სირია. სიტყვის, აზრის და გამოხატვის თავისუფლება. თებერვალი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სირიის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია აღიარებს გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის პრესის თავისუფლებას; მიუხედავად ამისა, მთავრობა მკაცრად ზღუდავს აღნიშნულ უფლებას და ხშირად ატერორებს, ძალადობს ან კლავს მათ, ვინც ცდილობს აღნიშნული უფლება პრაქტიკაში გამოიყენოს.

კანონი შეიცავს რიგ დებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ისეთ ქმედებებს, რაც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. მაგალითად, ისეთი გამოხატვა, რომელიც „ასუსტებს ეროვნულ სენტიმენტებს“ ან ცილს სწამებს პრეზიდენტს, სასამართლოს, ჯარს ან საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელს. მთავრობა გამუდმებით ახასიათებს გამოხატვას უკანონოდ და ხალხს არ შეუძლია, რეპრესიების შიშის გარეშე, გააკრიტიკონ მთავრობა საჯაროდ ან პირად საუბრებში. ხელისუფლება ყოველთვის აკვირდება და ამოწმებს პოლიტიკურ შეხვედრებს და იყენებს ინფორმატორების სამსახურს.

მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილია საჯარო საკითხებზე ინფორმაციის მიღების უფლება და აკრძალულია ჟურნალისტების დაპატიმრება, დაკითხვა და ძებნა, პრესისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა ფართოდაა გავრცელებული. მთავრობას კვლავ მძლავრი კონტროლი აქვს დაწესებული ადგილობრივ ბეჭდვით და სამაუწყებლო მედიაზე და კანონი აწესებს მკაცრ სასჯელებს იმ რეპორტიორებისთვის, ვინც არ გაამჟღავნებს წყაროს მთავრობის მოთხოვნის საპასუხოდ. მთავრობა ფლობს რამდენიმე რადიო სადგურს და ადგილობრივი სამაუწყებლო კომპანიების უმეტესობას; ამასთან, ინფორმაციის სამინისტრო მკაცრად აკონტროლებს ახალი ამბების ყველა რადიო და სატელევიზიო მაუწყებელს და გასართობ პროგრამებს, რათა ისინი შეესაბამებოდნენ მთავრობის პოლიტიკას.

სამთავრობო ძალები აკავებენ, აპატიმრებენ და ძალადობენ ჟურნალისტებსა და სხვა მწერლებზე, რომელთა საქმიანობა მიჩნეულია სახელმწიფოს მიმართ კრიტიკულად. ძალადობა მოიცავს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა დაშინება, ჟურნალისტების გათავისუფლება და აკრედიტაციის გაგრძელების თხოვნის უგულებელყოფა. ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, ისინი თვით-ცენზურას იყენებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პრეზიდენტისა და მისი ოჯახის, უსაფრთხოების სამსახურებისა თუ ალავიტი რელიგიური ჯგუფების კრიტიკა. მთავრობა აკონტროლებს და ზღუდავს წვდომას ინტერნეტზე და ახდენს ელექტრონული ფოსტისა და სოციალური მედიის ანგარიშების მონიტორინგს.

სირიის მთავრობა ზღუდავს სამეცნიერო თავისუფლებას და კულტურულ ღონისძიებებს. ხელისუფლება, ზოგადად, არ აძლევს აკადემიურ პერსონალს მთავრობის პოლიტიკის საპირისპირო იდეების გამოხატვის უფლებას. განსხვავებული აზრის გამოხატვის ან რეჟიმის ოპონენტების მხარდამჭერი განცხადებების გამო, ხელისუფლება ათავისუფლებს, აპატიმრებს და კლავს კიდეც უნივერსიტეტის პროფესორებს.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სირიის შესახებ წერს, რომ პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები მკაცრადაა შეზღუდული ერთერთი ყველაზე რეპრესიული რეჟიმის მიერ. სირიის ხელისუფლება კრძალავს რეალურ პოლიტიკურ ოპოზიციას და მძიმედ ზღუდავს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას.

სირიის კონსტიტუცია მხოლოდ ნომინალურად ადგენს სიტყვისა და პრესის თავისუფლებას და პრაქტიკაში განსხვავებული სიტუაციაა – მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც აკრიტიკებენ სახელმწიფოს, აწყდებიან ცენზურას, დაპატიმრებას, წამებას და შესაძლოა საპატიმროში სიკვდილსაც კი.

სამეცნიერო თავისუფლება მკაცრადაა შეზღუდული. მთავრობა აქტიურად იყენებს თვალთვალის მექანიზმს და მუდმივად თვალს ადევნებს პირად და ონლაინ დისკუსიას და მკაცრად სჯის განსხვავებულ აზრს თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. არსებული გარემო შედარებით უკეთესია იმ ტერიტორიაზე, სადაც დომინანტური ძალაუფლება არც ხელისუფლებას და არც ამბოხებულებს არ აქვთ; თუმცა, ქურთული ძალები და სხვა ოპოზიციური ფრაქციებიც, გავრცელებული ცნობებით, ზღუდავენ სიტყვის თავისუფლებას.[2]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Syria, 13 March 2019

 (accessed on 2 February 2020)

[2] Freedom House: Freedom in the World 2019 – Syria, 4 February 2019

 (accessed on 2 February 2020)

რუსეთი. ოპოზიციონერი ბლოგერების მიმართ დამოკიდებულება. სექტემბერი, 2018

მედია საშუალება BBC 2018 წლის 23 აგვისტოს გამოქვეყნებულ ერთერთ სტატიაში წერს ციმბირის რეგიონის ქალაქ ბერნაულში მცხოვრები 23 წლის რუსი ქალბატონის მარია მოტუზნაიას შესახებ. მარიას განცხადებით, ის რუსულმა სპეც-სამსახურებმა ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს, ხოლო ამის მიზეზი მის მიერ, რუსული სოციალური ქსელის – „VKontakte“ მეშვეობით, სიძულვილის ენის გამოყენება და მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გახდა. ორივე ზემოხსენებული ქმედება რუსეთში დასჯადია. უფრო კონკრეტულად კი, მარიამ სოციალურ ქსელში განათავსა რამდენიმე ე.წ. „მიმი“ (MEME), რამაც რუსული პოლიციის დაინტერესება გამოიწვია. კერძოდ, ერთერთ ასეთ პოსტში ასახულია მონაზონთა ჯგუფი, რომლის წევრებიც სიგარეტს ეწევიან, ხოლო ერთერთი მათგანი ამბობს: „დაუჩქარე, სანამ ღმერთი არ გვიყურებს“. მეორე სურათზე ასახულია მოშიმშილე აფრიკელი ბავშვები ცარიელი თეფშებით ხელში, წარწერით – „შავი იუმორი საჭმელივითაა – ყველა ვერ იღებს“ (“Black humour is like food – not everyone gets it”). მას 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე, BBC-ის ინფორმაციით, ანალოგიური ბრალდებებით, იმავე ქალაქში დაკავებულია კიდევ ორი პირი. როგორც ირკვევა, სამივე შემთხვევაში პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც ორმა სტუდენტმა გოგონამ პოლიციაში საჩივარი შეიტანა, მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.[1]

