ნიგერია. ქრისტიანებისა მდგომარეობა (ლაგოსი; რივერსი). თებერვალი, 2019

ნიგერიის მოსახლეობა დაახლოებით 190 მილიონია. ქვეყნის მოსახლეობის 49.3% მუსლიმი, ხოლო 48.8% ქრისტიანია. დანარჩენი 2% ან სხვა რელიგიური კუთვნილებისაა ან საერთოდ არ მიაკუთვნებს თავს რომელიმე რელიგიას. ბევრი ნიგერიელი, ქრისტიანობასა თუ ისლამთან ერთად, მკვიდრი რწმენების მიმდევარია.

ნიგერიის კონსტიტუცია უკრძალავს როგორც ფედერალურ, ასევე შტატების მთავრობებს სახელმწიფო რელიგიის დაწესებას; აკრძალულია რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია. გარდა ამისა, ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულია რელიგიის არჩევის, აღმსარებლობის, პროპაგანდისა და შეცვლის თავისუფლება. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები კვლავ ამახვილებენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ფედერალური მთავრობა ხშირად ვერ ახერხებს რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ ძალადობის პრევენციას ან შემდგომ ეფექტურ რეაგირებას, ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში.

ქრისტიანთა გარკვეული ჯგუფის მტკიცებით, ისინი განიცდიან მთავრობის მხრიდან ეკლესიებისა და ქრისტიანული საზოგადოებების დაცვის ნაკლებობას, განსაკუთრებით ცენტრალურ და ჩრდილოეთის შტატებში. ისინი, ასევე, საუბრობენ ქვეყნის ჩრდილოეთში არსებულ დისკრიმინაციაზე ეკლესიის მშენებლობისთვის მიწაზე ნებართვისა და უნივერსიტეტებში ჩაბარების კუთხით.

დამკვირვებლების მტკიცებით, გარკვეულ შემთხვევებში ძალადობისა და მკვლელობების მოტივი რელიგია მხოლოდ ნაწილობრივაა და სხვა ფაქტორები, როგორიცაა ეთნიკური კომპონენტი, კორუფცია, კრიმინოგენული ვითარება და კონფლიქტი საძოვრების გამო, არანაკლებ მნიშვნელოვანია.[1]

წყაროები რელიგიური მოტივით ძალადობის ძირითად წყაროდ ტერორისტულ დაჯგუფება „ბოკო ჰარამს“ განიხილავენ. ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2018 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ 2009 წლამდე „ბოკო ჰარამის“ მთავარ სამიზნეს ქრისტიანები არ წამოადგენდნენ. მაგალითად, 2003 წლის 24 დეკემბერს (შობის ღამეს) განხორციელებული თავდასხმა პოლიციის განყოფილებაზე არანაირ კავშირში არ ყოფილა რელიგიურ სიმბოლიზმთან. მიდგომა შეიცვალა 2009 წლის შემდეგ, როდესაც დაჯგუფებამ „ამბოხებიდან ტერორიზმისკენ“ დაიწყო ტრანსფორმაცია. აღნიშნულ გარდაქმნას მკვლევარები ხსნიან „საერთაშორისო აუდიენციის“ ყურადღების მიქცევის სურვილით. დასავლეთის მედია, უპირველესად, ქრისტიანებზე თავდასხმას უფრო დაუთმობს ყურადღებას, ვიდრე ისლამური სექტის შიგა ბრძოლას. ასეა თუ ისე, ამჟამად „ბოკო ჰარამი“ თავს მიიჩნევს გლობალური წმინდა ომის ნაწილად, როდესაც თავს აჩვენებს ქრისტიანი აგრესორებისგან მუსლიმების დამცველად. 2014 წელს „ბოკო ჰარამის“ სამიზნე უფრო ხშირად ეკლესიები იყო, ვიდრე მეჩეთები. წყაროები ამ ფაქტს იმით ხსნია, რომ „ბოკო ჰარამი“ ქრისტიანობას მჭიდროდ აკავშირებს დასავლეთთან, ქვეყნის სეკულარულ მთავრობასა და ნიგერიის სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან, რომლებიც ადგილობრივი გავლენის მოპოვების პროცესში მისი მეტოქეები არიან. 2014 წლის თებერვალში დაჯგუფებამ 106 ქრისტიანი მოკლა იზგეში (კამერუნის საზღვართან ახლოს). წყაროების თანახმად, ტერორისტებმა გააცალკევეს მუსლიმები და ქრისტიანები და ქრისტიანები იქვე დახოცეს. 2016 წლის 4 აგვისტოს აბუ მუსაბ ალ-ბარნავიმ, რომელიც თავს „ბოკო ჰარამის“ ახალ ლიდერად მოიხსენიებდა, ფიცი დადო, რომ ამიერიდან მისი სამიზნე იქნებოდნენ ქრისტიანები და ეკლესიები და დასრულდებოდა იერიშები მეჩეთებსა და რიგით მუსლიმებზე. ეს იყო უდიდესი ცვლილება ნიგერიელი ექსტრემისტების სტრატეგიაში, რომელთაც მეჩეთებზე თავდასხმებისას, გაცილებით მეტი მუსლიმი ჰყავდათ მოკლული, ვიდრე ქრისტიანი.

