რუსეთი. ნავალნის მხარდამჭერთა მიმართ არსებული დამოკიდებულება. სექტემბერი, 2022

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ ალეკსეი ნავალნი, გერმანიაში მკურნალობის შემდეგ, რუსეთში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა. დაბრუნებისთანავე ის დააპატიმრეს და ახალი ბრალდებებითაც გაასამართლეს. ამას ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა, რომელიც ხელისუფლებამ ჩაახშო. ნავალნისთან დაკავშრებული სამი ორგანიზაცია ხელისუფლებამ „ექსტრემისტულად“ გამოაცხადა და საქმიანობა აუკრძალა.

2021 წლის თებერვალში, მოსკოვის სასამართლომ 25-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა „მედიაზონის“ მთავარ რედაქტორს სოციალურ ქსელში ნავალნის მხარდამჭერი პროტესტის ამსახველი ფოტოს გამოქვეყნებისთვის. ნავალნის მხარდასაჭერი აქციების დარბევის შემდეგ, ხელისუფლებამ დააპატიმრა ორგანიზატორებად მიჩნეული პირები და კარგად ცნობილი აქტივისტები. რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო უნივერსიტეტები სტუდენტებს, დემონსტრაციებში მონაწილეობის შემთხვევაში, გარიცხვით ემუქრებოდნენ. 2021 წლის სექტემბერში ხელისუფლებამ ნავალნისა  და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრა „ექსტრემისტული ჯგუფის“ საქმიანობის გაგრძელების ბრალდებით. იგივე ბრალდებით ნოემბერში დააპატიმრეს უფაში ნავალნის ჯგუფის ყოფილი თავმჯდომარე ლილია ჩანიშევა.

2021 წლის ივლისში, რუსეთის ხელისუფლებამ სოციალურ ქსელს Youtube ნავალნისთან დაკავშირებული გვერდების გაუქმება, ხოლო Apple-სა და Google-ს ნავალნის აპლიკაციების წაშლა მოთხოვა. კომპანიებმა მოთხოვნა საბოლოოდ დააკმაყოფილეს, თუმცა Google-მა ოქტომბერში აპლიკაციები აღადგინა.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ 2021 წლის იანვარში ნავალნის დაპატიმრების შემდეგ, რუსეთში მსხვილი საპროტესტო აქციები დაიწყო. ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა და 11 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა და 130-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. იუსტიციის სამინისტრო კვლავ არ არეგისტრირებს ნავალნის პოლიტიკურ პარტიას. 2021 წლის ივნისში ნავალნის ანტი-კორუფციული ფონდი ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა და საქმინაობა აეკრძალა. 2021 წლის აგვისტოში ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა „მემორიალი“ პოლიტპატიმართა სია გამოაქვეყნა [სულ 410 პირი]; მათ შორის იყვნენ თავად ნავალნიც და მისი რამდენიმე მხარდამჭერი. ასევე, ჟურნალისტები და არჩევნებისთვის პოტენციური ოპოზიციური კანდიდატები.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტო გამოსვლებს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით დემონსტრანტის თვცითნებური დაკავება და მათ მიმართ ადმინისტრაციული და სისხლისამართლებრივი დევნა მოჰყვა. მოსკოვში აქტიურად იყენებდნენ სახის ამოცნობის ტექნოლოგიებს მშვიდობიანი დემონსტრანტების იდენტიფიცირებისთვის. ნავალნისთან ასოცირებული პირები და მისი მხარდამჭერები მთელი რუსეთის მასშტაბით დევნას აწყდებიან, მათ შორის დაუსაბუთებელ სისხლისსამართლებრივ და ადმინისტრაციულ დევნას. ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე დაპატიმრებულები უჩიოდნენ არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას დაკავების ცენტრებში.[3]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ ნავალნისთან და მის პოლიტიკურ აქტივობებთან ასოცირებული აქტივისტები წამებისა და ძალადობის ობიექტები გახდნენ საპატიმროში ყოფნის დროს. ხელისუფლება, ასევე, სჯის ოჯახის წევრებსაც, მათი ნათესავების ქმედებების გამო. 27 იანვარს პოლიციამ დააკავა ნავალნის ძმა და იმავე დღეს ჩხრეკა ჩაატარა ნავალნის 13 თანამოაზრის სახლში.[4]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი ACCORD 2022 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ 2021 წლის განმავლობაში კრემლმა გაამკაცრა ოპონენტების შევიწროვება; მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერი ალეკსეი ნავალნის მხარდამჭერების მიმართ. კრემლი ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს დაპატიმრებებს, ინტერნეტ ცენზურას და შავ სიებს. ოპონენტების დევნა განსაკუთრებით გამძაფრდა რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.[5]

[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 22 სექტემბერს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ რუსეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 24 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 22 სექტემბერს]

[3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 29 მარტს; ხელმისაწვდომაი ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 22 სექტემბერს]

[4] ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 12 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 22 სექტემბერს]

[5] ავსტრიის წარმოშბის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი ACCORD; რუსეთის ფედერაცია: პოლიტიკური პროტესტი და განსხვავებული აზრი; გამოქვეყნებულია 2022 წლის მაისში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 22 სექტემბერს]

რუსეთი. ოპოზიციური აქტივისტებისა და ჟურნალისტების მდგომარეობა. სექტემბერი, 2021

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ რუსეთი კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმია, რომელიც სრულად აკონტროლებს განსხვავებულ აზრს და პოლიტიკურ ოპოზიციურ აზრს აღმასრულებელი ძალაუფლების, კანონმდებლობის კონტროლის და მართვადი დემოკრატიული ინსტიტუტების კომბინაციის გამოყენებით. არჩევნები მანიპულაციებით მიმდინარეობს და ფართოდ გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსი, ხელდასმული კანდიდატები და „სისტემური“ ოპოზიციური პარტიები (მოჩვენებითი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დე ფაქტოდ ეწინააღმდეგებიან კრემლის პოზიციას). მაღალი ხარისხის ფორმალური პოლიტიკური ბუნება ხელს უშლის ქვეყანაში სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კონტექსტის ცვლილებას.

სამოქალაქო სექტორი კვლავ სერიოზულ შეფერხებებსა და ზეწოლას აწყდება, თუმცა მაინც პოულობს გზებს, შეიკრიბოს და სხვადასხვა პოლიტიკური საკითხის გარშემო პოლიტიკური მოძრაობების ორგანიზება შეძლოს. ტაქტიკა, რომელსაც ხელისუფლება სამოქალაქო სექტორზე ზეწოლის მიზნით იყენებს, მოიცავს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა გამოძიებები და იურიდიული რეგისტრაციის შეზღუდვა უცხოელ აგენტებად გამოცხადების საფუძვლით; ასევე, პოლიციის მიერ ორგანიზაციების შევიწროვება, დაპატიმრებები ყალბი საფუძვლებით და კრემლის ერთგული კერძო პირების მიერ სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების ფინანსური ვალდებულებების გამოსყიდვაც კი. გარდა ამისა, რეჟიმთან დაკავშირებული დაინტერესებული პირები აფუძნებენ და აფინანსებენ სამოქალაქო სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებს, რათა საკუთარი ინეტერესების შესაბამისი გარემო და აქტიური სამოქალაქო ცხოვრების ილუზია შექმნან. მაგალითად, ხელისუფლებამ, პრეზიდენტის განკარგულებით, მოსკოვში შენობა გადასცა ახლად შექმნილ „ბავშვთა დაცვის ფონდს“. აღნიშნული ნაბიჯით ხელისუფლებამ დააკმაყოფილა ისეთი ინტერესთა ჯგუფების სურვილები, როგორიცაა მაგალითად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელსაც ხელისუფლება აქტიურად იყენებს საარჩევნოდ.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება კვლავ იზღუდება. ბოლო პერიოდში, პანდემიის საფუძვლით, საჯარო შეკრებებისა და ერთ-კაციანი პიკეტირების კანონებიც კი გამკაცრდა და რიგ რეგიონში მსგავსი ღონისძიებები საერთოდ აიკრძალა. მიუხედავად შეზღუდვებისა, საჯარო პროტესტი იყო მცირე, მაგრამ რეგულარული. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა ერთი კაცის პიკეტირებების შედეგად დაპატიმრებულთა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულთა რაოდენობა.