არასამთავრობო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2018 წლის 21 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ წლის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის შესაბამისმა სამსახურმა „ექსტრემისტთა“ სიაში 762 ადამიანი შეიყვანა, მათი დიდი ნაწილი – სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტების გამო.

ერთერთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა რუსეთის ალტაის რეგიონის ზემოხსენებულ ქალაქ ბერნაულში. საქმე ეხება 19 წლის სტუდენტ დანიილ მარკინს, რომელსაც ბრალად სოციალური ქსელის „VKontakte” მეშვეობით, ქრისტიანობის შეურაცხმყოფელი „მიმების“ გავრცელება ედება. გასული წლის ივლისში, მარკინის სახლში ჩხრეკის ნებართვით პოლიცია შევიდა, მას ჩამოართვეს ელექტრონული მოწყობილობები და წაიყვანეს დაკითხვაზე. დაკითხვის დროს, მისი ტელეფონიდან ამოიღეს 10 ე.წ. მიმი, რომელიც ქრისტიანობას აშარჟებდა, მათ შორის, სურათი, რომელზეც ასახულია პოპულარულ სერიალ „სატახტოთა თამაშის“ პერსონაჟი ჯონ სნოუ, როგორც იესო ქრისტე, ხოლო სურათს თან ერთვის წარწერა – „ჯონ სნოუ აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!“, რაც ერთგვარ პაროდიას წარმოადგენს მართლმადიდებლურ აღდგომასთან დაკავშირებული გამონათქვამისა.

მარკინს დააწერინეს აღიარებითი ჩვენება, რომ მან ნამდვილად შეინახა ზემოხსენებული სურათები საკუთარი ტელეფონის შიდა მეხსიერებაში, ხოლო შემდეგ გაათავისუფლეს. რუსეთის ფინანსური მონიტორინგის შესაბამისმა სამსახურმა მისი საბანკო ანგარიშები გაყინა, ხოლო შემთხვევიდან 1 წლის თავზე – მის წინააღმდეგ საოლქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, 19 წლის ახალგაზრდას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამასობაში, ალტაის პროვინციაში კიდევ 3 ანალოგიური საქმე აღიძრა „ონლაინ კანონდამრღვევთა“ წინააღმდეგ.[2]

„რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ 2018 წლის 3 აგვისტოს სტატიაში წერს 38 წლის რუს ანდერი შაშერინზე, რომელიც ასევე ზემოხსენებულ ქალაქ ბერნაულში ცხოვრობს. მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს არა მარტო სოციალურ ქსელში გავრცელებული რასობრივი და პოლიტიკური კონტექსტით დატვირთული სურათების გამო, არამედ რუსეთის პატრიარქ კირილის „გაშარჟებისთვისაც“. კერძოდ, ანდრეიმ გაავრცელა პატრიარქის სურათი, სადაც მას მაჯაზე ძვირადღირებული საათი უკეთია, ხოლო რუსეთის საპატრიარქოს იგივე, ოფიციალურ სურათზე მოგვიანებით, ზემოხსენებული საათი გააქრეს.

სატელეფონო ინტერვიუს დროს შაშერინმა განაცხადა, რომ ის ბრალდებულია სიძულვილის ენის გამოყენებასა და „მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში“, რაც დაკავშირებული იყო მის მიერ სოციალურ ქსელში კონკრეტული სურათების გავრცელებასთან.[3]

რაც შეეხება ოპოზიციური ბლოგერების ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობას, არასამთავრობო ორგანიზაცია „Freedom House“ რუსეთში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ 2017 წლის ანგარიშში წერს, რომ ამ კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა უკანასკნელი წლების განმავლობაში. განსაკუთრებით აღსანიშნავი ფაქტორები იყო რუსეთის მთავრობის ზეწოლა საკომუნიკაციო და ქსელურ კომპანიებზე, გადმოეტანათ რუსი მომხმარებლების ინფორმაციის შემცველი ბაზები რუსეთის ტერიტორიაზე და, ასევე, აშშ-ში დაფუძნებული საერთაშორისო ვებ-საიტის – LinkedIn დაბლოკვა, ზემოხსენებულ კრიტერიუმთან შეუთავსებლობის გამო.

სამთავრობო უწყებები აგრძელებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური ხასიათის შემცველი ბლოგებისა თუ საიტების ცენზურას, მათ შორის იყო წამყვანი ოპოზიციური ფიგურების: ალექსეი ნავალნისა და გარი კასპაროვის ბლოგები.

ასევე, მთავრობა ხშირად იყენებდა ექსტრემიზმის შესახებ კანონს, რათა შეეზღუდა მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკა. მაგალითად, სხვებთან ერთად, აღნიშნული კანონით აკრძალულ მასალას 2017 წლის აპრილიდან განეკუთვნება პრეზიდენტ პუტინის სურათი, რომელშიც მას მაკიაჟი უკეთია.

დამოუკიდებელ ბლოგერებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ე.წ. „ბლოგერების კანონმა“, რომელიც ავალდებულებს 3 000-ზე მეტი ვიზიტორის მქონე ბლოგერს, დარეგისტრირდეს როგორც, მასობრივი ინფორმაციის გამავრცელებელი; ე.ი. დაკარგოს ანონიმურობა და იყოს სამართლებრივად პასუხისმგებელი მის ბლოგზე არსებულ ნებისმიერი სახის მასალაზე, მათ შორის, მესამე პირის მიერ გაკეთებულ კომენტარზე.

