თავდასხმა ტრიპოლის აეროპორტზე – ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში, მიტიგას საერთაშორისო აეროპორტზე შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაიჭრა. ინფორმაცია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ადგილობრივმა გამოცემამ გაავრცელა. მიტიგას საერთაშორისო აეროპორტს შეიარაღებული დაჯგუფება დაესხა თავს. თავდასხმა სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენებით მიმდინარეობდა. აეროპორტში მყოფი ადამიანების ევაკუაცია მოხერხდა. შეტაკება მთავრობისადმი ლოიალურ ორ დაჯგუფებას შორის მოხდა. კერძოდ, აეროპორტს თავს დაესხა დაჯგუფება „ალ-ბაქარა“, რომელსაც ლიბიის აღმოსავლეთიდან დევნილი რადიკალები შეუერთდნენ.[1]
შეტაკება პოლიციასა და როჰინჯებს შორის – მიანმარში, რაკჰაინის შტატში პოლიციასა და როჰინჯა მუსლიმებს შორის დაპირისპირებას 7 ადამიანი ესხვერპლა, 33 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 20 პოლიციელია. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 5000-მდე ბუდისტი აქციას მართავდა. ამასთან, გამოცემა წერს, რომ ისინი მაშინ დაუპირისპირდნენ პოლიციას, როდესაც მიანმარსა და ბანგლადეშს შორის როჰინჯა მუსლიმების რეპატრიაციის დოკუმენტი გაფორმდა. მიანმარში სიტუაცია 2017 წლის 25 აგვისტოს შემდეგ გამწვავდა. ამ დღეს „როჰინჯა არაკანას გადარჩენის არმიის“ დანებით და ხელნაკეთი ბომბებით შეიარაღებულმა მებრძოლებმა კოორდინირებული თავდასხმა მოაწყვეს მიანმარის არმიის ბაზასა და პოლიციის 30-ზე მეტ საგუშაგოზე, მოკლეს ქვეყნის სპეცსამსახურების, სულ ცოტა, 12 წარმომადგენელი.[2]
ტერაქტები ნიგერიაში – ნიგერიაში მომხდარ ორმაგ ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა. თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მაიდუგურიში მოხდა. ორმა ტერორისტმა თავი მუნა-გარაჟის რაიონთან აიფეთქა, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, „ბოკო ჰარამი“ დგას.[3]
ვითარება თურქეთსა და სირიის საზღვარზე; თურქეთის სამხედრო ოპერაციები სირიელი ქურთების წინააღმდეგ – თურქეთისგან მხარდაჭერილმა „თავისუფალი სირიის არმიის“ წევრებმა საზღვარი გადალახეს და სირიის ტერიტორიაზე შევიდნენ. 20 ავტობუსისგან შემდგარი კოლონა სირიის ქალაქ აზაზისკენ გაემართა. თურქეთის თავდაცვის მინისტრის ნურეთინ ჯანიკლის განცხადებით, დაბომბვები დაიწყო, თუმცა თურქეთის არმია ქალაქ აფრინში არ შესულა. ჯანიკლის თქმით, ოპერაცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად თავდაცვითია და ტერორისტული კორიდორის განადგურებას ისახავს მიზნად. ავიაციის გამოყენებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. სირიის ხელისუფლება თურქული თვითმფრინავების ჩამოყრას იმუქრება.
15 იანვარს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის სასაზღვრო ძალებს ტერორისტული არმია უწოდა და აღნიშნა, რომ სრულ დაკომპლექტებამდე აღნიშნულ სამხედრო ფორმირებას თურქეთი გაანეიტრალებს. დამასკოში აცხადებენ, რომ აშშ-ის სურვილი სირიაში სასაზღვრო უსაფრთხოების ზონის შექმნა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე უხეში თავდასხმაა. ვაშინგტონის გეგმის თანახმად, სირიის სასაზღვრო ზონების გასაკონტროლებლად 30 ათასი მებრძოლისგან ფორმირებული შენაერთი უნდა შეიქმნას. შეირაღებული მილიცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით იქნება ბაზირებული.[4]
ქურთთა სახალხო თავდაცვის შენაერთებმა, თურქეთის იმ შეიარაღებულ ძალებზე იერიში მიიტანეს, რომლებიც შეეცადნენ, სირიის ტერიტორიის სიღრმეში შეეღწიათ. მოსაზღვრე რაიონის სოფელ ბიულბიულში, შეიარაღებული შეტაკების დროს, 4 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. 19 იანვარს, თურქმა სამხედროებმა ქურთთა შენაერთის მიმართულებით დაიწყეს სროლა ქალაქ აფრინთან, რომელიც სირიის ჩრდილოეთით მდებარე ალეპოს პროვინციაში მდებარეობს. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ნურეტინ ჯანიკლიმ განაცხადა, რომ ქურთთა სამხედროებზე თავდახმის ბრძანება გაცეულია და ის არ შეიცვლება.
