ქუვეითი. ბიდუნთა მიმართ არსებული დამოკიდებულება. აპრილი, 2021

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ქუვეითში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ბიდუნები (Bidoon; Bidun) წარმოადგენენ მოქალაქეობის არმქონე არაბებს, რომლებიც ქუვეითის მთავრობის მიერ არალეგალ რეზიდენტებად არიან მიჩნეულნი. პრესაში და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქუვეითში მათი რაოდენობა დაახლოებით 88 000-დან 100 000-მდეა. მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის (მათ შორის – ბიდუნთათვის) ქუვეითის მოქალაქეობის მიღების კონკრეტულ გზას. სამთავრობო წყაროები განაცხადეს, რომ ნოემბრის მდგომარეობით, არც ერთი ბიდუნსა თუ მოქალაქეობის არმქონე პირს, არ მიუღია მოქალაქეობა ნატურალიზაციის გზით. ქვეყნის სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები და უუნარობა, გადაეწყვიტა მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი სტატუსი, კიდევ უფრო ართულებდა მოქალაქეობის მიღების პროცესს, რის შედეგადაც, ბიდუნებს არ ჰქონდათ წვდომა სასამართლოზე, რათა წარედგინათ სათანადო მტკიცებულებები და მოეთხოვათ მოქალაქეობა.ბიდუნ რეზიდენტთ საკითხებს ქუვეითში კურირებას უწევს „არალეგალურ რეზიდენტთა ცენტრალური სააგენტო“. თავად ბიდუნი აქტივისტების, რეზიდენტების, პარლამენტის წევრებისა და უფლებადამცველები განცხადებებით, სააგენტოს მუშაობა არაეფექტურია და ბიდუნ რეზიდენტთა პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა სააგენტოს საქმიანობის პერიოდში. გამომდინარე იქიდან, რომ ქუვეითის მთავრობა ბიდუნებს არალეგალურ რეზიდენტებად მიიჩნევს, მათ არ გააჩნიათ პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოცვერ საქმდებიან ლეგალურად და ვერ იღებენ სამოგზაურო დოკუმენტებს.

ანგარიშის მიხედვით, მართალია, ბიდუნებს კანონით ეკუთვნით ისეთი ხასიათის სამთავრობო სარგებლები, როგორიცაა – უფასო ჯანდაცვა; უფასო განათლება და საკვები რაციონის ბარათები, თუმცა, თემის წევრები აცხადებდნენ, რომ ხშირად აღნიშნული სერვისების მიღება, არსებული ბიუროკრატიული მექანიზმის გამო, სირთულეს წარმოადგენდა. როგორც ყველა არამოქალაქეს, არც ბიდუნებს გააჩნიათ უფლება, ფლობდნენ უძრავ ქონებას. ზოგიერთი აქტივისტი აცხადებდა, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრებს შეუზღუდეს წვდომა განათლება, ჯანდაცვაზე და სამუშაო ადგილებზე იმის გამო, რომ ადვოკატირებდნენ ბიდუნთა უფლებებზე.

ქუვეითის ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ბიდუნ რეზიდენტთა დიდი უმრავლესობა მალავდა საკუთარ „ნამდვილ“ ეროვნებას და რომ ისინი, სინამდვილეში, არ წარმოადგენდნენ მოქალაქეობის არმქონე პირებს. სააგენტო იმ პირებს, რომლებიც წარადგენდნენ ინფორმაცია ალტერნატიული ეროვნების შესახებ, ანიჭებდა კონკრეტული ხასიათის ბენეფიტებს, მათ შორის – პრიორიტეტს დასაქმების კუთხით და მართვის მოწმობის აღების უფლებას. 2018 წლის მონაცემებით, დაახლოებით 12 700-მა ბიდუნმა აღიარა, რომ ჰქონდა სხვა ეროვნების მოთხოვნის უფლება.

