ერაყი. ინფორმაცია დაჯგუფების “რაბა ალლაჰ” შესახებ. აპრილი, 2021

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებში, ინფორმაცია საკვლევ კითხვაში მოცემული ჯგუფის შესახებ, შედარებით მწირი იყო. ეს დიდწილად განპირობებულია იმით, რომ ჯგუფი შედარებით ახალი შექმნილია და მისი აქტივობები არ ხვდება ავტორიტეტული სამთავრობო თუ არასამთავრობო წყაროების უახლოესი ანგარიშების მომზადების პერიოდში.

მედია საშუალება ISW News 2021 წლის 31 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ რაბა ალლაჰ (არაბულად – „ღმერთის თანამოძმეები“) წარმოადგენს მოძრაობას, რომელიც ბოლო ხანებში, ერაყში განვითარებულ პოლიტიკურ მღელვარებასთან ერთად შეიქმნა. მოძროაბის წევრი ხაზს უსვამენ, რომ ისინი დამოუკიდებელნი არიან და არანარი კავშირი არ გააჩნიათ Hashad Sha’abi-თან (სახალხო სამობილიზაციო ძალები – PMF) ან პოლიტიკურ ჯგუფებთან. მოძრაობას გააჩნია ანტი-ა.შ.შ. და ანტი-დასავლური შეხედულებები.

მოძრაობამ ორგანიზება გაუწია საპროტესტო დემონსტრაციებს დიჯლაჰში KDP პარტიის ოფისთან და ტელეკომპანია MBCNetworks-ისშენობასთან, რადგან KDP პარტიის წევრმა – ჰოშიარ ზებარიმ, 2020 წლის 17 ოქტომბერს Hashad Sha’abi-ის შეურაცხყოფა მიაყენა.

რაბა ალლაჰს ზოგიერთი ქურთი ჩინოვნიკი ბრალს სდებდა სულეიმანიაში საპროტესტო დემონსტრაციების ორგანიზებაში. ამას გარდა, ზოგიერთი დასავლური მედია საშუალება დაჯგუფებას ორგანიზაცაია Kataib Hezbollah-ს ერთ-ერთ ფრთად მიიჩნევდა, რასაც უშუალოდ კატაიბი უარყოფდა.[1]

მედია საშუალება The National News 2021 წლის 24 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ დაჯგუფება „რაბა ალლაჰ“-ის წევრებმა დედაქალაქ ბაღდადში მასშტაბური მსვლელობა გამართეს, რომელშიც მონაწილეობდნენ სამხედრო მანქანებით, შავებში ჩაცმული, ავტომატური შაშხანებით და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით შეიარაღებული პირები. დემონსტრანტების განცხადებით, ჯგუფს სურდა, სოლიდარობა გამოეხატა იმ ერაყელი ხალხისადმი, რომლებიც „მჩაგვრელი, ამერიკული ოკუპაციის“ პირობებში ცხოვრობენ. მათ ერაყის მთავრობა ასევე უწოდეს „თანამზრახველი და აგენტი“. ჯგუფის წევრებმა ასევე მოუწოდეს მთავრობას, დროულად მიეღო პარლამენტში რამდენჯერმე გადადებული ბიუჯეტი.

„ყველა პოლიტიკურმა პარტია უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვერ გაგვაჩუმებთ, თუ ბიუჯეტი ვერ შეასრულებს ხალხის მოთხოვნებს, განსაკუთრებით – სამხრეთულ პროვინციებთან მიმართებით“ – აღნიშნული იყოს ჯგუფის განცხადებაში.

სტატიის მიხედვით, ერაყის მთავრობის წარმომადგენლებს აღნიშნულთან მიმართებით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ რაბა ალლაჰი არის ერთ-ერთი მცირე, შედარებით ნაკლებად ცნობილი შიიტური შეიარაღებული დაჯგუფება, რომლიც გასულ წელს შეიქმნა.[2]

ორგანიზაცია Washington Institute 2021 წლს 9 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ დაჯგუფება „რაბა ალლაჰი“ აშკარად სხვა, შედარებით მსხვილი ჯგუფის – Kataib Hezbollah-ს (KH) ერთ-ერთ დანაყფოს წარმოადგენს. ამას ადასტურებს სუფთა და სარწმუნო მტკიცებულებები. 2021 25 მარტს, KH ბაღდადის ქუჩებში სამხედრო მსვლელობა მოაწყო, რაც მიზნად ისახავდა ძალაუფლების დემონსტრირებას. პარადის ფარგლებში, ისმოდა მუქარები ერაყის პრემიერ-მინისტრის და უსაფრთხოების სამსახურების მაღალჩინოსნების მიმართ. აღნიშნული სამხედრო პარადი სწორედ რაბა ალლაჰის წევრებმა დაანონსეს სოციალური მედია საშუალება – muqawama-ზე. დაჯგუფების წევრები ასევე მონაწილეობდნენ პარადშიც, სადაც შეიარაღებულნი მარშირებდნენ (მათ შორის – RPG 7-ით).[3]

[1] ISW news – article “What is Raba Allah Group”; published on 31 March 2021; available at https://english.iswnews.com/18110/what-is-raba-allah-group/ [accessed 23 April 2021]

[2] The National News – article “Iraq capital taken over as Shiite militia marches in defiance of government”; published on 24 March 2021; available at https://www.thenationalnews.com/mena/iraq/iraq-capital-taken-over-as-shiite-militia-marches-in-defiance-of-government-1.1191071 [accessed 23 April 2021]

[3] The Washington Institute – Profile: Raba Allah; published on 9 April 2021; available at https://www.washingtoninstitute.org/policy-analysis/profile-raba-allah [accessed 23 April 2021]