ერაყში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა – ერაყის სამხრეთ ნაწილში უმუშევრობის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები მიმდინარეობს. ქალაქ ბასრაში დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 3 ადამიანი მუთანას პროვინციაში დაიღუპა. მოსახლეობა, კვირაზე მეტია, არასაკმარის სამუშაო ადგილებს, ასევე ელექტროენერგიისა და წყლის დეფიციტს აპროტესტებს. ერაყის შსს-მ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.[1]
ირანელი გოგო ვიდეოში ცეკვის გამო დააპატიმრეს – ირანში ახალგაზრდა ქალი დააკავეს, ამის მიზეზი კი Instagram-ზე მის მიერ ატვირთული ვიდეო იყო, რომელზეც ის ცეკვავს. მას ამ გვერდზე 40,000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ირანულმა ტელევიზიამ მის შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც 18-19 წლის მაედე მოჯაბრი ამბობს, რომ მორალური ნორმები დაარღვია, თუმცა დასძენს, რომ სხვებისთვის ცუდი მაგალითი არ მიუცია. სიუჟეტში მისი სახე დაფარული იყო, იქვე ჩანდა სხვა პირებიც, რომლებიც მსგავსი ბრალდებით არიან პატიმრობაში. ირანის სახელმწიფო ტელევიზია ხშირად აჩვენებს აღიარებებს, რომლებიც, აქტივისტების შეფასებით, ზეწოლის ქვეშ არის მოპოვებული. ირანში მოქმედი ისლამური კანონები კრძალავს საჯაროდ ცეკვას. ჰოჯაბრის თავის გვერდზე გამოქვეყნებული აქვს ათობით ფოტო და ვიდო, რომლებიც ასახავს მის ცეკვას დასავლურ პოპ და რეპ მუსიკაზე და მას ვიდეოებში არ აცვია ისლამური წესებისთვის შესაფერისი სამოსი. ზოგიერთი ცნობით, ჰოჯაბრი თავდებითაა გათავისუფლებული. ირანის პოლიცია აცხადებს, რომ დახურავს მსგავს გვერდებს Instagram-ზე, რომელსაც მილიონობით ირანელი მოიხმარს.[2]
ღვინის დალევის გამო ირანში კაცი 10 წლის შემდეგ გაშოლტეს – ირანში კაცი ალკოჰოლის მიღების გამო 10 წლის დაგვიანებით დასაჯეს. მან აღიარა, რომ როცა ის 14 წლის იყო, როცა ქორწილში ღვინო დალია. ამ „დანაშაულის“ გამო კაცი ხეზე მიაბეს და შოლტი 80-ჯერ დაარტყეს. ინციდენტი ქალაქ კაშმირში მოხდა. ორგანიზაციის „Amnesty International“ წარმომადგენლის თქმით, ირანში ამ დრომდე გავრცელებულია მკაცრი დასჯის მეთოდები, მათ შორის ხელის მტევნის მოკვეთაც.[3]
ეთიოპიისა და ერიტრეის ლიდერები ომის შემდეგ პირველად შეხვდნენ – ეთიოპიის ახალი რეფორმატორი პრემიერმინისტრი, ები აჰმედი ერიტრეის დედაქალაქში ჩავიდა და პრეზიდენტ ისაიას აფევერკის შეხვდა. ეს ამ ქვეყნების ლიდერთა პირველი შეხვედრაა 2000 წლის შემდეგ. ლიდერები ქვეყნებს შორის საომარი ვითარების დასრულებაზე შეთანხმდნენ. ასმერას ქუჩებში ეთიოპიელი პრემიერის დასახვედრად ღონისძიებები გაიმართა, უჩვენეს ნაციონალური ცეკვები და მოასმენინეს საკუთარი ფოლკლორი. ქვეყნებს შორის ყველა დიპლომატიური კავშირი ჯერ კიდევ 1998 წელს გაწყდა. მაშინ, როცა ეთიოპიასა და ერიტრეას შორის ომი დაიწყო. ორი წლის განმავლობაში, 2000 წლამდე ომს ათობით ათასი სამხედრო და სამოქალაქო პირი შეეწირა. კონფლიქტი ტერიტორიების კონტროლის მოსაპოვებლად მიმდინარეობდა. ომი 1998 წლის 6 მაისს დაიწყო. 12 მაისს ერიტრეის შეიარაღებულმა ჯარებმა ბადმა დაიკავეს. ამას მოჰყვა ერიტრეის ტერიტორიაზე მასირებული ავიადარტყმები. ერიტრეელებმა ფრონტის გარღვევა შეაჩერეს, მაგრამ, დაბომბვას ათასობით ჯარისკაცი ემსხვერპლა. 2000 წლის მაისსა და ივნისში ეთიოპიის ძალებმა ერიტრეელები გააძევეს კონფლიქტური ზონებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ომი ეთიოპიის სამხედრო გამარჯვებით დასრულდა, საერთაშორისო სასამართლოში გამარჯვება ერიტრეამ მოიპოვა. ეთიოპიაში 30-დან 42 ათასამდე ერიტრიელი ლტოლვილი ცხოვრობს.[4]