ბიდუნი ლიდერები აცხადებდნენ, რომ ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც სამთავრობო სერვისების მისაღებად მისულ ბიდუნ პირებს, ზემოხსენებულ სააგენტოში ატყუებდნენ, რომ შესაბამის დოკუმენტაციას თუ სერვისებს იმ პირობით მიაწოდებდნენ, თუ ისინი ხელს ცარიელ ფურცელზე მოაწერდნენ. მოგვიანებით, სააგენტოს წარმომადგენლები აღნიშნულ ფურცელზე წერდნენ წერილს, სადაც განმცხადებელი აღიარებდა, რომ გააჩნდა სხვა, „ნამდვილი“ ეროვნება, რის შედეგადაც, მათ აღარ გააჩნდათ უფლება, მიეღოთ ბიდუნთათვის გათვალისწინებული სერვისები და სარგებელი. ამას გარდა, ბევრი ბიდუნი და აქტივისტები აცხადებდნენ, რომ სააგენტო არ მოქმედებდა კანონის შესაბამისად და არ აღასრულებდა სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომელთა ფარგლებშიც ევალდებულებოდა ბიდუნ რეზიდენტთა რეგისტრაცია და კონკრეტული დოკუმენტების გამოცემა.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიხედვით, ზოგიერთმა ბიდუნმა გაიარე დნმ-ის შემოწმება, რათა „დაედასტურებინა“ საკუთარი ქუვეითური წარმოშობა. ანგარიშის მიხედვით, ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობის მისაღებად, ბიდუნებს ესაჭიროებათ დნმ-ის ნიმუშის წარდგენა, რომელიც დაადასტურებს, რომ მათი ბიოლოგიური მამა ქუვეითის მოქალაქეა. რაც შეეხება ბიდუნ მამათა და მოქალაქე დედათა შვილებს, ისინი როგორც წესი მოქალაქეობის არმქონე პირებად რჩებიან, რადგან კანონმდებლობით, მოქალაქეობა ქალის ხაზით არ გადადის.

თებერვალში, პარლამენტის რამდენიმე წევრმა განაცხადა, რომ შეეწინააღმდგებოდნენ „მუშახელის საჯარო უწყების“ (PAM) ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც კერძო სექტორში მომუშავე ბიდუნებს აღნიშნულ ორგანოში რეგისტრაცია დაევალებათ. პარლამენტარების განცხადებით, აღნიშნული რეგისტრაციის ფარგლებში, ბიდუნებმა ხელი უნდა მოაწერონ  წერილობით ჩვენებას, სადაც აღიარებენ რომ ფლობენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, რაც ბიდუნთა აზრით, არადამიანური და იძულებითი მიდგომა იყო.

რაც შეეხება ბიდუნთა წვდომას საზღვარგარეთ მოგზაურობაზე, ანაგრიშის მიხედვით, ბიდუნი რეზიდენტები და უცხო ქვეყნის მოქალაქე დასაქმებული პირები აწყდებოდნენ პრობლემებს ან სულაც – შეზღუდვებს, საზღვარგარეთ გამგზავრების კუთხით.  მთავრობა უზღუდავდა ბიდუნებს საზღვარგარეთ გასვლის უფლებას, რადგან მათზე არ გასცემდა  სამგზავრო დოკუმენტს. თუმცა, ზოგჯერ ნებას რთავდა ბიდუნ რეზიდენტებს, საზღვარგარეთ ემოგზაურათ ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა: განათლება; სამედიცინო მომსახურების მიღება და ყოველწლიური ჰაჯჯის მოლოცვა საუდის არაბეთში. აღნიშნულ შემთხვევებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზოგიერთ ბიდუნზე გასცემდა „17 მუხლის პასპორტებს“ (დროებითი დოკუმენტი, რომელიც არ ითვალისწინებს მოქალაქეობას), თუ მათ გააჩნდათ „არალეგალურ რეზიდენტთა ცენტრალური სააგენტოს“ მიერ გაცემული სათანადო საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.

2020 წლის ივლისში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2014-2018 წლების განმავლობაში, დაახლოებით 17 000-მა ბიდუნმა გადაიხადა 3 000 დინარი ( 9 770 ა.შ.შ. დოლარი) ქრთამის სახით, რათა მიეღო „17 მუხლის პასპორტი“. ნოემბერში, თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ყველა ბიდუნ თანამშრომელს საკუთარი პასპორტი უნდა წარედგინა თვის ბოლომდე. პასპორტის განახლების მსურველ პირებს უნდა ეჩვენებინათ მოგზაურობის მიზანშეწონილობისთვის საკმარისი საფუძველი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და გაევლოთ სამედიცინო შემოწმება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქუვეითის სამხედრო ძალებში 3 500-მდე ბიდუნი მსახურობს.

მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიანი შეკრებისა და მანისფესტაციის უფლება ქუვეითის მოქალაქეებს გააჩნიათ, არ უფლებით ვერ სარგებლობენ ბიდუნები და არა-მოქალაქე პირები. ამისთვის, მათ უნდა აიღონ სპეციალური ლიცენზია, რის საფუძველზედაც, შეძლებენ მანიფესტაციის გამართვას. ბიდუნი აქტივისტები აცხადებდნენ, რომ მთავრობის მხრიდან არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარებოდნენ, თუ კი ცდიდნენ და ორგანიზებას გაუწევდნენ კამპანიებს თანაბარი უფლებების მოთხოვნით. წლის განმავლობაში, 17 ბიდუნი დააკავეს, რომლებიც 2019 წელს სხვადასხვა მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ბრალდების საფუძველზე. მაგალითად, აკრძალული ორგანიზაციის წევრობა, რომლის მიზანიცაა მმართველი რეჟიმის დამხობა; ყალბი ცნობების გავრცელება; სათანადო ლიცენზიის გარეშე (აღნიშნულ ლიცენზიებს ქუვეითის მთავრობა ბიდუნებზე არ გასცემს) შეკრებებისა და დემონსტრაციების ორგანიზება ან მათში მონაწილეობა მკვლელობისკენ მოწოდებები. არც ერთ ბრალდებულს ბრალი არ უღიარებია. იანვარში, სისხლის სამართლის სასამართლომ გამოიტანა განაჩენები, რომელთა ფარგლებშიც: ერთ პირს მიესაჯა მუდმივი პატიმრობა; ორ პირს, რეჟიმის დამხობისკენ მიმართული მოწოდებებისა და აკრძალული ორგანიზაციის წევრობისთვის – 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანარჩენი 11 პირი 2 წლით პირობითი მსჯავრით, გაათავისუფლა. ივლისში, ზემოხსენებული ორი პირისთვის მისჯილი 10 წლიანი სასჯელი სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, თუმცა, ამჯერად, ბრალდებულებს მიუსაჯა 2 წლით პატიმრობა, არალიცენზირებული დემონსტრაციის გამართვისა და მასში მონაწილეობისთვის. მიუხედავად, ამისა, სასამართლომ ისინი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

იანვარში, სააპელაციო სასამართლომ 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ბიდუნ აქტივისტს, რადგან მან მონაწილეობა მიიღო 2019 წელს გამართულ არალეგალურ დემონსტრაციაში და მოუწოდებდა „არალეგალურ რეზიდენტთა ცენტრალური სააგენტოს“ თანამშრომლების მკვლელობისკენ.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch ქუვეითში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში ცხოვრობს 88 000-დან 106 000-მდე ბიდუნი, რომლებიც ითხოვენ ქუვეითის ბინადრობის, 1961 წელს ქუვეითის სახელმწიფოდ გამოცხადების დროიდან. თავის მხრივ, ქუვეითის მთავრობა ირწმუნება, რომ ბიდუნები ქუვეითში მეზობელი ქვეყნებიდან შევიდნენ და მალავენ საკუთარ წარმოშობას, რათა მიიღონ ქუვეითის მოქალაქეობა. შესაბამისად, ხელისუფლება ბიდუნებს „არალეგალურ რეზიდენტებად“ მიიჩნევს და, ამის გამო, მათ მთელი რიგი პრობლემები წარმოექმნებათ ისეთ ასპექტებში, როგორიცაა: დოკუმენტაციის და სოციალური სერვისების მიღება; ჯანდაცვა; განათლება და დასაქმება.

