ლიბია. უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა ზავიაში. ივნისი, 2023

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტის „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC) მიხედვით, ლიბიაში ადგილი აქვს არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს. 2011 წელს კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ლიბია მუდმივი პოლიტიკური დაუმორჩილებლობისა და თანმდევი შეიარაღებული კონფლიქტების პირობებში იმყოფება. ერთმანეთთან დაპირისპირებული მთავრობების და სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფების [რომლებიც მუდმივად იცვლიან მოკავშირეებს და, როგორც ჩანს, მოქმედებენ ავტონომიურად] არსებობამ გააუარესა მდგომარეობა და გამოიწვია ზოგადი გაურკვევლობა. 2014 წლიდან მოყოლებული, ლიბიაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობენ: ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა, ლიბიის ეროვნული არმია [LNA], სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფი და უცხო ძალები.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ლიბიის შესახებ წერს, რომ რიგით მოქალაქეებს არანაირი როლი არ აქვთ ლიბიის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც ამჟამად შეიარაღებული ფრაქციების, უცხო ქვეყნების მთავრობების, ნავთობთან დაკავშირებული ინტერესების, კონტრაბანდით დაკავებული სინდიკატებისა და სხვა არაპოლიტიკური ძალების დომინაციას განიცდის. მოქალაქეები და სამოქალაქო პოლიტიკური ფიგურები სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფების მხრიდან ძალადობის და დაშინების ობიექტები არიან.[2]

დამოუკიდებელი ორგანიზაცია „International Crisis Group“ 2015 წლის 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში წერს, რომ ლიბია აფრიკის უმსხვილეს ნავთობის რეზერვებს ფლობს და დიდი ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი მიმწოდებელი იყო, რაც საპასუხოდ, მნიშვნელოვანი შემოსავლის გენერირებას ახდენდა. ნავთობი, რომელიც ქვეყნის შემოსავლის 96%-ს წარმოადგენდა, იგივე მოცულობით აღარ მოიპოვება. 2011 წლამდე, ლიბია დღეში 1.6 მილიონი ბარელის ექსპორტს ახდენდა; 2015 წლისთვის ნავთობის ექსპორტი მეოთხედამდე იყო შემცირებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით ნავთობის საბადოები, მილსადენები და ექსპორტის ინფრასტრუქტურა შეიარაღებული ჯგუფების [Militias] კონტროლის ქვეშაა. თავდაპირველად, მათი მიზანი იყო ნავთობის დინების შენარჩუნება და ცენტრალური მთავრობისგან ფულის გამოძალვა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა ორ დაპირისპირებულ მთავრობად დაიყო, ისინი უბრალოდ იბრძვიან ნავთობიდან მიღებული შემოსავლის ერთმანეთისგან შენარჩუნებისთვის; თუ ერთი მხარე საბადოზე კონტროლს დააწესებს, მეორე მხარე მილსადენის ბლოკირებას ახდენს. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ დროა აღიარების; რომ ლიბიის სამოქალაქო ომი მხოლოდ მეორეხარისხოვნად არის დაკავშირებული იდეოლოგიასთან, რელიგიასთან თუ ლეგიტიმაციასთან. პირველ რიგში, ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, ვინ გააკონტროლებს ქვეყნის ნავთობის რესურსებს და აქედან მიღებულ შემოსავალს.[3]

ინტერნეტ რესურსი „Atalayar“ [ახალი ამბები ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში] 2022 წლის 30 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ ნავთობის ინფრასტრუქტურა იქცა თავდასხმების სამიზნედ, შეტაკებების ეპიცენტრად და შანტაჟის ინსტრუმენტად დაპირისპირებულ მხარეებს შორის. 2020 წელი გამოირჩეოდა ყველა მნიშვნელოვანი ბლოკადებით ქვეყნის ისტორიაში – თვეების განმავლობაში ლიბიის ეროვნულმა არმიამ ქვეყნის ნავთობის რამდენიმე საბადოსა და ინფრასტრუქტურის პარალიზება მოახდინა.

