიდან ბრუნდებოდნენ.[7] თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.[8] თავდასხმაში მონაწილე პირებს პოლიციამ მინიას პროვინციის დასავლეთით, უდაბნოში მიაკვლია. 19 ისლამისტი სამხედრო პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა.[9]

ეგვიპტის ქალაქ ისმაილიას სამხედრო ტრიბუნალმა 8 ექსტრემისტს, რომელთაც 14 სამხედრო იმსხვერპლეს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯა – ამას გარდა, 32 პირს სამუდამო პატიმრობა, ხოლო 2 ბრალდებულს – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ისინი ტერორისტული დაჯგუფება „ვილაიათ სინას“ მებრძოლები არიან. დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ერთერთი განშტოებაა.[10]

ნიგერიაში თავდასხმას 15-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – ინციდენტი ბორნოს შტატის რამდენიმე სოფელში მოხდა. სავარაუდოდ, ბოკო ჰარამის 200-მდე შეიარაღებული მებრძოლი სოფლებს თავს დაესხა. თვითმხილველების თქმით, თავდასხმის დროს ადგილობრივები სოფლებიდან გაიქცნენ და შესაძლოა მდინარეში დაიხრჩვნენ.[11]

[1] იმედის ახალია ამბები; ავღანეთის მთავრობისა და თალიბანის წარმომადგენლები ერთმანეთს რუსეთში შეხვდებიან; 04 ნოემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/83984/avganetis-mtavrobisa-da-talibanis-tsarmomadgenlebi-ertmanets-rusetshi-shekhvdebian

[2] Xinhua net News; 34 militants killed in fresh Afghan operations; 03 November, 2018; available at: http://www.xinhuanet.com/english/2018-11/03/c_137579490.htm

[3] Reuters; Taliban attack Afghan government post near Iran border, killing 20 troops; 06 November, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-attack/taliban-attack-afghan-government-post-near-iran-border-killing-20-troops-idUSKCN1NB103

[4] Al Arabiya; Blasts across Baghdad kill six people, say sources; 05 November, 2018; available at: http://english.alarabiya.net/en/News/middle-east/2018/11/05/Blasts-across-Baghdad-kill-six-people-say-sources.html

[5] The Independent; Yemen war: 150 killed over weekend as Saudi-led airstrikes pound rebel areas; By Harriet Agerholm; 04 November, 2018; available at: https://www.independent.co.uk/news/world/middle-east/yemen-war-deaths-saudi-arabia-rebels-hodeida-air-strikes-a8617231.html

[6] BBC; Pakistan: Cleric known as Taliban father killed; 02 November, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-46075972

[7] Reuters; Militants kill seven Christians returning from baptism in Egypt; By Nadine Awadalla; 02 November, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-egypt-security/seven-killed-in-egypt-attack-on-bus-bound-for-coptic-monastery-archbishop-idUSKCN1N71L8?il=0&fbclid=IwAR21APaqkygqN9pQydKUKKECPqYJuHBJ9xB_AlWbyJhtUJqPE_BmoAfF3QU

[8] Al Jazeera; Egypt: Deadly attack on bus near Coptic Christian monastery; 02 November, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/11/egypt-deadly-attack-bus-headed-coptic-christian-monastery-181102134431364.html

[9] BBC; Coptic Christian attack: Egypt police kill 19 attackers; 04 November, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-46090104

[10] იმედის ახალი ამბები; ეგვიპტეში რვა ექსტრემისტს სიკვდილი მიუსაჯეს; 07 ნოემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/84545/egvipteshi-rva-eqstremists-sikvdili-miusajes

[11] Channels TV; Cleric, nine others killed as Boko Haram attacks Borno villages; 01 November, 2018; available at: https://www.channelstv.com/2018/11/01/cleric-14-others-killed-as-boko-haram-attacks-borno-villages/

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 აგვისტო, 2018

ავღანეთში არსებული ვითარება – ავღანეთის დედაქალაში მორიგი თავდასხმა მოხდა. შეიარაღებული პირები ქაბულში მდებარე არმიის საწვრთნელ ცენტრს დაესხნენ თავს. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ არ გავრცელებულა. წინა დღისით, ქაბულში, სასწავლო დაწესებულებაზე მიტანილი იერიშის შედეგად კი 48 ადამიანი გარდაიცვალა და 67 დაშავდა.[1]

ავღანეთის პრეზიდენტმა დაჯგუფება „თალიბანის“ წინააღმდეგ 3 თვით ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ბრძანება ძალაში იმ შემთხვევაში შევა თუ თალიბანი ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. აღნიშნული გადაწყვეტილება ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დადგომასთანაა დაკავშირებული. პრეზიდენტი აშრაფ ღანი თალიბანს საპასუხო ნაბიჯის გადადგმისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს.[2]

„თალიბანის“ წევრებმა კუნდუზის რეგიონში 3 სამგზავრო ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცეს. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ავღანეთში 170 გატაცებული ტყვის გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობდა.[3] ოპერაციის შედეგად გატაცებულების დიდი ნაწილი – 149 ადამიანი გაათავისუფლეს, მათ შორის ქალები და ბავშვები.[4]