2017 წლის ივლისში, დაახლოებით  ათასმა პირმა, მოსკოვის ქუჩებში გააპროტესტა მზარდი რეპრესიები ონლაინ მედიაზე და მოითხოვა ამ მიზეზით დაკავებული მოქალაქეების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, მათ შორის, განსაკუთრებით აღნიშნული იყო  ცნობილი ვიდეო ბლოგერი – რუსლან სოკოლოვკი, რომელსაც მსჯავრი დაედო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის, მას შემდეგ, რაც გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახული იყო, თუ როგორ თამაშობდა  მობილურ თამაშს – Pokemon Go-ს ეკლესიაში.

2016 წლის დეკემბერში, ტერორიზმის გაღვივების ბრალდებით, დაკავებული იქნა ციმბირელი ბლოგერი ალქსეი კუნგუროვი, რომელმაც საკუთარ ბლოგ პოსტში გააკრიტიკა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია სირიაში. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ქალაქ ბელგოროდში, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 21 წლის ქალის წინააღმდეგ, რომელმაც 2016 წლის მაისში დაპოსტა ვიდეო, სადაც სიგარეტს უკიდებდა ეკლესიის სანთლების გამოყენებით. მას მაქსიმუმ 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე, 2017 წლის თებერვალში, ჩეჩნეთის საჯარო პროკურორმა სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო ცნობილი კომიკოსისა და ბლოგერის – ილია დავიდოვის წინააღმდეგ 2012 წელს გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც მან იხუმრა საპირფარეშოში ჯდომისას ყურანის კითხვაზე. იანვარში, მას შემდეგ, რაც აღნიშნულის გამო სიკვდილით რამდენჯერმე დაემუქრნენ, დავიდოვმა დატოვა ქვეყანა.[4]

[1] BBC, Article “The memes that might get you jailed in Russia”, published 23 August 2018, available at https://www.bbc.com/news/blogs-trending-45247879 [accessed 14 September 2018]

[2] Human Rights Watch, Article “Online Jokes Are No Laughing Matter in Russia”, Published 21 August 2018, available at https://www.hrw.org/news/2018/08/21/online-jokes-are-no-laughing-matter-russia [accessed 14 September 2018]

[3] RFERL, Article “Another Russian Faces Criminal Probe Over Social-Media Memes”, 3 August 2018, available at https://www.rferl.org/a/russian-faces-criminal-probe-social-media-memes/29410323.html [accessed 14 September 2018

[4] Freedom House, Freedom on the Net 2017 – Russia, 14 November 2017, available at:

[accessed 17 September 2018]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 სექტემბერი, 2018

ვითარება ავღანეთში – ზაბულის პროვინციაში თალიბანის მაღალი რანგის მეთეურები მოკლეს. მულაჰ ასადსა და მულაფ სანგალთან ერთად, ავიაგამანადგურებლების შეტევის დროს, მოძრაობის კიდევ რამდენიმე წევრი დაიღუპა.[1]

ავღანეთის სამხრეთ ნაწილში დაუდგენელი პირები 3 სკოლას დაესხნენ თავს. შემთხვევა პაკტიკას პროვინციაში მოხდა. ადგილობრივების ცნობით, ერთერთი სკოლის ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა, დანარჩენ 2-ს კი ყუმბარები ესროლეს. დაღუპულთა დადაშავებულთა შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[2]

საერთაშორისო კოალიციამ ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთერთი ლიდერი მოკლა. ვილაიათ ხორასანი, იგივე აბუ საად ორაკზაი ნანგაჰარის პროვინციაში საჰაერო იერიშის დროს დაიღუპა.[3]

„თალიბანის“ ერთერთი ლიდერი ჯალალედინ ჰაქანი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის ავღანეთში დაკრძალეს. ჯალალედინ ჰაქანმა „თალიბანის“ ერთერთი ყველაზე საშიში დანაყოფი, ჰაქანის ქსელი შექმნა. დაჯგუფებას ის 70-იან წლებში შეუერთდა. 90-იანი წლებიდან, მას შემდეგ რაც ავღანელმა ჯიჰადისტებმა ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, ჰაქანმა მინისტრის პოსტი დაიკავა და დაჯგუფების მმართველთა საბჭოს წევრიც გახდა. ჰაქანის ქსელი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2012 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამ დროისთვის ჯგუფს მისი შვილი, სირაჯუდინ ჰაქანი მეთაურობს.[4]

ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა, 70-მდე კი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, ქაბულის შიიტურ უბანში ორი აფეთქება 5 ოქტომბერს საღამოს საათებში მოხდა; აფეთქებას, ასევე, ორი ჟურნალისტი ემსხვერპლა – 28 წლის სამინ ფარამარზი და 23 წლის რამიზ აჰმადი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. 2018 წელს ყველაზე მეტი ჟურნალისტი ავღანეთში დაიღუპა. მხოლოდ ამ წელში, ავღანეთში აფეთქებებსა და ძალადობას 10 ჟურნალისტი შეეწირა, ბოლო ინციდენტს კი კიდევ ორი ემსხვერპლა.[5]

ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთით, თალიბანის თავდასხმას 11 ავღანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. შეტაკება ბადღის პროვინციაში მოხდა, რა დროსაც ასევე 13 ექსტრემისტი დაიღუპა. ამავე დღეს ექსტრემისტებმა ტახარის პროვინციაში პოლიციის ერთერთ განყოფილებაზე მიიტანეს იერიში, რასაც რვა პოლიციელი ემსხვერპლა. ხელისუფლების ცნობით, თალიბებმა ერთი პოლიციელი ტყვედ აიყვანეს.[6]

სირიაში ომს ერთ თვეში 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქი ემსხვერპლა – მათ შორის 66 ბავშვია. სირიის ადამიანის უფლებათა ქსელის (SNHR) ინფორმაციით, 36 ადამიანი ასადის რეჟიმის მთავარი მხარდამჭერის, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იმსხვერპლა, სირიის სამთავრობო ძალების თავდასხმის გამო 239 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი ადამიანია დაღუპული ტერაქტებისას. ამავე ანგარიშის მიხედვით, იანვრიდან დღემდე სირიაში 6 036 ადამიანია დაღუპული. სირიის ომში, 2011 წლიდან ამ დრომდე 350 ათასზე მეტი ადამიანია მოკლული.[7]