გარდა იმისა, რომ პოლიცია რუტინულად იყენებს გადამეტებულ არა საჭირო ძალას დემონსტრანტების წინააღმდეგ, ის ასევე თვალს ხუჭავს და, პირიქით, ახალისებს კიდეც დემონსტრანტების მიმართ სხვა ჯგუფების მხრიდან ძალადობას. მაგალითად, ბაშკირეთში, გარემოსდაცვითი მშვიდობიანი დემონსტრანტების ჯგუფს, რომლებიც წიაღისეულის მოპოვების ადგილობრივ პროექტს აპროტესტებდნენ, თავს დაესხნენ კერძო პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, პოლიციასთან შეთანხმებით მოქმედებდნენ. ინციდენტი გამოუძიებელი და დამნაშეევბი დაუსჯელნი დარჩნენ. 2020 წლის აგვისტოში, კერძო დაცვის სამსახურის 30-მდე თანამშრომელი და ასამდე ნიღბიანი პირი თავს დაესხა გარემოს დამცველთა აქტივისტების ბანაკს. პოლიცია გამოიძახეს, მაგრანმ სამართალდამცველები სიტუაციაშ არ ჩარეულან. მომხდარმა კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი პროტესტი გამოიწვია, რასაც საბოლოოდ წიაღისეულის მოპოვების პროექტის დახურვა მოჰყვა.

ოპოზიციური აქტივისტები და სხვა განსხვავებული აზრის მქონე პირები აწყდებიან მკაცრ რეპრესიებს. ოპოზიციური ლიდერის ალექსეი ნავალნის ანტი-კორუფციული ფონდის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში, გაიყინა ფონდთან დაკავშირებული 126 საბანკო ანგარიში, რასაც ნავალნისა და სხვათა მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმეების დაწყება მოჰყვა. 20 აგვისტოს, ნავალნი თვითმფრინავის ბორტზე გახდა ცუდად და გადაუდებელი წესით გადაყვანილ იქნა გერმანიის ერთერთ ჰოსპიტალში. მოგვიანებით დადგინდა, რომ ის სამხედრო ნერვული აგენტის გამოყენებით იყო მოწამლული. რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნის მოწამვლის ფაქტის გამოძიება ვერ შეძლო.

ციმბირელი შამანი ალექსანდრ გაბიშევი, რომელმაც დაიფიცა, რომ კრემლს პუტინისგან „გაასუფთავებდა“, კოვიდ ტესტზე უარის მოტივით, ფსიქიატრიულ კლინიკაში განათავსეს. ის ათი დღის შემდეგ გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც საქმე რეზონანსული გახდა და მომხდარს მწვავე კრიტიკა მოჰყვა როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთ.

2020 წლის ივნისში, პოლიტიკური ბლოგერი ნიკოლაი პლატოშკინი, მას შემდეგ, რაც „მასობრივი არეულობისკენ მოწოდებებში“ და „წინასწარი შეცნობით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში“ დაადანაშაულეს, შინა პატიმრობაში გაამწესეს. რეალურად კი ნიკოლაი პლატოშკინი საკონსტიტუციო ცვლილებების საწინააღმდეგო მშვიდობიან პროტესტს გეგმავდა.[2]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ მრავალპარტიული სისტემა კარგად კონტროლდება კრემლის მიერ, რომელიც უშვებს მხოლოდ ფორმალურ შეჯიბრებითობას და ინარჩუნებს „ერთიანი რუსეთის“ პარტიის დომინანტურ როლს. 2012 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, გამარტივდა პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია, რამაც მრავალი ახალი პოლიტიკური პარტია შექმნა. მიუხედავად ამისა, არცერთი პარტია რეალურ საფრთხეს ხელუსფლებისთვის არ წარმოადგენს და მეტიც, ბევრი მათგანი პოლიტიკური ოპოზიციის გახლეჩვასა და დაყოფას ემსახურება. იუსტიციის სამინისტრო კვლავ უარს აცხადებს ნავალნის პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციაზე.

2020 წლის ადგილობრივ არჩევნებზე სამმა ახალმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა ბარიერი, რომელიც 2021 წლის საკანონმდებლო არჩევნებში მონაწილეობისთვისაა საჭირო. ეს პარტიები არიან: ახალი ხალხი, სიმართლისთვის და მწვანე ალტერნატივა. რეალურად, სამივე პარტიას კავშირი აქვს მმართველ ძალასთან; ეს საშუალებას აძლევს კრემლის მეგობარ პოლიტიკურ ფიგურებს დისტანცია დაიჭირონ „ერთიან რუსეთთან“, რომელიც მზარდი ტემპით არაპოპულარული ძალაა, თუმცა მაინც დომინანტურ ძალად რჩება.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ სანდო ცნობები ვრცელდება, რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობის შესახებ. პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში, ძირითადად, ფიგურირებს ისეთი ბრალდებები, როგორიცაა „ტერორიზმი“, „ექსტრემიზმი“, „სეპარატიზმი“ და „ჯაშუშობა“. გავრცელებული ცნობებით, პოლიტიკური პატიმრები განსაკუთრებით მძიმე საპატიმრო პირობებში ჰყავთ გამწესებული და არიან ისეთი სადამსჯელო მოპყრობის ობიექტები, როგორიცაა სამარტოო საკანი და ფსიქიატრიულ განყოფილებაში განთავსება.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის „მემორიალი“ მიერ გამოქვეყნებული სია, რომელიც  2020 წლის დეკემბრის მდგომარეობას ასახავდა, მოიცავდა 358 პირს. ორგანზიაციის ცნობით, აღნიშნული პირები რუსეთში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შედეგად იყვნენ დაპატიმრებული. მათგან 295 პირის პატიმრობა რელიგიური პრაქტიკის აღსრულებით იყო გამოწვეული. ორგანიზაციის მტკიცებით, პოლიტიკურ პატიმართა რეალური რაოდენობა გაცილებით დიდია; შეიძლება ორჯერ და სამჯერ მეტიც კი. ორგანზიაციის მიერ გამოქვეყნებული სია, მათ შორის, მოიცავს ჟურნალისტებს, რომლებიც მათი პროფესიული საქმიანობის გამო დააპატიმრეს; მაგალითად, აბდულმუმინ გაჯიევი; მოიცავს, ასევე, ადამიანის უფლებათა აქტივისტებს და უკრაინელებს, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას აპროტესტებენ.[4]

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ 2018-2019 წლებში პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული პირები ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს – პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული პირები, როგორც ასეთი და ისინი, ვისი პოლიტიკური მოტივით დაპატიმრება დაკავშირებულია მათ მიერ რელიგიის თავისუფლების პრაქტიკასთან.

ზემოაღნიშნული კატეგორიებიდან პირველი ჯგუფის შემთხვევაში, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნი არიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური აქტივისტები, რომლებიც, როგორც წესი, ოპოზიციური ბუნების არიან. პირველ რიგში, ესენი არიან ე.წ. „არა-სისტემური ოპოზიციის“ წევრები სხვადასხვა გაერთიანებიდან. მათ შრის არიან ოპოზიციური აქტივისტები შეხედულებების ფართო არეალით: ლიბერალები, სოციალისტები და კომუნისტები, ანარქისტები, ნაციონალისტები (როგორც რუსი, ასევე სხვა ეთნიკური ჯგუფები) და „ზოგადად“ ოპოზიციური აქტივისტები. ამასთან, პოლიტიკური მიზეზით რეპრესიების ობიექტები შეიძლება გახდნენ ასევე „სისტემური ოპოზიციის“ წევრებიც, რომლებიც განსაკუთრებით გავლენიანები არიან რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე.

ორგანიზაციის შეფასებით, 2018 წელს სიტუაცია განსხვავებული იყო და პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულთა შორის მხოლოდ ერთეულები იყვნენ ცნობილი პოლიტიკური აქტივისტები. სხვა პირები კონკრეტულად იმ დროს აქციაზე მყოფი პირები იყვნენ, რომელთა შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი. 2019 წელს კი მშვიდობიანი აქციების დევნის პროცესში არა მხოლოდ რიგით დემონსტრანტებს, არამედ კარგად ცნობილ პოლიტიკურ აქტივისტებს აპატიმრებდნენ მასობრივად.

პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულთა შორის ძალიან მცირე რაოდენობით არიან ჟურნალისტები. „მემორიალის“ მიერ გამოქვეყნებულ სიაში მხოლოდ 4 ჟურნალისტია, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლნი გახდნენ. ბლოგერები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები გაცილებით მეტი საფრთხის წინაშე დგანან, ვიდრე მედია ორგანიზაციების თანამშრომლები. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული დამოკიდებულის ძირითადი გამომწვევი ფაქტორი არიას ის გარემოება, რომ ბლოგერები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომლებიც არ წარმოადგენენ რაიმე მედია ორგანიზაციას, უფრო ნაკლებად სარგებლობენ მედია სოლიდარობით და ორგანიზაციის რესურსით. გარდა ამისა, მედია ორგანიზაციების წარმომადგენელი ჟურნალისტები უფრო მეტად არიან მოქცეული პროფესიულ სტანდარტებში და გაშუქების დადგენილ წესებში. ბლოგერები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები კი გაცილებით მძიმე ფორმებით გამოხატავენ საკუთარ აზრს და ამიტომ, მათ მიმართ სამართალდამცავი სტრუქტურები უფრო აგრესიულები არიან.

სოციალური მედიის პოპულარობის ზრდა განაპირობებს რეალობას, სადაც დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე გაცილებით მეტი ოპოზიციური ბლოგერია სახეზე. რუსული კანონმდებლობით, ფორმალურად, განმარტებულია, რა შემთხვევაში ხდება სოციალური ქსელის მომხმარებელი ბლოგერი (მომხმარებლის გვერდის ნახვების რაოდენობა დღიურად უნდა აჭარბებდეს 3 ათასს). თუმცა, ბლოგერთა რეგისტრაციის პოტენციურად რეპრესიული ნორმა, რომელიც 2014 წელს შეიმუშავეს, პრაქტიკაშ არასდროს გატარებულა და საბოლოოდ, 2017 წელს გაუქმდა.[5]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ 2020 წელს გრძელდებოდა სივრცის შეზღუდვა ისეთი დამოუკიდებელი მედია საშუალებებისთვის, როგორიცაა გაზეთი, ტელევიზია და რადიო. ამასთან, ინტერნეტი კვლავ რჩება უფრო კრიტიკულ პლატფორმად. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტების წარსული პროფესიული საქმიანობა გავლენას ახდენს მათ სამომავლო დასაქმებაზე, როდესაც ისინი საქმიანობის სფეროს შეცვლას ცდილობენ.

„მედუზას“ ყოფილი რედაქტორი ილია აზარი მოსკოვში 15-დღიან პატიმრობაში გაამწესეს. 2019 წელს აზარი მუნიციპალურ დონეზე პოლიტიკური თანამდებობის პირი გახდა და აქტიურად აპროტესტებდა და ითხოვდა საეჭვო ბრალდებებით დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებას, მათ შორის ვლადიმირ ვორონცოვისა და ვიქტორ ნემიტოვის, რომლებიც მათი საქმიანობის გამო დააპატიმრეს. ისინი კრიტიკულ მოსაზრებებს აქვეყნებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებების ფაქტების შესახებ.[6]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ დევნა, შევიწროვება და ფიზიკური ანგარიშსწორება ჟურნალისტების მიმართ კვლავ გრძელდება. 2020 წლის 30 ივნისს, სანკტ პეტერბურგში, საარჩევნო უბანზე პოლიცია თავს დაესხა ჟურნალისტ დავიდ ფრენკელს და ხელი მოტეხა. 15 ოქტემბერს ჟურნალისტი ხაბაროვიდან, სერგეი პლოტნიკოვი, გაიტაცეს ნიღბიანმა პირებმა, წაიყვანეს ტყეში, სცემეს და მისი სიკვდილით დასჯა გაითამაშეს. პლოტნიკოვმა, გათავისუფლების შემდეგ მიმართა პოლიციას, თუმცა 2020 წლის ბოლოსთვის მას კვლავ არანაირი ინფორმაცია ჰქონდა გამოძიების დაწყების შესახებ. ჟურნალისტი ნიჟნი ნოვგოროდიდან, ირინა სლავინა, ხელისუფლების მხრიდან რუტინული ძალადობის ობიექტი გახდა. 2020 წლის პირველ ოქტომბერს მის სახლში რეიდი და ჩხრეკა ჩატარდა და გამოიძახეს მოწმედ სისხლის სამართლის საქმეში ერთერთი ადგილობრივი აქტივისტის წინააღმდეგ, რომელსაც „არასასურველი ორგანიზაციების“ კანონით ასამართლებდნენ. მომდევნო დღეს მან პროტესტის ნიშნად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა რეგიონული პოლიციის ოფისის წინ.

2020 წლის 6 ივლისს, პსკოვის სამხედრო სასამართლომ ჟურნალისტი სვეტლანა პროკოფიევა „ტერორიზმის საჯარო გამართლებაში“ დაადანაშაულა და 500 ათასი რუსული რუბლით დააჯარიმა. სვეტლანა პროკოფიევამ საჯაროდ განაცხადა, რომ რეპრესიული პოლიტიკა არხანგელსკში, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, 17 წლის ბიჭის მიერ თავის აფეთქების მოტივატორი იყო.[7]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ადგენს სიტყვის თავისუფლებას, თუმცა რეალურად, ექსტრემიზმის შესახებ კანონი ხელისუფლებას აძლევს დიდ დისკრეციას საკუთარი შეხედულებებისამებრ შეზღუდოს სტყვის თავისუფლების ნებისმიერი გამოხატულება, ასევე ორგანიზაცია ან აქტივობა, რომელიც ოფიციალური მხარდაჭერით არ სარგებლობს. მთავრობა, პირდაპირ ან სახელმწიფო კომპანიოებისა და მეგობარი ბიზნესების დამხრებით, აკონტროლებს ყველა ეროვნულ სატელევიზიო ქსელს და ბევრ რადიო და ბეჭდვით საშუალებებს, ისევე როგორც ბევრ მედია სარეკლამო კომპანიას. დამოუკიდებელი მედია საშუალებები მაინც განაგრძობენ საქმიანობას, ბევრი ონლაინ და ბევრიც წარმომადგენლობებით საზღვარგარეთ. ძალიან ცოტა ოპერირებს რუსეთიდან და ისინი აწყდებიან დიდ წინააღმდეგობებს სახელმწიფოს ინტერესებისგან დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ტელევიზიები ინფორმაციის ყველაზე პოპულარუი წყაროები არიან, თუმცა მათი გავლენა კლებულობს ახალგაზრდებში, ვინც უპირატესობას სოციალურ ქსელებს ანიჭებენ.

თავდასხმები, დაპატიმრებები, ოფისის რეიდები და მუქარები ჟურნალისტების მიმართ ფართოდაა გავრცელებული და ხელისუფლება აქტიურად ებრძვის ჟურნალისტებს მოსკოვს გარეთაც. ივან საფრონოვი, რომელიც „კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ კორესპონდენტად მუშაობდა, 2020 წლის ივლისში დააპატიმრეს და „დასავლეთისთვის ჯაშუშობაში“ დაადანაშაულეს. სექტემბერში, ინგუშეთის ხელისუფლებამ ჟურნალისტ რაშიდ მაისიგოვს, ნარკოტიკული საშულებების ქონის ბრალდებით, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მაისიგოვი ადგილობრივ პროტესტებსა და აქტივისტების დევნას აშუქებდა.

„როსკომნადზორმა“ – მედია და სატელეკომუნიკაციო ცენზურის ფედერალურმა სააგენტომ – შეწყვიტა დაშიფრული საკომუნიკაციო პროგრამის „ტელეგრამის“ აკრძალვისკენ მიმართული მცდელობები და 2020 წლის ივნისში პლატფორმას ორ-წლიანი აკრძალვა მოუხსნა.[8]

[1] Freedom House: Nations in Transit 2021 – Russia, 28 April 2021

 (accessed on 3 September 2021)

[2] AI – Amnesty International: Amnesty International Report 2020/21; The State of the World’s Human Rights; Russian Federation 2020, 7 April 2021

 (accessed on 3 September 2021)

[3] Freedom House: Freedom in the World 2021 – Russia, 3 March 2021

 (accessed on 3 September 2021)

[4] USDOS – US Department of State: 2020 Country Report on Human Rights Practices: Russia, 30 March 2021

 (accessed on 3 September 2021)

[5] Memorial: Political Repression and Political Prisoners in Russia 2018–2019, October 2020

 (accessed on 3 September 2021)

[6] Freedom House: Nations in Transit 2021 – Russia, 28 April 2021

 (accessed on 3 September 2021)

[7] AI – Amnesty International: Amnesty International Report 2020/21; The State of the World’s Human Rights; Russian Federation 2020, 7 April 2021

 (accessed on 3 September 2021)

[8] Freedom House: Freedom in the World 2021 – Russia, 3 March 2021

 (accessed on 3 September 2021)

საუდის არაბეთი. სიტყვის, აზრის და გამოხატვის თავისუფლება. თებერვალი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუდის არაბეთის შესახებ წერს, რომ საუდის არაბეთის სამეფო მონარქიაა, რომელსაც მართავს მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი, რომელიც არის როგორც სახელმწიფოს, ასევე მთავრობის მეთაური. 1992 წლის საბაზისო კანონი, რომელიც განსაზღვრავს მმართველობის სისტემას, ადამიანის უფლებებს და მთავრობის მოვალეობებსა და ძალაუფლებას, ადგენს, რომ ყურანი და სუნა (წინასწარმეტყველ მუჰამედის ტრადიციები) ქვეყნის კონსტიტუციის როლს ასრულებს. კანონით დადგენილია, რომ მეფე აბდულაზიზის მამრობითი სქესის მემკვიდრეები არიან ქვეყნის მმართველები.

