ერაყი. ქ. მოსულში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. აგვისტო, 2019

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის (EASO) ერაყის შესახებ 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ვრცელ ანგარიშში აღწერს ქვეყნის კონკრეტულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციას და პრობლემებს. ანგარიშის მიხედვით, ქ. მოსული „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა 2014 წელს დაიკავეს და მისი უკან დაბრუნება 2017 წლამდე ვერ მოხერხდა. ტერიტორიაზე კონტროლის კუთხით, მოწინავე მდგომარეობა უჭირას ერაყის კონტრ-ტერორისტულ სამსახურს. რეგიონში ასევე აქტიურია „პოპულარული მობილიზაციის ფრონტი“ და ერაყის უსაფრთხოების ძალები. 2019 წლის მდგომარეობით, აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია არ აკონტროლებს ნინევას პროვინციის არც ერთ ნაწილს, თუმცა, დროგამოშვებით, ცდილობს, მოიპოვოს კონტროლი მოსულის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო დასახლებებზე. ამას გარდა, გავრცელებული ცნობებით, ISIS-ს გააჩნია კონკრეტული სამოქმედო ქსელი უშუალოდ ქალაქ მოსულსა და მიმდებარე დასახლებებში, რომლის მეშვეობითად აწარმოებს თავდასხმებს.

2017 და 2018 წლებში, სამოქალაქო დანაკარგების კუთხით, ერაყის პროვინციებიდან ყველაზე მძიმე მდგომარეობა სწორედ ნინევაში იყო. წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა 200-ზე მეტ ინციდენტს, ხოლო ყოველ 100 000 მოსახლეზე 46.5 გარდაცვლილი ფიქსირდებოდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, დაბრუნებული დევნილების კუთხით,  ნინევა ერაყში პირველ ადგილს იკავება. IOM-ის მონაცემებით, წლის განმავლობაში, რეგიონში ჯამში 1 614 150 დევნილი დაბრუნდა.[1]

ჟურნალისტი და ბლოგერი ჯოელ უინგი, საკუთარ ბლოგზე განთავსებულ, 2019 წლის 1 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში აჯამებს წინა თვეში ერაყში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციას, მომხდარი ინციდენტების რაოდენობასა და დანაკარგების სტატისტიკას. სტატიაში, ასევე, მოცემულია 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის ივნისის ბოლოს ჩათვლით მომხდარი უსაფრთხოების კუთხით ინციდენტების სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, წინა წელთან შედარებით, 2019 წელს შემთხვევათა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. მეტიც, 2019 წლის მარტში ერაყში ინციდენტთა ისტორიულად მინიმალური რაოდენობა – 59 დაფიქსირდა. მართალია, მაისის თვეში შეინიშნებოდა მცირე მატება, რაც განპირობებეული იყო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების გააქტიურებით, თუმცა, ივნისის მდგომარეობით ინციდენტთა რაოდენობამ კვლავ იკლო და თვის ბოლოს არსებული მაჩვენებლით, მხოლოდ 93-ს შეადგენდა. [2]

რაც შეეხება უშუალოდ ქალაქ მოსულს, გამომდინარე იქიდან, რომ ზემოხსენებული ქალაქი მდებარეობს ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ნინევას პროვინციაში, სადაც „ისლამური სახელმწიფო“ ჯერ კიდევ აქტიურია, ბუნებრივია, ერაყის სამხრეთ პროვინციებთან შედარებით, უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია მოსულში შედარებით არასტაბილურია. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში შეინიშნება სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. მაგალითად, 2019 წლის ივნისის პერიოდში ნინევას პროვინციაში დაფიქსირდა მხოლოდ 10 უსაფრთხოების კუთხით ინციდენტი. მათ შორის 4 ეხებოდა გადამწვარ ფერმებს, ხოლო 2 – ქალაქ მოსულში ომის შემდეგ დატოვებული ნაღმების გააქტიურებას. რაც შეეხება ამ პერიოდში სამოქალაქო დანაკარგების მხრივ სიტუაციას, სახეზე იყო 46 დანაკარგი, აქედან 24 გარდაცვლილი, ხოლო 22 – დაშავებული. აქვე, მოცემულია სტატისტიკური დაფა, რომელიც 2018-2019 წლებში, უშუალოდ ნინევას პროვინციაში მომხდარ უსაფრთხოების კუთხით შემთხვევებს ასახავს. როგორც დინამიკიდან ჩანს, 2018 წლის აპრილიდან მოყოლებული, ნინევაში საშუალოდ 10-20 ინციდენტი ფიქსირდება.[3]

