უკრაინა. გასამხედროებული დაჯგუფება მარჯვენა სექტორი. ოქტომბერი, 2018

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების საბჭო 2016 წლის სპეციალური ანგარიშში წერს, რომ „მარჯვენა სექტორი“ (Pravyi Sektor) არის უკრაინაში მოქმედი  მცირე, რადიკალური ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე „გასამხედროებული“ ჯგუფი. ჯგუფი დაფუძნდა 2013 წელს, მომდევნო წელს დარეგისტრირდა, როგორც პოლიტიკური პარტია და საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვა ჯამურ ხმათა 2 პროცენტი, რის შედეგადაც მიიღო ერთი მანდატი პარლამენტში. პარტიის იმდროინდელმა ლიდერმა – დმიტრი იაროშმა ასევე მონაწილეობა მიიღო 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც ხმათა 1 პროცენტი მიიღო. ანგარიშის მიხედვით, „მარჯვენა სექტორის“ იდეოლოგია დაფუძნებულია ულტრანაციონალისტურ ღირებულებებზე.[1]

4 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია: Freedom House, Human Rights Watch, Amnesty International და Front Line Defenders უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი მიმართულ, 2018 წლის 13 ივნისით დათარიღებულ ერთობლივ საჯარო წერილში მოუწოდებენ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს, მოახდინონ სათანადო რეაგირება კონკრეტული ჯგუფების მხრიდან რადიკალური ძალადობის აღკვეთისა და დამნაშავეთა დასჯის კუთხით. კერძოდ, ორგანიზაციების განცხადებით, 2018 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მათ აღრიცხეს ისეთი რადიკალური დაჯგუფებების, როგორიცაა – „C14”; „მარჯვენა სექტორი“; „Traditsii i Poryadok“; „Karpatska Sich“ მხრიდან კონკრეტულ პირებზე ძალადობრივი თავდასხმის, მუქარის და დაშინების 25-მდე ფაქტი. შემთხვევების უმრავლესობა მოხდა კიევში, ვიზიცაში, უჟგოროდსა და ივანო-ფრანკოვსკიში. თავდასხმის ობიექტებს წარმოადგენდნენ ლგბტი აქტივისტები, ქალთა უფლებების აქტივისტები, ჟურნალისტები და უფლებადამცველები.

უმრავლეს შემთხვევაში, ინციდენტებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ ყოფილა სათანადო რეაგირება და, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სავარაუდოდ დამნაშავე რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ არ მომხდარა. ხოლო იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც დაიწყო სათანადო გამოძიება, ვერ იქნა პოზიტიური შედეგი მიღწეული და ვერ მოხდა დამნაშავეების იდენტიფიცირება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი, სოციალური მედიის საშუალებით, ღიად და საჯაროდ იღებდნენ პასუხისმგებლობას აღნიშნულ თავდასხმებზე. ქვემოთ აღწერილ, სულ მცირე ორი ასეთი ინციდენტის დროს, დანაშაულის ჩადენისას ადგილზე მყოფი სამართალდამცავების მხრიდან არ დაფიქსირებულა სათანადო რეაგირება დანაშაულის აღკვეთის მიზნით.

უფრო კონკრეტულად, ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს, კიევში, რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს აქტივისტებს. თავდასხმისას მათ ასევე გამოიყენეს წიწაკის სპრეი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული პოლიციელები უბრალოდ უყურებდნენ ამ ყველაფერს და არაფერი იღონეს დანაშაულის აღსაკვეთად და დამნაშავეების დასაკავებლად. უფრო მეტიც, პოლიციის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული სარჩელი წარუდგინეს ერთერთ დაზარალებულ აქტივისტს, თუმცა, თავდამსხმელების მიმართ არანაირი ბრალი არ წარუდგენიათ. ქალთა უფლებების აქტივისტებს, იმავე დღეს, მშვიდობიანი დემონსტრაციის მიმდინარეობისას, ასევე თავს დაესხნენ უჟგოროდსა და ლვოვში.