მთავრობა და მისი სახელით მოქმედი პირები ჩართულები არიან თვითნებურ და უკანონო მკვლელობებში. ვრცელდება ინფორმაციები გაუჩინარებების შესახებ, სადაც ასევე ხელისუფლების აგენტების ხელი ურევია. ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ადგილობრივი აქტივისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების ცნობით, საუდის არაბეთში ასობით და ათასობით პოლიტიკური პატიმარია. სანდო წყაროების მტკიცებით, ხელისუფლება პირებს აკავებს მშვიდობიანი აქტივობებისა და პოლიტიკური ოპოზიციონერობისთვისაც.

კანონი არ უზრუნველყოფს გამოხატვის, მათ შორის პრესის თავისუფლებას. საბაზისო კანონი განმარტავს, რომ „მასმედია და გამოხატვის ყველა სხვა საშუალება უნდა იყენებდეს თავაზიან ლექსიკას, უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის განმანათლებლობას და აძლიერებდეს ერთიანობას. მედიას ეკრძალება ისეთი ქმედება, რომელიც გამოიწვევს უწესრიგობას და განხეთქილებას, რაც ზიანს მიაყენებს ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებას ან შელახავს ადამიანის უფლებებსა და ღირსებას“. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, განსაზღვროს რა სახის ტექსტი ან გამოხატვა უქმნის საფრთხეს ეროვნულ უსაფრთხოებას. მთავრობას შეუძლია აკრძალოს ან შეაჩეროს მედიასაშუალების საქმიანობა თუ ჩათვლის, რომ ის არღვევს პრესისა და პუბლიკაციების შესახებ კანონს. ხელისუფლება კრძალავს ასობით ინტერნეტ საიტს და აწარმოებს ათასობით ონლაინ რესურსის მონიტორინგს. ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვების შესახებ.

ხელისუფლება ახდენს აზრის საჯაროდ გამოხატვის მონიტორინგს და აწესებს სამართლებრივ კონტროლს გამოხატვის თავისუფლებაზე და უკრძალავს პირებს, ჩაერთონ პოლიტიკური სფეროს საჯარო კრიტიკაში. მთავრობამ არაერთი პირი მისცა სამართლებრივ პასუხისგებაში მათი სიტყვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის გამო. მწერლები, ჟურნალისტები და ბლოგერები ხშირად ხდებიან დაპატიმრების, თავისუფლების აღკვეთისა და ძალადობის ობიექტები. კანონი არ უზრუნველყოფს შეკრების თავისუფლებას, რასაც ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუდის არაბეთის შესახებ წერს, რომ ქვეყნის აბსოლუტური მონარქია ზღუდავს თითქმის ყველა პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებას. პოლიტიკური პარტიები აკრძალულია და განსხვავებული პოლიტიკური აზრი ეფექტურადაა კრიმინალიზებული. მთავრობა აკონტროლებს მედიის შინაარსს და დომინირებს რეგიონული ბეჭდვითი და სატელიტური-სატელევიზიო დაფარვის კუთხით. ჟურნალისტები შეიძლება გახდნენ თავისუფლების აღკვეთის მსხვერპლნი სხვადასხვა სახის ბუნდოვანი ბრალდებების გამოყენებით.

2011 წელს პრესის შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად, კრიმინალიზებულია, მათ შორის, ნებისმიერი კრიტიკა რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის უზენაესი მუფტის, მაღალი რელიგიური მქადაგებლების საბჭოს ან მთავრობის წარმომადგენლებისკენ. აღნიშნული წესის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს დაჯარიმება და მედია საშუალების დახურვა. ყველა ბლოგსა და ინტერნეტ გვერდს ან პირს, რომელიც წერს ამბავს ან კომენტარს ონლაინ სივრცეში, უნდა ჰქონდეს ინფორმაციის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზია; წინააღმდეგ შემთხვევაში ვებ-გვერდი შეიძლება დაჯარიმდეს ან დაიხუროს.

სამეცნიერო თავისუფლება შეზღუდულია. ხორციელდება კლასების მონიტორინგი, რათა პროცესი შეესაბამებოდეს დადგენილ კურიკულუმს. იკრძალება სეკულარული ფილოსოფიის ან ისლამის გარდა, სხვა რელიგიის სწავლება. აკადემიკოსები აწყდებიან სხვადასხვა სახის სასჯელს მთავრობის პოლიტიკის საჯარო კრიტიკული ანალიზისთვის.

საუდელებს აქვთ საშუალება, გარკვეული დოზით, ჩაერთონ კერძო საუბრებში პოლიტიკურ ან სხვა საკითხებზე, მათ შორის გააკრიტიკონ მთავრობის საქმიანობის ესა თუ ის ასპექტი. მიუხედავად ამისა, მკაცრი სისხლის სამართლებრივი სასჯელები აფერხებს რეჟიმის უფრო კონკრეტულ კრიტიკას და თავისუფალ დისკუსიას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რელიგია და სამეფო ოჯახი. კანონმდებლობა გამოხატვის სფეროში ისე ბუნდოვნადაა შედგენილი, რომ ხელისუფლებას დისკრეციის საკმაოდ დიდ საშუალებას აძლევს, თავად განსაზღვროს, რა არის კანონის დარღვევა.

გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარება კიდევ უფრო შეირყა 2018 წელს, როდესაც დააპატიმრეს ქალთა უფლებების აქტივისტები და მთავრობის პოლიტიკის სხვა კრიტიკოსები, რასაც დაემატა ჯამალ ჰაშაღის მკვლელობა[2] სტამბოლში. ყოველივე ამან რიგით საუდელებს აიძულა განსხვავებული აზრის საჯაროდ გამოხატვისგან თავის შეკავება. ჰაშაღის გაუჩინარების შემდეგ, სამართალდამცავებმა საუდის არაბეთის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს შეახსენეს, რომ ჭორებისა თუ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, შესაძლოა დასჯილიყვნენ 5 წლით თავისუფლების აღკვეთით. საუდის არაბეთში ფართოდაა გავრცელებული თვალთვალი და ჯაშუშობის მიმართ მოწყვლადი არიან ის საუდელებიც, რომლებიც უცხო ქვეყნებში ცხოვრობენ.[3]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუდის არაბეთის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება ძალადობს, აპატიმრებს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევს, მათ შორის, მთავრობის კრიტიკოსებს. საუდის არაბეთის ხელისუფლება ქვეყნის ანტი-ტერორისტულ კანონს იყენებს იმ პირების მიმართაც, ვინც მშვიდობიანად შეეცდება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით ისარგებლოს. კიბერ-დანაშაულის შესახებ კანონით კი ისჯება მთავრობის პოლიტიკის კრიტიკა. ადამიანის უფლებათა აქტივისტები გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობისთვის მრავალწლიან სასჯელს იხდიან საპატიმროებში. ყველა სახის შეკრება, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრაცია, კვლავ აკრძალულია შსს სამინისტროს 2011 წლის ბრძანებულებით.[4]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუდის არაბეთის შესახებ წერს, რომ ქვეყანა უპრეცედენტო კრიტიკის ობიექტი გახდა 2019 წელს, რაც გამოწვეული იყო ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარებით და საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის საქმით. 2019 წლის განმავლობაში საუდის არაბეთის ხელისუფლება განაგრძობდა ადამიანის უფლებათა აქტივისტების, დამოუკიდებელი რელიგიური პირებისა და განსხვავებული აზრის დევნას. საუდელი პროკურორები კვლავ ითხოვდნენ სიკვდილით დასჯის გამოყენებას იმ პირების მიმართ, ვისაც აპატიმრებდნენ მშვიდობიანი აქტივობებისა და განსხვავებული აზრის გამო.[5]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Saudi Arabia, 13 March 2019

 (accessed on 6 February 2020)

[2] ცნობილი საუდელი ჟურნალისტი და ხელისუფლების კრიტიკოსი ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში გაუჩინარდა. მოგვიანებით, მისი მკვლელობის საქმეზე საუდის არაბეთმა ხუთი პირი გაასამართლა. გავრცელებული მოსაზრებით, ჰაშაღის მკვლელობის ორგანიზება საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მოახდინა.

