ირანი. ქალთა უფლებების დაცვის პრაქტიკა, ოჯახში ძალადობა ქალთა მიმართ. ივნისი, 2022

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კანონმდებლობა არ კრძალავს ოჯახში ძალადობას. ხელისუფლება ცოლ-ქმარსა და ოჯახის წევრებს შორის ძალადობასა თუ შევიწროვებას პირად საკითხად მიიჩნევს და იშვიათად განიხილავს საჯაროდ. IRNA 2020 წლის აპრილში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ დრამატულად გაიზარდა ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ზარები საჯარო სოციალური კეთილდღეობის ცხელ ხაზზე. სახელმწიფო კეთილდღეობის ორგანიზაციამ დაგზავნა საჯარო სატელეფონო შეტყობინებები ასეთი ცხელი ხაზის არსებობის შესახებ და აღნიშნულის შემდეგ, სამთავრობო ოფიციალური პირების თანახმად, ცხელ ხაზზე მიღებული ზარების რაოდენობა გაორმაგდა. ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტი შაჰლა ენტესარის თქმით, ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა განსაკუთრებით იმატა პანდემიასთან დაკავშირებული აკრძალვებისა და შეზღუდვების მოქმედების პერიოდში.

წინა წლებში თავდამსხმელებმა განახორციელეს ე.წ. „მჟავით თავდასხმები“; აღნიშნული პირები ქალებს, ვინც მათი აზრით, არღვევდა „მორალის“ სხვადასხვა კანონსა და პრაქტიკას, მჟავის გამოყენებით სერიოზულ ფიზიკურ დაზიანებებს აყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ, გავრცელებული ცნობებით, გუშაგთა საბჭომ დაამტკიცა კანონი, რომელიც ზრდიდა მსგავსი დანაშაულისთვის დაწესებულ სასჯელს, ხელისუფლებამ განაგრძო იმ აქტივისტების სისხლის სამართლებრივი დევნა, ვინც ხელისუფლებისგან მეტ მოქმედას ითხოვდა ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩამდენთა პასუხისგების კუთხით.

ირანის კანონმდებლობა კრძალავს ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრებას და მსგავსი პრაქტიკა სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა. წყაროების თქმით, ასეთი საზიანო პრაქტიკის შესახებ ცნობები არაა ხელმისაწვდომი; სხვა წყაროები და მედია საშუალებები კი აღნიშნავენ, რომ მსგავს პრაქტიკას ადგილი აქვს ჰორმოზგანის, ქურთისტანი, კერმანშაჰისა და დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციებში, ძირითადად შაფი’ი სუნიტი საზოგადოებებში.

ანგარიშის მიხედვით, ვრცელდებოდა ინფორმაციები „ღირსების აღდგენის“ მოტივით ჩადენილი მკვლელობების შესახებ. აღნიშნული მოტივით მკვლელობების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს; სხვადასხვა ადგილობრივი წყაროს ინფორმაციით კი, „ღირსების აღდგენის“ მოტივით, დაახლოებით, 275-450 მკვლელობა ხდება; უმრავლეს შემთხვევაში, ქალებს კლავენ მათივე მამაკაცი ნათესავები, მათ შორის, მათი ქმრები, მამები და ძმები, რათა „დაიცვან/აღადგინონ ოჯახის ღირსება“.

კანონი ამცირებს სადამჯელო ღონისძებებს მამებისა და ოჯახის სხვა წევრებისთვის, ვინც ფიზიკურ ზიანს მიაყენებს ან მოკლავს ოჯახის წევრს „ღირსების აღდგენის“ მოტივით. მაგალითად, თუ მამას დამნაშავედ ცნობენ შვილის [გოგო] მკვლელობაში, მისი სასჯელი არ იქნება სიკვდილით დასჯა, როგორც ეს ჩვეულებრივ დადგენილია განზრახ მკვლელობისთვის; მას შეიძლება მიესაჯოს 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. იგივე წესი არ ვრცელდება დედებისთვის; რადგან მამა მიიჩნევაკანონიერ მეურვედ და თავისი შვილის მკვლელობისთვის მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა კანანით არაა გათვალისწინებული.