20 აპრილს, C14-ის დაახლოებით ხუთი წარმომადგენელი, მოქმედებდნენ რა, როგორც  ჰოლოსეევსკის დასახლების მუნიციპალური პატრულის თანამშრომლები, თავს დაესხა ბოშათა დასახლებას კიევში. ფართოდ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ედევნებიან შენიღბული თავდამსხმელები ქალებსა და ბავშვებს ქვებისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით მას შემდეგ, რაც გადაწვეს მათი კარვები. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის ორი საქმე, თუმცა, ორგანიზაციების განცხადებით, შედეგი მათთვის დღემდე არაა ცნობილი.

10 მაისს, რადიკალური ჯგუფების 30 წარმომადგენელმა ძალადობრივი გზით ხელი შეუშალა Amnesty International-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ჩატარებას, რომლის ფარგლებშიც უნდა განეხილათ რუსეთსა და უკრაინაში ლგბტი პირების მიმართ განხორციელებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. თავდამსხმელებმა გადაკეტეს ქუჩის შესასვლელი და სიკვდილით ემუქრებოდნენ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. ადგილზე მყოფმა პაჩერსკის საოლქო პოლიციის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ჩარევაზე და Amnesty International-ის პერსონალის მიმართ ჰომოფობიური კომენტარებიც გააკეთეს. საბოლოოდ, კიევის საქალაქო საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ, მოხდა ღონისძიების მონაწილეების ევაკუაცია. მას შემდეგ, Amnesty International-მა პოლიციაში აღნიშნული შემთხვევის გამო რამდენიმე საჩივარი შეიტანა, თუმცა მათ რეაგირება არ მოჰყოლია.

19 მაისს, 50-მდე რადიკალური დაჯგუფებების წევრმა პირმა ძალადობრივი გზით ხელი შეუშალა თანასწორობის ფესტივალს ჩერნივიციში. მათგან რამდენიმე მოწმეების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც წინა 8 მარტისა და 10 მაისის ინციდენტებში მონაწილე პირები. პოლიციის წარმომადგენლებმა, იმ წინაპირობით, რომ შენობაში იყო ბომბი, მოახდინეს შეკრებილების ევაკუაცია შენობის გარეთ, სადაც მათ თავდამსხმელებმა დაუშინეს მძიმე ობიექტები, მათ შორის – ჩაქუჩები. დღემდე, არ არის ინფორმაცია, დაიწყო თუ არა გამოძიება აღნიშნულ ინციდენტზე.

ორგანიზაციები მოუწოდებენ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტები და დასაჯოს დამნაშავეები. ასევე, უკრაინის პოლიციამ უზრუნველყოს რადიკალური ჯგუფების მხრიდან ეთნიკურ უმცირესობებზე, ლგბტი პირებსა და ადამიანის უფლებადამცველებზე ძალადობრივი თავდასხმისა და მუქარის ფაქტების პრევენცია.[2]

მედია გამოცემა The Washington Post 2017 წლის 15 ივნისის სტატიაში წერს უკრაინაში მოქმედი ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებისა და მათი აქტივობების შესახებ. გაზეთის ინფორმაციით, ბოლო დროის განმავლობაში, ულტრა-მემარჯვენე და ნეო-ნაცისტური ჯგუფები თავს დაესხნენ ან ძალადობრივი გზით ხელი შეუშალეს: ხელოვნების ნიმუშების გამოფენას, ანტი-ფაშისტურ დემონსტრაციებს, ღონისძიებას „უკრაინელები ირჩევენ მშვიდობას“, ლგბტი ღონისძიებებს, მედია ორგანიზაციებს, სასამართლო პროცესებს და მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღმნიშვნელ „გამარჯვების დღის მარშს“.[3]

[1] Canada: Immigration and Refugee Board of Canada, Ukraine: Information on the Right Sector, including affiliated groups and activities; involvement in eastern Ukraine; relations with authorities (2013-July 2016), 22 July 2016, UKR105554.E, available at:

[accessed 24 October 2018]

[2] Freedom House – “Joint Letter: Urgent Need for Ukrainian Authorities to End Impunity for Radical Violence”, 13 June 2018, available at https://freedomhouse.org/article/joint-letter-urgent-need-ukrainian-authorities-end-impunity-radical-violence [accessed 25 October 2018]

[3] The Washington Post, article “Ukraine’s ultra-right militias are challenging the government to a showdown” of 15 June 2017, available at https://www.washingtonpost.com/news/democracy-post/wp/2017/06/15/ukraines-ultra-right-militias-are-challenging-the-government-to-a-showdown/?utm_term=.8058d3f18963 [accessed 25 October 2018]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 8-15 ოქტომბერი, 2018

