სომალი. უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. მაისი, 2018

ადენის ყურეში ნახევრად უდაბნოს ტერიტორიაზე მდებარე, სეპარატისტულმა სომალილენდმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს,  სომალის სამხედრო დიქტატორის სიად ბარეს დამხობის შემდეგ, რასაც წინ უძღოდა სეპარატისტული ბრძოლა, რომლის დროსაც სიად ბარეს ძალები დაუპირისპირდნენ მეამბოხეებს. შედეგად, ათობით ათასი ადამიანი იქნა მოკლული და ქალაქები განადგურდა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისოდ არ იქნა აღიარებული სომალილენდის დამოუკიდებლობა, მას მაინც გააჩნია მოქმედი პოლიტიკური სისტემა, სამთავრობო დაწესებულებები, პოლიციური ძალები და საკუთარი ვალუტა.

დედაქალაქი: ჰერგეისა;

მოსახლეობა: 3.5 მილიონი;

მთავარი ენები: სომალური, არაბული, ინგლისური;

მთავარი რელიგია: ისლამი;

ვალუტა: სომალილენდის შილინგი. [1]

[2]

BBC-ის მიერ 2017 წლის 22 დეკემბერს გამოქვეყნებული რუკის მიხედვით, სადაც აღნიშნულია თუ რა ტერიტორიებს აკონტროლებს ალ-შაბაბი სომალიში, მიუხედავად იმისა, რომ ალ-შაბაბმა უმეტეს სოფლებსა და ქალაქებზე  კონტროლი დაკარგა, ის მაინც მძლავრობს  სასოფლო ტერიტორიებზე.

[3]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საკითხთა ბიურო, სომალის შესახებ 2018 წლის 10 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თავი შეიკავონ სომალიში მოგზაურობისაგან ქვეყანაში არსებული კრიმინალის, ტერორიზმის და მეკობრეობის საფრთხის გამო.

ძალადობრივი დანაშაულები, ისეთი როგორიცაა, ადამიანთა გატაცება და მკვლელობა, მთელი სომალის მასშტაბით ფართოდ არის გავრცელებული, მათ შორის პუნტლენდსა და სომალილენდში. უკანონოდ გზის გადაკეტვის ფაქტებიც ჩვეულებრივ მოვლენად არის მიჩნეული.

ტერორისტები კვლავ განაგრძობდნენ ადამიანთა გატაცებებს, აფეთქებებს და სხვა სახის თავდასხმებს მთელი სომალის მასშტაბით. ისინი შესაძლოა გაფრთხილების გარეშე დაესხნენ თავს აეროპორტებს და ნავსადგურებს, სამთავრობო შენობებს, სასტუმროებს, რესტორნებს, სავაჭრო ტერიტორიებს და სხვა ადგილებს, სადაც დიდი რაოდენობით ხალხი და დასავლელები იკრიბებიან, ასევე იმ ადგილებს, სადაც მთავრობის წარმომადგენლები, სამხედრო პირები და დასავლეთის კოლონა იმყოფება.

მეკობრეები აქტიურად მოქმედებენ აფრიკის რქის (სომალის ნახევარკუნძული) წყლებში, განსაკუთრებით სომალის საერთაშორისო წყლებში.[4]

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მოგზაურთათვის აღწერილია ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;

ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში;

მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.

სომალის შესახებ არსებულ სარჩევში, აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგზაურებმა თავი უნდა შეიკავონ სომალიში, ასევე სომალილენდში მოგზაურობისგან, ჰერგეისას და ბერბერას გამორიცხვით, სადაც განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია მოგზაურობა.

2017 წლის 13 ნოემბერს სომალილენდში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები. სარჩევში აღნიშნულია, რომ ტერორიზმი მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს სომალიში. ასევე არსებობს ადამიანთა გატაცების მაღალი რისკი სომალიში. ტერორისტული დაჯგუფებები ემუქრებიან ყველა დასავლელს და იმათ ვინც დასავლურ ორგანიზაციებში მუშაობენ. ტერორისტული თავდასხმების მუდმივი საფრთხე არსებობს მოგადიშუში. ტერორისტები განაგრძობდნენ თავდასხმები დაგეგმვას დასავლელების წინააღმდეგ მთელ სომალიში, მათ შორის სომალილენდის ტერიტორიებზეც.

2017 წლის 14 ოქტომბერს დიდი აფეთქება მოხდა მოგადიშუს ცენტრალურ ნაწილში. აღნიშნულ თავდასხმას 300 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ასობით ადამიანი დაიჭრა.

