კოტ-დივუარი. შიიტი მუსლიმების მიმართ დამოკიდებულება. ნოემბერი, 2021

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში კოტ-დივუარში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ადგენს რელიგიური რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას [კანონთან და წესრიგთან შესაბამისობაში] და კრძალავს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას. კონსტიტუცია ამბობს, რომ რელიგიური შემწყნარებლობა ერის ერთობის, ეროვნული გაერთიანების და მშვიდი სოციალური თანაცხოვრების საფუძველია. კონსტიტუცია კრძალავს რელიგიური სიძულვილის გამაღვივებელ რიტორიკას. ეროვნული ისლამური რადიო სადგურისა და ტელევიზიის ქსელის დირექტორმა, იმამმა, განაცხადა, რომ მას მჭიდრო ურთიერთობა აქვს ქრისტიან ლიდერებთან, მათ შრის აბიდჯანის არქიეპისკოპოსთან. კათოლიკე სასულიერო პირმა, რომელიც აბიდჯანის საეპისკოპოსოს სპიკერია, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სხვადასხვა კონფესიის რელიგიური თემებს შორის, ზოგადად, „თბილი“ ურთიერთობაა; განსაკუთრებით მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის. რელიგიური ლიდერები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მუდმივად აცხადებენ, რომ ფართო სპექტრის რელიგიური ლიდერები ერთიანები არიან სურვილში, იმუშაონ ერთად მშვიდობისა და ერთიანობისთვის.

კოტ-დივუარის მოსახლეობა, დაახლოებით, 27.5 მილიონია. მოსახლეობის, დაახლოებით, 43% მუსლიმია, ხოლო, დაახლოებით, 34% – ქრისტიანი. დაახლოებით, 4% მკვიდრი რელიგიური რწმენების მიმდევარია. ბევრი, ვინც თავს ქრისტიანად ან მუსლიმად მიიჩევს, პარალელურად, ძირძველი რელიგიური რწმენების მიმდევარიცაა. მუსლიმური თემის უდიდესი უმრავლესობა სუნიტური ისლამის [სუფიზმი] მიმდევარია. დანარჩენი მუსლიმური საზოგადოება შიიტები [ლიბანური საზოგადოების წევრები] და აჰმადიები არიან. მუსლიმები, ძირითადად, ქვეყნის ჩრდილოეთში, ხოლო ქრისტიანები – სამხრეთში ცხოვრობენ; ამასთან, მუსლიმებისა და ქრისტიანების, როგორც სხვა რელიგიების წარმომადგენლები, მთალი ქვეყნის მასშტაბით არიან განსახლებულები. ზოგიერთი მუსლიმი ლიდერის განცხადებით, საზოგადოება თავადაც დგამს ნაბიჯებს ქვეყანაში ისლამის შეუწყნარებელი [არატოლერანტული] ფორმების გავლენის ზრდის პრევენციისთვის; მათ შორის, იგულისხმება იმამებისთვის ქადაგების თემების მიწოდება; ასევე, იმამებს ურჩევენ, კარგად შეისწავლონ მოწვეული სტუმრები და ამის შემდეგ დაუშვან ქადაგებაზე.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში კოტ-დივუარის შესახებ წერს, რომ სამართლებრივი გარანტიები რელიგიის თავისუფლების კუთხით დაცულია და ნებისმიერი პირი თავისუფლად აღასრულებს საკუთარ რელიგიას როგორც კერძოდ, ასევე საჯაროდ. მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის იყო განხეთქილება 2002 – 2011 წლებში, მაგრამ, ამჟამად, დაძაბულობა, ძირითადად, დასრულებულია. კოტ-დივუარში 60-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობენ; ქვეყნის პოლიტიკური პარტიები არ არიან ეთნიკურად ჰომოგენური ხასიათის.[2]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებზე არსებული ინფორმაციით, ნათლად ჩანს, რომ კოტ-დივუარში რელიგიის თავისუფლების კუთხით, არ ფიქსირდება ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები. რელიგიის თავისუფლება გარანტირებულია საკანონმდებლო დონეზე და, ძირითადად, აღიარებული და დაცულია პრაქტიკაში. არ ვრცელდება ცნობები კონფესიებს შორის რელიგიური ნიშნით დევნისა თუ დისკრიმინაციის შესახებ; მათ შორის, შიიტი მუსლიმების მიმართ.