[3] Freedom House: Freedom in the World 2019 – Saudi Arabia, 4 February 2019

 (accessed on 6 February 2020)

[4] AI – Amnesty International: Human rights in the Middle East and North Africa: Review of 2018 – Saudi Arabia [MDE 23/9902/2019], 26 February 2019

 (accessed on 6 February 2020)

[5] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Saudi Arabia, 14 January 2020

 (accessed on 6 February 2020)

ბანგლადეში. ადამიანის უფლებების დაცვა. პოლიტიკური ოპოზიცია. ნოემბერი, 2019

ბანგლადეშში პოლიტიკური ძალაუფლება კონცენტრირებულია მმართველი პარტიის „ავამი ლიგა“ ხელში და მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ის იყენებს ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული სუბიექტების, ასევე კრიტიკულად განწყობილი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რეპრესიებს. კორუფცია ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა და ანტი-კორუფციული ძალისხმევა მნიშვნელოვნადაა შესუსტებული პოლიტიზებული ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით. უსაფრთხოების ძალები დაუსჯელად სჩადიან სხვადასხვა სახის ადამიანის უფლებების დარღვევებს. ისლამისტური ექსტრემისტული საფრთხე 2016 წლის შემდეგ შემცირებულია – მთავრობამ აამოქმედა მკაცრი მეთოდები, რასაც 15 ათასამდე პირის დაპატიმრება მოყვა.[1]

სამოქალაქო ხელისუფლება ახორციელებს უსაფრთხოების ძალების ეფექტურ კონტროლს. ბანგლადეშში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სერიოზულ პრობლემებია უკანონო და თვითნებური მკვლელობები; იძულებითი გაუჩინარებები; წამება; თვითნებური და უკანონო დაკავებები მთავრობის მიერ ან მისი სახელით; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური ნიშნით პატიმრები; თვითნებური და უკანონო ჩარევა პირად ცხოვრებაში; ცენზურა, ინტერნეტ საიტების დაბლოკვა და ცილისწამება; ასევე. მშვიდობიანი შეკრების უფლებების დარღვევა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობების აკრძალვები; პოლიტიკური ჩართულობის შეზღუდვა; კორუფცია; ადამიანებით ვაჭრობა; ძალადობა ლგბტი თემის მიმართ და ერთსქესიანთა კავშირის სისხლისსამართლებრივი დევნა; მშრომელთა უფლებების დარღვევები და ბავშვთა შრომის გამოყენება. ვრცელდება ინფორმაციები უსაფრთხოების ძალების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ფართომასშტაბიანი დაუსჯელობის შესახებ. მთავრობა ძალიან ცოტას აკეთებს უსაფრთხოების ძალების მიერ სავარაუდო მკვლელობების ფაქტების გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისთვის.[2]

ბანგლადეშის პარლამენტი 350 წევრისგან შედგება, საიდანაც 300 აირჩევა პირდაპირი წესით. პოლიტიკური პარტიები ირჩევენ საერთო ჯამში 50 მდედრობითი სქესის წევრს მათ მიერ არჩევითი ადგილების განაწილების შესაბამისად. შეიხ ჰასინას მმართველმა „ავამი ლიგამ“ 2018 წლის დეკემბერში გამართული არჩევნები, ზედიზედ მესამედ, უდიდესი უპირატესობით მოიგო და 300 არჩევითი ადგილიდან 288 დაისაკუთრა. არჩევნების დღე და წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური ძალადობის ფონზე მიმდინარეობდა და მინიმუმ 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; ასევე, ადგილი ჰქონდა მთავრობის ოპონენტების როგორც სამართლებრივი ასევე სხვა მეთოდებით შევიწროვებას. ოპოზიციური პარტიის „BNP“ მტკიცებით, მათი 6 ათასამდე მხარდამჭერი და 10 კანდიდატი არჩევნების წინ დააპატიმრეს და აღნიშნული კანდიდატები ძალადობისა და დაშინების მსხვერპლნი გახდნენ. პარტიის ლიდერი კჰალედა ზია კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს და კენჭისყრამდე ჩასვეს ციხეში, შემდეგ კი არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის უფლება ჩამოართვეს, რამაც პარტია „BNP“ სერიოზულად დააზარალა.

პარტია „BNP“-ის მტკიცებით, „ავამი ლიგამ“ არჩევნები ფართომასშტაბიანი მოსყიდვის და გაყალბების გზით მოიგო. აღნიშნულ პროცესში, მათი თქმით, ჩართულნი იყვნენ, როგორც პარტიის აქტივისტები, ასევე სამართალდამცავი ორგანოები. არჩევნებზე არ დაუშვეს სანდო და სარწმუნო რეპუტაციის მქონე არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი დამკვირვებლები. საარჩევნო კომისიამ, სხვადასხვა დარღვევებისთვის, „ავამი ლიგის“ 3 და „BNP“-ის 141 კანდიდატი მოხსნა არჩევნებიდან.[3]

ბანგლადეშში გრძელდება მმართველი პარტიის მიმართ ოპოზიციურად და კრიტიკულად განწყობილთა დევნა. მათ შორის არიან როგორც პოლიტიკური ოპოზიცია, ასევე ჟურნალისტები, ცნობილი სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეებიც კი.[4]

[1] Freedom House: Freedom in the World 2019 – Bangladesh, 4 February 2019

 (accessed on 28 November 2019)

[2] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Bangladesh, 13 March 2019

 (accessed on 28 November 2019)

[3] Freedom House: Freedom in the World 2019 – Bangladesh, 4 February 2019

 (accessed on 28 November 2019)

[4] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Bangladesh, 17 January 2019

 (accessed on 28 November 2019)

რუსეთი. ნავალნის პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობა. აგვისტო, 2019

ალექსეი ანატოლის ძე ნავალნი რუსი პოლიტიკოსი, იურისტი და საზოგადო მოღვაწეა, რომელმაც სახელი გაითქვა რუსეთში კორუფციის ძიებით. ის 1976 წლის 4 ივნისს მოსკოვის ოლქში, ოდინცოვის რაიონში დაიბადა. თავის თავს მოქმედი ხელისუფლების მთავარ ოპონენტად მიიჩნევს. მისი შექმნილია კორუფციასთან ბრძოლის ფონდი, რომლის შვილობილი პროექტების მიზანია კორუფციისა და სახელმწიფო პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. ნავალნი არის ერთერთი ყველაზე რეიტინგული ბლოგისა და „Youtube“ არხის ავტორი. 2009 წელს გაზეთმა „ვედომოსტი“ წლის პერსონად დაასახელა. 2012 წელს ჟურნალმა „თაიმსი“ მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი პირების სიაში შეიყვანა. 2017 წელს მოხდა ინტერნეტში 25 ყველაზე გავლენიან პირს შორის; ამავე წელს კი გაზეთ „ვედომოსტის“ მიერ წლის პოლიტიკოსად დასახელდა.

მოსკოვის მერის 2013 წლის არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა და ამომრჩევლების ხმათა 27.24% მიიღო. 2016 წლის დეკემბერში სურვილი გამოთქვა, მონაწილეობა მიეღო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მან ჩაატარა სრულყოფილი საარჩევნო კამპანია 2017 წლის განმავლობაში, თუმცა 2017 წლის დეკემბერში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ის კანდიდატად არ დაარეგისტრირა მიმდინარე ნასამართლეობის გამო.

2010-იანი წლებიდან მოყოლებული ნავალნი არის ბრალდებული, მოპასუხე და მოწმე სხვადასხვა სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და საარბიტრაჟო საქმეებში. 2013 წელს კიროვის საოლქო სასამართლომ ნავალნი დამნაშავედ ცნო „კიროვლესის საქმეში“ და 5 წლით პირობით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2016 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დადგენილების შესაბამისად, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გააუქმა და საქმე ხელახლა ძიებაში დააბრუნა. 2017 წელს კიროვის სასამართლომ ხელმეორედ მიუსაჯა ნავალნის 5 წლით პირობით თავისუფლების აღკვეთა. 2014 წელს იგი დამნაშავედ ცნეს „ივ როშეს საქმეში“ და მიუსაჯეს 3 წლით პირობით თავისუფლების აღკვეთა. 2017 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას თვითნებური და დაუსაბუთებელი უწოდა.

