ეგვიპტე. შიდსის პროგრამა და მასზე ლგბტი პირების წვდომა. სექტემბერი, 2019

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით, ეგვიპტე კლასიფიცირებულია, როგორც აივ / შიდსის დაავადების დაბალი ეპიდემიური საშიშროების მქონე სახელმწიფო. ქვეყნის ჯანდაცვისა და მოსახლეობის სამინისტროს მიხედვით, 1986 წლიდან 2008 წლის აგვისტოს ბოლოს პერიოდში, დაფიქსირებულია აივ / შიდსით დაავადებული 2393 პირი (1534 აივ ინფექცია; ხოლო 859 – შიდსით დაავადებული), რაც შეეხება დაღუპულ პირთა რაოდენობას, 2008 წლის ბოლოსთვის აღნიშნული რიცხვი 1059 უდრიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს შიდსის აქტიური ეროვნული პროგრამა (Egypt National AIDS Program), რომელიც მოიცავს ნებაყოფლობითი ტესტირების; საკონსულტაციო მომსახურებას და ანტირეტროვირუსული თერაპიაზე წვდომას, ეგვიპტეში უამრავი გამოწვევა დგება აივ/ შიდსის დაბალი პრევალენტობის შენარჩუნებაში. მაგალითად, ამის მიზეზი შეიძლება იყოს: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკისა და ზედამხედველობის სუსტი სისტემა; რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციაზე სუსტი წვდომა; დევნილთა შემოდინება სუდანიდან და მეზობელი „აფრიკის რქის“ ქვეყნებიდან; საზღვარგარეთ მომუშავე ეგვიპტელთა დიდი რაოდენობა, რომლებიც შეიძლება შინ აივ ინფექციით დაუბრუნდნენ; გავრცელებული შიში და სტიგმა და ა.შ.[1]

გაეროს საერთო აივ/შიდსის პროგრამა (UNAIDS) 2017 წელს გამოქვეყნებულ სამონიტორინგო ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერდა, რომ „ 2015 წლის ბოლოსთვის ეგვიპტეში აივ-ინფექციით დააადებული იყო 11 000 ადამიანი; ხოლო ამჟამად, შიდსით დაავადებული თითქმის 3000 ადამიანი იღებს ART თერაპიას ეგვიპტის მთავრობის მიერ უფასოდ მიწოდებული სამკურნალო პროგრამის საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში მკურნალობა ძირითადად გლობალური ფონდის მიერ გამოყოფილ რესურსებს ეყრდნობოდა, 2014 წლიდან მოყოლებული, ეგვიპტის მთავრობამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა, რომ ყველა ART თერაპიის დასაფინანსებლად გამოეყენებინა ქვეყნის შიდა რესურსები. ამას გარდა, ქვეყანაში დანერგილია თანამედროვე, აივ-თერაპიის სახელმძღვანელო პრინციპები (Guidelines). ასევე, აღსანიშნავია, რომ ეგვიპტოს ჯანდაცვისა და მოსახლეობის სამინიტროს მიერ მიწოდებული ყველანაირი ტიპის სამკურნალო თუ მოვლა-გამაჯანსაღებელი სერვისები, აივ-ინფექციით დაავადებული ყველა პირისთვის არის სრულიად უფასო“.

ანგარიშში ასევე მოცემულია კონკრეტული რისკ-ჯგუფები და მათ მიმართ არსებული მოქმედი კანონმდებლობა. მაგალითად, ტრანსგენდერი პირების შემთხვევაში არ მოქმედებს სისხლისამართლებრივი დევნა და ისინი არ იდევნებიან; სექს-მუშაკების შემთხვევაში, სიტუაცია განსხვავებულია, რადგან  სექსუალური მომსახურების ყიდვა-გაყიდვა ეგვიპტეში კრიმინალიზებულია; რაც შეეხება მამაკაცებს, რომელთაც სექსუალური ურთიერთობა აქვთ სხვა მამაკაცებთან, აღნიშნული სეგმენტისთვის არ არის განსაზღვრული კონკრეტული სასჯელი (თუმცა, მითითებულია, საჯარო სივრცეში სექსი და, ასევე, მათ მიერ სექსუალური მომსახურების ყიდვა-გაყიდვა. სისხლისამართლებრივი წესით დასჯად დანაშაულს წარმოადგენს).

ამას გარდა, ანგარიშის სხვა ნაწილში მითითებულია, რომ „აივ პრევენციისა და ზრუნვის კუთხით სამართლებრივი გარემო რთული და სწრაფად ცვალებადია. ახალი კონსტიტუციის მე-18 მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის უფლებას ყველასთვის….. ჩვეულებრივ, მამაკაცებს შორის სექსი სისხლისსამართლებრივ დევნის კუთხით ხშირად განიხილება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, კერძოდ – გარყვნილება“. ამას გარდა, „ჯანდაცვის სფეროში დისკრიმინაციის საწინააღმდეგო რეგულაციები არსებობს, მაგრამ დაინტერესებულ მხარეთა უმეტესობა აღიარებს, რომ იმ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისთვის, რომლებიც პირებს დისკრიმინაციას უქვემდებარებენ, სასჯელი იშვითად თუ ინიშნება.“ [2]

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიხედვით, ეგვიპტეში საკმაოდ რთულია პრევენციული სერვისების მიწოდება მოსახლეობის იმ მოწყვლადი ნაწილისთვის, რომელიც ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არის, რადგან მათი ქცევა და ცხოვრების წესი, ეგვიპტური კანონის მიხედვით, განიხილება, როგორც დანაშაული. როდესაც საქმე ეხება ტესტირების, ზრუნვის, დამხმარე და სამკურნალო სერვისების მიწოდებას აივ–ინფექციით დაავადებული პირებისთვის, დაზარალებულთა უმეტესობის შემთხვევაში, ის საკმარისად ადრეულ ასაკში არ ტარდება. გარდა ამისა, მკურნალობის პირველ წელს ფიქსრიდება მკურნალობაზე თავის დანებების ბევრი შემთხვევა, მრავალი პირადი და სტრუქტურული მიზეზის გამო, მათ შორის მკურნალობის ცოდნის და მხარდაჭერის არარსებობის გამო. ყველა ეს ფაქტორი იწვევს სიკვდილიანობის ზრდას. 2016 წელს, შიდსით შედეგად დაღუპულთა სავარაუდო რიცხვი 0-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში 100-ზე ნაკლებია, ხოლო 0-დან 17 წლამდე შიდსის გამო დაობლებულთა რიცხვი 2200-ს შეადგენს.

ეგვიპტეში შემუშავებულია ძლიერი ეროვნული სტრატეგიული გეგმა 2015-2020 წლების პერიოდის გასაშუქებლად, „90-90-90“ გლობალურ მიზნებთან შესაბამისობაში მყოფი ამბიციური მიზნების გათვალისწინებით (აღნიშნული „90-90-90“ პროგრამა გულისხმობს, რომ აივ-ინფექციით დაავადებულთა  90 % იცის საკუთარი სტატუსი აივ-ზე; იმ პირთა 90 %-მა კი, ვინც იცის საკუთარი დადებითი სტატუსი, დაიწყო მკურნალობა; და იმ პირთა 90 %-ის შემთვევაში, რომელნიც გადიოდნენ მკურნალობას, მიღწეულია ვირუსული ჩახშობის ეტაპი). სახელმწიფოების მიერ 2016 წლის პოლიტიკური დეკლარაციით დადასტურებული გლობალური მზადყოფნა, რათა 2030 წლისთვის შიდსის დაავადება დამარცხებული იქნას.

სტრატეგიის განხორციელება მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტის მთავრობამ დადო პირობა, რომ ეროვნული რესურსების საშუალებით ხელს შეუწყობს მკურნალობის შეძენისა და მიწოდების პროცესს, პრევენციის, ზრუნვისა და დახმარებისა კუთხით მრავალი ხარვეზი კვლავ არსებობს.[3]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ეგვიპტეში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანაგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერდა, რომ აივ–პოზიტიური ინდივიდები განიცდიდნენ მნიშვნელოვან სოციალურ სტიგმასა და დისკრიმინაციას საზოგადოების მხრიდან და სამუშაო ადგილზე. თუმცა, მათთვის სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემაში გათვალისწინებული იყო ისეთი ტიპის სერვისები, როგორიცაა: ანონიმური კონსულტაცია და ტესტირება აივ ინფექციაზე; უფასო ანტირეტროვირუსული თერაპია როგორც მოზრდილთათვის, ასევე – არასრულწლოვანთათვის; დახმარების ჯგუფები და ა.შ.

