რუსეთი. იაროსლავ სუმბაევის მიმართ დამოკიდებულება ექსტრადიციის შემდეგ. მაისი, 2023

რუსული მედია საშუალება „რია ნოვოსტი“ 2019 წლის 16 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ საქართველოში დაკავებული იაროსლავ სუმბაევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია განხორციელდება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით, მედია საშუალება წერს, რომ სუმბაევის ექსტრადიციის შესახებ ბრძანება 2019 წლის 30 სექტემბერს გამოიცა და დოკუმენტაცია თავად სუმბაევს 15 ოქტომბერს გადაეცა.[1]

რუსული ინტერნეტ რესურსი „BFM.RU“ 2022 წლის 12 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ მოსკოვის სასამართლოში დაიწყო პროცესი გახმაურებულ საქმეზე, რომელიც რკინიგზის ბილეთებით მაქინაციებთანაა დაკავშირებული. ბრალდებულთა სკამზე 22 პირია, მათ შორის იაროსლავ სუმბაევი, რომელსაც ჰაკერული დაჯგუფების ლიდერად მოიაზრებენ. მას, ასევე, გამომძიებლის მკვლელობის ორგანიზატორად მიიჩნევენ, თუმცა ამ მუხლით მისთვის ბრალდება არ წაუყენებიათ. სუმბაევს ბრალად ედება იმ გამომძიებლის მკვლელობა, რომელიც მასთან დაკავშირებულ საქმეს იძიებდა.

საქმესთან დაკავშირებით წინასწარი მოსმენა 2021 წლის 17 ნოემბერს დაიწყო. მას შემდეგ გამართული ორი პროცესის ფარგლებში, მოსამართლემ საქმის 3 მონაწილეს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუგრძელა, დანარჩენების მიმართ კი გაუსვლელობის ხელწერილით დაკმაყოფილდა. სტატიის მიხედვით, სუმბაევს საბანკო ანგარიშებიდან თანხების მოპარვასაც ედავებიან. მისი ადვოკატის, გეორგი ტერ-აკოპოვის, განცხადებით, „[…] ამ ეპიზოდში საქმე უნდა შეწყდეს და ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, სუმბაევმა სრულად დაუბრუნა მოპარული თანხა მოქალაქეებს; გარდა ამისა, აღნიშნული მუხლი ამნისტიის ქვეშ ხვდება და ასევე, გასულია ხანდაზმულობის ვადა […]“. მისივე თქმით, სუმბაევი არ აღიარებს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შემქნის ბრალდებას, „[…] არავითარი დანაშაულებრივი დაჯგუფება იქ არ ყოფილა, ეს ბრალდება თითიდანაა გამოწოვილი; ასევე, საქმეში არაა არც თაღლითობა კომპიუტერული ინფორმაციის სფეროში და საქმის სხვა მონაწილეების ქმედებები სხვა მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს […]“. სტატიაში, ასევე, ნათქვამია, რომ საქმის ბევრი მონაწილისთვის, 2023 წელს ხანდაზმულობის ვადა იწურება.[2]

რუსული ინტერნეტ რესურსი „იზვესტია“ 2022 წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ გადადო ე.წ. „ბილეთების მაფიის“ საქმის არსებითი განხილვის დაწყება. სასამართლო პროცესზე რამდენიმე ბრალდებული არ გამოცხადდა. სტატიისთვის გამოკითხული იურისტები არ გამორიცხავენ, რომ საქმე ხელოვნურად იწელება, რათა საქმის მონაწილეთათვის ხანდაზმულობის ვადა ამოიწუროს. საქმის მთავარი მონაწილე იაროსლავ სუმბაევი გამომძიებლის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზატორობაში ეჭვმიტანილიცაა, მაგრამ ამ მუხლით მას ბრალი არ აქვს წაყენებული; რადგან, საქართველოდან მისი რუსეთში ექსტრადიციის დოკუმენტებში არ ფიგურირებს აღნიშნული ეპიზოდი; კანონმდებლობით კი, რუსეთში ექსტრადირებული პირი არ შეიძლება გასამართლდეს იმ ბრალდებით, რომელიც ნახსენები არ ყოფილი ექსტრადიციის მოთხოვნის დოკუმენტაციაში. სუმბაევის ადვოკატი ვალერი შუხარდინი აცხადებს, რომ „[…] გამოძიებამ 2 წლის წინ მიმართ საქართველოს ბრალდების გადაკვალიფიცირების თხოვნით, მაგრამ საქართველო სდუმს; მათ ნაცვლად მე არ გიპასუხებთ. […] ჩემი ცნობებით, სუმბაევის აღნიშნულთან რაიმე კავშირის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს […]“.

სუმბაევის სამი მთავარი პარტნიორი – მაკსიმ მატიუშევი, ანდრეი ჟდანოვი და კირილ კალაბუხოვი – უკვე გამასართლებულნი არიან და მისჯილი აქვთ 13, 12 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო პროცესზე ისინი იცინოდნენ, ხუმრობდნენ და მიმდინარე მოვლენებს „სასამართლო თვითნებობას“ უწოდებდნენ. სუმბაევის ადვოკატის განცხადებით, საქმის მონაწილეებისთვის მალე იწურება დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა და აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, სასამართლოს აღარ ექნება უფლება ბრალდებულები ქურდობისთვის გაასამართლოს. ადვოკატის თქმით, თუ ასე მოხდა, სუმბაევისთვის წაყენებული კიდევ ერთი ბრალდება კარგავს სამართლებრივ საფუძველს – „[…] ხანდაზმულობის ვადა იწურება და საქმის მონაწილე 18 პირი პასუხისგებაში ვეღარ მიეცემა. ხოლო თუ არ არსებობენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მონაწილეები, ვერ იარსებებს ვერც ასეთი დაჯგუფების ხელმძღვანელობა […]“.

სტატიის მიხედვით, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებაზე სათათბირო ოთახში მსჯელობდნენ, გისოსებში განთავსებული 4 ბრალდებული ლაღად და მხიარულად გრძნობდა თავს. ისინი აქტიურად ურთიერთობდნენ და იცინოდნენ ისე, თითქოს არანაირი პატიმრობა მათ არ ემუქრებათ. ამასთან, მათ შორის ყველაზე აქტიური სუმბაევი იყო. ის სასამართლოს შენობაში მოიყვანეს იზოლატორიდან „მატროსის სიჩუმე“, სადაც ის საქართველოდან ექსტრადიციის მომენტიდან იმყოფება.[3]

[1] მედია საშუალება „რია ნოვოსტი“; საქართველო რუსეთს გადასცემს ჰაკერს, რომელიც მკვლელობასთან კავშირშია ეჭვმიტანილი; გამოქვეყნებულია 2019 წლის 16 ოქტომბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://ria.ru/20191016/1559852073.html [ნანახია 2023 წლის 19 მაისს]

[2] ინტერნეტ რესურის „BFM.RU“; გამომძიებლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სუმბაევი სასამართლოს წინაშე კიბერდანაშაულში ბრალდებით წარსდგა; გამოქვეყნებულია 2022 წლის 12 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bfm.ru/news/490449 [ნანახია 2023 წლის 19 მაისს]

[3] ინტერნეტ რესურსი „იზვესტია“; „ბილეთების მაფიის“ საქმე იწელება და შეიძლება ჩამოიშალოს; გამოქვეყნებულია 2022 წლის 15 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://iz.ru/1441452/elena-balaian-iana-shturma/tianem-zatianem-pochemu-mozhet-razvalitsia-delo-biletnoi-mafii [ნანახია 2023 წლის 19 მაისს]

მსოფლიო. მიმდინარე მოვლენები შერჩეულ წარმოშობის ქვეყნებში. აპრილი, 2023

თურქეთი – ქალაქ ჩორუმის მეჩეთთან სროლისას 6 ადამიანი დაშავდა. 30 წლის მოქალაქემ სანადირო თოფიდან ცეცხლი გაუხსნა ადამიანებს, რომლებიც მეჩეთიდან გამოდიოდნენ. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.[1]

სტამბოლში, ანტი-ტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, 15 პირი დააკავეს. უსაფრთხოების ძალებმა სპეცოპერაცია, რომელიც დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსა და ალ-ქაედას წინააღმდეგ დაგეგმეს, ერთდროულად, სტამბოლის 8 რაიონში, 12 სხვადასხვა მისამართზე ჩატარდა. დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. მიმდინარე წელს, თურმა სამართალდამცავებმა, ტერორიზმის ბრალდებით, რამდენიმე პირი აქამდეც დააკავეს.[2]

თურქეთის პოლიციამ ქურთ მებრძოლებთან კავშირში ბრალდებული 110 პირი დააკავა. რეიდები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიარბაქირში, 186 ლოკაციაზე განხორციელდა. დაკავებულებს შორის ადვოკატები, ჟურნალისტები და ხელოვანებიც არიან. ქალაქის პროკურატურის მოთხოვნით, ჯამში, 216 პირის დაკავების ორდერია გაცემული. სახალხო დემოკრატიული პარტიის დეპუტატი თაიფ თემელის განცხადებით, დაკავებულთა შორის პარტიის წევრებიც არიან.[3]

ირანის ისლამური რესპუბლიკა – ირანი და საუდის არაბეთი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ. ჩინეთის შუამავლობით, ორი ქვეყნის საგარე საქმეთა მინისტრები შეხვდნენ და დიპლომატიური ურთიერთობები განიხილეს, განხეთქილების დასრულებასა და საელჩოების გახსნაზე შეთანხმდნენ. დასავლური მედიის შეფასებით, დაპირისპირებული ქვეყნების შერიგება, რეგიონში ჩინეთის მზარდ გავლენაზე მიუთითებს.[4]

ირანელი ქალების ჩაცმულობის გასაკონტროლებლად, საჯარო ადგილებში სათვალთვალო კამერებს ამონტაჟებენ. ირანის პოლიციის ინფორმაციით, 15 აპრილიდან პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს იმ ქალების წინააღმდეგ, რომლებიც ჰიჯაბს არ ატარებენ. იდენტიფიცირების შემდეგ რეგულაციის დამრღვევები მიიღებენ გამაფრთხიელებლ ტექსტურ შეტყობინებებს.[5]

ირანი სამართლებრივად დასჯის პირებს, ვინც ქალებს ჰიჯაბის მოხსნისკენ მოუწოდებს. ქვეყნის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ჰიჯაბის მოხსნისკენ მოწოდებისთვის, პირები სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარებიან და განაჩენის გასაჩივრების უფლება არ ექნებათ. გენერალური პროკურორის მოადგილი განცხადებით, ჰიჯაბის მოხსნისკენ წაქეზება, თავად ჰიჯაბის მოხსნაზე უფრო დიდი დანაშაულია.[6]

ირანში შიიტი სასულიერო პირი მოკლეს. აიათოლა აბასალი სოლეიმანს ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე მაზანდარანის პროვინციაში გაუხსნეს ცეცხლი. სოლეიმანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. თავდამსხმელი ბანკის დაცვის სამსახურის წევრია. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. თავდასხმის მიზეზი უცნობია. 88 წლის სასულიერო პირი გავლენიანი ასამბლეის წევრი იყო. აღნიშნული ასამბლეა სულიერ ლიდერს ირჩევს. სოლეიმანი 17 წლის განმავლობაში აიათოლა ალი ხამენეის პირადი წარმომადგენელიც იყო.[7]

რუსეთის ფედერაცია – ინგუშეთში, კონტრტერორისტული ოპერაციის დროს, სამი პოლიციები მოკლეს. რვა სამართალდამცველი კი დაშავდა. უსაფრთხოების ძალებმა სოფელ ზიაზიკოვ-იურტში შეიარაღებული პირები აღმოაჩინეს. დაკავების დროს შეიარაღებულმა პირებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს. ინგუშეთში, მალგობეკის რეგიონში კონტრტერორისტული რეჟიმი მოქმედებს. მიმდინარე წლის 27 მარტს, იგუშეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის საზღვარზე უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს საგზაო პოლიციის განყოფილებასაც.[8]

ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოსკოვის სასამართლომ ვლადიმერ ყარა-მურზას, რუსული არმიის დისკრედიტაციისთვის, რუსეთში არასასურველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და სახელმწიფოს ღალატისთვის 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ყარა-მურზა რუსეთისა და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეა და ის წლების განმავლობაში აკრიტიკებს რუსეთის პრეზიდენტს. 41 წლის ყარა-მურზას განცხადებით, რუსეთს მკვლელების რეჟიმის მართავს. ის 2015 და 2017 წლებში რუსეთის სპეცსამსახურებს მის მოწამვლაშიც ადანაშაულებდა.[9]

უკრაინა – უკრაინიდან რუსეთში იძულებით დეპორტირებული ბავშვები მშობლებს დაუბრუნდნენ. 31 ბავშვის დაბრუნება საქველმოქმედო ორგანიზაციის „გადავარჩინოთ უკრაინა“ ორგანიზებით მოხდა. ბავშები უკრაინაში ბელარუსის გავლით ჩაიყვანეს. ერთერთი ბავშვის თქმით, მათ „ცხოველებივით“ ექცეოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მშბლებს ისინი არ აღარ უნდოდათ. ომის დაწყების შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 16 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი იძლებით გაიყვანეს რუსეთში. ბავშვთა უკანონო დეპორტაციისა და სამხედრო დანაშაულებისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გამოსცა.[10]

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების სააღდგომო გაცვლა მოხდა. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 130 ადამიანი დაიბრუნა. მათ შორის არიან უკრაინელი სამხედროები, მესაზღვრეები, მეზღვაურები, სახელმწიფო სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები და ეროვნული გვარდიის წევრები.[11]

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. ასამბლეამ, ასევე, მხარი დაუჭირა გენოციდის დანაშაულის მტკიცებულებების აღრიცხვის, შეგროვებისა და შეფასების აუცილებლობას. ასამბლეამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდა, განიხილოს აღნიშნული დანაშაულისთვის სამართლებრივი დევნის შესაძლებლობა.[12]

სირიის არაბთა რესპუბლიკა – ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფო“ ერთერთი ლიდერი მოკლეს. აშშ-ის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად ხალიდ აიდ აჰმად ალ-ჯაბურის ლიკვიდაცია მოხდა. ალ-ჯაბური პასუხისმგებელი იყო „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ევროპაში განხორციელებულ თავდასხმებზე. ასევე, მან განავითარა დაჯგუფების ხელმძღვანელობის სტრუქტურა. ამერიკული მხარის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან.[13]

სუდანი – სუდანში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის შეიარაღებული კონფლიქტი გამძაფრდა. სუდანი გასამხედროებული დაჯგუფების „სწრაფი რეაგირების ძალები“ განცხადებით, კონტროლი დაამყარეს პრეზიდენტის სასახლეზე, არმიის მეთაურის რეზიდენციასა დახართუმის საერთაშორისო აეროპორტზე. მანამდე შეტაკებები დაიწყო ხართუმსა და მის მიმდებარე დასახლებებში. შეტაკებების იყო ქალაქ მეროვეშიც. სუდანის არმია აღნიშნულ განცხადებას უარყოფს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის შეტაკებების შედეგად 100-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა და ასობით დაშავდა. მსხვერპლია შეტაკებებში მონაწილე მხარეებს შორისაც.

2021 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, სუდანს სამხედრო მაღალჩინოსნები მართავენ სუვერენული საბჭოს მეშვეობით. ვითარების ესკალაცია ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის პროცესს დიდ საფრთხეს უქმნის. სუდანში სამოქალაქო მმართველობის ჩამოყალიბება „სწრაფი რეაგირების ძალების“ არმიაში ინტეგრაციას ითვალისწინებს. დაჯგუფება აღნიშნული პროცესის 10 წლით გადავადებას ითხოვს, არმიის მეთაური კი აცხადებს, რომ პროცესი 2 წელიწადში უნდა დასრულდეს.[14]

დაპირისპირებულ მხარეებს ეგვიპტემ და სამხრეთ სუდანმა შუამავლობა შესთავაზეს. ქვეყანაში მედიაციისთვის ჩასვლას გეგმავენ კენიის, სამხრეთ სუდანის და ჯიბუტის ლიდერები, რომლებიც მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.[15]

20 აპრილისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 413 ადამიანი მოკლული და 3500-ზე მეტი დაშავებული იყო.[16]

[1] მედია რესურსი „Top News Mesdia RSS Australia“; ჩორუმში მამაკაცმა მეჩეთიდან გამოსულ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 10 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://au.topnews.media/news/in-corum-turkey-a-man-shot-at-people-leaving-a-mosque/ [ნანახია 2023 წლის 13 აპრილს]

[2] მედია საშუალება „Daily Sabah“; თურქეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 15 პირი დააკავეს; გამოქვეყნებულია 2023 წლის 12 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.dailysabah.com/politics/war-on-terror/turkiye-detains-15-suspected-al-qaida-daesh-terrorists?fbclid=IwAR2p0o936aAGpk28_tDpbiO2YsYU9ysu0BAY-tlYw2GsX9d993TgQjR9q9Y [ნანახია 2023 წლის 13 აპრილს]

[3] მედია საშუალება „Reuters“; თურქეთის პოლიციამ ქურთ მებრძლებთან კავშირში ბრალდებული 110 პირი დააკავა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 26 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.reuters.com/world/middle-east/turkey-arrests-110-people-over-alleged-kurdish-militant-ties-sources-2023-04-25/?fbclid=IwAR3TLsp9GhhfUS_dEUrJ84nDIA07y6_gCYI4kav49n_ajUyDms1ApISHexg ნანახია [2023 წლის 28 აპრილს]

[4] მედია საშუალება „Reuters“; ირანისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩინეთში შეხვდნენ და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ; გამოქვეყნებულია 2023 წლის 6 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.reuters.com/article/iran-saudi-china-idAFKBN2W305W?fbclid=IwAR3n83OYwL9HwKskjBl-crDCUFmLwanCale9xt7M9jQgYbuvEShs7gXOO3I [ნანახია 2023 წლის 7 აპრილს]

[5] მედია საშუალება „Reuters“; ირანში ქალების ჩაცმულობის გასაკონტროლებლად სათვალთვალო კამერებს ამონტაჟებენ; გამოქვეყნებულია 2023 წლის 11 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.reuters.com/world/middle-east/iran-installs-cameras-public-places-identify-penalise-unveiled-women-police-2023-04-08/?fbclid=IwAR0NuFBTAvpKJ42XpqRVNZ185FvfepDX3RLheYbVdd5A6w2Qn_rJUuIr2Ak [ნანახია 2023 წლის 13 აპრილს]

[6] მედია საშუალება „Reuters“; ირანი ჰიჯაბის მოხსნისკენ წაქეზებას სამართლებრივად დასჯის; გამოქვეყნებულია 2023 წლის 15 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.reuters.com/world/middle-east/iran-vows-crack-down-people-who-promote-removing-veil-2023-04-15/ [ნანახია 2023 წლის 20 აპრილს]

[7] მედია საშუალება „BBC“; ირანში შიიტი სასულიერო პირი მოკლეს; გამოქვეყნებულია 2023 წლის 26 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-middle-east-65398982?fbclid=IwAR3BGZjO9BxyMTkQ6D0X2FkvipQnyftr-2tKA5nQgZJ-7F3lZsHlWqlOPOc [ნანახია 2023 წლის 28 აპრილს]

[8] მედია საშუალება „რია ნოვოსტი“; ინგუშეთში, კონტრტერორისტული ოპერაციის დროს, სამი პოლიციელი მოკლეს; გამოქვეყნებულია 2023 წლის 6 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://ria.ru/20230406/ingushetiya-1863374744.html?fbclid=IwAR125mEhyXnMVI1g8hdwyPnJ5M-0-a6kpzb0bD_pMRgc34kHi2oDxLfLta4 [ნანახია 2023 წლის 10 აპრილს]

[9] მედია საშუალება „Reuters“; პუტინის კრიტიკოსს 25 წლით პატიმრობა მიუსაჯეს; გამოქვეყნებულია 2023 წლის 17 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.reuters.com/world/europe/russian-court-jails-kremlin-critic-kara-murza-25-years-treason-2023-04-17/?fbclid=IwAR2SfkD8dUW10DjeDDk9RGJ6h3Vd4HRUlb3s2GIm0Uf9iIXTiboA0pyXBBw [ნანახია 2023 წლის 20 აპრილს]

[10] მედია საშუალება „Deutsche Welle“; 31 უკრაინელი ბავშვი ოჯახებს დაუბრუნდა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 9 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.dw.com/en/ukrainian-charity-reunites-31-children-with-their-families/a-65265088?fbclid=IwAR3jTy8oVq6kWczGyxEkGPYEJOzuX9mqa-ksVR-PNOL4zoj7jXmlANLHBB4 [ნანახია 2023 წლის 13 აპრილს]

[11] მედია საშუალება „უკრაინული პრავდა“; უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების სააღდგომო გაცვლა მოხდა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 16 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.pravda.com.ua/rus/news/2023/04/16/7398073/ [ნანახია 2023 წლის 20 აპრილს]

[12] მედია საშუალება „უკრაინსკაია პრავდა“; ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 27 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.eurointegration.com.ua/rus/news/2023/04/27/7160630/ [ნანახია 2023 წლის 28 აპრილს]

[13] მედია საშუალება „Reuters“; სირიაში ისლამური სახელმწიფოს ერთერთი ლიდერი მოკლეს; გამოქვეყნებულია 2023 წლის 4 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.reuters.com/world/middle-east/us-military-operation-kills-islamic-state-leader-syria-officials-2023-04-04/?fbclid=IwAR1-hB7ll5Ej2pV6HK88E7TIsvIUC5Nzi-bpzd9h9ALlRLfgsFLpzd3x3Hc [ნანახია 2023 წლის 7 აპრილს]

[14] მედია საშუალება „BBC“; შეტაკებები სუდანში: არმიასა და დაჯგუფებას შორის დაპირისპირება მესამე დღეა გრძელდება; გამოქვეყნებულია 2023 წლის 18 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-africa-65293538?fbclid=IwAR3fV_c4HHqEEifTyk2EYnqT3UOLhYpvr43kY-gzQQcJ5NTni1Wcnusc2mo [ნანახია 2023 წლის 20 აპრილს]

[15] მედია საშუალება „BBC“; შეტაკებები სუდანში – ახალი ამბები; გამოქვეყნებულია 2023 წლის 17 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/live/world-africa-65285254 [ნანახია 2023 წლის 20 აპრილს]

[16] მედია საშუალება „Reuters“; სუდანში გარდაცვლილთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 21 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.reuters.com/world/africa/sudan-death-toll-rises-413-world-health-organization-says-2023-04-21/?fbclid=IwAR26Tc9GIJ3PhINQQFXNFhI0GYdli_W2AUHjh-QrEpOG_fEYsD_2lZzmUD8 [ნანახია 2023 წლის 28 აპრილს]

რუსეთი. სპეციალურ საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები. აპრილი, 2023

ინტერნეტ რესურსი „Dzen“ 2022 წლის 13 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ სამოქალაქო პირებისგან განსხვავებით, ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ერთგვაროვანი არაა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომლები რიგითი მოქალაქეებისგან განსხვავებულ პირობებში იხდიან სასჯელს. პირობები სპეციალურ ციხეებში განსხვავებულია იმ პირობებისგან, რომლებსაც სამოქალაქო კოლონიებში ვხვდებით. აღნიშნული მეტწილად განპირობებულია კულტურული თავისებურებებით და პროფესიული სოლიდარობით.

სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომლებისთვის საპატიმროები არის მკაცრი და საერთო რეჟიმის და კოლონიის ტიპის. რუსეთში 11 მკაცრი და 3 საერთო რეჟიმის საპატიმრო და 7 კოლონიაა. ცალკე დაწესებულებაა იმ თანამშრომლებისთვის, რომელთაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი. აღნიშნული საპატიმრო ასტრახანის ტერიტორიაზე მდებარეობს.

რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის მიხედვით, სპეცსუბიექტებად ითვლებიან პროკურორები, ადვოკატები და მათი მოწინააღმდეგეები; შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები; ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები; ასევე, პრეზიდენტობის კანდიდატები; მოსამართლეები და დეპუტატები. აღნიშნული მუხლი, რეალურად, განსაზღვრავს იმ პირებს, ვისაც შეიძლება გარკვეული პრივილეგიები მიენიჭოს.

გარკვეულ შემთხვევებში, სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომელი, შეიძლება, მისთვის ძალიან არასასურველ სიტუაციაში აღმოჩნდეს. დასჯის ან შურისძიების მოტივით, ყოფილი თანამშრომელი, შეიძლება, ჩვეულებრივ კოლონიაში გაამწესონ, რაც, შეიძლება ითქვას, რომ სასიკვდილო განაჩენია. ჩვეულებრივ კოლონიაში ყოფილი თანამშრომელი მტერია და უკეთეს შემთხვევაში „დაბალ კასტაში“ აღმოჩნდება, უარეს შემთხვევაში კი უბრალოდ მოკლავენ. დიდია იმის ალბათობა, რომ თავად ციხის ადმინისტრაცია, ასეთ შემთხვევაში, პატიმარს საგულდაგულოდ გადამალავს; მაგრამ ესეც კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული.

საპატიმრო პირობები ყოფილი თანამშრომლებისთვის გაცილებით უკეთესია, ვიდრე რიგითი პატიმრებისთვის. ისინი უფრო ფართო ბარაკებში არიან განთავსებულნი. კოლონიის შიდა გეგმარება ქალაქის კვარტალს წააგავს. ყველა დანაყოფს გამოსასწორებელი სამუშაოების სივრცე აქვს. აღნიშნულ სივრცეებში, როგორც წესი, უყურებენ ტელევიზორს და თამაშობენ. ყველა ბარაკში საკუთარი ტელევიზორი, საშხაპე და სველი წერტილია. ბარაკის კეთილმოწყობა სრულადაა დამოკიდებულები პატიმრების ფინანსურ შესაძლებლობებზე და როგორც წესი, ყოფილი თანამშრომლები საშუალო ფენაა. საჭირო ნივთების შეძენა კოლონიის ადმინისტრაციის გავლით ხდება.

საპატიმროებში კიდევ უფრო მსუბუქ პირობებსაც ვნახავთ. უფრო პრივილეგირებული პატიმრები 4-4-ად ნაწილდებიან საკნებში, სადაც უფრო მეტი თავისუფლება და გართობაა.

საერთო ჯამში, ყოფილი თანამშრომლებისთვის, ვიზიტებისა და ამანათების პირობებიც უკეთესი და კომფორტულია. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოოდ, ყველაფერი დაკავების პირობებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან არსებულ ურთიერთობაზეა დამოკიდებული.[1]

ინტერნეტ რესურსი „Kidsplaneta“ ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამაშრომლებისთვის განკუთვნილი ურალის ციხის შესახებ სტატიაში წერს, რომ როდესაც ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი ციხეში ხვდება, თავდაპირველად, მას განათავსებენ კარანტინში, სადაც ის 2 კვირის განმავლობაში იმყოფება. ამ დროს პატიმარი გადის სამედიცინო შემოწმებას და მასთან მუშაობენ ფსიქოლოგები. კარანტინში ერთად არ ხვდებიან რეციდივისტები და დანაშაულის პირველად ჩამდენები. დანაშაულის განმეორებით ჩამდენთათვის ცალკე განყოფილება მოქმედებს. კარანტინიდან პატიმარი ჩვეულებრივი განთავსების ფლიგელში გადადის. აღნიშნულ ზონაში პატიმარს წელიწადის განმავლობაში 4 ამანათის და 4 პაემნის უფლება აქვს. ზოგადად, პაემანი მოკლევადიანია; თუმცა, ხანგრძლივი პაემნებიც დასაშვებია, მაგალითად 3 დღე-ღამის განმავლობაში და სპეციალურ ოთახებში. საერთო განთავსების ფლიგელში, პატიმრებს ყაზარმული სტილით ძინავთ. გამოსასწორებელი სამუშაოების ოთახებში კი დგას ტელევიზორები, ასევე, პატიმრებს ხელი მიუწვდებათ სამაგიდო თამაშებსა და წიგნებზე.

კარგი ყოფაქცევის, სამუშაოს კარგად შესრულების ან სხვა „დამსახურებისთვის“ პატიმარი შეიძლება გადაიყვანონ უფრო მსუბუქი განთავსების პირობებში. აღნიშნული ფლიგელი საერთო საცხოვრებელს ჰგავს – პარკეთითა და სასიამოვნო ფერის შპალერებით. საცხოვრებელი ოთახები 4 პატიმარზეა გათვლილი. დასვენების ოთახებში პატიმრებს შეუძლიათ ითამაშონ ბილიარდი ან გაისეირნონ ორანჟერიაში, სადაც თუთიყუშები და კუები ბინადრობენ. აღნიშნულ ფლიგელში განთავსებულთათვის ამანათებისა და ვიზიტების რაოდენობა 6-მდე იზრდება.

შემდეგი „ეტაპი“ „საადაპტაციო“ პატიმრობაა. თუ პატიმარი განაგრძობს კარგად მოქცევას, მას კოლონია-დასახლებაში გადაიყვანენ, საიდანაც უკვე პირობით-ვადამდე გათავისუფლებაც შესაძლებელი ხდება. სისტემა უკუსვლასაც ითვალისწინებს. ცუდი ყოფაქცევის შედეგად, პატიმარი შეიძლება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანონ.[2]

საინფორმაციო სააგენტო „ТАСС“ 2018 წლის 27 თებერვალს რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის კომენტარს ავრცელებს, სადაც ანატოლი რუდნი აცხადებს, რომ იზრდება იმ მსჯავრდებულთა რაოდენობა, რომლებიც ადრე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები იყვნენ; ამიტომ, მისი თქმით, ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლებისთვის კიდევ ერთი საპატიმრო დაწესებულება აშენდება.[3]

რუსულ მედიაში ხშირად წერენ სპეციალურ ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ. საინფორმაციო სააგენტოს „MKSET“ ჟურნალისტი კონსტანტინ კლიმოვი, რომელმაც პირადად მოინახულა ბაშკირიაში მდებარე სპეციალური ციხე, წერს, რომ ყოფილი ძალოვნები მოკრძალებულად ცხოვრობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურის ყოფილი თანამშრომლები ას ადამიანზე გათვლილ დიდ ოთახებში ცხოვრობენ და ორსართულიან საწოლებზე ძინავთ. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ჩვეულებრივ კოლონიებში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ამ ციხეში პატიმრებს პროდუქტებით სავსე მაცივარი აქვთ, რაც სხვაგან იშვიათობაა.

ამავე სტატიაში, ავტორი წერს, რომ ლაზარეთში მხოლოდ ოთხი პაციენტი დახვდა და მათთვის არ უკითხავს თუ რა აწუხებდათ. ციხის ექიმის ინფორმაციით კი, პატიმრებს შორის ძირითადად გულის დაავადებები და ჰიპერტონიაა გავრცელებული.[4]

საინფორმაციო სააგენტოს „ირკუცკი ონლაინ“ ჟურნალისტი ალინა ვოვჩეკი ირკუცკის მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელი კოლონიის შესახებ, სადაც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული ყოფილი ძალოვნები იხდიან, წერს, რომ ციხე სრულად შევსებულია. 1220 პატიმრიდან 640 დასაქმებულია, მათგან 120 მუშაობს ფეხსაცმლის სახელოსნოში, 140 ქსოვილებზე მუშაობს, ხოლო ხის დამუშავებით 90 ადამიანია დაკავებული. კოლონიის ხელმძღვანელობის თქმით, დაწესებულებამ ყველა წარმოებიდან 9 თვის განმავლობაში 141 მილიონი რუბლის შემოსავალი მიიღო.

ჟურნალისტი აღწერს ერთერთ საცხოვრებელ კორპუსსაც. მისი თქმით, საძინებელი ოთახები ნათელი და სუფთაა. წესრიგზე კი თავად პატიმრები ზრუნავენ. კოლონიის თანამშრომლების თქმით, ეს დაწესებულება ერთადერთია ირკუცკის ოლქში, სადაც მოწყობილია სალოცავები ქრისტიანებისთვის, მუსლიმებისთვის, იუდაიზმისა და ბუდიზმის მიმდევრებისთვის. პატიმრები ეზოში ორჯერ გაჰყავთ – დილით და საღამოს. ზაფხულში პატიმრებს ფეხბურთისა და ფრენბურთის თამაშის ნებასაც რთავენ; იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.[5]

[1] ინტერნეტ რესურსი „Dzen“; ყოფილი თანამშრომლების პატიმრობის თავისებურებები. ციხე, ზონა, დამოკიდებულება, წითელი კოლონიები, როგორ იხდიან სასჯელს ყოფილი თანამშრომლები; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 ოქტომბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://dzen.ru/a/Y0fRLOv1ekLcCdWt [ნანახია 2023 წლის 13 აპრილს]

[2] ინტერნეტ რესურსი „Kidsplaneta“; ციხეები პოლიციელებისთვის რუსეთში; გამოქვეყნებულია 2014 წლის 21 ოქტომბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://kidsplaneta.ru/byvshie-sotrudniki-mvd-v-tyurme-tyurmy-dlya-policeiskih-v-rossii-samye/ [ნანახია 2023 წლის 13 აპრილს]

[3] საინფორმაციო სააგენტო „ТАСС“; სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური გასამართლებული ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლებისთვის ახალ კოლონიას გახსნის; 2018 წლის 27 თებერვალი; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://tass.ru/obschestvo/4990722 [ნანახია 2018 წლის 25 ივნისს]

[4] საინფორმაციო სააგენტო „MKSET“; როგორ და რით ცხოვრობენ „ზონაზე“ სამართალდამცავი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები; კონსტანტინ კლიმოვი; 2017 წლის 21 მარტი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://mkset.ru/news/society/21-03-2017/kak-i-chem-zhivut-na-zone-byvshie-sotrudniki-pravoohranitelnyh-organov-c4a51201-3874-436b-8a17-50cbadd3c4cb [ნანახია 2018 წლის 25 ივნისს]

[5] საინფორმაციო სააგენტო „ირკუცკი ონლაინ“; კოლონიის შიგნით: ყოფილი ძალოვნების შრომა და ცხოვრება; ალინა ვოვჩეკი; 2017 წლის 24 ოქტომბერი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.irk.ru/news/articles/20171024/prison/ [ნანახია 2018 წლის 25 ივნისს]

რუსეთი. იეჰოვას მოწმეების მიმართ არსებული დამოკიდებულება. აპრილი, 2023.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 21 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერია, რომ რუსეთის ზოგიერთ ქალაქში იეჰოვას მოწმეები დაპატიმრების შემდეგ პოლიციის მხრიდან დაექვემდებარნენ ფიზიკურ შეურაცხყოფასა და წამებას. Amnesty International-ის თანახმად იეჰოვას მოწმეთა მიმართ დევნა გაძლიერდა წლის განმავლობაში.[1]