ერაყში მიტინგზე პოლიციასთან შეტაკებისას 1 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა – ერაყის ერთერთი მთავარი პორტი, რომელიც ქალაქ ბასრაში მდებარეობს, ქალაქში არსებული მასობრივი შეტაკებების გამო დროებით დაიკეტა. ბასრას სამხრეთით აქციის მონაწილეები და პოლიციელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც 1 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ერაყის სამხრეთ ნაწილში, რომელიც ძირითადად შიიტებით არის დასახლებული, პროტესტის ტალღა რამდენიმე კვირაა გრძელდება. ისინი აპროტესტებენ ინფრასტრუქტურის და ელექტროენერგიის არარსებობას, ასევე კორუფციას. 2-მილიონიანი ქალაქის მოსახლეობა უწყლობასაც უჩივის და ამბობს, რომ მათ სახლებში მარილიანი წყალი მოდის.[8]

იემენში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას აქციებით აპროტესტებენ – იემენში, ქალაქ ადენში ასობით დემონსტრანტი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას და ვალუტის გაუფასურებას აპროტესტებს. მომიტინგეებმა ქალაქის სამხრეთით გადაკეტეს ძირითადი საავტომობილო გზები და საბურავები დაწვეს. აქციების შედეგად ქალაქში მაღაზიები და სახელმწიფო სტრუქტურების ნაწილი დაიკეტა. იემენური რიალი დოლარის მიმართ სამოქალაქო ომის შემდეგ სულ უფრო უფასურდება. ფულის გაუფასურებამ მთელი რიგი სამომხმარებლო პროდუქცია გააძვირა და ის ქვეყნის მოსახლეობის ნაწილისთვის ხელმიუწვდომელი გახადა.[9]

ტერაქტი სომალიში – სომალის დედაქალაქის, მოგადიშუს ცენტრში აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. მათ შორის სამი ჯარისკაცია, რომლებიც ტერორისტის ავტომობილის შეჩერებას შეეცადნენ. კიდევ სამი დაღუპული კი ბავშვია. ტერორისტი მანქანით შეეცადა გაერღვია საგუშაგო, თუმცა სამართალმდაცველებმა მისი შეკავება შეძლეს, მაგრამ ისინი ადგილზე დაიღუპნენ. აფეთქების შედეგად, დაინგრა ახლომდებარე სკოლა, დაზიანდა შენობები, მათ შორის, მეჩეთიც. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ალ-შაბაბმა აიღო.[10]

საუდის არაბეთში სოციალურ ქსელში რელიგიურ თემაზე ხუმრობა დასჯადი ხდება – რელიგიურ თემაზე ქილიკობის გამო, ადამიანი შესაძლოა ციხეში 5 წლის ვადით ჩასვან. ამის შესახებ საუდის არაბეთის პროკურატურის განცხადებაში წერია. „სოციალურ ქსელებში იმ შინაარსის შექმნა და გავრცელება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი წესრიგის, რელიგიური ფასეულობების და ზნეობრივი ნორმების დაცინვას ან ძირის გამოთხრას, კიბერდანაშაულად განიხილება“, – ნათქვამია განცხადებაში. 2012 წელს საუდის არაბეთში ვებგვერდ „საუდის არაბეთის ლიბერალური ქსელის“ დამფუძნებელი  ქვეყანაში სასულიერო პირებისა და სასულიერო პოლიციის კრიტიკისთვის დააპატიმრეს. მას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.[11]

ინდოეთში ჰომოსექსუალების კავშირი სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება – ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო – ჰომოსექსუალების სექსი სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება. ახალი ვერდიქტი აუქმებს წინა დადგენილებას, რომელიც კოლონიალიზმის პერიოდში მიიღეს. მის მიხედვით, გეების სექსუალური კავშირი გამოცხადებული იყო, როგორც „არაბუნებრივი ქცევის დანაშაული“. ბოლო წლების განმავლობაში ინდოეთში ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციისთვის მრავალი ლგბტ ორგანიზაცია მუშაობდა.[12]

[1] Xinhua News; Airstrikes kill 2 Taliban commanders in Southern Afghanistan; 1 September, 2018; available at: http://www.xinhuanet.com/english/2018-09/01/c_137436028.htm

[2] Xinhua News; Militants attack 3 schools with hand grenades in E. Afghanistan; 2 September, 2018; available at: http://www.xinhuanet.com/english/2018-09/03/c_137441444.htm

[3] CNN; US confirms death of ISIS leaderin Afghanistan; By Ryan Browne, Eli Watkins and Sam Kiley; 3 September, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/09/02/politics/isis-leader-killed-afghanistan/index.html

[4] The Guardian; Leader of Haqqani network in Afghanistan is dead, say Taliban; 4 September, 2018; available at: https://www.theguardian.com/world/2018/sep/04/jalaluddin-haqqani-leader-of-militant-haqqani-network-in-afghanistan-has-died-say-taliban

[5] CNN; Two journalists among 20 killed in wrestling club blasts in Kabul; By Ehsan Popalzai and Bard Wilkinson; 6 September, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/09/06/asia/kabul-attack-wrestling-intl/index.html

[6] იმედის ახალი ამბები; ავღანეთში თალიბანის თავდასხმას 11 ჯარისკაცი და 13 ექსტრემისტი ემსხვერპლა; 6 სექტემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/76555/avganetshi-talibanis-tavdaskhmas-11-jariskatsi-da-13-eqstremisti-emskhverpla

[7] Daily Sabah; 391 civilians, including 66 children, killed in Syria in August; 1 September, 2018; available at: https://www.dailysabah.com/syrian-crisis/2018/09/01/391-civilians-including-66-children-killed-in-syria-in-august

[8] Reuters; Protesters torch political party offices in Barsa’s fourth night of violence; By Aref Mohammed and Raya Jalabi; 6 September, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-protests/main-iraqi-port-closed-as-one-dies-25-injured-in-basra-protests-idUSKCN1LM0N6?il=0

[9] Reuters; Protests over Yemen’s weakening currency paralyze Aden; By Mohammed Mukhashaf; 2 September; 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-yemen-security/protests-over-yemens-weakening-currency-paralyze-aden-idUSKCN1LI0EZ?il=0

[10] US News; Suicide car bombing in Somalia’s Capital kills at least 6; 2 September, 2018; available at: https://www.usnews.com/news/world/articles/2018-09-02/suicide-car-bombing-in-somalias-capital-wounds-at-least-4