[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ კოტ-დივუარში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 17 ნოემბერს]

[2] საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების პრაქტიკის შესახებ კოტ-დივუარში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 17 ნოემბერს]

კოტ-დივუარი. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვა. აპრილი, 2019

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში კოტ-დივუარის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტი 2011 წელს დასრულდა და მას შემდეგ აღდგენითი პროცესები მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება და უსაფრთხოების ძალების ჩარევა, შესაძლოა, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორები იყოს, საერთო ჯამში, აღნიშნული უფლებები დამაკმაყოფილებელია; გადაადგილების თავისუფლების მხრივ არსებული ვითარება გამოსწორებულია და ქვეყნის ეკონომიკა იზრდება. თუმცა, არმიის შიგნით არსებული დაუმორჩილებლობა და მმართველი კოალიციის გარშემო მზარდი უკმაყოფილება საფრთხეს უქმნის სტაბილურობას; ამასთან, ზოგიერთი წყარო, რომელმაც ქვეყნის ძალადობრივი კონფლიქტი გამოიწვია, კვლავ მოქმედია, მათ შორის ეთნიკური და რეგიონული დაძაბულობა, მიწის გარშემო კამათები, კორუფცია და დაუსჯელობა. ქალების პოლიტიკურ პროცესებში ნაკლებად არიან წარმოდგენილნი.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2019 წლის ანგარიშში კოტ-დივუარის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში შედარებით სტაბილური ვითარება იყო 2018 წლის მანძილზე, კერძოდ, თითქმის არ შეინიშნებოდა სამხედრო მუქარები, რაც 2017 წლის ერთერთი მთავარი მახასიათებელი ნიშანი იყო. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ მაინც ძალიან ცოტა გააკეთა დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში და არ გადაუდგამს ნაბიჯები იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომელთაც წარსულში კონფლიქტი გამოიწვია; ასეთი საკითხებია, მათ შორის, უდისციპლინო არმია და პოლიტიზებული სასამართლო. კოტ-დივუარში გამართული ადგილობრივი არჩევნები ხასიათდებოდა ძალადობით მეტოქე პარტიებს შორის, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეც შეეწირა.

უსაფრთხოების ძალების წევრები კვლავ ჩართულნი არიან რეკეტსა და გამოძალვაში, განსაკუთრებით საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მეორეხარისხოვან გზებზე. 2018 წლის 17 თებერვალს ბრბომ მოკლა ჟანდარმერიის ერთერთი წევრი, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა დასავლეთ კოტ-დივუარში, ბლოლექუინში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ტაქსის მძღოლს ესროლა და მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლმა ქრთამის გადახდაზე თქვა უარი. შეიარაღებული ძალების მაღალი თანამდებობის პირები კვლავ ჩართულნი არიან ბუნებრივი რესურსების უკანონო ექსპლუატაციაში.

დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში წარმატების ნაკლებობის ფონზე, წყაროები ვარაუდობენ, რომ სამხედრო მეთაურები, რომლებიც ადრე ადამიანის უფლებებს არღვევდნენ, ინარჩუნებენ მაღალ თანამდებობებს შეიარაღებულ ძალებში. შეიარაღებულ ძალებში ყოფილი ამბოხებულებიც მსახურობენ და მათი კონტროლის ხარისხი დაბალია. უსაფრთხოების ძალების შემცირების ძალისხმევის ფარგლებში, 3 ათასზე მეტი სამხედრო დათანხმდა არმიის ნებაყოფლობით დატოვებას ფულადი კომპენსაციის (დაახლოებით 26 ათასი აშშ დოლარი) სანაცვლოდ.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში კოტ-დივუარის შესახებ წერს, რომ საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში, რომელიც 2016 წელს ჩატარდა, მმართველმა სამთავრობო კოალიციამ მანდატების 66% მოიპოვა. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა 2011 წლის არჩევნებს, ამჯერად მონაწილეობა მიიღო და მანდატებიც მოიპოვა. არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა და შეფასდა როგორც  გამჭვირვალე და ინკლუზიური. საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წელს ჩატარდა და პრეზიდენტი ალასანე ოუატარა მნიშვნელოვანმა უმრავლესობამ ხელახლა აირჩია. საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არჩევნები შეაფასეს როგორც სამართლიანი და თავისუფალი. 2018 წლის მარტში ჩატარებული სენატორთა არჩევნები ასევე შეფასდა როგორც სამართლიანი და თავისუფალი. თუმცა, 2018 წლის ოქტომბერში გამართული ადგილობრივი არჩევნები სხვადასხვა სახის დარღვევებით ჩატარდა და ახლდა არჩევნებთან დაკავშირებული 4 მკვლელობა. დეკემბერში გამართულ სპეციალურ არჩევნებზე, ასევე დაფიქსირდა გარკვეული დარღვევები და პროცესს ასევე ახლდა ძალადობა.

2018 წლის აგვისტოში პრეზიდენტმა ოუატარამ გამოაცხადა დაუყოვნებელი ამნისტია და 800 პატიმარი, რომელიც სასჯელს 2010-11 წლების არჩევნების შემდგომ კრიზისში მონაწილეობისთვის იხდიდა სასჯელს, საპატიმროებიდან გაათავისუფლა; მათ შორის იყო ყოფილი მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი, სამხედრო ოფიცრები და სიმონე გბაგბო – ყოფილი პრეზიდენტის ლორან გბაგბოს ცოლი.

კოტ-დივუარში სამოქალაქო ხელისუფლება ხანდახან ვერ ახერხებს ეფექტური კონტროლი დააწესოს უსაფრთხოების სამსახურების ქმედებებზე. ქვეყანაში ადამიანის უფლებების აღსანიშნავ დარღვევებს წარმოადგენს დანაშაულებრივი ქმედებები უსაფრთხოების ძალების მხრიდან, თვითნებური დაკავებები, მძიმე საპატიმრო პირობები, კრიმინალი, დარღვევები არჩევნებზე, ფართოდ გავრცელებული კორუფცია, სექსუალური შევიწროვება. ასევე, სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალადობა და ბავშვთა შრომა. მთავრობა ყოველთვის არ დგამს სათანადო ნაბიჯებს დამნაშავე მაღალჩინოსნების დასასჯელად და დაუსჯელობა, ზოგადად, წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. 2018 წლის განმავლობაში კოტ-დივუარში არ დაფიქსირებულა თვითნებური მკვლელობები მთავრობის ან მათთან დაახლოებული აქტორების მხრიდან. ასევე, ადგილი არ ჰქონია ხელისუფლების მიერ ჩადენილ იძულებით გაუჩინარებებს.

ქვეყნის კონსტიტუციით აკრძალულია წამება, ღირსების შემლახავი ან არა ადამიანური მოპყრობა და სასჯელი. თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აღნიშნავენ, რომ მსგავს ფაქტებს აქვს ადგილი უსაფრთხოების სამსახურის საპატიმროებში. არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ პოლიტიკურ პარტია კოტ-დივუარის სახალხო ფრონტთან კავშირში მყოფი პატიმრების მიმართ არა ადამიანურ მოპყრობაზე. ქვეყნის კონსტიტუცია და კანონმდებლობა კრძალავს თვითნებურ დაკავებას და დაპატიმრებას, თუმცა ორივე მათგანს კოტ-დივუარში ადგილი აქვს.[3]

[1] Freedom House: Freedom in the World 2019 – Côte d’Ivoire, 4 February 2019

 (accessed on 24 April 2019)

[2] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Côte d’Ivoire, 17 January 2019

 (accessed on 24 April 2019)

[3] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Cote d’Ivoire, 13 March 2019

 (accessed on 24 April 2019)