სომალი. მადჰიბანის ტომის წარმომადგენელთა მდგომარეობა. დეკემბერი, 2019

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2019 წლის 29 იანვარს მომზადებულ ინფორმაციაში სომალიში მადჰიბანის ტომის შესახებ წერს, რომ პროფესიული ჯგუფები ისტორიულად ცნობილნი არიან მიდგანის (ასევე გამოიყენება სახელები გაბოიე, მადჰიბანი და მუსე დერიო), ტუმალისა და იიბროს სახელით. აღსანიშნავია, რომ დენომინაცია მიდგანი ხანდახან ყველა პროფესიული ჯგუფის აღმნიშვნელად გამოიყენება, თუმცა ფაქტობრივად, მიეკუთვნება მხოლოდ ერთ ჯგუფს ვააბლეში. მიუხედავად ამისა, რთულია ტერმინის ზუსტი განსაზღვრების დადგენა. მიდგანი ცნობილია ასევე მადჰიბანის, გაბუიეს, გაბოიეს და გაბოიოს სახელით. მიდგანს სომალის ჩრდილო-დასავლეთში გაბუიეს ეძახიან, ეს ტერმინი ბარეს დროს დამკვიდრდა. ეს არ არის კლანის/ჯგუფის სახელი და არც წინაპრების სახელი. ყველაზე გავრცელებული ზოგადი სახელი აღნიშნული ჯგუფისთვის სომალის სხვა ტერიტორიაზე არის საბი ან ბონი. სხვადასხვა წყარო მიიჩნევს, რომ ტერმინი მიდგანი უხეში მიმართვაა, რომელსაც უფრო დიდი კლანები იყენებენ. გამომდინარე იქიდა, რომ ტერმინი ხშირად ითარგმნება როგორც „ხელშეუხებელი“ ან „გაუჩინარებული“, ზოგიერთი მიდგანი ამჯობინებს მადჰიბანად მოხსენიებას, რომელიც „უვნებელს“ ნიშნავს. ტერმინი გამუიე ასევე ერთერთი სასურველი და არა შეურაცხმყოფელი მიმართვაა, რომელიც მიდგანის ნაცვლად გამოიყენება პროფესიული ჯგუფებისთვის. მიდგანები ისტორიულად მონადირეები იყვნენ და ასევე ასოცირდებოდნენ ტყავის წარმოებასთან, ფეხსაცმელების დამზადებასთან და სხვა პროფესიებთან.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მადჰიბანები მთელი სომალის მასშტაბით გვხვდებიან. მათი ნახვა შესალებელია ჩრდილოეთ და ცენტრალურ სომალიში და ასევე ჰირანში, მოგადიშუსა და კისმაიოში. მადჰიბანები წარმოდგენილნი არიან ასევე სამხრეთ სომალიში. სხვა წყაროები აღნიშნავენ, რომ დაბალი კასტის წარმომადგენლები,მათ შორის გაბოიეები ჩრდილო-დასავლეთ სომალისა და აღმოსავლეთ ეთიოპიაში ცხოვრობენ, თუმცა ისინი სამხრეთ სომალშიც გვხვდებიან. მადჰიბანები წარმოშობით მუდუგიდან და ნუგალიდან არიან, სადაც ტრადიციულად ასოცირებულნი იყვნენ ჰავიეს კლანებთან, მათ შორის გურგატესთან. სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, მადჰიბანები მოგადიშუშიც არიან.

სხვადასხვა წყარო თანხმდება, რომ პროფესიული ჯგუფები ზოგადად და მადჰიბანები მათ შორის აწყდებიან დისკრიმინაციას. ზოგადად, პროფესიული ჯგუფები აწყდებიან მძიმე სოციალურ, პოლიტიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ დისკრიმინაციას. ისინი ხშირად განიცდიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დაცვის ნაკლებობას. მადჰიბანები განიცდიან მძიმე დისკრიმინაციას კასტური გამორიცხვის საფუძველზე. სომალიში მადჰიბანი მოსახლეობის სტატისტიკური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. ისინი, როგორც სხვა უმცირესობები აწყდებიან დისკრიმინაციას მიწასა და სხვა სასიცოცხლო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რაც დაკავშირებულია მათ ეთნიკურ იდენტობასთან დომინანტურ კლანურ სტრუქტურაში. 2016 წლის ანგარიშში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წერდა, რომ უმცირესობები, მათ შორის მადჰიბანები, რომელთაც ხშირად არ ჰყავთ შეიარაღებული ჯგუფები, კვლავ არიან მკვლელობების, წამების, გაუპატიურების, გამოსასყიდის მიღების მიზნით გატაცების და მიწისა და სხვა ქონების წართმევის ობიექტები უმრავლესობაში მყოფი კლანების წევრების მხრიდან. ბევრი უმცირესობაში მყოფი ჯგუფი კვლავ ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში და განიცდის სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაციასა და გარიყვას. პროფესიული ჯგუფები, მათ შორის მადჰიბანები, ჩრდილოეთ სომალიში ხშირად აწყდებიან დისკრიმინაციას მათი პროფესიების გამო. ასეთი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება ცუდია, თუმცა მცირე გაუმჯობესებას ადგილი აქვს. ამასთან, ძალიან ცოტაა ცნობილი ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ, რომელში კონკრეტული პროფესიული ჯგუფები სომალის სამხრეთ ნაწილში იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წყარო ამტკიცებს, რომ პროფესიული ჯგუფების ბევრი წარმომადგენელი საკუთარ თავს არ მიიჩნევს უფრო მეტად მოწყვლადად, სომალის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით. ლენდინფოსთან საუბრისას ჰარგისაში მცხოვრები ორი სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის წევრმა აღნიშნა, რომ მაგალითად გაუპატიურების პრობლემას განიცდიან როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლები და ხშირად დანაშაულს მათივე ჯგუფის წარმომადგენლები სჩადიან (როგორც სხვა სომალელების, ასევე თავიანთი ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ). ადგილობრივი მკვლევარების ინფორმაციით, იშვიათია გაბოიეს წარმომადგენლების მხრიდან გაბოიეს წარმომადგნელებისვე მიმართ ძალადობის შემთხვევები. წყაროების ცნობით, სომალის სამხრეთ ნაწილში, გაბუიეების მიმართ დისკრიმინაციას აქვს ადგილი, თუმცა უსაფრთხოების კუთხით ზოგადად არსებული ვითარება უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე მიზნობრივი დევნა. რაც შეეხება სომალილენდს, მიუხედავად იმისა, რომ არაღიარებული ქვეყნის მთავრობა ამტკიცებს, რომ ვითარება გაუმჯობესებულია, დისკრიმინაცია გაბუიეების მიმართ სომალილენდში მძიმეა და ძალადობა მათ მიმართ ხდება.[1]

[1] EASO – European Asylum Support Office: Somalia – Information on the Somali caste of Madhibans and in particular: Existence of genealogy; Specific mother tongue of Madhibans (besides the Somali language), evidence if this language is also known by the Madhibans living in Mogadishu, evidence of Madhibans who live in Mogadishu that do not speak the Madhiban traditional language; Whether the Madhibans living in Mogadishu are affiliated to another clan, 29 January 2019

 (accessed on 9 December 2019)