[11] The Independent; Saudi Arabia prosecutor seas people who post satire on social media can be jailed; By Tom Barnes; 5 September, 2018; available at: https://www.independent.co.uk/news/world/middle-east/saudia-arabia-social-media-satire-jail-sentences-twitter-facebook-censorship-a8523781.html

[12] BBC; India court legalizes gay ses in landmark ruling; 6 September, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-india-45429664

ერაყი. მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულება. მარტი, 2018

„Amnesty International“ 2017/2018 წლების ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ჟურნალისტები და ონლაინ აქტივისტები ქურთისტანის რეგიონში იყვნენ თვითნებური დაკავებების, ცემის, თვალთვალის, სიკვდილით დამუქრების და მათი და მათი ოჯახის წევრების რეპუტაციის შემლახველი კამპანიის ობიექტები. ასეთი დამოკიდებულება ჟურნალისტებისა და ონლაინ აქტივისტების მიმართ გამძაფრდა ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დროს. 2017 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში „Amnesty International“-მა ჟურნალისტებისა და ონლაინ აქტივისტების თვითნებური დაკავების, ცემისა და დაშინების 12 ფაქტი გამოავლინა.[1]

„Human Rights Watch“ 2018 წლის 28 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში საუბრობს ქურთისტანის რეგიონში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, რომლის დროსაც ჟურნალისტების დაკავებას ჰქონდა ადგილი. სტატიაში ნათქვამია, რომ ქურთისტანის რეგიონული მთავრობის უსაფრთხოების ძალებმა სულეიმანიას მიმდებარედ დააკავეს 2017 წლის დეკემბრის საპროტესტო აქციებში მონაწილეები. დემონსტრანტები სასამართლოს გარეშე 8 დღე ჰყავდათ დაკავებულები და ვიდრე გაათავისუფლეს, აიძულეს, ხელი მოეწერათ განცხადებაზე, რომ აღარ მიიღებდნენ მონაწილეობას საპროტესტო აქციებში და არ გააკრიტიკებდნენ მთავრობას სოციალურ ქსელებში. უსაფრთხოების ძალებმა ასევე დააკავეს სამი ჟურნალისტი, სავარაუდოდ, მათი დაკავება დაკავშირებული იყო მათსავე პროფესიულ საქმიანობასთან.

დაკავებული ჟურნალისტებიდან ორი – კოი სანჯაქსა და ჰალაბიაში დააკავეს. ერთი მათგანი ცნობილი ოპოზიციური მედია საშუალების თანამშრომელია; მან „Human Rights Watch“-ს უჩვენა სასამართლოს დოკუმენტაცია და უთხრა, რომ ის 19 დეკემბერს კოი სანჯასში დააკავეს. მესამე ჟურნალისტი, რომელიც იგივე მედია საშუალების თანამშრომელია, 22 დეკემბერს სულეიმანიაში დააკავეს და უსაფრთხოების ძალების ოფისში აიძულეს, ხელი მოეწერა განცხადებაზე, სადაც პირობას დებდა, რომ დატოვებდა სამსახურს; ამის შემდეგ ის ბრალი წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. ორგანიზაციასთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ის კვლავ განაგრძობს სამსახურს, მაგრამ ყოველდღე ეშინია, რომ მიაკითხავენ.[2]

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია აღიარებს გამოხატვის თავისუფლებას და მედიის თავისუფლებას იმ პირობით, რომ „საჯარო წესრიგი“ და „მორალი“ იქნება შენარჩუნებული. ერაყის მედია მრავალფეროვანი ჩანს, მაგრამ ბევრი მედია საშუალება კონტროლდება პოლიტიკური პარტიების მიერ. მცირე რაოდენობით არსებული დამოუკიდებელი გაზეთები ეკონომიკური წნეხის ქვეშ არიან და ხშირად იძულებულები ხდებიან, დაიხურონ. ძალადობრივ და კორუფციულ გარემოში ჟურნალისტები ხშირად შურისძიების ობიექტები არიან და ასევე ხშირად მათ წინააღმდეგ შეაქვთ სარჩელები. ბლოგერები და ინფორმაციის ონლაინ გამავრცელებლები, ასევე არიან რისკის ქვეშ. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, 2016 წელს მინიმუმ 6 ჟურნალისტი იქნა მოკლული მათი საქმიანობასთან დაკავშირებული მოტივებით. ერთ შემთხვევაში – PKK-სთან დაკავშირებული ვებ-გვერდის „Roj News“ ჟურნალისტი ვედად ჰუსეინი ქურთულ რეგიონში აგვისტოში მოკლეს – ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა მოტივის დადასტურება ვერ შეძლო.[3]

„Freedom House“ 2017 წლის ანგარიშში პრესის თავისუფლების შესახებ ერაყის პრესის თავისუფლების ხარისხს განსაზღვრავს როგორც – არა თავისუფალს. ანგარიშში ნათქვამია, რომ პრესის თავისუფლებისთვის საკანონმდებლო დონეზე არსებული გარანტიები პრაქტიკაში შესუსტებულია წლების განმავლობაში მიმდინარე შეზღუდვებით და უსაფრთხოების მხრივ არსებული არასტაბილური ვითარებით. მიმდინარე ძალადობამ და გასული დანაშაულების დაუსჯელად დატოვებამ, აიძულა ჟურნალისტები თავად დაეწესებინათ ცენზურა საკუთარი თავისთვის, რამაც ზიანი მიაყენა მათ საქმიანობას, განსაკუთრებით ისლამურ სახელმწიფოსთან კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში. შედარებით უსაფრთხო რეგიონებშიც მედია თავისუფლება შეზღუდულია პოლიტიკური წნეხით და სამთავრობო ჩარევებით; ასევე, მფლობელთა პარტიზანული თუ რელიგიური ინტერესების შესაბამისი სარედაქციო პოლიტიკით.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ერაყი რჩება ჟურნალისტებისთვის ერთერთ ყველაზე საფრთხის შემცველ ქვეყნად მსოფლიოში – 2016 წელს მინიმუმ ექვსი ჟურნალისტი მოკლეს. კომუნიკაციებისა და მედია კომისიამ გაუუქმა ლიცენზია ალ-ბაღდადიას სატელევიზიო მაუწყებლობას 2016 წლის მარტში და კატარულ ალ-ჯაზირას აპრილში; აღნიშნულის მიზეზად კრიტიკოსებმა პოლიტიკური მოტივი დაასახელეს.[4]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ დამკვირვებლები ქვეყანაში ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებს შორის ასახელებენ, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, რაც პრესის თავისუფლების შეზღუდვასაც გულისხმობს; ასევე, ჟურნალისტების შევიწროვებას და მათ მიმართ ძალადობასა და ცენზურას. ქვეყნის კონსტიტუცია ადგენს თავისუფალი გამოხატვის უფლებას თუ არ ირღვევა საჯარო წესრიგი და მორალი და არ ხდება აკრძალული ბაასის პარტიის მხარდაჭერა ან ქვეყნის საზღვრების შეცვლის პროპაგანდა ძალადობრივი მნიშვნელობით. ამ უფლებების ძირითადი შემზღუდველი იყო თვით-ცენზურა, რაც გამოწვეულია მთავრობის და პოლიტიკური პარტიების, ეთნიკური და რელიგიური ძალების მხრიდან რეპრესიებისა და ექსტრემისტული ჯგუფების ან კრიმინალური ბანდების რეალური შიშით. მიუხედავად კონსტიტუციური გარანტიებისა, ერაყისა და ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის მთავრობები ერევიან მედია საშუალებების საქმიანობაში, აწესებენ შეზღუდვებს, პერიოდულად ხურავენ მედია საშუალებებს და ერევიან ინტერნეტ მომსახურებაში.[5]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Iraq, 22 February 2018, available at:

