ერაყი. სუნიტების მიმართ არსებული დამოკიდებულება. ნოემბერი, 2019

სუნიტების მიმართ არსებული დამოკიდებულება – ერაყში სხვადასხვა რელიგიური, ეთნიკური, კულტურული და ლინგვისტური საზოგადოებაა თავმოყრილი. 2017 წლის ანგარიშში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ ერაყის მოსახლეობის 97% მუსლიმია; შიიტი მუსლიმები (ძირითადად არაბები, თუმცა მათ შორის თურქმენები, ფეილი ქურთები და სხვებიც არიან) 55-60%-ია. სუნიტების რაოდენობა 40%-მდეა; მათგანი სუნიტი ქურთების წილი 15%-ია, არაბები 24% და თურქმენები – 1%. შიიტები ძირითადად განსახლებულნი არიან ერაყის სამხრეთ და აღმოსავლეთ პროვინციებში, ასევე, უმრავლესობაში არიან ბაღდადში და საზოგადოებების დონეზე წარმოდგენილნი არიან ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე. სუნიტები უმრავლესობაში არიან დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში.[1]

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებული ტერიტორიების უმეტესობა ძირითადად სუნიტური რაიონები იყო. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართული იყო იქითკენ, რომ მომხდარიყო სუნიტური მოსახლეობის, ძირითადად ტომების მობილიზება დაჯგუფებასთან საბრძოლველად. აღნიშნული მიმართულებით ყველაზე დიდი რეკრუტირება მოხდა აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ტომთა სამობილიზაციო ძალებში. 2015 წლის დეკემბერში პრემიერმა აბადიმ 40 ათასი სუნიტი მებრძოლის სახალხო მობილიზაციის ძალებში ინტეგრირება მოახდინა. მათი უმრავლესობა განლაგებული იყო ანბარსა და ნინევაში; სხვა ნაწილი კი სალაჰადინსა და სხვა გამოთავისუფლებულ ზონებში.

სხვადასხვა ექსპერტი აღნიშნავს დემოგრაფიული ჰომოგენიზმის ზრდას სადავო ტერიტორიებზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობაში. ეს ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის, სუნიტი არაბების დაბრუნების დაბალ მაჩვენებელში, რომლებიც უფრთხიან თვითნებურ დაკავებებს და გამოძალვას.

2014-2017 წლებში დაფიქსირდა 74 შემთხვევა, როდესაც ძირითადად ერაყის უსაფრთხოების ძალები, ქურთული ძალები და სახალხო მობილიზაციის ძალები სჩადიოდნენ იძულებით გაუჩინარებებს. 2017 წლის განმავლობაში თითქმის ყველა შემთხვევაში ძალადობის ობიექტი სუნიტი არაბი მამაკაცები იყვნენ, რის საფუძველსაც წარმოადგენდა შეტაკებები „ისლამურ სახელმწიფოსთან“, რაც იწვევდა დაკავებებს, დაპატიმრებებს და გაუჩინარებებს.

„Human Rights Watch“-ის მოსაზრებით, ერაყში სუნიტი არაბების მიმართ არის ზოგადად გავრცელებული შეხედულება, რომ ისინი კვლავ რისკის მატარებლები არიან. მაგალითად, ბაღდადიდან სალაჰადინში, ანბარში, დიალასა და კირკუკში მგზავრობისას, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე, სუნიტი არაბები დიდი რისკის წინაშე დგანან. ანბარში არის რამდენიმე საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომელიც განსაკუთრებული საფრთხის შემცველია. სუნიტი არაბები უფრო დიდ პრობლემებს აწყდებიან იმ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე, რომლებიც მცირე დასახლებებში ან ანბარსა და ჰავიჯაში მდებარეობს, ვიდრე ბაღდადში, სადაც პირი შეიძლება ნაკლებად ამოცნობადი იყოს. რისკის ხარისხი იმაზეცაა დამოკიდებული თუ რომელი ძალა აკონტროლებს ტერიტორიას.[2]

ისტორიული დაძაბულობა ერაყელ სუნიტებსა და შიიტებს შორის, კვლავ არსებობს; ამავდროულად დაძაბულობა არსებობს სხვა ჯგუფებს შორისაც – არაბებსა და ქურთებს შორის, ერთ უმცირესობასა და სხვა უმცირესობას შორის და ა.შ. 2014 წლის შემდეგ უსაფრთხოების კუთხით სუბიექტების რაოდენობა სერიოზულად გაიზარდა და მოიცვა ტომთა ძალები, დაჯგუფებები, ფედერალური და ადგილობრივი პოლიცია, სამხედრო ძალები და სხვა.