ქაბულში, პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. ამ დროს ქვეყნის პრეზიდენტი ყურბან-ბაირამის დღესასწაულთა დაკავშირებით სიტყვით გამოდიოდა. შემთხვევა დილით მოხდა. დაშავებულების შესახებ ან სხვა რაიმე დეტალები შემთხვევის შეასხებ არ გავრცელებულა.[5]

ერაყის უზენაესმა სასამართლომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები დაამტკიცა – ერაყის უზენაესმა სასამართლომ 12 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგები კანონიერად ცნო და გამარჯვებულ პარტიებს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 90-დღიანი კონსტიტუციური ვადა მისცა. ივნისში გახდა ცნობილი, რომ არჩევნების შედეგებს ხელახლა დაითვლიდნენ. გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის მთავრობამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საარჩევნო პროცესში მასობრივი დარღვევების შესახებ გახდა ცნობილი. არჩევნების შედეგების დამტკიცების შემდეგ კანონმდებლებს 90 დღის ვადაში პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა მოუწევთ, შემდეგ პრეზიდენტის და ბოლოს პრემიერმინისტრისა და მისი კაბინეტის. ერაყში საპარლამენტო არჩევნები 12 მაისს გაიმართა. მასში მონაწილეობას 29 საარჩევნო ბლოკი იღებდა, რომელიც 200 სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პარლამენტში 369 ადგილისთვის 7,000-ზე მეტი კანდიდატი იბრძოდა. არჩევნებში კოალიცია „საირუნმა“ გაიმარჯვა, რომელსაც შიიტი მქადაგებელი მუქთადა ალ-სადრი ხელმძღვანელობს.[6]

პაკისტანის პრემიერი კრიკეტის გუნდის ყოფილი კაპიტანი გახდა – იმრან ხანმა ფიცი 18 აგვისტოს დადო. ის ამ თანამდებობაზე პაკისტანის ეროვნულმა ასამბლეამ აირჩია. მისმა პარტიამ, „მოძრაობა სამართლიანობისთვის“ ივლისის არჩევნებში გაიმარჯვა. პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ 272-მანდატიანი პარლამენტიდან 116 ადგილის მიღება შეძლო. უმრავლესობის ფორმირებისთვის კი, 137 მანდატის მოპოვება იყო საჭირო და ხანს სამთავრობო კოალიციის შექმნა დასჭირდა. იმრან ხანს პაკისტანის ნაკრებში საერთაშორისო დებიუტი 1971 წელს ჰქონდა, 1982 წელს კი გუნდის კაპიტანი გახდა. 2002-2007 და 2013-2018 წლებში ხანი პაკისტანის ეროვნული ასამბლეის წევრი იყო. იმრან ხანის მოძრაობას მხარს უჭერენ სხვადასხვა დაჯგუფებები, რომელთაგან ზოგიერთი ძალიან სადავოა, ერთ-ერთი კი, როგორც ამტკიცებენ, დაკავშირებულია „ალ ქაიდასთან“.

პაკისტანში საყოველთაო არჩევნები 25 ივლისს გაიმართა, რომელშიც ათობით მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. არჩევნების პროცესს მშვიდად არ ჩაუვლია – ქალაქ კვეტაში კენჭისყრის დღეს, ბომბის აფეთქების შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პარტიული აქტივისტების შეიარაღებულ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა. ქვეყნის სხვადასხვა ადგილას შედარებით პატარა აფეთქებები მოხდა და დაპირისპირებული პარტიის ფუნქციონერებს შორის შეტაკებების გამო ორი ადამიანი დაიღუპა და ათამდე დაშავდა. წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო კვირებში მოკლეს 180 ადამიანი, მათ შორის პარლამენტის დეპუტატობის სამი კანდიდატი.[7]

კონგოში კვლავ ებოლას ებრძვიან – კონგოში ებოლას ვირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 47-ს მიაღწია. გავრცელებული ცნობით, კიდევ 63 ადამიანი დაინფიცირებულია. ეპიდემიის მორიგი ტალღა ქვეყანაში 1-ელ აგვისტოს გამოცხადდა. მას შემდეგ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოსახლეობის აცრა დაიწყო. 24 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონგოში ებოლას ეპიდემია დასრულდა. ებოლას ვირუსი საშიში დაავადებაა, რომელიც შიდა სისხლდენას იწვევს და ხშირად ადამიანის გარდაცვალებით სრულდება. ვირუსი დაავადებულ ადამიანთან კონტაქტით ვრცელდება და ადრეულ სტადიაზე გრიპის მსგავსი სიმპტომები აქვს.[8]

