დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 დეკემბერი, 2018

ვითარება ავღანეთში – ჩრდილოეთ ავღანეთში, დარესუფის რაიონის სოფელ სამანგანიდან თალიბანის წევრებმა სულ მცირე 40 მშვიდობიანი მოქალაქე გაიტაცეს. პროვინციის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, მათ გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს. გზას, სადაც მოქალაქეები მძევლებად აიყვანეს, მოქალაქეებს სატვირთო ავტომობილებით ადგილობრივი საბადოებიდან ქვანახშირი გადააქვთ და სხვადასხვა ქალაქში ადგილობრივ ბაზრებზე ყიდიან. სწორედ ამ ადამიანების ნაწილი აიყვანეს თალიბებმა მძევლად და მძღოლებს მოქალაქეების უსაფრთხოების სანაცვლოდ საფასურის გადახდა მოსთხოვეს. ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.[1]

აშშ-ის საჰაერო იერიშებს თალიბანის ერთერთი მეთაური მულაჰ აბდულ მანა ახუნდი ემსხვერპლა. ის ჰელმანდის პროვინციაში თალიბანის ხელმძღვანელი იყო. დაჯგუფების წევრების თქმით, მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია, მაგრამ ეს მათ ვერ შეაჩერებს. ავღანეთის შს მინისტრის თქმით, ახუნდის დაღუპვა თალიბებს მნიშვნელოვნად დაასუსტებს.[2]

დასავლეთ ჰერათის პროვინციაში თალიბანის მებრძოლებმა 14 ავღანელი ჯარისკაცი მოკლეს და 21 ტყვედ აიყვანეს. თალიბანის წევრებსა და ავღანელ ჯარისკაცებს შორის ბრძოლა 6 საათს გრძელდებოდა. თალიბანის ერთერთმა წარმომადგენელმა დატყვევებული სამხედროების ვიდეო „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.[3]

ნოემბერში ავღანეთში შეიარაღებულ თავდასხმებს 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმის მთავარი სამიზნეები დედაქალაქი ქაბული, ჰელმანდისა და ღაზნის პროვინციები იყო.[4]

ირანის სასამართლომ ჟურნალისტ ქალს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა – ირანის რევოლუციურმა სასმართლომ 12 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა ჟურნალისტ ქალ ჰენგამეჰ შაჰიდის უშიშროებასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. რეფორმების მომხრე ჟურნალისტს განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს. პატიმრობის შეფარდების გარდა, მას აუკრძალეს პოლიტიკური ჯგუფების წევრობა, მედიაში მუშაობა და ქვეყნიდან გამგზავრება. 43 წლის შაჰიდი ივნისში დააკავეს. მანამდე ის დაპატიმრებული იყო 2009 და 2017 წლებში. ბოლო წლებში ირანში ბევრი ჟურნალისტი და აქტივისტი დააკავეს უშიშროებასთან დაკავშირებული აბსტრაქტული ბრალდებების საფუძველზე. მედიის თავისუფლების დამცველი ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ შეფასებით, ირანს 164-ე ადგილი ერგო მსოფლიოში პრესის თავისუფლების 2018 წლის რეიტინგით.[5]

სამხრეთ სუდანში 12 დღეში 150-ზე მეტი ქალი გააუპატიურეს – სამხრეთ სუდანში, ქალაქ ბენტიუში 12 დღის განმავლობაში 150-ზე მეტი ქალი და გოგო გააუპატიურეს. ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში ბოლო დღეების განმავლობაში, შეიარაღებული კაცები გადაადგილდებიან. ადგილობრივები ძალადობაში სწორედ მათ ადანაშაულებენ. მათივე მტკიცებით, დამნაშავეთა ნაწილს უნიფორმები ეცვა. გაერო მოუწოდებს ადგილობრივ ხელისუფლებას, იპოვოს და დასაჯოს დამნაშავეები. არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციის, „ექიმები საზღვრების გარეშე“ ინფორმაციით, ქალებისა და გოგოების დიდი ნაწილი მაშინ გააუპატიურეს, როცა ისინი ჰუმანიტარული დახმარების ცენტრებისკენ მიდიოდნენ. სამხრეთ სუდანში 2013 წლიდან ომია. ხუთი წლის განმავლობაში გაერომ გაუპატიურების ასობით შემთხვევა აღრიცხა. მხოლოდ 2018 წლის პირველ ნახევარში ორგანიზაციას 2 300-ზე მეტი შემთხვევის შესახებ აცნობეს. მათგან საქმეთა 20% ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას ეხებოდა.[6]