[accessed 20 March 2018]

[2] Human Rights Watch, Kurdistan Region of Iraq: Protesters, Journalists Detained, 28 February 2018, available at:

[accessed 20 March 2018]

[3] Freedom House, Freedom in the World 2017 – Iraq, 2 June 2017, available at:

[accessed 20 March 2018]

[4] Freedom House, Freedom of the Press 2017 – Iraq, 1 November 2017, available at:

[accessed 20 March 2018]

[5] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Iraq, 3 March 2017, available at:

[accessed 20 March 2018]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 თებერვალი, 2018

თურქეთში გაზეთ Die Welt-ის ჟურნალისტი დენიზ იუსელი გაათავისუფლეს – ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. თურქეთის პოლიციამ დენიზ იუსელი გასულ წელს დააპატიმრა. მას ბრალად ედებოდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, მონაცემების არასწორი გამოყენება და ტერორისტული პროპაგანდა. ჟურნალისტ დენიზ იუსელი, რომელსაც ორმაგი – გერმანიის და თურქეთის მოქალაქეობა აქვს, თურქეთის ენერგეტკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბერატ ალბაირაკის საფოსტო ყუთის გატეხვის ამბავს აშუქებდა. ალბაირაკის წერილები მოგვიანებით WikiLeaks-მა გამოაქვეყნა. ბერატ ალბაირაკი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძეა. WikiLeaks-მა 57 ათასზე მეტი ელექტრონული წერლი გამოაქვეყნა, რომლებიც 2000-2016 წლებით თარიღდება და უმრავლესობა არის მიმოწერა თურქ პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენებთან და ოჯახის წევრებთან.[1]

ტერაქტი ნიგერიაში – ნიგეიაში ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაიცვალა 22 და დაშავდა 28 ადამიანი. ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბორნოს შტატის ქალაქ კონდუგაში ერთ-ერთ ბაზრობაზე სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. წლის დასაწყისიდან ნიგერიაში ორი ტერაქტი მოხდა. 18 იანვარს ქალაქ მაიდუგურუში ორმაგ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე, 2 იანვარს ბორნოს შტატში მეჩეთზე თავდასხმისას 11 ადამიანი დაიღუპა.[2]

7 წლის გოგოს გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის პაკისტანელს სიკვდილით დასჯიან – 24 წლის კაცს იმრან ალის, პაკისტანის სასამართლომ 7 წლის ზაინაბ ანსარის გაუპატიურებასა და მკვლელობისთვის სასიკვდილო განაჩენი ოთხჯერ გამოუტანა. გასულ თვეში ზაინაბის ცხედარი ნაგავსაყრელზე ქალაქ კასურში იპოვეს. გოგოს მკვლელობამ მთელს ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია, რა დროსაც მოსახლეობა პოლიციას არაკომპენტენტურობაში სდებდა ბრალს. ზაინაბის მკვლელი და მოძალადე იმრან ალი აღმოჩნდა, რომელიც დაკავშირებული იყო პოლიციასთან და პროვინცია პენჯაბის მინისტრთან. მას ადანაშაულებენ არამხოლოდ ზაინაბზე ძალადობას, არამედ სხვა ბავშვებზე თავდასხმასაც.[3]

პაკისტანი ჰაჯის რიტუალზე ტრანსგენდერ მოზარდებს გაუშვებს – წელს პირველად პაკისტანელი ტრანსგენდერი მოზარდები საუდის არაბეთში გაემგზავრებიან, სადაც ისინი მოხალისებიის რანგში ჰაჯის რიტუალში მიიღებენ მონაწილეობას. ბოისკაუტური მოძრაობის წარმომადგენლის თქმით, ტრანსგენდერებს ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად შეარჩევენ, რის შემდეგაც ისინი ფიზიკურ მომზადებას გაივლიან. სია კი რელიგიის სამინისტროს გადაეგზავნება. პაკისტანი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მესამე სექსი ოფიციალურად აღიარა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის შესაბამისი აღნიშვნით გაცემა დაიწყო. კვლევის თანახმად, ამ დროისთვის პაკისტანში დაახლოებით ნახევარი მილიონი ტრანსგენდერი ცხოვრობს.[4]

საუდელ ქალებს კაცის ნებართვის გარეშე ბიზნესის დაწყების უფლება მისცეს – ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია კომერციისა და ინვესტიციების სამინისტრომ გაავრცელა. „ამიერიდან მეურვის ნებართვა საჭირო აღარ იქნება. ქალებს თავიანთი ბიზნესის დაწყება თავისუფლად შეეძლებათ“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ამგვარად, საუდის არაბეთში მაცხოვრებელ ქალებს, ფირმის რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტების შეტანა კაცის ნებართვის გარეშე შეეძლებათ. საუდის არაბეთში, აქამდე არსებული მეურვეობითი და მზრუნველობითი სისტემის თანახმად, ქალები ვალდებულნი იყვნენ წარედგინათ დოკუმენტაცია, რომელზეც მეურვის ხელმოწერა იქნებოდა. ქალის მიერ შეტანილ ნებისმიერი სახის სახელმწიფო დოკუმენტაციაზე, მათ შორის სამოგზაურო დოკუმენტებზეც, ქმრის, მამის ან ძმის ხელმოწერა უნდა ყოფილიყო.[5]