2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ბოკო ჰარამს“ 250 ქრისტიანი ჰყავდა მოკლული. აღნიშნული მაჩვენებელი 2 450 შეადგენდა 2015 წლის ივნისიდან 2018 წლის ივნისამდე პერიოდისთვის.

ნიგერიის ჩრდილოეთ შტატებში, სადაც ქრისტიანები უმცირესობაში არიან, მუსლიმებისთვის მოქმედებს შარიათის კანონები; შარიათის კანონები, ასევე, გამოიყენება იმ არა მუსლიმთა მიმართ, ვინც სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივ დავას აწარმოებს მუსლიმებთან. გავრცელებული ინფორმაციით, იმ შტატებში, სადაც შარიათია გამოცხადებული, რელიგიური უმცირესობები განიცდიან დისკრიმინაციას და არიან მძიმე სასჯელების მსხვერპლნი. იმ შტატებში, სადაც ამის დისკრეცია არსებობს, საერთო სამართლის სასამართლოები განიხილავენ არა მუსლიმების და ასევე იმ მუსლიმების საქმეებს, რომლებიც არ ირჩევენ შარიათის სასამართლოებს. წინა წლებისგან განსხვავებით, ქრისტიანულ ჯგუფებს აღარ გაუვრცელებიათ ინფორმაცია, ჩრდილოეთ შტატებში არა მუსლიმთა შარიათის სასამართლოში მათი ნების საწინააღმდეგოდ გამოცხადების შესახებ. წყაროების ცნობით, ქრისტიანთა უმრავლესობამ ისწავლა, რომ მათ აქვთ უფლება უარი თქვან შარიათის სასამართლოში გამოცხადებაზე და იყენებენ ამ უფლებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თავად გადაწყვეტენ ასეთ სასამართლოებში მისვლას.

დავათა კონსტრუქციული გადაწყვეტის აფრიკული ცენტრის თანახმად, 1999 წლის შემდეგ, ნიგერიის ყველაზე სერიოზული რელიგიურად მოტივირებული კონფლიქტები დაკავშირებულია „ბოკო ჰარამთან“. დაჯგუფება ცდილობს ძირითადად მუსლიმებით დასახლებულ ჩრდილოეთში შარიათზე დაფუძნებული მმართველობა დანერგოს. გარდა „ბოკო ჰარამისა“, ქრისტიანული ორგანიზაციები და თემების ლიდერები მუდმივად აცხადებენ, რომ ჩრდილოეთის ლიდერები ცდილობენ ქვეყნის ისლამიზაციას. ამის დასტურად, მათ შორის, მოჰყავთ არასამთავრობო ორგანიზაციების მარეგულირებელი კანონპროექტი, რომელიც ფედერალურ ხელისუფლებას მისცემს ეკლესიების კონტროლის საშუალებას, რადგან ეკლესიები, რეგისტრაციის სტატუსით, არასამთავრობო ორგანიზაციების კატეგორიის ქვეშაა. სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის მტკიცებით, აღნიშნული აქტის ნამდვილი მიზანი ნიგერიაში ისლამის გავრცელებაა.[2]

თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში არ მოიძებნა სხვა დამატებითი ინფორმაცია ქრისტიანებისა თუ კონვერტირებული ქრისტიანების მიმართ დამოკიდებულების შესახებ ქვეყნის სამხრეთ, კონკრეტულად ლაგოსისა და რივერსის შტატებში.