ეპისკოპოსის მკვლელობისთვის ეგვიპტეში კოპტური ეკლესიის 2 ბერი დააკავეს – ეგვიპტეში კოპტური ეკლესიის 2 ბერი დააკავეს. პოლიციამ საეკლესიო პირები მას შემდეგ აიყვანა, რაც მონასტრის ეპისკოპოსი მოკლული იპოვეს. ეპისკოპოს ეპიპტანუსის ცხედარი პოლიციამ 29 ივლისს მონასტერში იპოვა. ძალოვანი უწყების წარმომადგენლების თქმით, მკვლელობის მიზეზი განსხვავებული შეხედულებები გახდა, რის გამოც ვაელ საადი და რემონ რაზმი მანსური ეჭვიმიტანილები არიან მკვლელობაში. მომხდარმა ეგვიპტის კოპტური ეკლესია შოკში ჩააგდო. გამოცემის ინფორმაციით, ბერები სასამართლოს წინაშე მალე წარდგებიან, თუმცა ჯერ უცნობია როდის.[9]

საუდის არაბეთში ქალთა უფლებების დამცველს სიკვდილით დასჯიან – ელ-ქატიფში სიკვდილით დასჯიან 5 აქტივისტს, რომლებიც 2011 წლიდან აქციებს მართავდნენ. ისინი შიიტი მუსლიმები არიან და სუნიტი ხელისუფლებისგან დისკრიმინაციას აპროტესტებდნენ. სიკვდილმისჯილთა შორისაა ისლა ალ-ღომღამი (Israa al-Ghomgham), ქალი, რომელიც პირველი ქალია საუდის არაბეთში, რომლის განაჩენიც უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობს უკავშირდება. ის და მისი ქმარი 2015 წლის დეკემბერში დაიჭირეს. მათ ბრალი ედებათ ისეთ აქტივობებში, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენა. ის 2011 წლის მასობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა და მიმდინარე მოვლენებს დოკუმენტურად აღწერდა. 2015 წლიდან ის დამამის ციხეშია. „Human Rights Watch“ საუდის არაბეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას „საშიშ პრეცედენტად“ აფასებს.[10]

[1] Tolo News; Attack on NDS training center ends after 6-hour battle; 16 August, 2018; available at: https://www.tolonews.com/afghanistan/gunmen-open-fire-ana-training-center-kabul

[2] Reuters; Afghanistan announces Muslim Eid holiday ceasefire with Taliban; By Rupam Jain, Sayed Hassib; 19 August, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-ceasefire/afghanistan-announces-muslim-eid-holiday-ceasefire-with-taliban-idUSKCN1L40GB

[3] იმედის ახალი ამბები; თალიბებმა ავღანეტში 3 სამგზავრო ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცეს; 20 აგვისტო, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/74565/talibebma-avganetshi-3-samgzavro-avtobusi-mgzavrebianad-gaitatses

[4] The Washington Post; Afghan forces free 149 people taken by Taliban; 20 August, 2018; available at: https://www.washingtonpost.com/world/asia_pacific/the-latest-afghan-forces-free-149-people-taken-by-taliban/2018/08/20/b0fa37b4-a452-11e8-ad6f-080770dcddc2_story.html?noredirect=on&utm_term=.c7751e24bd9c

[5] Tolo News; Rocket attack on Kabul during Ghani’s Eid Ceremony; 21 August, 2018; available at: https://www.tolonews.com/afghanistan/rocket-attack-kabul-during-ghani%E2%80%99s-eid-ceremony

[6] Reuters; Iraqi Supreme Court ratifies May election results; 19 August, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-election/iraqi-supreme-court-ratifies-may-election-results-idUSKCN1L40CS?il=0

[7] BBC; Imran Khan confirmed as Pakistan prime minister; 17 August, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-45219455

[8] Reuters; Militia threat hampers Ebola fight in Congo as disease kills 47; By Stephanie Nebehay; 17 August, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-health-ebola-who/militia-threat-hampers-ebola-fight-in-congo-as-disease-kills-47-idUSKBN1L20VB

[9] BBC; Coptic monks charged with bishop’s murder in Egypt; 19 August, 2018; availbale at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-45239401

[10] BBC; Saudi Arabia seeks death penalty for woman activist; 22 August, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-45270224?ns_source=facebook&ns_campaign=bbcnews&ocid=socialflow_facebook&ns_mchannel=social

ეგვიპტე. კოპტი ქრისტიანების მიმართ დამოკიდებულება. მარტი, 2018

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წლის 15 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში „რელიგიის საერთაშორისო თავისუფლება 2016 წელს“ ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 94.7 მილიონია (2016 წლის დაახლოებითი მონაცემი). წყაროების უმეტესობა ამტკიცებს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 90% სუნიტი მუსლიმია და დაახლოებით 10% ქრისტიანი (სავარაუდო ზღვარი მერყეობს 5-დან 15 პროცენტამდე). ქრისტიანი ლიდერების თქმით, ქრისტიანების დაახლოებით 90 პროცენტი თავს კოპტურ მართლმადიდებლურ ეკლესიას მიაკუთვნებს.[1]