ქვეყნის კონსტიტუცია აწესებს თანაბარ დაცვას ქალებისთვის, ისლამის საკუთარი ინტერპრეტაციის შესაბამისად. 2020 წლის ივნისში, ირანის პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვით ძალაშ შევიდა ცვლილება ქვეყნის სამოქალაქო კოდექსში და ქალებს უფლება მიეცათ, დაქორწინდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცებზე, თავიანთი შვილებისთვის მოქალაქეობის გადასაცემად. ირანის კანონმდებლობა კრძალავს მუსლიმი ქალის არა-მუსლიმ მამაკაცზე დაქორწინებას, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა. ასევე, ირანის კანონმდებლობის თანახმად, ქალწული ქალები და გოგონები, თუ სურვილი აქვთ, დაქორწინდნენ, საჭიროებენ მამის ან ბაბუის ან სასამართლოს ნებართვას.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქალები აწყდებიან დისკრიმინაციას, როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ დონეზე, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის, დასაქმების, მემკვიდრეობის, დაქორწინებისა და განქორწინების საკითხებთან დაკავშირებით.[2]

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი 2022 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკაში ქალთა მიმართ ღირსების სახელით ძალადობის შესახებ წერს, რომ ირანის სისხლის სამართლის კოდექსში არ არის კონკრეტული ჩანაწერი, რომელიც ღირსების სახელით დანაშაულის კრიმინალიზებას მოახდენს; ამასთან, შარიათის პრინციპების გათვალისწინებით, ასეთი დანაშაულის ჩადენისთვის, შემცირებულ სასჯელს აწესებს. ანგარიშის მიხედვით, ისლამური კანონი შეიცავს პრინციპს, რომელიც ცნობილია სახელით „ქისას“ [qisas], რომელიც კერძო პირს აძლევს უფლებას, მკვლელობის ან განზრახ სხეულის დაზიანებისთვის, შურისძიება მოითხოვოს. აღნიშნული პრინციპი მიდრეკილია, შექმნას დაუსჯელობის გარემო იმ შემთხვევებისთვის, როდესაც დამნაშავე და მსხვერპლი ერთი ოჯახის წევრები არიან. ღირსების სახელით მკვლელობის ან ოჯახში ძალადობის შემთვევებისას, ნაკლებად სავარაუდოა, ოჯახის უფროსმა დასჯა მოითხოვოს. მიუხედავად ამისა, დანაშაულის ჩამდენმა შეიძლება მიიღოს მცირე-ვადიანი საპატიმრო სასჯელი ან დასჯა სრულად აიცილოს თუ ოჯახის უფროსი მას ჩადენილს აპატიებს. „ქისას“-ის პრინციპი არ მოქმედებს იმ შემთხვევებზე, როდესაც მამა ან ბაბუა მოკლავს საკუთარ შვილს ან შვილიშვილს. ასეთ შემთხვევებში, მოსამართლე აწესებს საპატიმრო სასჯელს 3-დან 10 წლამდე ვადით. ირანის კანონმდებლობით, განზრახ მკვლელობა სიკვდილითაც ისჯება, გარდა იმ შემთვევისა თუ მსხვერპლის ოჯახი მკვლელს პატიობს. ამასთან, კანონი განსაზღვრავს, რომ თუ მამა ან ბაბუა მოკლავს თავის შვილს ან შვილიშვილს, საპატიმრო სასჯელი 10 წლამდე მცირდება. წყაროების შეფასებით, აღნიშნული წაახალისებს ოჯახში ძალადობას და ღირსების სახელით მკვლელობას.