რუსეთმა აზოვის ზღვისპირა უკრაინულ პორტებს ბლოკადა მოუხსნა – ოფიციალურმა მოსკოვმა ქერჩის სრუტეში უკრაინულ სავაჭრო გემებს გავლის უფლება მისცა. 25 ნოემბრის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქერჩის სრუტეში უკრაინულმა გემებმა ცურვა შეძლეს. ქერჩის სრუტეში 3 უკრაინული ხომალდის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინა გაეროს საერთაშორისო სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს.[7]

იემენში 5 000 ტყვეს გაათავისუფლებენ – იემენის სამოქალაქო ომის მონაწილეები გაეროს შუამავლობით დაწყებულ მშვიდობიან მოლაპარაკებებზე ტყვეების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკებები შვედეთის დედაქალაქში გაიმართა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, არანაკლებ 5000 სამხედრო გათავისუფლდება. იემენში სამხედრო კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. თითქმის 4-წლიანი ომის შედეგად იემენში 10,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე სახელმწიფო ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა.[8]

[1] TOLO News; Taliban abducts 40 passengers in Samangan; By Sayed Arif Musavi; 02 December, 2018; available at: https://www.tolonews.com/index.php/afghanistan/taliban-abducts-40-passengers-samangan

[2] BBC; Jey Afghanistan Taliban commander killed in US air strike; 02 December, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-46418776

[3] Al Jazeera; Afghan soldiers killed in coordinated Taliban attack in Herat; 07 December, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/12/afghan-soldiers-killed-coordinated-taliban-attack-herat-181207082508638.html

[4] Daily Sabah; Hundreds killed in November attacks in Afghanistan; 02 December, 2018; available at: https://www.dailysabah.com/asia/2018/12/03/hundreds-killed-in-november-attacks-in-afghanistan

[5] იმედის ახალი ამბები; ირანელ ჟურნალისტ ქალს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს; 3 დეკემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/87945/iranel-jurnalist-qals-13tsliani-patimroba-miusajes

[6] Al Jazeera; South Sudan: UN says over 150 women, girls raped in 12 days; 4 December, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/12/south-sudan-150-women-girls-raped-12-days-181204074727376.html

[7] იმედის ახალი ამბები; უკრაინელი მინისტრი: რუსეთმა ქერჩის სრუტეში უკრაინულ სავაჭრო გემებს გასვლის უფლება მისცა; 4 დეკემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/88244/ukraineli-ministri-rusetma-qerchis-sruteshi-ukrainul-savachro-gemebs-gasvlis-upleba-mistsa

[8] იმედის ახალი ამბები; იემენში 5000 ტყვეს გაათავისუფლებენ; 6 დეკემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/88528/iemenshi-5-000-tkves-gaatavisupleben

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 ნოემბერი, 2018

ვითარება ავღანეთში – ქაბულში, ქორწინების სასახლესთან მომხდარი აფეთქების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტმა კი სხეულის დაზიანებები მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში სასულიერო პირების შეკრება იმართებოდა, რა დროსაც ტერორისტმა თავი აიფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[1]

ხოსტის პროვინციაში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა. აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.[2]

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ ჯოზეფ დანფორდის თქმით, ავღანეთში თალიბანი არ მარცხდება და ომის დასასრულებლად სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. მისი თქმით, აშშ, ნატო და მოკავშირეები მუშაობენ პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მობილიზაციაზე, რომ თალიბანს ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვა აიძულონ.[3]

