სერბეთი. სასამართლო; საპატიმროები; ლგბტი; აივ-შიდსი. ოქტომბერი, 2019

სერბეთი კონსტიტუციური, მრავალპარტიული, საპარლამენტო დემოკრატიაა. ქვეყანაში ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 2016 და 2017 წლებში ჩატარდა. საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არჩევნები შეფასდა როგორც ძირითადად თავისუფალი. 2017 წელს ქვეყნის პრეზიდენტად ალექსანდარ ვუჩიჩი (სერბეთის პროგრესული პარტია) აირჩიეს. სამოქალაქო ხელისუფლება უსაფრთხოების ძალების ეფექტურ კონტროლს ახორციელებს. ადამიანის უფლებათა დარღვევები ქვეყანაში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა კორუფცია მთავრობაში, ძალადობა ჟურნალისტების და ლგბტი თემის მიმართ.[1]

საპატიმრო პირობები – ბევრი ციხე და დაკავების ცენტრი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. საპატიმრო პირობები მძიმეა, რაც გამოწვეულია გადატვირთულობით და არასათანადო ჯანდაცვით. იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, საპატიმრო დაწესებულებების ტევადობა 9800-მდე გაიზარდა, თუმცა პატიმართა რაოდენობა 2018 წელს 10600 იყო. ხელისუფლება სათანადოდ იძიებს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. საპატიმრო დაწესებულებებში, კანონის შესაბამისად, დაიშვებიან დამოუკიდებელი დამკვირვებლები. 2018 წელს ბელგრადის რაიონული ციხე და სპეციალური საპატიმრო ჰოსპიტალი სრულად იქნა რეაბილიტირებული.[2]

წამების პრევენციის კომიტეტის ბოლო ვიზიტი სერბეთში 2017 წელს შედგა და ძირითადად ფოკუსირებული იყო წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებზე. კომიტეტის შეფასებით, ყველა იმ წინასწარი პატიმრობის დაწესებულებაში, სადაც ვიზიტი განხორციელდა, პატიმრები არ უჩივიან არასათანადო ფიზიკურ მოპყრობას. კომიტეტი აღნიშნულს დადებითად აფასებს. ისევე როგორც 2015 წლის ვიზიტისას, 2017 წელსაც კომიტეტი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ არ ახორციელებს ციხეებში ჯანდაცვის სერვისების ფუნქციონირების სრულ ინსპექტირებას. ასევე, არ შეინიშნება განვითარება ციხეებში ჯანდაცვაზე პასუხისმგებლობის ჯანდაცვის სამინისტროზე გადაცემის კუთხით. სამედიცინო პერსონალის კუთხით ვითარება დამაკმაყოფილებელია. ზოგადად, ყველა ახალი პატიმარი 24 საათის განმავლობაში გადის სამედიცინო შემოწმებას, რაც გულისხმობს ვიზუალურ დათვალიერებას, ანამნეზს და ძირითად გასაუბრებას. თუმცა, წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სამედიცინო შემოწმება მხოლოდ გასაუბრებით შემოიფარგლება. „B“, „C“ ჰეპატიტისა და „HIV“ ტესტის ჩატარება გათვალისწინებულია ყველა ახალი პატიმრისთვის და იმ დაწესებულებებში, რომელიც კომიტეტმა მოინახულა, აღნიშნული ტესტი ძირითადად ტარდება.[3]

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა – სერბეთის კონსტიტუცია ადგენს სასამართლოს დამოუკიდებლობას, თუმცა სისტემა მოწყვლადია კორუფციისა და პოლიტიკური გავლენის მიმართ. წყაროები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად გარკვეული წინსვლისა, პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე მაინც რჩება შეშფოთების საგნად. ამჟამინდელი საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ნორმები კვლავ ტოვებს სივრცეს სასამართლო ხელისუფლებაზე პოლიტიკური გავლენის შესანარჩუნებლად. აღნიშნული საკითხი ევროკავშირის სტრუქტურების მიერ მომზადებულ სხვადასხვა ანგარიშში შეშფოთების საგანს წარმოადგენს.[4] სასამართლოს დამოუკიდებლობაზე პოლიტიკური ზეგავლენის ინსტრუმენტს მოსამართლეთა დანიშვნა წარმოადგენს და ბევრი მოსამართლე განიცდის გარე წნეხს. პოლიტიკოსები რეგულარულად საუბრობენ სასამართლო საქმეებზე, მათ შორის განიხილავენ მიმდინარე საქმეებსა და ძიებას მედიის საშუალებით.[5]