რელიგიური უმცირესობები კვლავ დგანან ტერორისტული აქტებისა და რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის სერიოზული საფრთხის წინაშე. 2016 წლის ივნისში, ჩრდილოეთ სინაიში სამმა შეიარაღებულმა პირმა მოკლა კოპტი მართლმადიდებელი მღვდელი. 2016 წლის ივლისში, მინაიში ხელკეტებითა და დანებით შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ორი კოპტი მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახებს – მოკლეს ოჯახის ერთი წევრი; აღნიშნული ინციდენტისას კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. 2016 წლის 11 დეკემბერს, კაიროს კოპტურ მართლმადიდებლურ საკათედრო კომპლექსში, კვირის წირვისას ისლამური სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ ტერორისტულ აქტს 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ოთხი პირი დააკავეს. სამხედროებმა დაზიანებული სალოცავი ორ კვირაში შეაკეთეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სისიმ გასცა ბრძანება, დაზიანებული ეკლესია მართლმადიდებელთა შობამდე, 7 იანვრამდე აღდგენილიყო.[2] კოპტურმა საზოგადოებამ პრეზიდენტი სისი შეაქო იმის გამო, რომ პრეზიდენტმა მოუწოდა მთავრობას აღედგინა დაზიანებული ეკლესიები.[3]

ქრისტიანულ, ისლამურ და იუდეურ დენომინაციებს შეუძლიათ, რომ მთავრობისგან მოითხოვონ ოფიციალური აღიარება, რაც მათ აძლევს იმის უფლებას, რომ იმართებოდნენ თავიანთი კანონიკური წესებით, განახორციელონ რელიგიური მსახურება, დააფუძნონ სალოცავი სახლები და შემოიტანონ რელიგიური ლიტერატურა. ოფიციალური აღიარებისთვის რელიგიურმა ჯგუფმა თხოვნით უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რელიგიური საკითხების დეპარტამენტს. დეპარტამენტი ადგენს, ჯგუფი წარმოადგენს თუ არა საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი მშვიდობისთვის. დადგენის პროცესში დეპარტამენტი კონსულტაციას გადის წამყვან რელიგიურ ინსტიტუციებთან, მათ შორის კოპტურ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და ისლამური სწავლების მთავარ ეროვნულ ინსტიტუტთან ალ-აზჰართან. ამის შემდეგ პრეზიდენტი განიხილავს და გადაწყვეტს აპლიკაციის რეგისტრაციას.[4]

ქრისტიანი ლიდერების ინფორმაციით, 2016 წლის ბოლოსთვის მთავრობამ თითქმის დაასრულა 2013 წლის შემდეგ ბრბოს მიერ ჩადენილი ძალადობის შედეგად დაზიანებული და დანგრეული 78 ეკლესიისა და სხვა ქრისტიანული სივრცეების შეკეთება და აღდგენა. პრეზიდენტმა სისიმ განაცხადა, რომ ორი სალოცავი საჭიროებდა მოხატვას და რომ აღნიშნული სამუშაოების დასრულება მოსალოდნელი იყო ორი თვის ვადაში. ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრობისას, სისიმ პირობა დადო, რომ სამხედროები აღადგენდნენ 2013 წელს დაზიანებულ ეკლესიებს. წმინდა მარკოზის მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში, საშობაო ლიტურგიისას, 6 იანვარს პრეზიდენტმა მოუბოდიშა შეკრებილებს, რომ 2015 წელს ვერ მოესწრო აღდგენითი სამუშაოების დასრულება და პირობა დადო, რომ ეცდებოდა აღნიშნული სამუშაოების დასრულებას 2016 წელს.[5]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წლის 3 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში 2016 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ წერს, რომ ოფიციალური სტატისტიკა ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ არ გამოქვეყნებულა. ადგილობრივი მედია ანგარიშების მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტერაქტებს ასობით ადამიანი შეეწირა. 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს, სინაიში, შეიარაღებული დაჯგუფების მხრიდან ძალადობის შედეგად მინიმუმ 230 მშვიდობიანი მოქალაქე და უსაფრთხოების ძალების 299 წევრი (პოლიციელი და სამხედრო) დაიღუპა. ოფიციალური სტატისტიკით, ამავე პერიოდის განმავლობაში, სინაიში მთავრობამ 2,436 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინა.[6]

ანგარიშში ასევე საუბარია კოპტების მიმართ ბრბოს მიერ ჩადენილ ძალადობაზე. 2016 წლის 20 მაისს, დაახლოებით, 300 შეიარაღებული მუსლიმი სოფელ ელ-კარმში, მინიაში, თავს დაესხა შვიდ ქრისტიან ოჯახს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ხმა ქრისტიან კაცსა და მუსლიმ ქალს შორის სავარაუდო ურთიერთობის შესახებ.[7]