კვლევითი ორგანიზაცია „Security Distillery“ 2020 წლის 27 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ნაშრომში წერს, რომ ლიბიის კრიზისში ნავთობის როლის გასააზრებლად, აუცილებელია ქვეყანის ამჟამინდელი ფრაგმენტაციის ცოდნა, რასაც დიდი გავლენა აქვს სხვადასხვა სფეროზე და პოლიტიკაზე. კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ლიბია, რომელიც სოციალური ერთიანობით დიდად არც გამოირჩეოდა, გავლენების სხვადასხვა ზონებად დაიყო. ამჟამად, ლიბია ორ ძირითად რეგიონადაა დაყოფილი – საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა, რომელიც ტრიპოლიშია და აკონტროლებს ლიბიის დასავლეთ ნაწილს და ტობრუკში მდებარე ლიბიის ეროვნული არმია, რომელიც აკონტროლებს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ლიბიას. კადაფის რეჟიმის დამხობას მოჰყვა რესურსების განაწილების კუთხით არსებული სტატუს ქვოს დაშლა და ნავთობზე კონტროლი გახდა ფრაქციებს შორის კონფლიქტისა და დაძაბულობის შექმნის მიზეზი.[4]

ინტერნეტ მედია რესურსი „NS Energy“ 2020 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ნავთობი ლიბიის სამოქალაქო ომის საკვანძო ბრძოლის ველი ხდება. სამხედროები მიმართავენ ნავთობისა და გაზის საკვანძო ინფრასტრუქტურის ბლოკირების მეთოდს, რათა მთავრობას სხვადასხვა საკითხზე დათმობები აიძულოს. ლიბიის პრემიერი აცხადებდა, რომ ასეთი მეთოდებით მილიარდზე მეტი იკარგებოდა. მისი თქმით, ნავთობის გამოყენება ზეწოლის იარაღად საფრთხეს უქმნიდა 2020 წლის ბიუჯეტს.[5]

ქალაქი ზავია [Zawiya] [ასევე გამოიყენება Az Zawiyah] ლიბიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტრიპოლიტანიის რეგიონში მდებარეობს. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA [ყოფილი EASO] 2020 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ლიბიაში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ წერს, რომ 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ქალაქ ზავიაში რამდენიმე შეიარაღებული ჯგუფი მოქმედებდა. ქალაქში წარმოდგენილნი იყვნენ ლიბიის ეროვნულ არმიასთან ასოცირებული ჯგუფებიც, თუმცა ქალაქის უდიდეს ნაწილს საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის [GNA] ძალები აკონტროლებდნენ. ზავიის ნავთობის კომპლექსს GNA-ის მომხრე ალ-ნასრის ბრიგადა აკონტროლებდა.

ACLED მონაცემთა ბაზის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, ზავიაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების საერთო რაოდენობის დაახლოებით 1% ფიქსირდებოდა. ზავიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლის კუთხითაც. 2019 წლის განმავლობაში ზავიაში დაფიქსირდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 21 ინციდენტი [11 აფეთქება, 7 შეტაკება და სამოქალაქო პირთა მიმართ ძალადობის 3 ეპიზოდი]. 16 ინციდენტს ადგილი ჰქონდა ქალაქ ზავიაში, 3 ინციდენტი დაფიქსირდა ალ ჰარშაში და თითო აბუ ისასა და ალ მუტრადში. 2020 წლის იანვარი – სექტემბრის პერიოდში ზავიაში ადგილი ჰქონდა 4 ძალადობრივ ინციდენტს [2 შეტაკება და 2 აფეთქება]. 3 ინციდენტს ადგილი ჰქონდა სურმანში და ერთი შემთხვევა დაფიქსირდა აბუ ისაში.[6]