საზღვაო ტერორიზმის მაღალი საფრთხე არსებობს სომალის ტერიტორიულ და საერთაშორისო წყლებში და მეკობრეობა კვლავ საფრთხედ რჩება ადენის ყურის და ინდოეთის ოკეანის ტერიტორიებზე.

სომალიში საკვების დეფიციტია, რაც განაპირობებს ათასობით სომალელის  გადაადგილებას.[5]

„Amnesty International“- ის მიერ 2018 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ეხება სომალიში 2017 წელს განვითარებულ მოვლენებს, აღნიშნულია, რომ გვალვებმა და საკვების დეფიციტმა  ადამიანთა მასიური გადაადგილება გამოიწვია. სამ ადამიანი იქნა მოკლული ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო და დრონის თავდასხმების შედეგად. კენია კვლავ განაგრძობდა ნებაყოფლობით რეპატრიაციის სქემას სომალელებისთვის დადააბის ლტოლვილთა ბანაკიდან და შეაჩერა სომალიდან ახლად წამოსულთა რეგისტრაცია. შეიარაღებული დაჯგუფება ალ-შაბაბი და ხელისუფლება დროდადრო ზღუდავდნენ ჟურნალისტების თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას. მიუხედავად იმისა, რომ ქალებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს პოლიტიკურ ასპარეზზე, სექსუალური და გენდერული ძალადობა კვლავ გავრცელებული იყო.

თებერვალში, სომალის პარლამენტმა, სადაც წარმოდგენილი იყო ყველა რეგიონი, მათ შორის სომალილენდი და პუნტლენდი, მოჰამედ აბდულაჰი მოჰამედი (ასევე ცნობილი, როგორც ფარმაჯო) პრეზიდენტად აირჩია. თებერვალშივე პრეზიდენტმა მოჰამედმა პრემიერ-მინისტრად დანიშნა ალი ხაირე. ზოგიერთ საპრეზიდენტო კანდიდატს ბრალად ედებოდა მილიონობით დოლარით პარლამენტების წევრების მოსყიდვის მცდელობა. პარლამენტის წევრები არჩეულები იყვნენ იმ სისტემის მიხედვით, რომელიც ოთხი ძირითადი კლანის წარმომადგენელ თითოეულ უხუცეს მამაკაცს ხმის მიცემის უფლებას აძლევდა, ხოლო დაბალი კლანის წამომადგენელ უხუცესებს ნახევარი ხმის უფლება ჰქონდათ. აღნიშნული სისტემა უმცირესი კლანების წარმომადგენელ ახალგაზრდებს, ქალებს და კაცებს ხმის მიცემის უფლებას უზღუდავდა. არჩევნები გაიმართა სომალილენდის ტერიტორიაზეც, სადაც მუსე ბიჰი აბდი იქნა არჩეული პრეზიდენტად.

„AMISOM“- ის სამშვიდობო ძალებმა (აფრიკის გაერთიანებული მისია სომალიში) გასული წლის მანძილზე სომალის მნიშვნელოვანი ადგილები დატოვა, რის შემდეგაც ალ-შაბაბმა დაამყარა კონტროლი კონფლიქტურ ზონებში, მათ შორის ელ ბურის, ბარდერეს და ლეგოს ტერიტორიებზე, რომლებიც სომალის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.

ლტოლვილთა და მიგრანტთა უფლებები

9 თებერვალს, კენიის უმაღლესმა სასამართლომ გამოაცხადა, რომ კენიის მთავრობის 2016 წლის დირექტივის – გარისას ტერიტორიაზე დადააბის ლტოლვილთა ბანაკის დახურვა კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა და კენია დაადანაშაულა საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შეუსრულებლობაში. აღნიშნულ ბანაკში მცხოვრები ლტოლვილთა უმეტესობა სომალიდან იყო. 2017 წლის იანვრიდან ნოემბრამდე, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიხედვით, კენიას სომალისა და გლუკს შორის დადებული სამმხრივი შეთანხმების შედეგად, 32,500 სომალელი ლტოლვილი ნებაყოფლობით დაბრუნდა კენიიდან კიშაიოს, ბაიდოას, მოგადიშუს, ლუქის და აფმადოვის ტერიტორიებზე, სამხრეთ სომალიში. წლის ბოლოსთვის, 229,592 სომალელი ლტოლვილი იყო დარეგისტრირებული დადააბის ლტოლვილთა ბანაკში. კენია კვლავ არ არეგისტრირებდა ახლად მოსულ სომალელებს.