აშშ-ის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების კომისია 2017 წლის 26 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში „ყოველწლიური ანგარიში 2017 – II საფეხურის ქვეყნები“, ეგვიპტის შესახებ წერს, რომ მიუხედავად მთავრობის მხრიდან ადამიანის უფლებების შეზღუდვისა, რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდა სხვადასხვა მიმართულებით. პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ სისიმ თანმიმდევრულად დაგმო რელიგიური თავდასხმები და მსხვერპლებს დახმარება აღუთქვა, რელიგიური დისკურსის რეფორმა წაახალისა და ზედიზედ მესამედ დაესწრო კოპტურ საშობაო ლოცვას. 2016 წლის აგვისტოში ახალმა პარლამენტმა მიიღო კანონი ეკლესიების რეკონსტრუქციისა და შენარჩუნების შესახებ და 2017 წლის დასაწყისისთვის მთავრობას დასრულებული ჰქონდა ექსტრემისტების მიერ 2013 წელს დანგრეული 50-ზე მეტი ეკლესიის აღდგენის და ხელახლა აშენების პროცესი. რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილმა თავდასხმებმა იფეთქა ქრისტიანების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ზემო ეგვიპტეში (Upper Egypt) და ჩრდილო სინაიში; კაიროში, წმინდა მარკოზის კოპტური ეკლესიის სიახლოვეს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. პარალელურად კი ეგვიპტის სასამართლომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია იმ პირების გასამართლების კუთხით, რომელთაც წარსულში ჩაიდინეს დანაშაულები. 2016 წელს, ღვთისგმობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნისა და თავისუფლების აღკვეთის ფაქტებმა იკლო. გარკვეული ხასიათის დისკრიმინაციული და რელიგიის თავისუფლების შემზღუდველი კანონმდებლობა კვლავ ძალაშია, მაგრამ რელიგიის თავისუფლების საკითხებზე საჯარო დებატები აქტიურად იმართებოდა პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, აშშ-ის საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების კომისიამ ეგვიპტე „განსაკუთრებული შეშფოთების ქვეყნების“ სიიდან მეორე საფეხურის ქვეყნების სიაში გადაიყვანა.[8]

„Amnesty International“ 2017/18 წლების ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება განაგრძობს რელიგიის თავისუფლების უფლების დარღვევას, რაც გამოიხატება ქრისტიანების დისკრიმინაციაში. 2017 წლის აგვისტოში, უსაფრთხოების ძალებმა ათობით ქრისტიანს აუკრძალეს მინიას რეგიონში მდებარე სოფელ ალფრონში ერთერთ სახლში სალოცავად შეკრება, რაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზებით ახსნეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ გრძელდებოდა ქრისტიანულ საზოგადოებაზე რელიგიური ნიშნით თავდასხმების დაუსჯელად დატოვება და რომ ხელისუფლება განაგრძობდა ადგილობრივი ხელისუფლებისა და რელიგიური ლიდერების მიერ შერიგებებზე დაყრდნობას. დაუსჯელობის გამო, იზრდებოდა ძალადობა ქრისტიანების მიმართ არასახელმწიფო აქტორების მიერ. 2017 წლის იანვარ-თებერვალში შეიარაღებულმა ჯგუფებმა ჩრდილოეთ სინაიში მოკლეს 7 კოპტი ქრისტიანი, რასაც 150 კოპტი ოჯახის ჩრდილოეთ სინაიდან იძულებითი შიდა გადაადგილება მოჰყვა. ხელისუფლებმა ვერ შეძლო მათთვის სათანადო დაცვის ან შესაბამისი კომპენსაციის მიწოდება. 2017 წლის დეკემბერში ისლამურმა სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღო ჩრდილოეთ კაიროში, ჰელვანის ეკლესიაზე მომხდარ თავდასხმაზე, რასაც 10 ადამიანი შეეწირა. ნოემბერში, ჩრდილოეთ სინაიში, პარასკევის ლოცვისას მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, მინიმუმ 300 მლოცველი დაიღუპა. ანგარიშზე მუშაობისას მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ ჰქონდა აღებული.[9]

„Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ კოპტი ქრისტიანები, რომლებიც მოსახლეობის, დაახლოებით, 10 პროცენტს შეადგენენ, პარტიების 120-ადგილიანი საპარლამენტო სიის 24 ადგილს იკავებენ. 2015 წლის არჩევნებში 36 ქრისტიანი იქნა არჩეული და კიდევ რამდენიმე კანონშემოქმედთა შორის პრეზიდენტმა დანიშნა. კვოტების დამსახურებით, 596 ადგილიდან 75 საპარლამენტო მანდატი ქალებმა მოიგეს, დამატებით 14 – დანიშნა პრეზიდენტმა. პარტიული სიის კვოტები, ასევე ითვალისწინებს ადგილებს მშრომელთა და ფერმერთათვის, 35 წლამდე ახალგაზრდებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და საზღვარგარეთ მცხოვრები ეგვიპტელებისთვის.[10]

ამავე ანგარიშში „Freedom House“ წერს, რომ 2014 წლის კონსტიტუციის მეორე მუხლი ისლამს ქვეყნის ოფიციალურ რელიგიად აცხადებს, თუმცა 64-ე მუხლი ადგენს, რომ რწმენის თავისუფლება აბსოლუტურია. ეგვიპტელთა უმეტესობა სუნიტი მუსლიმია. კოპტი ქრისტიანები ქმნიან არსებით უმცირესობას; მცირე ოდენობით ქვეყანაში წარმოდგენილნი არიან შიიტი მუსლიმები, არა-კოპტი ქრისტიანული დენომინაციები და სხვა ჯგუფები. რელიგიური უმცირესობები და ათეისტები აწყდებიან დევნასა და ძალადობას; კერძოდ, კოპტები ხდებიან იძულებითი გაუჩინარების, ფიზიკური თავდასხმის, ბომბებითა და ცეცხლის წაკიდებით იერიშების მსხვერპლნი; ასევე, გასულ წლებში მათ უკრძალავდნენ ეკლესიების მშენებლობას.[11]

„Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ბზობის კვირას, 2017 წლის 9 აპრილს ისლამური სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ აფეთქებებს ტანტასა და ალექსანდრიის ეკლესიებში 45 ადამიანი შეეწირა. აღნიშნული თავდასხმა მსხვერპლის რაოდენობით იყო ყველაზე ძალადობრივი 2016 წლის დეკემბერში, კაიროში მთავარ კოპტურ მართლმადიდებლურ კათედრალზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რასაც 25 ადამიანი შეეწირა. ამის შემდეგ, ხელისუფლებამ ეკლესიების გარშემო უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. 2017 წლის მაისში, მინაიში ისლამური სახელმწიფო თავს დაესხა ავტობუსს, რომელსაც კოპტი მგზავრები მონასტერში გადაჰყავდა; თავდასხმას 29 ადამიანი შეეწირა.[12]

„The Guardian“ 2017 წლის 27 მაისს ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეგვიპტემ საჰაერო იერიში მიიტანა ლიბიაში ტერორისტების ბანაკზე. აღნიშნული ქმედება იყო პასუხი იმ ტერაქტზე, რომელიც კაიროში მოხდა – ავტობუსს, რომელსაც კოპტი ქრისტიანები გადაჰყავდა, თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები და 26 ადამიანი, ძირითადად ბავშვები დახოცეს, 25 ადამიანი კი დაშავდა. დაღუპულებს შორის იყვნენ 2 და 4 წლის ბავშვები. პრეზიდენტმა სისიმ საჯარო გამოსვლისას განაცხადა, რომ „ეგვიპტე არ მოერიდება ტერორისტების ბანაკების დაბომბვას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში“. მიმართვის შემდეგ ეგვიპტის საჰაერო ძალებმა 6 იერიში მიიტანეს დერნას სიახლოვეს მდებარე ბანაკებზე, სადაც, ტერაქტში ეჭვმიტანილებს წვრთნიდნენ. სტატიაში ნათქვამია, რომ ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიებზე განხორციელებული ტერაქტების გამო პრეზიდენტმა სისიმ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.[13]

„Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2017 წლის სექტემბერში ეგვიპტის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოაქვეყნა სია, სადაც ჩამოთვლილი იყო 2 ათასზე მეტი ეკლესია, რომლებიც 2016 წლის დისკრიმინაციული კანონის მიხედვით, საჭირო ლიცენზიის არ ქონის გამო, ვერ ახერხებდნენ თავიანთი სტატუსის ლეგალიზებას. რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი ძალადობა კვლავ ხდება ეკლესიების მშენებლობისა და შეკეთების სამუშაოებისას და როდესაც ასეთი ფაქტი ხდება, მაგალითად როგორიც იყო 2017 წლის აპრილში, მინაის რეგიონში კომ ალ-ლოფიში მომხდარი ფაქტი, ხელისუფლება გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის ნაცვლად, თემის მიერ შერიგების პრაქტიკას ახალისებს.[14]

„Human Rights Watch“ 2017 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ 2016 წლის აგვისტოში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს ეკლესიების მშენებლობასა და განახლებაზე; აღნიშნული კანონი ქვეყნის ქრისტიანული მოსახლეობის მიმართ დისკრიმინაციულია. ახალი კანონი უფლებას აძლევს მმართველებს, არ გასცენ ეკლესიების მშენებლობის ნებართვა გასაჩივრების წესის მითითების გარეშე; კანონის თანახმად, ეკლესიები უნდა აშენდეს ქრისტიანთა შესაბამისი რაოდენობის ადგილებში, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური აღწერის სტატისტიკა არ არსებობს; ამასთან, მმართველებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ ეკლესიის მშენებლობის ნებართვაზე, თუკი აღნიშნული დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.[15]

მაისი-ივლისში, ანტი-ქრისტიანულმა ძალადობამ, რომელიც გამოიწვია ზოგიერთ ადგილობრივ მუსლიმში ეკლესიის რეალურმა თუ სავარაუდო მშენებლობამ, გამოიწვია ერთი ადამიანის სიკვდილი, რამდენიმე დაშავდა, ხოლო ქრისტიანთა გარკვეული საკუთრება კი დაზიანდა. ოფიციალური პირები ვერ ახერხებენ ქრისტიანი უმცირესობის დაცვას ხანდახან ფატალური თავდასხმებისგან და იძულებითი „შემრიგებლური სესიებისგან“, რომლებიც მუსლიმ დამნაშავეებს აძლევს საშუალებას გაექცნენ სისხლის სამართლებრივ დევნას და აძლიერებს დაუსჯელობას.[16]

