ზიმბაბვე. ქალთა და მარტოხელა დედათა მდგომარეობა – იანვარი, 2021

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ზიმბაბვეში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყნის კონსიტუტუციის თანახმად, ქალები იმავე სტატუსითა და უფლებების სარგებლობენ, როგორითაც მამაკაცები. კონსტიტუციაში ასევე გვხვდება კონკრეტული მუხლი, რომელის თანახმადაც  „კანონები, ჩვეულებები, ტრადიციები და სხვა ტიპის წესები, რომლებიც კონსტიტუციის გარანტირებულ ქალთა უფლებებს ლახავს, ბათილია“. ამას გარდა, ქვეყანაში არსებობს სპეციალიზებული ორგანო – ქალთა საკითხების, გენდერისა და თემის განვითარების კომისია, რომელიც დამოუკიდებელია და ისეთ საკითხებზე მუშაობს, როგორიცაა: ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა. მიუხედავად ამისა, კომისიას გააჩნდა ძალიან მცირე დაფინანსება და, პრაქტიკაში, დამოკიდებული იყო სამინისტროზე.

კომისიამ ჩაატარა 2019 წლის 16 აგვისტოს, ჰარარეში მომხდარი ძალადობის  გენდერული ანალიზი  და დაასკვნა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა მამაკაცი, ხოლო ის პირები, ვისაც უსაფრთხოების ძალები თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს – ქალები იყვნენ. მათ შორის, ერთ-ერთ ქალს, პოლიციის მხრიდან განხორციელებული ქმედებების გამო, პლასტიკური ქირურგის ჩარევაც კი დასჭირდა. კომისიამ მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებსა და დემონტრაციების ორგანიზატორებს, უზრუნველეყოთ ქალტა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უსაფრთხოება.

ანგარიშის მიხედვით, კანონმდებლობა ცნობს ქალის უფლებას, ფლობდეს ქონებას, თუმცა, ტრადიციული ჩვეულებების წყალობით, რომელთც მიხედვითაც არსებობდა პარტიარქარული მემკვიდრეობითობა, ქალთა მხოლოდ მცირე ნაწილს გააჩნდა ქონება. უძრავი ქონებებისა და მიწების მფლობელთა რიგებში, ქალები 20-%-ზე ნაკლებს შეადგენდნენ. მართალია, ქვეყანაში არსებობდა განქორწინების და ალიმენტის შესახებ კანონები, რომლებიც პრაქტიკაშიც მოქმედი და აღსრულებადი იყო, თუმცა, ბევრმა ქალმა უბრალოდ არ იცოდა აღნიშნულის შესახებ. ტრადიციული ჩვეულებებით, განქორწინების ან მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში, საერთო ქონება მამაკაცს რჩება.

ზიმბაბავეს მთავრობამ 23 ივლისს მიიღო ახალი კანონი ქორწინების შესახებ, რომელმაც გააერთიანი და კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციაში მოიყვანა აღნიშნულ საკითხზე აქამდე არსებული რეგულაციები. ახალი კანონით იკრძალება ბავშვთა ქორწინება, ხოლო სამოქალაქო საპარტნიორო ურთიერთობებისა და ტრადიციული ქორწინებების შედეგები გაუთანაბრა სამოქალაქო ქორწინებებისას. თუმცაღა, კანონში არაფერია ნათქვამი ქორწინებისას არსებულ ქონებრივ უფლებებზე, ასევე – მეუღლის გარდაცვალებისას მემკვიდრეობის საკითხებზე.