Freedom House-ის მიერ 2023 წლის 10 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ წერია, რომ 2017 წელს ორგანიზაცია „იეჰოვას მოწმეები“ რუსეთში ექსტრემისტულად გამოცხადდა, რაც წინ უძღოდა იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მათ აკვირდებოდნენ, აპატიმრებდნენ და აწამებდნენ. 2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით იეჰოვას 600 მოწმის მიმართ აღძრული იყო  სისხლის სამართლის საქმე. 2022 წლის ივნისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ აღნიშნული ორგანიზაციის აკრძალვა იყო უკანონო და დაავალა მას რეპარაციების გადახდა, სისხლისსამართლებრივი საქმეების შეწყვეტა, დაპატიმრებული პირების გათავისუფლება და ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნება. 2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი და შესაბამისად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქცია მასზე აღარ ვრცელდება.[2]

Human Rights Watch-ის მიერ 2023 წლის 12 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერია, რომ პოლიცია აგრძელებდა იეჰოვას მოწმეების სახლების რეიდსა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას.  2022 წელს იეჰოვას 87 მოწმეს მიუსაჯეს 7 წლამდე პატიმრობა, ხოლო 68 პირი იყო სასამართლო პროცესის მოლოდინში.[3]

Amnesty International-ის მიერ 2023 წლის 27 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ წერია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილებების მიუხედავად იეჰოვას მოწმეები კვლავ ექვემდებარებოდნენ შევიწროებას და სისხლისსამართლებრივ დევნას. მათ მიმართ გამოტანილი სასჯელები შესაძლოა ყოფილიყო დიდი ოდენობით ჯარიმა ან 7 წლამდე პატიმრობა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2022 წლის მაისში საპატიმროდან გამოვიდა დანიის მოქალაქე დენის კრისტენსენი, რომელიც იყო იეჰოვას პირველი მოწმე, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა 2017 წელს ორგანიზაციის აკრძალვის შემდეგ. მან საპატიმრო დაწესებულება 6 წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.[4]

ორგანიზაცია „იეჰოვას მოწმეები რუსეთში“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერს, რომ 2017 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების (აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში აკრძალეს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია და მის დაქვემდებარებაში არსებული ფილიალები) შემდეგ იეჰოვას 700 მოწმის მიმართ დაიწყო გარკვეული სახის სამართლებრივი ქმედებები. 2023 წლის 30 მარტის მდგომარეობით იეჰოვას მოწმეების მიმართ აღძრული იყო 333 სისხლის სამართლის საქმე (ჯამში 702 პირის მიმართ). ინფორმაციის თანახმად 311 პირის მიმართ უკვე გამოტანილია განაჩენი. კერძოდ, 105-მა პირმა მიიღო რეალური საპატიმრო სასჯელი, 32-მა – ჯარიმა, 173-მა – პირობითი სასჯელი. ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტში (2023 წლის 30 მარტი) 122 პირი იმყოფებოდა საპატიმრო ან წინასწარი პატიმრობის დაწესებულებაში, ხოლო 16 – შინაპატიმრობაში.[5]

იმავე წყაროს მიერ 2019 წლის 10 სექტემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთში იეჰოვას მოწმეობა (ზოგადად იეჰოვას მოწმეები) აკრძალული არ არის. რუსეთის ფედერაციის მთავრობის განცხადებით უზენაესის სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის და უზენაესის სასამართლოს სააპელაციო კოლეგიის 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებები არ შეიცავს შეზღუდვებს ან აკრძალვას პირის მიერ აღნიშნული სწავლების ინდივიდუალურად გამოყენებისთვის.

2021 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის უზენაესი სასამრთლოს პლენუმმა დაადგინა, რომ  მიუხედავად იურიდიული პირების ლიკვიდაციისა, იეჰოვას მოწმეების მსახურება, რიტუალებისა და ცერემონიების ერთობლივი შესრულება, თავისთავად, არ წარმოადგენს დანაშაულს (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 282.2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული).

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებულმა საბჭომ სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების განვითარებისთვის განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მოიცავს სალიკვიდაციო იურიდიული პირების ამომწურავ ჩამონათვალს. ამასთან ერთად განცხადებაში აღინიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ შეიცავს რაიმე სახის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ რელიგია „იეჰოვას მოწმეები“, როგორც ასეთი აიკრძალა.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ რუსეთის კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცულია ყველა ადამიანის რწმენის თავისუფლება. გარდა ამისა აღნიშნულია ისიც, რომ რუსეთში არც ერთ სასამართლოს არ უღიარებია იეჰოვას მოწმეების რელიგია ან რწმენა დანაშაულებრივად.[6]

[1] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – რუსეთის ფედერაცია – ანგარიში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ; გამოქვეყნებულია 2023 წლის 21 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 12 აპრილს]

[2] Freedom House – რუსეთის ფედერაცია – ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ; გამოქვეყნებულია 2023 წლის 10 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 12 აპრილს]

[3] Human Rights Watch – რუსეთის ფედერაცია – ანგარიში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ; გამოქვეყნებულია 2023 წლის 12 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 12 აპრილს]

[4] Amnesty International – რუსეთი – ანგარიში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ; გამოქვეყნებულია 2023 წლის 27 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 12 აპრილს]

[5] იეჰოვას მოწმეები – რუსეთი – „Уже 700 жертв правовой коллизии. Мужчины, женщины и инвалиды преследуются за мирные религиозные убеждения”; გამოქვეყნებულია 2023 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://jw-russia.org/news/2023/03/301603.html [ნანახია 2023 წლის 12 აპრილს]

[6] იეჰოვას მოწმეები – რუსეთი – კითხვა პასუხი; გამოქვეყნებულია 2019 წლის 10 სექტემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://jw-russia.org/news/about/faq/5.html [ნანახია 2023 წლის 12 აპრილს]

რუსეთი. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკა. მარტი, 2023

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში მკაცრად ცენტრალიზებული, ავტორიტარული პოლიტიკური სისტემაა, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მართავს. ორ-პალატიანი ფედერალური ასამბლეა პირდაპირი წესით არჩეული [ქვედა პალატა – სახელმწიფო დუმა] და დანიშნული [ზედა პალატა – ფედერალური საბჭო] დეპუტატებისგან შედგება. ორივე მათგანი განიცდის დამოუკიდებლობის ნაკლებობას და აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის ქვეშაა. 2018 წლის საპრეზიდენტო და 2021 წლის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა მთავრობის მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევითა და მანიპულაციებით, მათ შორის, რეალური ოპოზიციური კანდიდატების გამორიცხვით.

უსაფრთხოების სამსახურები, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ემორჩილებიან სამოქალაქო ხელისუფლებას. ეროვნული დონის სამოქალაქო ხელისუფლება, უკეთეს შემთხვევაში, შეზღუდულ კონტროლს ახორციელებს ჩეჩნეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალებზე, რომლებიც პირდაპირ რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს ემორჩილებიან. საანგარიშო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაციები რუსეთის უსაფრთხოების ძალების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების შესახებ.

ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან დარღვევებს შორის ადგილი აქვს კანონგარეშე მკვლელობებს, მათ შორის ლგბტ+ პირების მკვლელობებს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში; წამება, რომელსაც მიმართავდნენ მთავრობის სამართალდამცავი უწყებების ოფიცრები და, რომელიც რიგ შემთხვევებში იწვევდა გარდაცვალებას და, რიგ შემთხვევებში მოიცავდა სექსუალური ხასიათის ძალადობასა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით განთავსებას. საპატიმრო პირობები მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშია. ადგილი აქვს თვითნებურ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, მათ შორის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით. ადგილი აქვს ისეთი ჯგუფების მხარდაჭერას, რომლებიც ჩართულნი არიან ბავშვთა სამხედრო მიზნებით რეკრუტირებაში. ქვეყანაში უხეშად იზღუდება გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება, მათ შორის, ადგილი აქვს ჟურნალისტების მიმართ ძალადობასა და „ანტი-ტერორისტული“ კანონმდებლობის მშვიდობიანი დისიდენტებისა და რელიგიური ჯგუფების მიმართ გამოყენებას; მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული ინტერნეტის თავისუფლების და შკრების თავისუფლების კუთხით; მათ შორის, ისეთი მკაცრად შემზღუდველი კანონმდებლობის გამოყენებით, როგორიცაა კანონები „უცხოელი აგენტების“ და „არასასურველი უცხოური ორგანიზაციების“ შესახებ. მნიშვნელოვან უფლებადარღვევებს განეკუთვნება, ასევე, მკაცრი შეზღუდვები რელიგიის თავისუფლების კუთხით. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი სურვილის შესაბამისად, მშვიდობიანად და სამართლიანი არჩევნების საშუალებით, შეცვალონ საკუთარი ხელისუფლება; პოლიტიკური პროცესი მკაცრად შეზღუდული და გაკონტროლებულია. კორუფცია ფართოდაა გავრცელებული ხელისუფლების ყველა შტოსა და დონეზე. მთავრობა მკაცრად ზღუდავს და ხშირ შემთხვევაში აუქმებს კიდეც ადგილობრივ და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს. ამასთან, ხელისუფლება არ დგამს სათანადო ნაბიჯებს თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულებისა და კორუფციის გამოსავლენად და დამნაშავეთა დასასჯელად; რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში დაუსჯელობის კლიმატს ქმნის.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ რუსეთის ავტორიტარულ პოლიტიკურ სისტემაში ძალაუფლება პრეზიდენტი პუტინის ხელშია კონცენტრირებული. ლოიალური უსაფრთხოების ძალების, ქვეშევრდომი სასამართლოს, გაკონტროლებული მედია გარემოს გამოყენებით, კრემლი მანიპულირებს საარჩევნო პროცესით და ახორციელებს რეალური ოპოზიციის რეპრესიებს. ფართოდ გავრცელებული კორუფცია მჭიდრო კავშირებს ქმნის ოფიციალურ სახელმწიფო პირებსა და ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს შორის.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა. რუსეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ განურჩეველ იერიშებს სამოქალაქო სივრცეებზე; აწამებენ, თვითნებურად აკავებენ, იძულებით აუჩინარებენ და ძალდატანებით გადაჰყავთ მშვიდობიანი მოსახლეობა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილი აქვს მშვიდობიანი მოსახლეობის კანონგარეშე მკვლელობებს და რუსულ სამხედრო ძალებში იძულებით ჩაწერებს.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, რუსეთში გამკაცრდა განსხვავებული აზრის დევნა. რუსეთის ხელისუფლებამ გააორმაგა საკუთარი ძალისხმევა სამოქალაქო აქტივისტების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების და პოლიტიკური დისიდენტების მიმართ, რათა ჩაახშოს პროტესტი ომის წინააღმდეგ; ასევე, არ დაუშვას რაიმე ფორმით მთავრობის კრიტიკა და სოციალური არა-კომფორმიზმის ნებისმიერი გამოვლინება.[3]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2022 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ მშვიდობიანი, ანტი-საომარი პროტესტი მკაცრად იზღუდება და ისინი, ვინც ომის საწინააღმდეგოდ საჯაროდ გამოდიან, სისხლისამართლებრივი დევნის ობიექტები ხდებიან. ახალი საკანონმდებლო ნორმები მუდმივად ზღუდავს პროტესტს და არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის საქმიანობას. გრძელდება იეჰოვას მოწმეთა სამართლებრივი დევნა. დაკავების ცენტრებში წამება და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა ფართოდაა გავრცელებული. ახალი საკანონმდებლო ნორმები მეტად დისკრიმინაციულია ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა მიმართ.[4]

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ [ICC] 2023 წლის 18 მარტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე და აქცენტს აკეთებს უკრაინიდან ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის შემთხვევებზე. სასამართლოს განცხადებით, აღნიშნული დანაშაულები ჩადენილია 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და ორდერს „აღმაშფოთებელს უწოდებს“.[5]

