სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. უსაფრთხოება და ადამიანის უფლებების დაცვა. ივლისი, 2020

ჟენევის აკადემიის პროექტის RULAC – „კანონის უზენაესობა შეიარაღებული კონფლიქტისას (Rule of Law in Armed Conflicts) მიხედვით, დღევანდელი მდგომარეობით, სამხრეთ აფრიკაში როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ტიპის შეიარაღებული კონფლიქტი – არ ფიქსირდება.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სამხრეთ აფრიკაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ სამხრეთ აფრიკა არის მულტიპარტიული, პარლამენტარული ტიპის დემოკრატია, სადაც კონსტიტუციური ძალაუფლება განაწილებულია საკანონმდებლო, აღმასრულებელ და საპარლამენტო შტოებს შორის. ქვეყანაში  შიდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოა „სამხრეთ აფრიკული საპოლიციო სამსახური“, რომელსაც პრეზიდენტის მიერ დანიშნული პოლიციის კომისარი ხელმძღვანელობს.  რაც შეეხება საგარეო უსაფრთხოებასა და თავდაცვას, ამაზე პასუხისმგებელია „სამხრეთ აფრიკის ეროვნული თავდაცვის ძალები“. ანგარიშის მიხედვით, სამოქალაქო ინსტიტუციები და საჯარო ორგანოები ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს უსაფრთხოების ძალებზე.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა კუთხით აქტუალურ საკითხებს წარმოადგენდა: მთავრობის მიერ პირთა (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ლტოლვილების) თვითნებური დაკავების შემთხვევები; ფართოდ გავრცელებული კორუფცია; პირთა ტრეფიკინგი; ძალადობრივი დანაშაულები, რომელთა მიზანს უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენდნენ; ლგბტი თემის მიმართ ძალადობის და მუქარის დანაშაულები და ბავშვთა იძულებითი შრომა.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა, უმრავლეს შემთხვევაში სათანადოდ იძიებდა ზემოხსენებულ სამართალდარღვევებს  და სჯიდა დამნაშავეებს, მაინც ფიქსირდებოდა დაუსჯელობის არაერთი შემთხვევა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, ქსენოფობიური ხასიათის ძალადობა განგრძობად პრობლემას წარმოადგენდა, განსაკუთრებით კი – გაუტენგის პროვინციაში. აგვისტოსა და სექტემბერში, იოჰანესბურგსა და პრეტორიაში ადგილი ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასობრივი ძარცვის და მათ მიმართ მასობრივი ძალადობის შემთხვევებს. სამიზნეებს, ძირითადად, ნიგერიელები და სომალიდან, ეთიოპიიდან და კონგოდან მომავალი ლტოლვილები წარმოადგენდნენ. პოლიციის ინფორმაციით, შეხლა-შემოხლის შედეგად 4 პირი გარდაიცვალა, ხოლო სულ მცირე 27 პირი დააკავეს და ბრალად სხვადასხვა კანონდარღვევა, მათ შორის – იარაღის უკაკანონო ფლობა და მკვლელობა დასდეს.

სოციალურ მედიაში იმიგრანტების მიმართ ხშირად ისმოდა კრიტიკა, მათ ადანაშაულებდნენ ქვეყანაში დანაშაულის შემთხვევათა ზრდასა და სამუშაო ადგილების კლებაში. არასამთავრობო ორგანიზაცია „Xenowatch“ მიხედვით, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, სამხრეთ აფრიკაში სულ მცირე 569 ქსენოფობიური ძალადობის ინციდენტი დაფიქსირდა. ანგარიშის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დანაშაულების დროს, დამნაშავეები იშვიათად თუ ისჯებოდნენ.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგადად საზოგადოებაში და, ასევე – სამუშაო ადგილებში, ხშირად ადგილი ჰქონდა უცხოელთა მიმართ უარყოფით დამოკიდებულებასა და დისკრიმინაციას.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch სამხრეთ აფრიკის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერდა, რომ 25 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე, ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ეტჰეკვინის (eThekwini) მუნიციპალიტეტში (და, განსაკუთრებით, ქ. დურბანში) ადგილი ჰქონდა მასშტაბურ ძალადობას უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. შედეგად, გაძარცვეს ან გაანადგურეს უცხოელთა სახლები და სამსახურები, ასევე – დაიღუპა და დაშავდა რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა, პოლიციას, აღნიშნული ქმედებების გამო, არავინ დაუკავებია.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მარტიდან მოყოლებული, სამხრეთ აფრიკაში 200-ზე მეტი უცხოელი, ყველაზე ხშირად კი – ტრაილერის მძღოლები, მოკლეს. შემთხვევათა უმრავლესობის დროს, პირთა დაჯგუფებები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იყვნენ სამხრეთ აფრიკელები, თავს ესხმოდნენ ტრაილერის მძღოლებს, მათ მანქანებს ბენზინის ბომბებს ესროდნენ; დაცხრილეს, ქვებით ჩაქოლეს, ცივი იარაღით მოკლე და ა.შ. არაერთი უცხოელი ტრაილერის მძღოლი. პოლიციის მინისტრმა ივნისში განაცხადა, რომ მათ დააკავეს 91 სავარაუდო დამნაშავე, თუმცა, მათ ბრალად მხოლოდ მცირე, სატრანსპორტო ხასიათის ბრალდებები წარუდგინეს, ხოლო მინისტრმა არ ისაუბრა რაიმე კონკრეტული სამთავრობო ნაბიჯების შესახებ, რომელთაც უნდა უზრუნველეყოთ ტრაილერის მძღოლთა სიცოცხლის და, ასევე, მათი ტვირთის დაცვა.