ანგარიშის მიხედვით, ქალებსა და ბავშვებზე უარყოფით გავლენას ახდენდა მთავრობის მიერ განხორიცელებული პირთა იძულებითი გამოსახლებები; სახლებისა და ბიზნეს-ადგილების დანგრევა და კომერციული ფერმების ჩამორთმევა. ქვრივები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, სოფლად გადასახლებულიყვნენ, ზოგჯერ ექვემდებარებოდნენ ე.წ. „ქორწინებით მემკვიდრეობას“, რაც ნიშნავდა, რომ მეუღლის გარდაცვალებისას, ცოლად უნდა გაჰყოლოდნენ მისი (ქმრის) ოჯახის წევრს.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ზიმბაბვეს შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქალები და სხვა სოციალური ჯგუფები არ არიან სათანადოდ წარმოდგენილი პარლამენტში. 2018 წლის არჩევნების შედეგად, პარლამენტის არჩეულ წევრთა 34 % იყო ქალი (მცირე კლება 2013 წელს დაფიქსირებულ 35 %-დან).

ანგარიშის მიხედვით, ზიმბაბვეს 2013 წლის კონსტიტუცია კრძალავს პირთა დისკრიმინაციას სხვადასხვა ნიშნით (მათ შორის, სქესობრივი ნიშნით). თუმცა, მიუხედავად გენდერელი დისკრიმინაციის წინააღმდეგ, კონსტიტუციით და კანონმდებლობით განსაზღვრული არაერთი დანაწესისა, პრაქტიკაში ქალები არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: დასაქმება და კომპენსაცია. ანგარიშში დამატებით აღნიშნულია, რომ ქალები ასევე დისკრიმინაციას ექვემდებარებიან უძრავი ქონების ფლობაზე წვდომასთან მიმართებით. ეს პრობლემა განსაკუთრებით სახეზეა სასოფლო-სამეურნეო და საოჯახო მიწების ფლობასთან დაკავშირებით, რომელთაც როგორც წესი,  ადგილობრივი ტრადიციული ლიდერები ან მამრობითი სქესის ნათესავები აკონტროლებენ.[2]

ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ზიმბაბვეს შესახებ 2019 წლის 19 დეკემბერს გამოქვყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ქვეყნის კონსტიტუციის 17 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო მხარს უჭერს ზიმბამბვეს საზოგადოებაში სრულ გენდერულ ბალანსს და ის ვალდებულია, ხელი შეუწყოს ქალთა მონაწილეობას საზოგადოების ყველა სფეროში. ასევე, მუხლი მთავრობას ავალდებულებს, მიიღოს ყველა ზომა (მათ შორის – საკანონმდებლო ზომები), რათა უზრუნველყოს ორივე სქესის თანაბარი წარმოდგენა სამთავრობო ინსტიტუციებსა და ორგანოებში. გენდერული თანასწორობის პრინციპი ასევე მხარდაჭერილია კონსტიტუციის 56-ე მუხლშიც, რომლის მიხედვითაც, ქალები და მამაკაცები ექვემდებარებიან იგივენაირი მოპყრობას და სტატუსს, ხოლო 65-ე მუხლის თანახმად, იდენტური სამუშაოს შესრულებისას, ქალები და მამაკაცები უნდა იღებდნენ თანაბარ გასამრჯელოს.

კონსიტუციის 26 მუხლით, სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ ქორწინებები არ მოხდეს მეუღლეთა თავისუფალი ნების გარეშე. ამას გარდა,  კანონში გათვალისწინებული დანაწესით, ქორწინების დასრულებისას (განქორწინებით ან ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებით), უზრუნველყოფილია მეუღლისა და შვილების სათანადო დაცვა.

კანონით შეზღუდული არაა ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროსებეში. ქალებმა 2018 წის 30 ივლისს გამართულ არჩევნებში სრულად მიიღებს მონაწილეობა, როგორც ამომრჩევლებმა და, ასევე – როგორც კანდიდატებმა. ამას გარდა, ოთხმა ქალმა წარადგინდა საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებშიც. მიუხედავად ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მათი წარმომადგენლობა პოლიტიკაში არ იყო ქვეყანაში ქალი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლის იდენტური.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმ დანაწესისა, რომლითაც უზრუნველყოფილია ორივე სქესის თანაბარი წარმოდგენა სამთავრობო ინსტიტუციებსა და ორგანოებში, ქალები, საჯარო სექტორში, არ წარმოადგენენ გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობის პირებს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიხედვით, ქალებს, ზოგჯერ, არ გააჩნიათ წვდომა კანონით გათვალისწინებულ ისეთ უფლებებზე, როგორიცაა მაგალითად – დეკრეტული შვებულება.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედება სისხლისსამართლებრივი წესით ისჯება (და სასჯელის მაქსიმალური სახით მუდმივ პატიმრობასაც ითვალისწინებს), ზიმბაბვეში გაუპატიურება საკმაოდ მნიშვნელოვან და ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. უფლებადამცველთა მიხედვით, საზოგადოებრივი სტიგმა და საზოგადოებაში გავცრელებული მოსაზრება, რომ გაუპატიურება „ცხოვრებისეული რამაა“, ხელს უწყობდა გაუპატიურების შემთვევების შეუტყობინებლობას მსხვერპლთა მხრიდან.