ეგვიპტეში ლიბანე ტურისტს სოციალურ ქსელში ქვეყნის შეურაცხყოფის გამო 8 წელი მიუსაჯეს – კაიროს სასამართლომ 24 წლის ლიბანელ ტურისტ ქალს მონა ელ-მასბოჰს Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 8 წლით თავისუფლების აღვეთა მიუსაჯა. ტურისტს ბრალად არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ქვეყნისთვის ზიანის მიყენება და მოსახლეობის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასდეს. ლიბანელმა ტურისტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ეგვიპტეში მის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტებზე ისაუბრა. ვიდეოში ქალმა რესტორანში მომსახურების დაბალ დონეზეც გაამახვილა ყურადღება. მანვე გაიხსენა ქვეყანაში ადრინდელი სტუმრობა, როცა ფული მოპარეს. ვიდეოს ბოლოს ტურისტმა ქვეყანას „ნაბიჭვარი“ (son of a bitch country) უწოდა. მოგვიანებით მონა ელ მასბოჰმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ამბობდა, რომ „არ სურდა ყველა ეგვიპტელის“ შეურაცხყოფა. დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, საქმის სააპელაციო განხილვა 28 ივლისსაა დანიშნული.[5]
ვითარება ავღანეთში – ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სულ მცირე 4 კი დაიჭრა. ტერორისტმა თავი პოლიციის ერთერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან აიფეთქა. დაღუპულებს შორის 2 პოლიციელი და 8 სამოქალაქო პირია. ჯალალაბადში აფეთქება ივლისის დასაწყისშიც მოხდა. მაშინ 17 ადამიანი დაიღუპა.[6]
ავღანეთის დედაქალაქში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. უბედური შემთხვევა ქაბულში, სამთავრობო შენობის წინ საღამოს საათებში მოხდა. პოლიციის განმარტებით, აფეთქებას სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. დაღუპულები სამთავრობო უწყების თანამშრომლები არიან, რომლებიც ოფისს ტოვებდნენ. „სამწუხაროდ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სამინისტროს ჭიშკართან აიფეთქა“, – განაცხადა ავღანეთის ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.[7]
ავღანეთის 17-წლიანი კონფლიქტის განმავლობაში 2018 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემების მიხედვით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ გაეროს ანგარიშში ნათქვამია. ანგარიშში წერია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის 1,692 შემთხვევა აღირიცხა. საუბარია როგორც მებრძოლების, ისე თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე. გაეროს ანგარიში მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ქაბულში, სამთავრობო შენობის წინ თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. ავღანეთში განხორციელებულ იერიშებზე პასუხისმგებლობას ძირითადად „თალიბანი“ და „ისლამური სახელმწიფო“ იღებს.
ავღანეთის კონფლიქტი 2001 წელს დაიწყო. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მსგავს შემთხვევებს 2009 წლიდან აღწერს. ანგარიში, რომელზეც ავღანეთში გაერთიანებული ერების დამხმარე მისიამ იმუშავა წერია, რომ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით დაღუპული ადამიანების მაჩვენებელი 1%-ით გაიზარდა. რაც არ უნდა იყოს, კვლევაში ვკითხულობთ, რომ დაშავებულთა რიცხვმა 5%-ით იკლო და 3,430 ადამიანზე ჩამოვიდა. რაც შეეხება დაშავებულთა და დაზარალებულთა რიცხვს ერთად ეს მაჩვენებელი 3%-ით შემცირდა და 5,122 ადამიანზე გაჩერდა. მიუხედავად ავღანეთის სამხედრო ძალებსა და „თალიბანს“ შორის გასულ თვეში მიღწეული ხანმოკლე შეთანხმებისა კონფლიქტისას დაღუპულთა რიცხვი მაინც მაღალია.