ინტერნეტ მედია რესურსი „The Libya Update“ 2023 წლის 24 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ რამდენიმე შეტაკების შემდეგ, ლიბიის ქალაქ ზავიაში კვლავ მშვიდობამ დაისადგურა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება მთავრობასთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს შორის მოხდა. სამაშველო ჯგუფებმა 30 ოჯახის ევაკუაცია განახორციელეს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ აპრილის პირველ რიცხვებში, შეიარაღებულ ჯგუფებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამი მშვიდობიანი მოსახლე დაშავდა. ინციდენტის შედეგად, ასევე, დაზიანდა ლიბიაში უდიდესი ზავიის ნავთობგადამამუშავებლი ქარხანა. სტატიაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, ქალაქი ზავია, ისევე როგორც სხვა ქალაქები ლიბიაში, შეიარაღებული ჯგუფების დაპირისპირების მოწმეები რეგულარულად არიან. აღნიშნული ჯგუფები ძალაუფლებისა და გავლენებისთვის იბრძვიან და სარგებელს იღებენ არსებული კრისიზით, ნარკოტიკების, ნავთობისა და ადამიანების ტრეფიკინგით.[7]

[1] ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჟენევის აკადემია; პროექტი „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ RULAC; ლიბია; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/map [ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ ლიბიაში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 24 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[3] დამოუკიდებელი ორგანიზაცია „International Crisis Group“; ქაოსი ლიბიაში: საქმე ნავთობშია, სისულელე; სტატიის ავტორი: ესანდრ ელ ამრანი; გამოქვეყნებულია 2015 წლის 13 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.crisisgroup.org/middle-east-north-africa/north-africa/libya/chaos-libya-it-s-oil-stupid [ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[4] კვლევითი ორგანიზაცია „Security Distillery“; შენი მადლი შენივე წყევლა იქნება: ნავთობის როლი ლიბიის კრიზისში; სტატიის ავტორი: ელისა მარა; გამოქვეყნებულია 2020 წლის 27 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://thesecuritydistillery.org/all-articles/your-blessing-will-be-your-curse-the-role-of-oil-in-the-libyan-crisis [ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[5] ინტერნეტ მედია რესურსი „NS Energy“; ნავთობი ლიბიის სამოქალაქო ომის საკვანძო ბძოლის ველი ხდება; გამოქვეყნებულია 2020 წლის 18 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.nsenergybusiness.com/features/libya-oil-blockades/ [ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[6] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA [ყოფილი EASO]; უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ლიბიაში; გამოქვეყნებულია 2020 წლის 7 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[7] ინტერნეტ მედია რესურსი „The Libya Update“; ლიბიის ქალაქ ზავიაში, შეტაკებების შემდეგ, სიმშვიდე დაბრუნდა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 24 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://libyaupdate.com/calm-returns-to-libyas-zawiya-after-night-of-clashes/ [ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 აპრილი, 2019

აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა – ოფიციალური კომენტარი სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ტრამპის თქმით, აშშ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯი იმი დასტურია, რომ ირანი არა მხოლოდ აფინანსებს ტერორისტებს, არამედ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დახმარებით, აქტიურად მონაწილეობს და ხელს უწყობს ტერორიზმს.[1]

საპასუხოდ, ირანის უმაღლესმა ეროვნულმა უშიშროების საბჭომ ტერორისტულ ორგანიზაციად აშშ-ის შეიარაღებული ძალები გამოაცხადა.[2]

ვითარება ავღანეთში – ავღანეთში მორიგი თავდასხმა მოხდა. თალიბანის მიერ ორგანიზებულ იერიშს ქვეყნის დასავლეთით 12 ადამიანი ემსხვერპლა; დაღუპულთა უმეტესობა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები არიან. თავდასხმა მოხდა ქვეყნის აღმოსავლეთითაც. ტერორისტებმა იერიში ქალაქ ღაზნიზე მიიტანეს. თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა.[3]

აფეთქება მოხდა ბარგამის ბაზასთანაც. მანქანა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით იყო დანაღმული. ინციდენტის შედეგად სამი ამერიკელი სამხედრო და ერთი კონტრაქტორი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.[4] რამდენიმე დღის შემდეგ, თალიბანმა ავღანეთში „გაზაფხულის თავდასხმების“ დაწყება დააანონსა. მიმართვა ხუთ ენაზე გავრცელდა. მიმართვაში ნათქვამია, რომ იერიშები იქამდე გაგრძელდება ვიდრე ქვეყანას უცხო სამხედროები არ დატოვებენ.[5]

პაკისტანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა – ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ქვეტაში მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა აგრარულ ბაზარში ბოსტნეულში იყო დამალული. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ინციდენტის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულთა უმეტესობა შიიტური უმცირესობა ჰაზარების წარმომადგენლები იყვნენ.[6]

თურქეთში სამართალდამცველები დააკავეს – სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან 3 წლის შემდეგ, თურქეთში დაკავებები გრძელდება. ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით ქვეყნის 31 პროვინციაში 75 სამართალდამცველი დააკავეს. 2016 წლიდან დღემდე დაკავებულთა რიცხვი 500 ათასს აჭარბებს, მათგან 30 ათასი ამ დრომდე ციხეშია.[7]

ლიბიაში კონფლიქტის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანია დაღუპული – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით საომარი მოქმედებების შედეგად 121 ადამიანი დაიღუპა, 561 კი დაიჭრა. ორგანიზაცია გეგმავს კონფლიქტის ზონაში დამატებითი თანამშრომლები მიავლინოს. ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლთან სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის საბრძოლო მოქმედებები რამდენიმე დღეა განახლდა. ამბოხებულთა მეთაურმა არმიის გენერალმა ხალიფა ფაფტარმა დედაქალაქის შტურმით აღების ბრძანება 5 აპრილს გასცა. 2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ ქვეყანაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა და ქვეყანა ორ ნაწილადაა გაყოფილი.[8]

სუდანის კრიზისი – 6-7 აპრილიდან სუდანის დედაქალაქ ხარტუმში მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გავიდა. პოლიციელებმა დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით დაშალეს. პრეზიდენტი ბაშირი კი გადადგომას არ აპირებს. პროტესტების ფონზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. აქციის მონაწილეები დანებებას არ აპირებენ.[9] საპროტესტო აქციებს საბოლოოდ მსხვერპლი მოჰყვა. 20-მდე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.[10]

11 აპრილს ქვეყნის ჯარმა საგანგებო სხდომაზე თანამდებობიდან გადააყენა მინისტრთა კაბინეტი და პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი. ამავე დღეს, ქალაქ პორტ-სუდანსა და კასალამში მოქალაქეები სპეცსამსახურების შენობას დაესხნენ თავს. ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლებულია. სამხედრო გადატრიალების შედეგად, 30-წლიანი მმართველობის შემდეგ, პრეზიდენტი ალ-ბაშირი დააკავეს.[11] მასთან ერთად მთავრობის ყოფილი წევრებიც დააკავეს. სამხედრო საბჭომ პირობა დადო, რომ დემონსტრანტებს ძალის გამოყენებით აღარ დასჯიან; ოპოზიციას კი პრემიერის დროულად არჩევისკენ მოუწოდეს.[12] ყოფილ პრეზიდენტს ჰააგის ტრიბუნალს არ გადასცემენ. ქვეყნის დროებითი მთავრობის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი სუდანის სასამართლოს წინაშე წარსდგება.[13]

სუდანის თავდაცვის მინისტრმა ავად მუჰამედ აფმედ იბნ აუფმა ქვეყანაში ორწლიანი გარდამავალი პერიოდი გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ქვეყანის მმართველობას სამხედრო საბჭო იკისრებს.[14] ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას ასევე მოჰყვა ფართომასშტაბიანი აქციები, რის გამოც იბნ აუფმა თანამდებობა დატოვა და შემცვლელად გენერალი აბდელ ფატაჰ აბდელრაჰმან ბურჰანი დაასახელა. 12 აპრილს აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ არ დაიშლებიან, საპასუხოდ კი სამხედროებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში ქაოსს არ შეეგუებიან.[15] სუდანის სამხედრო საბჭოს მხარდაჭერა გამოუცხადეს არაბულმა ქვეყნებმა – საუდის არაბეთი და გაერთიანებული საამიროები სუდანში ჰუმანიტარულ ტვირთსაც გზავნიან.[16]