ერაყში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა – ქალაქ ტიკრიტში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. მსგავსი შემთხვევები ქალაქში იშვიათობაა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 201 წელს ქვეყანაში ისლამური სახელმწიფო დამარცხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[4]

იემენის კრიზისი – იემენში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 5 წლამდე ასაკის, დაახლოებით, 85 ათასი ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა. კვლევა ორგანიზაციამ „Save the Children“ ჩაატარა. ჰუმანიტარული ორგანიზაციები მასობრივი შიმშილის ერთერთ მიზეზად სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილების ბლოკადას ასახელებენ.[5]

ამბოხებულმა შიიტმა ჰუსიტებმა სარაკეტო თავდასხმების შეწყვეტის შესახებ განაცხადეს. თავდასხმების შეწყვეტის მიზანია, არაბულ ქვეყნებს აგრესიის და ბლოკადის გაგრძელების გამართლება შეეზღუდოთ. ამბოხებულების თქმით, ისინი მზად არიან სამართლიანი მშვიდობისთვის იმუშაონ. იემენში სამხედრო კონფლიქტი 2014 წლიდან მიმდინარეობს.[6]

ევროსასამართლომ სელაჰატინ დემირთაში გაამართლა – სასამართლომ მისი გახანგრძლივებული წინასწარი პატიმრობა უკანონოდ სცნო და თურქეთს მისი წინასწარი პატიმრობის დასრულებისკენ მოუწოდა. პრო-ქურთული პარტიის ლიდერი დემირთაში 2014 წელს ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს. 2017 წლის იანვარში პროკურატურამ მისთვის 142-წლიანი პატიმრობა მოითხოვა. 2016 წლის ნოემბერში თურქეთის პროკურატურის მოთხოვნით, სახალხო დემოკრატიული პარტიის კიდევ 15 დეპუტატი დააპატიმრეს. მათ ბრალად სდებენ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირს.[7]

სამხრეთ სუდანში 16 წლის გოგო სოციალური ქსელის „Facebook“ გამოყენებით, აუქციონის წესით გაყიდეს და გაათხოვეს გოგოს „შესასყიდად“ მისი ფოტოები და საწყისი ფასი ქსელში 25 ოქტომბერს განათავსეს. ინფორმაცია სოციალურმა ქსელმა 9 ნოემბერს წაშალა; ამ დროს გოგო უკვე „გაყიდული“ იყო. მოზარდით ვაჭრობაში 5 კაცი იყო ჩართული, მათ შორის სამხრეთ სუდანის მთავრობის მაღალჩინოსანი. კაცმა შვილის გაყიდვის შემდეგ 500 ძროხა, სამი მანქანა და 10 ათასი აშშ დოლარი მიიღო. ორგანიზაციები სოციალურ ქსელს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.[8]

საუდის არაბეთში ქალებს ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლება მისცეს – ქვეყნის ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, ტაქსის ქალი მძღოლები მგზავრების აყვანას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ თუ მათ შორის თუნდაც ერთი ზრდასრული ქალი იქნება. გარდა ამისა, მათ ეკრძალებათ წინა სალონში მამრობითი სქესის მგზავრი ჩაისვან.[9]

თურქეთში 74 სამხედრო მოსამსახურეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს – გადაწყვეტილება ანკარის სასამართლომ მიიღო. მათ ბრალად ედებათ 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში. 2016 წელს არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთში 50 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, სახელმწიფო უწყებებიდან კი 160 ათასზე მეტი ადამიანი დაითხოვეს.[10]

პაკისტანში ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა – ინციდენტი ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ქალაქ კალაიაში მოხდა. დაშავდა 20 ადამიანი. პარალელურად, ქალაქ კარაჩიში მდებარე ჩინეთის საკონსულოს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. დაიღუპა ორი პოლიციელი და სამი თავდამსხმელი. კარაჩიში მომხდარზე პასუხისმგებლობა სეპარატისტულ-გამათავისუფლებელმა ბალოჩისტანის არმიამ აიღო. ბაზარში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[11]