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტის „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC) მიხედვით, რუსეთის ფედერაცია ჩართულია რამდენიმე შეიარაღებულ კონფლიქტში: რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები. კერძოდ, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. რუსეთი წარმოადგენს მხარეს სირიის ტერიტორიაზე არსებულ არა-საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტში. აღნიშნული განაპირობა, სირიის ხელისუფლების მხარდასაჭერად და მათი თანხმობით, რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ. გარდა ამისა, 2017 წელს რუსეთმა და თურქეთმა განახორციელეს საჰაერო შეტევები ისლამური სახელმწიფოს სამიზნეების წინააღმდეგ სირიაში. 2014 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიის ნაწილი [აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ნაწილი]. ასევე, რუსეთის მიერ ანექსირებულია ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი. რუსეთის ფედერაცია ასევე განაგრძობს დნესტრისპირეთის [მოლდოვა] ოკუპაციას. გარდა ამისა, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია ჩართულია საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინის წინააღმდეგ. უშუალოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტებს ადგილი არ აქვს.[6]

[1] ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 20 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 28 მარტს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ რუსეთში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 10 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 28 მარტს]

[3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 12 იანვარს; ხელმისაწვოდმია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 28 მარტს]

[4] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2022 წელი; გამოქვეყნებულია 2023 წლის 27 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 28 მარტს]

[5] მედია საშუალება „BBC“; ომის დანაშაულების ბრალდებით, პუტინის დაპატიმრების ორდერი გაიცა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 18 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-europe-64992727?at_medium=RSS&at_campaign=KARANGA [ნანახია 2023 წლის 30 მარტს]

[6] ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჟენევის აკადემია; პროექტი „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ RULAC; რუსეთის ფედერაცია; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/map [ნანახია 2023 წლის 30 მარტს]

რუსეთი. საკონტრაქტო სამხედრო სამსახური. თებერვალი, 2023

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA 2022 წლის 5 აპრილს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში რუსეთის ფედერაციაში სამხედრო სამსახურის შესახებ წერს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 18-დან 27 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცი ვალდებულია, გაიაროს სამხედრო სამსახური. რუსეთის შეიარაღებული ძალები ტრადიციული საკადრო და სარეზერვო წვევამდელებისა და საკონტრაქტო პროფესიონალური სისტემის ჰიბრიდული ფორმატითაა ფორმირებული. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს, გაზარდოს პროფესიონალური სისტემის წილი, რუსეთის შეიარაღებული ძალების უდიდეს ნაწილს [როგორც აქტიური, ასევე სარეზერვო] მაინც წვევამდელები შეადგენენ.[1]

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციაში სამხედრო სამსახურის შესახებ წერს, რომ საკონტრაქტო სამსახურში მყოფი ჯარისკაცები კონცენტრირებულნი არიან საკადრო და ელიტურ დანაყოფებში, კერძოდ, საჰაერო სადესანტო ძალებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომსახურე, რომელსაც სურს კონტრაქტის საფუძველზე შეუერთდეს შეიარაღებულ ძალებს, უნდა გაიაროს კანდიდატთა შერჩევის მრავალდონიანი სისტემა; რაც, თავის მხრივ, მოიცავს კონტრაქატის გაფორმებისთვის მოსამზადებელ, სავალდებულო ინსტრუქტაჟს საგანმანათლებლო დაწესებულებების საწვრთნელ ცენტრებში.

საკონტრაქტო სამსახურში მოხვედრის ორი გზა არსებობს. 18 წლის ასაკს მიღწეულ მამაკაცს შეუძლია მიმართოს სამხედრო ჩარიცხვის ოფისს და გააფორმოს დროებითი კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან; ამასთან, ყოფილ წვევამდელებს შეიძლება, შესთავაზონ კონტრაქტის გაფორმება სავალდებულო სამსახურში 1-წლიანი მსახურის შემდეგ. რუსეთის შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამსახურის შეთავაზებას ბევრი თანხმდება. წვევამდელს, ვისაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაწყებამდე მიღებული აქვს საუნივერსიტეტო ხარისხი ან დასრულებული აქვს პროფესიული სასწავლებელი, უფლება აქვს 1-წლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩაირიცხოს. ასევე, წვევამდელებსაც, სავალდებულო სამხედრო სამსახურში 3 თვის გატარების შემდეგ, შეუძლიათ გააფორმონ კონტრაქტი და გადავიდნენ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში. წყაროების ცნობით, ამის გაკეთებისკენ წვევამდელებს აქტიურად მოუწოდებენ მათი მეთაურები.

2022 წლის მაისამდე საკონტრაქტო სამსახურის ზედა ასაკობრივი ზღვარი იყო 40 წელი რუსეთის მოქალაქეებისთვის და 30 წელი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. 2022 წლის მაისში საკონტრაქტო სამსახურში ზედა ასაკობრივი ზღვარი – 40 წელი – გაუქმდა და 65 წლამდე მამაკაცებს აქვთ საშუალება ჩაირიცხონ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში.[2]

დოსტოევსკის სახელობის ომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კონტრაქტით დასაქმებული რიგითების საშუალო ხელფასი 30 ათასი რუსული რუბლია, სერჟანტების 40, ხოლო ლეიტენანტები 55 ათას რუსულ რუბლს გამოიმუშავებენ. კონტრაქტით მომსახურე პირები სხვადასხვა სახის დანამატსაც იღებენ მათი კვალიფიკაციის, წელთა ნამსახურეობის და სხვა კრიტერიუმების [მაგალითად, განსაკუთრებული დამსახურება, სარისკო საქმე, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა, ფიზიკური მომზადების მაღალი დონე, უცხო ენების ცოდნა] შესაბამისად. ასევე, კონტრაქტით მომსახურე პირები იღებენ კომპენსაციას საცხოვრებლის დაქირავებისთვის.[3]

სანკტ-პეტერბურგის უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჯარისკაცების დედები“ საკუთარ ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში კონტრაქტით სამსახურის შესახებ წერს, რომ კონტრაქტით მომსახურე პირები სოციალური მხარდაჭერის პაკეტებით სარგებლობენ; აღნიშნული სოციალური უფლებები მოიცავს სათანადო ანაზღაურებას; ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებას, მათ შორის ოჯახური მდგომარეობის გამო; უფასო განათლებას; სახელმწიფო დაზღვევას; პენსიას; ასევე, იპოთეკური დაკრედიტების სისტემით საცხოვრებლის მიღებას. კონტრაქტით დასაქმებული [პროფესიონალი ჯარისკაცი], სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცთან შედარებით, მრავალრიცხოვანი უპირატესობითა და პრივილეგიით სარგებლობს.[4]

ინტერნეტ რესურსი „კონსულტანტ პლიუსი“ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ წერს, რომ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი დამყარებულია მოქალაქის [ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქის] ნებაყოფლობით სურვილზე, იმსახუროს შეიარაღებულ ძალებში. კონტრაქტით განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურის ვალდებულება, იმსახუროს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და კეთილსინდისიერად შეასრულოს საერთო და თანამდებობით დაკისრებული მოვალეობები. კონტრაქტითვე არის გარანტირებული სამხედრო მოსამსახურის უფლებები, მათ შორის, სოციალური გარანტიები და კომპენსაციები. სამსახურის გავლის ადგილის გათვალისწინებით, კონტრაქტით შეიძლება დაწესდეს დამატებითი პირობები. კონტრაქტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციაზე; ზოგადად, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი 2-დან 5 წლამდე ვადით ფორმდება.[5]

სამხედრო სამსახურის კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლები რეგულირდება ფედერალური კანონით „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის“ შესახებ. აღნიშნული კანონის 51-ე მუხლით გაწერილია სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლები.

აღნიშნული მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო სამსახურს კონტრაქტით გადის, უფლება აქვს, ვადამდე გათავისუფლდეს თუ: მის მიმართ ადგილი აქვს კონტრაქტის პირობების მნიშვნელოვან ან(და) სისტემურ დარღვევებს; სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ მიჩნეული იქნება სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად; ოჯახური გარემოებებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს ოჯახის საცხოვრებლის შეცვლის აუცილებლობას, ოჯახის წევრის მოვლის აუცილებლობას. ასევე, თუ პირი მაღალ თანამდებობაზე დაინიშნება ან აირჩევენ დეპუტატად;

გარდა ამისა, აღნიშნული მუხლის მეექვსე პუნქტის მიხედვით, კონტრაქტით სამხედრო მოსამსახურე, საატესტაციო კომისიის დასკვნით, შეიძლება, საკუთარი სურვილით ვადამდე გათავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან საფუძვლიანი მიზეზების არსებობის შემთხვევაში.[6]

„სამხედრო ვალდებულების მიმართ კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესახებ“ უზენაესი სასამართლოს დადგენილების 47-ე მუხლის თანახმად, საფუძვლიანი მიზეზი შეიძლება იყოს გარემოება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის, სამხედრო მოსამსახურემ სრულად შეასრულოს სამხედრო კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები. ამავე მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის პატაკი და საატესტაციო კომისიის დასკვნა აპრიორი არ ათავისუფლებს პირს კონტრაქტისგან; საბოლოო გადაწყვეტილებას პირის ვადაზე ადრე დათხოვნის შესახებ იღებს შესაბამისი სამხედრო თანამდებობის პირი.[7]

რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლის თანახმად, სამხედრო ნაწილის ან სამხედრო სამსახურის ადგილის თვითნებური მიტოვება 2 დღეზე მეტი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 10 დღისა, როგორც წვევამდელების, ასევე კონტრაქტით დასაქმებულების შემთხვევაში და მობილიზაციის ან საომარი მდგომარეობის ან სამხედრო ოპერაციების ჩატარების დროს, ისჯება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი კონტრაქტით მომსახურე პირის მიერ მშვიდობიან პერიოდში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით თუ თვითნებური მიტოვების ვადა 10 დღეზე მეტია, მაგრამ არ აღემატება 1 თვეს; მობილიზაციის ან საომარი მდგომარეობის ან სამხედრო ოპერაციების ჩატარების დროს – თავისუფლების აღკვეთით 7 წლამდე ვადით. თუ იგივე ქმედების ხანგრძლივობა 1 თვეს აღემატება, სასჯელის ზომად განსაზღვრულია 5 წლამდე პატიმრობა მშვიდობიან პერიოდში და 5-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობა მობილიზაციის ან საომარი მდგომარეობის ან სამხედრო ოპერაციების ჩატარების დროს. აღნიშნული ქმედებების პირველად ჩადენის შემთვევაში, სამხედრო მოსამსახურეს შესაძლებელია, არ დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.[8]

რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მიხედვით, დეზერტირობა [ნაწილის ან სამსახურის ადგილის თვითნებური მიტოვება სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით] ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7 წლამდე ვადით. დეზერტირობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი წესით მინდობილი იარაღით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10 წლამდე ვადით. იგივე ქმედებები, ჩადენილი მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის ან სამხედრო ოპერაციების ჩატარების დროს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დამ 15 წლამდე ვადით.აღნიშნული ქმედებების პირველად ჩადენის შემთვევაში, სამხედრო მოსამსახურეს შესაძლებელია, არ დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.[9]

რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახურით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისთვის თავის არიდება ავადმყოფობის სიმულირებით, თვითდაზიანების მიყენებით, დოკუმენტების გაყალბებით ან სხვა მოტყუებითი გზებით ისჯება შეზღუდვით სამხედრო სამსახურში 1 წლის ვადით ან თავისუფლების აღკვეთით 6 თვემდე ვადით ან სამხედრო დისციპლინურ ნაწილში გამწესებით 1 წლამდე ვადით. იგივე ქმედება, ჩადენილი სამხედრო სამსახურისთვის სამუდამოდ თავის არიდების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7 წლამდე ვადით. იგივე ქმედება, ჩადენილი მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის ან სამხედრო ოპერაციების ჩატარების დროს, ისჯება პატიმრობით 5-დან 10 წლამდე ვადით.[10]