უფლებადამცველთა მიხედვით, გაუპატიურება ხშირად გამოიყენებოდა, როგორც პოლიტიკური იარაღი, მათ შორის – უსაფრთხოების ძალების მხრიდან. მაგალითად, 2019 წლის იანვარში, ქ. ჰარარეს მკვირმა 8 ქალმა Human Rights Watch-ს განუცხადა, რომ ისინი ფორმაში გამოწყობილმა ჯარისკაცებმა და პოლიციის წარმომადგენლებმა გააუპატიურეს. ერთ-ერთმა მათგანის მიხედვით, მოძალადემ მას უთხრა, რომ იმიტომ აუპატიურებდა, რათა ეთქმევინებინა სიმართლე ოპოზიციაში მყოფი მისი ქმრის პოლიტიკური საქმიანობის შესახებ. სხვა ქალმა განაცხადა, რომ ადგილობრივ პოლიციაში მისი საჩივარი არ მიიღეს და განუცხადეს, რომ „ასეთი ამბები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება“.

ანგარიშის მიხედვით, სექსუალური შევიწროება არ არის აკრძალული სპეციფიკური კანონით, თუმცა, 2002 წლის „შრომის აქტის“ მე-8 მუხლით, სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროება აკრძალულია. ადგილობრივ წყაროთა მიხედვით, აღნიშნული დანაშაული პრველანტური იყო ზიმბამბვეს საზოგადოებაში, განსაკუთრებით უნივერსიტეტებსა და სამუშაო ადგილებზე.

საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის შეფასებით, მიუხედავად კონსტიტუციით და მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებისა, ზიმბაბვეში ქალები იმყოფებიან საზოგადობრივი დისკრიმინაციის საშუალო რისკის წინაშე. აღნიშნული ძირითადად განპირობებულია ქვეყანაში გენდერული და სექსუალური ძალადობის კუთხით არსებული  სიტუაციით, ასევე – ზიმბაბვეს საზოგადოებაში მყარად დამკვიდრებული ტრადიციებით, რომელიც ზღუდავს ქალთა როლს და მათ წარმომადგენლობას როგორც სამუშაო ადგილებზე, ასევე – საზოგადოებაში. აღნიშნული განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენას იმ ქალებისთვის, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ.[3]

რაც შეეხება დასაქმების კუთხით სიტუაციას, ანგარიშის მიხედვით, ზიმბაბვეს ეკონომიკის შემცირებამ განსაკუთრებული გავლენა იქონია ქალებზე, რადგან ბევრი მათგანი არაოფიციალურად მუშაობს. არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია ზიმბაბვეში უმუშევრობის მაჩვენებელზე. სხვადასხვა წყაროები უთითებენ ისეთ კარდინალურად განსხვავებულ მონაცემებს, როგორიცაა: 4 % ან 95 %. მიუხედავად ამისა, დაზუსტებით იმის თქმა შეიძლება, რომ შრომის ბაზარზე მუშახელის უმრავლესობა არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული. IMF-ის 2018 წლის კვლევის მიხედვით, 1991 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში, არაფორმალური ეკონომიკა ქვეყნის მთლიანი ეკონომიკის 60.6 %-სა და მშპ-ს 44 %-ს შეადგენდა.