2000-2007 წლებში პარტიის „იაბლოკო“ წევრი იყო. 2013 წლიდან პარტიის „მომავლის რუსეთი“ (პარტიას ადრე სხვა სახელები ჰქონდა) წევრია. 2019 წლის 28 მარტიდან პარტიის „მომავლის რუსეთი“ თავჯდომარეა.[1]

პარტია „მომავლის რუსეთი“ დაურეგისტრირებელი რუსული პოლიტიკური პარტიაა. რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ პარტიას არაერთხელ უთხრა უარი სახელმწიფო რეგისტრაციაზე. პარტია 2012 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა და 2014 წლის 8 თებერვლამდე „სახალხო ალიანსი“, ხოლო 2018 წლის 29 მარტამდე „პროგრესის პარტია“ ერქვა. პარტია დაარსების დღიდან ნავალნის მხარდამჭერი იყო. თავად ნავალნი კი პარტიაში 2013 წლის მოსკოვის მერის არჩევნებში მეორე ადგილის დაკავების შემდეგ გაწევრიანდა. პარტიის სათაო ოფისი მოსკოვში, ლენინსკაია სლობოდას ქუჩაზე მდებარეობს.

„მომავლის რუსეთი“ უნივერსალური, ცენტრისტული პარტიაა, რომლის იდეოლოგიაა პროგრესი, სოციალური ლიბერალიზმი, ელექტრონული და პირდაპირი დემოკრატია. იუსტიციის სამინისტრომ საერთო ჯამში 9-ჯერ უთხრა პარტიას სახელმწიფო რეგისტრაციაზე. ბოლო მიზეზი იყო ასეთი სახელით პოლიტიკური პარტიის უკვე არსებობა, თუმცა იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ასეთი სახელით პოლიტიკური პარტია ვერ მოინახა.[2]

ალექსეი ნავალნის პოლიტიკური პარტია შემოწირულობებით ფინანსდება. ნავალნის პარტია აქტიურად იყენებს ინტერნეტს და სხვადასხვა მარკეტინგულ ხერხს თანხების მოსაძიებლად. ნავალნის პოლიტიკურ პარტიას ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ 2013 წელს ჰქონდა, როდესაც ის უკანონო დაფინანსების მიღებაში დაადანაშაულეს. მაშინ ძიებამ გამოავლინა 347 ფულადი ტრანსფერი, რომელიც ნავალნის ელექტრონულ ანგარიშზე უცხოური ელექტრონული მისამართებიდან იყო ჩარიცხული. რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით, აკრძალულია საარჩევნო კამპანიაში უცხოელების ფულის გამოყენება. მაშინ ნავალნი აცხადებდა, რომ მისი ფინანსების ძიება კრემლის მორიგი შეტევა იყო. უცხოეთიდან თანხების შეწირვა კი იმით ახსნა, რომ რუსეთის ფედერაციის მილიონზე მეტი მოქალაქე საზღვარგარეთ ცხოვრობს, ნახევარ მილიონზე მეტი მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ასევე, ასობით ათასი მოქალაქე რუსეთში უცხოურ ელექტრონულ მისამართებს იყენებს. მან ასევე, განაცხადა, რომ მისი კამპანია ფინანსური კუთხით ყველაზე გამჭვირვალე იყო.

ტრადიციული საბანკო გადარიცხვების გარდა, ნავალნი 2013 წლის მოსკოვის მერის საარჩევნო კამპანიისთვის თანხებს ორი სხვა მეთოდითაც აგროვებდა. მას ჰქონდა „Yandex.Money“ ანგარიში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ჩაერიცხა პატარა რაოდენობის თანხა. „Yandex.Money“ მაქსიმუმ ოდენობად 15 ათას რუბლს (450$) ადგენდა და ამ რაოდენობის თანხა პირს პირდაპირ შეეძლო ჩაერიცხა ნავალნის კამპანიის ანგარიშზე. იგივე თანხა იყო დადგენილი ანონიმური გადარიცხვებისთვის. ანუ ნავალნის კამპანიის შემომწირველებს შეეძლოთ თანხა ისე ჩაერიცხათ ანგარიშზე, რომ თავისი თავის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებად იდენტიფიცირება არ მოეხდინათ. ანონიმურობის საკითხი ნავალნის კამპანიამ გამოასწორა იმით, რომ შემომწირველებს სთხოვა, მოეხდინათ თავისი ვინაობის იდენტიფიცირება ყველა გადარიცხვისას, სხვა შემთხვევაში, კამპანია „Yandex.Money“ ანგარიშზე ჩარიცხულ თანხაზე გაცხადებულად ამბობდა უარს.

ნავალნიმ კიდევ ერთი გზა მოიფიქრა მაშინდელი კამპანიისთვის, რომელსაც „ნდობის კრედიტი“ დაარქვა და მოუწოდა „Yandex.Money“-ის მომხმარებლებს, აენაზღაურებინათ ნავალნის კამპანიის იმ შემომწირველებისთვის თანხა, რომლებიც 1 მილიონ რუბლს (30000$) გაიღებდნენ კამპანიისთვის. სამართლებრივად, თანხების ასეთი მოძიება უტოლდებოდა 4 ადამიანს, რომლებიც 4 მილიონ რუბლს შესწირავდნენ ნავალნის კამპანიას. თუმცა, ბევრისთვის ეს იყო რუსეთის საფინანსო რეგულაციების მარყუჟების თავის არიდების ტაქტიკა. მილიონი რუბლის კამპანიის შემომწირველებს არ მოეთხოვებოდათ თავიანთი თავის იდენტიფიცირება და გამოვიდა ისე, რომ „Yandex.Money“ ემსახურებოდა პირებს საბანკო ანგარიშებით 8 ქვეყანაში: რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ისრაელი და თურქეთი. დაფინანსების ასეთი მეთოდი საკმარისად საეჭვო იყო გამოძიების დასაწყებად, თუმცა მაშინ ნავალნი დასავლეთიდან დაფინანსების მიღებაში დაადანაშაულეს, რის გამოც ბევრმა მთავრობა საბჭოთა მეთოდებით ბრძოლაში დაადანაშაულა.[3]

ნავალნი ახლაც აქტიურად იყენებს ინტერნეტს და მარკეტინგულ საშუალებებს თავისი პოლიტიკური პარტიისა და პროექტების დასაფინანსებლად. როდესაც ნავალნიმ დაიწყო კამპანია „20!8“, ბევრმა მოისურვა მაისურები კამპანიის სიმბოლიკით და მაშინ ნავალნის გუნდმა გადაწყვიტა გაეყიდა მაისურები კამპანიის სიმბოლიკით და მიღებული თანხით თავად კამპანია დაეფინანსებინა. მას შემდეგ აღნიშნული მიმართულება დაიხვეწა და ახლა მოქმედებს ონლაინ მაღაზია (NavalnyShop), სადაც სხვადასხვა სახის სამოსი და სხვა ნივთები იყიდება კამპანიის სიმბოლიკით. ონლაინ მაღაზიის ფუნქცია კვლავ თანხების მოძიებაა. მაღაზიაში გაყიდული ყველა პროდუქციიდან მიღებული თანხა სრულად იხარჯება ნავალნის კამპანიებზე.[4] ნავალნის კამპანიის სიმბოლიკის მარკეტინგული კუთხით გამოყენება სხვებმაც დაიწყეს. მაგალითად, 2017 წელს კომპანია „Bat Norton“-მა ასევე გამოუშვა სამოსი ნავალნის კამპანიის სიმბოლიკით და განაცხადა, რომ მიღებული შემოსავლის 30%-ს გადაურიცხავს ნავალნის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს.[5]

2019 წლის 8 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში „Financial Times“ წერს, რომ რუსმა გამომძიებლებმა ნავალნის ფონდის ანგარიშები გაყინეს, მას შემდეგ რაც რეიდი მოაწყვეს ოფისებსა და თანამშრომლების სახლებში. წყაროს შეფასებით, ეს ნაბიჯი არის იმის ნიშანი, რომ კრემლმა გააძლიერა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე პრო-დემოკრატიული პროტესტის რბევა. პოლიცია ნავალნის ფონდის საქმიანობას ფულის გათეთრების ბრალდებით იძიებს, რაც ნავალნის მომხრეების აზრით არის რეპრესიები იმის გამო, რომ ნავალნი პრეზიდენტ პუტინის საწინააღმდეგო კამპანიას ატარებს. გამოძიება ნავალნის ფონდს ედავება 15 მილიონი აშშ დოლარის გათეთრებას, რომელიც ფონდმა ანონიმური მესამე მხარისგან უკანონოდ მიიღო. გამოძიება ამტკიცებს, რომ თანხები უცხოეთიდან არის, მიღებულია ნაღდი ფულის სახით და ხმარდება ანტი-კორუფციული ფონდის საქმიანობას.