ამას გარდა, სექტემბერში, კვლავ განახლდა მასშტაბური, სპორადული ხასიათის ძალადობა უცხოელის მიმართ ქვეყნის ბევრ ქალაქში, მათ შორის – დურბანში, პრეტორიაში, იოჰანესბურგში, გერმისტონში და ა.შ. თავდასხმების შედეგად, 12  გარდაიცვალა, ხოლო იძულებით გადაადგილდა ათასობით პირი, ასევე  – გაიძარცვა არაერთი მაღაზია თუ სხვა ტიპის ბიზნეს ადგილი. პოლიციამ, შედეგად, 600-ზე მეტი პირი დააკავა და მათ სხვადასხვა ტიპის ბრალდებები (მათ შორის, ძალადობა და ძარცვა; სხვისი ქონების დაზიანება და მომაკვდინებელი ჯანმრთელობის დაზიანება) წარუდგინა. 3 სექტემბერს, პრეზიდენტმა რამაფჰოსამ სოციალურ ქსელში „Twitter“ გაავრცელა ვიდეო, სადაც უკიდურესად გმობდა ძალადობას და მოუწოდებდა თავდამსხმელებს, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ ქმედებები.

ანგარიშის მიხედვით, 25 მარტს მთავრობამ გამოაქვეყნა „ქსენოფობიის, რასიზმისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმა“, რაც ორგანიზაციის მიერ პოზიტიურ ნაბიჯად არის შეფასებული, რადგან წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს, რათა სათანადო პასუხი გაეცეს ქსენოფობიასთან დაკავშირებით წარმოქმნილ მასშტაბურ უფლებათა დარღვევებს. 5 წლიანი გეგმის, რომელიც შედგა სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების შედეგად, მიზანია აამაღლოს სამხრეთ აფრიკელთა ცნობიერება ანტი-რასისტულ და თანასწორობის საკითხებზე; ამას გარდა, გეგმა ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვის და მათ მიერ სასამართლოზე უკეთესად წვდომის სტანდარტებს; ასევე, გაზრდილ მუშაობს ანტი-დისკრიმინაციული საკითხების კუთხით.

ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად ზემოთქმულისა, სამოქმედო გეგმა მაინც ვერ პასუხობს ერთ-ერთ  ყველაზე მთავარ გამოწვევას  – ქსენოფობიური დანაშაულისთვის პასუხისგების არარსებობას. უკანასკნელი წლების მანძილზე სამხრეთ აფრიკაში არაერთი ქსენოფობიური ხასიათის ძალადობა დაფიქსირდა: 2019 წლის ზემოხსენებული თავდასხმები; ქ. დურბანში 2015 წელს მომხდარი ძალადობა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა და 2008 წელს თავდასხმები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რასაც ქვეყნის მასტშაბით 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორგანიზაციის განცხადებით, უშუალოდ ქსენოფობიური დანაშაულის გამო, სამხრეთ აფრიკაში ჯერჯერობით ფაქტობრივად არავინ დასჯილა.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House სამხრეთ აფრიკის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშის მიხედვით, სამხრეთ აფრიკა „თავისუფალ ქვეყანათა“ კატეგორიაში გადის, რადგან ორგანიზაციის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მისი მაჩვენებელია 79 ქულა 100-დან (ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი აფრიკის კონტინენტზე).

ანგარიშის მიხედვით, 1984 წელს აპარტეიდის დასრულების შემდგომ, ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით ითვლებოდა ადამიანის უფლებათა დამცველად და ამ კუთხით აფრიკის კონტინენტის ლიდერად. თუმცა, უკანასკნელ წლებში, მმართველი პარტია – „აფრიკის ეროვნული კონგრესი“ არაერთხელ დაადანაშაულეს კორუფციაში და საჯარო ინსტიტუტის საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენებაში, რათა შეენარჩუნებინათ ძალაუფლება. შედეგად, 2018 წელს ქვეყნის მასშტაბით ნდობით აღჭურვილმა „ანტიკორუფციულმა კომისიამ“ დაიწყო ჩვენებათა მოსმენა, რათა გამოეძიებინა ბრალდებები ელიტური კორუფციის შესახებ.