თებერვალში არასრულწლოვანთა მცირე დანაშაულების სასამართლომ ოთხ ქრისტიან ბავშვს ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა იმის გამო, რომ მათ ინტერნეტში „ისლამური სახელმწიფოს“ დამცინავი ვიდეო განათავსეს. ბიჭებმა ეგვიპტე აპრილში დატოვეს (გაიქცნენ ქვეყნიდან). მარტში, სააპელაციო სასამართლომ, მწერალ ფატმა ნაოუტს, რელიგიის შეურაცხყოფისთვის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ვინაიდან მან საქონლის ხოცვის მუსლიმური ტრადიცია გააკრიტიკა, რომელიც ეიდ ალ-ადჰას მსხვერპლშეწირვის სახელით არის ცნობილი. ეგვიპტურმა ადამიანის უფლებათა ჯგუფებმა დააფიქსირეს სხვა რელიგიური უმცირესობების, მათ შორის შიიტი მუსლიმებისა და ათეისტების, დამცირების ფაქტებიც – გადაადგილების შეზღუდვა და დაკითხვებზე გამოძახება.[17]

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისი 2016 წლის ნოემბრის ანგარიშში ეგვიპტეში ქრისტიანების შესახებ წერს, რომ ზოგადად, ტერმინი „კოპტი“ ყველა ეგვიპტელი ქრისტიანის აღსანიშნავად გამოიყენება და მოიცავს, როგორც კოპტური მართლმადიდებლური (ორთოდოქსული) ეკლესიის წევრებს, ასევე, ევანგელისტებსა და კათოლიკებს.[18]

ანგარიშში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა ტრიბუნალმა დაადგინა, რომ „არსებობს მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც არსებობს ადგილები, სადაც კოპტი ქრისტიანები დადგებიან წამების ან ღირსების შემლახავი მოპყრობის რეალური რისკის ქვეშ, რაც გამოიწვევს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. ზოგადად ეს ადგილებია: ა) ტერიტორიები დიდი ქალაქების გარეთ; ბ) ადგილები, სადაც რადიკალ ისლამისტებს აქვთ მყარი პოზიციები და გ) სადაც, ბოლო დროს თავს დაესხნენ კოპტ ქრისტიანებსა და მათ ეკლესიებს, ბიზნესსა და საკუთრებას. ტრიბუნალის ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოცემულია რისკ-ჯგუფები, რომლებიც დევნის ან მესამე მუხლის დარღვევის რეალური რისკის ქვეშ ექცევიან, სულ მცირე საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიაზე:

  1. კოპტურ ქრისტიანობაზე კონვერტირებულები;
  2. ადამიანები, რომლებიც ჩართულნი არიან იმ ეკლესიების მშენებლობაში, რეკონსტრუქციაში ან გარემონტებაში, რომლებზეც განხორციელდა თავდასხმა;
  3. ისინი, ვინც ბრალდებულნი არიან პროზელიტიზმში და როდესაც ბრალდება სერიოზულია და არა შემთხვევითი;
  4. ისინი, ვინც ბრალდებულნი არიან მუსლიმ ქალთან ფიზიკურ ან ემოციურ კავშირში, როდესაც ბრალდება არის სერიოზული და არა შემთხვევითი.[19]

ზოგადად, კოპტი ქრისტიანი ქალები ეგვიპტეში დევნის ან ღირსების შემლახავი მოპყრობის რეალური რისკის ქვეშ არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქალებისგან განსხვავებით, ისინი გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან – გაუჩინარება და იძულებითი კონვერტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები განიცდიან სოციალურ დისკრიმინაციასა და ძალადობას, ზოგადად, კოპტებისა და მათი ქონების მიტაცება-განადგურების ძალადობრივი ინციდენტები შემცირდა.[20]

მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლამდე არსებულმა სასამართლო პრაქტიკამ დაადგინა, რომ ქრისტიანებისთვის ეფექტური სახელმწიფო დაცვა არ არსებობს, მას შემდეგ ეგვიპტეში მდგომარეობა გამოსწორდა და არის შესაბამისი მტკიცებულებები იმისა, რომ სახელმწიფოს სურს და გარკვეულ შემთხვევებში შეუძლია კიდეც აღმოუჩინოს დაცვა ქრისტიანებს. ზოგადად კი, ქრისტიანებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად გადაადგილდნენ ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით კი იმ ადგილებში, სადაც ექსტრემისტები არ არიან ძლიერად წარმოდგენილნი.[21]

უმცირესობათა უფლებების დაცვის საერთაშორისო ჯგუფი (Minority Rights Group International) 2017 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტეში კოპტების მდგომარეობის შესახებ წერს, რომ სისის რეჟიმის მიერ მუსლიმთა საძმოს მხარდამჭერების და ასევე სხვა პოლიტიკური ოპოზიციის მიმდინარე დარბევამ, რაც მოიცავს თვითნებურ დაპატიმრებებს, უვადო დაკავებებს და მკვლელობებს, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გაუცხოება გამოიწვია, რამაც კოპტები და სხვა რელიგიური უმცირესობები თავდასხმების მზარდი რისკის ქვეშ დააყენა. 2015 წლის იანვარში კოპტი ლიდერები მინაიში იძულებული გახდნენ საშობაო აღნიშვნა ჩაეშალათ, რადგან ორმა პოლიციელმა, რომლებიც კოპტურ ეკლესიას იცავდნენ, იარაღი დაყარეს. მეზობელ ლიბიაში, ისლამური სახელმწიფოს მიერ 21 კოპტი ქრისტიანის სიკვდილით დასჯა იყო მტკივნეული შეხსენება იმისა, რომ კოპტი საზოგადოება კვლავ მოწყვლადია. მედიის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, მსხვერპლთა უმეტესობა ზედა ეგვიპტის (Upper Egypt) სოფლებიდან იყო და თავიანთი სახლები დატოვებული ჰქონდათ იმიტომ, რომ ოჯახებს ფინანსურად დახმარებოდნენ. ზოგიერთმა აქტივისტმა მთავრობა გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო ამ ხალხის დაცვა.[22]

