ირანი. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ზოგადი ვითარება. თებერვალი, 2018

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში არჩევნები რეგულარულად ტარდება, თუმცა დემოკრატიულობის ხარისხი ძალიან დაბალია, რადგან არჩევნებს აკონტროლებს მცველთა კორპუსი, რომელიც არა-არჩევითი ორგანოა და შეუძლია არჩევნებში მონაწილეობისგან დაბლოკოს ყველა, ვისაც მაღალი რელიგიური წრეების მიმართ არასაკმარისად ერთგულად მოიაზრებს. უსაზღვრო ძალაუფლება არის მოქცეული ქვეყნის უზენაესი ლიდერის აიათოლა ჰამენეისა და მისი ასევე არა-არჩევითი ინსტიტუციის ხელში. აღნიშნული ინსტიტუციები, მათ შორის უსაფრთხოების სამსახური და სასამართლო, თამაშობენ უმნიშვნელოვანეს როლს სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვისა და განსხვავებული აზრის რეპრესირების პროცესში. 2017 წლის მაისში პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა, რომელიც თავის თავს მოდერატორს უწოდებს, ადვილად მოიგო არჩევნები და მეორე 4-წლიანი ვადით დარჩა პრეზიდენტის პოსტზე.

2017 წლის აგვისტოში პარლამენტმა ნარკოდანაშაულის შესახებ ქვეყნის კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა, რაც ხელს შეუწყობს ნარკოდანაშაულისთვის სიკვდილით დასჯის შემცირებას. მცველთა საბჭომ აღნიშნული ცვლილებები 2017 წლის ოქტომბერში დაამტკიცა. ირანი ყოველწლიურად ასობით სიკვდილით დასჯის განაჩენს აღასრულებს, მათ შორის მათ მიმართ, ვინც დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვანი იყო.

2017 წლის დეკემბერში თეირანის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ისინი აღარ დაიჭერდნენ ხალხს, ძირითადად ქალებს, იმ წესის დარღვევისთვის, რომელიც ადგენს თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს პირი საჯაროდ. დაპატიმრების ნაცვლად, დამრღვევს პოლიციის ოფიცრები სავალდებულო საგანმანათლებლო გაკვეთილებს დაასწრებენ. ცვლილება, როგორც ჩანს, მხოლოდ დედაქალაქს ეხება და განმეორებით შემთხვევებში დამნაშავეს მაინც დააპატიმრებენ. 2017 წლის დეკემბრის ბოლოს ეკონომიკური და სოციალური მიზეზებით, ირანის დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, სადაც რამდენიმე დემონსტრანტისგან ისლამური რეჟიმის დასრულების მოწოდებაც გაისმა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ასობით დემონსტრანტი უსაფრთხოების სამსახურმა დააპატიმრა. აქციების მიმდინარეობის დროს, ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებზე წვდომა დაბლოკა.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ 2017 წლის მაისში პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო და მეორე 4-წლიანი ვადით დარჩა პოსტზე. ხელისუფლება, უსაფრთხოების ძალების და სასამართლოს სახით, განაგრძობდა ჟურნალისტების, ონლაინ მედია აქტივისტების და ადამიანის უფლებათა დამცველების შევიწროვებას. სიკვდილით დასჯა, განსაკუთრებით ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის, კვლავ გრძელდებოდა.[2]