მოგვიანებით, ნავალნის ფონდის უფროსმა ლეონიდ ვოლკოვმა განაცხადა, რომ თანხა, რომლის გათეთრებასაც ფონდს ძიება ედავება გაცილებით აღემატება იმ თანხას, რომელიც რეალურად ფონდმა შემოწირულობების სახით მიიღო. მანვე სოციალურ ქსელში დაწერა – „ისინი იღებენ ფულს უძირო საბიუჯეტო კალათიდან და ფიქრობენ, ჩვენც ასეთი კალათა გვაქვს. ვერ იჯერებენ, რომ მასობრივი დაფინანსება (crowdfunding) არსებობს და ხალხი მთელი ქვეყნის მასშტაბით რიცხავს მცირე ოდენობის თანხას“.[6]

ამჟამად ალექსეი ნავალნი, რომელმაც გასულ წელს ყოველი 7 დღიდან ერთი საპატიმროში გაატარა, კვლავ დაპატიმრებულია. ის 2019 წლის 24 ივლისს, მოსკოვში თავის სახლთან დააკავეს. მისი განმარტებით, დაკავება დაკავშირებულია მის გეგმებთან, გაძღოლოდა მასობრივ საპროტესტო აქციებს, რომლებიც მოსკოვში უნდა დაწყებულიყო. სექტემბერში მოსკოვის საკრებულოს არჩევნებია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი რამდენიმე ოპოზიციურ კანდიდატს დარეგისტრირებაზე უარი განუცხადა (მიზეზად არასაკმარისი სანდო ხელმოწერის წარდგენა დასახელდა). სწორედ ამან გამოიწვია უკმაყოფილება და დაიგეგმა მასშტაბური საპროტესტო აქცია, რომლის ჩატარებაზე ნებართვა ქალაქის მერიამ არ გასცა. ნავალნის დაპატიმრებისა და ნებართვის არ ქონის მიუხედავად საპროტესტო აქციები მაინც დაიწყო და ამჟამადაც გრძელდება. ხელისუფლებამ პასუხად გამოიყენა ძალა – ადგილი ჰქონდა დარბევას, მასობრივ დაპატიმრებებს, თავისუფლების აღკვეთის განაჩენებს და პოლიციის მხრიდან ცემის ფაქტებს.[7]

[1] ალექსეი ნავალნის ოფიციალური ვებ-გვერდი; ბიოგრაფია, ოჯახი, საქმიანობა; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://navalny.com/about/ [ნანახია 2019 წლის 14 აგვისტოს]

[2] რადიო თავისუფლება; იუსტიციის სამინისტრომ ნავანლის პარტიას რეგისტრაციაზე კვლავ უარი უთხრა; 27 მაისი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.svoboda.org/a/29965717.html [ნანახია 2019 წლის 14 აგვისტოს]

[3] „The Moscow Times“; Navalny’s fundraising tricks; Opinion by Kevin Rothrock; 17 August, 2013; available at: https://www.themoscowtimes.com/2013/08/17/navalnys-fundraising-tricks-a26858 [accessed 14 August 2019]

[4] ალექსეი ნავალნის ოფიციალური ვებ-გვერდი; მაღაზია: გადატვირთვა; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://navalny.com/t/346/ [ნანახია 2019 წლის 14 აგვისტოს]

[5] რადიო თავისუფლება; ვინ შოულობს ფულს ნავალნის სახელით; 18 ივნისი, 2017; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.svoboda.org/a/28561690.html [ნანახია 2019 წლის 14 აგვისტოს]

[6] Financial Times; Russian investigators freeze accounts of Navalny foundation; By Max Seddon; 8 August, 2019; available at: https://www.ft.com/content/69f9adf8-b9c9-11e9-96bd-8e884d3ea203 [accessed 14 August 2019]

[7] Independent; Russian opposition leader Aleksei Navalny has been arrested – again; by Oliver Carrol; 24 July, 2019; available at: https://www.independent.co.uk/news/world/europe/aleksei-navalny-arrested-russia-moscow-police-putin-opposition-a9019101.html [accessed 14 August 2019]

Jamestown Foundation: Fears of Western ‘Hybrid Warfare’ and Suppression of the Russian Opposition; Eurasia Daily Monitor Volume: 16 Issue: 115, 8 August 2019

 (accessed on 14 August 2019)

ირანი. პრეზიდენტ აჰმადინეჯადის დროინდელი მაღალჩინოსნების მდგომარეობა. ნოემბერი, 2018

მედია საშუალება „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ (RFERL)  2018 წლის 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ირანის ყოფილი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის დროინდელ ვიცე-პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და პრეზიდენტის უფროს თანაშემწეს – ესფანდიარ რაჰიმ მაშაეის 6.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაშაეის მსჯავრი დაედო რამდენიმე ბრალდების, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის საფუძველზე.

აჰმადინეჯადის ასისტენტს პრესისა და მედიის საკითხებში – ალი აკბარ ჯავანფეკრს, იმავე საქმის საფუძველზე, 4.5 წლით პატიმრობა მიესაჯა. ყოფილმა პრეზიდენტმა უკანასკნელ ხანებში ბევრჯერ გააკრიტიკა ირანის სასამართლო სისტემა მასთან დაახლოებული პირების და მხარდამჭერების დაპატიმრებების გამო, მათ შორის – მაშაეის დაპატიმრების გამო, რომელიც მარტში დააკავეს.

გასული წლის დეკემბერში, ჰამიდ ბაგჰაეის – პრეზიდენტ აჰმადინეჯადის ახლო გარემოცვის წევრსა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას მსჯავრი კორუფციის ბრალდებით დასდეს.[1]

მედია საშუალება „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ (RFERL)  2018 წლის17 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს ესფანდიარ რაჰიმ მაშაეის დაკავების შესახებ და ასევე უთითებს, რომ უკანასკნელ ხანებში, ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადის რამდენიმე მოკავშირე იქნა დაპატიმრებული საჯარო ფინანსების მითვისების ბრალდებით.

აჰმადინეჯადმა სასამართლო სისტემა ბრალი დასდო „დიქტატურაში“ და განაცხადა – „მაშაეის დაპატიმრება კონსტუტიციის დარღვევაა ….. ეს ადასტურებს, რომ სამართლო სისტემაში აუცილებელია ფუნდამენტალური რეფორმის გატარება“.[2]

მედია საშუალება „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ (RFERL) 2018 წლის 6 თებერვლის სტატიაში წერს, რომ ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა გამოაქვეყნა საჯარო მიმართვა, რომელშიც ბრალს დებს ირანის სასამართლო სისტემას „ირანელი ხალხის ჩაგვრაში“.

მიმართვის საფუძველი გახდა გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ დაკავებული იქნა აჰმადინეჯადის მხარდამჭერი 8 მედია აქტივსიტი. აღნიშნული პირების დაკავების მიზეზი იმ დროისთვის დაუდგენელი იყო. გავრცელებული ცნობით, რამდენიმე მათგანი უკვე გაათავისუფლეს გირაოს საფუძველზე – წერს RFERL.[3]

თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ სხვა დამატებითი ინფორმაცია საკითხზე, ფიქსირდება თუ არა ადამიანის უფლებათა დარღვევების და მასობრივი დაპატიმრებების შემთხვევები იმ მაღალჩინოსნების მიმართ რომლებიც მაჰმუდ აჰმადინეჯადის პრეზიდენტობის დროს იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირები, საერთაშორისო უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ავტორიტეტული სახელმწიფო უწყებების ანგარიშებში, ასევე, პრესის წყაროებში არ მოიძებნა.

