ერაყი. ბაასის პარტიის წევრთა მიმართ დამოკიდებულება. თებერვალი, 2019

ერაყის კონსტიტუციით გარანტირებულია პოლიტიკური პარტიის ფორმირებისა და უკვე არსებულში გაწევრიანების უფლება, გარდა 2003 წლამდე არსებული დიქტატორული მმართველობის დროინდელი ბაასის პარტიისა. 2016 წლის კანონმა განამტკიცა აკრძალვა და სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახადა ბაასისტების საპროტესო აქციები და ბაასისტების იდეების პროპაგანდა. იგივე აკრძალვა ვრცელდება ნებისმიერ ჯგუფზე, რომელიც მხარს უჭერს რასიზმს, ტერორიზმს, სექტარიანიზმს, კონფესიურ ნიადაგზე წმენდას ან სხვა იდეას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიასა და ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემასთან.[1]

2015 წლის 4 მარტს მედია საშუალება „ალ-მონიტორი“ წერდა, რომ ერაყის დებაასიფიკაციის კრიზისი განახლდა 2 თებერვალს, როდესაც მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა ცვლილებები სამართლიანობისა და პასუხისგების აქტში, რომელიც ყოფილი ბაასისტების და ბაასის პარტიის აკრძალვის საკითხებს არეგულირებს. პოლიტიკური შეთანხმება ხურავდა ბაასის პარტიის საკითხს და გადასცემდა მას სასამართლო ხელისუფლებას. ამიერიდან, პირებს, ვისაც სურდათ სარჩელი შეეტანათ ყოფილი მმართველი პარტიის წინააღმდეგ, გაუჩნდათ ამის უფლება; ამასთან, მათი სარჩელი მიმართული უნდა ყოფილიყო კონკრეტული ინდივიდების, რომელთაც ჩაიდინეს დანაშაული და არა მთლიანად დაშლილი პარტიის წინააღმდეგ. იმ დროს მმართველი პარტიის მიერ მიღებული ახალი კანონი, მაინც არ იყო შესაბამისობაში აღნიშნულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან, რადგან იძლეოდა ბაასის პარტიის ერთიანად გასამართლების საშუალებას.

დებაასიფიკაციის კანონი პირველად 2003 წელს დაამტკიცეს და ამან ერაყი დაანაწევრა კანონის ინტერპრეტაციისა და გამოყენების კუთხით. სუნიტები, ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ კანონს, რადგან მიაჩნდათ, რომ კანონის პირდაპირ სამიზნეს სუნიტები წარმოადგენენ, გამომდინარე იქიდან, რომ სადამის დროს მაღალჩინოსნები ძირითადად სუნიტები იყვნენ. კანონში შესწორებები შევიდა 2008 და 2013 წელს, თუმცა შესწორებებს სათანადო გადაწყვეტა შედეგად არ მოუტანია. შესწორებები ხშირად, უბრალოდ, ამცირებდა იმ ხალხის რაოდენობას, ვისაც პოლიტიკური აკრძალვა ან გათავისუფლება შეეხო.

დებაასიფიკაციის კანონმდებლობის მიზანია გამორიცხოს ბაასის პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნება. თუმცა, ერაყში არსებული კონფლიქტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ არის პარტიის აკრძალვის გარშემო, არამედ მთავარ საკითხს წარმოადგენს ის თუ როგორ მოექცნენ დაახლოებით მილიონ ყოფილ ბაასისტს ქვეყანაში. დებაასიფიკაციის 2003 წლის კანონში სანქციები გათვალისწინებული იყო ბაასისტების ფართო სპექტრისთვის როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებში მუშაობის გამო. ამან გააღვივა კრიზისი, რადგან ბაასისტების რაოდენობა აღმოჩნდა ძალიან დიდი. 2008 წლის სამართლიანობისა და პასუხისგების აქტით დაწესდა, რომ სანქციების ობიექტები მხოლოდ ბაასის პარტიის მაღალჩინოსნები უნდა ყოფილიყვნენ. სუნიტი პოლიტიკოსები, რომელთაც ხშირად უჭერდნენ მხარს ზოგიერთი შიიტები და ქურთები, კვლავ აკრიტიკებდნენ დებაასიფიკაციის აღსრულებას და ამტკიცებდნენ, რომ პროცესის გამოყენება ხდებოდა პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებლად. გარდა ამისა, პროცესი შერჩევითად მიმდინარეობდა, რადგან ბევრი ბაასისტი კვლავ ინარჩუნებდა თავის თანამდებობას სახელმწიფო, უსაფრთხოების, სამხედრო სამსახურსა თუ სასამართლოში; ყველა მათგანი პოლიტიკური პარტიების პროტექციით.