რაც შეეხება დასაქმების კუთხით სიტუაციას, ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის შიდა კანონმდებლობის თანახმად – „კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია უფლებების, თავისუფლებების და ზოგადი ვალდებულებების კუთხით და არ შეიძლება დაექვემდებაროს დისკრიმინაციას, რომელიც განპირობებულია მათი რელიგიის, რწმენის, გენდერის, წარმოშობის, რასის, კანის ფერის, ენის, შეზღუდული შესაძლებლობის, სოციალური კლასის, პოლიტიკური თუ გეოგრაფიული კუთვნილების ან რაიმე სხვა მიზეზით.“ თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით,  ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში კონკრეტულად არ იყო განსაზღვრული ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა: ასაკი, მოქალაქეობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და აივ-ინფექციაზე (შიდსი) დადებითი სტატუსი.[4]

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 2019 წლის თებერვალში გამოაქვეყნა გაეროს სპეციალური მომხსენებლის ვრცელი ანგარიში, რომელიც იმყოფებოდა კაირშო და აღწერა ქვეყანაში სხვადასხვა სოციალურ ფენათა წარმომადგენლების წვდომა საცხოვრებელ ადგილებზე. ანგარიშის მიხედვით: „სპეციალურმა მომხსენებელმა მოისმინა შემაშფოთებელი ისტორიები ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი პირების მხრიდან  ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი დისკრიმინაციის შესახებ კაიროში საცხოვრებელზე წვდომასთან დაკავშირებით. ამას გარდა,  მომხსენებლის მიხედვით,  ეგვიპტეში არსებული ზოგადი კულტურული კლიმატი ლგბტ  და აივ ინფექცია / შიდსით დაავადებული პირების მიმართ ხშირად გამოიხატება  შევიწროებას, დაშინებასა და დისკრიმინაციაში.“[5]

[1] World Health Organization – Egypt: HIV/AIDS; available at http://www.emro.who.int/egy/programmes/hiv-aids.html [accessed 5 September 2019]

[2] UNAIDS – Country progress report – Egypt; Global AIDS Monitoring 2017; available at

[accessed 5 September 2019]

[3] UNICEF – Egypt HIV/ADIS; available at https://www.unicef.org/egypt/hivaids [accessed 5 September 2019]

[4] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2018 – Egypt; available at

[accessed 5 September 2019]

[5] UN Human Rights Council – “Revised comments by the government of Egypt on the report of the Special Rapporteur on adequate housing as a component of the right to an adequate standard of living, and on the right to non-discrimination in this context’ – available at

[accessed 5 September 2019]

ეგვიპტე. ლგბტ პირების მიმართ არსებული დამოკიდებულება. აგვისტო, 2019

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კანონმდებლობა კონკრეტულად არ განსაზღვრავს ერთსქესიანთა კავშირს დანაშაულად, პოლიციას აძლევს საშუალებას, ლგბტ პირები დააპატიმროს ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა „გარყვნილება“, „პროსტიტუცია“ და „რელიგიური სწავლებების დარღვევა“; პატიმრობის ვადამ კი შესაძლოა 10 წელი შეადგინოს. ადგილობრივი უფლებადამცველი ჯგუფის ინფორმაციით, მსგავსი ბრალდებებით დაკავების 250 შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა 2013 წლიდან მოყოლებული.

ხელისუფლება არ იყენებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს ლგბტ პირების დასაცავად. სამართლებრივი დისკრიმინაცია და სოციალური სტიგმა არ აძლევს ლგბტ პირებს საკუთარი უფლებების საჯაროდ დაცვის საშუალებას. ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი სექსუალური ორიენტაციის გამო ოფიციალური ან პირადი დისკრიმინაციის შესახებ დასაქმების, განსახლების, მოქალაქეობის, განათლებასა თუ ჯანდაცვაზე წვდომის მიმართულებით. ასევე, ხელისუფლების მხრიდან არ გადადგმულა ნაბიჯები შესაძლო დისკრიმინაციის წინააღმდეგ. 2017 წელს მედიის უზენაესმა საბჭომ, რომელიც ნახევრად სამთავრობო უწყებაა, აკრძალა მედია საშუალება, რომელიც მხარს უჭერდა ლგბტ პირებს და მათ უფლებებს.

2018 წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაციები ლგბტ პირების დაპატიმრებებისა და შევიწროვების შესახებ. შიში და დაპატიმრების რისკი ზღუდავს ღიაობას და ხელს უწყობს თვითცენზურის დაწესებას. უფლებადამცველი ჯგუფები და აქტივისტები ავრცელებენ ინფორმაციას პოლიციის მხრიდან ძალადობის, მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფის და დაპატიმრების თავიდან აცილების სანაცვლოდ ქრთამის გადახდის ან სხვა ლგბტ პირების იდენტიფიცირებაში დახმარების იძულების შესახებ.

ვრცელდებოდა სანდო ინფორმაცია, რომ ხელისუფლება იყენებდა სოციალურ მედიას, გაცნობის საიტებს და სატელეფონო აპლიკაციებს სექსუალური უმცირესობების და მათი შეკრების ადგილების ამოსაცნობად; გასული ორი წლის განმავლობაში მრავლად დაიხურა საჯარო ადგილები, სადაც ლგბტ პირების მიმართ მეგობრული ატმოსფერო სუფევდა.

2018 წლის იანვარში პოლიციამ ალექსანდრიაში 10 პირი დააპატიმრა გარყვნილებისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებებით. პოლიციის ანგარიშში ეწერა, რომ ერთერთი პირი აქირავებდა ბინას მამაკაცებისთვის, რომლებიც „ეძებდნენ სიამოვნებას მამაკაცებისგან“.

უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება, მათ შორის სამედიცინო უწყებები, აიძულებდნენ პირებს ანალური გამოკვლევების ჩატარებას. კანონი უშვებს ასეთ პრაქტიკას გარყვნილების შემთხვევების დროს.[1]

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2019 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება აპატიმრებს და სისხლის სამართლის წესით დევნის ლგბტ პირებს მათი რეალური ან მიწერილი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის გამო. 2018 წლის თებერვალში დააპატიმრეს ორი მამაკაცი და ისინი დაადანაშაულეს „საჯარო უხამსობაში“. ბრალდებამ საბოლოოდ ისინი გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც დააჯარიმა ლიცენზიის გარეშე წვეულების მოწყობისთვის. ასევე თებერვალში დააპატიმრეს და დააკავეს 9 მამაკაცი პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის დარღვევისთვის.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში ეგვიპტის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია და კანონმდებლობა უზრუნველყოფს პოლიტიკურ უფლებებს ყველა მოქალაქისთვის განურჩევლად რელიგიისა, გენდერისა, რასისა, ეთნიკური წარმოშობისა და სხვა განსხვავებულობისა. მიუხედავად ამისა, ქალები, ქრისტიანები, შიიტი მუსლიმები, განსხვავებული კანის ფერის ხალხი და ლგბტ პირები არაპირდაპირი დისკრიმინაციის ობიექტები არიან და მათი პოლიტიკური ჩართულობა სხვადასხვა ზომით იზღუდება.

მიუხედავად იმისა, რომ ერთსქესიანთა კავშირი პირდაპირ არ არის აკრძალული, ლგბტ პირებს ადანაშაულებენ პროსტიტუციასა და გარყვნილებაში. მას შემდეგ რაც 2017 წელს, ერთერთ კონცერტზე, ცისარტყელის დროშა ააფრიალეს, ხელისუფლებამ ლგბტ პირების დარბევა დაიწყო; დააკავეს 60-მდე პირი. ვრცელდებოდა ინფორმაციები საპატიმროებში მათზე ძალადობის შესახებ. ბევრ მათგანს 6 წლამდე პატიმრობა მიესაჯა. ლგბტ პირების დევნა გრძელდებოდა 2018 წელსაც – პოლიცია იყენებდა გაცნობის აპლიკაციას (Grindr), რათა ამოეცნო გეი მამაკაცები და სხვადასხვა მედია საშუალება ავრცელებდა ისტორიებს ლგბტ პირების მიმართ მტრული დამოკიდებულების გასაღრმავებლად.[3]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Egypt, 13 March 2019

 (accessed on 7 August 2019)

[2] AI – Amnesty International: Human rights in the Middle East and North Africa: Review of 2018 – Egypt [MDE 12/9916/2019], 26 February 2019

 (accessed on 7 August 2019)

[3] Freedom House: Freedom in the World 2019 – Egypt, 4 February 2019

 (accessed on 7 August 2019)

