უკრაინა. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და დევნილთა მდგომარეობა. აპრილი, 2019

უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება – ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ინფორმაციით, 2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით, უკრაინის კონფლიქტურ რეგიონებში (აღმოსავლეთ უკრაინა – დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ნაწილი) მინიმუმ 212 სამოქალაქო პირი იყო დაშავებული ან დაღუპული; მეტწილად დაბომბვებისა და მსუბუქი იარაღიდან ცეცხლის შედეგად. დაბომბვები ძირითადად ხორციელდება ე.წ. გამყოფ ხაზსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც კვლავ აზიანებს მოსახლეობის სახლებს და ინფრასტრუქტურას და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. 2014 წლიდან მოყოლებული, 740 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა კონფლიქტის შედეგად, მათგან 16 2018 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში. კონფლიქტში ჩართული ორივე მხარის მხრიდან ადგილი აქვს განურჩეველ ან განზრახ იერიშებს სკოლებზე და ასევე, სკოლების სამხედრო დანიშნულებით გამოყენების ფაქტებს.

ხელისუფლება კვლავ განაგრძობს დისკრიმინაციულ პოლიტიკას იმ პენსიონერების მიმართ, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში, შეიარაღებული ჯგუფის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რჩებიან. ხელისუფლება მათ იძულებით გადაადგილებულ პირებად რეგისტრაციას და მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩაწერას სთხოვს, რათა მათ პენსია მიიღონ. დადგენილი წესის მიხედვით, მოსახლეობას გადაბმულად მაქსიმუმ 60 დღე შეუძლიათ გაჩერდნენ დაჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეიძლება პენსია შეუჩერდეთ. ორ შემთხვევაში, სასამართლომ არსებული წესები პენსიონერთა მიმართ დისკრიმინაციულად შეაფასა და ხელისუფლებას ხარვეზის გამოსწორება დაავალა; თუმცა, ხელისუფლების მხრიდან ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

ხანდაზმულები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომლებიც პრიორიტეტულ მდგომარეობაში არიან კონფლიქტის ხაზის გადაკვეთისა და დახმარების მიღების კუთხით, აწყდებიან სირთულეებს აღნიშნული სერვისების მიღების პროცესში.

ძირითადი ობიექტები და სანიტარული ინფრასტრუქტურა გამყოფი ხაზის გადაკვეთის წერტილებში კვლავ არა ადექვატურია, განსაკუთრებით რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ კონტროლირებად მხარეს, როგორც დონეცკის, ასევე ლუჰანსკის რეგიონში. დიდი ხნით ლოდინი კვეთის წერტილებთან, განსაკუთრებით ექსტრემალური ამინდის პირობებში, კვლავ იწვევს სერიოზულ ზიანს მოსახლეობაში.[2]

აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტი 2019 წლის ანგარიშში უკრაინის შესახებ წერს, რომ რუსეთის მთავრობა აკონტროლებს ძალადობის დონეს აღმოსავლეთ უკრაინაში და კონფლიქტური სიტუაციის ესკალაციას ახდენს მაშინ, როდესაც ეს მის პოლიტიკურ ინტერესებს სჭირდება. რუსული ძალები განაგრძობენ სეპარატისტების შეიარაღებას, წვრთნას და ხანდახან მათ მხარდამხარაც იბრძვიან. მათი მხრიდან ადგილი აქვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სისტემატურ დარღვევას.

საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „Amnesty International“, „Human Rights Watch“ და გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი თავიანთ პერიოდულ ანგარიშებში წერენ ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ე.წ. დონბასის რეგიონში. ასევე, მედია და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები კვლავ წერენ ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევებზე რუსეთი მიერ მხარდაჭერილი ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

2017 წელთან შედარებით, 2018 წელს მსხვერპლის რაოდენობა შემცირებულია. 2017 წელს 86 ადამიანი დაიღუპა და 390 დაშავდა; ხოლო 2018 წლის 1-ელი ნოემბრის მონაცემებით, დაიღუპა 43 და დაშავდა 173 სამოქალაქო პირი.

წყაროების ინფორმაციით, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ადგილი აქვს გატაცებებს და იძულებით გაუჩინარებებს. როგორც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების, ასევე მთავრობის მხრიდან ადგილი აქვს სამოქალაქო პირებსა და ჯარისკაცებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებს საპატიმრო დაწესებულებებში. სეპარატისტები დონეცკის ოლქში არ უშვებენ უკრაინის ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარულ დახმარებას. ამის შედეგად, ფასები სამომხმარებლო პროდუქტებზე სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არა ადექვატურადაა გაზრდილი.[3]

იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობა – უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის სექტემბრის მდგომარეობით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტისა და ყირიმის ანექსიის შედეგად, ქვეყანაში 1.5 მილიონზე მეტი დევნილია რეგისტრირებული. სხვადასხვა წყარო ვარაუდობს, რომ რეალური დევნილების რაოდენობა შედარებით ნაკლებია, რადგან ზოგიერთი დევნილი, რეგისტრაციის შემდეგ, კვლავ ბრუნდება თავის საცხოვრებელ ადგილზე, ხოლო ზოგიერთი ისე რეგისტრირდება იძულებით გადაადგილებულ პირად, რომ არც ტოვებს თავის საცხოვრებელს. დევნილთა ყველაზე დიდი რაოდენობა უშუალოდ გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს – დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების მთავრობის მიერ კონტროლირებად ნაწილში, ასევე, ხარკოვის, დნიპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. ბევრი გამყოფ ხაზთან იმ იმედით რჩება, რომ საკუთარ სახლებში დაბრუნებას შეძლებს.

