კოტ დივუარი. ადამიანის უფლებების დაცვა; გბაგბოს მხარდამჭერთა მდგომარეობა. ნოემბერი, 2018

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) კოტ დ’ივუარის შესახებ წერს, რომ კოტ დ’ივუარი დემოკრატიული რესპუბლიკაა, რომელიც იმართება თავისუფლად არჩეული მთავრობის მიერ. საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში, რომელიც 2016 წლის დეკემბერში გაიმართა, მმართველმა სამთავრობო კოალიციამ 66 მანდატი მოიპოვა. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2011 წლის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, ასევე მიიღო მანდატები. არჩევნების ჩატარდა მშვიდობიანად და მიჩნეული იქნა როგორც გამჭვირვალე. 2015 წელს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც დიდი უპირატესობით მოიგო ალასანე ოუატარამ. საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არჩევნები შეაფასეს როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სამოქალაქო ხელისუფლება ვერ ახორციელებს უსაფრთხოების ძალების ეფექტურ კონტროლს.

ადამიანის უფლებების მთავარ დარღვევებს წარმოადგენს ძალის გადამეტება უსაფრთხოების ძალების მხრიდან, პატიმართა და დაკავებულთა მიმართ ძალის ბოროტად გამოყენება და ასევე, მთავრობის უუნარობა დაიცვას კანონის უზენაესობა. ქვეყნის უსაფრთხოების ძალებისა და ჟანდარმერიის მხრიდან ადგილი აქვს თვითნებურ დაკავებებს. საპატიმრო პირობები ქვეყანაში მძიმე და რიგ შემთხვევებში სიცოცხლისთვის საშიშია. სასამართლო არა ეფექტურია და განიცდის დამოუკიდებლობის ნაკლებობას. მთავრობა რიგ შემთხვევებში ზღუდავს პრესისა და შეკრების თავისუფლებას. სამთავრობო კორუფცია გავრცელებულია. ადგილი აქვს ქალთა და ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობას, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაშიც მთავრობა არა ეფექტურია. მთავრობა იშვიათად დგამს ნაბიჯებს, რათა გაასამართლოს დამნაშავეები უსაფრთხოების ძალებსა ან თავად მთავრობაში; დაუსჯელობა დიდი პრობლემაა. ზოგიერთი მაღალი დონის პირი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია 2010-11 წლების ძალადობაში და მიუხედავად ამისა, ინარჩუნებს თავის თანამდებობას უსაფრთხოების ძალებში; ზოგიერთი მათგანი დააწინაურეს კიდეც.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში კოტ დ’ივუარის შესახებ წერს, რომ ქვეყანა განაგრძობს სისხლიანი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას. პრეზიდენტმა ალასანე ოუატარამ იანვარში დაამტკიცა ახალი კონსტიტუცია და შემოიღო ვიცე პრეზიდენტის პოსტი და მეორე საკანონმდებლო პალატა, რომლის ერთ მესამედს ნიშნავს პრეზიდენტი. ანგარიშში წერია, რომ 2017 წელს კვლავ გრძელდებოდა თვითნებური დაკავებები, დაკავებულთა მიმართ არა სატანადო მოპყრობა და უკანონო მკვლელობები უსაფრთხოების ძალების მიერ. ამასთან, იშვიათი იყო დანაშაულების გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის შემთხვევები. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მედია მუშაობდა თავისუფლად, ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობის გამოყენება ხდებოდა ჟურნალისტების უსამართლოდ დაკავებისა და რიგი ოპოზიციური გაზეთების მუშაობის შეფერხებისთვის.