გამოხატვის თავისუფლება

ალ-შაბაბი უკრძალავდა ჟურნალისტებს მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე შესვლას. დაჯგუფება მთელი ქვეყნის მასშტაბით, განაგრძობდა მედია მუშაკების დაკავებას, მათ მიმართ მუქარებს და დევნას.

ივლისში, სომალის მთავრობამ მიიღო რეპრესიული კანონი, რომელიც შექმნილი იყო ნორმატიული  მარეგულირებელი ორგანოს მიერ, რომლის წევრებიც დანიშნულები იყვნენ ინფორმაციის მინისტრის მიერ, რომელიც აკონტროლებს ბეჭდური და სამაუწყებლო მედიის შინაარსს. კანონმა, შესაბამისი ტერმინების განმარტების გარეშე, აკრძალა ცრუ ინფორმაციის და „პროპაგანდის“ შემცველი სტატიების გამოქვეყნება. კანონი ბუნდოვნად იყო ჩამოყალიბებული და მოიცავდა ჟურნალისტების შეზღუდვას, რაც ხელისუფლებას მედიის მუშაკთა დევნის უფლებას აძლევდა.

სომალილენდის ჟურნალისტთა ასოციაციამ განაცხადა რომ 30 ჟურნალისტზე მეტი იქნა დაკავებული სომალილენდში ხელისუფლების კრიტიკის გამო.

ქალთა უფლებები

სომალის საარჩევნო კვოტის სისტემა ითვალისწინებს ადგილების 30%-ს ქალებისთვის. შედეგად, ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებელი გაუმჯობესდა და 24 % შეადგინა ქვედა პალატაში, ხოლო, 22 % ზემო პალატაში.

სექსუალურ და გენდერის ნიადაგზე ძალადობა კვლავ ფართოდ იყო გავრცელებული. სამთავრობო სააგენტომ, სომალის ინტეგრირებული მენეჯმენტის სისტემამ აღრიცხა სულ მცირე 271 და 312 საქმე გენდერის ნიადაგზე ძალადობისა, რომელიც მიმართული იყო სომალილენდში და პუნტლენდში გადაადგილებული ქალების მიმართ და სულ მცირე 400 შემთხვევა დაფიქსირდა სომალის სამხრეთ და ცენტრალურ ტერიტორიებზეც. გვალვის შედეგად ოჯახებს მოშორებული ქალები სექსუალურ და გენდერის საფუძველზე ძალადობის საფრთხის ქვეშ არიან, რადგან ისინი „დამცველი მამაკაცის“ გარეშე არიან დარჩენილები.

ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები

უპრეცედენტო გვალვებმა, მნიშვნელოვნად გაზარდა ქვეყნის შიგნით ადამიანთა გადაადგილების მაჩვენებელი, დაახლოებით 943,000 ადამიანი გადაადგილდა წლის ბოლოსთვის. 3 მილიონამდე ადამიანი განიცდის საკვების დეფიციტს. საკვების დეფიციტმა მიაღწია საგანგებო დონეს, როგორც სამხრეთ ისე ცენტრალურ რეგიონებში, განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებულ პირებში და ასევე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაში. აგვისტოში, ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის გაეროს ოფისის მონაცემებით, 388,000 ბავშვი შიმშილის ზღვარზეა და 87,000 სიცოცხლის გადარჩენას საჭიროებს.[6]

ავსტრიის თავშესაფრისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრმა (ACCORD) 2017 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა რუკა, სადაც  მოცემულია ინფორმაცია 2017 წლის მეორე ნახევარში, სომალის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ინციდენტების  შესახებ:

[7]

უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში

უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა კვლავ არასტაბილურია სომალიში, მათ შორის მოგადიშუში, მიუხედავად იმისა რომ მოგადიშუს სტაბილიზაციის ძალები მოქმედებენ და გარკვეულ ზომებს იღებენ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აგვისტოში, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქებების მთელი სერია განხორციელდა, მაკა ალ-მუკამარას გზის სიახლოვეს, სადაც ძირითადად მთავრობის წარმომადგენლები მოძრაობენ და გარკვეული კომერციული ობიექტები მდებარეობს. სექტემბერში დაფიქსირდა ნაკლებად ინტენსიური შეიარაღებული თავდასხმები, და ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტები, რაც მოიცავს ორ ფართომასშტაბიან თავდასხმას თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის მეშვეობით. გამიზნული მკვლელობები კვლავ გრძელდება ქალაქში, 12 მკვლელობა მოხდა, რომლის სამიზნეც ბიზნესმენები, უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები, საჯარო მოხელეები და მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ.