ერაყში რამდენიმე სუნიტური სახალხო მობილიზაციის ძალების დაჯგუფება მოქმედებს, რომელთა შემადგენლობა 17-25 ათასია. მათი უმეტესობა 2014 წლის ბოლოს, ერაყის მთავრობასთან თანამშრომლობით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიქმნა. რეკრუტირება მოხალისეობრივ საწყისებზე ხდება. ბევრი სახალხო მობილიზაციის ძალებს უერთდება უკეთესი ხელფასის გამო. სახალხო მობილიზაციის ძალები საკმაოდ გავლენიანი და პოპულარულები არიან მოსახლეობაში, რასაც „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაში მათი როლი განაპირობებს.

2018 წელს სახალხო მობილიზაციის ძალების 5 მთავარ სამიზნეს შეადგენდნენ: პოლიტიკური ოპონენტები (მიუხედავად რელიგიური თუ ეთნიკური წარმომავლობისა, რადგან დაჯგუფებები იბრძვიან ფულისთვის, ძალაუფლებისთვის და გავლენისთვის და იერიშებს ახორციელებენ მეტოქეებზე, მათ შორის შიიტურ დაჯგუფებებზეც); საპასუხო იერიშები, რომელთა სამიზნეც ძირითადად სუნიტური საზოგადოება ხდებოდა; ერაყის სამოქალაქო საზოგადოება და ჟურნალისტები, განსაკუთრებით ისინი, ვინც სახალხო მობილიზაციის ძალებს აკრიტიკებს; შიიტური მორალური ნორმების დამრღვევი პირები, ძირითადად, ლგბტ საზოგადოება, ქრისტიანები, ალკოჰოლით მოვაჭრეები (ხანდახან ასეთი ძალადობა შიიტური საზოგადოების დახმარებითაც ხდებოდა); სხვადასხვა ბიზნესის მფლობელები (ძირითადად გამოძალვის მიზნით). ერაყის ქურთისტანში ქურთული ძალების სამიზნეებს წარმოადგენენ პოლიტიკური და სოციალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ადამიანის უფლებათა დამცველები, აქტივისტები, ჟურნალისტები და დემონსტრანტი საჯარო მოხელეები, რომლებიც გამოხატავენ კრიტიკულ დამოკიდებულებას პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ. ქურთული უსაფრთხოების ძალების სამიზნეს ასევე წარმოადგენდნენ ის პირები, ვისზეც ჰქონდათ ეჭვი, რომ იყვნენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში; ძირითადად, ასეთები იყვნენ სუნიტი არაბები.

ათასობით პირი, რომლებიც იყვნენ ეჭვმიტანილი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში, ერაყის მთავრობამ დააპატიმრა. იქიდან გამომდინარე, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ძირითადად სუნიტური დაჯგუფება იყო, მოსახლეობის უმეტესობა სუნიტ არაბებს ექსტრემისტულ ჯგუფებთან დაკავშირებულად მოიაზრებს. 2014-2017 წლებში არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც შურისძიების მოტივით, უსაფრთხოების ძალებმა ან მათთან დაკავშირებულმა დაჯგუფებებმა გაიტაცეს, გააქრეს ან მოკლეს სუნიტები.

დანიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევის ჯგუფი 2018 წლის ფაქტების მოძიების მისიის ანგარიშში წერს, რომ სუნიტი მამაკაცები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიებს ტოვებდნენ, გადიოდნენ უსაფრთხოების შემოწმებას საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ პირები, რომელთა სახელი ან მათი ოჯახის წევრების სახელები არის „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილთა სახელების მსგავსი, ხდებიან სერიოზული ეჭვის ობიექტები და ისინი შეიძლება გახდნენ ძალადობის, დაკავების ან დაბრუნების აკრძალვის ობიექტები.

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები არავის მიმართ არ არიან ტოლერანტული, გარდა საკუთარი ფუნდამენტალისტური იდეოლოგიისა. ამიტომ, დაჯგუფებამ არაერთი სუნიტური წმინდა რელიგიური ადგილი გაანადგურა. სუნიტი რელიგიური ლიდერები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ დაჯგუფებას იყვნენ დევნის ობიექტები. „ისლამური სახელმწიფო“ ითხოვდა ტოტალურ დამორჩილებას რელიგიური ლიდერებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში პირი რისკავდა, გამხდარიყო მკვლელობის ან საჯაროდ სიკვდილით დასჯის ობიექტი.

ერაყელთა უმეტესობის იდენტიფიცირება ხდება ტომობრივი კუთვნილების მიხედვით და იდენტობა სერიოზულ სოციალურ როლს თამაშობს საზოგადოებაში. ერაყის საზოგადოება ტომების, ოჯახსა და კლანზე დაფუძნებული კავშირების დიდი გავლენის ქვეშაა, განსაკუთრებით ანბარის, სალაჰადინის, კირკუკისა და ნინევის სუნიტურ ნაწილში; ისევე როგორც სამხრეთით, ბასრაში. ტომობრივი კულტურა და სახელმწიფოს შესაძლებლობის სიმწირე, ჩაერიოს საზოგადოებრივ სამართალში იწვევს იმას, რომ დავების გადაწყვეტაში, ტრადიციულ ლიდერებს და დადგენილ ნორმებს დიდი როლი აქვთ. ასეთი წესები კი განსაკუთრებით მკაცრი ქალებისთვისაა. ტომები ხშირად კარგად შეიარაღებულნი არიან და ხშირად მონაწილეობენ საზოგადოებას შორის კონფლიქტურ ვითარებებში, რომელიც ტომის წესების და ნორმების დარღვევის გამო წარმოიშვება. ეს იწვევს ხოლმე მკვლელობათა ჯაჭვს ტომებს შორის.[3]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი წერს, რომ ხელმისაწვდომი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ჩანს, რომ სუნიტების ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში დადანაშაულებამ შეიძლება მიიღოს, როგორც დევნის, ასევე დისკრიმინაციის ხასიათი და ინდივიდუალური შეფასებაა საჭირო იმის დასადგენად, დისკრიმინაციული ქმედებები უტოლდება თუ არა დევნას. ხელმისაწვდომი ინფორმაცია აჩვენებს, რომ უბრალოდ ფაქტს, რომ პირი არის სუნიტი არაბი, არ მივყავართ დევნის საფუძვლიან შიშთან. ინდივიდუალური გარემოებები, როგორიცაა წარმოშობის რეგიონი, ტომური კუთვნილება, ოჯახის წევრების სავარაუდო კავშირები ისლამურ სახელმწიფოსთან, სახელი და ა.შ. მნიშვნელოვანია რისკების შეფასებისას.[4]

ხალხი სუნიტური სახელებით – ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2019 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში  წერს, რომ სუნიტი მამაკაცები, რომლებიც ცდილობდნენ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ადრე კონტროლირებადი ტერიტორია დატოვონ, უსაფრთხოების შემოწმებას გადიან, სადაც დაჯგუფებასთან მათი შესაძლო კავშირის გამოკვლევა ხდება. იმ ხალხის მიმართ, ვისი სახელიც ან ვისი ოჯახის წევრების სახელებიც ემთხვევა დაჯგუფების წევრების სახელებს, სერიოზული ეჭვები ჩნდება და ისინი შეიძლება შეავიწროვონ, დააკავონ და მათ შეიძლება დაბრუნებაზე უარიც უთხრან.