ქვეყანაში ბიდუნთა საკითებს კურირებს „არალეგალურ რეზიდენტთა ცენტრალური სააგენტო“, რომელიც მათზე დროებით პირადობის დამადასტურებელ ბარათებს გასცემს 2011 წლიდან. პროცესი, რომლის ფარგლებშიც დგინდება ბიდუნი განმცხადებლების სახელმწიფო სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა და თუ რამდენად ფლობენ ისინი სხვა ქვეყნის  მოქალაქეობას, გაუმჭირვალე და ბუდნოვანია. უკანასკნელ წლებში, ბიდუნ პირებზე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ ბარათებში დაფიქსირებული იყო, რომ ბარათის მფლობელი ფლობდა ერაყის, საუდის არაბეთის, ირანის ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. თუმცა, გაურკვეველი იყო, თუ რა მეთოდით დაადგინა სააგენტომ პირის სავარაუდო მოქალაქეობა და რა სამართლებრივი პროცედურები არსებობდა ბიდუნთათვის, რათა გაესაჩივრებინათ სააგენტოს გადაწყვეტილება. ამას გარდა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საჯარო შეკრებების შესახებ 1979 წლის კანონით, არა-ქუვეითელ პირებს ეკრძალებათ საჯარო შეკრებების გამართვა და მათში მონაწილეობა.[2]

შვედეთის მიგრაციის სამსახური 2017 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ქუვეითში ბიდუნთა მდგომარეობის შესახებ წერდა, რომ არსებობს ბიდუნთა 3 კატეგორია: 1. მომთაბარე ბიდუნები, რომლებიც არაბეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრები სხვადასხვა ტომების შთამომავლები არიან; 2. ქუვეითის უსაფრთხოების ძალების სექტორის წარმომადგენლები (მათი უმრავლესობა, წარმოშობით, ერაყიდანაა) და 3. ქუვეითის მოქალაქე დედებისა და მოქალაქეობის არმქონე მამების შვილები. ანგარიშის მიხედვით, ბიდუნთა უმრავლესობა დარეგისტრირებულია და 5 წლის ასაკიდან იღებენ „მიმოხილვის ბარათს“ (Review Card – ასევე ფართოდ ცნობილია, როგორც „უსაფრთხოების ბარათი“). მათ გააჩნიათ წვდომა უფასო ჯანდაცვაზე; კერძო სკოლებში სწავლაზე, რასაც სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები აფინანსებენ და, ასევე – წვდომა ოფიციალურ დოკუმენტაციაზე, მაგ. – დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, განქორწინების მოწმობები და ა.შ. ამას გარდა, ბიდუნებზე ზოგჯერ გასცემენ სამოგზაურო დოკუმენტებს, ე.წ. „17 მუხლის პასპორტებს“, როდესაც განმცხადებელს სჭირდება საზღვარგარეთ გასვლა ისეთი მიზეზებით, როგორიცაა: სამედიცინო ჩვენება; სწავლა და მექაში მოსალოცად გამგზავრება.  ანგარიშის მიხედვით, ქუვეითის ხელისუფლება, უკანასკნელ წლებში, სულ უფრო და უფრო მკაცრი გახდა აღნიშნული დოკუმენტების გაცემის კუთხით. როგორც საჯარო, ასევე – კერძო სექტორში, ბიდუნთა დასაქმების საკითხი შეზღუდულია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბიდუნთა ქუვეითში უკან დაბრუნების კუთხით ინფორმაცია, თითქმის არ იძებნება. როგორც წესი, ქუვეითის მთავრობა მხოლოდ იმ პირებს რთავს ქვეყანაში დაბრუნების ნებას, რომლებსაც „ნამდვილ“ ბიდუნებად მიიჩნევს, ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც პირი შესაბამისი სამსახურებისგან ოფიციალურ თანხმობას მიიღებს.[3]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტირების ცენტრი (ACCORD) ქუვეითში ბიდუნთა მიმართ დამოკიდებულების შესახებ 2019 წლის 3 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმთა და თანამეგობრობის ოფისის 2016 წლის კვლევის მიხედვით, ამჟამინდელი მდგომარეობით, „მიმოხილვის ბარათს“ მფლობელ ბიდუნებს არ გააჩნიათ წვდომა ჯანდაცვაზე. ამას გარდა, როგორც წესი, მათზე არ გასცემენ სამოგზაურო დოკუმენტებს, შესაბამისად, ბევრ ბიდუნს არ შეუძლია ქუვეითის დატოვება. თუმცა, ზოგიერთი ბიდუნს ეძლევა დროებითი სამოგზაურო დოკუმენტი ქუვეითის მოქალაქეობის შესახებ კანონის 17-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნულ დოკუმენტს ხშირად გასცემენ იმ ბიდუნებზე (და მათი ოჯახის წევრებზე), რომლებიც მუშაობენ საჯარო სამსახურში და საჭიროებენ საზღვარგარეთ გამგზავრებას სამსახურეობრივი საჭიროების მიზნით. განსაკუთრებით ხშირად, მათ ფლობენ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები. ამას გარდა,  მოქალაქეობისა და სამოგზაუროს დოკუმენტაციის დეპარტამენტის მიხედვით, 17-ე მუხლის საფუძველზე დოკუმენტებს ასევე გასცემენ ქუვეითის გარეთ სამედიცინო ან სასწავლო მიზნებით მოგზაურობისთვის, „ჰაჯჯის“ მოსალოცად და ქუვეითში ბიდუნის სამართლებრივი სტატუსის ცვლილებისას.

