დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 ივნისი, 2019

იემენის კრიზისი – ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ორი აეროდრომი დრონებით დაბომბეს. ამით ჰუსიტებმა თაიზის პროვინციაში მშვიდობიან მოსახლეობაზე საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მიერ მიტანილ იერიშს უპასუხეს, რომელსაც 9 ადამიანი ემსხვერპლა. ჰუსიტების განცხადებით, საუდელმა საჰაერო ძალებმა 2018 წლის დეკემბერში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვიეს. იემენში მეოთხე წელია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.[1]

13 წლის ასაკში დაკავებული საუდელი ბიჭი სიკვდილით დასჯას გადაურჩა – ახლა მურთაჯა ქურეირისი 18 წლისაა და მას ბრალად ედებოდა 10 წლის ასაკში თავის აქტივისტ ძმასთან ერთად ყოფნა, რომელმაც ავამიას პოლიციის განყოფილებას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. პატარა ქურეირისის კიდევ ერთი ბრალდება ის იყო, რომ თავისი ძმის დაკრძალვას დაესწრო. საერთო ჯამში, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ქურეირისი ციხეს 2022 წელს დატოვებს, რადგან ამ დრომდე საპატიმროში გატარებული ვადა, მას საერთო სასჯელის ვადაში ჩაეთვალა.[2]

ნიგერიაში მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 30 ადამიანი ემსხვერპლა – შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ბორნოში მოხდა. დაშავებულია კიდევ 40 ადამიანი. ბომბები მაშინ გააქტიურდა, როდესაც გულშემატკივრები ფეხბურთის მატჩს ადევნებდნენ თვალს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ აიღო.[3]

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ მორსი სასამართლო დარბაზში გარდაიცვალა – მან მგრძნობელობა სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაკარგა. ბრალდება ჯაშუშობას ეხებოდა. მორსი 67 წლის იყო. ის თანამდებობიდან 2013 წელს გადააყენეს. მას ბრალად ედებოდა დაჯგუფება „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“ ერთად ციხიდან მასობრივი გაქცევის საქმეში მონაწილეობა. ექს-პრეზიდენტი გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში კაიროს აღმოსავლეთ ნაწილში დაკრძალეს. ხელისუფლებამ საჯარო დაკრძალვაზე უარი განაცხადა.[4]

ვენესუელის კრიზისი – ვენესუელა-კოლუმბიის საზღვარზე მომხდარ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი დასახლებულ პუნქტში, სოფელ ბოკა-დე-გრიტაში მოხდა. უცნობმა პირებმა რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს. კოლუმბიის ხელმძღვანელობამ უკვე დააკავა ორი კაცი, რომლებმაც სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით საზღვარი უკანონოდ გადალახეს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფების შორის არსებულ დაპირისპირებებს უკავშირდება, რომლებიც საზღვრის გასწვრივ საწვავის კონტრაბანდით არიან დაკავებული.[5]

[1] Reuters; Yemen’s Houthis target two Saudi airports with multiple drone attacks; 15 June, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-yemen-security-saudi-drone/yemens-houthis-target-two-saudi-airports-with-multiple-drone-attacks-idUSKCN1TG0M3?il=0

[2] CNN; Saudi teenager arrested at 13 spared from execution, source says; By Muhammad Darwish and Tamara Qiblawi; 16 June, 2019; available at: https://edition.cnn.com/2019/06/16/middleeast/murtaja-qureiris-saudi-teen-execution-intl/index.html

[3] BBC; Nigeria suicide blast kills 30 at video hall in Borno; 17 June, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-africa-48660150

[4] BBC; Egypt’s Mohammed Morsi: Ex-leader buried after court death; 18 June, 2019; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-48672096

[5] იმედის ახალი ამბები; ვენესუელა-კოლუმბიის საზღვარზე აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა; 19 ივნისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/109087/venesuelakolumbiis-sazgvarze-apetqebebs-12-adamiani-emskhverpla