თურქეთის ავიაციამ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა. თურქეთის გენშტაბმა ცოტა ხნის წინ სამხედრო ოპერაციის სახელწოდებით “ზეთისხილის რტო” დაწყების შესახებ განაცხადა. ოპერაცია “სირიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით” ჩატარდება. მედიის ცნობით, თურქეთის ავიაციამ 108 სამიზნე იობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, აეროდრომზე, რომლითაც აშშ ქურთებს იარაღით ამარაგებდა. თურქეთის მიერ ოპერაციის დაწყების პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფრინის რაიონიდან რუსი სამხედროების გაყვანის განკარგულება გასცა. თურქეთის ხელისუფლება ცდილობს, განდევნოს აფრინიდან ქურთები, რომლებმაც აღნიშნული რაიონი 2012 წელს დაიკავეს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში, აფრინში ანტიტერორისტული ოპერაცია, ფაქტობრივად, დაწყებულია. თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა დასავლეთს, გადახედოს საკუთარ პოლიტიკას სირიაში და შეწყვიტოს თანამშრომლობა ქურთ ტერორისტებთან, რომლებიც ამერიკამ და ევროკავშირმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს.[5]
ქურთების ჯარის (YPG) მეთაური სიპან ჰემო, სირიაში ქურთების ბაზაზე თურქეთის თავდასხმას რუსეთს აბრალებს და მათ მოღალატეებს უწოდებს. თურქეთი კი სირიაში, კერძოდ აფრინში მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალებას უარყოფს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სოციალურ ქსელში გაავრცელა. „როგორც ყოველთვის ტერორისტები ახერხებენ მსოფლიო, პროპაგანდის საშუალებით, შეცდომაში შეიყვანონ და მოატყუონ. ისინი ლიკვიდირებულ ტერორისტებს მშვიდობიან მოსახლეობად ასაღებენ. ისინი იყენებენ სამოქალაქო პირებს, როგორც ცოცხალ ფარს. ჩვენი სამიზნე არც ჩვენი ქურთი ძმები და არც სირიელები არიან. ჩვენ მხოლოდ ტერორისტებს ვებრძვით“, – დაწერა მევლუთ ჩავუშოღლუმ.[6]
თავდასხმა ქაბულის ერთერთ სასტუმროზე – ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სასტუმროში მომხდარ თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 18 ადამიანი დაიღუპა, მათგან 14 უცხოელია. ამ 14-დან სულ ცოტა 6 უკრაინის მოქალაქეა, 4 ავღანელი, 1 გერმანელი, 1 ბერძენი და 1 ყაზახი. ორი ადამიანი ჯერ ამოუცნობია. ზოგიერთი წყაროს თანახმად კი დაღუპულთა რიცხვი 43-ს აღწევს. თავდასხმა 20 იანვარს მოხდა. დაპირისპირება 17 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მედიის ცნობით, თავდასხმის დროს სასტუმროში კონფრენცია და ასევე 2 ქორწილი იმართებოდა. დაცვის წევრებმა შენობიდან 129 ადამიანის გაყვანა მოახერხეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.[7]
მაროკოში ქალებს ნოტარიუსად მუშაობის უფლება მისცეს – ქორწინების დოკუმენტაციის შედგენა მთავრობის სახელით, უძრავი ქონების ტრანზაქციების ადმინისტრირება, სასამართლოს დოკუმენტაციის მომზადება – ეს ის სფეროებია, რომელთა შესახებაც სანოტარო დოკუმენტების შედგენის უფლებაც მაროკოელმა ქალებმა მოიპოვეს. ბოლო წლებში, მაროკოში ქალთა უფლებების გასაფართოებლად, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება დაინერგა. მათ შორის, ქალებს მიეცათ უფლება, იმსახურონ პოლიციის თანამშრომლის პოზიციაზე.[8]
[1] Libyan Express; Death toll of Tripoli Mitiga Airport clashes hit 20 and 60 injuries: Health Ministry says; 15 January, 2018; available at: http://www.libyanexpress.com/death-toll-of-tripoli-mitiga-airport-clashes-hit-20-and-60-injuries-health-ministry-says/
[2] Dhaka Tribune; 7 ethnic Rakhine killed as Myanmar police fore on riot; 17 January, 2018; available at: http://www.dhakatribune.com/world/south-asia/2018/01/17/7-ethnic-rakhine-killed-myanmar-police-open-fire-riot/
[3] Aljazeera; Suicide bombing in Borno market causes multiple death; 18 January, 2018; available at: http://www.aljazeera.com/news/2018/01/suicide-bombing-borno-market-multiple-deaths-180117194033715.html
[4] Reuters; Turkey shells Syria’s Afrin region, minister says operation has begun; Mert Ozkan; 19 January, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-mideast-crisis-syria-turkey/turkey-shells-syrias-afrin-region-minister-says-operation-has-begun-idUSKBN1F80XX
[5] BBC; Syria: Turkey war planes lunch strikes on Afrin; 20 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-42759944
[6] Imedi News; თურქეთის აფრინში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ფაქტს უარყოფს; 22 იანვარი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/45141/turqeti-aprinshi-mshvidobiani-mosakhleobis-dagupvis-paqts-uarkops
[7] BBC; Kabul: Gunmen attack Intercontinental Hotel; 20 January, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-asia-42761881
[8] Aljazeera; Morocco allows women to take up public notary positions; 23 January, 2018; available at: http://www.aljazeera.com/news/2018/01/morocco-women-public-notary-positions-180123084521772.html