მაისში მოსულში ტერორისტებმა 2 ბომბის აფეთქება მოახერხეს, რომლებიც მოტოციკლებზე იყო მიმაგრებული. სტატიის მიხედვით, ISIS კვლავ აქტიურია ქ. მოსულში, განსაკუთრებით კი – მის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებში.[4]

წყაროს ინფორმაციით, აპრილში უშუალოდ მოსულში თავდასხმები არ აღინიშნებოდა.[5] 2018 წლის მარტის თვეში, 2008 წლიდან მოყოლებული, ერაყში ინციდენტთა ისტორიულად მინიმალური რაოდენობა – 59 დაფიქსირდა. ამას გარდა, ასევე მინიმალური იყო შედეგად გამოწვეული დანაკარგები. თუმცა, აღნიშნულ ინციდენტთაგან ერთ-ერთი იყო ქ. მოსულში მანქანის აფეთქება (ბოლო 5 თვის განმავლობაში მესამე ასეთი შემთხვევა), ასევე, ISIS-ის წევრების თავდასხმა ქალაქზე. დანაკარგების კუთხითაც, პირველ ადგილზე ნინევას პროვინცია იყო – 109 გარდაცვლილი და 53 დაშავებული პირით.[6]

თებერვლის თვეში ნინევას პროვინცია და მოსული კვლავ შეტაკებების შედარებით აქტიური კერა იყო. ჯამში დაფიქსირდა 20 ინციდენტი, რომლებშიც შედიოდა მანქანაზე მიმაგრებული ბომბი ქ. მოსულში, ასევე, 4 სროლების შემთხვევა, მოსულის სამხრეთით და დასავლეთით. ჯამში დაიღუპა 147 ადამიანი, ხოლო 31 დაშავდა.[7]

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისი აქვეყნებს რუქას, რადაც ასახულია მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ; ხოლო  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; ქ. მოსული, რომელიც ერაყის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ხვდება წითელ ზონაში.[8]

[1] EASO – “Country Guidance: Iraq Guidance note and common analysis’; published June 2019; available at

[accessed 31 July 2019]

[2] Blog MusingsonIraq – “Violence Dips During Islamic State’s Latest Offensive”; published 1 July 2019; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2019/07/violence-dips-during-islamic-states.html [accessed 30 July 2019]

[3] Blog MusingsonIraq – “Violence Dips During Islamic State’s Latest Offensive”; published 1 July 2019; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2019/07/violence-dips-during-islamic-states.html [accessed 30 July 2019]

[4] Blog MusingsonIraq – “Islamic State’s Revenge Of The Levant Campaign In Full Swing”; published 5 June 2019; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2019/06/islamic-states-revenge-of-levant.html  [accessed 31 July 2019]

[5] Blog MusingsonIraq – “Islamic State Announces New Offensive But Amounts To Little So Fa”; published 3 May 2019; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2019/05/islamic-state-announces-new-offensive.html [accessed 31 July 2019]

[6] Blog MusingsonIraq – “Iraq Saw Lowest Violence Ever March 2019”; published 3 April 2019; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2019/04/iraq-saw-lowest-violence-ever-march-2019.html [accessed 1 August 2019]

[7] Blog MusingsonIraq – “Islamic State Might Be Coming Out Of Its Winter Hibernation In Iraq’; published 4 March 2019; available at http://musingsoniraq.blogspot.com/2019/03/islamic-state-might-be-coming-out-of.html [accessed 1 August 2019]

[8] UK Foreign and Commonwealth Office – Travel Advice Iraq; published 18 July 2019; available at https://www.gov.uk/foreign-travel-advice/iraq [accessed 1 August 2019]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-31 დეკემბერი, 2017

მოსულში საშობაო ლიტურგია ჩატარდა – ერაყის ქალაქ მოსულში საშობაო ლიტურგია პირველად ჩატარდა მას შემდეგ, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა რეგიონი დატოვეს. დაჯგუფების კონტროლის ქვეშ ნებისმიერი ქრისტიანული რიტუალის წარმართვა სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ქრისტიანებს დევნიდნენ, აიძულებდნენ მიეღოთ ისლამი ან გადაეხადათ ხარკი. 9 დეკემბერს ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვების შესახებ განაცხადეს. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის რეგიონები 2014 წელს დაიპყრო, მათ შორის ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქი მოსული. 2017 წელს მასშტაბური ოპერაციის შემდეგ მოსული გაათავისუფლეს, შემდეგ კი საომარი მოქმედებები ტერორისტების მიერ კონტროლირებად სხვა რეგიონებშიც გაგრძელდა.[1]