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 ივნისი, 2019

სუდანის კრიზისი – სუდანის პოლიციამ მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა. მომიტინგეები ძალაუფლების სამოქალაქო ხელისუფლებისთვის გადაცემას ითხოვენ. აქცია შეიარაღებული ძალების მთავარი სამმართველოს შტაბთან მიმდინარეობს. პოლიციელებმა მომიტინგეების მიერ აღმართული ბარიკადების დემონტაჟი სცადეს, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ამის შემდე, სამხედროებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს. ხალხმა თავი უახლოეს მეჩეთს შეაფარა.[1]

საპროტესტო აქციაზე სროლები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. სუდანის ოპოზიციის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას არ ეთანხმება სუდანის ხელისუფლება და აცხადებს, რომ დაღუპულია 46 ადამიანი.[2]

მოლაპარაკებები სამხედროებსა და ოპოზიციას შორის ჩაიშალა. ოპოზიციამ სამხედროების შეთავაზებები არ მიიღო, ხოლო სამხედროებმა აქამდე მიღწეული შეთანხმებებიც დატოვეს. სუდანში ალ-ბაშირის საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქციები 6-7 აპრილიდან დაიწყო. 11 აპრილს სუდანის არმიამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოაწყო და 30-წლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი დააკავა. მას შემდეგ სუდან სამხედრო საბჭო მართავს.[3]

ეთიოპიაში რელიგიური ჯგუფები ამერიკელი გეი წყვილის ტურისტულ ვიზიტს ეწინააღმდეგებიან – რელიგიური ჯგუფები ჰომოსექსუალი წყვილის რელიგიურ ადგილებში სტუმრობას აპროტესტებენ. ეთიოპიელთა უმეტესობა ღრმად რელიგიურია და არ ეთანხმება ჰომოსექსუალობას, რომელიც ქვეყანაში კანონითაც არის აკრძალული.[4]

ნიგერიაში შეიარაღებულ თავდასხმას 16 ადამიანი შეეწირა – ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ გუსაუში მოხდა. თავდასხმის შედეგად ასევე დაიჭრა 14 ადამიანი. ზამფარას შტატის გუბერნატორმა მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს და განაცხადა, რომ დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ხელისუფლებამ შესაბამის სტრუქტურებს სწრაფად მოქმედება და დამნაშავეების დასჯა დაავალა.[5]

[1] Urdu Point; Military police open fire against protesters near armed forces’ headquarters in Khartoum; 1st June, 2019; available at: https://www.urdupoint.com/en/world/military-police-open-fire-against-protesters-636109.html

[2] BBC; Sudan Crisis: Official admits to 46 protest death; 6 June, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-48535165?fbclid=IwAR3lx4d31n-Jq1yyWgSnGwVdR-Swc6ZkwlrdwbSyMydo5wzsbnwwF5amxqI

[3] იმედის ახალი ამბები; სუდანში ოპოზიციასა და სამხედროებს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა; 4 ივნისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/107694/sudanshi-opozitsiasa-da-samkhedroebs-shoris-molaparakebebi-chaishala

[4] BBC; Ethiopia religious anger over US gay tour plan; 4 June, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-48512407?fbclid=IwAR2CIiBcdXyYzvS-bBHRSm36Q6BiCkkIMXB0dv1O_KAqX1Nn1dr6OIp9Tk4

[5] Daily Post; Bandits kill 16 in Zamfara on Sallah Day; By John Owen Nwachukwu; 5 June, 2019; available at: https://dailypost.ng/2019/06/05/bandits-kill-16-zamfara-sallah-day/

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 მაისი, 2019

ვითარება ერაყში – აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობის დაძაბვა ერაყზეც აისახება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბერლინში ვიზიტი გააუქმა და ერაყში ჩავიდა. ვაშინგტონმა ცენტრალურიო სარდლობის რეგიონში ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ გააგზავნა, რამაც თეირანის გაღიზიანება გამოიწვია.[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მთავრობის ყველა მუშაკს, რომელიც არ მუშაობს საგანგებო მიმართულებით, ერაყის დატოვება დაავალა; გადაწყვეტილება, რომელიც საელჩოს და ირბილის საკონსულოს თანამშრომლებსაც ეხება, ასევე, დაკავშირებულია ირანთან დაძაბულობის ზრდასთან.[2] მოკავშირეებთან კონსულტაციების შემდეგ, ერაყში სამხედრო მისია დროებით შეწყვიტა გერმანიამ. მიზეზად, აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობა დასახელდა. იგივე მიზეზით, ერაყში სამხედრო საწვრთნელი მისია შეაჩერა ნიდერლანდებმაც.[3]

პაკისტანში აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა – ინციდენტი ლაჰორში მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სუფისტების სამლოცველოსთან აიფეთქა. აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის 5 პოლიციელია.[4]

კუბის ხელისუფლებამ ჰომოფობიის საწინააღმდეგო ყოველწლიური მარში გააუქმა – ქვეყნის სექსუალური განათლების ნაციონალურმა ცენტრმა ხელისუფლებას ახალი საერთაშორისო დაძაბულობის წარმოქმნაში დასდო ბრალი. აღნიშნული გადაწყვეტილება აქტივისტებმა გააპროტესტეს.[5] აკრძალვის მიუხედავად, ლგბტ თემის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ჰავანაში მსვლელობა მაინც მოაწყვეს, რის დროსაც პოლიციასთან შეტაკება მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.[6]

ქაბულში ცნობილი ქალი ჟურნალისტი და პარლამენტის მრჩეველი მოკლეს – მინა მანგელი პოლიტიკაში წასვლამდე რამდენიმე პოპულარული გადაცემის წამყვანი იყო. მას სახლთან ახლოს 11 მაისის დილას ესროლეს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.[7]

იემენის კრიზისი – ჰუსიტი ამბოხებულები საკვანძო სტრატეგიული პორტის დასატოვებლად ემზადებიან. ჰოდეიდას პორტის დატოვება, 2018 წლის დეკემბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირველი შედეგია. ჰოდეიდას პორტის დატოვების შემდეგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდება შესაძლებელი. იემენის სამოქალაქო ომში, რომელიც უკვე 4 წელია გრძელდება, 7 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.[8]

ირანში რამადანის დროს კაცებს ქალებისთვის შეხედვა აეკრძალათ – ირანის სასამართლომ ქვეყანაში რამდენიმე შეზღუდვა დააწესა. მათ შორის, მარხვის პერიოდში ქუჩაში ჭამის ან მანქანაში ხმამაღლა მუსიკის მოსმენის შემთხვევაში, ირანის მოქალაქეები დაისჯებიან. წესების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, მოქალაქეებს პატიმრობაც დაემუქროთ.[9]

„ისლამური სახელმწიფო“ სავარაუდოდ ინდოეთში დამკვიდრდა – „The Times“ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ქაშმირში ბაზა ააშენეს. ტერორისტებსა და ინდოელ სამხედროებს შორის შეტაკებისას, ტერორისტებმა სამხედროები დახოცეს და ტეროტორიას ვილაიეთ ინდია დაარქვეს. ინდოეთის სამართალდამცავი ორგანი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი პროპაგანდაა და „ისლამურ სახელმწიფოს“ კვლავ აღდგენის საშუალება არ აქვს.[10]

[1] BBC; US Secretary of State Pompeo visits Iraq amid Iran tensions; 8 May, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-us-canada-48195747

[2] Al Jazeera; US orders non-emergency government employees to leave Iraq; 15 May, 2019; available at: https://www.aljazeera.com/news/2019/05/orders-emergency-government-employees-leave-iraq-190515081039448.html

[3] US News; German, Dutch military suspend training operations in Iraq amid US-Iran tensions; 15 May, 2019; available at: https://www.usnews.com/news/world/articles/2019-05-15/german-armed-forces-suspend-training-ops-in-iraq-on-regional-tensions

[4] BBC; Pakistan Data Darbar: Bomber kills nine outside Sufi shrine in Lahore; 8 May, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-48197260

[5] BBC; Cuba cancels annual Conga Against Homophobia march; 8 May, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-latin-america-48199835

[6] BBC; Cuba gay activists arrested at pride march in Havana; 12 May, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-latin-america-48242255

[7] CNN; Mina Mangal, Afghan journalist, killed in Kabul; By Ehsan Popalzai, Jennifer Hauser and Eliza Mackintosh; 12 May, 2019; available at: https://edition.cnn.com/2019/05/12/middleeast/mina-mangal-killed-kabul-intl/index.html

[8] Yemen war: Houthi withdrawal from Hudaydah met by mistrust; 11 May, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-48237445

[9] The Telegraph; Men ordered not to look at women during Ramadan in Iran as hardliners tighten control amid nuclear deal row; 11 May, 2019; By Ahmed Vahdat; available at: https://www.telegraph.co.uk/news/2019/05/11/men-ordered-not-look-women-ramadan-iran-hardliners-tighten-control/

