ლიბია. უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა ზავიაში. ივნისი, 2023

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის პროექტის „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ (RULAC) მიხედვით, ლიბიაში ადგილი აქვს არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტს. 2011 წელს კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ლიბია მუდმივი პოლიტიკური დაუმორჩილებლობისა და თანმდევი შეიარაღებული კონფლიქტების პირობებში იმყოფება. ერთმანეთთან დაპირისპირებული მთავრობების და სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფების [რომლებიც მუდმივად იცვლიან მოკავშირეებს და, როგორც ჩანს, მოქმედებენ ავტონომიურად] არსებობამ გააუარესა მდგომარეობა და გამოიწვია ზოგადი გაურკვევლობა. 2014 წლიდან მოყოლებული, ლიბიაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობენ: ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა, ლიბიის ეროვნული არმია [LNA], სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფი და უცხო ძალები.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ლიბიის შესახებ წერს, რომ რიგით მოქალაქეებს არანაირი როლი არ აქვთ ლიბიის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც ამჟამად შეიარაღებული ფრაქციების, უცხო ქვეყნების მთავრობების, ნავთობთან დაკავშირებული ინტერესების, კონტრაბანდით დაკავებული სინდიკატებისა და სხვა არაპოლიტიკური ძალების დომინაციას განიცდის. მოქალაქეები და სამოქალაქო პოლიტიკური ფიგურები სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფების მხრიდან ძალადობის და დაშინების ობიექტები არიან.[2]

დამოუკიდებელი ორგანიზაცია „International Crisis Group“ 2015 წლის 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში წერს, რომ ლიბია აფრიკის უმსხვილეს ნავთობის რეზერვებს ფლობს და დიდი ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი მიმწოდებელი იყო, რაც საპასუხოდ, მნიშვნელოვანი შემოსავლის გენერირებას ახდენდა. ნავთობი, რომელიც ქვეყნის შემოსავლის 96%-ს წარმოადგენდა, იგივე მოცულობით აღარ მოიპოვება. 2011 წლამდე, ლიბია დღეში 1.6 მილიონი ბარელის ექსპორტს ახდენდა; 2015 წლისთვის ნავთობის ექსპორტი მეოთხედამდე იყო შემცირებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით ნავთობის საბადოები, მილსადენები და ექსპორტის ინფრასტრუქტურა შეიარაღებული ჯგუფების [Militias] კონტროლის ქვეშაა. თავდაპირველად, მათი მიზანი იყო ნავთობის დინების შენარჩუნება და ცენტრალური მთავრობისგან ფულის გამოძალვა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა ორ დაპირისპირებულ მთავრობად დაიყო, ისინი უბრალოდ იბრძვიან ნავთობიდან მიღებული შემოსავლის ერთმანეთისგან შენარჩუნებისთვის; თუ ერთი მხარე საბადოზე კონტროლს დააწესებს, მეორე მხარე მილსადენის ბლოკირებას ახდენს. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ დროა აღიარების; რომ ლიბიის სამოქალაქო ომი მხოლოდ მეორეხარისხოვნად არის დაკავშირებული იდეოლოგიასთან, რელიგიასთან თუ ლეგიტიმაციასთან. პირველ რიგში, ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, ვინ გააკონტროლებს ქვეყნის ნავთობის რესურსებს და აქედან მიღებულ შემოსავალს.[3]

ინტერნეტ რესურსი „Atalayar“ [ახალი ამბები ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში] 2022 წლის 30 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ ნავთობის ინფრასტრუქტურა იქცა თავდასხმების სამიზნედ, შეტაკებების ეპიცენტრად და შანტაჟის ინსტრუმენტად დაპირისპირებულ მხარეებს შორის. 2020 წელი გამოირჩეოდა ყველა მნიშვნელოვანი ბლოკადებით ქვეყნის ისტორიაში – თვეების განმავლობაში ლიბიის ეროვნულმა არმიამ ქვეყნის ნავთობის რამდენიმე საბადოსა და ინფრასტრუქტურის პარალიზება მოახდინა.