ტერაქტები ავღანეთში – ქაბულში ავღანეთის სადაზვერვო სამსახურის შენობის შესასვლელთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. მედიის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე ექვსი ადამიანი, კიდევ სამი კი დაშავდა. ერთი კვირით ადრე თავდასხმა განხორციელდა ავღანეთის სადაზვერვო სამსახურის საწვრთნელ ცენტრზე. მაშინ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ აიღო.[2]

კიდევ ერთი აფეთქება ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ერთერთ მეჩეთთან მოხდა. მომხდარს 13 ადამიანი ემსხვერპლა და 50-ზე მეტი დაშავდა. წინასწარი მონაცემებით, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების სამიზნე ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო იყო. მოგვიანებით ქაბულში, კულტურის ცენტრის შენობასთან კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ბოლო ინფორმაციით, ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოსა და შიიტური კულტურის ცენტრის შენობებთან მომხდარი აფეთქებების შედეგად, სულ მცირე, 40 დაიღუპა და 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ავღანეთის შსს პრესსპიკერის მოადგილის ნუსრატ რაჰიმის ინფორმაციით, პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა, შემდეგ კი კულტურის ცენტრის კედლებზე დამაგრებული ორი მაგნიტური ნაღმი აფეთქდა.[3]

კოპტურ ეკლესიაზე თავდასხმის მცდელობა კაიროში – კაიროში, ეკლესიაზე ტერორისტული თავდასხმის აღკვეთის დროს, ეგვიპტური პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა. თავდამსხმელებმა ეკლესიის მიმართულებით სროლა დაიწყეს, რა დროსაც პოლიციელებმა ერთერთი მათგანი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მეორე თავდამსხმელი მოტოციკლით გაიქცა. შემთხვევა ჰელვანის ოლქში მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ისლამური სახელმწიფო“ აიღო. ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, მოტოციკლზე მჯდომი ტერორისტი პოლიციელთა კორდონის გარღვევას შეეცადა, რის გამოც სროლა ატყდა და თავდამსხმელი დაიჭრა. მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გარდა ხელყუმბარებიც ჰქონდა. უწყების ცნობით გარდაცვლილია 1 პოლიციელი და 6 სამოქალაქო პირი. კიდევ ოთხი დაიჭრა. ზოგიერთმა წყარომ 10 გარდაცვლილის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. იმავე უბანში თავდასხმა მოხდა ასევე კოპტების მფლობელობაში მყოფ მაღაზიაზე, რის შედეგადაც ორი ძმა დაიღუპა.[4]

მასშტაბური საპროტესტო აქციები ირანში – ირანში ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციების ტალღა 28 დეკემბერს ერთ-ერთ ქალაქში პროდუქტების გაძვირების გამო დაიწყო, რამდენიმე დღეში კი მთელ ქვეყანას მოედო და პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. საპროტესტო აქციების მონაწილეები კორუფციას, ინფლაციას, ისლამური სასულიერო ხელისუფლების ქმედებებს და საგარეო პოლიტიკას აპროტესტებენ. ბოლოს ირანში ასეთი ხალხმრავალი აქციები 2009 წელს გაიმართა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში მაჰმუდ აჰმადინეჯადის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. დემონსტრაციებზე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და პოლიციის მხრიდან განუკითხაობის აღკვეთის მოთხოვნებიც გაისმა. ერთერთ ყველაზე მრავალრიცხოვან მიტინგზე ქალაქ მეშჰედში 52 ადამიანი დააკავეს.[5]

ანტისამთავრობო დემონსტრაციები რამდენიმე ქალაქში პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. არის მსხვერპლიც – საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო, სადაც ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი აქტივისტები ჩანან. კადრები ქალაქ დორუდშია გადაღებული. არეულობის შესახებ ცნობები გავრცელდა სხვა ქალაქებიდანაც. როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, მომიტინგეებმა პოლიციელების მანქანებს წაუკიდეს ცეცხლი და სამთავრობო შენობებში შეჭრას შეეცადნენ.[6]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უმდიდრესი ქვეყანა, რომელსაც მდიდარი ისტორია და კულტურა აქვს, ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდო, რომლის მთავარი საექსპორტო პროდუქტი ძალადობა, სისხლისღვრა და ქაოსია. „აშშ გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებებს. ჩვენ ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ ღიად დაუჭირონ მხარი ირანელი ხალხის მოთხოვნებს ადამიანის უფლებების დაცვის და კორუფციის წინააღმდეგ“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ირანის ეკონომიკა რეცესიიდან გამოვიდა და ინფლაცია შემცირდა, უმუშევრობის დონე ქვეყანაში კვლავ მაღალია, ბიზნესში კი ინვესტიციების ნაკლებობაა. ბოლო ათწლეულში საშუალო ირანული ოჯახი 15%-ით გაღარიბდა.