2016 წლის იანვარში ირანის პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯის გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაული ძალადობრივი ხასიათისაა. კანონპროექტის ინიცირების შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად მოუწოდებდა ირანს, არ გაეშვა ხელიდან აღნიშნული შანსი და გაეუქმებინა სიკვდილით დასჯა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის. 2017 წლის 15 აგვისტოს სტატიაში „Reuters“ წერს, რომ ირანის პარლამენტმა ნარკოდანაშაულისთვის სიკვდილით დასჯის გამოყენების შემცირებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა და რომ ამ ცვლილებებმა, შესაძლოა, 5 ათასამდე ადამიანს, უმეტესად ახალგაზრდებს, სიცოცხლე შეუნარჩუნოს. პარლამენტმა მიიღო ცვლილება, რომლის თანახმადაც ნარკოტიკებით ვაჭრობისას სიკვდილით დასჯის გამოყენება შესაძლებელი იქნება 50 კილოგრამზე მეტი ოპიუმისა და 2 კილოგრამზე მეტი ჰეროინის, მორფის, კოკაინის და სხვა ქიმიური დერივატივების შემთხვევაში. აქამდე სიკვდილით დასჯისთვის საკმარისი იყო 5 კილოგრამზე მეტი ოპიუმითა და 30 გრამზე მეტი ჰეროინით ვაჭრობა. სტატიაში ნათქვამია, რომ სჭირდება პარლამენტის მეორადი დამტკიცება, რის შემდეგაც, საბოლოო დადასტურებისა და კანონად ქცევისთვის, გადაეგზავნება მცველთა საბჭოს.[3]

ადამიანის უფლებათა ცენტრი ირანში 2017 წლის 20 ოქტომბერს წერს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ხანგრძლივი ზეწოლის შემდეგ ირანმა გაამარტივა ნარკოტიკების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა და გააუქმა სიკვდილით დასჯა ნარკოტიკებთან დაკავშირებული მცირე დანაშაულებისთვის. მცველთა კორპუსმა, რომელიც 6 სასულიერო პირისგან შემდგარი ორგანოა, რომელიც ადგენს კანონებისა და არჩევნების ისლამურ პრინციპებთან შესაბამისობას, დაამტკიცა პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ნარკოტიკების წინააღმდეგ კანონში. საბოლოო ვერსიით, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისას სიკვდილით დასჯის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ნარკობარონებს, შეიარაღებულ მოვაჭრეებს, კრიმინალებს წინასწარი განზრახვით (15 წელზე მეტი ვადით პატიმრობა) და მათ, ვინც ნარკოტიკების გაყიდვას აიძულებს ბავშვებს.[4]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ წერს, რომ ირანი თეოკრატიული რესპუბლიკაა შიიტური ისლამური პოლიტიკური სისტემით. ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ყველაზე სერიოზულ დარღვევებს წარმოადგენს სამოქალაქო თავისუფლებების, მათ შორის შეკრების, სიტყვის, რელიგიისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა. სხვა პრობლემები მოიცავს არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს; ასევე, პირის ფიზიკური მთლიანობის უგულებელყოფა იმ ხალხის მიმართ, რომელთაც თვითნებურად და უკანონოდ აკავებენ, აწამებენ და კლავენ.[5]

„Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ რამდენიმე პირი, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, დაკავების ცენტრში ჯანდაცვაზე ადეკვატური წვდომის ნაკლებობაზე საუბრობს. 2017 წლის აგვისტოში ხელმძღვანელობამ ჰოსპიტალიზაციაზე უარი განუცხადა 30 წლის ადამიანის უფლებათა აქტივისტს, არაშ სადეგის, რომელსაც ხანგრძლივი საპროტესტო შიმშილობის შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა. ქურთი ზეინაბ ჯაბალიანი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფოდ საჭიროებს სამედიცინო დახმარებას მისი თვალის გამო. 2017 წელს რამდენიმე პოლიტიკურმა პატიმარმა, რაჯაი შაჰრისა და ევინის ციხეებში, არსებული მძიმე პირობების გაპროტესტების მიზნით, შიმშილობა დაიწყო.[6]