ანგარიშის მიხედვით, კანონით გათვალისწინებული შრომითი უფლებები არ ვრცელდება არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ პირებზე, რომელთაც თითქმის არ გააჩნიათ მათ მიმართ დამსაქმებლის ან მთავრობის მხრიდან განხორციელებული უფლებადარღვევის გასაჩივრების კანონიერი საშუალება. უფლებდამცველთა მიხედვით, ფორმალურ სექტორში არსებული სამუშაო პირობები, ზოგადად – დაბალი ხარისხისაა. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს სათანადო სამონიტორინგო სისტემა, შესაბამისი სამსახურები ვერ ახორციელებენ კანონით განსაზღვრული მინიმალური ხელფასისა და სამუშაო დროის გაკონტროლებას. „ხელფასების მოპარვა“ გავრცელებულია ბევრ სექტორში. მინიმალური ხელფასები, როდესაც მათ დასაქმებულს უხდიან, იშვიათად თუ აჭარბებს სიღარიბის ზღვარს. ამას გარდა, ქვეყანაში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს ანაზღაურებაზე.

საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის შეფასებით, დასაქმებისა და  ეკონომიკური კუთხით არსებული მძიმე პირობები წარმოადგენს მნიშვნელოვან  ფაქტორს, რომელიც უბიძგებს ზიმბაბველებს, დატოვონ ქვეყანა და გამეგზავრნონ ემიგრაციაში.[4]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი ზიმბაბვეში გენდერული ძალადობის კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ კანონით გარანტირებულია ქალთა გადაადგილების თავისუფლება.  თუმცა, ძალადობის, განსაკუთრებით კი – პოლიტიკური ძალადობის  შიში მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდა ქალთა გადაადგილების თავისუფლების კონტექსტში. რაც შეეხება ოჯახებში გადაადგილებაზე გადაწყვეტილებას მიღებას 2011-12 წლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დაქორწინებულ ქალთა 10.7 %-მა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას ქმარი იღებდა. ამის საპირისპიროდ, 19.9 % ამბობდა, რომ ამას თვითონ წყვეტდნენ, ხოლო გამოკითხულთა უმრავლესობა – 68.8 % აცხადებდა, რომ ოჯახში გადაწყვეტილებას ერთობლივად იღებდნენ.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებულია როგორც შიდა, ასევე – საზღვარგარეთ გადაადგილების თავისუფლება, პოლიცია ამ კუთხით სიტუაციას ზოგჯერ, ართულებდა. კერძოდ, ისინი ხშირად ათავსებდნენ საკონტროლო გამშვებ პუნქტებს გზებზე, რაც აფერხდებდა და გარკვეულწილად, ზღუდავდა პირთა გადაადგილებას.

რაც შეეხება დასაქმების კუთხით ვითარებას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015 წელს ჩატარებული დემოგრაფიული კვლევის მონაცემებით, გამოკითხულ ქალთა 55 % იყო დასაქმებული (აღნიშნული მაჩვენებელი მამაკაცების შემთხვევაში 90 %-ს უტოლდებოდა). დასაქმებულ ქალთა 75 % ანაზღაურებას ნაღდი ფულით იღებდა, ხოლო 5 % აცხადებდა, რომ ხელფასს არ უხდიდნენ. ქალთა 2/3-ზე მეტი ამბობდა, რომ ისინი უფრო ნაკლებს გამოიმუშავებდნენ, ვიდრე მათი მეუღლეები.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ზიმბაბვეს მთავრობამ ბოლო პერიოდში რამდენიმე წარმატებული ნაბიჯი გადადგა, რათა გაეზარდა ქალთა მონაწილეობა საჯარო სამსახურის მაღალ პოზიციებზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, ქალები კვლავ არასათანადოდ არიან წარმოდგენილი აღნიშნულ სექტორში. ქალთა რიცხვი, რომლებიც ფორმალურ სამუშაო ადგილების ბაზარზეა წარმოდგენილი, ძალიან დაბალია, რაც ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ ზიმბაბვეში ცოტა ქალი იღებს მეორე და მესამე დონის განათლებას. შესაბამისად, ქალთა უმრავლესობა დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, სადაც გაცილებით ნაკლებს გამოიმუშავებენ და სადაც ზოგიერთ სფეროში იმდენად რთულია სამსახურის პოვნა, რომ ისინი არსებულითაც კმაყოფილნი არიან.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტუტიციით, დასაქმებისას დისკრიმინაცია აკრძალულია მთელი რიგი ნიშნებით (მათ შორის – გენდერული ნიშნით), ასეთი ფაქტები მაინც ფიქსირდებოდა. ანალოგიური სიტუაცია იყო სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების კუთხითაც.