გამომდინარე იქიდან, რომ საკითხისადმი მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე არსებობდა მიდგომა, გამოტოვებული იყო სამართლებრივი ასპექტი. კანონს უნდა მოეხდინა დაყოფა – დიფერენციაცია იმ ბაასისტებს, რომელთაც ერაყელთა სისხლში ჰქონდათ ხელები გასვრილი და იმ ბაასისტებს შორის, რომლებიც იძულებით გაწევრიანდნენ პარტიაში, რათა მიეღოთ სამსახური და არასოდეს ჩაუდენიათ დანაშაული. ერაყის პოლიტიკური ძალები იმდენად იყვნენ დაყოფილი საკითხის მიმართ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისვლა უტოპიად ჩანდა. ერაყის კაბინეტის იმ დროისთვის საბოლოო გადაწყვეტილებასაც კი სუნიტი პოლიტიკოსები „ყველაზე უარესს“ უწოდებდნენ. ყოფილი ბაასისტების პრობლემა არ იყო მხოლოდ პოლიტიკური კონსენსუსის საკითხი; ეს იყო ასევე ერაყის გრძელვადიანი სოციალური შერიგებისა და გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი. საერთო ჯამში, იმ დროს არსებულმა დებაასიფიკაციამ ბევრი წუხილი და საჩივარი დატოვა.

აბადის მთავრობამ საკითხის დეცენტრალიზაცია გადაწყვიტა, რაც შეიძლებოდა საკითხის გადაწყვეტის გასაღები გამხდარიყო. მისი გადაწყვეტილებით, ყველა სექტორი თავად ჩამოაყალიბებდა მიდგომას ბაასისტების მიმართ. დეცენტრალიზაცია ყოვლისმომცველი პოლიტიკური რეფორმის ნაწილს წარმოადგენდა. ერაყის კონსტიტუცია კრძალავს და დანაშაულად აცხადებს ბაასის პარტიასთან ნებისმიერი ფორმით ასოცირებას და პარტიის სახით აქტივობას. თუმცა, ასევე კონსტიტუციის თანახმად, ყოფილი ბაასისტები არ განიხილებიან ინდივიდუალურად. დეცენტრალიზებული ძალაუფლების მიხედვით, პროვინციებს მიეცათ საშუალება ბაასისტებს ინდივიდუალურად მიდგომოდნენ. ისეთ პროვინციებს, როგორებიცაა ნაჯაფი, ერბილი, ქარბალა ან დიქარი, რომლებიც ბაასის პარტიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ,[2] უფლება ჰქონდათ უფრო მკაცრები და ხისტები ყოფილიყვნენ ყოფილი ბაასისტების მიმართ; მაშინ როცა ისეთ პროვინციებს, როგორებიცაა ანბარი, სალაჰადინი ან ნინევა, რომლებიც პარტიის სოციალურ და ადმინისტრაციულ ხერხემალს წარმოადგენდა, შეეძლოთ ყოფილიყვნენ უფრო შემწყნარებლები. დეცენტრალიზებული მიდგომა, ასევე იყო კრიტიკის საგანი, გამომდინარე იქიდან, რომ სავარაუდო იყო საზოგადოების სოციალური დაყოფა. გარდა ამისა, დეცენტრალიზაცია არ გამორიცხავდა ყოფილი ბაასისტების დაჯგუფებას და ამბოხს. ბევრი ერაყელი მიიჩნევდა, რომ ბაასისტებს უბიძგებდნენ ექსტრემიზმისკენ. ერაყელები მიიჩნევდნენ, რომ წინა დებაასიფიკაციამ გამოიწვია სოციალური სტრუქტურის დესტაბილიზაცია და მიიყვანა ქვეყანა ერაყის ტერიტორიებზე ტერორისტების კონტროლის დაწესებამდე.[3]