ანგარიშის მიხედვით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ქსენოფობიური მოტივით განხორციელებული ძალადობა იმიგრანტების (ძირითად, აფრიკელი იმიგრანტების) მიმართ. მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, ქ. დურბანში უცხოელების მფლობელობაში არსებულ მაღაზიებს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც, ძალადობისას, 3 პირი გარდაიცვალა. ქსენოფობიური ძალადობა ასევე დაფიქსირდა გაუტენგის პროვინციაში სექტემბერში, რასაც შედეგად სულ მცირე 10 სამხრეთ აფრიკელი და 2 უცხო ქვეყნის მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორგანიზაციის შეფასებით, ქსენოფობიური ძალადობის წინააღმდეგ პოლიტიკური ელიტა აქტიურად ვერ მუშაობდა და ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, პოლიტიკური ლიდერები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ სათანადოდ ვერ შეასრულეს პოლიტიკური დანაპირები.[4]

„Amnesty International“ სამხრეთ აფრიკის შესახებ 2020 წლის ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ანტიკორუფციული კომისია, მიმდინარე წელსაც აგრძელებდა ჩვენებათა მოსმენას ყოფილი პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმას მთავრობის მიერ კორუფციისა და „სახელმწიფოს ხელში ჩაგდების“. თვითონ ზუმა, 2018 წელს მმართველმა „აფრიკის ეროვნული კონგრესმა“ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანი უთანასწორობა კვლავ სახეზეა, რის შედეგადაც ირღვევა პირთა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები, მათ შორის – HIV შიდსის ვირუსით დაავადებულთა მიერ შესაბამის მედიკამენტებზე წვდომა. კლიმატის ცვლილების შედეგად გამწვავებული გვალვა, საფრთხეს უქმნიდა მილიონობით ადამიანის საცხოვრებელს. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა საკვებზეც, რაც განპირობებული იყო საწვავის ფასების ზრდით.

ანგარიშში, ასევე, საუბარია წელსაც გრძელდებოდა მომაკვდინებელი და სისტემატური ხასიათის ქსენოფობიური ძალადობა ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და მიგრანტების მიმართ. მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბერში მომხდარი ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი იყო 2008 წლის შემდეგ, რის შედეგადაც 12 ადამიანი (როგორც ადგილობრივები, ასევე – უცხო ქვეყნის მოქალაქეები) დაიღუპა. ამას გარდა, ადგილი ჰქონდა უცხოელთა მფლობელობაში მყოფი მაღაზიების ძარცვასა და მათი ქონების დაწვასა და განადგურებას.

ძალადობას ხელს უწყობდა ადგილობრივთა დამოკიდებულება, რომლებიც უცხოელებს ნარკოტიკებით არალეგალურ ვაჭრობასა და მათთვის სამუშაო ადგილების წართმევაში ადანაშაულებდნენ. ნიგერიელების და სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მფლობელობაში მყოფი ბიზნეს-ცენტრები დაწვეს იოჰანსებურგსა და პრეტორიაში, რის შედეგადაც მილიონობით დოლარის ოდენობის აქციები განადგურა. ძალადობა განსაკუთრებით გამწვავდა სექტემბრის პირველ კვირაში, დაფიქსირდა რა შეხლა-შემოხლები ადგილობრივებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის, სახეზე იყო ფატალური მსხვერპლიც.

ორგანიზაციის შეფასებით, მთავრობამ მეტწილად ვერ შეძლო სათანადო პასუხი გაეცა ქვეყანაში ქსენოფობიური ძალადობისთვის და, პირიქით, ზოგიერთ შემთხვევაში, კვლავ აგრძელებდა უცხოელების დადანაშაულებას იმაში, რომ ქვეყანაში იმატა დანაშაულმა; ასევე, მათ ბრალს დებდა სამთავრობო სერვისების შეზღუდვასა და არალეგალური ბიზნესების ოპერირებაში.[5]

[1] Geneva Academy – Rulac – Rule of Law in Armed Conflicts; available at http://www.rulac.org/browse/map [accessed 16 July 2020]

[2] United States Department of State – “Country Report on Human Rights Practices 2019 – South Africa” published in March 2020; available at

[accessed 16 July 2020]

[3] Human Rights Watch  -“World Report 2020 – South Africa”; published in January 2020; available at

[accessed 16 July 2020]

[4] Freedom House – “Freedom in the World 2020 – South Africa”; published in March 2020; available at

[accessed 17 July 2020]

[5] Amnesty International – “Human Rights in Africa: Review of 2019 – South Africa” published in April 2020; available at

[accessed 17 July 2020]