მიუხედავად ამისა, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სისის მმართველობისას კოპტებმა ბევრი მიმართულებით სარგებელიც მიიღეს. მაგალითად, ეგვიპტის პარლამენტში 2015 წლის ოქტომბერში 36 ქრისტიანი აირჩიეს, რაც მთლიანი მანდატების 6%-ია, რაც უპრეცედენტო მიღწევაა. ამას თან ახლდა სისის მცდელობები კოპტური ეკლესიის ხელმძღვანელობის ჩართულობის უზრუნველსაყოფად, რაც გამოიხატებოდა, მაგალითად, საშობაო ლიტურგიაზე დასწრებაში 2015 წლის იანვარში; საშობაო წირვას სისი მომდევნო წლებშიც რეგულარულად სტუმრობს; თავის მხრივ, სისი და მისი მთავრობა, ყოფილი პრეზიდენტი მორსის გადაგდებისა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სარგებლობს კოპტური მართლმადიდებლური ეკლესიის (პაპი ტავადროს II-ის ხელმძღვანელობით) მხარდაჭერით. მიუხედავად ამისა, ბევრი ეგვიპტელი კოპტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისა და ეკლესიის ასეთი სიახლოვით კოპტი საზოგადოება მხოლოდ ზარალდება. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი სიმბოლურ საშობაო ვიზიტებს არ წყვეტს, კოპტი ეგვიპტელები განიცდიან დისკრიმინაციას სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან და რელიგიური ძალადობის რისკის წინაშე დგანან.[23]

[1] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Egypt, 15 August 2017, available at:

[accessed 19 February 2018]

[2] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Egypt, 15 August 2017, available at:

[accessed 19 February 2018]

[3] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 2 countries – Egypt, 26 April 2017, available at:

[accessed 19 February 2018]

[4] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Egypt, 15 August 2017, available at:

[accessed 19 February 2018]

[5] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Egypt, 15 August 2017, available at:

[accessed 19 February 2018]

[6] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Egypt, 3 March 2017, available at:

[accessed 19 February 2018]

[7] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Egypt, 3 March 2017, available at:

[accessed 19 February 2018]

[8] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 2 countries – Egypt, 26 April 2017, available at:

[accessed 12 June 2017]

[9] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Egypt, 22 February 2018, available at:

[accessed 6 March 2018]

[10] Freedom House; Freedom in the World 2018 – Egypt; available at: https://freedomhouse.org/report/freedom-world/2018/egypt [accessed 19 February 2018]

[11] Freedom House; Freedom in the World 2018 – Egypt; available at: https://freedomhouse.org/report/freedom-world/2018/egypt [accessed 19 February 2018]

[12] Human Rights Watch, World Report 2018 – Egypt, 18 January 2018, available at:

[accessed 19 February 2018]

[13] The Guardian; Egypt launches raids in Libya after attack on Coptic Christians kills 26; 26 May 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/may/26/several-killed-in-attack-on-bus-carrying-coptic-christians-in-egypt

[14] Human Rights Watch, World Report 2018 – Egypt, 18 January 2018, available at:

[accessed 19 February 2018]

[15] Human Rights Watch, World Report 2017 – Egypt, 12 January 2017, available at:

[accessed 19 February 2018]

[16] Human Rights Watch, World Report 2017 – Egypt, 12 January 2017, available at:

[accessed 19 February 2018]

[17] Human Rights Watch, World Report 2017 – Egypt, 12 January 2017, available at:

[accessed 19 February 2018]

[18] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Christians, 21 November 2016, Version 2.0, available at:

[accessed 19 February 2018]

[19] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Christians, 21 November 2016, Version 2.0, available at:

[accessed 19 February 2018]

[20] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Christians, 21 November 2016, Version 2.0, available at:

[accessed 19 February 2018]

[21] United Kingdom: Home Office, Country Policy and Information Note – Egypt: Christians, 21 November 2016, Version 2.0, available at:

[accessed 19 February 2018]

[22] Minority Rights Group International, World Directory of Minorities and Indigenous Peoples – Egypt : Copts of Egypt, October 2017, available at:

[accessed 9 March 2018]

[23] Minority Rights Group International, World Directory of Minorities and Indigenous Peoples – Egypt : Copts of Egypt, October 2017, available at:

[accessed 9 March 2018]