კვლევითი ორგანიზაცია „Security Distillery“ 2020 წლის 27 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ნაშრომში წერს, რომ ლიბიის კრიზისში ნავთობის როლის გასააზრებლად, აუცილებელია ქვეყანის ამჟამინდელი ფრაგმენტაციის ცოდნა, რასაც დიდი გავლენა აქვს სხვადასხვა სფეროზე და პოლიტიკაზე. კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ლიბია, რომელიც სოციალური ერთიანობით დიდად არც გამოირჩეოდა, გავლენების სხვადასხვა ზონებად დაიყო. ამჟამად, ლიბია ორ ძირითად რეგიონადაა დაყოფილი – საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა, რომელიც ტრიპოლიშია და აკონტროლებს ლიბიის დასავლეთ ნაწილს და ტობრუკში მდებარე ლიბიის ეროვნული არმია, რომელიც აკონტროლებს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ლიბიას. კადაფის რეჟიმის დამხობას მოჰყვა რესურსების განაწილების კუთხით არსებული სტატუს ქვოს დაშლა და ნავთობზე კონტროლი გახდა ფრაქციებს შორის კონფლიქტისა და დაძაბულობის შექმნის მიზეზი.[4]

ინტერნეტ მედია რესურსი „NS Energy“ 2020 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ნავთობი ლიბიის სამოქალაქო ომის საკვანძო ბრძოლის ველი ხდება. სამხედროები მიმართავენ ნავთობისა და გაზის საკვანძო ინფრასტრუქტურის ბლოკირების მეთოდს, რათა მთავრობას სხვადასხვა საკითხზე დათმობები აიძულოს. ლიბიის პრემიერი აცხადებდა, რომ ასეთი მეთოდებით მილიარდზე მეტი იკარგებოდა. მისი თქმით, ნავთობის გამოყენება ზეწოლის იარაღად საფრთხეს უქმნიდა 2020 წლის ბიუჯეტს.[5]

ქალაქი ზავია [Zawiya] [ასევე გამოიყენება Az Zawiyah] ლიბიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტრიპოლიტანიის რეგიონში მდებარეობს. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA [ყოფილი EASO] 2020 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ლიბიაში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ წერს, რომ 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ქალაქ ზავიაში რამდენიმე შეიარაღებული ჯგუფი მოქმედებდა. ქალაქში წარმოდგენილნი იყვნენ ლიბიის ეროვნულ არმიასთან ასოცირებული ჯგუფებიც, თუმცა ქალაქის უდიდეს ნაწილს საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის [GNA] ძალები აკონტროლებდნენ. ზავიის ნავთობის კომპლექსს GNA-ის მომხრე ალ-ნასრის ბრიგადა აკონტროლებდა.

ACLED მონაცემთა ბაზის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, ზავიაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების საერთო რაოდენობის დაახლოებით 1% ფიქსირდებოდა. ზავიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლის კუთხითაც. 2019 წლის განმავლობაში ზავიაში დაფიქსირდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 21 ინციდენტი [11 აფეთქება, 7 შეტაკება და სამოქალაქო პირთა მიმართ ძალადობის 3 ეპიზოდი]. 16 ინციდენტს ადგილი ჰქონდა ქალაქ ზავიაში, 3 ინციდენტი დაფიქსირდა ალ ჰარშაში და თითო აბუ ისასა და ალ მუტრადში. 2020 წლის იანვარი – სექტემბრის პერიოდში ზავიაში ადგილი ჰქონდა 4 ძალადობრივ ინციდენტს [2 შეტაკება და 2 აფეთქება]. 3 ინციდენტს ადგილი ჰქონდა სურმანში და ერთი შემთხვევა დაფიქსირდა აბუ ისაში.[6]