შეჯამება

ნიგერიის კონსტიტუცია კრძალავს სახელმწიფო რელიგიის დაწესებას და აღიარებს რელიგიის არჩევისა და შეცვლის თავისუფლებას. ქვეყნის მოსახლეობა თითქმის თანაბრადაა გაყოფილი ქრისტიანებად და მუსლიმებად. წყაროები ქრისტიანების მიმართ ძალადობის ძირითად წყაროდ ტერორისტულ დაჯგუფება „ბოკო ჰარამს“ ასახელებენ. დაჯგუფება ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებშია აქტიური. ბოლო პერიოდში ნიგერიის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შედეგად, აღნიშნულ რეგიონებშიც საგრძნობლად სუსტდება „ბოკო ჰარამის“ პოზიციები. ქრისტიანები დისკრიმინაციასა და მათი უფლებების დარღვევებს, ძირითადად, ჩრდილოეთ და ცენტრალურ შტატებში უჩივიან.

ნიგერიის ჩრდილოეთ შტატებში უმრავლესობას მუსლიმები წარმოადგენენ და იქ შარიათის კანონები მოქმედებს. ცენტრალური შტატები შერეული რელიგიური კომპოზიციისა. სამხრეთ შტატებში კი უმრავლესობას ქრისტიანები წარმოადგენენ. ლაგოსისა და რივერსის შტატები ნიგერიის სამხრეთით მდებარეობს. აღნიშნულ შტატებში „ბოკო ჰარამი“ არ არის აქტიური, ქრისტიანები კი უმრავლესობას წარმოადგენენ. შესწავლილ წყაროებში არ მოიძებნა ინფორმაცია ქრისტიანებისა თუ კონვერტირებული ქრისტიანების მიმართ ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების, დევნის, დისკრიმინაციისა თუ შევიწროვების შესახებ ქვეყნის სამხრეთ, კონკრეტულად ლაგოსისა და რივერსის შტატებში.

[1] USDOS – US Department of State: 2017 Report on International Religious Freedom – Nigeria, 29 May 2018

 (accessed on 27 February 2019)

[2] EASO – European Asylum Support Office: Nigeria; Targeting of individuals, November 2018

 (accessed on 27 February 2019)

ნიგერია. დელტასა და ლაგოსში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. სექტემბერი, 2018

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში ფართო და ძლიერი სამოქალაქო სექტორია. სხვადასხვა ორგანიზაციის წევრები ხდებიან დაშინებისა და ფიზიკური ზიანის მსხვერპლები, როდესაც საუბრობენ დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ (Boko Haram) წინააღმდეგ ან აწყდებიან დაბრკოლებებს, როდესაც ცდილობენ გამოიძიონ სავარაუდო ადამიანის უფლებათა დარღვევები სამხედრო ძალების მხრიდან „ბოკო ჰარამის“ სავარაუდო წევრების მიმართ. იგივე პრობლემებს აწყდებიან დელტას რეგიონში (Niger Delta Region) მოქმედი ორგანიზაციები. ძალადობრივი დანაშაული ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს; სერიოზული პრობლემაა ასევე ნარკოტიკისა და მსუბუქი შეიარაღების გადაზიდვა. გატაცებები ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენს დელტასა და სამხრეთით მდებარე აბიას (Abia), იმოსა (Imo) და ანამბრას (Anambra) შტატებში.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2017/2018 წლების ანგარიშში ნიგერიის შესახებ წერს, რომ ნავთობის წარმოებასთან დაკავშირებული გარემოს დაბინძურება კვლავ ძირს უთხრის დელტას საზოგადოებების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. 2017 წლის აგვისტოში, მოქმედმა პრეზიდენტმა იემი ოსინბაჯომ სამხედროების იერ ადამიანის უფლებების დარღვევების საგამოძიებო პანელი შექმნა. აღნიშნული ერთეული 11 სექტემბერიდან 8 ნოემბრის ჩათვლით მოქმედებდა დედაქალაქ აბუჯაში (Abuja) და ქალაქებში მაიდუგური (Maiduguri), ენუგუ (Enugu), პორტ ჰარკოტი (Port Harcourt), ლაგოსი (Lagos) და კადუნა (Kaduna). ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლავ გრძელდებოდა გამოსახლებები – ხელისუფლებამ ლაგოსში, იმოსა და რივერსში ათასობით მაცხოვრებელი გამოასახლა ყოველგვარი გაფრთხილების, კომპენსაციისა თუ ალტერნატიული განსახლების შეთავაზების გარეშე. ლაგოსის შტატში, 2017 წლის მარტი-აპრილის პერიოდში 5 ათასზე მეტი პირი გამოასახლეს იძულებით ოტოდო-გბამესა (Otodo-Gbame) და ილუბირინის (Ilubirin) თემებიდან. გამოსახლების დროს, პოლიციამ უიარაღო მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა; მათგან ერთი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება არ ჩატარებულა. გამოსახლებები გრძელდებოდა მომდევნო თვეებშიც. 15 ნოემბერს, ლაგოსში პოლიციამ დააკავა 158 პირი, მათ შორის 6 ორსული ქალი, რომლებიც გამოსახლებებს აპროტესტებდნენ. 21 ივნისს ლაგოსის სასამართლომ იძულებითი გამოსახლება და გამოსახლებით დამუქრება არაკონსტიტუციურია და უთანაბრდება არა ადამიანურ და ღირსების შემლახავ ქმედებას.