[1] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA; სამხედრო დეზერტირების მიმართ არსებული დამოკიდებულება უკრაინაში შეჭრის შემდეგ; გამოქვეყნებულია 2022 წლის 5 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 3 თებერვალს]

[2] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA; რუსეთის ფედერაცია – სამხედრო სამსახური; გამოქვეყნებულია 2022 წლის დეკემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 3 თებერვალს]

[3] დოსტოევსკის სახელობის ომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით სამსახური; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://omsu.ru/about/structure/general/ovm/info/page.php [ნანახია 2023 წლის 3 თებერვალს]

[4] უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჯარისკაცების დედები“; კონტრაქტის საფუძველზე სამსახური; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://soldiersmothers.ru/voennosluzhashemu/sluzhba-po-kontraktu [ნანახია 2023 წლის 3 თებერვალს]

[5] ინტერნეტ რესურსი „კონსულტანტ პლიუსი“; ვის და რა პირობებით შეუძლია იმსახუროს კონტრაქტით? ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.consultant.ru/edu/student/consultation/sluzhit_po_kontraktu/#:~:text=%D0%93%D1%80%D0%B0%D0%B6%D0%B4%D0%B0%D0%BD%D0%B8%D0%BD%2C%20%D0%BF%D0%BE%D1%81%D1%82%D1%83%D0%BF%D0%B0%D1%8E%D1%89%D0%B8%D0%B9%20%D0%BD%D0%B0%20%D0%B2%D0%BE%D0%B5%D0%BD%D0%BD%D1%83%D1%8E%20%D1%81%D0%BB%D1%83%D0%B6%D0%B1%D1%83,%D0%BF. [ნანახია 2023 წლის 3 თებერვალს]

[6] ინტერნეტ რესურსი „კონსულტანტ პლიუსი“; ფედერალური კანონი სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ; 51-ე მუხლი; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 3 თებერვალს]

[7] ინტერნეტ რესურსი „კონსულტანტ პლიუსი“; სამხედრო ვალდებულების მიმართ კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესახებ უზენაესი სასამართლოს დადგენილება; 47-ე მუხლი; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 3 თებერვალს]

[8] ინტერნეტ რესურსი „კონსულტანტ პლიუსი“; რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსი; 337-ე მუხლი; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 3 თებერვალს]

[9] ინტერნეტ რესურსი „კონსულტანტ პლიუსი“; რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსი; 338-ე მუხლი; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 6 თებერვალს]

[10] ინტერნეტ რესურსი „კონსულტანტ პლიუსი“; რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლი; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 6 თებერვალს]

რუსეთი. კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი. იანვარი, 2023

ბრიტანული მედია საშუალება BBC 2023 წლის 23 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში უკრაინაში დაქირავებული მებრძოლების ჯგუფი ვაგნერის შესახებ წერს, რომ ჟურნალისტურმა გამოძიებამ ვაგნერის ჯგუფის შესახებ, გამოააშკარავა რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცრის დმიტრი უტკინის აქტიური ჩართულობა ჯგუფის ჩამოყალიბებაში. ჩეჩნეთის ომის ვეტერანი დმიტრი უტკინი, მიიჩნევა რომ, იყო ვაგნერის პირველი საველე მეთაური და ჯგუფს სახელი თავისი ყოფილი რადიო კავშირის ნიშნის მიხედვით დაარქვა. ვაგნერის ჯგუფის მეთაური [და ასევე დამფუძნებელი/შემქმნელი] ევგენი პრიგოჟინია; მდიდარი ბიზნესმენი, რომელსაც მეტსახელად „პუტინის შეფს [მზარეული]“ უწოდებენ, რადგან ის კრემლს სარესტორნო მომსახურებით [კატერინგი] უზრუნველყოფდა.

ვაგნერის ჯგუფის პირველი ოპერაცია იყო 2014 წელს ყირიმის ანექსია. ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი ტრეისი ჯერმანის თქმით, ე.წ. „პატარა მწვანე კაცები“, ვინც რეგიონის ოკუპაცია მოახდინა, სწორედ ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები იყვნენ. ისინი მოულოდნელად გამოჩნდნენ ყირიმის ქუჩებში, ყოველგვარი ფორმისა და საცნობი ნიშნის გარეშე. ექსპერტები ფიქრობენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე, ვაგნერის მებრძოლებმა ე.წ. „False Flag“ იერიშები განახორციელეს, რათა კრემლისთვის თავდასხმის პრეტექსტი შეექმნათ.

2015 წლიდან მოყოლებული ვაგნერის ჯგუფის დაქირავებული მებრძოლები იმყოფებოდნენ სირიაში და იბრძოდნენ სამთავრობო ძალების მხარეს და ასევე იცავდნენ ნავთობის საბადოებს. ვაგნერის მებრძოლები, ასევე, ეხმარებოდნენ გენერალი ხალიფა ჰაფტარის ერთგულ ძალებს ლიბიაში. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ კი ვაგნერის მებრძოლები ალმასის საბადოების დასაცავად მიიწვია. სავარაუდოდ, ვაგნერის მებრძოლები იცავენ ოქროს საბადოებს სუდანში. მალის მთავრობა ვაგნერის მებრძოლებს ისლამისტური სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებს. წყაროების მტკიცებით, ათობით ათასი დაქირავებული მებრძოლი [ვაგნერის ქოლგის ქვეშ] იბრძვის რუსეთისთვის უკრაინაში.[1]

მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“ 2022 წლის 31 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვაგნერის ჯგუფის შესახებ წერს, რომ თავდაპირველად ვაგნერი რუსეთის შეიარაღებული ძალების იერარქიული ჯაჭვის მიღმა, ჩრდილოვან ორგანიზაციად მოქმედებდა და კრემლი უარყოფდა მასთან რაიმე სახის კონტაქტს. რუსეთის მთავრობა მუდმივად იმეორებდა, რომ კერძო სამხედრო კომპანიების საქმიანობა რუსეთში კანონითაა აკრძალული. ბევრი რამ შეიცვალა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ და პრიგოჟინმა და მისმა დაქირავებული მებრძოლების კომპანიამ უფრო მეტი საჯარო პოზიცია მოიპოვა. 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში, რუსული მედია ორგანიზაციის RT ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი – კონტრაქტი სამშობლოსთან“. ფილმი ხოტბას ასხამს ვაგნერს და დაქირავებულ მებრძოლებს პატრიოტებად მოიხსენიებს. ფილმში, ასევე, საუბარია პრიგოჟინის მზარდ გავლენებზე რუსეთის ელიტურ წრეებში, სადაც, უკვე მიიჩნევა, რომ მას უსმენს და მის აზრებს ითვალისწინებს თავად პუტინიც.[2]

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA, რუსეთის ფედერაციის სამხედრო სამსახურის შესახებ, 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ 2022 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, ვრცელდება ცნობები პატიმრების რეკრუტირების შესახებ კერძო სამხედრო კომპანიების მხრიდან; საუბარია ძირითადად ვაგნერის ჯგუფზე [რუსეთის უმსხვილესი კერძო სამხედრო კომპანია] და რამდენიმე მცირე ჯგუფზეც [მაგალითად „Redoubt“]. კერძო კომპანიებს მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც მიბაძა და 2022 წლის სექტემბერში დაიწყო პატიმრების რეკრუტირება [პატიმრებს სთავაზობდნენ ფულს და ვადაზე ადრე გათავისუფლებას უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ] უკრაინაში გასაგზავნად.

2022 წლის სექტემბრისთვის, მხოლოდ ვაგნერის თანამშრომლები სტუმრობდნენ 44 პენიტენციურ დაწესებულებას მთელი რუსეთის მასშტაბით [ზოგიერთ დაწესებულებას რამდენჯერმეც] და საშუალოდ, საპატიმროში მყოფი პირების 20%-ის რეკრუტირებას ახორციელებდნენ. პატიმრების და ადამიანის უფლებათა აქტივისტების ინფორმაციით, ვაგნერის ჯგუფი განსაკუთრებით ინტერესდებოდა იმ პატიმრებით, ვინც გასამართლებული იყო მკვლელობისთვის, სხეულის მძიმე დაზიანებისა და ყაჩაღობისთვის.

წყაროების ცნობით, ვაგნერის მხრიდან პატიმრების რეკრუტირების პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ვაგნერის სამხედროებისგან შემდგარი მცირე ჯგუფი, მათ შორის ხანდახან თავად ევგენი პროგოჟინიც, შედის ციხეში [ხანდახან ვერტმფრენის გამოყენებით]. მათ თან ახლავს ფედერალური პენიტენციური სამსახურის და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი. კერძო სამხედრო კომპანიის წარმომადგენლები სიტყვით მიმართავენ პატიმრებს და სთავაზობენ მათ სამხედრო კონტრაქტებს კომპანიასთან და მოუწოდებენ, „დაიცვან სამშობლო“; სანაცვლოდ კი სთავაზობენ ყოველთვიურ ანაზღაურებას 100-დან 200 ათასამდე რუბლის ოდენობით [1600-3300 ევრო] და კომპენსაციას [5 მილიონი რუბლი] ოჯახებისთვის, მათი დაღუპვის შემთხვევაში; ასევე, საპრეზიდენტო შეწყალებას 6-თვიანი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ. ის პატიმრები, ვინც სურვილს გამოთქვამენ, დათანხმდნენ შეთავაზებას, გადიან პერსონალურ ინტერვიუზე, რომლის დროსაც კომპანიის წარმომადგენლები სწავლობენ პირის მოტივაციას და ფიზიკურ მზადყოფნას; მოხალისეები ასევე აბარებენ პოლიგრაფის ტესტს, პოლიტიკური დამოკიდებულებისა და დეზერტირობისადმი მიდრეკილობის შესაფასებლად. წყაროების ცნობით, რეკრუტირებულ პირებს განაცალკევებენ დანარჩენი პატიმრებისგან და გადაჰყავთ როსტოვის რეგიონში. როსტოვის კოლონია იკ-2, მიიჩნევა რომ, რეკრუტირებული პატიმრების საწვრთნელ ბანაკადაა გადაკეთებული.

ადამიანის უფლებათა აქტივისტების ინფორმაციით, რუსეთის საპატიმრო დაწესებულებებში არსებული მძიმე პირობების ფონზე, პატიმრების სურვილი და მოტივაცია, შეუერთდნენ ვაგნერს ან სხვა მსგავს კომპანიას, საკმაოდ მაღალია. ამავდროულად, გავრცელებული ინფრომაციით, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პატიმრებზე, რომლებიც უარს იტყვიან რეკრუტირებაზე, ახორციელებენ ზეწოლას, ძირითადად სამარტოო საკანში გამწესების სახით; ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაციები იძულებით გაწვევის ფაქტების შესახებ. 2022 წლის სექტემბერში გავრცელებული ინფორმაციით, ლენინგრადის რეგიონის ორ კოლონიაში ციხის ადმინისტრაცია ტანჯვით ემუქრებოდა პატიმრებს, რომლებიც არ გამოთქვამდნენ სურვილს კონტრაქტი გაეფორმებინათ ვაგნერთან. იგივე მიზეზით, სამარტოო საკანში გაამწესეს პატიმრები კარელიისა და კომის ციხეებში. ამ შემთხვევაში საუბარია პატიმრებზე, რომლებმაც თავდაპირველად სურვილი გამოთქვეს ვაგნერთან თანამშრომლობაზე და შემდეგ გადაიფიქრეს. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო წერს, რომ ანგარიშის მომზადების დროისთვის, პატიმართა იძულებითი რეკრუტირების სხვა შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.[3]

2022 წლის 21 დეკემბერს მედიაში გავრცელებული ინფრომაციით თანახმად, რუსი ოპოზიციონერი ალეკსეი ნავალნის თქმით, ვაგნერის ლიდერი ევგენი პრიგოჟინი რამდენჯერმე იმყოფებოდა იმ საპატიმროში, სადაც ნავალნი სასჯელს იხდის და ათობით პატიმრის რეკრუტირება მოახდინა. გავრცელებული ინფორმაციით, პროგოჟინმა ათასობით პატიმარი ჩართო რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ.[4]