ინტერნეტ მედია რესურსი „The Libya Update“ 2023 წლის 24 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ რამდენიმე შეტაკების შემდეგ, ლიბიის ქალაქ ზავიაში კვლავ მშვიდობამ დაისადგურა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება მთავრობასთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს შორის მოხდა. სამაშველო ჯგუფებმა 30 ოჯახის ევაკუაცია განახორციელეს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ აპრილის პირველ რიცხვებში, შეიარაღებულ ჯგუფებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამი მშვიდობიანი მოსახლე დაშავდა. ინციდენტის შედეგად, ასევე, დაზიანდა ლიბიაში უდიდესი ზავიის ნავთობგადამამუშავებლი ქარხანა. სტატიაში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, ქალაქი ზავია, ისევე როგორც სხვა ქალაქები ლიბიაში, შეიარაღებული ჯგუფების დაპირისპირების მოწმეები რეგულარულად არიან. აღნიშნული ჯგუფები ძალაუფლებისა და გავლენებისთვის იბრძვიან და სარგებელს იღებენ არსებული კრისიზით, ნარკოტიკების, ნავთობისა და ადამიანების ტრეფიკინგით.[7]

[1] ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჟენევის აკადემია; პროექტი „კანონის უზენაესობა შეიარაღებულ კონფლიქტებში“ RULAC; ლიბია; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rulac.org/browse/map [ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ ლიბიაში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 24 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[3] დამოუკიდებელი ორგანიზაცია „International Crisis Group“; ქაოსი ლიბიაში: საქმე ნავთობშია, სისულელე; სტატიის ავტორი: ესანდრ ელ ამრანი; გამოქვეყნებულია 2015 წლის 13 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.crisisgroup.org/middle-east-north-africa/north-africa/libya/chaos-libya-it-s-oil-stupid [ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[4] კვლევითი ორგანიზაცია „Security Distillery“; შენი მადლი შენივე წყევლა იქნება: ნავთობის როლი ლიბიის კრიზისში; სტატიის ავტორი: ელისა მარა; გამოქვეყნებულია 2020 წლის 27 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://thesecuritydistillery.org/all-articles/your-blessing-will-be-your-curse-the-role-of-oil-in-the-libyan-crisis [ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[5] ინტერნეტ მედია რესურსი „NS Energy“; ნავთობი ლიბიის სამოქალაქო ომის საკვანძო ბძოლის ველი ხდება; გამოქვეყნებულია 2020 წლის 18 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.nsenergybusiness.com/features/libya-oil-blockades/ [ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[6] ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო EUAA [ყოფილი EASO]; უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ლიბიაში; გამოქვეყნებულია 2020 წლის 7 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

[7] ინტერნეტ მედია რესურსი „The Libya Update“; ლიბიის ქალაქ ზავიაში, შეტაკებების შემდეგ, სიმშვიდე დაბრუნდა; გამოქვეყნებულია 2023 წლის 24 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://libyaupdate.com/calm-returns-to-libyas-zawiya-after-night-of-clashes/ [ნანახია 2023 წლის 5 ივნისს]

სირია. უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. აპრილი, 2019

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch სირიაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერს, რომ 2018 წლის განმავლობაში, რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილმა სირიის სამთავრობო ძალებმა კონტროლი აღადგინეს დამასკოს მიმდებარე აღმოსავლეთ გოუტასა და დარაა-ს რეგიონებზე. თუმცა, მთავრობა იმისთვის, რომ ეიძულებინა აჯანყებული ანტი-სამთავრობო ჯგუფები, რომ დანებებულიყვნენ, იყენებდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა: უკანონო ტაქტიკა, აკრძალული იარაღის გამოყენება, განურჩეველი თავდასხმები და ჰუმანიტარულ ტვირთზე შეზღუდვის დაწესება. მაგალითად, 18 თებერვლიდან 21 მარტამდე პერიოდში, აღმოსავლეთ გჰოუტას სამხედრო კამპანიის მიმდინარეობისას 1600-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა. სირია-რუსეთის სამხედრო ალიანსმა დაბომბა 25 სამედიცინო დაწესებულება, 11 სკოლა და უამრავი სხვა სამოქალაქო საცხოვრებელი.

