ლიბანი. ინფორმაცია უსაფრთხოების კუთხით არსებული ზოგადი ვითარების შესახებ. დეკემბერი, 2021

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას” (Rule of Law in Armed Conflicts) პორტალის მიხედვით, ლიბანის ტერიტორიის ნაწილი – შებაას ფერმები ისრაელის მიერ არის ოკუპირებული. ამას გარდა, სირიაში წარმოებული არა-საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტების ნაწილი, გარკვეულწილად, გავრცელდა ლიბანის ტერიტორიაზე.[1]

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისი ლიბანში არსებულ უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას აღწერს, როგორც არასტაბილურს, რომელიც შესაძლებელია სწრაფად გაუარესდეს.

2021 წლის 14 ოქტომბერს, ბეირუთში, ჰეზბოლასა და ლიბანის შეიარაღებულ ძალებს შორის მომხდარი, შეიარაღებული შეტაკებების, შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 32 დაშავდა.  შესაბამისად, ლიბანში სიტუაცია რჩება დაძაბული და არსებობს შემდგომი ძალადობის რისკებიც.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისის განცხადებით, გარდა შიდა დაპირისპირებებისა, რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებსაც გავლენა აქვთ ადგილობრივ უსაფრთხოებაზე. კერძოდ, დაძაბულობას ისრაელთან, მოვლენებს სირიასა და ერაყში, შესაძლებელია, გავლენა ჰქონდეს ლიბანში არსებულ სიტუაციაზე. აქედან გამომდინარე, რჩევაა, რომ ყველამ თვალყური ადევნოს რეგიონში არსებულ ვითარებას.

გარდა ამისა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისმა 2021 წლის 22 დეკემბერს განაახლა რუქა, სადაც აღწერილია მოგზაურთათვის ლიბანში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.

ოფისი ურჩევს გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს, არავითარ შემთხვევაში არ იმოგზაურონ შემდეგ ლოკაციებზე:

პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკები; სირიის საზღვრიდან 5 კილომეტრის რადიუსზე მდებარე ტერიტორია; ჰერმელის რეგიონი, მათ შორის, ქალაქები: არსალი; რასი; ბაალბეკი; ქაა; ლაბოუე და ნაჰლე.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ლიბანში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით წერს, რომ ადგილობრივი უსაფრთხოების ორგანოების მონაცემების მიხედვით, ლიბანში გაზრდილია ძალადობრივი დანაშაულები, მათ შორის პოლიტიკური ძალადობები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე წერს, რომ ლიბანში ამჟამად არის პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის პერიოდი, რომელიც შესაძლოა, გადაიზარდოს ძალადობაში.

პოლიტიკური არეულობა: 2019 წლის შემდეგ ლიბანში ხშირი დემონსტრაციები ტარდება, რაც მთავრობის პოლიტიკითა და კორუფციით არის გამოწვეული, საიდანაც ზოგიერთი მათგანი გადაიზარდა ძალადობრივ დემონსტრაციებში.

ტერორიზმი:  ლიბანში მოქმედებენ ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფები, მათ შორის აშშ-ის მიერ იდენტიფიცირებული ტერორისტული ორგანიზაციები. შეტაკებები ლიბანის ხელისუფლებასა და კრიმინალურ ჯგუფებს შორის გრძელდება ბექაას ხეობასა და სასაზღვრო რეგიონებში.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] რელიგიის თავისუფლების შესახებ ლიბანში წერს, რომ ჰეზბოლა, აშშ-ის მიერ გამოცხადებული ტერორისტულ ორგანიზაცია, განაგრძობს ქვეყნის ზოგიერთი ტერიტორიის კონტროლს, განსაკუთრებით ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებსა და ქვეყნის სამხრეთ რეგიონებზე, რომლებიც ძირითადად შიიტი მუსლიმებით არიან დასახლებული.[4]

[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts – Lebanon; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/countries/lebanon [ნანახია 2021 წლის 23 დეკემბერს]

[2] გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისი – Lebanon travel advice; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.gov.uk/foreign-travel-advice/lebanon [ნანახია 2021 წლის 23 დეკემბერს]

[3] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – Lebanon Travel Information; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://travel.state.gov/content/travel/en/international-travel/International-Travel-Country-Information-Pages/Lebanon.html [ნანახია 2021 წლის 23 დეკემბერს]

[4] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ანგარიში რელიგიის თავისუფლების შესახებ; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 23 დეკემბერს]