ირანში დემონსტრანტებთან შეტაკებისას 3 პოლიციელი დაიღუპა – 3 ირანელი პოლიციელი დაიღუპა თეირანში აქციის მონაწილეებთან შეტაკებისას. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება უსაფრთხოების სამსახურსა და გონაბადის კონფესიის დერვიშებს შორის მოხდა, რომლებიც პოლიციის სამმართველოს წინ შეიკრიბნენ და მათი სუფიური რელიგიური ჯგუფის წევრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ირანი სუფიურ ორდენს შიიტური წარმომადგენლობის საფრთხედ მიიჩნევს და ამ მიზეზით გონაბადის რამდენიმე დერვიში პატიმრობაში ჰყავს.[6]

იემენში ავიაიერიშს 15-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – ჩრდილოეთ იემენში ავიაიერიშს 15-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ადგილობრივების განმარტებით, სამიზნე 2 ავტომობილი იყო, რომლებსაც მგზავრები ცენტრალური მაგისტრალით საადას პროვინციული დედაქალაქისკენ გადაჰყავდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, იერიში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით კოალიციამ განახორციელა. იემენი 2011 წლიდან პოლიტიკური კრიზისის მდგომარეობაშია. ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტი 2014 წლიდან გრძელდება, რასაც 10 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. 2 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობის ზღვარზეა.[7]

ნიგერიაში ბოკო ჰარამმა 90 მოსწავლე გოგო გაიტაცა – შემთხვევა ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ერთერთ სოფელში მოხდა. უსაფრთხოების სამსახურმა 2 დღეში 76 გოგო იხსნა. დანარჩენები კვლავ დაკარგულად ითვლებიან. ნიგერიის უსაფრთხოების სამსახურში თავიდან უარყოფდნენ ინფორმაციას მოსწავლეების გატაცების შესახებ, თუმცა მოგვიანებით გატაცებულები თავად სამხედროებმა გაათავისუფლეს. ნიგერიაში ხშირია შემთხვევა, როცა ადგილობრივი პოლიცია მსგავსი ინციდენტის შესახებ ინფორმაციას მალავს. ამ რეგიონში ყველაზე მასშტაბური გატაცების შემთხვევა 2014 წელს დაფიქსირდა, როცა ქალაქ ჩიბოკიდან ტერორისტებმა 270-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს.[8]

საუდის არაბეთში გოგო, რომელიც გააუპატიურეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო – სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულ შვიდივე პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა; ამავდროულად, ჯგუფურად გაუპატიურების მსხვერპლი 19 წლის გოგო „უღირსად“ მოქცევაში დაადანაშაულა, რადგან ქუჩაში მარტო გავიდა. სასამართლომ მას 200 შოლტი და 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებას მთავრობამ დაუჭირა მხარი და განაცხადა, რომ შარიათის კანონები ყველამ უნდა დაიცვას, რომელიც საჯაროდ მამაკაცის გარეშე გასვლას კრძალავს. ინციდენტი 2006 წელს მოხდა. გოგო მეგობრის მანქანაში იჯდა, როცა შვიდმა კაცმა გადმოიყვანა და გააუპატიურა. თავდაპირველად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გოგოს 90 შოლტი მიესაჯა. მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატმა მედიასთან კომენტარი გააკეთა, გადაწყვეტილება 200 შოლტით შეიცვალა.[9]

გიულენთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 170 ადამიანის დაკავების ორდერი გაიცა – სტამბოლის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის გამო 170 ადამიანის დაკავების ორდერი გამოსცა. მათ შორის ყოფილი სამხედროები არიან. ეჭვმიტანილთა დაკავების ოპერაცია 38 პროვინციაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის აყვანილია უკვე 22 პირი. თურქეთის ხელისუფლების მოსაზრებით, 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. გიულენი ბრალდებას უარყოფს.[10]

სირიაში არსებული ვითარება – სირიის სამთავრობო ძალები ქალაქ აფრინის ქურთებით დასახლებულ ნაწილში შევიდნენ. ადგილობრივმა მილიციამ მიმართა მთავრობას, გაუწიონ მათ დახმარება თურქებისა და სირიელი აჯანყებულების მოსაგერიებლად. მებრძოლებმა საგუშაგო ჯავშანტექნიკით გაიარეს, რის შემდეგაც თურქებმა დაბომბეს ტერიტორია და განაცხადეს, რომ ამით აიძულეს მებძოლები, უკან დაეხიათ. თურქეთი დაემუქრა სირიის მთავრობას, რომ დაუპირისპირდებოდა მათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩაერეოდნენ ამ კონფლიქტში, – რითიც სირიის სამოქალაქო ომში გამოიწვიეს დაპირისპირება ორ მთავარ მოთამაშეს შორის.[11] თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში ქალაქ აფრინის აღების პირობა დადო. როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გამარჯვებას თურქეთის შეიარაღებული ძალები უახლოეს დღეებში მიაღწევენ. როგორც მან აღნიშნა ოფიციალური ანკარის მიზანია აფრინში ქურთების დამარცხება და მშვიდობის დამყარება, რათა ქალაქის მოსახლეობამ უკან დაბრუნება შეძლოს.[12]

