ერაყი. სპონსორის და მუხტარის წერილის მოპოვება ბაღდადში. ნოემბერი, 2019

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2019 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშში ერაყის შესახებ წერს, რომ ბაღდადში განსახლებისთვის საჭირო მოთხოვნები და აუცილებელი დოკუმენტაცია სხვადასხვაა რაიონების შესაბამისად და დამოკიდებულია კონკრეტული რაიონის პასუხისმგებელ პირზე, როგორიცაა მუხტარი (ადგილობრივი ლიდერი) ან საკონტროლო-გამშვები პუნქტების ოფიცერი ერაყის უსაფრთხოების ძალებიდან ან სახალხო მობილიზაციის ძალებიდან. მოთხოვნები გაცილებით მკაცრია ბაღდადის იმ რაიონებში, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა მაღალი კონცენტრაციაა. საუბარია, ძირითადად სუნიტურ უბნებზე ადამიაში, კარხში, აბუ გრაიბსა და მაჰმოუდიაში. იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება არაფორმალურ დასახლებაში აპირებს განსახლებას, მას ყოველთვის არ მოეთხოვება მხარდაჭერის წერილისა და სპონსორის ყოლა. მიუხედავად ამისა, ისინი ვალდებულნი არიან გაიარონ უსაფრთხოების შემოწმება და რეგისტრაცია ბანაკის ხელმძღვანელობასთან.

სუნიტ არაბებს, მათ მიმართ არსებული, ფართოდ გავრცელებული შეხედულებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით თუ ისინი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ადრე კონტროლირებადი ტერიტორიიდან არიან, ერაყში დაბრუნების შემდეგ უჭირთ სპონსორის მოძიება და მუხტარის მხარდაჭერის წერილის მოპოვება თუ მათ არ ჰყავთ ოჯახი ბაღდადში ან არ აქვთ რაიმე სახის სხვა კავშირები. ასეთი დაბრკოლებები მათი ოჯახის ან ტომის სახელმაც შეიძლება გამოიწვიოს.

პირი, რომელიც წარმოშობით დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ ადრე კონტროლირებადი ტერიტორიიდანაა, თუ სურს ბაღდადში ნათესავებთან ან ნაქირავებ ბინაში განსახლდეს, უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას:

მხარდაჭერის წერილი მუხტარისგან ან ადგილობრივი საბჭოსგან, რომელიც დაადასტურებს, რომ პირი იძულებით გადაადგილებულია და აპირებს კონკრეტულ უბანში განსახლებას;

უსაფრთხოების შემოწმების გავლა 5 სხვადასხვა ორგანოში – ეროვნული უსაფრთხოება, ფედერალური პოლიციის დაზვერვა, ადგილობრივი პოლიციის დაზვერვა, ბაღდადის საოპერაციო განყოფილება და ერაყის უსაფრთხოების ძალების დაზვერვა.

სპონსორი იმ უბნიდან, სადაც ის აპირებს განსახლებას. სპონსორი უნდა იყოს წარმოშობით ბაღდადიდან და ეს უნდა დასტურდებოდეს მისი პირადის დამადასტურებელი დოკუმენტით. გარდა ამისა, სპონსორის საცხოვრებელი ბარათი უნდა ადასტურებდეს, რომ ის ქალაქის მაცხოვრებელია. სპონსორმა 4 სახის დოკუმენტი უნდა წარადგინოს – პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მოქალაქეობის სერთიფიკატი, მისამართის ბარათი (მიიღება, მხოლოდ სპონსორის სახელზე გაცემული) და საჯარო დისტრიბუციის სისტემის ბარათი. რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, თავად სპონსორსაც მოთხოვონ დამატებითი დოკუმენტაცია, მათ შორის მუხტარის მხარდაჭერის წერილი ან წერილი ადგილობრივი საბჭოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ სპონსორი ამა თუ იმ რაიონის მაცხოვრებელია.

ზემოაღნიშნული მოთხოვნები საცხოვრებლად სასურველ რაიონში მისვლისას, გაჭიანურების გარეშე უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, მოთხოვნები არ არის კანონზე დაფუძნებული, რომლის ოფიციალური მონიტორინგი ან გასაჩივრება იქნება შესაძლებელი. განსახლება გარანტირებული არაა და საბოლოოდ, ადგილობრივი ხელისუფლების / უსაფრთხოების ორგანოების დისკრეციულ უფლებამოსილებად რჩება. გარდა ამისა, უსაფრთხოების შემოწმება, ანტი-ტერორისტული კანონმდებლობით დაპატიმრების რისკის წინაშე აყენებს კონკრეტული პროფილის ერაყელებს – სუნიტ არაბებს და თურქმენ არაბებს, როლებიც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ადრე კონტროლირებადი ტერიტორიიდან არიან ან აღნიშნულ ტერიტორიებზე ნათესაური კავშირები აქვთ.

ყველა, ვინც ვერ აკმაყოფილებს ბაღდადში განსახლებისთვის დადგენილ მოთხოვნებს არ აქვს უფლება, ქალაქში იცხოვროს და უსაფრთხოების მიზნით განხორციელებული რეიდების დროს, შეიძლება დააპატიმრონ ანტი-ტერორისტული კანონის გამოყენებით. ბაღდადში ყველა რაიონში განსახლებისთვის საჭიროა სპონსორი და იძულებით გადაადგილებული პირი, რომელიც ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში გადადის, ახალი სპონსორის მოპოვება მოეთხოვება; თუმცა, შესაძლოა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ძველი სპონსორიც გამოდგეს. საცხოვრებლის შეცვლის შემთხვევაში პირი თავიდან გადის პროცედურას.[1]

[1] EASO; Country of Origin Information Report; Iraq – Internal Mobility; February 2019; available at:

[accessed 15 November 2019]