რუსეთი. მოწმეთა დაცვის სახელმწიფო პროგრამა. აპრილი, 2018

რუსეთის ფედერაციაში ყოველწლიურად, დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი სხვადასხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან მსხვერპლად ან მოწმედ გვევლინება. მათგან ყოველი მეხუთე იღებს მუქარას ჩვენების შეცვლის ან ჩვენებაზე საერთოდ უარის თქმის მოთხოვნით. მოქალაქეთა დიდი ნაწილი არ მიმართავს პოლიციას, რადგან დამნაშავეთა შურისძიების ეშინია ან არ სჯერა სახელმწიფო დაცვის ეფექტიანობის. კანონმდებლობა სახელმწიფო დაცვის შესახებ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას ეფუძნება და შედგება სხვადასხვა ნორმატიული აქტისგან; მათ შორისაა ფედერალური კანონი მსხვერპლთა, მოწმეთა და სისხლის სამართლის საქმისწარმოების სხვა მონაწილეთა სახელმწიფო დაცვის შესახებ; რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსი; სხვადასხვა შიგა ნორმატიული აქტები და ასევე საერთაშორისო შეთანხმებები. ფედერალური კანონი მსხვერპლთა, მოწმეთა და სისხლის სამართლის საქმისწარმოების სხვა მონაწილეთა სახელმწიფო დაცვის შესახებ მიღებულია 2004 წლის 20 აგვისტოს.

აღნიშნული კანონის თანახმად, მსხვერპლთა, მოწმეთა და სხვათა სახელმწიფო დაცვა გულისხმობს უსაფრთხოების ზომების გატარებას, რაც მიმართულია მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და/ან ქონების დასაცავად; ასევე მათ სოციალურ მხარდაჭერას. დასაცავი პირის მიმართ შეიძლება გატარდეს ერთი ან რამდენიმე ღონისძიება შემდეგი ჩამონათვალიდან:

  • პირადი დაცვა, საცხოვრებლის და ქონების დაცვა;
  • სპეციალური თავდაცვითი საშუალებებით აღჭურვა, როდესაც მომატებულია საფრთხე;
  • დაცვის ქვეშ მყოფი პირის მონაცემების კონფიდენციალობის უზრუნველყოფა;
  • სხვა საცხოვრებელ ადგილზე გადაყვანა;
  • დოკუმენტების შეცვლა;
  • გარეგნობის შეცვლა;
  • სამსახურის ან სასწავლო ადგილის შეცვლა;
  • დროებით განთავსება უსაფრთხო ადგილას;
  • უსაფრთხოების სხვა დამატებითი ზომების გატარება.

დასაცავი პირის მიმართ, შეიძლება, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარებაც. პირველ 4 პუნქტში ჩამოთვლილი ღონისძიებების გატარება ხდება მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში.

2006-2008 წლებში სახელმწიფო პროგრამით 3296 პირმა ისარგებლა; მათგან 63% იყო მოწმე, რომელთაც ითხოვეს სახელმწიფო დაცვით უზრუნველყოფა. დანარჩენ ნაწილს მსხვერპლები, ეჭვმიტანილები და ბრალდებულები წარმოადგენდნენ.

2009 წლის 2 ოქტომბერს დამტკიცდა მსხვერპლთა, მოწმეთა და სასამართლო საქმისწარმოების სხვა მონაწილეთა დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2009-2013 წლებისთვის. პროგრამა კანონის შესაბამისად მომზადდა. პროგრამა მიმართულია კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებისკენ ყველა პირის მიმართ, მისი მოქალაქეობის, ეროვნების, სქესის, ქონების, თანამდებობის და სოციალური მდგომარეობის, განათლების, საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობის, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების მიუხედავად.

2008 წლის 6 სექტემბრის საპრეზიდენტო ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სტრუქტურული ერთეული შეიქმნა, რომელიც პასუხისმგებელია პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ყველა რეგიონში მოქმედებს პოლიციის სპეციალიზებული განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის საჭიროების მქონე პირის უსაფრთხოებას. 2011 წელს სახელმწიფო დაცვის განმახორციელებელი უწყებამ 3289 პირის დაცვა უზრუნველყო, რისთვისაც გაატარა 5459 შესაბამისი ღონისძიება. სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის 254 საქმე აღიძრა. დაცვის ქვეშ მყოფი პირებიდან 790 იყო მოწმე, 863 მსხვერპლი და 485 ნათესავი და ახლობელი პირი.[1]

2017-2018 წლებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსხვერპლთა, მოწმეთა და სასამართლო საქმისწარმოების სხვა მონაწილეთა დაცვის პროგრამისთვის დაფინანსების ზრდას მიაღწია – ყოველწლიურად პროგრამის განსახორციელებლად 280 მილიონი რუბლი დაიხარჯება. სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა 2008 წლიდან 7-დან 12 ათასამდე მერყეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი საიდუმლო მოწმის სახელწმიფო დაცვის პროგრამით დაცვა თვეში 100 ათასი რუბლი ღირს.

კანონი არ აწესებს ვადებს თუ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს სახელმწიფო დაცვა. დაცვის ქვეშ შესაძლოა პირი მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩეს. საშუალოდ, „ობიექტის“ დაცვა ერთი ან ორი წლის განმავლობაში ხორციელდება. ხშირად პირებს ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით ამარაგებენ – პისტოლეტები რეზინის ტყვიით, ელექტროშოკები და სხვა; ასევე, უცვლიან პირად მონაცემებს, აძლევენ ახალ პასპორტებს და უცვლიან გარეგნობას. ხანდახან პირის დასაცავად მისი სიკვდილის გათამაშება ხდება – ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები ასეთ დროს პირის გასვენების ინსცენირებასაც დგამენ და გარდაცვალების მოწმობასაც ამზადებენ.

კანონით გათვალისწინებულია პლასტიკური ოპერაციების დაფინანსება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პრაქტიკაში ამ საშუალების გამოყენება არ მომხდარა. მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო დაცვის პროგრამით შეიძლება ისარგებლოს ნებისმიერმა პირმა, რომელიც დანაშაულის მოწმეა და მისი ან მისი ოჯახის წევრების მიმართ ადგილი აქვს რეალურ მუქარებს.[2]

[1] საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“; მოწმეთა დაცვის პროგრამა რუსეთში; გამოქვეყნებულია: 22 სექტემბერი, 2012; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://ria.ru/spravka/20120922/756478738.html [ნანახია: 19 აპრილი, 2018]

[2] საინფორმაციო სააგენტო Life; მოწმეთა დასაცავად რუსეთში 280 მილიონ რუბლს დახარჯავენ; გამოქვეყნებულია: 5 მარტი, 2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://life.ru/t/%D1%81%D0%B2%D0%B8%D0%B4%D0%B5%D1%82%D0%B5%D0%BB%D0%B8/981480/na_zashchitu_svidietieliei_v_rossii_potratiat_280_mln_rubliei_v_ghod [ნანახია: 19 აპრილი, 2018]