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა სირიის აღმოსავლეთ ღუტის რაიონში ძალადობის ესკალაციის გამო. გუტერეშის ინფორმაციით, საჰაერო და საარტილერიო იერიშების შედეგად, დაიღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. გაეროს გენერალურმა მდივანმა კატასტროფული უწოდა სირიის ამ რაიონში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობას. ამასთან, სირიელი უფლებადამცველების ინფორმაციით, ბოლო სამ დღეში დაიღუპა ორასზე მეტი ადამიანი. პრეზიდენტ ასადის მოწინააღმდეგე შეიარაღებული მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ ღუტის რაიონს სამთავრობო ძალები უტევენ. გაეროს მონაცემებით, ამ რაიონში 400 ათასამდე ადამიანია დარჩენილი. გენერალური მდივნის განცხადებით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სასწრაფო ევაკუაცია სჭირდება 700-მდე ადამიანს. ანტონიო გუტერეშის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ღუტის რაიონში სურსათის დეფიციტია. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა ისიც, რომ სამთავრობო ძალების ალყაში მყოფი ამ რაიონიდან სირიის დედაქალაქსაც ესვრიან. გუტერეშმა კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეახსენა, რომ ასტანაში, 2017 წელს მიღწეული შეთანხმებით, აღმოსავლეთ ღუტა გამოცხადებულია დეესკალაციის ზონად. გაეროს გენერალურმა მდივანმა კონფლიქტთან კავშირის მქონე ყველა მხარეს მოუწოდა, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და წინაპირობების გარეშე უზრუნველყონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დაცვა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის შეუფერხებელი წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე და დაჭრილების ევაკუაცია.[13]

ბოლო დღეებში აღმოსავლეთ ღუტაზე განხორციელებულ ავიადარტყმებს 250 ადამიანი ემსხვერპლა. გაეროს ცნობით, იერიშების შედეგად 6 კლინიკა დაზიანდა. უფლებათა დამცველების ცნობით, 2013 წლის ქიმიური თავდასხმის შემდეგ აღმოსავლეთ ღუტაში ამდენი ადამიანი არ დაღუპულა. აშშ სირიაში დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს ერთი თვის განმავლობაში ცეცხლი შეწყვიტონ. ამ ინიციატივაზე ოფიციალური დამასკოს პოზიცია უცნობია, რაც შეეხება საჰაერო იერიშებს, სირიის მთავრობაში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე ღუტაში მხოლოდ სამხედროები არიან. აღმოსავლეთ ღუტა ერთერთი ბოლო ტერიტორიაა, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. ქალაქი 4 წელზე მეტია ალყაში იმყოფება. ამ რეგიონში 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებათ.[14]

გაეროს უშიშროების საბჭოში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუციასთან დაკავშირებით კენჭისყრა რუსეთის წინააღმდეგობის გამო გადაიდო. გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ შვედეთისა და ქუვეითის პროექტს არარეალისტური უწოდა. მანამდე რეზოლუციის პროექტი გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, რუსეთი მხარს დაუჭერს დოკუმენტს, თუ ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი არ გავრცელდა იმ დაჯგუფებებზე, რომლებსაც მოსკოვი ტერორისტულად მიიჩნევს, მათ შორის აღმოსავლეთ ღუტაში მყოფ ამბოხებულებზე. უფლებადამცველების მონაცემებით, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ღუტაში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში საჰაერო დარტყმებს 300-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა აღმოსავლეთ ღუტაში სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრა. „რუსეთის მიერ სირიის რეჟიმის მხარდაჭერა რომ არა, ეს მსხვერპლი და ნგრევა არ იქნებოდა“, – განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.[15]

[1] BBC; German Die Welt reporter Deniz yucel to leave Turkish jail; 16 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-europe-43083469

[2] Xinhuanet; African News; 22 killed in suicide bombing in Nigerian market: state media; 17 February, 2018; available at: http://www.xinhuanet.com/english/2018-02/17/c_136981722.htm

[3] BBC; Pakistan: Zainab Ansari’s killer gets four death sentences; 17 February, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-43096344

[4] იმედი; ახალი ამბები; პაკისტანი ჰაჯის რიტუალზე ტრანსგენდერ მოზარდებს გაუშვებს; 19 თებერვალი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/49183/pakistani-hajis-ritualze-transgender-mozardebs-gaushvebs

[5] Times of India; Now, Saudi women can start own business without male permission; 18 February, 2018; available at: https://timesofindia.indiatimes.com/world/middle-east/now-saudi-women-can-start-own-business-without-male-permission/articleshow/62970594.cms

[6] Reuters; Three Irannian police killed in clashes with Sufi protesters; By Reuters Staff; 19 February, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-protests-casualties/three-iranian-police-killed-in-clashes-with-sufi-protesters-idUSKCN1G31X7?il=0

[7] Reuters; At least 15 dead in air strike in northern Yemen: residents; By Reuters Staff; 21 February, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-yemen-security/at-least-15-dead-in-air-strike-in-northern-yemen-residents-idUSKCN1G52CR

[8] იმედი; ახალი ამბები; ნიგერიაში გატაცებული 90 გოგოდან 76 გაათავისუფლეს; 22 თებერვალი, 2018 ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/49701/nigeriashi-gatatsebuli-90-mostsavle-gogodan-76-gaatavisuples

[9] Amreedeemed; 19 year old gang rape victim received 200 lashes and 6 month in jail in Saudi Arabia; 21 February, 2018; available at: https://amredeemed.com/signs-of-the-end/19-year-old-gang-rape-victim-received-200-lashes-6-months-jail-saudi-arabia/

[10] Reuters; Turkey orders detention of 170 soldiers for links to coup plotters: Anadolu; By Reuters Staff; 20 February, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-turkey-security-military/turkey-orders-detention-of-170-soldiers-for-links-to-coup-plotters-anadolu-idUSKCN1G40N0

[11] იმედი; ახალი ამბები; სირიის სამთავრობო ძალები ქალაქ აფრინში შევიდნენ; 21 თებერვალი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/49514/siriis-samtavrobo-dzalebi-qalaq-aprinshi-shevidnen

[12] Dunya News; Turkey vows to lay siege to Syria’s Afrin ‘in coming days’; 21 February, 2018; available at: https://dunyanews.tv/en/World/428569-Turkey-vows-to-lay-siege-to-Syria/’s-Afrin-/’in-coming-days/

[13] იმედი; ახალი ამბები; გაეროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ ღუტის რაიონში ჰუმანიტარული კრიზისია; 21 თებერვალი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/49595/gaeros-inpormatsiit-agmosavlet-gutis-raionshi-humanitaruli-krizisia

[14] Euronews; Ghouta’s ghastly fate as bombs fall like rain; By Robert Hackwill; 21 February, 2018; available at: http://www.euronews.com/2018/02/21/ghouta-s-ghastly-fate-as-bombs-fall-like-rain

[15] Time; Russia blocks U.N. ceasefire in Syria as hundreds die in ongoing bombardment; By Philip Issa; 23 February, 2018; available at: http://time.com/5172072/russia-blocks-syria-ceasfire-un/