2017 წლის აგვისტოში 12-დან 28 წლამდე ასაკის 42 მამაკაცი დააპატიმრეს ლაგოსის ერთერთ სასტუმროში, სადაც ისინი აივ ინფექციის ინტერვენციის პროგრამას ესწრებოდნენ. მათ ბრალი დასდეს „ჰომოსექსუალურ აქტივობებში მონაწილეობაში“. პოლიციამ ისინი მედიით უჩვენა საზოგადოებას. სიკვდილით დასჯის სასჯელად გამოყენება კვლავ გრძელდებოდა; საანგარიშო წლის განმავლობაში სიკვდილით დასჯის აღსრულების ფაქტი არ ყოფილა.[2]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი (ACCORD) ნიგერიაში უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების შესახებ 2018 წლის 26 ივლისს განახლებულ ინფორმაციაში წერს, რომ სამხრეთით მდებარე დელტა (Niger Delta), პარადოქსულად, რესურსებით მდიდარი, მაგრამ ღარიბი და დაბალი უსაფრთხოების მქონე შტატია. ადგილობრივთა ნავთობისა და გაზის მოპოვებასთან, ინფრასტრუქტურულ საკითხებთან, სიღარიბესთან, უმუშევრობასთან, რეგიონის ნავთობიდან მიღებულ შემოსავალთან და მისი ეროვნულ პოლიტიკაში მარგინალიზაციის საკითხთან დაკავშირებულმა საჩივრების ერთობლიობა 2006 წელს ამბოხში გადაიზარდა. დელტაში მიმდინარე კონფლიქტისთვის დამახასიათებელი გახდა ნავთობის ინფრასტრუქტურის დაზიანება და ნავთობის მოპარვა, საპროტესტო აქციები ნავთობის გამო გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ, გატაცებები გამოსასყიდის მიღების მიზნით, სამოქალაქო უსაფრთხოების არ არსებობა და თემური ძალადობა. რეგიონში მოქმედი სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფების მოთხოვნები სხვადასხვაა; ძირითადად, ისინი ითხოვენ ფართო ავტონომიას და მეტ შემოსავალს ნავთობის პროდუქციიდან.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ნიგერიის ცენტრალურ შტატებში, ისევე როგორც სამხრეთით მდებარე ედოს (Edo), ებონისა (Ebonyi) და კოგის (Kogi) შტატებში, ხშირია დაპირისპირებები მწყემსებსა და ფერმერებს შორის, რასაც თან სდევს მსხვერპლი, ქონების დაზიანება და მოსახლეობის გადაადგილება.

იმის ფონზე, რომ ძალადობრივი ინციდენტები შემცირებულია დელტასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, სამხედრო დაჯგუფებები იმუქრებიან იერიშების განახლებით. დელტას რეგიონში შეიარაღებული ძალადობის დონე რჩება დაბალი, რაც ამნისტიის პროგრამის, დელტას ზოლის ექვს შტატში ახალი სამხედრო ძალის განლაგებისა და ადგილობრივი, რეგიონული და სახელმწიფო ლიდერების სამშვიდობო ინიციატივების შედეგია. კრიმინალური ჯგუფები კვლავ აგრძელებენ ფულის გამოძალვის მიზნით მოსახლეობის გატაცებებს დელტას შტატსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში. მაგალითად, პრესის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა რივერის შტატის კალაბარში, ივნისში გაიტაცეს ცემენტის კომპანიაში დასაქმებული 7 პირი. გამტაცებლებმა ისინი რამდენიმე დღეში უვნებლად გაათავისუფლეს.[3]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – Nigeria, 28 May 2018, available at:

[accessed 28 September 2018]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Nigeria, 22 February 2018, available at:

[accessed 28 September 2018]

[3] ACCORD; Nigeria: Security Situation; 26 July, 2018; available at: https://www.ecoi.net/en/countries/nigeria/featured-topics/security-situation/ [accessed 28 September 2018]