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი იმავე ანგარიშში წერს, რომ მართალია, ირანის კონსტიტუცია აწესებს თანაბარ უფლებებს ყველა მოქალაქისთვის სამართლიანობის ძიების, სამართლებრივი დახმარებისა და რჩევების მიღების კუთხით, ქვეყანაში არსებული კულტურული ფაქტორები ქალებისთვის ხშირად ქმნიან ბარიერებს. საკანონმდებლო ბაზა დაფუძნებულია ისლამურ კრიტერიუმებზე, რომლებიც, თავი მხრივ, დისკრიმინაციული ქალების მიმართ. სხვადასხვა კვლევის შედეგებით, ქალებს ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ სასამართლო სისტემის მიმართ და არ სჯერათ, რომ აღნიშნულ სისტემაში შეუძლიათ სამართალი იპოვონ. ოჯახში ძალადობის შემთვევების სასამართლოში განხილვა სამარცხვინო საქციელად მიიჩნევა და ამიტომ მსგავსი საქმეების სასამართლოშ განხილვის ფაქტები ძალიან ცოტაა. წყაროების შეფასებით, ხელმისაწვდომი არაა ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად ახერხებენ ქალები სამართლის პოვნას ოჯახში ძალადობის საქმეების შემთხვევებში. სხვადასხვა ადგილობრივი წყაროს თანახმად, ქალები აწდებიან გენდერზე დაფუძნებულ დაბრკოლებებს სამართლის ძიების პროცესში; როგორიცაა, მაგალითად, კულტურული ფაქტორი, შესაბამისი განათლების ნაკლებობა, სასამართლო სისტემის მიკერძოებული მიდგომა ქალების წინააღმდეგ, ფინანსური დამოუკიდებლობის ნაკლებობა, დისკრიმინაციული სამართლებრივი დებულებები და სოციალური გარიყულობის შიში.

ნორვეგიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევის ცენტრი „ლანდინფო“ 2020 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ირანის შრომისა და სოციალური კეთილდღეობის სამინისტროში მოქმედებს სახელმწიფო კეთილდღეობის ორგანიზაცია, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს გარკვეულ მხარდაჭერას სთავაზობს. 1999-2000 წლებიდან მოყოლებული სახელმწიფო კეთილდღეობის ორგანიზაციამ დაიწყო სისტემის მშენებლობა, რომელიც დაეხმარება ხალხს, ვინც ზიანდება სოციალური ნორმების გამო, განსაკუთრებით კი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალებსა და გოგონებს. აღნიშნული სისტემა მოიცავს სოციალური გადაუდებელი დახმარების ინსტიტუს, რომელიც მართავს ორ ცხელ ხაზს, მობილურ ჯგუფებს და საკუთარ ცენტრებს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. ხალხს შეუძლია მიმართოს სოციალური გადაუდებელი დახმარების ინსტიტუტს როგორც ტელეფონით [ცხელი ხაზის ნომერია 123; ძირითადად ოჯახში ძალადობის შემთხვევებისთვის და 1480, კონკრეტულად ბავშვებისთვის], ასევე ადგილზე ვიზიტით. სოციალური გადაუდებელი დახმარების ცენტრები, რომლებიც ირანის 232 ქალაქში მოქმედებს, აერთიანებს სოციალურ მოშაკებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს, ექიმებს, ექთნებს და სამართლებრივ კონსულტანტებს. ცენტრები, ძირითადად, თავის მომსახურებას გასწევენ განთავსების გარეშე; თუმცა, ასევე, შეუძლიათ, უზრუნველყონ განთავსებაც, 20 დღის ვადით. ისინი ასევე ახორციელებენ რეფერალურ მომსახურებას და ამისამართებენ ბენეფიციარებს სხვა ცენტრებში, რომლებიც უფრო ხანგრძლივ მკურნალობას/მხარდაჭერას სთავაზობენ კონკრეტული საჭიროების შესაბამისად.

გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2020 წლის ივლისის ინფორმაციით, ირანში არასაკმარისი რაოდენობის [28] თავშესაფრებია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის. აღნიშნული თავშესაფრებიდან 20 თავშესაფარი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იმართება. ხელისუფლების ინფორმაციით, ასევე მოქმედებს 357 სოციალური გადაუდებელი დახმარების ცენტრი ძალადობის მსხვერპლთათვის და 31 სამედიცინო ცენტრი მხოლოდ გოგონებისთვის [girl-only]. სპეციალური მომხსენებელი, ასევე, აღნიშნავს, რომ მხარდაჭერის სისტემა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არაა საკმარისი. სამართალდამცავი ორგანოები ხშირად გულგრილნი არიან და არ ერევიან მსგავს საქმეებში და როგორც წესი, ცდილობენ პრობლემა მედიაციის გზით გადაჭრან; მაშინაც კი, როდესაც ქალები აცხადებენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი, ამავე ანგარიშში, განიხილავს შიგა გადაადგილების არტერნატივას ასეთი პროფილის და ზოგადად ქალებისთვის. ანგარიშის თანახმად, ქალები, და განსაკუთრებით ტრადიციული ოჯახებიდან, მარტო მოგზაურობისთვის საჭიროებენ თავიანთი მამაკაცი მეურვის ნებართვას. გადაადგილების თავისუფლება ქალებისთვის, განსაკუთრებით თუ ისინი რეჟიმის ოპონენტებად მიიჩნევიან, შეზღუდულია. წყარო მიიჩნევს, რომ მარტოხელა ქალებისთვის გაცილებით რთულია, ახალ ადგილზე თუნდაც ბინის დაქირავება. როდესაც ქალი გადაწყვეტს საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ის ძირითადად მიმართავს მეგობრებს, შორეულ ნათესავებს; ქალებისთვის, ვისაც არ აქვთ კავშირები, აღნიშნული პროცესი გაცილებით რთულია. წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ შიგა გადაადგილება დამოკიდებულია ასევე ადგილმდებარეობაზე; განსხვავებულია მდგომარეობაა დიდი და პატარა ქალაქების შემთხვევაში. თუმცა, დიდ ქალაქებშიც კი, მაგალითად შირაზში, აღნიშნული პროცესი შეიძლება იყოს რთული, გამომდინარე კონკრეტული პირის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით.[3]

[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 12 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 9 ივნისს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წელი; გამქოვეყნებულია 2022 წლის 29 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 12 მაისს]

[3] გაერთიანებული სამეფოს საშინაო საქმეთა ოფისი; ირანი: ქალები, რომელთაც ღირსების სახელით ძალადობის ეშინიათ; გამოქვეყნებულია 2022 წლის მაისში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 9 ივნისს]

ჩინეთი. ადამიანის უფლებების დაცვა. ოჯახში ძალადობა. ნოემბერი, 2020

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC –  „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ტიპის შეიარაღებული კონფლიქტი – არ ფიქსირდება.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის ავტორიტარული ტიპის სახელმწიფო, სადაც მმართველ ძალას წარმოადგენს ჩინეთის კომუნისტური პარტია. პარტიის წევრებეს ეკავათა თითქმის ყველა უმღლესი სამთავრობო პოზიცია. ში ჯინპინი კვლავ იკავებდა ქვეყანაში სამ ყველაზე მაღალ თანამდებობას – პარტიის გენერალური მდივანი, ქვეყნის პრეზიდენტი და ცენტრალური სამხედრო კომისიის მდივანი. ქვეყანაში არსებული სამოქალაქო ინსტიტუციები ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე.