იმ რეგიონებში, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლისგან გაათავისუფლეს, მაღალი სამოქალაქო დანაკარგები კიდევ უფრო აშკარად გამოიკვეთა. გაქცეული ტერორისტების მიერ დამონტაჟებული მიწისქვეშა ნაღმების აფეთქებებს მრავალი სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, ზოგი კი დასახიჩრდა. ISIS და ალ-ქაიდასთან აფილირებული სხვა ტერორისტული ორგანიზაციები აგრძელებდნენ ისეთი ტიპის სამართალდარღვევების ჩადენას, როგორიცაა: სიკვდილით დასჯა, გატაცებები და ჰუმანიტარულ ტვირთზე შეზღუდვები. მაგალითად, 25 ივლისს ISIS-მა მოაწყო რამდენიმე ერთდროული თავდასხმა ალ-სუვეიდას რეგიონში, რასაც შედეგად 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 27 პირი გაიტაცეს. სახელმწიფო მედია საშუალების ცნობით, ნოემბრის მდგომარეობით ყველა ტყვე გათავისუფლებული იყო.

რახან აქტიური შეიარაღებული მოქმედებები ნაწილობრივ შემცირდა, რუსეთმა და სირიამ სირიელ ლტოლვილებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდეს. ამას გარდა, სირიის მთავრობა მიიღო კონკრეტული კანონები, რითაც ხელს შეუწყობს რეკონსტრუქციას. თუმცა, მიუხედავად ამისა,  სამთავრობო ძალები კვლავ აგრძელებდნენ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას, რაც გამოიხატება ისეთ ქმედებებში, როგორიცაა: თვითნებური დაპატიმრება და არასათანადო მოპყრობა, მკაცრი შეზღუდვები გადაადგილების თავისუფლების კუთხით და ა.შ.

არასამთავრობო ორგანიზაცია – Syrian Network for Human Rights (SNHR) ცნობით, 30 აგვისტოს მდგომარეობით იძულებით გაუჩინარებულ პირთა რაოდენობა 90 000 აჭარბებდა, რომელთა უმრავლესობის შემთხვევაში დამნაშვე სირიის მთავრობა იყო.

რაც შეეხება იძულებით გადაადგილებას, გაეროს ცნობით, 2018 წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდში დაფიქსირდა კიდევ 920 000-ზე მეტი ახალი იძულებითი გადაადგილების შემთხვევა.[1]

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერს, რომ მიმდინარე წელს მნიშვნელოვან უფლებადარღვევათა შორის იყო სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო ან თვითნებური მკვლელობები, მათ შორის – ქიმიური იარაღის გამოყენებით; პირთა იძულებითი გაუჩინარებები, წამება; თვითნებური დაკავებები; მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში საპატიმრო პირობები; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა; გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მათ შორის – ინტერნეტსა და პრესაზე დაწესებული უმკაცრესი შეზღუდვები და ა.შ.

მთავრობა არ დგამდა არანაირ ნაბიჯებს ზემოხსენებულ უფლებადარღვევების გამოძიების და დამნაშავე პირების დასჯის კუთხით. ამას გარდა, მთავრობასთან აფილირებული გასამხედროებული ჯგუფები  ჩადიოდნენ ისეთ სამართალდარღვევებს, როგორიცაა მასობრივი ხოცვა; განურჩეველი მკვლელობები; სამოქალაქო პირთა გატაცებები და ა.შ. ანალოგიურად, გარკვეული სამართალდარღვევები ფიქსირდებოდა აჯანყებული ჯგუფების და ქურთული შეიარაღებული ძალების მხრიდან.[2]

რაც შეეხება უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს, არასამთავრობო ორგანიზაცია სირიის ადამიანის უფლებათა კომიტეტი (SHRC) ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს სირიაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებების შედეგად მსხვერპლის სტატისტიკას. მაგალითად, 2019 წლის 11 მარტს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე დღეს დაღუპულთა რიცხვი იყო 5 პირი, რომელთაგან 4 იდლიბში მიმდინარე დაბობმვამ იმსხვერპლა.[3] 12 მარტს გარდაცვლილთა რაოდენობა 9 ადამიანს შედგენდა, რომელთა რიგებშიც იყვნენ ქალი  და ბავშვი. ზემოხსენებული გარდაცვლილებიდან 5 პირი ალეპოსა და იდლიბში დაბომბვებს ემსხვერპლა, ხოლო 4 – საპატიმრო დაწესებულებაში სამთავრობო ძალების მიერ წამების შედეგად გარდაიცვალა.[4]  16 მარტს დაღუპულთა რიცხვმა 24-ს მიაღწია, რომელთაგან 5 ბავშვი, ხოლო 18 კი – ქალი იყო.[5]