ლგბტი თემის უფლებები – მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით აკრძალულია დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული კუთვნილების კუთხით, საკანონმდებლო ბაზა კონკრეტულად არ განსაზღვრავს სფეროებს, სადაც დისკრიმინაცია აკრძალულია; თუმცა, ზოგადად, მიიჩნევა, რომ საუბარია განსახლებაზე, დასაქმებაზე, მოქალაქეობის შესახებ კანონზე, ჯანდაცვასა და სახელმწიფო სერვისებზე წვდომაზე. ხელისუფლება ეფექტურად არ აღასრულებს აღნიშნულ კანონმდებლობას და ძალადობა და დისკრიმინაცია ლგბტი თემის მიმართ სერიოზული პრობლემაა. ტრანსგენდერ პირებს არ აქვთ უფლება განაახლონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მიუთითონ გენდერული კუთვნილება, ვიდრე არ გაიკეთებენ სქესის შეცვლის ოპერაციას. ადგილობრივი ორგანიზაციების ინფორმაციით, ქვეყანაში 500 ათასამდე ლგბტი პირია. წყაროები საუბრობენ ხალხში ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ძალისხმევის ნაკლებობაზე. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ლგბტი თემის დისკრიმინაცია გრძელდება. 2018 წლის 16 სექტემბერს, ბელგრადში ზედიზედ მეხუთედ გაიმართა „ღირსების მარში“, რომელმაც სერიოზული ექსცესებისა და ინციდენტების გარეშე ჩაიარა.[6] 2017 წელს სერბეთის პრემიერი პირველად გახდა ღიად ლგბტი თემის წარმომადგენელი ქალი ანა ბრნაბიჩი. კრიტიკოსების მტკიცებით, მისი დანიშვნა იყო ფორმალური ჩვენება იმისა, რომ თითქოს ქვეყანა ღიაა ლგბტი თემის მიმართ, თუმცა ამას არ მოჰყოლია სისტემური ძალისხმევა და თემისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკის გატარება. ლგბტი პირები კვლავ აწყდებიან სიძულვილის ენას, მუქარებს და ფიზიკურ ძალადობასაც; დამნაშავეები კი იშვიათად ისჯებიან. მიუხედავად ამისა, წყაროები აღნიშნავენ, რომ მთავრობამ ლგბტი პირების უფლებების დაცვისკენ მიმართული რიგი ნაბიჯები გადადგა. გასულ წელს გამართულ „ღირსების მარშს“ დაესწრო პრემიერი ბრნაბიჩი.[7] ადგილობრივი ლგბტი უფლებების დამცველი ორგანიზაციის „DA SE ZNA!“ ინფორმაციით, გასული წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში ლგბტი თემის წინააღმდეგ 9 ინციდენტს ჰქონდა ადგილი, მათ შორის 4 ფიზიკური იერიში და 5 მუქარისა და დაშინების ფაქტი იყო.[8]

აივ ინფექცია/შიდსი – სამთავრობო ოფიციალური პირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, სერბეთში აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულ პირთა მიმართ საგრძნობი ცრურწმენები არსებობს საჯარო ცხოვრების ყველა ასპექტში, მათ შორის დასაქმების, განსახლების და საჯარო სერვისებზე წვდომის კუთხით. სერბეთის მოსახლეობის 92%-ს აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულ პირთა მიმართ დისკრიმინაციული განწყობა აქვს. აივ ინფექცია/შიდსით დაავადებული პირების უმრავლესობა ცდილობს არ გაამჟღავნოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მხოლოდ ნახევარი უმხელს დაავადების არსებობის შესახებ ოჯახის წევრებს. მთავრობამ დაამტკიცა აივ ინფექცია/შიდსის პრევენციისა და კონტროლის 2018-2025 წლების სტრატეგია, რომელიც აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულ პირთა უფლებებისა და დისკრიმინაციისგან დაცვისკენაა მიმართული.[9]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Serbia, 13 March 2019

 (accessed on 15 October 2019)

[2] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Serbia, 13 March 2019

 (accessed on 15 October 2019)

[3] CoE-CPT – Council of Europe – European Committee for the Prevention of Torture and Inhuman or Degrading Treatment or Punishment: Report to the Government of Serbia on the visit to Serbia carried out by the European Committee for the Prevention of Torture and Inhuman or Degrading Treatment or Punishment (CPT) from 31 May to 7 June 2017 [CPT/Inf (2018) 21], 21 June 2018

 (accessed on 15 October 2019)

[4] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Serbia, 13 March 2019

 (accessed on 15 October 2019)

[5] Freedom House: Freedom in the World 2019 – Serbia, 4 February 2019

 (accessed on 15 October 2019)

[6] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Serbia, 13 March 2019

 (accessed on 15 October 2019)

[7] Freedom House: Freedom in the World 2019 – Serbia, 4 February 2019

 (accessed on 15 October 2019)

[8] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Serbia/Kosovo, 17 January 2019

 (accessed on 15 October 2019)

[9] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Serbia, 13 March 2019

 (accessed on 15 October 2019)

განა. სექსუალური უმცირესობის მიმართ დამოკიდებულება. იანვარი, 2019

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი განაში ადამიანის უფლებების კუთხიარსებული მდგომარეობის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2017 წელი) წერს, რომ განაში იგივე სქესის პირთა შორის სექსუალური აქტი სისხლის სამართლით დასჯადი დანაშაული, თუმცა, პრაქტიკაში მისი აღსრულება ნაკლებად გხვდება.