2022 წლის 25 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“ წერდა ვაგნერის მიერ პატიმრების იძულებითი რეკრუტირების შესახებ ციმბირში. სტატიის მიხედვით, #37 გამასწორებელი კოლონიის პატიმრებს სცემეს; ისინი აწამეს და ასე აიძულეს, გაწევრიანებულიყვნენ ვაგნერის არმიაში. ერთერთი პატიმრის ცოლი ჰყვებოდა, რომ ქმართან კავშირი ნოემბრის დასაწყისიდან დაკარგა. მისი თქმით, მოგვიანებით, მან უცნობი ნომრიდან სატელეფონო ზარი მიიღო. უცნობმა მამაკაცმა მას უთხრა, რომ სასჯელს მის ქმართან ერთად იხდიდა და შემდეგ მოუყვა, რომ მის ქმარს იძულებით მოაწერინეს ვაგნერთან კონტრაქტზე ხელი და სამხედრო ვერტმფრენით წაიყვანეს საპატიმროდან.[5]

[1] მედია საშუალება BBC; რას წარმოადგენს რუსეთის დაქირავებული მებრძოლების ჯგუფი ვაგნერი უკრაინაში? გამოქვეყნებულია 2023 წლის 23 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-60947877 [ნანახია 2023 წლის 24 იანვარს]

[2] მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“; რუსეთის დაქირავებული მებრძოლების ლიდერის სიტყვების ომი მაღალი რანგის სამხედრო პირებთან გაღრმავდა ბახმუტის ბრძოლასთან დაკავშირებით; გამოქვეყნებულია 2022 წლის 31 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 24 იანვარს]

[3] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA; რუსეთის ფედერაცია – სამხედრო სამსახური; გამოქვეყნებულია 2022 წლის დეკემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 24 იანვარს]

[4] მედია საშუალება „რადიო თავისუფლება – რუსული განყოფილება“; ნავალნის თქმით, ვაგნერის ლიდერმა ათობით პატიმრის რეკრუტირება მოახდინა იმ ციხეში, სადაც ნავალნი სასჯელს იხდის; გამოქვეყნებულია 2022 წლის 21 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 24 იანვარს]

[5] მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“; როგორ ეძებს მებრძოლებს ვაგნერი ციმბირის ციხეებში; გამოქვეყნებულია 2022 წლის 25 ნოემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 24 იანვარს]

რუსეთი. ინფორმაცია სამხედრო მობილიზაციის შესახებ. დეკემბერი, 2022

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა 2022 წლის 21 სექტემბერს. მისივე თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, შეიარაღებულ ძალებში გაიწვიეს 300 ათასი მოქალაქე. პუტინის თქმით, მათი ნახევარი [150 ათასი] სამხედრო ოპერაციების ზონებშია გაგზავნილი და სხვადასხვა სამხედრო დავალებას ასრულებს. მეორე ნახევარი კი, დანაყოფებში განაწილებული არაა; იმყოფება თავდაცვის სამინისტროს პოლიგონებზე და წარმოადგენს საბრძოლო რეზერვს.

ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, 2022 წლის 28 ოქტომბერს განაცხადა. პრეზიდენტ პუტინის 2022 წლის 7 დეკემბრის განცხადებით, დამატებითი სამობილიზაციო ღონისძიებების საჭიროება არც ქვეყნისთვის და არც თავდაცვის სამინისტროსთვის არ არსებობს. მისი თქმით, მობილიზაციის ახალ ტალღაზე საუბარი აზრსაა მოკლებული.[1]

მედია საშუალების „Deutsche Welle“ გადაცემაში სტუმრობისას, 2022 წლის 2 დეკემბერს, პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი საუბრობდა მობილიზაციის შესახებ. მისი თქმით, სისტემა შეეცდება, მობილიზაციის ახალი ტალღა თავიდან აიცილოს. შულმანის შეფასებით, მობილიზაციის პირველი ტალღა იყო სრული კატასტროფა როგორც ადმინისტრაციული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით; ამიტომ, რუსეთის ხელისუფლება, სასიცოცხლო აუცილებლობის არსებობის გარდა, სხვა შემთხვევაში, ახალ მობილიზაციას არ გამოცხადებს და გააგრძელებს იმ ხალხის ძებნას, ვინც უკვე გამოცხადებულ და დასრულებულ მობილიზაციას დაემალა.

ამავე გადაცემაში სტუმრობისას, სამხედრო ანალიტიკოსი იან მატვეევი ამტკიცებს, რომ მობილიზაციის ახალი ტალღა სავსებით შესაძლებელია. მისი განმარტებით, არ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უარი თქვა მობილიზაციაზე. ამასთან, ფრონტზე რუსეთი დიდ ცოცხალ ძალას კარგავს და განსაკუთრებით მობილიზებულებს შორის; აქედან გამომდინარე, რუსეთს დანაკარგების ჩანაცვლების აუცილებლობა აქვს.[2]

მედია საშუალება „ამერიკის ხმა“ 2022 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს „ფარული მობილიზაციისა“ და ამ პროცესის თანდევი მეთოდების შესახებ. სტატიის მიხედვით, რუსეთში შეუჩერებლად მიმდინარეობს კამპანია შეიარაღებული ძალების შევსების მიზნით. სტატიის თანახმად, სასწავლო დაწესებულებებს აქვთ მითითება, გარიცხონ დავალიანებების მქონე სტუდენტები და მათ შესახებ აცნობონ სამხედრო კომისარიატებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ნაწილობრივი მობილიაცია, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებით გამოცხადდა, არ დასრულებულა პრეზიდენტის ბრძანებითვე; მობილიზაციის დასრულების შესახებ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. წყაროების ნაწილი ვარაუდობს, რომ რადგან მობილიზაციის დასრულების შესახებ ბრძანება არ გამოცემულა, ხელისუფლებას არაფერი აფერხებს, პროცესი განაგრძოს და „კარნეგის ფონდის“ უფროსი მკვლევარი ანდრეი კოლესნიკოვის აზრით, განაგრძობს კიდეც და ამას აკეთებს ჩუმად და ფარულად.[3]

[1] ინტერნეტ რესურსი „ნოვოსიბირსკ ონლაინი NGS“; პუტინმა განმარტა, საჭიროა თუ არა მობილიზაციის ახალი ტალღა; გამოქვეყნებულია 2022 წლის 7 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://ngs.ru/text/world/2022/12/07/71878319/ [ნანახია 2022 წლის 9 დეკემბერს]

[2] მედია საშუალება „Deutsche Welle“; იქნება თუ არა ახალი მობილიზაცია რუსეთში და ვის შეეხება ის? გამოქვეყნებულია 2022 წლის 2 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.dw.com/ru/budet-li-novaa-mobilizacia-v-rossii-i-kogo-ona-kosnetsa/a-63970187 [ნანახია 2022 წლის 9 დეკემბერს]

[3] მედია საშუალება „ამერიკის ხმა“; „ფარული მობილიზაცია“ და მისი თანმდევი მეთოდები; გამოქვეყნებულია 2022 წლის 7 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.golosameriki.com/a/experts-on-mobilization/6865791.html [ნანახია 2022 წლის 9 დეკემბერს]

რუსეთი. უკრაინისა და უკრაინელების მხარდაჭერა რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე. სექტემბერი, 2022

მედია საშუალება „The Moscow Times“ 2022 წლის 20 მაისს აქვეყნებს სტატიას [სტატია გამოქვეყნებულია The Financial Times მიერ და ნათარგმნია The Moscow Times მიერ] რუსების მხრიდან უკრაინელების დახმარების შესახებ. სტატიაში ნათქვამია, რომ მოხალისეები, რომელთა შორის არიან როგორც ომის მოწინააღმდეგე აქტივისტები, ასევე, უბრალოდ, ის ხალხი, ვინც ვერ რჩება გულგრილი, თავიანთი საქმიანობის ორგანიზებას ეწევიან პირადი კონტაქტებისა და „Telegram“ სოციალური მედია აპლიკაციის გამოყენებით. ისინი ათასობით უკრაინელ ლტოლვილს რუსეთიდან გასვლაში ეხმარებიან. ყველაზე მოთხოვნადი მარშრუტი ბალტიის ქვეყნებია. მოხალისეებმა კარგად იციან, რომ უკრაინელების დახმარება დიდი რისკის მატარებელი საქმიანობაა, რადგან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში რეპრესიები გაძლიერდა. ერთერთი აქტივისტის თქმით, „[…] ტელეფონის ნომრები ხელიდან ხელში გადადის, რადგან, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შეუძლებელია ღია განცხადებების გავრცელება […]“. რუსეთში ბევრი უკრაინელი ლტოლვილია, ვისაც რუსეთში მოხვედრა საერთოდ არ უნდა და ისინი ძალით გაიყვანეს საბრძოლო მოქმედებების რეგიონებიდან რუსეთის მიმართულებით. სხვადასხვა მოხალისე ორგანიზაცია ეხმარება ასეთ ხალხს – აწვდის მათ ინფორმაციას და რჩევებს, პოულობს მანქანებს და მძღოლებს, ანაზღაურებს მატარებლის ბილეთების საფასურს, პოულობს ღამის გასათევს ოჯახებისთვის, ვინც მოსკოვისა და პეტერბურგის გავლით, დასავლეთისკენ მიემგზავრება.[1]

მედია საშუალება „ნოვაია გაზეტა“ 2022 წლის 22 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ რუსები ასევე ეხმარებიან უკრაინელ ლტოლვილებს; მაგრამ მათ ეშინიათ ამის შესახებ საუბარი, მათ შორის სისხლის სამართლებრივი დევნის რისკის გამო. სტატიაში ნათქვამია, რომ ხალხს – როგორც ლტოლვილებს, ასევე რუსებს – ეშინიათ, რომ „მოღალატეებად“ შერაცხავენ; და რომ ბრალსაც კი წაუყენებენ. მათ შიშს ბოლო პერიოდში მიღებული კანონები იწვევს. უკრაინელებს ეშინიათ „რუსეთთან თანამშრომლების შესახებ“ კანონის, რადგან არ არიან დარწმუნებული, რუსეთში გაქცევა აღქმული იქნება თუ არა ღალატად. რუსებს კი ეშინიათ „რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის შესახებ“ კანონის და იმ მასობრივი მანიის, რამაც ჯაშუშობასთან დაკავშირებით დაისადგურა. სტატიაში საუბარია კონკრეტულ ადამიანებზე [რუსებზე] ვინც ამა თუ იმ ფორმით, დახმარება აღმოუჩინა უკრაინელ ლტოლვილებს. მათ შორისაა მოსკოვური ბარის ერთერთი დამფუძნებელი ნიკიტა ფომკინი. ის ყვება, რომ ყოველთვის აქტიური პოზიცია ჰქონდა. „[…] ახლაც, როდესაც ვიხედები ირგვლივ, ვფიქრობ, ნუთუ ჩვენ, მოსკოველებს, ეს არ გვადარდებს; ჩვენთვის სულერთია? აქ ხომ ხმას არავინ იღებს. გადავწყვიტე, ვაჩვენო, რომ ჩემთვის არაა სულერთი. მოველაპარაკე ფონდს „მეორე სუნთქვა“ და სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე განცხადება უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების შესახებ“. ბარში უამრავი ადამიანი მივიდა, სხვადასხვა ასაკის და ყველა მათგანი ამბობდა, რომ ისინი არ ემხრობიან „სპეცოპერაციას“, მაგრამ მიტინგებზე გასასვლელად მზად არ არიან; მაგრამ მზად არიან გაიღონ ტანისამოსი თუ სხვა ნივთები უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. საბოლოოდ, ბარის თანამშრომლებმა და 30-მდე მოხალისემ 5 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა და როსტოვის ოლქში ჩასულ უკრაინელ ლტოლვილებს გადასცა. ნიკიტა ფომკინის თქმით, ის აპირებს კიდევ ერთხელ გაუწიოს ორგანიზება ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას.[2]