17-ე მუხლის საფუძველზე გაცემული პასპორტი ძალიან ჰგავს ქუვეითის პასპორტს და ხშირად, მოქმედია 2 წლის განმავლობაში, თუმცა, ეს ვადა განსხვავებულია და ზოგჯერ 5 წელსაც აღწევს. დაბადების ადგილის გრაფაში, როგორც წესი, აღნიშნულია – „უცნობი/ქუვეითი“.

ანგარიშში ასევე მოცემულია ორგანიზაცია Bertelsmann Stiftung 2018 წლის ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ ბევრ ბიდუნს არ გააჩნია წვდომა ელემენტარულ სამოქალაქო უფლებებზე. მაგალითად, მათზე ზოგჯერ არ გასცემენ დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების მოწმობებს; პირადობისა და მართვის მოწმობებს; სამოგზაურო დოკუმენტებს. მათ არ გააჩნიათ წვდომა საჯარო სკოლებში განათლებასა და საჯარო ჯანდაცვაზე, ასევე – არ აქვთ საშუალება ლეგალურად დასაქმდნენ.[4]

[1] United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Kuwait; published in March 2021; available at

[accessed 5 April 2021]

[2] Human Rights Watch – World Report 2021 – Kuwait; published in January 2021; available at

[accessed 5 April 2021]

[3] Swedish Migration Agency – report “Bidoons in Kuwait”; published in June 2016; available at

[accessed 6 April 2021]

[4] ACCORD – Query response on Kuwait: Issuance of so-called security cards (“bitâqa murâja’a”) for Bidun; Consequences for Bidun when participating in demonstrations; Issuance of other official documents to Bidun, including travel document and marriage certificate; Effects of a bidun marrying a Kuwaiti citizen; Possible refusal of a re-entry of a Bidun to Kuwait [a-10937]; published in April 2019; available at

[accessed 6 April 2021]

ქუვეითი. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. იანვარი, 2018 წელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ეხება 2016 წელს განვითარებულ მოვლენებს, ქუვეითი წარმოადგენს კონსტიტუციურ, მემკვიდრეობით ემირატს, რომელსაც ალ შაბაჰის ოჯახი მართავს. მიუხედავად იმისა, რომ ქუვეითში დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი ფუნქციონირებს, ქვეყნის მმართველობასთან დაკავშირებით არსებულ ყველა საკითხზე, საბოლოო გადაწყვეტილებას ემირი იღებს. 2016 წლის 26 ნოემბერს გამართული საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, რომლის დროსაც ოპოზიციური ფრთის რამდენიმე წარმომადგენელმა გაიმარჯვა. საანგარიშო პერიოდში, სამოქალაქო ხელისუფლება ეფექტურად ახორციელებდა უსაფრთხოების ძალების სრულად მართვას.

ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული პრობლემები ძირითად მოიცავდა  მოქალაქეთათვის ხელისუფლების არჩევის დროს ხმის მიცემის შესაძლებლობის შეზღუდვას; სიტყვის, გამოხატვისა და თავისუფლების შეზღუდვას, განსაკუთრებით უცხოელი მუშებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებების შეზღუდვას, რომლებიც მოიხსენიებიან როგორც “bidoon” (მოქალაქეობის არმქონე); ასევე, უცხოელი მოქალაქეების შრომითი უფლებების შეზღუდვას, განსაკუთრებით საშინაო და არაკვალიფიციური სამსახურის სექტორის მიმართულებით, რაც ადამიანთა ტრეფიკინგის მაღალ რისკთანაა დაკავშირებული.

ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ პრობლემათა ჩამონათვალში საუბარია რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ; გარკვეული ჯგუფების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, მათ შორის იგულისხმებიან უცხოელი მუშები, „ბიდუნები“ და ქუვეითელი და არა მოქალაქე ქალები. ანგარიშის მიხედვით, „ბიდუნები“ და სხვა მოქალაქეობის არმქონე პირები, სოციალურ და სამართლებრივ დისკრიმინაციას განიცდიდნენ. ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობა კვლავ ფართოდ იყო გავრცელებული. ასევე, ადგილი ჰქონდა ძალადობას ოჯახებში მომუშავე, არა მოქალაქე მუშების მიმართ. უცხოელი მოქალაქეების უკანონო დაპატიმრების და ქვეყნიდან გაძევების რამდენიმე შემთხვევაც დაფიქსირდა.

ხელისუფლებამ  გარკვეული ნაბიჯები გადადგა მაღალი თანამდებობის პირების დასასჯელად, რომელთა მხრიდანაც ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს, როგორც უსაფრთხოების სამსახურში, ისე მთავრობის სხვა უწყებებში. დაუსჯელობა კვლავ პრობლემას წარმოადგენდა, განსაკუთრებით კორუფციის შემთხვევებში.[1]

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება„Amnesty international“-ის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ქუვეითის ხელისუფლებამ კიდევ უფრო შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება. 2016 წლის იანვარში ძალაში შევიდა ახალი კანონი კიბერდანაშაულის შესახებ, რამაც კიდევ უფრო შეზღუდა ინტერნეტში აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. აღნიშნული კანონით,  მთავრობის, სასამართლო ხელისუფლების ან სხვა პირის წინააღმდეგ მიმართული მშვიდობიანი კრიტიკა დასჯადი გახდა, რაც 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. იანვარში, პარლამენტმა მიიღო კანონი ელექტრონული მედიის შესახებ, რაც არეგულირებს ყველა ინტერნეტ გამოცემას, მათ შორის ელექტრონულ საინფორმაციო სამსახურებს, ინტერნეტ გაზეთებს, ტელევიზიას, სოციალურ მედიას და ბლოგებს. აღნიშნული კანონი ყველა ამ საინფორმაციო საშუალებას ავალდებულებს, რომ სახელმწიფოსგან მიიღოს მაუწყებლობის ნებართვა. ივნისში, ახალი კანონი შევიდა ძალაში, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც  ღვთის, სასულიერო ლიდერების, ან ემირის გმობის ბრალდება დაუმტკიცდება, ეკრძალება საპარლამენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის წამოყენება, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს მთავრობის მოწინააღმდეგე პირების არჩევას.

პარლამენტის წევრი, შიიტი ოპოზიციონერი აბდულა დაშთის, მარტში მოეხსნა საპარლამენტო იმუნიტეტი. იგი საზღვარგარეთ წავიდა, მაგრამ მის წინააღმდეგ წამოწყებული იყო სამართლებრივი დევნა და რამდენიმე სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მთელი რიგი ბრალდებების გამო, მათ შორის იგულისხმება სოციალურ და სხვა მედია საშუალებაში მისი მხრიდან ბაჰრეინის და საუდის არაბეთის ხელისუფლების  კრიტიკა, რაც მშვიდობიანი ხასიათის მატარებელი იყო. მთლიანობაში, მის მიმართ არსებული ბრალდებები 40 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. დეკემბერში, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მის მიმართ არსებული გამამართლებელი განაჩენი და 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რადგან აბდულა დაშთი ქუვეითის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, მან ვერ შეძლო აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება. იგი კვლავ არ იმყოფება ქუვეითში.

პარლამენტის ყოფილ წევრს, მუსალამ ალ-ბარაკს, თავისი გამოსვლის დროს მთავრობის გაკრიტიკების გამო ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეზე მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი.  2016 წლის ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება 13 პირისთვის, რომელთაც პატიმრობა მიესაჯათ მუსალამ ალ-ბარაკის  გამოსვლიდან ამონარიდების წაკითხვისა და გამოქვეყნებისთვის.