წლის განმავლობაში, ჩინეთის მთავრობა აგრძელებდა მუსლიმური უმცირესობის ჯგუფების წარმომადგენლების მასობრივ დაკავებების სინძიანის უიღურთა ავტონომიურ რეგიონში. გავრცელებული ცნობებით, საკონცენტრაციო ბანაკებში იძულებით დაკავებას დაუქვემდებარეს მილიონზე მეტი უიღური, ეთნიკურად ყაზახი, ყირგიზი და სხვა მუსლიმი უმცირესობების წარმომადგენლები, რათა გაენადგურებინათ მათი რელიგიური და ეთნიკური იდენტობა. ჩინეთის მთავრობა აცხადება, რომ ბანაკებში პირთა განთავსება გამართლებული იყო ტერორიზმთან, სეპარატიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლის კონტექსტით.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, მნიშვნელოვან უფლებადარღვევათ შორის იყო: სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული თვითნებური და უკანონო მკვლელობები, პირთა იძულებით გაუჩინარებისა და წამების შემთხვევები; თვითნებური დაკავებები; მძიმე და სიცოცხლისთის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური პატიმრები; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებული ძირეული ხასიათის პრობლემები; ჟურნალისტებზე, იურისტებზე; ბლოგერებზე, მწერლებსა და დისიდენტებზე ფიზიკური თავდასხმა და მათი სამართლებრივი დევნა; ცენზურა და ვებ-გვერდების დაბლოკვა; შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების კუთხით არსებული მასშტაბური შეზღუდვები; უკიდურესი შეზღუდვები რელიგიის თავისუფლების კუთხით; გადაადგილების კუთხით შეზღუდვები (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – საზღვარგარეთ); მოქალაქეთა უუნარობა, აირჩიონ მმართველი მთავრობა; კორუფცია; შობადობის შემცირებასთან დაკავშირებული მკაცრი და შემზღუდველი პოლიტიკა, რაც ზოგჯერ იძულებით სტერილიზაციასთან ან აბორტთან არის დაკავშირებული; პირთა ტრეფიკინგი; ბავშვა იძულებითი შრომა და ა.შ.

ჩინეთის კუმინისტური პარტია კვლავ დომინირებდა ქვეყნის სასამართლო ფრთაზე და პირდაპირ აკონტროლებდა აბსოლუტურად ყველა მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის პროცესს. ამას გარდა, ზოგიერთ შემთხვევაში, უშუალოდ კარნახობდა კიდეც სასამართლოს მისაღებ გადაწყვეტილებას. მთავრობა დევნიდა, აკავებდა და აპატიმრებდა იმ მოქალაქეებს, რომლებიც ითხოვნდნენ შესაბამისი სამსახურების მიერ  ძალაუფლების გადამეტების ფაქტებზე შესაბამის რეაგირებას. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა შესაბამისი კუთხით სანდო სტატისტიკური ინფორმაცია, რთული იყო ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამსახურების მიერ ჩადენილი დანაშაულებისას დაუსჯელობის შემთხვევების შეფასება. მართალია, შესაბამისი სამსახურები, მას შემდეგ, რაც დაფიქსირდებოდა პოლიციის მიერ პირთა მკვლელობის შემთხვევები, ხშირად აცხადებდნენ, რომ იწყებოდა საგამოძიებო პროცესები, თუმცა, შემდგომში გაურკვეველი იყო, თუ რა კონკრეტული შედეგი მოჰყვა აღნიშნულ გამოძიებებს.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის კუთხით ვითარებას, ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩებოდა. ზოგიერთი ექსპერტის განცხადებით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს ხშირად ეუბნებოდნენ, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ საკითხს მედიაციის საშუალებით გადაწყვეტდნენ. საზოგადოებაში გავრცელებული მიდგომა, რომ  ოჯახური ძალადობა წარმოადგენდა პირად საკითხს, ხელს უწყობდა მთავრობის მხრიდან ამ კუთხით სათანადო ზომების არ-მიღებას და დანაშაულის შეუტყობინებლობის მაღალ დონეს (Underreporting). მართალია არსებობს კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ, თუმცა, იქ დაფიქსირებულია, რომ ოჯახში ძალადობა წარმოადგენს სამოქალაქო და არა – სისხლისამართლებრივი ხასიათის სამართალდარღვევას. ერთ-ერთი ინტერნეტ წყარო Sixth Tone მიხედვით, ჩინეთში ოჯახების 25 %-ს ერთხელ მაინც გამოუცდია ოჯახური ძალადობა.