11-12 ივლისს ბრიუსელში, ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ რომ ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დაფინანსება 2024 წლამდე გაეხანგრძლივებინათ. ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ საწვრთნელი მისია 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და მასში ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად საქართველოც არის ჩართული. 2014 წელს ნატომ ავღანეთში საბრძოლო მოქმედებები ფორმალურად დაასრულა და ძალაუფლება მის მიერ გაწვრთნილ ავღანეთის სამხედრო ძალებს გადაულოცა. მას შემდეგ „თალიბანმა“ ავღანეთის მასშტაბით ქვეყნის ტერიტორიების დიდ ნაწილზე დაამყარა კონტროლი.[8]
სამხრეთ-აღმოსავლეთ პაკისტანში, პოლიტიკური პარტიის შეხვედრაზე მომხდარი აფეთქებისას 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა – თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი 11 ივლისს მაშინ აიფეთქა, როდესაც ერთერთ პოლიტიკურ ლიდერს საარჩევნო პროპაგანდით სცენიდან მხარდამჭერებისთვის უნდა მიემართა. დაშავებულია 120-მდე ადამიანი. დაღუპულებს შორის პოლიტიკური პარტიის ლიდერი და მისი 16 წლის შვილია. შემთხვევისას 1000 ადამიანი იყო შეკრებილი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.[9]
სომალის პრეზიდენტის რეზიდენციასთან ავტომობილი აფეთქდა – ორი ძლიერი აფეთქება მოხდა სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, რასაც თან სროლებიც მოჰყვა. პრეზიდენტის რეზიდენციასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორისაა თავდამსხმელიც.[10]
[1] იმედის ახალი ამბები; ერაყში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა; 15 ივლისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/70248/erakshi-saprotesto-aqtsiebs-mskhverpli-mohkva
[2] იმედის ახალი ამბები; ირანელი გოგო ვიდეოში ცეკვის გამო დააკავეს; 8 ივლისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/69249/iraneli-gogo-videoshi-tsekvis-gamo-daakaves
[3] Daily Mail; Man is tied to tree and flogged eighty times in Iran – a decade after drinking alcohol at a wedding when he was 14 years old; By Debbie White; 11 July, 2018; available at: http://www.dailymail.co.uk/news/article-5943675/Man-tied-tree-flogged-80-times-Iran-decade-drinking-alcohol-wedding-14.html
[4] Daily Sabah AFRICA; Leaders of Ethiopia, Eritrea meet for first time in 18 years for peace summit; 8 July, 2018; available at: https://www.dailysabah.com/africa/2018/07/08/leaders-of-ethiopia-eritrea-meet-for-first-time-in-18-years-for-peace-summit
[5] Reuters; Lebanese tourist sentenced to eight years in prison for Facebook post against Egypt; 7 July, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-egypt-politics/lebanese-tourist-sentenced-to-eight-years-in-prison-for-facebook-post-against-egypt-idUSKBN1JX0NJ
[6] იმედის ახალი ამბები; ჯალალაბადში აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა; 10 ივლისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/69453/jalalabadshi-apetqebas-10-adamiani-emskhverpla
[7] Reuters; At least seven killed in suicide blast near Afghan ministry; 15 July, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-blast/suspected-suicide-blast-hits-afghan-capital-kabul-idUSKBN1K50J4?il=0
[8] BBC; Afghanistan conflit: Civilian death hit record high, says UN; 15 July, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-44837612
[9] Reuters; Suicide bomber kills 128 in attack on Pakistani election rally; By Guli Yousafzai; 13 July, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-pakistan-politics-blast/death-toll-rises-to-70-in-attack-on-pakistan-election-rally-baluchistan-health-minister-idUSKBN1K31PE?feedType=RSS&feedName=worldNews&utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed%3A+Reuters%2FworldNews+%28Reuters+World+News%29
[10] Associated Press; 6 dead after attackers target Somalia’s presidential palace; By Abdi Guled; 14 July, 2018; available at: https://apnews.com/b29d0a791e9041b4a79a32550b175d8a