ერაყი. უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება ანბარის პროვინციაში. იანვარი, 2019

2018 წელს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა ინციდენტებმა, რომლებიც უმეტესად ისლამური სახელმწიფოს აქტივობებთან იყო დაკავშირებული, ერაყში ეტაპობრივად იკლო და წლის ბოლოს 60%-იანი კლება დაფიქსირდა. 2018 წლის ბოლო ორი თვის განმავლობაში რეკორდულად დაბალი რაოდენობის ინციდენტებს ჰქონდა ადგილი, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ისლამურმა სახელმწიფომ დიდწილად დატოვა ბრძოლის ველი. ნოემბერსა და დეკემბერში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 109 და 95 ინციდენტი დაფიქსირდა, შესაბამისად; მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში აღნიშნული მაჩვენებელი ორასს აჭარბებდა.

2018 წელს ამბოხებულებმა დიდწილად დატოვეს ანბარის პროვინცია. წლის განმავლობაში, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 12 შეადგინა. იერიშები დაიწყო იანვარში და მათი რაოდენობა 25-მდე გაორმაგდა მარტში, რის შემდეგაც ინციდენტების რაოდენობამ კლება იწყო. თებერვალში დაიბომბა ქალაქი რამადი. მორიგი ზრდა დაფიქსირდა აგვისტო-სექტემბრის პერიოდში – თვეში 17 ინციდენტი. აღნიშნული ზრდა დაემთხვა ორი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებებს ჰადიტიასა და ქაიმში, პროვინციის დასავლეთით. ოქტომბერში, ანბარში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 16 ინციდენტი დაფიქსირდა, მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტისა და დანაღმული ავტომობილის აფეთქების ფაქტები ამირია ფალუჯასა და ფალუჯაში, შესაბამისად. ნოემბერსა და დეკემბერში ანბარის პროვინციაში 6 და 8 ინციდენტს ჰქონდა ადგილი. 90% ანბარში მომხდარი შემთხვევებისა იყო მცირე მასშტაბის სროლები და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები. ანბარში ადგილი ჰქონდა ძალიან მცირე კონფრონტაციებს უსაფრთხოების ძალებთან და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებთან განხორციელებულ იერიშებს. 6 მუხთარი (სოფლის თავკაცი) გახდა თავდასხმების სამიზნე, რაც იმის მანიშნებელია, რომ იყო დასახლებებზე კონტროლის დამყარების მცდელობა. მიუხედავად ინციდენტების მცირე რაოდენობისა, ანბარში თვითმკვლელი ტერორისტისა და დანაღმული ავტომობილის აფეთქების 10 ფაქტი დაფიქსირდა, რაც ერაყის მასშტაბით მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ისლამური სახელმწიფოს ელემენტები იყვნენ ყველა დიდ ქალაქში და აქტიურად მოქმედებდნენ სირიის საზღვართან. დაჯგუფება თავის ძალებს აქტიურად ხევდა უკან. საზღვართან დაკავშირებული საკითხები კვლავ წარმოადგენდა შეშფოთების საგანს, თუმცა ისლამური სახელმწიფო კონცენტრაცია უფრო მეტად ერაყის სხვა ტერიტორიებისკენ იყო მიმართული.[1]

ზამთრის განმავლობაში ისლამური სახელმწიფო დიდწილად გავიდა ანბარიდან, თუმცა 2019 წლის პირველ კვირას მაინც დაფიქსირდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ექვსი ინციდენტი; მათ შორის თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქება და ორმხრივი სროლა და შეტაკება უსაფრთხოების ძალებთან. ინციდენტების შედეგად ანბარში 1 პირი დაიღუპა და 3 დაშავდა.[2] იანვრის მეორე კვირაში ინციდენტების რაოდენობა ანბარში 3-მდე შემცირდა, თუმცა გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა (4 მოკლული და 26 დაშავებული). ინციდენტებს შორის იყო დანაღმული ავტომობილის აფეთქება სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ ქაიმში, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა და 25 დაშავდა. ამასთან, ფალუჯას სამხრეთით მოკლეს მუხთარი. ეს იყო ზედიზედ მეოთხე თვე, როდესაც სოფლის ლიდერი იქნა მოკლული.[3] 15-21 იანვრის კვირაში ანბარში 2 ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.[4] იანვრის ბოლოს (22-28 იანვარი) ანბარში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ 4 ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. ყველა შემთხვევა ცენტრალურ ნაწილში, ფალუჯადან ჰადიტიამდე ტერიტორიაზე მოხდა. მოგვიანებით, ისლამურმა სახელმწიფომ სიკვდილით დასაჯა ორი ფერმერი. ისლამური სახელმწიფო გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული მეტ-ნაკლებად წყნარად იყო ანბარში, თუმცა შედარებით გააქტიურდა 2019 წლის იანვარში.[5]

[1] Musings on Iraq; Review of security trends in Iraq 2018; By Joel Wing; 15 January, 2019; available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2019/01/review-of-security-trends-in-iraq-2018.html [accessed 28 January 2019]

[2] Musings on Iraq; Security in Iraq, Jan 1-7, 2019; By Joel Wing; 11 January, 2019; available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2019/01/security-in-iraq-jan-1-7-2019.html [accessed 28 January 2019]

[3] Musings on Iraq; Security in Iraq, Jan 8-14, 2019; By Joel Wing; 16 January, 2019; available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2019/01/security-in-iraq-jan-8-14-2019.html [accessed 28 January 2019]

[4] Musings on Iraq; Security in Iraq, Jan 15-21, 2019; By Joel Wing; 23 January, 2019; available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2019/01/security-in-iraq-jan-15-21-2018.html [accessed 28 January 2019]

[5] Musings on Iraq; Security in Iraq, Jan 22-28, 2019; By Joel Wing; 30 January, 2019; available at: http://musingsoniraq.blogspot.com/2019/01/security-in-iraq-jan-22-28-2019.html [accessed 30 January 2019]