სომალი. უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. მაისი, 2020

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისმა 2020 წლის 5 მაისს გამოაქვეყნა განახლებული რუქა, სადაც აღწერილია მოგზაურთათვის სომალიში მოგზაურობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული რჩევები. რუქაზე წითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ საერთოდ არ იმოგზაურონ;  ყვითლად აღნიშნულია ზონა, სადაც ტურისტებს ურჩევენ იმოგზაურონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში; მწვანე ფრად აღნიშნულია ზონა, სადაც მოგზაურობა ნებადართულია რჩევების გათვალისწინებით.

ოფისი მოუწოდებს ბრიტანელ მოქალაქეებს, კატეგორიულად შეიკავონ თავი სომალის  ნებისმიერ რეგიონში, მათ შორის – სომალილენდში, მოგზაურობისგან. აღნიშნულიდან გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ 2 ქალაქი – ჰარგეიისა და ბარბერა, სადაც მოგზაურობა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში არის მიზანშეწონილი. სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, სომალიში ხშირად ფიქსირდება ტერორისტული თავდასხმები და სხვა ტიპის აქტები. ამას გარდა, ტერორისტული დაჯგუფებები ხშირად იტაცებენ ადამიანებს და განსაკუთრებით ემუქრებიან „დასავლელებს“ და „დასავლეთთან“ ასოცირებულ ორგანიზაციებში მომუშავე პირებს. ტერორისტული თავდასხმის განსაკუთრებით მაღალი ალბათობაა დედაქალაქ მოგადიშუში, ხოლო დაჯგუფებები მთელი ქვეყნის, მათ შორის – სომალილინედის, მასშტაბით აგრძელებენ დასავლეთის წარმომადგენლებზე თავდასხმას. როგორც წესი, აღნიშნული თავდასხმები განურჩეველი ხასიათისაა და ეწყობა მასობრივი თავშეყრის ადგილებში; მნიშვნელოვანი სამთავრობო ღონისძიებების დროს და ისეთ ლოკაციებზე, რომლებსაც უცხოელები ხშირად სტუმრობენ. ამას გარდა, სომალის როგორც შიდა, ასევე – მიმდებარე საერთაშორისო წყლებში, საკმაოდ მაღალია სანაოსნო დანაშაულის რისკი.[1]

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC –  „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, სომალიში ფიქსირდება რამდენიმე არა საერთაშორისო ხასიათის, შიდა ტიპის შეიარაღებული კონფლიქტი, რომელსაც ქვეყნის მთავრობა სხვადასხვა ისლამისტური შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ აწარმოებს. აღნიშნულ ჯგუფებიდან, ყველაზე მეტად გამორჩეულია ტერორისტული დაჯგუფება -„ალ შაბააბი“.[2]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტირების ცენტრმა 2020 წლის 19 აპრილს გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში სომალიში უსაფრთოხების კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ. ანგარიშის მიხედვით, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო წყაროს მიერ შეგროვებულ ინფორმაციას ეყრდნობა (გაეროს უსაფრთხოების საბჭო და ICG), მთლიანად 2019 წლის განმავლობაში და 2020 წლის დასაწყისში (თებერვლის თვის ჩათვლით), სომალიში უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია კვლავაც არასტაბილური იყო. ქვეყანაში ფიქსირდებოდა ტერორისტული ორგანიზაცია “ალ-შაბააბის“ მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმები, რასაც ხშირად თან ახლდა მსხვერპლი სამოქალაქო სექტორში. ამას გარდა, სომალის უსაფრთხოების ძალები, რომელსაც აშშ უჭერს მხარს, ასევე, ახორციელებდნენ სამხედრო ოპერაციებს (მათ შორის – საავიაციო დარტყმებს) ზემოხსენებული დაჯგუფების და, ასევე -„ისლამური სახელმწიფო – სომალის“ წევრების წინააღმდეგ, რაც, ასევე, იწვევდა სამოქალაქო დანაკარგებს. უსაფრთხოების კუთხით ინციდენტები ფიქსირდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის – სომალილენდსა და პუნტლენდში.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომალიში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ სომალი არის ფედერალური მოწყობის რესპუბლიკა, რომელსაც 2017 წელს არჩეული პრეზიდენტი მოჰამედ აბდულლაჰი მოჰამედ „ფარმააჯო“ ხელმძღვანელობს. სომალის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მდებარეობს თვითგამოცხადებული სომალილენდის რესპუბლიკა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში და პუნტლანდის ავტონომიური ერთეული ჩრდილო-აღმოსავლეთში, რომელთაც საკუთარი მთავრობები და იურისდიქცია გააჩნიათ.