ბევრ ერაყელს იდენტური სახელი აქვს და ამიტომ ბევრი იძულებით გადაადგილებული პირი ცდილობს, უსაფრთხოების შემოწმებას თავი აარიდოს რადგან ეშინიათ რომ მათი სახელი ძებნილთა სიაში მყოფი პირების სახელების იდენტური შეიძლება აღმოჩნდეს. წყაროების განმარტებით, არავინ იცის პირები როგორი სახელებით არიან შეყვანილნი სიაში, სადაც დაახლოებით 90 ათასი ადამიანის მონაცემია.

2017 წლის ივნისში „ლენდინფო“ წერდა, რომ ბაღდადში სუნიტმა მუსლიმებმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე საკუთარი თავის იდენტიფიცირება უნდა მოახდინონ. გვარებითა და კლანური სახელებით გარკვეულწილად შეიძლება დადგინდეს, რომელიც რეგიონის მოსახლეობის მიეკუთვნება ესა თუ ის პიროვნება და საიდან მოდის. სუნიტები შეიძლება თვითნებურად დაადანაშაულონ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ სიმპათიაში და გახადონ შევიწროვების ობიექტები. საკონტროლო-გამშვები პუნქტები ბაღდადის პატარა ქუჩებში დაჯგუფებების კონტროლის ქვეშაა, ხოლო დიდ ქუჩებზე არმიისა და პოლიციის მართვის ქვეშ ფუნქციონირებს.

2015 წლის დეკემბერში ხშირი იყო სუნიტი არაბების მიერ სახელების შეცვლაზე განაცხადების შეტანა დიალის პროვინციაში. ისინი ცდილობდნენ უფრო ნეიტრალური სახელების შერჩევას, რადგან შიიტური დაჯგუფებების ეშინოდათ. ოფიციალური მონაცემებით, ორი თვის მანძილზე სახელის შეცვლა 150-200 პირმა მოითხოვა. 2015 წლის ივნისში, სუნიტური უმრავლესობით დასახლებული მოსულის ოკუპაციის შემდეგ,  სახელების შეცვლის ფენომენი აქტიურად გამოიყენებოდა. ძირითადად იცვლებოდა სახელები, რომლებიც მიჩნეული იყო სუნიტურად, მაგალითად ომარ, აბუ ბაქრ და ოსმან. 2015 წელს წყაროები აღნიშნავდნენ, რომ ამოცნობადი სუნიტური სახელები საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე, რომელთაც შიიტური დაჯგუფებები და ერაყელი სამხედროები აკონტროლებდნენ, ეჭვს აღძრავდა. გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ბევრი იცვლიდა სახელს. ოფიციალური მონაცემებით, უმეტესობა სუნიტურ სახელს „ომარ“ ცვლიდა სახელით „ამმარ“. სხვები მოქალაქეობის მოწმობიდან გვარს შლიდნენ.[5]

პროვინცია ნინევა – ნინევაში, „ისლამური სახელმწიფოს“ გამოჩენამდეც ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ექსტრემიზმს და ორგანიზებულ დანაშაულს დაჯგუფებების მხრიდან, რომელთაგან ბევრი „ისლამური სახელმწიფოს“ „წინაპარი“, ბევრიც მოწინააღმდეგე იყო. სადავო ტერიტორიებზე მდებარეობის და მრავალფეროვანი ეთნიკური შემადგენლობის გამო, ნინევა ყოველთვის მიიჩნეოდა სუნიტური არაბული ნაციონალიზმის კერად და ერთ დროს ერაყში ალ-ქაიდას გრავიტაციის ცენტრს წარმოადგენდა.

მოსული „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლის ქვეშ 2014 წლის ივნისში მოექცა. თურქმენები, ქრისტიანები, იეზიდები, შაბაქები, კაკაები და სხვა ჯგუფები „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან წამების, საჯაროდ სიკვდილით დასჯის, გატაცებისა და სექსუალური მონობის მსხვერპლნი გახდნენ.