„Freedom House“ 2018 წლის ანგარიშში ირანის შესახებ წერს, რომ ციხეები გადატვირთულია და პატიმრები ხშირად ჩივიან ცუდი პირობების, მათ შორის ჯანდაცვაზე წვდომის შეზღუდვის გამო. პოლიტიკური პატიმრების ორგანიზებული შიმშილობის აქციები კვლავ გრძელდებოდა 2017 წლის განმავლობაში. ყოფილმა პოლიტიკურმა პატიმარმა, ცნობილმა ჟურნალისტმა ალირეზა რაჯაიმ 2001-2005 წლებში ციხეში ყოფნისას, კიბოს გამო თვალი დაკარგა, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, მას არ უმკურნალეს.[7]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ გადატვირთულობა ციხეებში რჩება პრობლემად და პატიმრებს უწევთ იატაკზე და დერეფნებსა და ეზოში ძილი. ადგილობრივი ორგანიზაციის ინფორმაციით, მაჰაბარის ციხეში 700 პატიმარია, მაშინ როდესაც ციხე გათვლილია 400 პატიმარზე. ხელმძღვანელობას ხშირად ბრალდებული და მსჯავრდებული პატიმრები ერთად ჰყავთ მოთავსებული; ისევე როგორც, არასრულწლოვნები ხშირად არიან სრულწლოვანებთან ერთად. ქალი პატიმრები მამაკაცთაგან ცალკე არიან განთავსებულნი.

პოლიტიკური პატიმრები ხშირად ცალკე ციხეებში ჰყავთ. ადამიანის უფლებათა აქტივისტების ინფორმაციით, პოლიტიკურ პატიმრებს ხშირად ათავსებენ ძალადობრივ დანაშაულში ბრალდებულ ან მსჯავრდებულ პირებთან ერთად. ყოფილი პატიმრების ინფორმაციით, პოლიტიკურ პატიმრებს ხშირად ემუქრებიან ძალადობრივ დანაშაულში მსჯავრდებულთა ზონაში გადაყვანას, სადაც ხშირია პატიმრებზე თავდასხმები. 2017 წლის განმავლობაში დაფიქსირდა პატიმრების თვითმკვლელობის ფაქტები. ანგარიშში ასევე საუბარია ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და პოლიტიკური პატიმრებისთვის ჯანდაცვაზე წვდომის შეზღუდვის შესახებ.

პატიმრების შესახებ ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია მწირია. არ გადადგმულა ნაბიჯები ჩანაწერების წარმოების გაუმჯობესებისკენ. ხელისუფლება ხშირად იყენებს არასაპატიმრო ალტერნატიულ სასჯელებს არაძალადობრივი დანაშაულებისთვის, მათ შორისაა პრობაცია, შინა პატიმრობა, დასაქმებაზე შეზღუდვა, რელიგიური სარეაბილიტაციო სწავლება, გაძევება პროვინციიდან და საზღვარგარეთ მოგზაურობის აკრძალვა.

პატიმრებს, როგორც წესი, ყოველკვირეულად ხელი მიუწვდებათ სტუმრებთან შეხვედრასა და ტელეფონით სარგებლობასა და სხვა სახის კორესპონდენციაზე; თუმცა ხშირად მათ ამას უზღუდავს ხელმძღვანელობა. პატიმრებს შეუძლიათ სასამართლო ხელისუფლებას მიმართონ თავიანთი საჩივრებით, თუმცა აწყდებიან ცენზურას. მთავრობა არ გასცემს ნებართვას დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის, აწარმოონ ციხის მონიტორინგი.[8]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში რელიგიის თავისუფლების შესახებ წერს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოსახლეობა დაახლოებით 82.8 მილიონია. მოსახლეობის 99% მუსლიმია, რომელთაგან 89-94% შიიტი და 5-9% სუნიტი (ძირითადად თურქმენები, არაბები, ბალუჩები და ქურთები, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამხრეთ-დასავლეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით, შესაბამისად).[9]

აშშ-ის რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების კომისია 2017 წლის ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ გასული წლის განმავლობაში, ირანი სისტემატურად არღვევდა რელიგიის თავისუფლების უფლებას, მათ შორის ხანგრძლივი დაკავებებით, წამებით და რელიგიური დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯის გზით. მძიმე დარღვევების სამიზნეები იყვნენ რელიგიური უმცირესობები, განსაკუთრებით ბაჰაიზმის მიმდევრები; ასევე, კონვერტირებული ქრისტიანები და სუნიტი მუსლიმები. სუფიზმის მიმდევარი მუსლიმები და განსხვავებული აზრის მქონე შიიტი მუსლიმები, ასევე, იყვნენ ძალადობის, დაკავებისა და დაპატიმრების ობიექტები.[10]