[10] The Times; ISIS claims a foothold in India after killing troops; 13 May, 2019; available at: https://www.thetimes.co.uk/edition/world/isis-claims-a-foothold-in-india-after-killing-troops-w6kshz2ww

კუბა. სექსუალური უმცირესობების მიმართ არსებული დამოკიდებულება. მარტი, 2019

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში კუბის შესახებ წერს, რომ სექსუალურ ნიადაგზე დისკრიმინაცია დასაქმებისა თუ განსახლების კუთხით არა კანონიერია; რაულ კასტროს ქალიშვილი, მარიელა კასტრო ესპინი, რომელიც სექსუალური განათლების ეროვნული ცენტრის დირექტორია, ადვოკატირებს ლგბტ საზოგადოების სახელით. თუმცა, დამოუკიდებელი ლგბტ აქტივისტების ძალისხმევა ან იგნორირებულია ან აქტიურად ჩახშობილი. დამოუკიდებელი აქტივისტები გმობენ სექსუალური განათლების ეროვნული ცენტრისა და მთავრობის ქმედებებს შემდგომი სამართლებრივი რეფორმებისთვის, როგორიცაა მათ შორის ქორწინება და შვილად აყვანა, წინააღმდეგობის გაწევის გამო.[1]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში კუბის შესახებ წერს, რომ კანონი კრძალავს დისკრიმინაციას სექსუალურ ნიადაგზე დასაქმების, განსახლების, განათლებასა თუ ჯანდაცვაზე წვდომის კუთხით. საანგარიშო წლის განმავლობაში, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატში, მთავრობა ხელს უწყობდა ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერებისა და ინტერსექსთა უფლებების დაცვას, მათ შორის ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას. ზოგიერთი არ აღიარებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ლგბტი უფლებებს იცავს, მთავრობისგან აწყდებოდა შევიწროვებას, თუმცა არა იმიტომ, რომ ისინი ლგბტი უფლებებს იცავენ, არამედ იმის გამო, რომ მოქმედებენ სამთავრობო ინსტიტუტებისგან დამოუკიდებლად.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2019 წლის ანგარიშში კუბის შესახებ წერს, რომ საჯარო პროტესტების შედეგად, კუბის მთავრობამ გადაწყვიტა შეეცვალა ახალი კონსტიტუციაში ის რედაქცია, რომელიც ქორწინებაში ერთი სქესის წყვილებსაც მოიაზრებდა.[3]

[1] Freedom House: Freedom in the World 2018 – Cuba, January 2018

 (accessed on 5 March 2019)

[2] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Cuba, 20 April 2018

 (accessed on 5 March 2019)

[3] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Cuba, 17 January 2019

 (accessed on 5 March 2019)

სერბეთი. ლგბტ პირების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ნოემბერი, 2018

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2016 წლის ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში სერბეთის შესახებ წერს, რომ ლგბტი პირები ქვეყანაში კვლავ ყველაზე დისკრიმინაციულ მდგომარეობაში მყოფ ჯგუფს წარმოადგენენ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის გაძლიერებისკენ; ასევე, დადებითადაა შეფასებული ბელგრადის ღირსების მარშში (სექსუალური უმცირესობების აღლუმი) ჩართულობა; თუმცა, აქვე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სერბეთს სჭირდება სექსუალური უმცირესობების პატივისცემის უფრო ძლიერი კულტურა.

ადამიანის უფლებათა ომბუდსმენის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, სექსუალური უმცირესობებისა და განსხვავებული გენდერული იდენტობის მქონე პირთა უფლებები არ არის სრულად დაცული. სამოქალაქო უფლებათა დამცველი აქტივისტების თქმით, ხელისუფლების პასუხი დისკრიმინაციაზე, მუქარებსა თუ სიძულვილის ენის გამოყენებაზე კვლავ არა ადექვატურია.

სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვის საერთაშორისო ასოციაციის (ILGA) ინფორმაციით, სერბულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და აშშ-ში დაფუძნებულმა ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა შექმნეს ონლაინ პორტალი „DA SE ZNA“, სადაც ქვეყნდება ინფორმაცია ლგბტი პირების წინააღმდეგ დისკრიმინაციისა და ძალადობის შესახებ. 2010 წელს ლგბტი აღლუმის საწინააღმდეგოდ მობილიზებულ ულტრა-მემარჯვენეებსა და პოლიციას შორის დიდ შეტაკებას ჰქონდა ადგილი. 2016 წლის აღლუმმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა, რაც უსაფრთხოების მაქსიმალური და უმკაცრესი ზომების დამსახურება იყო. 2016 წელს ლგბტი საზოგადოების წევრმა ანა ბრნაბიჩმა, რომელიც იმ დროს საჯარო მმართველობისა და თვითმმართველობის მინისტრი იყო, პირობა დადო, რომ ხელისუფლება გადადგამდა ქმედით ნაბიჯებს სექსუალური უმცირესობების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2017/2018 წლების ანგარიშში სერბეთის შესახებ წერს, რომ ანა ბრნაბიჩის, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ლესბოსელია, ქვეყნის პრემიერ მინისტრად დანიშვნა და მისი მონაწილეობა ბელგრადის სექსუალური უმცირესობების აღლუმში, ბევრის მხრიდან პროგრესად აღიქმება. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ვერ ახერხებს ლგბტი პირებისა და ორგანიზაციებს დისკრიმინაციისგან, მუქარებისა და ფიზიკური ძალადობისგან ეფექტურ დაცვას. 2017 წლის აპრილში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სერბეთს მოსთხოვა სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობის ეფექტური იმპლემენტაცია და გენდერის აღიარების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემოღება.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში სერბეთის შესახებ წერს, რომ 2017 წლის ივნისში ანა ბრნაბიჩი სერბეთის პირველი ქალი და პირველი ღიად ლესბოსელი პრემიერ მინისტრი გახდა; თუმცა, კრიტიკოსების მტკიცებით, აღნიშნული უფრო მეტად ევროკავშირის საამებელი ქმედება იყო, ვიდრე ქალთა ან სექსუალურ უმცირესობათა საკითხისადმი გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ლგბტი საზოგადოება კვლავ აწყდება სიძულვილის ენას, მუქარებს და ფიზიკურ ძალადობას; ამასთან, დამნაშავეები იშვიათად ისჯებიან. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ რიგი ჟესტებით მხარდაჭერა გამოუცხადა ლგბტი თემს; ანა ბრნაბიჩი სექტემბერში დაესწრო ყოველწლიურ ღირსების აღლუმს ბელგრადში.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში სერბეთის შესახებ წერს, რომ ლგბტი პირებისა და აქტივისტების მიმართ შევიწროვება და თავდასხმები რეგულარულად ხდებოდა. სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვის ორგანიზაციამ „DA SE ZNA!“ 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდში ლგბტი პირთა მიმართ ინციდენტების 97 შემთხვევა აღწერა, მათ შორის იყო 9 ფიზიკური თავდასხმა, 12 მუქარის ფაქტი და სიძულვილის ენის გამოყენების 56 შემთხვევა.[4]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სერბეთში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით აკრძალულია სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიადაგზე დისკრიმინაცია, ლგბტი პირების მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია სერიოზულ პრობლემად რჩება. ლგბტი აქტივისტების ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობის 60% კვლავ ფიქრობს, რომ ჰომოსექსუალიზმი დაავადებაა, ხოლო 20% ლგბტი პირებს კრიმინალებად მიიჩნევს. ლგბტი აქტივისტის დრაგოსლავა ბარზუტის ინფორმაციით, ლგბტი მოსახლეობის 72% ვერბალური, ხოლო 26% ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ყოფილა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო. პოლიციის მონაცემებით, 2012 წლის იანვრიდან 2017 წლის თებერვლამდე პერიოდში ლგბტი პირების წანააღმდეგ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის 45 ფაქტი გამოვლინდა. […] თავდასხმების უმეტესობა არ გამოძიებულა და დამნაშავეები არ დასჯილან.17 სექტემბერს ზედიზედ მეოთხედ ჩატარდა ყოველწლიური აღლუმი, რომელიც სექსუალური უმცირესობების უფლებების პროპაგანდას ემსახურება. პოლიციამ ცენტრალური ბელგრადის დიდი ნაწილი ჩაკეტა, რათა მონაწილეთა უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. მსვლელობაში ათასამდე პირი მონაწილეობდა და მათ უსაფრთხოებას 500-მდე პოლიციელი იცავდა. არანაირ ინციდენტს აღლუმზე ადგილი არ ჰქონია. ანა ბრნაბიჩი სერბეთის პირველი ღიად ჰომოსექსუალი პრემიერ მინისტრი გახდა.[5]