[1] BBC; Kabul suicide bomber kills dozens at gathering of clerics; 20 November, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-46273612

[2] Reuters; Suicide blast at Afghanistan mosque kills at least 26 gathered to pray; 23 November, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-blast/at-least-26-killed-in-a-blast-in-mosque-in-afghanistan-officials-idUSKCN1NS12A?fbclid=IwAR0tXHxxxzLeF6f3pO7G7gei9sKfLIsKLHV7HxyiDSI2JHFVAlG6lkRaxBQ

[3] იმედის ახალი ამბები; აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი: ავღანეთში თალიბანის დამარცხება ვერ ხერხდება; 18 ნოემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/85936/ashshis-gaertianebuli-shtabis-uprosi-avganetshi-talibanis-damartskheba-ver-kherkhdeba

[4] Euronews; Car bomb blast kills five in Iraq’s Tikrit; 18 November, 2018; available at: https://www.euronews.com/2018/11/18/car-bomb-blast-kills-two-in-iraqs-tikrit-police-medics

[5] BBC; Yemen crisis: 85,000 children dead from malnutrition; 21 November, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-46261983

[6] BBC; Yemen war: Houthis halting drone and missile strikes; 19 November, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-46256874

[7] Al Jazeera; European court urges Turkey to free Kurdish politician Demirtash; 20 November, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/11/european-court-orders-release-kurdish-politician-demirtas-181120093432466.html

[8] CNN; Facebook under fire for posts on auction of child bride; By Bianca Britton; 23 November, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/11/20/africa/south-sudan-child-bride-facebook-auction-intl/index.html

[9] Saudi Gazette; Saudi women start driving family taxis; 21 November, 2018; available at: http://saudigazette.com.sa/article/548605/SAUDI-ARABIA/Saudi-women-start-driving-family-taxis

[10] Reuters; Turkey sentences 74 to life in prison in post-coup case; 21 November, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-turkey-security-coup/turkey-sentences-74-to-life-in-prison-in-post-coup-case-anadolu-idUSKCN1NQ1Z9

[11] Reuters; Blast at market in northwest Pakistan kills at least 25; By Jibran Ahmad; 23 November, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-pakistan-blast-market/blast-at-market-in-northwest-pakistan-kills-at-least-25-idUSKCN1NS0JF?il=0

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-30 ივნისი, 2018

ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გახანგრძლივდება – არსებული საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 14 ივლისამდე. პარლამენტის დადგენილებით, ის კიდევ 3 თვით გაგრძელდება. ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა 2017 წლის აპრილში სალოცავებზე განხორციელებული ტერაქტების შემდეგ გამოაცხადეს.[1]

თურქეთის ვადამდელ არჩევნებში ერდოღანმა გაიმარჯვა – ხმების 99 %-ის დათვლის შემდეგ, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს 53%-იანი მხარდაჭერა აქვს. მის მთავარ ოპონენტს მუჰარემ ინჯეს კი მხარი ამომრჩეველების 31%-მა დაუჭირა. საპარლამენტო არჩევნებში 43%-ით ლიდერობს ერდოღანის პარტია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მმართველი პარტიის მთავარმა კონკურენტმა, სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ 22% მიიღო. 10%-იანი ზღვარი გადალახა პროქურთულმა სახალხო დემოკრატიულმა პარტიამაც, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტია საკანონმდებლო ორგანოში იქნება წარმოდგენილი. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეობრივი ვალი, ამომრჩევლების 87%-მა მოიხადა.[2]