ინტერნეტ რესურსი „ნოკტა“, მედია საშუალებაზე „Reuters“ დაყრდნობით, 2022 წლის 11 მაისს ავრცელებს სტატიას რუსების ჯგუფების შესახებ, ვინც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებიან. სტატიის თანახმად, აღნიშნული ჯგუფები მალულად აკეთებენ თავის საქმეს, რადგან არ სურთ ხელისუფლების ყურადღების მიქცევა. მოხალისეების საქმიანობა დიდ რისკთანაა დაკავშირებული. რუსებს, ვინც ღიად არ ეთანხმება ომს, აწყდება ფულად ჯარიმებს და სასამართლო დევნას.[3]

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში რამდენიმე კანონი მიიღეს, რომელიც უკრაინაში ომთანაა დაკავშირებული. რუსეთი კრძალავს სიტყვა ომის ხესენებას და თავის შეჭრას უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ხელი მოაწერა კანონს „რუსული არმიის დისკრედიტაციის“ და მცდარი ინფორმაციის გავრცელების შესახებ. ამის შემდეგ, რუსეთში „მცდარი ინფორმაციის გავრცელება“, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა და უკრაინაში შეჭრის სხვა ფორმით შეწინააღმდეგება დასჯადი გახდა. უკრაინაში მიმდინარე ომისთვის ომის დაძახებაც შეიძლება 15 წლამდე პატიმრობად დაუჯდეს პირს, რადგან ასეთ ქმედებას, ახალი კანონებით, ხელისუფლება მცდარი ინფორმაციის გავრცელებად ჩათვლის.[4] [5]

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 2022 წლის 3 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციაში პოლიტპატიმრების შესახებ წერს, რომ ასამბლეა კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს [უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ], რომლებიც მიმართულია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვისკენ. გამძაფრებულია ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელი მედიასა და არასამთავრობო სექტორზე. გარდა ამისა, ასამბლეა გმობს უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე მშვიდობიანი დემონსტრანტების მასობრივ დაპატიმრებებს.[6]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნის და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი 2022 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკვე 2022 წლის 23 მაისისთვის, ომის საწინააღმდეგო ქმედებების გამო, 15 ათასზე მეტი მოქალაქე იყო დაკავებული. წყაროები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის დემონსტრანტები დააკავეს პირველი კვირების განმავლობაში. ალეკსეი ნავალნის გუნდის წევრი ლეონიდ ვოლკოვი 2022 წლის მარტში, ინტერვიუში აცხადებს, რომ „[…] დასავლეთში ბევრს კიდევ არ ესმის ბევრი რამ; მათ არ ესმით, რას რისკავს რიგითი დემონსტრანტი რუსეთში. ახლა თუ შენ მიდიხარ დემონსტრაციაზე, დიდი ალბათობით დაგაკავებენ, დაგაპატიმრებენ, გაგრიცხავენ უნივერსიტეტიდან ან გაგადებენ სამსახურიდან. ახლა შენ საპატიმრო სასჯელს რისკავ და არა 10 დღეს, როგორც ეს იყო 2 წლის წინ; არამედ 15 წელიწადს. 10 წლის წინ ყველაზე დიდი რისკი იყო ჯარიმა 500 რუბლის ოდენობით. ახლა ასე არაა და მიუხედავად ამისა, 15 ათასზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციაზე; ეს იმას ნიშნავს, რომ აქციაზე, ასობით ათასი პირი იყო გამოსული. ომის მოწინააღმდეგეები რუსეთის 130-ზე მეტ ქალაქში დააპატიმრეს. ათასობით ადამიანი კი უბრალოდ ვერ აძლევს თავს უფლებას, გარისკოს. ისინი ტოტალიტარულ რეჟიმში ცხოვრობენ და ყველა ვერ ახერხებს დემონსტრაციებში მონაწილეობას […]“.[7]

[1] მედია საშუალება „The Moscow Times“; როგორ ეხმარებიან რუსები უკრაინელებს დასავლეთით გაღწევაში; გამოქვეყნებულია 2022 წლის 20 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.moscowtimes.ru/2022/05/20/kak-rossiyane-pomogayut-ukrainskim-bezhentsam-vibratsya-na-zapad-a20520 [ნანახია 2022 წლის 7 ივნისს]

[2] მედია საშუალება „ნოვაია გაზეტა“; რთულია იყო ადამიანი; ავტორი: ივან ჟილინი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 22 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://novayagazeta.ru/articles/2022/03/22/trudno-byt-chelovekom [ნანახია 2022 წლის 7 ივნისს]

[3] ინტერნეტ რესურსი „ნოკტა“; რუსების მიწისქვეშა ჯგუფები ეხმარებიან უკრაინელ ლტოლვილებს რუსეთიდან გაქცევაში; ავტორი: კირილ კარასენი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 11 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://nokta.md/podpolnye-gruppy-rossiyan-pomogajut-ukrainskim-bezhentsam-nasilno-zavezennym-v-stranu-sbezhat-iz-rossii/ [ნანახია 2022 წლის 7 ივნისს]

[4] მედია საშუალება „BBC“, რუსულენოვანი რედაქცია; უკრაინის მოვლენებს ომი დაუძახე? 15 წლამდე პატიმრობნა. სახელმწიფო დუმა ამზადებს კანონს სამხედრო ოპერაციის შესახებ მცდარი ინფრომაციის გავრცელების თაობაზე; გამოქვეყნებულია 2022 წლის 3 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/russian/news-60594110 [ნანახია 2022 წლის 7 ივნისს]

[5] მედია საშუალება „Deutsche Welle“, რუსულენოვანი რედაქცია; სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი რუსული არმიის დისკრედიტაციის გამო დასჯის შესახებ; სტატიის ავტორი: ვიტალი კროპმანი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 4 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.dw.com/ru/gosduma-prinjala-zakon-o-nakazanii-za-diskreditaciju-vs-rf/a-61009600 [ნანახია 2022 წლის 7 ივნისს]

[6] ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა; რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკური ნიშნით პირთა დაპატიმრებების შესახებ ანგარიში; გამოქვეყნებულია 2022 წლის 3 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 20 სექტემბერს]

[7] ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი; რუსეთის ფედერაცია: პოლიტიკური პროტესტი და განსხვავებული აზრი უკრაინაში შეჭრის კონტექსტში; გამოქვეყნებულია 2022 წლის მაისში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 20 სექტემბერს]

რუსეთი. ნავალნის მხარდამჭერთა მიმართ არსებული დამოკიდებულება. სექტემბერი, 2022

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ ალეკსეი ნავალნი, გერმანიაში მკურნალობის შემდეგ, რუსეთში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა. დაბრუნებისთანავე ის დააპატიმრეს და ახალი ბრალდებებითაც გაასამართლეს. ამას ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა, რომელიც ხელისუფლებამ ჩაახშო. ნავალნისთან დაკავშრებული სამი ორგანიზაცია ხელისუფლებამ „ექსტრემისტულად“ გამოაცხადა და საქმიანობა აუკრძალა.

2021 წლის თებერვალში, მოსკოვის სასამართლომ 25-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა „მედიაზონის“ მთავარ რედაქტორს სოციალურ ქსელში ნავალნის მხარდამჭერი პროტესტის ამსახველი ფოტოს გამოქვეყნებისთვის. ნავალნის მხარდასაჭერი აქციების დარბევის შემდეგ, ხელისუფლებამ დააპატიმრა ორგანიზატორებად მიჩნეული პირები და კარგად ცნობილი აქტივისტები. რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო უნივერსიტეტები სტუდენტებს, დემონსტრაციებში მონაწილეობის შემთხვევაში, გარიცხვით ემუქრებოდნენ. 2021 წლის სექტემბერში ხელისუფლებამ ნავალნისა  და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრა „ექსტრემისტული ჯგუფის“ საქმიანობის გაგრძელების ბრალდებით. იგივე ბრალდებით ნოემბერში დააპატიმრეს უფაში ნავალნის ჯგუფის ყოფილი თავმჯდომარე ლილია ჩანიშევა.

2021 წლის ივლისში, რუსეთის ხელისუფლებამ სოციალურ ქსელს Youtube ნავალნისთან დაკავშირებული გვერდების გაუქმება, ხოლო Apple-სა და Google-ს ნავალნის აპლიკაციების წაშლა მოთხოვა. კომპანიებმა მოთხოვნა საბოლოოდ დააკმაყოფილეს, თუმცა Google-მა ოქტომბერში აპლიკაციები აღადგინა.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ 2021 წლის იანვარში ნავალნის დაპატიმრების შემდეგ, რუსეთში მსხვილი საპროტესტო აქციები დაიწყო. ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა და 11 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა და 130-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. იუსტიციის სამინისტრო კვლავ არ არეგისტრირებს ნავალნის პოლიტიკურ პარტიას. 2021 წლის ივნისში ნავალნის ანტი-კორუფციული ფონდი ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა და საქმინაობა აეკრძალა. 2021 წლის აგვისტოში ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა „მემორიალი“ პოლიტპატიმართა სია გამოაქვეყნა [სულ 410 პირი]; მათ შორის იყვნენ თავად ნავალნიც და მისი რამდენიმე მხარდამჭერი. ასევე, ჟურნალისტები და არჩევნებისთვის პოტენციური ოპოზიციური კანდიდატები.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტო გამოსვლებს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით დემონსტრანტის თვცითნებური დაკავება და მათ მიმართ ადმინისტრაციული და სისხლისამართლებრივი დევნა მოჰყვა. მოსკოვში აქტიურად იყენებდნენ სახის ამოცნობის ტექნოლოგიებს მშვიდობიანი დემონსტრანტების იდენტიფიცირებისთვის. ნავალნისთან ასოცირებული პირები და მისი მხარდამჭერები მთელი რუსეთის მასშტაბით დევნას აწყდებიან, მათ შორის დაუსაბუთებელ სისხლისსამართლებრივ და ადმინისტრაციულ დევნას. ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე დაპატიმრებულები უჩიოდნენ არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას დაკავების ცენტრებში.[3]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ ნავალნისთან და მის პოლიტიკურ აქტივობებთან ასოცირებული აქტივისტები წამებისა და ძალადობის ობიექტები გახდნენ საპატიმროში ყოფნის დროს. ხელისუფლება, ასევე, სჯის ოჯახის წევრებსაც, მათი ნათესავების ქმედებების გამო. 27 იანვარს პოლიციამ დააკავა ნავალნის ძმა და იმავე დღეს ჩხრეკა ჩაატარა ნავალნის 13 თანამოაზრის სახლში.[4]

ავსტრიის წარმოშობის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი ACCORD 2022 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ 2021 წლის განმავლობაში კრემლმა გაამკაცრა ოპონენტების შევიწროვება; მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერი ალეკსეი ნავალნის მხარდამჭერების მიმართ. კრემლი ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს დაპატიმრებებს, ინტერნეტ ცენზურას და შავ სიებს. ოპონენტების დევნა განსაკუთრებით გამძაფრდა რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.[5]

[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 22 სექტემბერს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ რუსეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 24 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 22 სექტემბერს]

[3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 29 მარტს; ხელმისაწვდომაი ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 22 სექტემბერს]

[4] ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 12 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 22 სექტემბერს]

[5] ავსტრიის წარმოშბის ქვეყნისა და თავშესაფრის კვლევისა და დოკუმენტაციის ცენტრი ACCORD; რუსეთის ფედერაცია: პოლიტიკური პროტესტი და განსხვავებული აზრი; გამოქვეყნებულია 2022 წლის მაისში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 22 სექტემბერს]