[1] European Union: European Asylum Support Office (EASO), EASO COI Report. Republic of Serbia Country Focus, November 2016, available at:

[accessed 12 November 2018]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Serbia, 22 February 2018, available at:

[accessed 12 November 2018]

[3] Freedom House, Freedom in the World 2018 – Serbia, 28 May 2018, available at:

[accessed 12 November 2018]

[4] Human Rights Watch, World Report 2018 – Serbia, 18 January 2018, available at:

[accessed 12 November 2018]

[5] US Department of State; 2017 Country Report on Human Rights Practices; Serbia; April 20, 2018; available at: https://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2017/eur/277215.htm [accessed 12 November 2018]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 სექტემბერი, 2018

ვითარება ავღანეთში – ზაბულის პროვინციაში თალიბანის მაღალი რანგის მეთეურები მოკლეს. მულაჰ ასადსა და მულაფ სანგალთან ერთად, ავიაგამანადგურებლების შეტევის დროს, მოძრაობის კიდევ რამდენიმე წევრი დაიღუპა.[1]

ავღანეთის სამხრეთ ნაწილში დაუდგენელი პირები 3 სკოლას დაესხნენ თავს. შემთხვევა პაკტიკას პროვინციაში მოხდა. ადგილობრივების ცნობით, ერთერთი სკოლის ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა, დანარჩენ 2-ს კი ყუმბარები ესროლეს. დაღუპულთა დადაშავებულთა შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[2]

საერთაშორისო კოალიციამ ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთერთი ლიდერი მოკლა. ვილაიათ ხორასანი, იგივე აბუ საად ორაკზაი ნანგაჰარის პროვინციაში საჰაერო იერიშის დროს დაიღუპა.[3]

„თალიბანის“ ერთერთი ლიდერი ჯალალედინ ჰაქანი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის ავღანეთში დაკრძალეს. ჯალალედინ ჰაქანმა „თალიბანის“ ერთერთი ყველაზე საშიში დანაყოფი, ჰაქანის ქსელი შექმნა. დაჯგუფებას ის 70-იან წლებში შეუერთდა. 90-იანი წლებიდან, მას შემდეგ რაც ავღანელმა ჯიჰადისტებმა ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, ჰაქანმა მინისტრის პოსტი დაიკავა და დაჯგუფების მმართველთა საბჭოს წევრიც გახდა. ჰაქანის ქსელი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2012 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამ დროისთვის ჯგუფს მისი შვილი, სირაჯუდინ ჰაქანი მეთაურობს.[4]

ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა, 70-მდე კი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, ქაბულის შიიტურ უბანში ორი აფეთქება 5 ოქტომბერს საღამოს საათებში მოხდა; აფეთქებას, ასევე, ორი ჟურნალისტი ემსხვერპლა – 28 წლის სამინ ფარამარზი და 23 წლის რამიზ აჰმადი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. 2018 წელს ყველაზე მეტი ჟურნალისტი ავღანეთში დაიღუპა. მხოლოდ ამ წელში, ავღანეთში აფეთქებებსა და ძალადობას 10 ჟურნალისტი შეეწირა, ბოლო ინციდენტს კი კიდევ ორი ემსხვერპლა.[5]

ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთით, თალიბანის თავდასხმას 11 ავღანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. შეტაკება ბადღის პროვინციაში მოხდა, რა დროსაც ასევე 13 ექსტრემისტი დაიღუპა. ამავე დღეს ექსტრემისტებმა ტახარის პროვინციაში პოლიციის ერთერთ განყოფილებაზე მიიტანეს იერიში, რასაც რვა პოლიციელი ემსხვერპლა. ხელისუფლების ცნობით, თალიბებმა ერთი პოლიციელი ტყვედ აიყვანეს.[6]

სირიაში ომს ერთ თვეში 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქი ემსხვერპლა – მათ შორის 66 ბავშვია. სირიის ადამიანის უფლებათა ქსელის (SNHR) ინფორმაციით, 36 ადამიანი ასადის რეჟიმის მთავარი მხარდამჭერის, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იმსხვერპლა, სირიის სამთავრობო ძალების თავდასხმის გამო 239 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი ადამიანია დაღუპული ტერაქტებისას. ამავე ანგარიშის მიხედვით, იანვრიდან დღემდე სირიაში 6 036 ადამიანია დაღუპული. სირიის ომში, 2011 წლიდან ამ დრომდე 350 ათასზე მეტი ადამიანია მოკლული.[7]

ერაყში მიტინგზე პოლიციასთან შეტაკებისას 1 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა – ერაყის ერთერთი მთავარი პორტი, რომელიც ქალაქ ბასრაში მდებარეობს, ქალაქში არსებული მასობრივი შეტაკებების გამო დროებით დაიკეტა. ბასრას სამხრეთით აქციის მონაწილეები და პოლიციელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც 1 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ერაყის სამხრეთ ნაწილში, რომელიც ძირითადად შიიტებით არის დასახლებული, პროტესტის ტალღა რამდენიმე კვირაა გრძელდება. ისინი აპროტესტებენ ინფრასტრუქტურის და ელექტროენერგიის არარსებობას, ასევე კორუფციას. 2-მილიონიანი ქალაქის მოსახლეობა უწყლობასაც უჩივის და ამბობს, რომ მათ სახლებში მარილიანი წყალი მოდის.[8]

იემენში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას აქციებით აპროტესტებენ – იემენში, ქალაქ ადენში ასობით დემონსტრანტი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას და ვალუტის გაუფასურებას აპროტესტებს. მომიტინგეებმა ქალაქის სამხრეთით გადაკეტეს ძირითადი საავტომობილო გზები და საბურავები დაწვეს. აქციების შედეგად ქალაქში მაღაზიები და სახელმწიფო სტრუქტურების ნაწილი დაიკეტა. იემენური რიალი დოლარის მიმართ სამოქალაქო ომის შემდეგ სულ უფრო უფასურდება. ფულის გაუფასურებამ მთელი რიგი სამომხმარებლო პროდუქცია გააძვირა და ის ქვეყნის მოსახლეობის ნაწილისთვის ხელმიუწვდომელი გახადა.[9]

ტერაქტი სომალიში – სომალის დედაქალაქის, მოგადიშუს ცენტრში აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. მათ შორის სამი ჯარისკაცია, რომლებიც ტერორისტის ავტომობილის შეჩერებას შეეცადნენ. კიდევ სამი დაღუპული კი ბავშვია. ტერორისტი მანქანით შეეცადა გაერღვია საგუშაგო, თუმცა სამართალმდაცველებმა მისი შეკავება შეძლეს, მაგრამ ისინი ადგილზე დაიღუპნენ. აფეთქების შედეგად, დაინგრა ახლომდებარე სკოლა, დაზიანდა შენობები, მათ შორის, მეჩეთიც. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ალ-შაბაბმა აიღო.[10]

საუდის არაბეთში სოციალურ ქსელში რელიგიურ თემაზე ხუმრობა დასჯადი ხდება – რელიგიურ თემაზე ქილიკობის გამო, ადამიანი შესაძლოა ციხეში 5 წლის ვადით ჩასვან. ამის შესახებ საუდის არაბეთის პროკურატურის განცხადებაში წერია. „სოციალურ ქსელებში იმ შინაარსის შექმნა და გავრცელება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი წესრიგის, რელიგიური ფასეულობების და ზნეობრივი ნორმების დაცინვას ან ძირის გამოთხრას, კიბერდანაშაულად განიხილება“, – ნათქვამია განცხადებაში. 2012 წელს საუდის არაბეთში ვებგვერდ „საუდის არაბეთის ლიბერალური ქსელის“ დამფუძნებელი  ქვეყანაში სასულიერო პირებისა და სასულიერო პოლიციის კრიტიკისთვის დააპატიმრეს. მას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.[11]

ინდოეთში ჰომოსექსუალების კავშირი სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება – ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო – ჰომოსექსუალების სექსი სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება. ახალი ვერდიქტი აუქმებს წინა დადგენილებას, რომელიც კოლონიალიზმის პერიოდში მიიღეს. მის მიხედვით, გეების სექსუალური კავშირი გამოცხადებული იყო, როგორც „არაბუნებრივი ქცევის დანაშაული“. ბოლო წლების განმავლობაში ინდოეთში ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციისთვის მრავალი ლგბტ ორგანიზაცია მუშაობდა.[12]

[1] Xinhua News; Airstrikes kill 2 Taliban commanders in Southern Afghanistan; 1 September, 2018; available at: http://www.xinhuanet.com/english/2018-09/01/c_137436028.htm