მოსულისთვის ბრძოლა 9 თვეს გაგრძელდა და ოფიციალური გამარჯვება „ისლამურ სახელმწიფოზე“ 2017 წლის ივლისში გამოცხადდა. მოსულისთვის ბრძოლა იყო ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება ერაყის უსაფრთხოების ძალებსა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის. ერაყის რიგით მეორე ქალაქი განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა და ძალიან დიდი რაოდენობით მსხვერპლი დაფიქსირდა სამოქალაქო პირებს შორის.

პროვინციაში მოქმედი ჯგუფები მოიცავენ ერაყის უსაფრთხოების ძალებს, სახალხო მობილიზაციის ძალებს, ქურთულ უსაფრთხოების ძალებს, ქურთისტანთან ასოცირებულ დაჯგუფებებს; არა ასოცირებულ დაჯგუფებებს, უცხოურ ძალებს და ამბოხებულებს. ერაყის უსაფრთხოების ძალები ნინევაში უსაფრთხოების მთავარ მოქმედ სუბიექტადაა მიჩნეული. სიძლიერის მიხედვით, რიგით მეორე მთავარ მოქმედ სუბიექტად შიიტური სახალხო მობილიზაციის ძალები მიიჩნევა. პროვინციაში ბევრი ადგილობრივი და არა ადგილობრივი დაჯგუფება და თემთა მობილიზაციის ძალა მოქმედებს.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის ბოლოს „ისლამური სახელმწიფო“ ერაყში ტერიტორიებს ვეღარ აკონტროლებდა, დაჯგუფება განაგრძობდა ასიმეტრიულ იერიშებს, მათ შორის ნინევაშიც. 2019 წლის იანვარში „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ წერდა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ვერ აკონტროლებს ტერიტორიებს, თუმცა შეინიშნება რიგი ინდიკატორებისა, რაც მიუთითებს იმას, რომ დაჯგუფება იბრძვის გავლენისთვის. „ისლამური სახელმწიფოს“ მუდმივი საოპერაციო მოიერიშე ქსელები ნინევაში წარმოდგენილი იყო მოსულში, ქაიარაჰში, ჰატრასა და ერაყ-თურქეთის გაზსადენის კორიდორის ზონაში (სამხრეთ-დასავლეთ მოსული, ბადუში და სინჯარი). 2019 წლის იანვარში წყაროები ვარაუდობდნენ, რომ პროვინციაში „ისლამური სახელმწიფოს“ მინიმუმ 300 მებრძოლი ჰყავდა მიძინებულთა ქსელში.

უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება2017 და 2018 წლებში ნინევა გამოირჩეოდა ძალადობის მაღალი ინტენსივობით. 100 ათას კაცზე სამოქალაქო პირებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2017 წელს იყო 265 და შემცირდა 47-მდე 2018 წელს. 2018 წელს ნინევაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 217 ინციდენტი დაფიქსირდა, რასაც 1,591 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. 2017 წელს 600 ინციდენტის შედეგად 9,211 სამოქალაქო პირის დაღუპვა იყო დადასტურებული. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების სიმრავლით გამოირჩეოდა მოსული (ჰამდანიასა და ტილკაიფის ჩათვლით) (183 ინციდენტი და 1369 დაღუპული სამოქალაქო პირი), სინჯარი (14 ინციდენტი და 95 დაღუპული სამოქალაქო პირი) და ტელაფარი (8 ინციდენტი და 96 დაღუპული პირი).