ინდოეთში გოგო საკუთარმა ოჯახმა ხეზე მიაბა და გაამათრახა – შემთხვევა ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბიჰარის შტატში მდებარე პატარა სოფელში მოხდა. მუსლიმი გოგო, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ინდუისტ შეყვარებულთან ერთად გაიპარა; გოგოს ოჯახმა ის მოძებნა და ასეთი ფორმით დასაჯა. ოჯახს არ სურდა, გოგო სხვა აღმსარებლობის ბიჭზე დაქორინებულიყო. გამათრახების შესახებ გადაწყვეტილება სოფლის საბჭომ მიიღო.[1]

ინდოეთში 34 გოგოს ბიჭები თავს დაესხნენ და ჯოხებით სცემეს – შემთხვევა ბიჰარის შტატში მოხდა. ბიჭება სკოლის მოსწავლე 34 გოგო, რომელთაც სექსუალური შევიროვების შემთხვევები გააპროტესტეს, ჯოხებით სცემეს. გოგონათა ასაკი 12-16 წელია. ბრიტანული ფონდის „Thompson Reuters“ სპეციალისტების დასკვნით, ინდოეთი ქალებისთვის ყველაზე საშიში ქვეყანაა.[2]

ავღანეთში არსებული ვითარება – მოძრაობა თალიბანის წევრები ჯაუზკანის პროვინციაში რამდენიმე საკონტროლო-გამშვებ პუნ ქტს დაესხნენ თავს. ინციდენტების შედეგად უსაფრთხოების ძალების 15-ზე მეტი წარმომადგენელი ემსხვერპლა. თავდამსხმელებმა რამდენიმე ობიექტზე ობიექტზე კონტროლის დამყარება მოახერხეს. ორმხრივი სროლისას 30-მდე თალიბი მებრძოლი დაიღუპა.[3]

ტაჰარის პროვინციაში, წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 36 დაშავდა. დაღუპულთა შორის ეროვნული უსაფრთხოების ოფიცრები და პოლიციელები არიან.[4]

გაეროს ცნობით, ავღანეთში მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლი უკიდურესად მაღალია. 2014 წლის შემდეგ, 2018 წლის პირველ 9 თვეში სიკვდილიანობამ აქამდე აღრიცხულ რეკორდულ დონეს მიაღწია. 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში 2798 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 5252 დაიჭრა. ეს მაჩვენებელი 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემზე 46%-ით მაღალია.[5]

რუსეთში ისლამისტები დააკავეს – უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა თათრეთის რესპუბლიკაში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია დაჯგუფება „ჰიზბ უტ ტაჰრირის“ რეგიონული სტრუქტურების რამდენიმე ლიდერი. დაკავებულთა სახლებში პროპაგანდისტული ლიტერატურა, საიდუმლო დოკუმენტები და საკომუნიკაციო მოწყობილობები აღმოაჩინეს. ოპერაციაში რუსეთის შს სამინისტროსა და ეროვნული გვარდიის ფედერალური სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.[6]

ეგვიპტის სამხედრო სასამართლომ ეკლესიებზე თავდასხმის გამო 17 პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა – 17 პირს, 2016-2017 წლებში სამ ეკლესიასა და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე თავდასხმის გამო სიკვდილით დასჯიან. 2016-2017 წლებში ორ ეკლესიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თავდასხმების შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.[7]

2018 წელს მსოფლიოში 56 ჟურნალისტი დაიღუპა – საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ინფორმაციით, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში 56 ჟურნალისტი დაიღუპა. აღნიშნული მაჩვენებელი უკვე აჭარბებს 2017 წლის მთლიან მონაცემს (55). ყველაზე მეტი ჟურნალისტი (13) ავღანეთში დაიღუპა.[8]

ბოკო ჰარამის ტყვეობიდან 833 ბავშვი გაათავისუფლეს – გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, შეიარაღებულმა სამოქალაქო დაჯგუფებამ „Civial Joint Task Force“ ჩრდილოეთ ნიგერიაში რადიკალური დაჯგუფება ბოკო ჰარამის ტყვეობიდან  გაათავისუფლა 833 ბავშვი; მათგან ყველაზე პატარა 11 წლისაა.[9]