[2] Xinhua News; Militants attack 3 schools with hand grenades in E. Afghanistan; 2 September, 2018; available at: http://www.xinhuanet.com/english/2018-09/03/c_137441444.htm

[3] CNN; US confirms death of ISIS leaderin Afghanistan; By Ryan Browne, Eli Watkins and Sam Kiley; 3 September, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/09/02/politics/isis-leader-killed-afghanistan/index.html

[4] The Guardian; Leader of Haqqani network in Afghanistan is dead, say Taliban; 4 September, 2018; available at: https://www.theguardian.com/world/2018/sep/04/jalaluddin-haqqani-leader-of-militant-haqqani-network-in-afghanistan-has-died-say-taliban

[5] CNN; Two journalists among 20 killed in wrestling club blasts in Kabul; By Ehsan Popalzai and Bard Wilkinson; 6 September, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/09/06/asia/kabul-attack-wrestling-intl/index.html

[6] იმედის ახალი ამბები; ავღანეთში თალიბანის თავდასხმას 11 ჯარისკაცი და 13 ექსტრემისტი ემსხვერპლა; 6 სექტემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/76555/avganetshi-talibanis-tavdaskhmas-11-jariskatsi-da-13-eqstremisti-emskhverpla

[7] Daily Sabah; 391 civilians, including 66 children, killed in Syria in August; 1 September, 2018; available at: https://www.dailysabah.com/syrian-crisis/2018/09/01/391-civilians-including-66-children-killed-in-syria-in-august

[8] Reuters; Protesters torch political party offices in Barsa’s fourth night of violence; By Aref Mohammed and Raya Jalabi; 6 September, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-protests/main-iraqi-port-closed-as-one-dies-25-injured-in-basra-protests-idUSKCN1LM0N6?il=0

[9] Reuters; Protests over Yemen’s weakening currency paralyze Aden; By Mohammed Mukhashaf; 2 September; 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-yemen-security/protests-over-yemens-weakening-currency-paralyze-aden-idUSKCN1LI0EZ?il=0

[10] US News; Suicide car bombing in Somalia’s Capital kills at least 6; 2 September, 2018; available at: https://www.usnews.com/news/world/articles/2018-09-02/suicide-car-bombing-in-somalias-capital-wounds-at-least-4

[11] The Independent; Saudi Arabia prosecutor seas people who post satire on social media can be jailed; By Tom Barnes; 5 September, 2018; available at: https://www.independent.co.uk/news/world/middle-east/saudia-arabia-social-media-satire-jail-sentences-twitter-facebook-censorship-a8523781.html

[12] BBC; India court legalizes gay ses in landmark ruling; 6 September, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-india-45429664

ირანი. ლგბტი პირთა მიმართ არსებული დამოკიდებულება – ივლისი, 2018

ლგბტი პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ასოციაცია ILGA თავის 2016 წლის ანგარიშში წერს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის სისხლის სამართლის ისლამური კოდექსის მიხედვით, სოდომიზმი ანუ სექსუალური ურთიერთობა მამაკაცებს შორის, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, რისთვისაც სასჯელს წარმოადგენს სიკვდილით დასჯა. თუ რა ფორმით განხორციელდება სასჯელი, წყვეტს შარიათის სასამართლო. ორივე მხარე ისჯება მაშინ, თუ ისინი არიან სრულწლოვნები, ქმედუნარიანნი და აქვთ ნების თავისუფლება. იმ შემთხვევაში, თუ სოდომიზმი ხდება ნებაყოფლობით, ორ არასრულწლოვანს შორის, ორივე მხარე ისჯება 74 როზგით, ხოლო თუ ერთერთი მხარე სრულწლოვანია, ხოლო მეორე – არასრულწლოვანი, პირველი ექვემდებარება სიკვდილით დასჯას, ხოლო მეორე  – 74 როზგს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აქტი მოხდა ძალადობით, მისი სურვილის წინააღმდეგ.

ზემოხსენებული კანონის თანახმად, ლესბიანიზმი ანუ სექსუალური აქტი ორ ქალს შორის, ასევე წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, რომლის ჩადენისთვისაც სასჯელის სახით დაწესებულია 100 როზგი, ორივე მხარისთვის. მხარეების მიმართ მოქმედებს ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები (სრულწლოვნება, ქმედუნარიანობა და ნების თავისუფლება). ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც ლესბიანიზმი განმეორებით იქნა ჩადენილი 3-ჯერ და თითოეულ შემთხვევაში აღსრულდა სასჯელი, მეოთხე შემთხვევის დროს პირი დაექვემდებარება სიკვდილით დასჯას.

ანგარიშში, ასევე, მოცემულია ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ. მაგალითად, 2014 წელს, ირანის უმაღლესმა მეთაურმა ჰომოსექსუალიზმი განმარტა, როგორც „მორალური ხრწნა“ და  „გარყვნილი ქმედება“. ასევე, 2016 წელს, პარლამენტის სპიკერმა ჰომოსექსუალიზმს უწოდა „თანამედროვე დასავლური „ურჯულოება“, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ ცენზურას დაუქვემდებარა ზემოხსენებული საკითხი და აუკრძალა პრესას ნებისმიერი სახით მისი გაშუქება, სახელწმიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Freedom House“ ირანის შესახებ თავის 2018 წლის ანგარიშში უთითებს, რომ ირანის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ტრადიციული ქორწინების გარეთ ჩადენილი ნებისმიერი სახის სექსუალური აქტი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. ასევე, ირანი მიეკუთვნება ქვეყანათა იმ მცირე რიცხვს, სადაც ერთნაირი სქესის წარმომადგნელებს შორის ნებაყოფლობითი სექსუალური აქტი სიკვდილით ისჯება. ანგარიშის მიხედვით, ლგბტი პირები ირანში ხშირად აწყდებიან ძალადობასა და დისკრიმინაციას, თუმცა, ამ კუთხით პრობლემები, როგორც წესი არ ხმაურდება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პირები ღიად ვერ საუბრობენ ამ თემაზე.[2]

„Human Rights Watch“ ირანის შესახებ საკუთარი 2017 წლის ანგარიშში (რომელიც აღწერს 2016 წლისთვის არსებულ მდგომარეობას) წერდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტის ინფორმაციით, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვების მიმართ, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან გამოიყენებოდა ელექტრონული შოკი, იმ მიზნით, რომ ისინი „განეკურნათ“ ამ დაავადებისგან.[3]

„Human Rights Watch“ ირანის შესახებ საკუთარ 2018 წლის ანგარიშში წერს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იგივე სქესის პირთა ნებაყოფლობითი სექსუალური ურთიერთობის კრიმინალიზებულ ბუნებაზე და, შესაბამისად, დაწესებულ სასჯელზე (სიკვდილით დასჯა მამაკაცების შემთხვევაში, გაროზგვა – ქალების შემთხვევაში). ამას გარდა, ანგარიშში საუბარია იმ ფაქტზე, რომ ირანის კანონმდებლობა ნებას რთავს და, გარკვეული კუთხით, სუბსიდირებასაც უწევს ტრანსგენდერ პირებს, რათა მათ, სქესის შესაცვლელად, ჩაიტარონ შესაბამისი ოპერაცია, თუმცა, კანონი არ კრძალავს მათ მიმართ დისკრიმინაციას. ასევე, მოყვანილია კონკრეტული ფაქტი, როდესაც 2017 წლის 14 სექტემბერს, არდებილის პროკურატურამ განუცხადა მედიას, რომ დაკავებულ იქნა 6 ადამიანი იმ მოტივით, რომ ისინი, ტელეგრამის საშუალებით, ხელს უწყობდნენ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას.[4]

რაც შეეხება საზოგადოების მხრიდან ზემოხსენებული პირების მიმართ დამოკიდებულებას, წარმოშობის ქვეყანის შესახებ ინფორმაციის კვლევისა და დოკუმენტირების ავსტრიული ცენტრი (ACCORD) ირანის შესახებ საკუთარ 2015 წლის ანგარიშში წერდა, რომ „ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი პირები, რომლებიც ღიად არ აფიქსირებენ საკუთარ ორიენტაციას, საზოგადოებაში თავისუფლად ცხოვრობენ და გადაადგილდებიან. ირანში ხშირად ხდება, როდესაც იგივე სქესის წარმომადგენელი ორი პირი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ერთად ცხოვრობს და ეს საზოგადოების მხრიდან არ ასოცირდება ჰომოსექსუალიზმთან. წარსულში სახეზე იყო რეგულარული რეიდები პოლიციის მხრიდან ჰომოსექსუალი პირების თავშეყრის ადგილებზე, თუმცა სიტუაცია შეიცვალა,  ინტერნეტისა და სოციალური მედიის განვითარების შემდეგ, როდესაც ლგბტი პირებმა დაიწყეს ონლაინ ჩატ-ოთახების და გაცნობითი საიტების გამოყენება. დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ორგანოები ზოგჯერ, კონკრეტულ ლოკაციებზე უშვებენ კიდეც ჰომოსექსუალური პირების საჯარო შეხვედრას და, ასევე, არსებობს კონკრეტული ადგილები (მაგალითად, სააბაზანოები), სადაც ხდება ფულის სანაცვლოდ ჰომოსექსუალური აქტის შეთავაზება, რაზეც პოლიციას გააჩნია ინფორმაცია, თუმცა, არ რეაგირებს. განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ადგილობრივი ხელისუფლება არ იყენებს ჰომოსექსუალიზმთან საბრძოლველად „ცეცხლით და მახვილით“ მიდგომას, თუმცა, სანდო წყაროს ცნობით, გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც აქტიურობა მაღალია ან ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამგვარი აქტივობა ირანის საგარეო იმიჯისთვის საზიანოა, ისინი დაუყოვნებლივ ერთვებიან საქმეში და იღებენ შესაბამის ზომებს“.[5]