რომის პაპმა სამხრეთ სუდანელ მაღალჩინოსნებს სთხოვა, ქვეყანა სამოქალაქო ომის პერიოდში არ დააბრუნონ – სუდანის კრიზისის პარალელურად, რომის პაპმა ვატიკანის მიღებაზე სამხრეთ სუდანის პრეზიდენტ სალვა კიირსა და სხვა მაღალჩინოსნებს ფეხზე ამბორით სთხოვა მეამბოხეებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ დაარღვიონ. სუდანის სამხედრო კონფლიქტი (მეორე სამოქალაქო ომი) 1983-2005 წლებში, თავისი ჰუმანიტარული შედეგებით, მეოცე საუკუნის ერთერთი ყველაზე ტრაგიკული კონფლიქტი იყო.[17]

[1] CBS News; U.S. designated Iran’s Islamic Revolutionary Guard Corps as a terrorist organization; By Emily Tillett; Kathrin Watson; 8 April, 2019; available at: https://www.cbsnews.com/news/trump-designates-irans-islamic-revolutionary-guard-corps-as-a-terrorist-organization/?fbclid=IwAR1MZ_9_7CPCX0ZI2bsl7oFFn22b9Ung8kQ3X6RG3Yp2QB4cGQS-6FZFKYA

[2] Press Tv; Iran’s national security council puts U.S. forces on list of terror groups; 8 April, 2019; available at: https://twitter.com/BREAKING_PTV/status/1115281606057648133

[3] Manila Times; 12 more killed in Taliban assault in Afghanistan; 8 April ,2019; available at: https://www.manilatimes.net/12-more-killed-in-taliban-assault-in-afghanistan/536756/?fbclid=IwAR354FrWla3armU2alx60YvnUoB8deBwBoNa0NdE58soexKpWyqBpkhPT-o

[4] Al Jazeera; Three US troops, one contractor killed in Afghanistan explosion; 8 April, 2019; available at: https://www.aljazeera.com/news/2019/04/service-members-contractor-killed-afghanistan-190408190723125.html

[5] Euronews; Taliban announces annual spring offensive in Afghanistan; 12 April, 2019; available at: https://www.euronews.com/2019/04/12/taliban-announce-annual-spring-offensive-in-afghanistan

[6] Reuters; Pakistan market suicide bombing kills 18, half of them minority hazaras; By Gul Yousafzai; 12 April, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-pakistan-blast/pakistan-vegetable-market-bomb-kills-16-half-of-them-minority-hazaras-idUSKCN1RO0KA?il=0

[7] იმედის ახალი ამბები; თურქეთში 75 სამართალდამცველი დააკავეს; 12 აპრილი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/102598/turqetshi-75-samartaldamtsveli-daakaves

[8] იმედის ახალი ამბები; ლიბიაში კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 121-მდე გაიზარდა; 14 აპრილი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/102717/libiashi-konpliqtis-shedegad-dagupulta-ritskhvi-121mde-gaizarda

[9] BBC; Sudan protest: Clashes among forces at Khartoum sit-in; 8 April, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-47850278

[10] Reuters; Sudan opposition says around 20 killed since sit-in began; By Khalid Abdelaziz; 9 April, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-sudan-protests/sudan-opposition-says-around-20-killed-during-defense-ministry-sit-in-idUSKCN1RL0AI?il=0

[11] BBC; Omar al-Bashir: Sudan military coup topples ruler after protests; 11 April, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-47891470

[12] BBC; Sudan crisis: Military council arrests former government members; 14 April, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-47929137

[13] Reuters; Head of Sudan’s military council steps down, a day after Bashir toppled; By Khalid Abdelaziz; 12 April, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-sudan-politics/sudans-military-council-promises-civilian-government-after-bashir-toppled-idUSKCN1RO0S0?il=0

[14] BBC; Sudan coup; protesters defy curfew after military ousts Bashir; 12 April, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-47903332

[15] BBC; Sudan coup leader Awad Ibn Auf steps down; 13 April, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-47913338