2016 წელს ერაყის პარლამენტმა მიიღო კანონი დებაასიფიკაციის შესახებ, რომლითაც აკრძალა ბაასის პარტიის ნებისმიერი აქტივობა ნებისმიერი სახელით. კანონს ბაასის რეჟიმის მსხვერპლთა ოჯახების გამარჯვება უწოდა 1991 წლის აჯანყების ერთერთმა ლიდერმა უსამა ალ-იასირიმ. შიიტი პარლამენტარი მოჰამედ ალი ალ-მასუდი ამბობდა, რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ერაყის სამხედრო და პოლიტიკური სტაბილურობისკენ. კანონს ასევე ჰყავდა მოწინააღმდეგეები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. დებაასიფიკაციის კანონი მიბმულია კონსტიტუციის მეშვიდე მუხლს, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს საპატიმრო სასჯელებს იმ ბაასისტებისთვის, ვინც არღვევს კანონს. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მედია ოფისის უფროსი ამბობდა, რომ 13 წლის შემდეგ მიღებულ კანონს ნაკლები ღირებულება აქვს, რადგან მის მიზანს იდეები წარმოადგენს და არა ადამიანები, რომლებმაც შეაღწიეს დემოკრატიულ სახელმწიფოში. მისივე თქმით, კანონი ახდენდა დებაასიფიკაციას მედიასა და საჯარო სფეროებში, მაგრამ ბაასისტები კვლავ ეფექტიანად რჩებიან ძალაუფლებაში. სტატიის ავტორი ბოლოს წერს, რომ კონფესიური ომებისა და პოლიტიკური კონფლიქტების შემდეგ, ერაყელებს არ სჭირდებათ ბაასისტების ციხეში ჩასმა ან მათი სამსახურებიდან გაყრა იმდენად, რამდენადაც სჭირდებათ ნამდვილი პოლიტიკური და სოციალური შერიგება.[4]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წლის მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი 2017 წელი) ერაყის შესახებ წერს, რომ ზოგიერთი სუნიტი მუსლიმი კვლავ ამტკიცებს, რომ ისინი „შურისძიების“ კამპანიის მსხვერპლები არიან შიიტი მთავრობის მხრიდან იმის გამო, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროს სუნიტები იყვნენ „უპირატესი“ სტატუსის და ავიწროვებდნენ შიიტებს. სუნიტების თქმით, ისინი აწყდებიან დისკრიმინაციულ მიდგომებს საჯარო სექტორში დასაქმების დროს, რაც გამოწვეულია დებაასიფიკაციით (პროცესი, რომლის სამიზნეებიც თავდაპირველად ყოფილი რეჟიმის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები წარმოადგენდა). სუნიტებისა და ზოგიერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით, მთავრობა განაგრძობს დებაასიფიკაციის კანონის ნორმების შერჩევითად გამოყენებას; რაც გულისხმობს იმას, რომ სუნიტებს არ აძლევენ სამთავრობო სტრუქტურებში დასაქმების საშუალებას მაშინ, როდესაც იგივე არ ხდება ყოფილი შიიტი ბაასისტების მიმართ.[5]