ძალიან ნელა მიმდინარეობდა სამართლიანობის აღდგენის პროცესი 2010-11 წლებში დაზარალებული ხალხისთვის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო განაგრძობს გბაგბოსა და მისი დროინდელი ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის (რომელიც ამავე დროს გბაგბოს მხარდამჭერი შეიარაღებული დაჯგუფების მეთაური იყო) ჩარლზ ბლი გუდის გასამართლებას. სასამართლო, ასევე, იძიებს ოუატარას მომხრე ძალების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. გბაგბოს ათობით მხარდამჭერი, რომლებიც არჩევნების შემდეგ კრიზისსა და ძალადობასთან კავშირის გამო დააპატიმრეს, კვლავ რჩებიან გახანგრძლივებულ წინასწარ პატიმრობაში.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2017/2018 წლის ანგარიშში კოტ დ’ივუარის შესახებ წერს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ლორან გბაგბოს დაახლოებით 200 მხარდამჭერი ელოდება სასამართლო პროცესს. მათ ბრალად ედებათ 2010 და 2011 წლებში, არჩევნების შემდეგ ძალადობებში მონაწილეობა. მსგავსი ბრალდებით დაკავებული ორი პირი – ასი ჯინ კოუაჩი და ბონფის ტოდე 2017 წელს საპატიმროში გარდაიცვალნენ. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოუძიებელი დარჩა მკვლელობების საქმე, რომელთაც ადგილი ჰქონდა დემობილიზებულ სამხედროებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებს. იზღუდებოდა მოქალაქეთა გამოხატვის, შეკრებისა და მშვიდობიანი გაერთიანების უფლებები; ზოგიერთი საპროტესტო აქციის გამართვა აიკრძალა. ყოფილი პრეზიდენტის ცოლი სიმონე გბაგბო, რომელიც ბრალდებული იყო კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულებში, უდანაშაულოდ ცნეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გაასამართლა ლორენ გბაგბო და ჩარლზ ბლი გუდი.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში კოტ დ’ივუარის შესახებ წერს, რომ ქვეყანა განაგრძობს 2011 წელს დასრულებული ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შემდგომ რეაბილიტაციას. 2017 წელს გაეროს სამშვიდობო ძალების გასვლის შემდეგ, ქვეყანაში ადგილი ჰქონდა დაუმორჩილებლობას და არასტაბილურობას სამხედრო ძალებში და იზრდებოდა პოლიტიკური დაძაბულობა მმართველი კოალიციის შიგნით. ძალადობრივი კონფლიქტის გამომწვევი ზოგიერთი მიზეზი კვლავ აქტუალურია ქვეყანაში, მათ შორის ეთნიკური და რეგიონული დაძაბულობა, კამათი მიწების თაობაზე, კორუფცია და დაუსჯელობა.

ყოფილი პრეზიდენტის ლორან გბაგბოს პარტია „Ivorian Popular Front FPI“ კვლავ ინარჩუნებს ადგილებს პარლამენტში, თუმცა პარტია დეზორგანიზებული და სუსტია, მისი წევრები ორ ფრთად არიან გაყოფილნი. პირველი ნაწილი მკაცრი პოზიციისა და ყველა არჩევნების ბოიკოტირების მომხრეა, ვიდრე არ გაათავისუფლებენ გბაგბოს, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პატიმრობაში რჩება, სადაც მას ბრალად ედება დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. მეორე ნაწილი უფრო კომპრომისულია და მხარს უჭერს აფი ნ’გუესანს, ვინც გბაგბოს დროს პრემიერ მინისტრი იყო. 2015 წლის შემდეგ, ზოგიერთი პოლიტიკური პატიმრის გამოშვების, რიგი პარტიზანების საბანკო ანგარიშების განბლოკვის და ზოგიერთი გაქცეული წევრის დაბრუნების შემდეგ, პარტია „Ivorian Popular Front FPI“ შედარებით გაძლიერდა.[4]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევის ცენტრი „Country of origin research and information CORI“ 2016 წლის 17 აგვისტოს აქვეყნებს ანგარიშს კოტ დ’ივუარში გბაგბოს მხარდამჭერების მიმართ არსებული დამოკიდებულების შესახებ. ორგანიზაციასთან ინტერვიუში პროფესორი ბენჯამინ ლოურენსი ამბობს, რომ გბაგბოს მხარდამჭერები კვლავ წარმოადგენენ სამთავრობო აგენტების სამიზნეებს. მისი თქმით, რისკის ქვეშ მყოფთა შორის ზოგიერთი არის გბაგბოს მხარდამჭერი, მაგრამ არ არის FPI პარტიის წევრი; ისინი კოტ დ’ივუარის სტუდენტური ფედერაციის წევრები არიან; ეს არის სტუდენტური, ახალგაზრდული ფრთა, რომელიც უნივერსიტეტის კამპუსში არის აქტიური, ძირითადად აბიჯანში.