[16] The Publics Radio; New suling Sudan military council promises civilian Cabinet; 15 April, 2019; available at: https://thepublicsradio.org/article/saudis-uae-express-support-for-sudan-military-council

[17] Reuters; Pope kisses feet of South Sudan leaders urging them to keep the peace; By Philip Pullella; 11 April, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-pope-southsudan/pope-kisses-feet-of-south-sudan-leaders-urging-them-to-keep-the-peace-idUSKCN1RN27G?il=0

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-31 იანვარი, 2018

ბენგაზიში პატიმრები ქუჩაში სიკვდილით დასჯეს – 23 იანვარს ლიბიის დედაქალაქში ორი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 30 ადამიანზე მეტი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა. 2 დანაღმული ავტომობილი ბენგაზის უდეიდეს მეჩეთთან იმ დროს მოხდა, როდესაც მორწმუნეები ლოცვის შემდეგ მეჩეთს ტოვებდნენ. მომდევნო დღეს პატიმრები ქუჩაში, ხალხის თვალწინ დახვრიტეს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ცისფერტანსაცმლიანი 9 კაცი, ისინი მუხლებზე დგანან. შემდეგ მათ მიწაზე სისხლში ამოსვრილებს აჩვენებენ. დასჯის შემდეგ ცხედრები პიკაპების საბარგულებით შეკრებილთა შეძახილების ფონზე წაიღეს. ადამიანების ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. პატიმრები იმ მეჩეთის გვერდით დახვრიტეს, სადაც 23 იანვარს ტერაქტი მოხდა. გაეროს მისიამ ლიბიაში შეშფოთება გამოთქვა მომხდარის გამო და განაცხადა, რომ ასეთი ქმედება საერთაშორისო სამართლით ისჯება.[1]

ავღანეთში ორგანიზაციის „Save the Children“ ოფისს თავს დაესხნენ – ავღანეთში, ჯალალაბადში საერთაშორისო ორგანიზაციის „Save the Children“ ოფისზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ოპერაცია ბრიტანეთის, შვედეთის და ავღანეთის სამთავრობო შენობებზე რამდენიმე თავდასხმას გულისხმობდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 2 და დაშავებულია 11 ადამიანი.[2]

ქაბულის დიპლომატიურ უბანში მომხდარ აფეთქებას 103 ადამიანი ემსხვერპლა – ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დიპლომატიურ უბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 103-მდე გაიზარდა, დაშავებულია 235 ადამიანი. პოლიციამ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავა. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული სასწრაფო დახმარების მანქანით მოაწყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო. ავღანეთის ხელისუფლებამ ქაბულში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა პატივსაცემად, 28 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.[3]

ტერაქტი ქაბულის სამხედრო აკადემიაში – მარშალ ფაჰიმის სახელობის სამხედრო აკადემიაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 9 ადამიანი და დაიჭრა რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე. თავდასხმაში სულ ხუთი ტერორისტი მონაწილეობდა, მათგან ორმხრივ სროლებში სამი დაიღუპა, ხოლო ერთი დააკავეს.[4]

თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში – თურქეთის სამხედრო კოლონამ ქურთებზე თავდასხმის მიზნით, სირიის საზღვარი გადალახა და ალეპოს პროვინციაში შევიდა. თურქეთის სატანკო შენაერთი ქურთების პოზიციებს ალეპოს პროვინციიდან დაბომბავს. პარალელურად, ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა აფრინის ერთ-ერთ ოლქში თურქეთისგან მხარდაჭერილი „თავისუფალი სირიის არმიის“ შეტევა უკუაგდო, ასევე თურქეთის არმიის სამი ტანკი ააფეთქა და შეტევა გაანეიტრალა. სირიის ჩრდილოეთში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. თურქეთის საჰაერო ძალების იერიშის შედეგად, აფრინში ტერორისტული ორგანიზაციის 33 წევრი მოკლეს. წლის დასაწყისში, ანტიტერორისტული ოპერაციების დაწყებიდან დღემდე 649 ტერორისტია განადგურებული, ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა. თურქეთმა სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ 20 იანვარს დაიწყო. თურქეთის არმია სირიის ჩრდილოეთში აფრინისა და აზაზის მიმართულებით ავითარებს შეტევას და პოტენციურ სამიზნედ მანბიჯსაც ასახელებს.[5]