რაც შეეხება ქალების წვდომას საცხოვრებელ სახლებსა და უძრავ ქონებაზე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „უძრავი ქონების აქტი“ კრძალავს უძრავი ქონების გაყიდვის, გაქირავების ან განკარგვისას დისკრიმინაციას, მათ შორის – გენდერული ნიშნით. თუმცა, პრაქტიკაში, ძალიან ცოტა ზიმბაბველი ქალი ფლობდა ქონებას, რისი განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი იყო ქვეყანაში არსებული პატრიარქარული ტრადიციები და მიდგომები. უძრავი ქონებებისა და მიწების მფლობელთა რიგებში, ქალები 20-%-ზე ნაკლებს შეადგენდნენ.[5]

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, სხვა დამატებითი ინფორმაცია ზიმბაბვეში უშუალოდ მარტოხელა დედათა მიმართ არსებული უფლებადარღვევების ფაქტების შესახებ, არ იძებნება.

[1] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Zimbabwe; published in March 2020; available at

[accessed 6 January 2021]

[2] Freedom House – Freedom in the World 2020 – Zimbabwe; published in March 2020; available at

[accessed 6 January 2021]

[3] Australian Government Department of Foreign Affairs and Trade – DFAT COUNTRY INFORMATION REPORT ZIMBABWE; published on 19 December 2019; available at

[accessed 8 January 2021]

[4] Ibid

[5] UK Home Office – Country Policy and Information Note Zimbabwe: Women fearing genderbased harm or violence; published in October 2020; available at

[accessed 8 January 2020]

რუსეთი. მარტოხელა ქალების მდგომარეობა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში

ევროპის თავშესაფრის საკითხთა მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2014 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს ჩეჩნეთში ქალთა, ქორწინების, განქორწინების და შვილებზე მეურვეობის საკითხების შესახებ. ანგარიშში ნათქვამია, რომ ტრადიციულად, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ოჯახური კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახის ბირთვში ასევე მოისაზრებიან ბიძები, დეიდები და ბიძაშვილები. ოჯახის წევრები ერთამენთზე კოლექტიურად არიან პასუხისმგებელნი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ქალი მარტო ცხოვრობს. ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ დროთა განმავლობაში ჩეჩნეთში კოლექტიური ოჯახის იდეა შედარებით შესუსტდა და ასევე, იმით, რომ ომის შედეგად ბევრი მამაკაცი გარდაიცვალა ან ქვეყანა დატოვა, ხოლო მათი ოჯახის ქალი წევრები მარტო დარჩნენ.

ორი წყაროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კავკასიაში მარტოხელა ქალები მოწყვლადი ჯგუფია და საჭიროებს დახმარებას. ოჯახის ერთეული მხოლოდ მაშინ არის ძლიერი, როდესაც მას მამაკაცი მეთაურობს. რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი ოჯახი კაცის გარეშე და ქალები აღნიშნულ ოჯახებში  დიდი გასაჭირის წინაშე არიან და ხშირად მოწყვლად სიტუაციაში ვარდებიან. ჩეჩენი ქალებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ იყვნენ დაქორწინებულნი, რათა ქმრებმა ისინი დაიცვან. ამას გარდა, ის მარტოხელა ქალები, რომელთა ოჯახის წევრებიც აჯანყებულები არიან, შესაძლოა უფრო მოწყვლად მდგომარეობაში იყვნენ, ვიდრე სხვა ქალები.

იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხაზი გაესვათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩეჩენი ქალისთვის თავდასაცავად ქმრის ან ძმის ყოლა, ზემოხსენებულმა ორმა წყარომ დამატებით ახსნეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქალი ჩეჩნეთის გარეთ სასწავლებლად მიდის, მას თან აუცილებლად ახლავს ძმა ან ის საცხოვრებლად რჩება ახლო ნათესავთან. მდიდარ და განათლებულ ოჯახებშიც კი, არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც იმ ქალებს, რომლებიც ტოვებენ საკუთარ საცხოვრებელ რეგიონს, ყოველთვის თან ახლავთ მამრობითი სქესის ახლო ნათესავი.

ძალადობაზე დაქვემდებარების რისკი ყველაზე ნაკლებია ისეთი ტიპის ქალების შემთხვევაში, რომელთაც: ჰყავთ ბევრი ძმა; აქვთ ფული ან ზოგადად, გააჩნიათ რესურსებზე უკეთესი წვდომა.

Human Rights Watch-ის მიხედვით, მარტოხელა, ქვრივმა ქალმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის წარსულში დაქორწინებული იყო, იმისთვის, რომ საზოგადოებამ მას პატივი სცეს. თუკი ის ამას ვერ შეძლებს, ის აღმოჩნდება მოწყვლად სიტუაციაში და ექნება დაბალი სოციალური სტატუსი. ამას გარდა, ადგილობრივმა ჩეჩენმა ადვოკატმა Landinfo-ს წარმომადგენლებს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მარტოხელა, ქვრივ, შვილებიან ქალს მამაკაცთან ურთიერთობა აქვს, შვილების მამის ოჯახი დიდი ალბათობით მოითხოვს, რომ შვილებმა მათთან იცხოვრონ. ასევე, ისინი  დედას აუკრძალავენ შვილების ნახვას.

ერთ-ერთი მოსკოვური არასამთავრობო ორგანიზაციის მიხედვით, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში შვილებიან ქვრივ ქალებს უფრო მაღალი სოციალური პოზიცია უკავიათ, ვიდრე განქორწინებულ ქალებს. როგორც წესი, ქვრივს დაუყოვნებლივ სთავაზობენ გარდაცვლილი ქმრის ოჯახში შვილებთან ერთად დარჩენას ან „ახალი ცხოვრების დაწყებას“ თუ კი ეს მას სურს, მხოლოდ – შვილების გარეშე. თუ ის ქმრის ოჯახში დარჩება, მისგან მოლოდინი აქვთ, რომ პატივს სცემს გარდაცვლილის სულს და, შესაბამისად, ხელმეორედ არ დაქორწინდება. ზოგადად, ხელახლა დაქორწინება არ არის აკრძალული, თუმცა ამ შემთხვევაში ქალი შვილებთან კონტაქტს დაკარგავს. International Crisis Group ინფორმაციით, როდესაც ქალი დაქვრივდება, მისი ქალიშვილები ზოგჯერ დედასთან რჩებიან, ხოლო ვაჟები – როგორც წესი, მამის ოჯახში.[1]

ევროპის თავშესაფრის საკითხთა მხარდაჭერის ოფისი (EASO) რუსეთში ჩეჩენთა მდგომარეობის შესახებ 2018 წელის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ადგილობრივი უფლებადამცველების მიხედვით, ჩეჩნეთში ქალთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მწირია. ისეთი საკითები, როგორიცაა ქალსა და კაცს შორის ურთიერთობები; გაუპატიურება; ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვები და ლგბტი პირები ჩეჩნურ კულტურაში მკაცრ ტაბუს წარმოადგენს.