პერიოდულად ჰქონდა ადგილი დაჯგუფება „ალ-შაბაბსა“ და სომალის უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირებას პუნტლენდში. 15 ნოემბერს, პუნტლენდის უსაფრთხოების ძალების ბანაკის სიახლოვეს აფ ურურის სოფელში გალგალას მთებში „ალ-შაბაბის“ მებრძოლებმა ექვსი ნაღმტყორცნი ისროლეს. აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ისლამური სახელმწიფოს წევრების მოძრაობა და აქტივობა დაფიქსირდა ბოსასოში, პუნტლენდის ტერიტორიაზე, სადაც 4 ოქტომბერს, პოლიციის სადგურზე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია პუნტლენდში იემენიდან გადმოსული მებრძოლების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში სომალილენდში უსაფრთხოების კუთხით სიმშვიდე იყო, გარკვეული მღელვარება დაფიქსირდა 13 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მის შემდეგ, რასაც ოპოზიციური პარტიების მომხრეთა ძალადობრივი დემონსტრაციები მოყვა სომალილენდში ახალ ჰერგეისას, ერიგავოს, სანააგის რეგიონში (სადაო ტერიტორია) და ბურანოს ტერიტორიებზე.

უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მოგადიშუში კვლავ არასტაბილურია, თუმცა ფედერალური მთავრობის ბანადირის რეგიონულ ადმინისტრაციასთან ერთად განხორციელებული გარკვეული ინიციატივების შედეგად მცირედი გაუმჯობესება შეინიშნება. 8,15 და 17 მაისს დაფიქსირებული ინციდენტები მოიცავდა ასაფეთქებელი მოწყობილობებით თავდასხმის ფაქტებს, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაიჭრა უფრო მეტი ადამიანი. 20 ივნისს ვადაჯირის რაიონის კომისისის შესასვლელთან აფეთქდა ავტობუსი, რის შედეგადაც 17 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო 30 დაიჭრა. მომხდარზე დაჯგუფება „ალ-შაბაბმა“ აიღო პასუხისმგებლობა. 22 ივნისს ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა პოლიციის განყოფილების წინ, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 12 ივნისს და 4 ივლისს, ცხრა ნაღმტყორცნი გაისროლეს სომალიში აფრიკის გაერთიანებული მისიის (AMISOM) ბაზების მიმართულებით, რომლებიც მოგადიშუს სტადიონზე და  ვილა სომალის შენობასთან მდებარეობდა, აღნიშნული თავდასხმის შედეგად ერთი ჯარისკაცი იქნა მოკლული, ხოლო ორი დაიჭრა.[8]

[1] BBC News: Somaliland profile; 14 December 2017

http://www.bbc.com/news/world-africa-14115069 [accessed May 3, 2018]

[2] BBC News: Who are Somalia’s al-Shabab?- 22 December 2017 http://www.bbc.com/news/world-africa-15336689 [accessed May 3, 2018]

[3] Travel.State.Gov- U.S. DEPARTMENT OF STATE — BUREAU OF CONSULAR AFFAIRS – Somalia Travel Advisory; January 10,2018  https://travelmaps.state.gov/TSGMap/?extent=32.829980986,-1.783760626,59.54518237,12.077308381 [accessed May 3, 2018]

[4] Travel.State.Gov- U.S. DEPARTMENT OF STATE — BUREAU OF CONSULAR AFFAIRS – Somalia Travel Advisory; January 10,2018 https://travel.state.gov/content/travel/en/traveladvisories/traveladvisories/somalia-travel-advisory.html [accessed May 3, 2018]

[5] GOV UK: The Foreign and Commonwealth Office – Foreign travel advice:  Somalia; Updated:5 January 2018 https://www.gov.uk/foreign-travel-advice/somalia [accessed May 3, 2018]

[6] AI – Amnesty International: Amnesty International Report 2017/18 – The State of the World’s Human Rights – Somalia, 22 February 2018

[accessed on 3 May 2018]

[7] ACCORD – Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation: Somalia, Second Quarter 2017: Update on incidents according to the Armed Conflict Location & Event Data Project (ACLED) compiled by ACCORD, 14 September 2017 (available at ecoi.net)

[accessed May 3, 2018]

[8] ACCORD – Austrian Centre for Country of Origin and Asylum Research and Documentation: Security Situation in Somalia; Published 26 April 2018 https://www.ecoi.net/en/countries/somalia/featured-topics/security-situation/  [accessed May 3, 2018]