კანონი არ კრძალავს სქესობრივი და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციას და, ასევე, დასჯად ქმედებად მიიჩნევს „არაბუნებრივ სექსუალურ კონტაქტს“, რომელშიც მოისაზრებს „არაბუნებრივი გზით განხორციელებულ სექსუალურ აქტს ადამიანთან ან ცხოველთან“. აღნიშნული სასჯელი ვრცელდება მამრობითი სქესის  პირთა შორის სექსუალურ ურთიერთობაზე და, ასევე, ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებზე. ამას გარდა, ვრცელედებოდა ცნობები, რომ აღნიშნულ კანონს ასევე უსადაგებდნენ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალურ ურთიერთობასაც.

ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენედერი და ინტერსექსუალი პირების მიმართ ფიქსირდებოდა ფართო დისკრიმინაცია განათლებისა და დასაქმების კუთხით. „განას ადამიანის უფლებათა და ადმინისტრაციული სამართლის კომისიის“ (CHRAJ) მიხედვით, გასული წლის ივნისის მდგომარეობით, კომისიაში შესული იყო 41 განცხადება ლგბტი პირების მიმართ სექსუალური იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის გამო. ლგბტი პირები, ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე, ექვემებარებოდნენ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და გამოძალვას. ვრცელდებოდა ცნობები, რომ პოლიციის წარმომადგენლები არ ან არასათანადოდ იძიებდნენ ლგბტი პირების მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევებს.

მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა ცნობები მთავრობის ან პოლიციის მხრიდან ლგბტი პირების მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, სტიგმა, პოლიციის მხრიდან დაშინებები და, ზოგადად, პოლიციელთა დამოკიდებულება ლგბტი პირების მიმართ, ხელს უშლიდა მათ, რომ განეცხადებინათ ძალადობის ინციდენტთა შესახებ.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International განას შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2017-2018 წლები) წერს, რომ მამაკაცთა შორის ნებაყოფლობითი სექსუალური ურთიერთობა კვლავ რჩებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად. ლგბტი პირების მიმართ ფიქსირდებოდა დისკრიმინაციის, ძალადობის და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის, ასევე, საზოგადოების წარმომადგენლეთა  მხრიდან გამოძალვის შემთხვევები. თებერვალში ქვეყნის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ „კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს და ჰომოსექსუალიზმი უნდა გახდეს სრულიად უკანონო და დასჯადი“. ამას გარდა, მარტში მან ასევე თქვა, რომ -„განაში არ მოხდება ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაცია, რადგან ასეთმა პროცესმა შეიძლება შემდგომ ზოოფილიისა და ინცესტის ლეგალიზაციამდე მიგვიყვანოს“.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House განას შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ განაში ადამიანის უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების პატივისცემის კუთხით, როგორც წესი, ძალიან კარგი მდგომარეობაა, ქალებისა და ლგბტი პირების მიმართ დისკრიმინაცია კვლავ გრძელდება“.[3]

არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch 2018 წლის 8 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში სახელწოდებით „განა – ძალადობა და დისკრიმინაცია ლგბტი პირების მიმართ“ წერს, რომ ლგბტი თემის წარმომადგენელი განელები, როგორც საზოგადოების, ასევე, ოჯახების მხრიდან განიცდიან ხშირ დისკრიმინაციას. „სისხლის სამართლის დანაშაულთა“ 1960 წლის აქტის მიხედვით, „არაბუნებრივ სექსუალურ კონტაქტი“ წარმოადგენს დასჯად დანაშაულს, რაც, შესაბამისი ორგანოების მიერ ლგბტი პირების პრობლემებზე არასაკმარის ყურადღების მიქცევასთან  ერთად, მათ (ლგბტი პირებს) „მეორე კლასის მოქალაქეებად“ აქცევს. მართალია, პოლიციისა და „განას ადამიანის უფლებათა და ადმინისტრაციული სამართლის კომისიის“ (CHRAJ) წარმომადგენლებმა სიტუაციის გაუმჯობესების კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადადგეს, მაგრამ ლგბტი პირები კვლავ არიან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის, გამოძალვის და დისკრიმინაციის მსხვერპლნი მათი ყოველდღიური ცხოვრების მრავალ ასპექტში.