გამოცემა Lenta.ru-სთან მიცემულ ინტერვიუში, ჩრდილოეთ კავკასიის ისლამური კვლევების  ცენტრის ექსპერტმა – რუსლან გარეევმა განაცხადა, რომ „ადათი“ ანუ ადგილობრივი, ისლამური წეს-ჩვეულებები კავკასიურ საზოგადოებაში კვლავ მნიშვნელოვანია და მეტიც, კიდევ უფრო ძლიერდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია Memorial წერდა, რომ იმ პრობლემებს, რომლებიც წარმოიქმნება ტრადიციებისადმი მკაცრი საზოგადოებრივი მიდგომით, კიდევ უფრო ამწვავებს ჩეჩნეთის სახელმწიფო მეთაურის ინტერპრეტაციები, რომლებიც დაფუძვნებულია „მის ინტერესებსა და დროებით ახირებებზე“. მაგალითად, ადრე რამზან კადიროვი მიიჩნევდა, რომ პატარძლის მოტაცება იყო „ლამაზი კავკასიური ტრადიცია“, თუმცა შემდეგ მან გამოაცხადა, რომ აღნიშნული ქმედებისთვის სიძე უმკაცრესად დაისჯებოდა.

International Crisis Group უთითებს, რომ კადიროვის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ემსახურება ტრადიციისა და ადათის აღსრულებას, ქალებს უფრო მეტად ეხება, ვიდრე კაცებს. წარსულში, მან განაცხადა, რომ ქალი მამაკაცის საკუთრებას წარმოადგენს და მისი ძირითადი მიზანია ბავშვების გაჩენა. კადიროვი მხარს უჭერს პოლიგამიას და მიიჩნევს, რომ ეს „ღირსების აღდგენის მიზნით მკვლელობების“ თავიდან აცილების კარგი საშუალებაა. „ჯობია, რომ ქალი იყოს მეორე ან მესამე ცოლი, ვიდრე მოკვდეს… ჩვენ ძალიან მკაცრი ჩვეულებები გვაქვს…. თუ ახალგაზრდა ან განქორწინებულ ქალს ვინმესთან ურთიერთობა აქვს, მისი ძმა ქალსაც და მის კომპანიონ მამაკაცსაც მოკლავს“ – განაცხადა კადიროვმა.

ადათის მიხედვით, რომელიც ამბობს, რომ შვილები მამისა და მამის ოჯახის საკუთრება არიან, ჩეჩნეთში განქორწინების შემდეგ ისინი მამის ოჯახში რჩებიან. ზოგჯერ, მცირეწლოვანი შვილები თავდაპირველად დედასთან ცხოვრობენ, ხოლო როდესაც წამოიზრდებიან ისინი მამას მიჰყავს, ხოლო დედას შესაძლოა მათი ნახვის უფლება ჰქონდეს. თუმცა, უფრო ხშირად, მამის ოჯახი დედას შვილებთან კონტაქტს უკრძალავს. ყოფილ მეუღლეებს შორის შეთანხმება, რომელიც გულისხმობს, რომ დედას შვილების რეგულარული ნახვის უფლება ექნება, მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში მიიღწევა. ქალებს სასამართლოში სარჩელი მხოლოდ გარდაუვალ შემთხვევაში შეაქვთ, რადგან ეს ქმრის ოჯახისადმი ომის გამოცხადებას ნიშნავს. როგორც წესი, სასამართლო საქმეები ეხება შვილების ნახვას, თუმცა გარკვეულ იშვიათ შემთვევებში, სასამართლო დედას სრულ მეურვეობას ანიჭებს.

თუმცა, უკანასკნელ ხანებში ჩეჩენმა მოსამართლეებმა მეურვეობის შესახებ ზოგიერთი საქმეში გადაწყვეტილება დედისა სასარგებლოად გამოიტანეს, რაც დაასაბუთეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.[2]

[1] European Union: European Asylum Support Office (EASO), EASO Country of Origin Information Report. Chechnya: Women, Marriage, Divorce and Child Custody, September 2014, ISBN 978-92-9243-276-8, available at: https://www.refworld.org/docid/5437b83c4.html [accessed 6 February 2019]

[2] European Union: European Asylum Support Office (EASO), Country of Origin Information Report on the Russian Federation: The situation for Chechens in Russia, August 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5b7ae45b4.html [accessed 6 February 2019]