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი 2018 წლის 13 ივნისს მომზადებულ ინფორმაციაში ერაყის შესახებ წერს 2016 წლის კანონის იმპლემენტაციის თაობაზე. ბაასის პარტია, რომელიც 2003 წლიდან აკრძალულია კოალიციური დროებითი ხელისუფლების განკარგულებით, ოფიციალურად აიკრძალა ერაყის პარლამენტის მიერ 2016 წელს. არასამთავრობო ორგანიზაცია ჟენევის სამართლის საერთაშორისო ცენტრის (GICJ) ინფორმაციით, 2016 წლის 30 ივლისს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც უკრძალავს „არაბულ სოციალისტურ ბაასის პარტიას ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ან კულტურულ ან ინტელექტუალურ ან სოციალურ აქტივობას ნებისმიერი სახელით და კომუნიკაციისა ან მედიის ნებისმიერი საშუალებით“. აკრძალვა ასევე ეხება სხვა პარტიებს, ვისაც აქვთ ბაასის პარტიის მსგავსი იდეები და პოლიტიკური გზავნილები. კანონში „ბაასისტის“ კლასიფიკაციის მიხედვით, აკრძალვა ეხება „ბაასის პარტიისადმი კუთვნილებას ნებისმიერი სახელით; ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ან ინტელექტუალურ აქტივობაში ჩართულობა, რომელიც წაახალისებს ბაასის პარტიის იდეებს ან ასეთი ჯგუფის წევრობა; ბაასის პარტიის იდეებისა და მოსაზრებების ნებისმიერი  – აუდიო-ვიზუალური მედია თუ ბეჭდვითი ფორმით გავრცელება; ასევე, ნებისმიერ დემონსტრაციასა და აქციაში მონაწილეობა“. კანონის მერვე მუხლი აწესებს, რომ ნებისმიერი ვინც ეცდება გახდეს ბაასის პარტიის წევრი ან ეცდება ნებისმიერი ფორმით გაავრცელოს პარტიის იდეები, აღმოჩნდება ციხეში 10 წლამდე ვადით; ამასთან, კანონის მეცხრე მუხლის მიხედვით, ნებისმიერი, ვინც ეცდება დაეხმაროს ან წვლილი შეიტანოს ბაასის პარტიის იდეებისა და მოსაზრებების გავრცელებაში მედიის საშუალებით, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით მინიმუმ 6 წლის ვადით.

იგივე წყაროს მტკიცებით, 2016 წლამდე დებაასიფიკაციის პოლიტიკის გამოყენება ხდებოდა იმ 150 ათასზე მეტი უდანაშაულო ერაყელის მკვლელობის ლეგიტიმაციისთვის, ვისაც ბაასის პარტიის წევრობაში სდებდნენ ბრალს. ათასობით სხვა ერაყელი იძულებული იყო დაეტოვებინა ერაყი მუქარებისა და დაშინებების გამო.

2018 წლის 12 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ რამდენიმე მედია საშუალებამ პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ერაყელი ამომრჩევლები შიშობდნენ პოლიტიკურ სცენაზე ბაასის პარტიის შესაძლო დაბრუნების გამო. 2018 წლის აპრილში ერაყის სამართლიანობისა და პასუხიმგებლობის კომისიამ 374 კანდიდატს აუკრძალა არჩევნებში მონაწილოება; აკრძალვის მიზეზს წარმოადგენდა მათი წინა მიკუთვნებულობა ბაასის პარტიისადმი. გამორიცხულთა შორის უმეტესობა ყოფილი პრემიერის  ეიად ალავის ეროვნული კოალიციის წევრი იყო; ეიად ალავის ხშირად ედავებიან, რომ მისი სუნიტი მხარდამჭერების უმეტესობა ბაასის პარტიიდანაა. ამავე პერიოდში დამოუკიდებელი პოლიტიკოსი სამი ალ-აკსარი აცხადებდა, რომ ერაყის პოლიტიკურ ცხოვრებაში ბაასისტების ადგილი არ არის, განსაკუთრებით სადამის ბაასის პარტიაზე დაწესებული აკრძალვის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ალ-სადიქუნის ბლოკის თავმჯდომარე ჰასან სალიმი ამტკიცებდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ბევრი ბაასისტი კანდიდატი მიიღებდა მონაწილეობას.

2018 წლის იანვარში ეგვიპტური გაზეთი „ალ-აჰრამი“ წერდა გაეროს ერაყის მხარდაჭერის მისიის „შერიგების გეგმის“ სამუშაო დოკუმენტზე, რომლის მიზანიც იყო ყოფილი ბაასისტების მიმართ შეზღუდვების შემსუბუქება და 2003 წლიდან მიმდინარე დებაასიფიკაციის პროცესის დასრულება. წყაროს მტკიცებით, გაეროს გეგმა იყო ქვეყნის პოლიტიკური ქაოსის დასრულება. აღნიშნული გეგმის შესახებ ამის შემდეგ სხვა დამატებითი ინფორმაცია აღარ გავრცელებულა.