Human Rights Watch-მა, 2016-2017 წლების განმავლობაში გამოკითხა 114 ლგბტი პირები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, მათმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული კანონი ქმნის იმის წინაპირობას, რომ განაში ლგბტი პირთა მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია რუტინულია. თუმცაღა, აღნიშნული კანონი პრაქტიკაში თითქმის არასდროს არ გამოიყენება.

ანგარიშის მიხედვით, განას საპოლიციო სამსახურმა ზოგიერთ შემთხვევაში, სათანადოდ რეაგირება მოახდინა ლგბტი პირების მიმართ განხორციელებული კანონდარღვევების დროს. მაგალითად, ქ. ტამალეში გეი მამაკაცების მიმართ ყალბი ბრალდებისა და შანტაჟის მცდელობების დროს. ამას გარდა, „განას ადამიანის უფლებათა და ადმინისტრაციული სამართლის კომისიის“ (CHRAJ) აქვს საკუთარი ონლაინ პორტალი, სადაც ფიქსირდება სექსუალური იდენტობის ნიშნით მოტვირებული ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევები. კომისიამ უკვე დაამუშავა 36 შემთხვევა. [4]

იგივე Human Rights Watch 2018 წლის 26 ივნისს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში წერს, რომ გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა უკიდურესი სიღარიბისა და ადამიანის უფლებათა საკითხებზე – ფილიპ ალსტონმა, განას მთავრობას მოუწოდა, მოეხდინა სრულწლოვან, იგივე სქესის წარმომადგენლებს შორის ნებაყოფლობითი სექსუალური ურთიერთობის დეკრიმინალიზაცია, რათა სათანადოდ დაცული ყოფილიყო ლგბტი პირთა უფლებები.

სპეციალურმა წარმომადგენელმა გამოთქვა შეშფოთება იმ საკითხზე, თუ რამდენად უშლის ხელს ლგბტი პირებს საზოგადოების მხრიდან სტიგმა და დისკრიმინაცია, იპოვნონ სათანადო სამუშაო ადგილი.

ანგარიშში ასევე დაფიქსირებულია HRW მკვლევარის – ვენდი აიზეკის მოსაზრებაც. „როდესაც მე 2016-2017 წლების განმავლობაში განაში გამოვკითხე ლგბტი პირები, აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პირებს ძალიან იშვიათად ასამართლებენ, ჰომოსექსუალიზმის ამკრძალავი კანონი ხელს უწყობს ძალადობას ლგბტი პირების მიმართ და, ასევე, ქმნის სათანადო, მთავრობის მიერ ნებადართულ ნიადაგს დასაქმების, განათლების და ჯანდაცვის სერვისების კუთხით აღნიშნული უმცირესობის წარმომადგენლების დისკრიმინაციისა.“[5]

შეჯამება

ზემოხსენებულ წყაროთა ერთობლიობის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ განაში ლგბტი პირების (მათ შორის – ბისექსუალთა) უფლებების კუთხით მდგომარეობა არაერთგვაროვანია. მართლია, არსებობს კანონი, რომელიც ჰომოსექსუალიზმს მიიჩნევს სისხლის სამართლის დანაშაულად, თუმცა პრაქტიკაში ის თითქმის არასდროს გამოიყენება. თუმცა, უყურადღებოდ არ შეიძლება დავტოვოთ ინფორმაცია, რომელსაც თითქმის ყველა წყარო იმეორებს – აღნიშნული კანონი და საზოგადოების, ზოგჯერ კი პოლიციის მხრიდანაც, დამოკიდებულება, ხშირად აისახება ლგბტი პირების მიმართ განხორციელებულ ძალადობის, დისკრიმინაციისა თუ გამოძალვის შემთხვევებში. წყაროთა მიხედვით, დისკრიმინაცია ყველაზე ხშირად და ნათლად ფიქსირდება განათლებისა და დასაქმების კუთხით.

[1] United States Department of State, Country Report on Human Rights Practices 2017 – Ghana available at

[accessed 24 January 2018]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Ghana, 22 February 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5a9938f94.html [accessed 24 January 2019]

[3] Freedom House, Freedom in the World 2018 – Ghana, 15 March 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5ab8bd2da.html [accessed 25 January 2019]

[4] Human Rights Watch, Ghana: Discrimination, Violence against LGBT People, 8 January 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5a8eb099a.html [accessed 25 January 2019]

[5] Human Rights Watch, UN expert spotlights LGBT poverty in Ghana, 26 June 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5b87de45a.html [accessed 25 January 2019]