ანგარიშში საუბარია დაკავებებისა და დაპატიმრებების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია გბაგბოს მხარდამჭერებთან ან FPI პარტიასთან. 2015 წლის 4 მაისს ქალაქ მამას FPI პარტიის კონგრესის პრეზიდენტი და ერთერთი კომიტეტის ხელმძღვანელი დააპატიმრეს მამაში FPI პარტიის შეხვედრის ორგანიზებისთვის; აღნიშნული შეხვედრის გამართვაზე არ იყო ნებართვა გაცემული. ფრანგული გამოცემა „Le Monde“ 2016 წლის იანვარში წერს, რომ 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის დეკემბრამდე პერიოდში FPI-ის მხარდამჭერი 32 პირი დააპატიმრეს. აღნიშნული დაპატიმრებები მოჰყვა გრაბოსა და დასავლეთ კოტ დ’ივუარში სამხედრო პოსტებზე თავდასხმას. იგივე გამოცემა მოგვიანებით წერს, რომ ოპოზიციის ნებართვის გარეშე ჩატარებულ დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო 31 პირი დააპატიმრეს და იგივე ბრალდებით, კიდევ 27 დააკავეს. 2015 წლის ივლისში პრო-გბაგბოსეული გაზეთის ჟურნალისტი ჯოზეფ გნანუა ტიტია პრეზიდენტის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დააკავეს და მოათავსეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. 2015 წლის ივნისსა და სექტემბერში შეტაკებები მოხდა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის. ოპოზიციის აქტივისტებს შორის ძირითადად იყვნენ გბაგბოს მხარდამჭერები. ინციდენტების შედეგად მინიმუმ სამი პირი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ანგარიშში ასევე საუბარია ოპოზიციური ძალების აქტივისტებისა და მხარდამჭერების დაკავებების, დაპატიმრებებისა და დემონსტრაციების აკრძალვების სხვა ფაქტების შესახებაც.

ანგარიშში მოყვანილი სხვადასხვა წყაროს მიხედვით, კოტ დ’ივუარში პოლიტიკური ნიშნით 100-დან 500-მდე პირი იმყოფება საპატიმრო დაწესებულებებში. 2015 წლის ივლისში IRIN News წერს, რომ ქვეყანაში 700-მდე პოლიტიკური პატიმარია. 2016 წლის თებერვალში გბაგბოს ცოლს სიმონე გბაგბოს ქვეყნის უსაფრთხოების ხელყოფისა და საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. არჩვენების შემდგომ ძალადობაში ბრალდებულებს სხვადასხვა ვადით (3-დან 35 წლამდე) პატიმრობა მიუსაჯეს. ანგარიშში ასევე საუბარია ცუდ საპატიმრო პირობებზე, რომლის წინააღმდეგაც გბაგბოს მხარდამჭერმა პატიმრებმა არაერთხელ გამოცხადეს შიმშილობა. ორგანიზაციასთან ინტერვიუში ადვოკატი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი სუზანე დომინიკ დჯადჯა ამბობს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია არა სახელმწიფო აქტორების შესახებ, რომლებიც ჩართულნი იქნებოდნენ FPI პარტიის მხარდამჭერების მიმართ არასათანადო მოპყრობაში.[5]

[1] US Department of State; Bureau of Democracy, Human Rights and Labor; 2017 Country Reports on Human Rights Practices; Cote d’Ivoire; April 20, 2018; available at: https://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2017/af/276991.htm [accessed 20 November 2018]

[2] Human Rights Watch, World Report 2018 – Côte d’Ivoire, 18 January 2018, available at:

[accessed 20 November 2018]

[3] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Côte d’Ivoire, 22 February 2018, available at:

[accessed 20 November 2018]

[4] Freedom House, Freedom in the World 2018 – Côte d’Ivoire, 28 March 2018, available at:

[accessed 20 November 2018]

[5] Country of Origin Research and Information (CORI), The treatment of Ivorian Popular Front (FPI)/Gbagbo supporters in Côte d’Ivoire by both state and non-state actors; incidents of arrests and/or violence against FPI/Gbagbo supporters in Côte d’Ivoire; the willingness and ability of the State to protect FPI/Gbagbo supporters in Côte d’Ivoire, 17 August 2016, available at:

[accessed 20 November 2018]