ვითარება იემენში – სეპარატისტებმა სამხრეთ იემენში მდებარე ქალაქ ადენში სახელისუფლებო ძალებთან სისხლიანი შეტაკების შემდეგ სამთავრობო შენობები დაიკავეს. ქვეყნის პრემიერმა აჰმედ ბინ დაღერმა სეპარატისტები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. ბრძოლები კვირას დაიწყო, როდესაც პოლიციამ დემონსტრანტებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცა. შეტაკებისას ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. თვითმხილველების თქმით, აფეთქებები ქალაქის რამდენიმე უბანში ხდებოდა. სეპარატისტებს მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროები უჭერს, რომელიც ასევე, საუდის არაბეთის მეთაურობით შექმნილ კოალიციაშია, რომელიც ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძვის. იემენის პრემიერის განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საამიროებში „გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა“ დროულად უნდა გაატარონ ღონისძიებები, რადგან სეპარატისტების ქმედებები ჰუსიტებს ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს. პარალელურად, იემენის ერთერთ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე აფეთქება მოხდა. შემთხვევას 15 ჯარისკაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, დანაღმული ავტომობილი შაბვას პროვინციაში აფეთქდა. ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მოხდა.[6]

ინდოეთში მუსლიმებსა და ინდუისტებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა – ჩრდილოეთ ინდოეთში პოლიციამ 112 ადამიანი დააკავა.  გამოძიება დაკავებულებს ორი რელიგიური ჯგუფის დაპირისპირებაში მონაწილეობას ედავება. მუსლიმები და ინდუისტები ერთმანეთს ძალადობაში სდებენ ბრალს. მათ ერთმანეთს ქვები დაუშინეს, მაღაზიებსა და სატრანსპორტო საშუალებებს კი ცეცხლი წაუკიდეს. დაპირისპირებას ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა. დაპირისპირება ადგილობრივმა პოლიციამ უკვე აღკვეთა და შემდგომი ძალადობის თავიდან ასაცილებლად, რეგიონში პატრულირება დააწესა.[7]

[1] Imedi News; ბენგაზიში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა; 24 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/45349/bengazishi-momkhdari-ormagi-teraqtis-mskhverplta-ritskhvi-33mde-gaizarda

ლიბიაში პატიმრები ხალხის თვალწინ ქუჩაში სიკვდილით დასაჯეს; 25 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/45597/libiashi-patimrebi-quchashi-khalkhis-tvaltsin-sikvdilit-dasajes

[2] Reuters; Islamic State claims attack on Jalalabad in Afghanistan; Reuters Staff; 24 January, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-blast-claim/islamic-state-claims-attack-on-jalalabad-in-afghanistan-idUSKBN1FD1HC?il=0

[3] BBC; Kabul attack: Taliban kill 95 with ambulance bomb in afghan capital; 28 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-42843897

[4] National Public Radio; 11 dead in attack on army garrison in Kabul claimed by ISIS; By Scott Neuman; 29 January, 2018; available at: https://www.npr.org/sections/thetwo-way/2018/01/29/581490219/3-dead-in-attack-on-army-garrison-in-kabul-claimed-by-isis

[5] AMN; Turkish military column reportedly enters Aleppo in pursuit of Kurds; 24 January, 2018; available at: https://www.almasdarnews.com/article/turkish-military-column-reportedly-enters-aleppo-pursuit-kurds/

Imedi News; თურქეთის სამხედრო ძალებმა აფრინში ოპერაციების დაწყებიდან 649 ტერორისტი გაანადგურეს; 30 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/46205/turqetis-samkhedro-dzalebma-aprinshi-operatsiebis-datskebidan-649-teroristi-gaanadgures

[6] BBC; Yemen crisis: Separatists seize governmental buildings in Aden; 28 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-42852285

[7] BBC; India police qrrest 112 as religious clashes kill teenager; 29 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-india-42855953