ძალადობის მაჩვენებელი ნინევაში დარჩა მაღალი „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგად. უსაფრთხოების ძალები განიცდიდნენ გაცილებით დიდ დანაკარგებს, ვიდრე რომელიმე სხვა პროვინციაში. „ისლამური სახელმწიფოს“ ფოკუსი მიმართული იყო პერიფერიულ ზონებში მოქმედებებისკენ, მათ შორის უდაბნოს ტერიტორიაზე მოსულის სამხრეთით – ქაიარაჰში, ჰატრაში, აშ შურასა და მოსულის სამხრეთ-დასავლეთით (ატშანა, საჰაჯი და ტალ ზალატი); ასევე, ბაღდადსა და მოსულს შორის მდებარე უდაბნო და ერაყ-თურქეთის გაზსადენი (ე.წ. ჯურნის დერეფანი). 2018 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ იერიშები იყო მცირე მასშტაბის, პერიფერიულ ზონებში განხორციელებული თავდასხმების 62% მაღალი ხარისხის იყო – 37 ადგილობრივი ლიდერის მკვლელობა, მათ შორის 17 სოფლის მუხთარი იყო; ასევე, ტომთა წინააღმდეგობის ძალების ლიდერი. 2018 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში, ნინევაში 7 ქალაქის მერი მოკლეს. „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეს ასევე წარმოადგენდნენ პოლიცია და სახალხო მობილიზაციის ძალები როგორც ნინევაში, ასევე კირკუკში, დიალასა და სალაჰადინში.

უსაფრთხოების ძალები განაგრძობდნენ „გაწმენდით“ სამუშაოებს ტალაფარში, ბააჯსა და სინჯარში. რეიდები ტარდებოდა მოსულსა და გარშემო რაიონებში; ამას შედეგად მოყვა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების დაპატიმრება და ლიკვიდაცია; მათ შორის ქალი მებრძოლების.

სახელმწიფოს უნარი დაიცვას კანონი და წესრიგიერაყის უსაფრთხოების ძალები უსაფრთხოების კუთხით მთავარი მოქმედი სუბიექტია, თუმცა ნინევაში ის შედარებით სუსტია და ვერ უზრუნველყოფს ყველა სუბიექტის კონტროლს; აღნიშნული სუბიექტები იბრძვიან გავლენისთვის თავიანთ ზონებში და შედეგად, ნინევაში მმართველობა სამ ნაწილადაა გაყოფილი: ქალაქ მოსულს აკონტროლებს ადგილობრივი პოლიცია, გარშემო ზონაში ჩართულია სახალხო მობილიზაციის ძალები და ადგილობრივი დაჯგუფებები და დანარჩენი ტერიტორია კონტროლდება უსაფრთხოების ძალების მიერ. სინჯარში დაჯგუფებების ყოფნა ართულებს რეგიონში სიტუაციის დალაგებას, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას და იეზიდების დაბრუნებას. ხშირად ადგილი აქვს დაჯგუფებებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებებს. მოსულში მოძალადეები სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებები არიან, რომელთაგან ზოგიერთი „ისლამური სახელმწიფოს“ ქსელის ნარჩენია, ზოგიც ორგანიზებული დანაშაულებრივი ელემენტი.

ერაყის უსაფრთხოების ძალების და სახალხო მობილიზაციის ძალების მიმართ გაისმის ბრალდებები, რომ ისინი იყენებენ საკუთარ ძალაუფლებას უკანონო მოქმედებებით შემოსავლის მისაღებად და ეს ამცირებს მათ საბრძოლო შესაძლებლობებს და ნდობის ხარისხს ადგილობრივ მოსახლეობაში. 2018 წლის დეკემბერში სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ აშშ-ის განცხადების შემდეგ, ექსპერტები ვარაუდობდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ გააქტიურებას როგორც სირიაში, ასევე ერაყში. 2019 წლის დასაწყისში „ჯეიმსთაუნის ფონდი“ წერდა, რომ არ გადადგმულა რეალური ნაბიჯები „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევების პრევენციისთვის და რომ მოსული არ წარმოადგენდა პრიორიტეტს შიიტური მთავრობისთვის.

იძულებითი გადაადგილება და დაბრუნება2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 1,073,994 პირი ნინევიდან იძულებით გადაადგილებული იყო; მათგან 539,436 პროვინციის შიგნით. ამავე პერიოდისთვის ნინევა იკავებდა პირველ ადგილს დაბრუნებულთა რაოდენობით – 1,614,150. გაეროს სააგენტოები 2019 წლის დასაწყისში წერდნენ ნინევაში (ასევე სალაჰადინში, ბაღდადში, ანბარში, კირკუკსა და დიალაში) იძულებითი დაბრუნების შესახებ, რაც ხშირად ხელახალ გადაადგილებას იწვევდა. ნინევას ზოგიერთ რაიონში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ასოცირებულად მიჩნეულ პირებს უკრძალავდნენ დაბრუნებას. ექსტრემისტებთან კავშირის ბრალდებით, უსაფრთხოების ძალებმა 22 ოჯახი იძულებით გადაასახლეს მოსულტან მდებარე სოფლიდან ლტოლვილთა ბანაკში.

დაბრუნებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა მოსულში, ტელაფარსა და ალ-ჰამდანიაში. მოსულში დაბრუნებულთა რაოდენობამ თითქმის მილიონი შეადგინა. დაბრუნებულთა ძალიან მცირე რაოდენობა დაფიქსირდა ბააჯში, სადაც ვითარებას სახალხო მობილიზაციის ძალები აკონტროლებენ. არასტაბილური ვითარების გამო ძალიან ცოტა იეზიდი დევნილი დაბრუნდა სინჯარში. საერთო ჯამში, ნინევაში დაბრუნებული აწყდებოდნენ სხვადასხვა ხარისხით რთულ პირობებს. სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთა რაოდენობის (2,168,222) მიხედვით, ნინევა იკავებდა პირველ ადგილს 2018 წლის ნოემბრისთვის. დაზიანების დიდი მასშტაბებია მოსულსა და სინჯარში; შედარებით ნაკლებად, მაგრამ საგრძნობლადაა დაზიანებული პროვინციის სხვა ტერიტორიებიც. მოსულის დასავლეთ ნაწილი თითქმის სრულად განადგურებულია და იქ იშვიათად თუ ვინმე ბრუნდება. მოსულში ასაფეთქებელი ნარჩენების არსებობის გამო, ხშირია უბედური შემთხვევები და ქალაქის ზოგიერთი ნაწილი მიუწვდომელი რჩება.

გზების უსაფრთხოებამოსულიდან სინჯარში მიმავალი გზა სირთულეებითაა სავსე, რადგან აქ 30-მდე საკონტროლო-გამშვები პუნქტია, რომელთაც სხვადასხვა ჯგუფი მართავს და კონტროლისა და არა პროგნოზირების ხარისხიც სხვადასხვაა. ჰატრასა და მოსულის დამაკავშირებელ გზაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა მოაწყვეს ყალბი საკონტროლო-გამშვები პუნქტები და იტაცებდნენ მოსახლეობას; საპასუხოდ, ერაყის უსაფრთხოების ძალებმა დაჯგუფების 17 მებრძოლი მოკლეს. 2018 წლის დეკემბერში ხელისუფლებამ გადაწყვიტა პროვინციის შიგნით გზებზე ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტის გაუქმება, მაგრამ გადაწყვეტილება სრულად ვერ აღსრულდა. დოჰუკისა და მოსულის დამაკავშირებელ გზაზე ასევე განთავსებულია საკონტროლო-გამშვები პუნქტები, რომელთაც მთავრობა და შეიარაღებული ჯგუფები აკონტროლებენ; აღნიშნული პუნქტები სერიოზულად აფერხებს ვაჭრობას.[6] [7]

[1] EASO; Country of Origin Information Report; Iraq – Targeting of Individuals; March, 2019; available at:

[accessed 3 April, 2019]

[2] EASO; Country of Origin Information Report; Iraq – Security Situation; March, 2019; available at:

[accessed 3 April, 2019]

[3] EASO; Country of Origin Information Report; Iraq – Targeting of Individuals; March, 2019; available at:

[accessed 3 April, 2019]

[4] EASO – European Asylum Support Office: Country Guidance: Iraq; Guidance note and common analysis, June 2019

 (accessed on 7 October 2019)

[5] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Targeting of Individuals, March 2019

 (accessed on 7 November 2019)

[6] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Security situation, March 2019

 (accessed on 27 March 2019)

[7] EASO – European Asylum Support Office: Iraq; Security situation (supplement) – Iraq Body Count – civilian deaths 2012, 2017-2018, February 2019

 (accessed on 27 March 2019)