მთავრობა სოციალურ დახმარებას აძლევს მხოლოდ იმ დევნილებს, რომლებიც რეგისტრირდებიან იძულებით გადაადგილებულ პირებად. კანონის მიხედვით, დევნილი ბავშვები და შშმ პირები იღებენ 880 გრივნას (33$) ყოველთვიურად; ხოლო შრომისუნარიანი პირები 440 გრივნას (16$). კანონის მიხედვით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დევნილთა განსახლება, მაგრამ მთავრობა ამისთვის ეფექტურ ნაბიჯებს არ დგამს. 2018 წლის 10 ოქტომბერს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს პრიორიტეტულ დებულებებს შშმ პირთა განსახლების კუთხით. მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფებს კარგი წვდომა აქვთ.

განსახლება, დასაქმება და სოციალური სარგებლისა და პენსიის მიღება დევნილთათვის უდიდეს გამოწვევად რჩება. სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ადგილობრივი დეპარტამენტები რეგულარულად აჩერებენ სოციალური დახმარებისა და პენსიის გაცემას, ვიდრე ბენეფიციარის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ფიზიკური ყოფნა არ დადასტურდება. გაყალბებასთან ბრძოლის ფარგლებში, ხელისუფლება ითხოვს აღდგენის მძიმე პროცესის გავლას. დევნილთა ვერიფიკაციის პროცესი ხელისუფლების მიერ ფართოდ გამოიყენება და ეს ზიანს აყენებს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფ დევნილებსაც, მაგრამ განსაკუთრებით იმ დევნილებს, რომლებიც სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე რჩება. ნეგატიური ეფექტი განსაკუთრებით თვალსაჩინოა მოხუცი და შშმ პირების მიმართ, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ ვერიფიკაციის პროცესის გავლის კუთხით. ხელისუფლება ხშირად დახმარების გაცემას გაუფრთხილებლად აჩერებს და შემდგომ დევნილებო აწყდებიან სირთულეებს აღდგენის პროცესში. 2018 წლის 4 სექტემბერს სასამართლომ დაადგინა, რომ ვერიფიკაციის მოთხოვნებს არ აქვთ სამართლებრივი საფუძველი პენსიის შეჩერებისთვის.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგებით, დევნილთა 59%-ისთვის სახელმწიფო შემწეობა შემოსავლის მთავარი წყაროა. გამოკითხულთა 15%-ის თქმით, მათთვის აღნიშნული დახმარება სხვადასხვა დროს შეუჩერებიათ. დევნილებს არ ჰქონდათ საშუალება მონაწილეობა მიეღოთ ადგილობრივ არჩევნებში, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც შეიცვალეს რეგისტრაციის ადგილი.

იძულებით გადაადგილებული პირების ინტეგრაცია კვლავ დიდი გამოწვევაა. დაბრკოლებებს იწვევს მთავრობის მხრიდან სტრატეგიის არ ქონა და მწირი ფინანსური რესურსი. ყოველივე ეს კი იწვევს დევნილთა ეკონომიკურ და სოციალურ მარგინალიზაციას. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები დევნილებს სხვადასხვა სახის დროებით დახმარებას უწევენ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით მათი რესურსი, დაეხმარონ დევნილებს, შეზღუდული და ამოწურვის პირასაა. გაეროს სააგენტოები აღნიშნავენ, რომ დევნილთა ნაკადმა გაზარდა დაძაბულობა მწირი რესურსებისთვის კონკურენციისას. კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში იძულებით გადაადგილებულ მამაკაცებს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში ადანაშაულებს; პარალელურად კი იზრდება კონკურენცია განსახლების, დასაქმების და საგანმანათლებლო შესაძლებლობების კუთხით კიევსა და ლვოვში.

დასაქმების მწირი შესაძლებლობები და ზოგადად სუსტი ეკონომიკა განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს დევნილებზე და ბევრ მათგანს არა ადექვატურ საცხოვრებელ პირობებში (კოლექტიური ცენტრები და დროებითი თავშესაფრები) დარჩენა უწევთ. სხვა დევნილები მასპინძელ ოჯახებში, მოხალისეებთან ან ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ; აღსანიშნავია, რომ ქირისთვის ხელმისაწვდომი ბინები ასევე მძიმე კონდიციისაა.

არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ დასაქმების კუთხით დევნილთა დისკრიმინაციის შესახებ. დევნილთა ნაწილი, განსაკურებით ისინი, ვინც დონეცკისა და ლუჰანსკის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ, სათანადო სანიტარიის, თავშესაფრისა და სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდიან. დევნილები აწყდებიან სირთულეებს განათლების, ჯანდაცვისა და საჭირო დოკუმენტაციის მიღების პროცესში.[4]

[1] OCHA; Ukraine Situation Report; 18 February, 2019; available at:

[accessed 5 April 2019]

[2] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Ukraine, 17 January 2019

 (accessed on 4 April 2019)

[3] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Ukraine, 13 March 2019

 (accessed on 4 April 2019)

[4] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Ukraine, 13 March 2019

 (accessed on 4 April 2019)