2018 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მუქთადა ალ-სადრმა გააფრთხილა პოლიტიკური ჯგუფები, არ ეცადათ ბაასის პარტიის დაბრუნება მოახლოებულ არჩევნებზე. „თუ ისინი დაბრუნდებიან, ჩვენ არ გამოვიჩენთ მოწყალებას“, – განაცხადა მაშინ შიიტმა სასულიერო ლიდერმა, რომლის კოალიციამაც საბოლოოდ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში.

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი ამავე ინფორმაციაში საუბრობს სადამ ჰუსეინის ოჯახის წევრების, მისი რეჟიმისა და ბაასის პარტიის ყოფილი წევრების მიმართ არსებულ დამოკიდებულებაზე. გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის 2015-2016 წლის ანგარიშში მოხსენიებული იყო სადამ ჰუსეინის რეჟიმის 2 ყოფილი წევრის მკვლელობა. 2016 წლის 19 აპრილს ამოუცნობმა შეიარაღებულმა პირმა, რომელიც გადაადგილდებოდა, სავარაუდოდ, უნომრო მანქანით, ესროლა და მოკლა ერთი პირი ალ-მაქალის რაიონში, ბასრაში. მსხვერპლი იყო ბაასის პარტიის მაღალჩინოსანი. 2016 წლის 27 სექტემბერს, ასევე ბასრაში, ალ-ჯუნაიანას რაიონში, ბაასის პარტიის კიდევ ერთი ყოფილი წევრი მოკლეს.

2018 წლის 4 თებერვალს საუდის არაბეთის ინგლისურ ენოვანი გაზეთი „არაბ ნიუსი“ წერდა 60-კაციანი სიის შესახებ. ეს იყო ერაყის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ყველაზე მეტად ძებნილ პირთა სია, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ტერორისტულ აქტივობებში უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში, მათ შორის იყვნენ ყოფილი ბაასისტებიც. სტატიაში ნათქვამია, რომ სია ბაასის მაღალჩინოსნებს უკავშირებს „მუჰამედის არმიას“, „ნაქშბანდის აქრმიას“, „მუჯაჰედინების არმიას“, „ალ-აუსრას არმიას“, „ალ-ქედასა“ და „ისლამურ სახელმწიფოს“. აქვე აღნიშნულია, რომ სიაში მოხვედრილი ზოგიერთი პირი ასევე შესულია აშშ-ის მიერ ძებნილ პირთა სიაში; აღნიშნულ სიაში არიან სადამის დროის მაღალჩინოსნები, რომლებიც შეიარაღებული დაჯგუფებების საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი 2003 წლის შემდეგ. სიაში შეყვანილია სადამ ჰუსეინის უფროსი ქალიშვილი რაღად სადამ ჰუსეინი, სადამის ძმისშვილები ომარ და აიმან საბავი და აჰმედ უატბან იბრაჰიმ ალ-ჰასანი; ასევე, მისი ბიძაშვილი რაფეია აბდულატიფ ტელფაჰი. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ სია ბაასის პარტიის ბევრ ისეთ ლიდერსაც მოიცავს, რომელთაც მოახერხეს 2003 წლის შემდეგ პარტიის საქმიანობის საზღვარგარეთ გაგრძელება. მათ შექმნეს ფიქსირებული და მობილური ქსელები სირიაში, იემენში, ეგვიპტეში იორდანიასა და კატარში, მაშინ როდესაც სხვები ხელმძღვანელობდნენ ერაყის შიგნით მებრძოლ შეიარაღებულ ჯგუფებს.

2018 წლის მარტში ქურთული მედია ქსელი „რუდოუ“ წერდა, რომ ერაყის მთავრობამ გასცა ყოფილი ბაასის მაღალჩინოსნების, მათი მეუღლეებისა და ნათესავების აქტივების ჩამორთმევის ბრძანება. 2018 წლის აპრილში ლონდონში მოქმედი მედია საშუალება „ნიუ არაბი“ წერდა, რომ სადამის დროინდელი 14 მაღალჩინოსანი, 15 წლის შემდეგაც, კვლავ რჩებოდა საპატიმროში.