[1] Freedom House, Freedom in the World 2018 – Iran, 19 January 2018, available at:

[accessed 22 February 2018]

[2] Human Rights Watch, World Report 2018 – Iran, 18 January 2018, available at:

[accessed 22 February 2018]

[3] Reuters; Iran parliament edges towards softening drug laws to curb executions; Reuters Staff; 15 August, 2017; available at: https://www.reuters.com/article/us-iran-drugs-law/iran-parliament-edges-towards-softening-drug-laws-to-curb-executions-idUSKCN1AV109

[4] Center for Human Rights in Iran; After Years of International Condemnation, Iran Revises death Penalty Policy; 20 October, 2017; available at: https://www.iranhumanrights.org/2017/10/after-years-of-international-condemnation-iran-revises-death-penalty-policy/

[5] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Iran, 3 March 2017, available at:

[accessed 22 February 2018]

[6] Human Rights Watch, World Report 2018 – Iran, 18 January 2018, available at:

[accessed 22 January 2018]

[7] Freedom House; Freedom in the World 2018 – Iran; January, 2018; available at: https://freedomhouse.org/report/freedom-world/2018/iran [accessed 22 January 2018]

[8] United States Department of State, 2016 Country Reports on Human Rights Practices – Iran, 3 March 2017, available at:

[accessed 22 January 2018]

[9] United States Department of State, 2016 Report on International Religious Freedom – Iran, 15 August 2017, available at:

[accessed 22 February 2018]

[10] United States Commission on International Religious Freedom, USCIRF Annual Report 2017 – Tier 1: USCIRF-recommended Countries of Particular Concern (CPC) – Iran, 26 April 2017, available at:

[accessed 22 February 2018]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 იანვარი, 2018

ნარკოპოლიტიკის შეცვლით 5000-მდე ირანელი სიკვდილით დასჯას გადაურჩა – ათასობით ირანელი, რომელთაც ნარკოდანაშაულისთვის სიკვდილი აქვთ მისჯილი, სასჯელის უმკაცრეს ზომას გადაურჩნენ. ირანში ნარკოტიკებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შევიდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების საქმეები, რომლებსაც სიკვდილი აქვთ მისჯილი, უნდა გადაიხედოს. ირანში ასეთი ბრალდებულების რაოდენობა 5 ათასამდეა.[1]

ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 15 წევრი მოკლეს – ავღანეთში სამთავრობო არმიასა და ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შორის შეტაკების შედეგად, 15 ჯიჰადისტი მოკვდა. შეტაკებების დროს 20 რადიკალი ისლამისტი დაიჭრა. დაპირისპირება ქვეყნის აღმოსავლეთით, კუნარის პროვინციაში მოხდა. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები სამართალდამცველების საგუშაგოებს დაესხნენ თავს.[2]

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა 3 თვით გახანგრძლივდა – საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 2016 წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო დაწესდა, უკვე მეხუთედ გახანგრძლივდა. 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2 100-ზე მეტი დაშავდა. ამბოხში ოფიციალურმა ანკარამ აშშ-ში მცხოვრები ფეთჰულა გიულენი და მისი მოძრაობა დაადანაშაულა.[3]

სომალილენდში გაუპატიურება დასჯადი გახდა – თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, გაუპატიურების წინააღმდეგ კანონი მიიღეს. აქამდე, მსხვერპლი ქალი იძულებული იყო თავის მოძალადეზე დაქორწინებულიყო, რათა „შერცხვენა თავიდან აერიდებინა“. ახალი კანონის მიხედვით, სომალიში გაუპატიურებაში მსჯავრდადებულს 30 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. სომალილენდი სომალის 1991 წელს თვითნებურად გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სომალიში გაუპატიურების წინააღმდეგ კანონი დღემდე არ არსებობს.[4]