[1] Human Rights Watch – World Report 2019 – Syria, available at https://www.hrw.org/world-report/2019/country-chapters/syria [accessed 2 April 2019]

[2] United States Department of State – Annual report on human rights in 2018 – available at

[accessed 2 April 2019]

[3] Syria Human Rights Committee – The Daily Report of Victims of Human Rights Violations in Syria 11-3-2019 – available at https://www.shrc.org/en/?p=32159 [accessed 2 April 2019

[4] Syria Human Rights Committee – The Daily Report of Victims of Human Rights Violations in Syria 12-3-2019 – available at https://www.shrc.org/en/?p=32163 [accessed 2 April 2019]

[5] Syria Human Rights Committee – The Daily Report of Victims of Human Rights Violations in Syria 16-3-2019 – available at https://www.shrc.org/en/?p=32181 [accessed 2 April 2019

იემენი. უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა. იანვარი, 2019

მედია საშუალება „Al Jazeera“ 2018 წლის 26 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ 3 წლის განმავლობაში, მსოფლიოში ყველაზე ღარიბ არაბულ ქვეყანაში – იემენში, მიმდინარეობს სისხლიანი სამოქალაქო ომი აჯანყებულ ჰუტებსა და სამთავრობო ძალებს შორის. 2014 წლის სექტემბერში, ჰუტებმა საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს იემენის დედაქალაქი – სანაა და განაგრძეს წინსვლა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ადენის მიმართულებით. ამის საპასუხოდ, არაბულმა სახელმწიფოებმა, საუდის არაბეთის მეთაურობით, წამოიწყეს სამხედრო კამპანია, რათა დაემარცხებინათ ჰუტები და აღედგინათ იემენის მთავრობა. კონფლიქტი დღემდე მიმდინარეობს.

გამოცემა წერს, რომ 2018 წლის 26 მარტის მდგომარეობით, შეიარაღებულ დაპირისპირებებს, სულ მცირე 10 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა დაახლოებით 40 000. ზუსტი რიცხვის დასახელება რთულია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია „Save the Children“-ის ცნობით, 2017 წლისთვის, დაახლოებით, 50 000 ბავშვი დაიღუპა შიმშილისა და სხვადასხვა დაავადების გამო.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, სამოქალაქო დანაკარგთა 2/3 გამოწვეულ იქნა არაბული კოალიციის საჰაერო დაბომბვების შედეგად. ხოლო, ჰუტი მეამბოხეები პასუხისმგებელნი არიან მასობრივ სამოქალაქო მსხვერპლზე იემენის სიდიდით მესამე ქალაქ ტა’იზ-ზე მათ მიერ განხორციელებული ალყის გამო.

გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინირების ოფისის ინფორმაციით, 3 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილდა ქვეყნის შიგნით, ხოლო 280 000 პირმა თავშესაფარი ითხოვა უცხო ქვეყანაში, მათ შორის – ჯიბუტსა და სომალიში.

ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომით გამოწვეულმა ქაოსმა საშუალება მისცა ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორიცაა Al-Qaeda და ISIL, გაეფართოებინათ საკუთარ კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიები და, ასევე, განეხორციელებინათ ტერორისტული თავდასხმები. მაგალითად, 2015 წლის მარტში, ISIL-ის თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს სანაში მდებარე ზაიდი შიიტების ორ მეჩეთში, რასაც 140 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.[1]

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა ოფისი იემენის შესახებ 2019 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ქვეყანაში  მიმდინარე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ წარმოადგენს განურჩეველი ძალადობის შედეგად პირის სიცოცხლის ხელყოფის რეალურ რისკს.

ვრცელდებოდა ცნობები კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის მიერ განხორციელებული განურჩეველი და უკანანო ძალადობის, მათ შორის, საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული კლასტერული ტიპის ბომბებისა და სახმელეთო ნაღმების გამოყენების შესახებ. ამას გარდა, ხორციელედებოდა განგრძობადი თავდასხმები სამოქალაქო პირებზე, საავადმყოფოებზე, სკოლებზე და ა.შ.

ზემოხსენებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამონიტორინგო ჯგუფის – Armed Conflict Location and Event Data Project (ACLED) მიხედვით, 2016 წლის სექტემბრიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში, ზოგადი დანაკარგების რიცხვი თანმიმდევრულად იზრდებოდა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მონაცემებით,  2015 წლის მარტიდან 2018 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად  დაფიქსირდა 17 062 სამოქალაქო დანაკარგი (6592 გარდაცვლილი, ხოლო – 10 470 დაშავებული პირი). დანაკარების 61 პროცენტზე მეტი გამოწვეული იყო საუდის არაბეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად.

სამოქალაქო დანაკარგების კუთხით გეოგრაფიული მდგომარეობა განსხვავებულია. ზოგადად, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ძალადობა ფიქსირდება დასავლეთი იემენში, რომელსაც მოსდევს ტა’იზ-ის პროვინცია, ჩრდილოეთის ტომობრივი მიწები და სამხრეთი იემენი. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია ქალაქ ჰუდეიდაჰში.

იემენის აღმოსავლეთი ნაწილი ყველაზე ნაკლებად კონფლიქტური რეგიონია და სხვებთან შედარებით, იქ ზოგადი ძალადობის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ასევე, შედარებით ნაკლები ძალადობაა ადენის პროვინციაში.

რაც შეეხება შიდა გადაადგილების ალტერნატივას, ანგარიშის მიხედვით, იემენში გადაადგილება მკაცრად შეზღუდულია  ერთი მხრივ, ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის, ხოლო მეორე მხრივ – ზოგადად, მთლიან ქვეყანაში საწვავის დეფიციტის შედეგად.

წყაროები ხშირად მოიხსენიებენ ქვეყნის ორ ძირითად ნაწილს სამხრეთი იემენისა და ჩრდილოეთი იემენის სახელწოდებით (იხ. რუკაზე: ჩრდილოეთი იემენი – ყვითლად; სამხრეთი – წითლად).

ანგარიშის მიხედვით, სამხრეთი იემენის რეგიონში სამხედრო მოქმედებებს აწარმოებს არაბთა გაერთიანებული ემირატების შეიარაღებული ძალები. 2018 წლის იანვრიდან მოყოლებული, მათ ინტენსიური მოქმედებები წამოიწყეს აღნიშნულ რეგიონში ტერორისტული ორგანიზაცია „არაბეთის ნახევარკუნძულის ალ-ქაიდას“ (AQAP) და ამბოხებული ჰუტების  წინააღმდეგ.

რაც შეეხება ე.წ. ჩრდილოეთი იემენს, ანგარიშში მითითებულია, რომ 2018 წლის 12 ივნისს სამხედრო კოალიციამ საუდის არაბეთის მეთაურობით, წამოიწყო „ოპერაცია ოქროს გამარჯვება“, რათა დაეკავებინა ჰუტების მიერ კონტროლირებადი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი ალ ჰუდეიდაჰი. კოალიციამ მოახერხა ქალაქის აეროპორტის დაკავება, ხოლო ჰუტებმა ქალაქის გარშემო განალაგეს სახმელეთო ნაღმები და სხვადასხვა ტიპის ბარიკადები.

23 ივნისს შეტაკებები დროებით შეწყდა და გაეროს გენ. მდივანის სპეციალურ დესპანს საშუალება მიეცა, გაემართა მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. აგვისტოში კვლავ განახლდა ბრძოლები, ამჯერად ქალაქის გარშემო დასახლებებში.

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის 2018 წლის ოქტომბრის მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ „საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა განსაკუთრებით გაიზარდა ივნისში ჰუდეიდაჰზე განხორციელებული სამხედრო კამპანიის შემდეგ. ივლისში, პოლიტიკური მიზეზების გამო, შეიარაღებული დაპირისპირება დროებით შეწყდა, თუმცა კვლავ განახლდა აგვისტოში მცირე შეტაკებებით, ხოლო სექტემბერში უკვე  სრულმასშატაბიანი ბრძოლებით.“

2018 წლის ნოემბერის პირველი ორი კვირის განმავლობაში, ჰოდეიდაჰზე განხორციელდა სულ მცირე 200 საჰაერო დარტყმა.