[1] Radio Free Europe/Radio Liberty, Former Iranian vice president sentenced to prison for ‘threatening national security’, 12 September 2018, available at:

[accessed 22 November 2018]

[2] Radio Free Europe/Radio Liberty, Iran arrests close ally of ex-president Ahmadinejad, 17 March 2018, available at:

[accessed 22 November 2018]

[3] Radio Free Europe/Radio Liberty, Ahmadinejad criticizes Iran’s judiciary after arrests of supporters, 6 February 2018, available at:

[accessed 22 November 2018]

ტაჯიკეთი. ჯგუფი 24 და მისი მიმდევრების მიმართ დამოკიდებულება. აგვისტო, 2018

„ჯგუფი 24“ ტაჯიკური ოპოზიციური მოძრაობაა, რომელიც, ტაჯიკეთში მათ მიმართ არსებული რეპრესიების გამო, ძირითადად საზღვარგარეთ არის წარმოდგენილი. მოძრაობა 2012 წელს ტაჯიკმა ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა უმარალი ქუვატოვმა მოსკოვში დააფუძნა, მას შემდეგ, რაც მან ტაჯიკეთი დატოვა. „ჯგუფი 24“ აპროტესტებს ქვეყნის მმართველობის სისტემას და პრეზიდენტს ადანაშაულებს კორუფციასა და ნეპოტიზმში. 2014 წლის ოქტომბერში უმარალი ქუვატოვი ტაჯიკეთის დედაქალაქში, დუშანბეში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ჩატარებისკენ მოუწოდებდა. აქციის პრევენციისთვის ხელისუფლებამ შეზღუდა სატელეფონო კავშირი და დაბლოკა ასობით ვებ-გვერდი, მათ შორის საერთაშორისო და რუსულ-ენოვანი სოციალური ქსელები.[1] დედაქალაქში ასევე გაიზარდა სამართალდამცავთა რაოდენობა. შედეგად, საპროტესტო აქცია აღარ ჩატარდა. 2014 წლის ოქტომბერშივე, ტაჯიკეთის უზენაესმა სასამართლომ „ჯგუფი 24“ ექსტრემიზმში დაადანაშაულა და კანონგარეშე გამოაცხადა. ჯგუფის პირველი ლიდერი უმარალი ქუვატოვი 2015 წლის 6 მარტს თურქეთში მოკლეს.[2] მის მკვლელობამდე ტაჯიკეთის სასამართლომ ჯგუფის წევრებს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით, 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პრეზიდენტის ოპონენტებმა ხელისუფლება ქუვატოვის მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულეს.[3] ქუვატოვის მკვლელობის შემდეგ, ჯგუფმა ახალ ლიდერად შაროფიდინ გადოევი აირჩია.[4]

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2016 წლის 31 იანვარს ჯგუფმა პოლიტიკური კომიტეტის ყოველწლიური სხდომა გამართა და პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარედ სუჰრობ ზაფარი, მის მოადგილედ კი ჰუსეინ აშუროვი აირჩია. ზოგიერთი ტაჯიკი აქტივისტი ხანგრძლივი ვადით დააპატიმრეს ქუვატოვის ჯგუფთან სავარაუდო კავშირის გამო. 2015 წლის მარტში სამი პირი ჩასვეს ციხეში 16-17 წლის ვადით; მათ ბრალად „ჯგუფი 24“-თან კავშირი დასდეს. 2015 წლის აპრილში კიდევ 2 პირი დააკავეს ტაჯიკეთში „ჯგუფი 24“-ის აქტივობების ორგანიზების ბრალდებით და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.[5]

2016 წლის 23 თებერვალს რადიო თავისუფლება აქვეყნებს სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ ტაჯიკური ოპოზიციური მოძრაობის „ჯგუფი 24“ წევრი შაბნამ ჰუდოიდოდოვა ბელარუსის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც ის 8 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. მინსკში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია რადიო თავისუფლებას აწვდის ინფორმაციას, რომ ჰუდოიდოდოვა გაათავისუფლეს 22 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მას ლტოლვილის სტატუსი მიანიჭეს.[6]

„Amnesty International“ თავის 2017/18 წლების ანგარიშში ტაჯიკეთის შესახებ წერს, რომ აკრძალული ოპოზიციური ჯგუფების, როგორებიცაა ტაჯიკეთის ისლამური აღორძინების პარტია და ჯგუფი 24, ათობით წევრი და ასოცირებული პირი ეძებს საზღვარგარეთ თავშესაფარს. პარტიისა და ჯგუფის აქტივისტები საზღვარგარეთ მართავენ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს, საერთაშორისო და შეხვედრებსა და კონფერენციებს და ამის გამო, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური აკავებს, აპატიმრებს და ხშირად ცემს ტაჯიკეთში დარჩენილ მათ ნათესავებს, მათ შორის მოხუცებსა და ბავშვებს.[7]

„Human Rights Watch“ თავის 2018 წლის ანგარიშში ტაჯიკეთის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება თვითნებურად აკავებს და აპატიმრებს „ჯგუფი 24“-ის წევრების და ჯგუფთან ასოცირებული პირების ნათესავებს ტაჯიკეთში. ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლება რეგულარულად ავიწროვებს საზღვარგარეთ მყოფი ოპოზიციისა და კრიტიკოსების ნათესავებს ტაჯიკეთში. 2017 წლის იანვარში, ხალტონის პროვინციის მცხოვრები საიდ ზიოიევი დააპატიმრეს და 2014 წლის ნოემბერში, რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში, „ჯგუფი 24“-ის შეხვედრაში მონაწილეობის გამო 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.[8] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ტაჯიკეთის შესახებ წერს, რომ საიდ ზიოიევის ადვოკატი აცხადებდა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც განაჩენი იქნა გამოტანილი, 2014 წლის 30 სექტემბერს იყო გადაღებული, როდესაც „ჯგუფი 24“ ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული კანონგარეშედ. მიუხედავად ამისა, ზიოიევი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით გაასამართლეს. გადაწყვეტილება მან უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით მიღებული არ არის.[9]

რადიო თავისუფლება 2018 წლის 10 აპრილის სტატიაში წერს, რომ ტაჯიკეთის ხელისუფლებამ თურქეთს დაკავებული ოპოზიციური პოლიტიკოსების ექსტრადირების თხოვნით მიმართა. სტამბოლში, 2018 წლის 19 მარტს „ჯგუფი 24“-ის ლიდერი სუჰრობი ზაფარი და ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრი ნასიმ შარიფოვი დააკავეს. 23 მარტს, „Human Rights Watch“-ის მკვლევარის ინფორმაციით, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაკავებულების შესაძლო ექსტრადირება იმ მიზეზით გადადო, რომ ისინი ტაჯიკეთში შესაძლოა წამების მსხვერპლნი გამხდარიყვნენ. თურქეთში ტაჯიკეთის საელჩოსა და ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ არანაირი ინფორმაცია არავითარი ორი პოლიტიკოსის შესახებ.[10]

[1] Radio Liberty / Radio Free Europe; SMS services down in Tajikistan after protest calls; 10 October, 2014; available at: https://www.rferl.org/a/tajikistan-sms-internet-group-24-quvatov-phone-message-blockage-dushanbe/26630390.html [accessed 1 August 2018]

[2] BBC; Tajik opposition leader Kuvatov shot dead in Turkey; 1 March, 2015; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-31760810 [accessed 1 August 2018]

[3] Radio Liberty / Radio Free Europe; Tajik activists jailed for ties to banned opposition group; 9 April, 2015; available at: https://www.rferl.org/a/tajikisatn-jails-two-activists-group-24-quvatov/26946831.html [accessed 1 August 2018]

[4] Radio Liberty / Radio Free Europe; Tajik opposition group 24 news leaders after Quvatov’s Assassination; 12 March, 2015; available at: https://www.rferl.org/a/tajikistan-group-24-quvatov-leadership-new-exile/26898048.html [accessed 1 August 2018]

[5] Radio Liberty / Radio Free Europe; Tajik activists jailed for ties to banned opposition group; 9 April, 2015; available at: https://www.rferl.org/a/tajikisatn-jails-two-activists-group-24-quvatov/26946831.html [accessed 1 August 2018]

[6] Radio Free Europe/Radio Liberty, Tajik opposition activist released from custody in Belarus, 23 February 2016, available at:

[accessed 1 August 2018]

[7] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Tajikistan, 22 February 2018, available at:

[accessed 1 August 2018]

[8] Human Rights Watch, World Report 2018 – Tajikistan, 18 January 2018, available at:

[accessed 1 August 2018]

[9] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Tajikistan, 20 April 2018

 (accessed on 1 August 2018)

[10] Radio Free Europe/Radio Liberty, Tajikistan seeks extradition of two opposition politicians from Turkey, 10 April 2018, available at:

[accessed 1 August 2018]