ბიდუნთა დისკრიმინაცია

ხელისუფლება კვლავ განაგრძობდა მოქალაქეობის შეჩერებას 100,000-ზე მეტი ბიდუნი მაცხოვრებლისთვის, რომლებიც მოქალაქეობის არმქონეები ხდებოდნენ. მაისში, პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც  ქუვეითის მოქალაქეობას მიანიჭებდა 4,000 ბიდუნს და  წარუდგინა მთავრობას. აღნიშნული კანონპროექტი, 2016 წლის ბოლოსთვის მთავრობის მიერ ჯერ კიდევ არ იყო ხელმოწერილი.

ქალთა უფლებები

საანგარიშო პერიოდში, ქალები კვლავ აწყდებოდნენ დისკრიმინაციას სამართლებრივი კუთხით და პრაქტიკაშიც. მაისში, საკანონმდებლო  და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა  მოქალაქეობის შესახებ არსებული კანონის ჩასწორებული ვერსია დაამტკიცა, რომელიც ქუვეითელ ქალს უფლებას აძლევს მისი მოქალაქეობა გადასცეს თავის შვილს მიუხედავად მამის მოქალაქეობისა. აღნიშნული ცვლილება წლის ბოლოსთვის ჯერ კიდევ არ  იყო მიღებული.[2]

“Human Rights Watch”-ის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქუვეითის პერსონალური სტატუსის შესახებ კანონი, რომელიც ეხება ქუვეითელების უმეტესობას, სუნიტ მუსლიმებს, დისკრიმინაციულია ქალების მიმართ. მაგალითად, ზოგიერთ ქალს, საქორწინო კონტრაქტის გასაფორმებლად მამაკაცი მეურვის ყოლა მოეთხოვება. ქალებმა განქორწინების სურვილის შემთხვევაში, უნდა მიმართონ სასამართლოს, თუმცა ისინი შეზღუდული უფლებებით სარგებლობენ, მაშინ როდესაც, მამაკაცს სასამართლოს გარეშე შეუძლია განქორწინდეს. ქალებმა შეიძლება დაკარგონ შვილებზე მეურვეობის უფლება, იმ შემთხვევაში, თუ ხელმეორედ იქორწინებენ ოჯახს გარეთ. წესები, რომლებიც შიიტ მუსლიმებს ეხება, ასევე დისკრიმინაციულია ქალთა მიმართ.

ღალატი და ქორწინების გარეთ ურთიერთობა კრიმინალიზებულია. ერთსქესიანთა ურთიერთობა მამაკაცებს შორის დასჯადია და შვიდწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ტრანსგენდერი პირები ისჯებიან 2007 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რომელიც კრძალავს „ნებისმიერი გზით საწინააღმდეგო სქესის იმიტირებას“.[3]

მიგრანტი მუშების უფლებები

მიგრანტი მუშები, მათ შორის საოჯახო სფეროში, მშენებლობაში და სხვა სექტორში დასაქმებული პირები, კვლავ განიცდიდნენ ექსპლუატაციას და ძალადობას „kafala“-ს, ოფიციალური თავდებობის სისტემის პირობებში. აღნიშნული სისტემა მუშებს მჭიდროდ აკავშირებდა დამქირავებლებთან, რომლის ნებართვის გარეშეც მუშას არ შეეძლო სამსახურის შეცვლა, ან ქვეყნის დატოვება. ივლისში, ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც დაწესდა მინიმალური ხელფასი საოჯახო სფეროში დასაქმებული პირებისთვის, რომელთა უმეტესობას ქალები წარმოადგენდნენ.

სიკვდილით დასჯა

საანგარიშო პერიოდში სასამართლოებმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს პირებს, რომლებიც გასამართლებული იყვნენ მკვლელობისთვის ან ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებებით. საანგარიშო პერიოდში სიკვდილით არავინ დაუსჯიათ.[4]

[1] U.S. State Department:2016 Country Reports on Human Rights Practices-Kuwait https://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2016/nea/265506.htm [accessed 04 January 2018]

[2] Amnesty International Report 2016/17 – Kuwait https://www.amnesty.org/en/countries/middle-east-and-north-africa/kuwait/report-kuwait/ [accessed 04 January 2018]

[3] Human Rights Watch: World Report 2017/Kuwait/Events of 2016  https://www.hrw.org/world-report/2017/country-chapters/kuwait [accessed 05 January 2018]

[4]Amnesty International Report 2016/17 – Kuwait https://www.amnesty.org/en/countries/middle-east-and-north-africa/kuwait/report-kuwait/ [accessed 04 January 2018]