საუდის არაბეთში ქალები ფეხბურთის მატჩს პირველად დაესწრნენ – საუდის არაბეთში ქალებს სტადიონზე საფეხბურთო მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ. პირველი ასეთი მატჩი ქალაქ ჯედში გაიმართა. საუდის არაბეთში სტადიონზე მისვლა ქალებს როგორც ოჯახთან ერთად, ასევე მარტოც შეეძლებათ. სპორტული ობიექტების მონახულება ქვეყნის მოდერნიზაციის პროგრამის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელსაც მემკვიდრე პრინცი, სალმან ალ-საუდი ახორციელებს. 26 სექტემბერს, საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმებების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ. საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქალებს მანქანის ტარება ოფიციალურად ეკრძალებოდათ. კრონპრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს ატარებს და კონცეფციის „ხედვა – 2030“ ფარგლებში ცხოვრების ბევრ სფეროზე ზეწოლას ასუსტებს. მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთში დღემდე ბევრი რამ აკრძალულია.[5]

სუდანში საპროტესტო აქციის დროს ერთი სტუდენტი მოკლეს – სუდანში მოსახლეობა პურის ფასის გაორმაგებს აპროტესტებს. საპროტესტო შეტაკებებს ერთი სტუდენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, ექვსი ადამიანი კი დაშავდა. პურის გაძვირების შესახებ მთავრობამ გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიიღო. ქალაქ გენეინაში დაწყებული საპროტესტო ტალღა უკვე გავრცელდა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში. სუდანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბაბკარ დაქნამ სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტება უარყო. თუმცა ადგილობრივი მთავრობა, სტუდენტის დაღუპის მიზეზის დასადგენად, გამოძიებას მაინც დაიწყებს. ეს ბოლო წლებში დემონსტრანტის დაღუპვის პირველი შემთხვევა არაა. 2013 წელს, საწვავის გაძვირების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 185 ადამიანი მოკლეს.[6]

ტუნისში მოსახლეობა ფასების ზრდას აპროტესტებს – ტუნისის ქალაქებში ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების 250-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მანიფესტანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა. დემონსტრანტები თავს დაესხნენ პოლიციის საგუშაგოებს, სამთავრობო შენობებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. აქციის მონაწილეები გაზრდილ ფასებს და უმუშევრობას აპროტესტებენ. საპროტესტო ტალღა ტუნისში მას შემდეგ აგორდა, რაც მთავრობამ საწვავზე და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები გაზარდა. 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც საწვავის ფასების ზრდას და ახალი გადასახადების დაწესებას გულისხმობს.[7]

აქციების ფონზე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში სოციალურ რეფორმებს გაატარებს. რეფორმების გატარების შესახებ ცნობილი ტუნისის მთავრობის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ გახდა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამედიცინო მომსახურების რეფორმირებაზე, ასევე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პარლამენტში რეფორმათა პაკეტს წარადგენენ. „ეს რეფორმები 250 000-მდე ოჯახს შეეხება. რეფორმები ღარიბ და საშუალო კლასს დაეხმარება“, – განაცხადეს ტუნისის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.[8]

[1] BBC; Iran drug law change could spare thousands on death row; 10 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-42634252

[2] Tolo News; 15 Daesh Insurgents Killed in Kunar;s Ongoing Clashes; 8 January, 2018; available at: http://www.tolonews.com/afghanistan/15-daesh-insurgents-killed-kunar%E2%80%99s-ongoing-clashes

[3] Reuters; Turkey to extend state of emergency for another three months, Duputy PM says; Reuters Stuff; 8 January, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-turkey-security-emergency/turkey-to-extend-state-of-emergency-for-another-three-months-deputy-pm-says-idUSKBN1EX1I2?il=0

[4] BBC; Somaliland passes first law against rape; 8 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-42604496

[5] The Guardian; Saudi football stadium welcomes women for first time; Kareem Shaheen; 12 January, 2018; available at: https://www.theguardian.com/world/2018/jan/12/saudi-football-stadiums-prepare-welcome-women-first-time

[6] Aljazeera; Deadly protests grip Sudan over rising bread prices; 8 january, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/01/deadly-protests-grip-sudan-rising-bread-prices-180108094836363.html

[7] BBC; Tunisia protests: Hundreds arrested; 10 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-42624639

[8] BBC; Tunisia protests: Reforms announced amid new rallies; 14 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-42679328