ანგარიშის მიხედვით, მთავრობა უზრუნველყოფდა ოჯახური ძალადობის დანაშაულის მსხვეპლებს თავშესაფრით და ზოგჯერ, სასამართლოც ანიჭებდა მათ დაცვის გარკვეულ ხარისხს, მათ შორის – შემაკავებელ ორდერს, რომელიც უკრძალავდა მოძალადეს მსხვერპლთან ახლოს მისვლას. მიუხედავად ამისა, სამთავრობო დახმარება ხშირად ვერ აღწევდა დანაშაულის მსხვერპლამდე და პოლიციის წარმომადგენლები ზოგჯერ სრულიად აიგნორებდნენ ოჯახური ძალადობის შემთხვევებს. სამართლებრივი დახმარების ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მუშაობდნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა პრობლემებზე, მათ შორის – მათი ფსიქოლოგიური დახმარებისა დ სასამართლოში წარმომადგენლობის კუთხით, ზოგჯერ იყო ზეწოლა, რომ შეეწყვიტათ საქმიანობა და ამ სფეროში არსებული პოლიტიკის ცვლილების მოთხოვნა.

ქალთა უფლებების აქტივისტების მიხედვით, ოჯახური ძალადობის დანაშაულისას, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა იყო შესაბამისი სამსახურების უუნარობა, რომ შეეგროვებინათ სათანადო მტკიცებულებები, მათ შორის – ფოტოები; სამედიცინო ისტორიები; პოლიციის ჩანაწერები და შვილთა ჩვენებები. მოწმეები იშვითადად თუ აძლევდნენ ჩვენებებს სასამართლო პროცესზე.

ანგარიშის მიხედვით, სასამართლოს მიდგომა და მუშაობა ოჯახში ძალადობის კუთხით, გამოსწორდა, რადგან ხშირად, მსხვერპლის მიერ აუციელებელი მოგერიებისას ჩადენილი დანაშაულებში, გადამწყვეტი ფაქტორი ხდებოდა მეუღლის მიერ  მის მიმართ განხორციელებული წინარე ძალადობა.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ უკანასკნელ წლებში, ჩინეთის ავტორიტარული ხელისუფლება განსაკუთრებით რეპრესიული გახდა. მმართველი კომუნისტური პარტია კიდევ უფრო აძლიერებს კონტროლს სახელმწიფო ბიუროკრატიაზე, მედიაზე, ონლაინ-სივრცეში აზრის გამოხატვაზე, რელიგიურ უმცირესობებზე, უნივერსიტეტებზე, ბიზნესებსა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ასოციაციებზე.

ორგანიზაციის შკალირებული შეფასებით, ჩინეთში პირთა პოლიტიკური უფლებები -1/40 (მინუს 1 ქულა მაქსიმალური 40-დან) ინდექსითაა შეფასებული, ხოლო სამოქალაქო უფლებები – 11/60.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში პირველი კანონი, რომელიც შეიქმნა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ძალაში შევიდა 2016 წელს, თუმცა, აღნიშნული დანაშაული მაინც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ოფიცილური სამთავრობო ინფორმაციით, ჩინელ ქალთა მეოთხედს ერთხელ მაინც გამოუცდია ოჯახური ძალადობა. აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ახალი კანონი ვერ უზრუნველყოფს მსხვეპლთათვის მხადაჭერას და ის ასავე არ ითვალისწინებს მეუღლის მიერ გაუპატიურებას, როგორც სისხლისსამართლებრივ დანაშაულს. ამას გარდა, მსხვერპლთათვის კვლავ განსაკუთრებით რთულია ოჯახური ძალადობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის მოგება, ან თუნდაც მოძალადის შემაკავებელი ორდერის მიღება.[3]

[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 13 November 2020]

[2] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – China; published in March 2020; available at

[accessed 16 November 2020]

[3] Freedom House – Freedom in the World 2020 – China; published in March 2020; available at

[accessed 16 November 2020]