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი ამავე ინფორმაციაში წერს, რომ ჩატარებული კვლევისას, რომელიც ფოკუსირებული იყო ძირითადად ტიკრიტზე, ბაღდადსა და ბასრაზე, არ მოიძებნა ინფორმაცია ბაასის პარტიის მხარდამჭერების მიმართ დამოკიდებულებაზე, მათ შორის ონლაინ და მედია აქტივისტების შესახებ, ვინც შეიძლება მხარდაჭერას გამოხატავდეს სადამ ჰუსეინის ან ბაასის პარტიის მიმართ.[6]

შეჯამება

დებაასიფიკაციის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ, 2016 წლის 30 ივლისს ერაყის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ოფიციალურად აიკრძალა ბაასის პარტიის საქმიანობა ნებისმიერი ფორმით და სახელით. დებაასიფიკაციის პროცესი თავდაპირველად ყველა ყოფილი ბაასისტის წინააღმდეგ იყო მიმართული. წლების გასვლასთან ერთად მიდგომა შეიცვალა და დებაასიფიკაცია შეეხო მხოლოდ ყოფილი რეჟიმის მაღალჩინოსნებს, ვისაც დანაშაული ჰქონდათ. 2016 წლის კანონის მიღების შემდეგ, 2018 წლის არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა 374 კანდიდატს, რომლებიც ადრე ბაასის პარტიას მიეკუთვნებოდნენ. კანონის მიღების შემდეგ გატარებული ღონისძიებებიდან, როგორებიცაა ქონების ჩამორთმევა ყოფილი მაღალჩინოსნებისა და მათი ნათესავებისთვის თუ კონკრეტული პირების მიმართ ძებნის გამოცხადება, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ერაყში, ძირითადად, სამიზნეებს წარმოადგენენ ის ყოფილი ბაასისტები, რომლებიც განაგრძობენ ბაასის პარტიის იდეებით საქმიანობას ანდა დაკავშირებული არიან 2003 წლის შემდეგ ქვეყანაში აღმოცენებულ შეიარაღებულ თუ ტერორისტულ დაჯგუფებებთან. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში დაფიქსირდა ბაასის პარტიის ყოფილი მაღალჩინოსნებისა და თუ წევრების მკვლელობის ცალკეული შემთხვევები, წყაროები არ საუბრობენ ყოფილი ბაასისტების მასობრივ დევნასა თუ შევიწროვებაზე. ასევე, წყაროები არ წერენ ბაასის პარტიის მხარდამჭერების მიმართ დამოკიდებულებაზე, მათ შორის ონლაინ და მედია აქტივისტების შესახებ, ვინც შეიძლება მხარდაჭერას გამოხატავდეს სადამ ჰუსეინის ან ბაასის პარტიის მიმართ. რაც შეეხება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში რაიმე ახალი კანონის მიღებას ბაასისტების წინააღმდეგ, წყაროები ასეთ ფაქტს არ ადასტურებენ.

[1] Freedom House: Freedom in the World 2019 – Iraq, 4 February 2019

 [accessed on 25 February 2019]

[2] 1991 წელს სადამ ჰუსეინის რეჟიმმა ათასობით ადამიანი მოკლა და გაანადგურა მთლიანი ქალაქები სამხრეთ და ჩრდილოეთ ერაყში აჯანყების დროს

[3] Al Monitor; Iraqi provinces take ex-Baathists to court; By Mustafa al-Kadhimi; 4 March, 2015; available at: https://www.al-monitor.com/pulse/originals/2015/03/iraq-de-baathification-law-sunnis-decentralization.html [accessed 25 February 2019]

[4] Al Monitor; 13 years later, Iraq passes de-Baathification law; By Adnan Abu Zeed; 9 August, 2016; available at: https://www.al-monitor.com/pulse/originals/2016/08/debaathification-law-iraq-justice.html [accessed 25 February 2019]

[5] USDOS – US Department of State: 2017 Report on International Religious Freedom – Iraq, 29 May 2018

 [accessed on 25 February 2019]

[6] EASO – European Asylum Support Office: 1. Information on the implementation of the 2016 law against Baathism (2016-2018) 2. Treatment of family members of Saddam Hussein, former members of Saddam Hussein’s regime and former Baath members, in Tikrit, Baghdad and Basra (2016-2018) 3. Treatment of Baath party supporters in Tikrit, Baghdad and Basra, including treatment of online/social media activists who express support for Saddam Hussein/Baath party (2016-2018) [Q82], 13 June 2018

 (accessed on 26 February 2019)