მედია საშუალება The Guardian 2018 წლის 13 დეკემბრის გამოშვებაში წერს იემენში, საპორტო ქალაქ ჰუდეიდაჰში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერესის განცხადებით, შვედეთში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგად, შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე და მათ მიეცათ 21 დღიანი ვადა, რომ ქალაქიდან გაეყვანათ ჯარები. ამას გარდა, გუტიერესის განცხადებით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ქალაქში გაეროს დაქვემდებარებული ნეიტრალური სამხედრო შენაერთების განლაგებასა და ჰუმანიტარული კორიდორების უზრუნველყოფას.[2]

რაც შეეხება დანაკარგების და სამოქალაქო მსხვერპლის კუთხით სიტუაციას, გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინირების ოფისის მიხედვით, 2018 წლის 1 ოქტომბრის სიტუაციით, „მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, სამოქალაქო დანაკარგები სახეზეა. კონფლიქტის ყველა მხარე უგულებელყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარულ  და ადამიანის უფლებათა სამართალს, და, ასევე, ხელს უშლის და აფერხებს ჰუმანიტარული დახმარების დროულად მიწოდებას“.

სამონიტორინგო ჯგუფის – Armed Conflict Location and Event Data Project (ACLED)-ის ინფორმაციით, 2018 წლის ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, უშუალოდ ქალაქ ჰოდეიდაჰში სამოქალაქო დანაკარგების რიცხვი მთელი ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო მსხვერპლის 51 %-ს უტოლდება. აღნიშნული სამი თვის პერიოდში, ჰოდეიდაჰში დაიღუპა სულ მცირე 349 სამოქალაქო, ხოლო მთლიანად იემენში – 685.

იგივე ორგანიზაცია ავრცელებს რუკას, სადაც აღნიშნულია 2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით დანაკარგების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით (მუქ ლურჯად – ყველაზე ნაკლები დანაკარგების მქონე რეგიონები, სტაფილოსფრად და მუქ ნარინჯისფრად – ყველაზე მაღალი).

გადაადგილების თავისუფლების კუთხით სიტუაცია, ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, შემდეგია: „მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიხედვით ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ გადაადგილება, ასევე, რეპატრიაცია და ემიგრაცია თავისუფალია, კონფლიქტის ყველა მხარე, რუტინულად აწესებდა მკაცრ აკრძალვებსა და შეზღუდვებს როგორც პირთა, ასევე, საქონლისა  და ჰუმანიტარული ტვირთის გადაადგილების კუთხით.[3]

შეჯამება

ზემოხსენებულ წყაროთა ერთობლიობის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ იემენში 2015 წელს დაწყებული სამოქალაქო ომი დღემდე, მეტნაკლებად მთლიანი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. საანგარიშო პერიოდის მანძილზე, განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია ფიქსირდებოდა საპორტო ქალაქ ჰუდეიდაჰში, სადაც უკანასკნელი თვეების მანძილზე 3 ფართომასშტაბიანი ბრძოლა გაიმართა, ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა, გაეროს გენერალურმა მდივანმა გასული წლის 13 დეკემბერს აღნიშნული ქალაქის გარშემო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია, რაც უდავოდ სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია.

[1] Al Jazeera, Article “key Facts about war in Yemen” of 26 March 2018, available at https://www.aljazeera.com/news/2016/06/key-facts-war-yemen-160607112342462.html [accessed 16 January 2019]

[2] The Guardian – Article: Yemen: ceasefire agreed for port city of Hodeidah, 13 December 2018, available at https://www.theguardian.com/world/2018/dec/13/yemen-ceasefire-agreed-for-vital-port-city-of-hodeidah [accessed 18 January 2019]

[3] UK Foreign Office – Country Policy and Information Note Yemen: Security and humanitarian situation available at

[accessed 18 January 2019]