სომალის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნაში უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგზე პასუხისმგებელია ორგანოა სომალის ეროვნული არმია, რომლის ყველაზე დიდი გამოწვევა, ამ ეტაპზე, ტერორისტული დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ წინააღმდეგ ბრძოლაა. აღნიშნული სამხედრო ოპერაციები, ქვეყნის უმრავლეს რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს. ანგარიშის მიხედვით, სომალის სამოქალაქო ინსტიტუტები, ზოგჯერ, ვერ ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებულ სერიოზულ უფლებათა დარღვევათა შორის იყო: სომალის ფედერალური სამთავრობო ძალების, კლანების, დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ ან სხვა დაუდგენელ პირთა ან ჯგუფთა მიერ სამოქალაქო პირების უკანონო ან თვითნებური მკვლელობის შემთხვევები; პირთა წამება და სხვა ტიპის არასათანადო და დამამცირებელი მოპყრობა ზემოხსენებული ელემენტების მხრიდან; „ალ-შაბააბის“ მიერ განხორციელებული იძულებითი გაუჩინარების შემთხვევები; თვითნებური ან პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, მათ შორის – ჟურნალისტების მიმართ; მკაცრი და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პოლიტიკური პატიმრები; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული სერიოზული პრობლემები; გამოხატვის თავისუფლების ყველაზე მძიმეს ფორმის შეზღუდვები, მათ შორის – მუქარა, ძალადობრივი მუქარა, ცენზურა, ჟურნალისტთა დაკავება და ა.შ.; ფედერალური სამთავრობო ძალების, კლანების, დაჯგუფებები: „ალ-შაბააბის“ და Ahlu Sunna Wal Jama (ASWJ) -ს მიერ ბავშვთა იძულებითი რეკრუტირება და მათი საომარ მოქმედებებში ჩართვა; ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა, რომელიც, ნაწილობრივ, მთავრობის უმოქმედობით იყო წახალისებული; სრულწლოვანთა და ბავშვთა იძულებითი შრომა და ა.შ.

დაუსჯელობა რუტინული ხასიათის იყო და ნორმად აღიქმებოდა. მთავრობო თითქმის არ დგამდა არანაირ ნაბიჯს, რომ დაესაჯა სამართალდამრღვევი პირები, რომელთაგან ბევრი სამხედრო ან პოლიციის რიგებიდან იყო.

ანგარიშის მიხედვით, სამთავრობო ძალებს, კლანურ შეიარაღებულ ჯგუფებს, „სომალიში აფრიკის კავშირის მისიის“ (African Union Mission in Somalia (AMISOM)) ძალებსა და „ალ-შაბააბს“ შორის მიმდინარე შეიარაღებულმა კონფლიქტმა მნიშვნელოვნად დააზარალა სამოქალაქო მოსახლეობა, გამოიწვა რა ბევრი მათგანის სიკვდილი; დაშავება ან იძულებითი გადაადგილება. კლანურ შეიარაღებულ ჯგუფები და „ალ-შაბააბი“ აგრძელებდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ კუთხით, განსაკუთრებით აქტიური მაინც „ალ-შაბააბი“ იყო, რომლის წევრებიც აწყობდნენ ტერორისტულ თავდასხმებს სამოქალაქო პირებზე და, ასევე, სჩადიოდნენ ისეთი ტიპის აქტებს, როგორიცაა: მკვლელობები; პირთა გაუჩინარებები; წამება;  გაუპატიურება; არასამთავრობო ორგანიზაციების და გაეროს თანამშრომლებზე თავდასხმა და ა.შ. „ალ-შაბააბი“-ის წევრები, ასევე, ზღუდავდნენ წვდომას ჰუმანიტარულ ტვირთზე, იყენებდნენ ბავშვ ჯარისკაცებს და აწესებდნენ შეზღუდვებს გამოხატვის, შეკრების, პრესისა და გადაადგილების კუთხით. „სომალიში აფრიკის კავშირის მისიის“ (African Union Mission in Somalia (AMISOM)) ძალების ზოგიერთ ქმედებას, ასევე შედეგად ახლდა სამოქალაქო პირთა სიკვდილი.[4]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch სომალის შესახებ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე სერიოზულმა კონფლიქტმა; სახელმწიფოს მხრიდან დაცვის არარსებობამ დ ჰუმანიტარულმა კრიზისმა სომალელი სამოქალაქო პირები მნიშვნელოვნად დააზიანა. სხვადასხვა გათვლებით, ქვეყანაში არის იძულებით გადაადგილებული 2.6 მილიონი პირი.