[1] International Lesbian, Gay, Bisexual, Trans and Intersex Association (ILGA), State-Sponsored Homophobia, A world survey of laws: Criminalisation, protection and recognition of same-sex love, May 2016, available at:

[accessed 2 July 2018]

[2] Freedom House, Freedom in the World 2018 – Iran, 19 January 2018, available at:

[accessed 2 July 2018]

[3] Human Rights Watch, World Report 2017 – Iran, 12 January 2017, available at:

[accessed 2 July 2018]

[4] Human Rights Watch, World Report 2018 – Iran, 18 January 2018, available at:

[accessed 2 July 2018]

[5] Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation (ACCORD), Iran: Women, children, LGBTI persons, persons with disabilities, “moral crimes”: COI Compilation, December 2015, available at:

[accessed 2 July 2018]

ტანზანია. ლგბტ პირების მიმართ დამოკიდებულება. ივნისი, 2018

აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში 2016 წელს ტანზანიაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ წერს, რომ ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის ნებაყოფლობითი სექსუალური ურთიერთობა უკანონოა და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. კანონის მიხედვით, უშუალოდ მატერიკზე და ზანზიბარშიც, „გარყვნილი ქმედება“ დასჯადია 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით, ხოლო „თუ კაცს აქვს ბუნების საწინააღმდეგო სქესობრივი კავშირი სხვა პირთან ან ნებას აძლევს სხვა პირს, ჰქონდეს აღნიშნული კავშირი მასთან“, სჩადის დანაშაულს, რომელიც დასჯადია მატერიკზე 30 წლით, ხოლო ზანზიბარზე – 14 წლით თავისუფლების აღკვეთით. ზანზიბარში, ასევე, დასჯადია „ლესბოსელობა“ – 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. ანგარიშში ნათქვამია, რომ ასეთ შემთხვევებში, მტკიცების ტვირთი საკმაოდ მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, საქმე იშვითად მიდის ოფიციალური სამართლებრივი დევნის დაწყებამდე. თუმცა, როგორც წესი, ესაა საფუძველი და საშუალება იმისთვის, რომ პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღონ ქრთამი ან აიძულონ კონკრეტული მოწყვლადი პირი იძულებით სექსუალურ ურთიერთობაზე.

მთავრობის წარმომადგენლები საჯაროდ და აქტიურად ეწინააღმდეგებიან ლგბტი ადამიანების უფლებების კუთხით პოზიტიური ნაბიჯების გადადგმას, რადგან ეს, მათი აზრით, წინააღმდეგობაში მოდის კანონთან და საზოგადოების მორალურ ნორმებთან. მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკები ღიად აკეთებენ ანტი-ლგბტი განცხადებებს;  2016 წლის აგვისტოში, ქვეყნის იუსტიციის სამინისტრო იძიებდა საქმეს კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მიმართებით, რომელიც სავარაუდოდ მხარს უჭერდა ჰომოსექსუალიზმს და ერთსქესიანთა ქორწინებას; ლგბტი პირები ხშირად წარმოადგნენ მთავრობის მიერ ავტორიზებული სამოქალაქო პატრულის სამიზნეებს; ტანზანიის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ დაავალა ერთერთ სატელევიზიო არხს საჯარო ბოდიშის მოხდა იმ მოტივით, რომ მათ გადაცემაში აჩვენეს ინტერვიუ ტრანსგენდერ ქალბატონთან და, რომ ეს ფაქტი აშკარად ეწინააღმდეგებოდა ტანზანიურ ღირებულებებს. ლგბტი თემი, ასევე, ხშირად აწყდება დისკრიმინაციას სოციალური ნიშნით ჯანდაცვის, დასაქმების, საცხოვრებლისა თუ აივ ინფექციის შესახებ ინფორმაციის მიღების კუთხით. მთავრობა არ იღებს ზომებს, რათა აღმოფხვრას აღნიშნული დისკრიმინაცია.[1]

„Amnesty International“ 2018 წლის ანგარიშში ტანზანიის შესახებ წერს, რომ მთავრობა აგრძელებს ბრძოლას ლგბტი თემის წინააღმდეგ. მათ დახურეს ჯანდაცვის ცენტრები და გაუქმებით ემუქრებიან იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან და კონკრეტულ სერვისებს სთავაზობენ აღნიშნულ პირებს. 2017 წლის 17 თებერვალს, ჯანდაცვის მინისტრმა გააუქმა 40 კერძო ჯანმრთელობის ცენტრი, დაადანაშაულა რა ისინი ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობაში. 25 ივნისს, საგარეო საქმეთა უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გააძევებს ნებისმიერ უცხოელს ან დააკავებს ნებისმიერს, რომელიც მუშაობს ლგბტი თემის უფლებების დაცვაზე.

2017 წლის 18 სექტემბერს, ზანზიბარში დააკავეს 12 ქალი და 8 მამაკაცი მაშინ, როდესაც ისინი ესწრებოდნენ ტრენინგს აივ ინფექციის თემაზე. მთავრობამ ისინი დაადანაშაულა ლგბტი უფლებების პოპულარიზაციაში. 17 ოქტომბერს დაკავებულ იქნა ჯანდაცვის და ადამიანის უფლებათა 13 აქტივისტი (მათ შორის, 3 უცხოელი), რომლებიც შეხვედრაზე მსჯელობდნენ მთავრობის მიერ ლგბტი თემისთვის კონკრეტულ ჯანდაცვის სერვისებზე წვდომაზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, 27 ოქტომბერს ყველა მათგანი გაათავისუფლეს.[2]

„Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში ტანზანიის შესახებ წერს, რომ 2016 წლიდან ტანზანიის მთავრობამ დაიწყო უპრეცედენტო სადამსჯელო ღონისძიებების კამპანია ლგბტი თემის და მათი უფლებადამცველების წინააღმდეგ, დახურეს კერძო კლინიკები, რომლებიც სერვისებს სთავაზობდნენ ჰომოსექსუალებს, სექს-მუშაკებს, ნარკოტიკების მომხმარებლებს; მარტში, პოლიციამ, სოციალურ ქსელში „Instagram“ გავრცელებული პოსტის გამო, ჰომოსექსუალიზმში დაადანაშაულა 19 წლის მამაკაცი და დაუქვემდებარა სწორი ნაწლავის იძულებით შემოწმებას, რომელიც წამების ფორმადაა მიჩნეული. კამპანიის შედეგად, რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, შიდსით დაავადებულები იძულებულნი გახდნენ, შეეწყვიტათ მკურნალობა, ხოლო ჰომოსექსუალებს შეუწყდათ ტესტირებისა და პრევენციის ცენტრებზე წვდომა.[3]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო ტანზანიაში საზოგადოების მხრიდან ლგბტი თემის მიმართ არსებული დამოკიდებულების შესახებ 2014 წლის ანგარიშში წერს, რომ „სექსუალური უმცირესობა ხშირად აწყდება დისკრიმინაციას საზოგადოების მხრიდან. ტანზანიელი საზოგადოება გეებს აღიქვამს, როგორც „დაწყევლილებს“ და „კრიმინალებს“, ხოლო ჰომოსექსუალიზმს, როგორც დასავლეთის მიერ თავსმოხვეულ და ტანზანიური კულტურის საწინააღმდეგო ცოდვას. წყაროები უთითებენ, რომ ლგბტი პირების უმრავლესობა ერიდება საკუთარი ორიენტაციის საჯაროდ დაფიქსირებას, რადგან ეშინია საზოგადოებრივი წნეხის. ლგბტი თემის წარმომადგენლები ხშირად აწყდებიან სირთულეებს დასაქმების კუთხით. მრავალმა მათგანმა დაკარგა სამუშაო ადგილი მას შემდეგ, რაც გამოააშკარავეს თავიანთი სექსუალური ორიენტაცია. ასევე, Human Rights Watch-ის 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, 2009 წელს ტრანსგენდერი მამაკაცი სასტიკად იქნა ნაცემი დერ ეს სალაამის პოლიციის მიერ, რომელიც მხოლოდ 6 დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