ქვეყნის პრეზიდენტს ჰასან როუჰანის ეკონომიკური პრობლემების მოგვარების იმედი აშშ-თან და 5 სხვა სახელმწიფოსთან დადებული ბირთვული შეთანხმების შემდეგ ჰქონდა, რომელიც 2015 წელს გაფორმდა. ეს შეთანხმება ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნაზე უარის თქმის სანაცვლოდ სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა. თუმცა აშშ-ის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ეს ხელშეკრულება საფრთხის ქვეშაა. დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლებას ფანატიკური რეჟიმი უწოდა და შეთანხმების გადახედვის პირობა დადო.[7]

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები შეაფასა და განაცხადა, რომ ირანელები ხელისუფლების კრიტიკაში შეზღუდულნი არ არიან. „პროტესტი და კრიტიკა ხალხის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. თუმცა კრიტიკა განსხვავდება იმ ძალადობისგან, რომელიც სახელმწიფო ქონებას აზარალებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ირანის ხელისუფლებამ სოციალური ქსელები „Telegram“ და „Instagram“ დაბლოკა.[8]

კონგოში მომხდარ შეტაკებამ სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა – კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მომხდარ შეტაკებას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციამ ცეცხლი იმ აქტივისტების მისამართით გახსნა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას ანტისახელისუფლებო აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ. უფრო ადრე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ „სახელმწიფო უსაფრთხოების“ დაცვის მოტივით, ანტისახელისუფლებო მიტინგის წინ ინტერნეტი და SMS-ით მიმოწერის სერვისი დაბლოკა. დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტის ჟოზეფ კაბილას გადადგომას მოითხოვენ, რომელმაც განაცხადა, რომ არჩევნებში მესამედ აპირებს მონაწილეობის მიღებას.[9]

თურქეთში გადატრიალების მცდელობისთვის 2700 ადამიანი სამსახურიდან გაუშვეს – თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებული 2700-ზე მეტი ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. გავრცელებული ცნობით, სამხედრო სამსახური დაატოვებინეს სახმელეთო ჯარების 155 მოსამსახურეს, საზღვაო ძალების 155 სამხედროს და საჰაერო ძალების 327 მფრინავს. სამსახურიდან გაუშვეს ასევე ათობით სამართალდამცველი. თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაიხურა 34 საზოგადოებრივი ორგანიზაცია და ფონდი.

2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2 ათასზე მეტი კი დაშავდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანის სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, განათლების ორგანიზაციებში, არმიასა და სპეცსამსახურებში კადრების გათავისუფლებები დაიწყო. თურქეთის ხელისუფლების მოსაზრებით, 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. გიულენი ბრალდებას უარყოფს.[10]

[1] BBC; Iraq Christmas service takes place in Mosul after IS defeat; 24 December, 2017; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-42474236

[2] BBC; Kabul blast: Suicide attack near Afghan intelligence HQ; 25 December, 2017; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-42476030

[3] იმედის ახალი ამბები; ქაბულში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო; 28 დეკემბერი, 2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/42174/qabulshi-momkhdar-apetqebaze-pasukhismgebloba-islamurma-sakhelmtsipom-aigo

[4] BBC; Egypt attack; Gunman targets Coptic Christians in church and shop; 29 December, 2017; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-42511813

[5] BBC; Iranian cities hit by anti-government protests; 29 December, 2017; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-42512946

[6] The Telegraph; Two reportedly killed after Iranian forces ‘open fire on protestors’ as demonstrations continue for third day; By Raf Sanchez; 31 December, 2017; available at: http://www.telegraph.co.uk/news/2017/12/30/iranian-students-clash-police-tehran-protests-enter-third-day/

[7] BBC; Iranian cities hit by anti-government protests; 29 December, 2017; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-42512946

[8] Press TV; Iranian free to express criticism, stage protest: President Rouhani; 31 December, 2017; available at: http://www.presstv.com/Detail/2017/12/31/547403/Rouhani-Iran-protest-criticism

[9] The Guardian; Congo security forces kill at least seven during protests; 31 December, 2017; available at: https://www.theguardian.com/world/2017/dec/31/congo-security-forces-shoot-two-dead-during-protest-against-president

[10] Reuters; Turkey dismisses more than 2,700 with emergency rule decree; Reuters Staff; 24 December, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-turkey-security-decree/turkey-dismisses-more-than-2700-with-emergency-rule-decree-idUSKBN1EI04Y