„გაეროს სომალის მხარდაჭერის მისიის“ (UNSOM) მიხედვით, ნოემბრის თვის მონაცემებით, ქვეყანაში ფიქსირდებოდა  1 154  სამოქალაქო დანაკარგი. აღნიშნული რიცხვის 67 % მოდიოდა ისლამისტური შეიარაღებული დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ მიერ განხორციელებულ განურჩეველ ან გამიზნულ თავდასხმებზე. კლანებსა და უსაფრთხოების ძალების შიგნით არსებული ძალადობა; შურისძიების მიზნით მკვლელობები; ალ-შაბააბის წინააღმდეგ ფედერალური მთავრობის, „სომალიში აფრიკის კავშირის მისიის“ (African Union Mission in Somalia (AMISOM)) ძალებისა და სხვა უცხოური შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციები, ასევე, იწვევდა სამოქალაქო პირთა სიკვდილს, დაშავებას ან იძულებით გადაადგილებას.

ფედერალური და რეგიონალური მთავრობები, განსაკუთრებით – სომალილენდში, კვლავ განაგრძობდნენ გამოხატვისა და მედიის თავისუფლების კუთხით შეზღუდვების დაწესებას, მათ შორის – არ ერიდებოდნენ ჟურნალისტთა და სხვა კრიტიკულად განწყობილ პირთა დევნას, მათ თვითნებურ დაკავებას და მედია საშუალებების დროებით დახურვას. ზოგადად, კიდევ უფრო დამძიმდა ურთიერთობები ფედერალურ მთავრობასა და ფედერაციის წევრ შტატებს შორის.

იანვარში, მას შემდეგ რაც სომალი გახდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი,  ფედერალურმა მთავრობამ ქვეყნიდან გააძევა სომალიში გაეროს წარმომადგენლობის უფროსი – ნიკოლას ჰაისომი, რასაც საფუძვლად დაუდო ჰაისომის ღია წერილი, სადაც ის სომალიში, ქალაქ ბაიდოაში, მთავრობის მოქმედებების შედეგად დამდგარ უფლებათა დარღვევებზე საუბრობდა. ფედერალურმა მთავრობამ, ასევე, თანამდებობებზე დაამტკიცა რამდენიმე ისეთი პირი, რომელთა მიმართ არსებობდა ბრალდებები სერიოზულ უფლებათა დარღვევებში მონაწილეობის შესახებ.

გარდა ამისა, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული სომალის მიერ გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის რატიფიცირება და მთავრობის მიერ ბავშვთა უფლებების კომიტეტისადმი წარდგენილი რიგით პირველი ანგარიში.[5]

საერთაშორისო არასამთვრობო ორგანიზაცია Amnesty International-ის სომალის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, დაიღუპა და დაშავდა 1000 სამოქალაქო პირზე მეტი. სომალის მთავრობა მასშტაბურ სადამსჯელო ღონისძიებებს ახორციელებდა მისდამი კრიტიკულად განწყობილ პირთა, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მათ შორის – ფიზიკური ძალის გამოყენებით შლიდა დემონსტრაციებს, რასაც ზოგჯერ, თან ახლდა პირთა გარდაცვალების შემთხვევები. ჟურნალისტთა მიმართ შეზღუდვებს, ასევე, ხელს უწყობდა ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-შაბააბის“ წევრთა ქმედებები. ქვეყანაში ფართოდ იყო გავრცელებული ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა. კონფლიქტის, გვალვისა და ნიაღვრების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა მაჩვენებელმა 300 000 მიაღწია. სერიოზული უფლებათა დარღვევების ჩამდენ პირთათვის დაუსჯელობა ფართოდ გავრცელებული და რუტინული ხასიათის იყო.[6]

[1] United Kingdom Foreign and Commonwealth Office – Foreign travel advice Somalia; published on 5 May 2020; available at https://www.gov.uk/foreign-travel-advice/somalia [accessed 10 May 2020]

[2] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 10 May 2020]

[3] ACCORD – Security Situation in Somalia; published in April 2020; available at https://www.ecoi.net/en/countries/somalia/featured-topics/security-situation/ [accessed 11 May 2020]

[4] United State Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Somalia; published in March 2020; available at

[accessed 11 May 2020]

[5] Human Rights Watch – World Report 2020 – Somalia; published in January 2020; available at

[accessed 12 May 2020]

[6] Amnesty International – “Human Rights in Africa: Review of 2019 – Somalia”; published in April 2020; available at

[accessed 12 May 2020]