ანგარიშის მიხედვით, ლგბტი თემი ასევე აწყდება სოციალურ დისკრიმინაციას საცხოვრებლის და განათლების მიღების კუთხით; დაფიქსირდა სკოლებიდან ლგბტი პირების გარიცხვის 10 ფაქტი, ხშირია სტუდენტების მიერ სწავლისთვის თავის ნებაყოფლობითი დანებების ფაქტები, რაც გამოწვეულია მათდამი სტუდენტების, მასწავლებლების და ლექტორების ჰომოფობიური დამოკიდებულებით. ადგილი აქვს დისკრიმინაციას ჯანდაცვის კუთხით, მათ შორის, ზოგჯერ, მკურნალობაზე უარის თქმას პაციენტის სექსუალური ორიენტაციის გამო. ადგილობრივი ლგბტი აქტივისტის განმარტებით, დისკრიმინაციის ფაქტები უფრო ხშირია ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც მათ სურთ მკურნალობა აივ ან სექსუალურად გადამდები დაავადებებისგან. ღიად გეი და ტრანსგენდერი პირები აწყდებიან წინააღმდეგობას აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატებზე წვდომის კუთხით;[4]

[1] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Tanzania, 3 March 2017, available at:

[accessed 1 June 2018]

[2] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Tanzania, 22 February 2018, available at:

[accessed 1 June 2018]

[3] Human Rights Watch, World Report 2018 – Tanzania, 18 January 2018, available at:

[accessed 1 June 2018]

[4] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Tanzania: Treatment of sexual minorities by society and government authorities; recourse and protection available to those who have been subject to ill treatment (2007 – July 2014), 8 August 2014, TZA104923.E, available at:

[accessed 1 June 2018]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-31 მარტი, 2018

ეგვიპტეში აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა – მანქანაზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა ეგვიპტის სიდიდით მეორე ქალაქ ალექსანდრიაში. დაღუპულია ორი ადამიანი. შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქების მთავარი სამიზნე ალექსანდრიის პოლიციის მაიორი მოსტაფა ალ-ნემრი იყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[1]

ეგვიპტის პრეზიდენტად ისევ აბდელ ფატაჰ ალ-სისი აირჩიეს – მან 21,5 მილიონი ამომრჩევლის ხმა მიიღო. აბდელ ფატაჰ ალ-სისი ქვეყანას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ეგვიპტეში მცხოვრები 96 მილიონი მოქალაქიდან ხმის მიცემის უფლება 59,5 მილიონ ადამიანს ჰქონდა. ქვეყნაში 376 საარჩევნო კომიტეტი და დაახლოებით 17 000 კომისია მუშაობდა. არჩევნებს 63 ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდებოდა.[2]

ევროკავშირი თალიბანისთვის შეღავათის გასაწევად მზად არის – ევროკავშირი სანქციების სიიდან ამოიღებს მოძრაობა „თალიბანის“ იმ წევრებს, რომლებიც სამშვიდობო პროცესს მხარს დაუჭერენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. მისი თქმით, „თალიბებმა“ უნდა გამოავლინონ გამბედაობა და მიიღონ სამშვიდობო შეთავაზება ავღანეთის პრეზიდენტის მხრიდან, რათა ქვეყანაში შეწყდეს ომი. 28 თებერვალს ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი „თალიბანის“ პოლიტიკურ ჯგუფად აღიარების ინიციატივით გამოვიდა. აშრაფ ღანმა თალიბებს ცეცხლის შეწყვეტა და პატიმრების გათავისუფლება შესთავაზა. ამასთან, ღანი მზად არის ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს. ის ასევე მზად არის დაიცვას იმ პირების უსაფრთხოება, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეუერთდებიან.[3]

პირველად პაკისტანში ახალ ამბებს ტრანსგენდერი ქალი წაიყვანს – 21 წლის მარვია მალიკი პირველი ტრანსგენდერი იქნება, რომელიც პაკისტანში ახალი ამბების გამოშვებას გაუძღვება. მალიკი ეთერში პირველად 23 მარტს გამოჩნდა და ფაქტს პაკისტანში სოციალური ქსელების მომხმარებელთა მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. 2017 წლის მონაცემებით, 200-მილიონიან ქვეყანაში, დაახლოებით, 10 ათასი ტრანსგენდერი ცხოვრობს.[4]

მალალა, თავდასხმის შემდეგ, პაკისტანში პირველად ჩავიდა – მალალა იუსაფზაი პუშტუნი პაკისტანელი უფლებადამცველი, რომელიც მთელ მსოფლიოში ქალებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის იბრძვის, თავის ქვეყანაში, მასზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, პირველად ჩავიდა. როგორც ცნობილია, ის პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ის პაკისტანში განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა. მალალა, რომელიც ახლა უკვე 20 წლისაა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელია, 2012 წლის 9 ოქტომბერს დაჭრეს. მანამდე ის 11 წლის ასაკში ცნობილი გახდა ბლოგით, რომელსაც BBC-ზე აქვეყნებდა. ბლოგში ის თავის შესახებ და პაკისტანში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების შესახებ წერდა, აკრიტიკებდა თალიბანის მოძრაობას და ახალგაზრდა ქალებისთვის განათლების მიღების უფლებების მოთხოვნებს აყენებდა. სწორედ ამიტომ მისი მოკვლა თალიბანმა მაშინ სცადა, როდესაც სკოლაში ავტობუსით მიდიოდა. მას ორი რთული ოპერაციის გადატანა მოუხდა. ახლა ის დიდ ბრიტანეთში მშობლებთან ერთად ცხოვრობს.[5]

სომალის პარლამენტთან აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა – სომალის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. დანაღმული ავტომობილი პარლამენტთან ახლოს აფეთქდა, სადაც ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა მდებარეობს. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[6]

იემენში ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი დაიწვა – იემენში, წითელი ზღვის სანაპიროზე, ჰოდეიდას პორტში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად საწვავი და დევნილებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული მარაგი დაიწვა. საწყობში გაეროს მიერ დევნილებისთვის გამოყოფილი საკვები და ასობით ათასი ლეიბი ინახებოდა. გაეროს ინფორმაციით, იემენში 4-დან 3 ადამიანი, დაახლოებით 22 მილიონი ადამიანი ომის მსხვერპლი, მშვიდობიანი მოქალაქეა და მათ არსებობისთვის დახმარება ესაჭიროებათ. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. „ცეცხლმა გაანადგურა უზარმაზარი რაოდენობით საწვავი, ჰუმანიტარული დახმარება და საკვები პროდუქტები“, – თქვა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) თანამშრომელმა და დასძინა, რომ ხანძრის მიზეზს გამოძიება დაადგენს.[7]

[1] CNBC; Bomb kills two in Alexandria ahead of Egypt presidential vote; By Reuters; 24 March, 2018; available at: https://www.cnbc.com/2018/03/24/egypt-blast-bomb-kills-two-in-alexandria-ahead-of-presidential-vote.html?__source=twitter%7Cmain

[2] იმედი; ახალი ამბები; ეგვიპტის პრეზიდენტად ისევ აბდელ ფატაჰ ალ-სისი აირჩიეს; 29 მარტი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/54933/egviptis-prezidentad-isev-abdel-patah-alsisi-airchies

[3] News Europe; Mogherini in Tashkent to discuss Afghan peace; By Dan Alexe; 26 March, 2018; available at: https://www.neweurope.eu/article/mogherini-tashkent-discuss-afghanistan/

[4] CNN; Meet Pakistan’s first transgender news anchor; by Sophia Saifi; 27 March, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/03/27/asia/pakistan-transgender-anchor-intl/index.html

[5] BBC; Malala Yousafzai returns to Pakistan for first time since shooting; 29 March, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-43578604

[6] CTV News; Car bomb kills 4, driver near parliament in Somali capital; By Abdi Guled, the Associated Press; 25 March, 2018; available at: https://www.ctvnews.ca/world/car-bomb-kills-4-driver-near-parliament-in-somali-capital-1.3857702

[7] Independent; Huge fire destroys warehouses filled with aid supplies at Yemen port in blow for desperate refugees; 30 March, 2018; available at: https://imedinews.ge/ge/msoflio/55374/iemenshi-humanitaruli-dakhmarebis-maragi-daitsva-video