ორმაგი ტერაქტი სომალიში – სომალის სამხრეთით, ბაიდოაში ორმაგი ტერაქტის შედეგად 20-ზე მეტი დაიღუპა, 40 ადამიანი კი დაიჭრა. პირველი აფეთქება ხალხით სავსე რესტორანში, მეორე კი კაფეში მოხდა. ორივე შემთხვევაში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ალ-შაბააბმა აიღო.[10]

იემენის კრიზისი – კოალიციის მიერ განხორციელებულ იერიშს 17 ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა. დაღუპულთა შორის 8 პირი ერთი ოჯახის წევრია. იერიში ჰოდეიდას პროვინციაში 2 ავტობუსზე მიიტანეს, სადაც მშვდობიანი მოსახლეობა ისხდა და სოფლიდან გაქცევას ცდილობდა. ამ დრომზე შეიარაღებულ დაპირისპირებას ქვეყანაში 10 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.[11]

გაეროს მონაცემებით, ბოლო 100 წლის განმავლობაში, იემენში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფაა. ქვეყანაში 13 მილიონი ადამიანი შიმშილობს. ორგანიზაცია Save the Children-ის მონაცემებით იემენში 5 მილიონამდე ბავშვი შიმშილის ზღვარზეა. იემენში სამოქალაქო დაპირისპირება 2014 წლიდან მიმდინარეობს.[12]

[1] Daily Mail; Muslim girl, 18, is tied to a tree for hours and whipped for trying to elope with her Hindu lover in India; By Sara Malm; 8 October, 2018; available at: https://www.dailymail.co.uk/news/article-6251897/Muslim-girl-18-tied-tree-whipped-trying-elope-Hindu-lover.html?ito=social-facebook

[2] Reuters; Indian schoolgirls beaten with sticks after protesting sexual harassment; 8 October, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-india-bihar-violence/indian-schoolgirls-beaten-with-sticks-after-protesting-sexual-harassment-idUSKCN1MI1JN?il=0

[3] Tolo News; Security Forces suffer heavy casualties in Jawzjan attack; By Arif Muaavi; 8 October, 2018; available at: https://www.tolonews.com/afghanistan/security-forces-suffer-heavy-casualties-jawzjan-attack

[4] Tolo News; Takhar election rally explosion dath toll rises to 22; 13 October, 2018; available at: https://www.tolonews.com/afghanistan/explosion-targets-takhar-election-rally-12-killed

[5] იმედის ახალი ამბები; გაერო: ავღანეთში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა უკიდურესად მაღალია; 11 ოქტომბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/80799/gaero-avganetshi-dagupuli-mshvidobiani-moqalaqeebis-raodenoba-ukiduresad-magalia

[6] იმედის ახალია ამბები; რუსეთში ისლამისტები დააკავეს; 11 ოქტომბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/80890/rusetshi-islamistebi-daakaves

[7] Reuters; Egyptian military court sentences 17 to death over church bombings; 11 October, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-egypt-security-court/egyptian-military-court-sentences-17-to-death-over-church-bombings-agency-idUSKCN1ML1S1?il=0

[8] Reporters Without Borders; More journalists killed in first none months of 2018 than in all 2017; 11 October, 2018; available at: https://rsf.org/en/news/more-journalists-killed-first-nine-months-2018-all-2017

[9] Reuters; U.N. says 833 children released by Nigerian militia group; 12 October, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-nigeria-children/u-n-says-833-children-released-by-nigeria-militia-group-idUSKCN1MM1QH?il=0

[10] Reuters; Death toll from twin suicide bombings in southern Somalia rises to 20; 14 October, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-somalia-attack/death-toll-rises-to-20-after-suicide-bombings-in-southern-somalia-idUSKCN1MO07C

[11] იმედის ახალი ამბები; იემენში ავიადარტყმას სულმ მცირე ჩვიდმეტი ადამიანი ემსხვერპლა; 14 ოქტომბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/81219/iemenshi-aviadartkmas-sul-mtsire-chvidmeti-adamiani-emskhverpla

[12] BBC; Yemen could be worst famine in 100 years; 15 October, 2018; available at: https://www.bbc.com/news/av/world-middle-east-45857729/yemen-could-be-worst-famine-in-100-years