საზოგადოების თანადგომის გამო, სუდანელ გოგოს, რომელმაც ქმარი მოკლა, სიკვდილით აღარ დასჯიან – განაჩენი 5-წლიანი პატიმრობით შეიცვალა. გოგო 15 წლის ასაკში, ძალით გაათხოვეს. როგორც ქალი ამტკიცებს, ქმარი მას სცემდა და ამის გამო სახლიდან არაერთხელ წასულა. სამი წლის განმავლობაში ის დეიდასთან ცხოვრობდა, რის შემდეგაც მამამ ისევ ძალით დააბრუნა ქმართან. მიუხედავად ამისა, ქალმა უარი თქვა, ინტიმური ურთიერთობა ჰქონოდა ქმართან. ამის გამო კაცმა ის გააუპატიურა, ქალმა კი ქმარი გულმკერდის არეში დაჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა და კაცი მოკვდა. გოგოს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მის გადასარჩენად პეტიცია შეადგინეს და კამპანია დაიწყეს.[3]

ნიგერიაში მწყემსებსა და ფერმერებს შორის შეტაკებას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე პლატოს შტატში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფერმერებს მუსლიმი მწყემსები დაესხნენ თავს, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტის მიზეზები უცნობია.[4]

სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი და მემაბოხეების ლიდერი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ – ხელმოწერის ცერემონია სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ხარტუმში გაიმართა. დოკუმენტი 72 საათის განმავლობაში ამოქმედდება. შეთანხმება 6 პუნქტისგან შედგება და სამხედრო ტყვეების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს. კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხარტუმში მიმდინარეობდა. შუამავალი კი სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი იყო. აფრიკულ სახელმწიფოში შეიარაღებული კონფლიქტი 2013 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა სალვა კიიმმა, რომელიც დინკას ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია, პუტჩის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ვიცეპრემიერი რიეკ მაშარი გაათავისუფლა. ეს უკანასკნელი ნუერის ჯგუფის წარმომადგენელია. მაშარის გათავისუფლებას ქვეყანაში სამოქალაქო ომი მოჰყვა, რასაც ათობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა, 4 მილიონამდე კი დევნილი გახდა. სამხრეთ სუდანი სუდანს 2011 წელს გამოეყო.[5]

ეთიოპიაში ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტში 10 ადამიანი დაიღუპა – სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა დასავლეთ ეთიოპიაში წარმოქმნილი ეთნიკური კონფლიქტის დროს. პოლიციამ კონფლიქტის პროვოცირებაში ეჭვმიტანილი 46 ადამიანი დააკავა. ამჟამად, კონფლიქტის რაიონებში სიმშვიდეა. კონფლიქტი სამი დღეა გრძელდება. ის ორი ადამიანის ჩხუბით დაიწყო და რეგიონის ეთნიკური ჯგუფები ჩაითრია.[6]

[1] Reuters; Egypt to extend state of emergency for three month; Reuters Staff; 24 June, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-egypt-politics-emergencylaw/egypt-to-extend-state-of-emergency-for-three-months-idUSKBN1JK0IF

[2] Anadolu Agency; Turkish election board to share final results on July 5; By Duygu Yener; 25 June, 2018; available at: https://www.aa.com.tr/en/politics/turkish-election-board-to-share-final-results-on-july-5/1186170

[3] Daily Sabah Africa; Sudan teen’s death sentence for killing rapist husband reduced to 5 years in prison; 26 June, 2018; available at: https://www.dailysabah.com/africa/2018/06/26/sudan-teens-death-sentence-for-killing-rapist-husband-reduced-to-5-years-in-prison

[4] Associated Press; Death toll more than 200 in central Nigeria weekend clashes; By Sam Olukoya; 27 June, 2018; available at: https://apnews.com/209820ce7d1c4d57af32092580abe528

[5] იმედის ახალი ამბები; სამხრეთ სუდანის პრეზიდენტი და მემაბოხეების ლიდერი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ; 27 ივნისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/67773/samkhret-sudanis-prezidenti-da-meambokheebis-lideri-tsetskhlis-shetskvetaze-shetankhmdnen

[6] იმედის ახალი ამბები; ეთიოპიაში ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტში 10 ადამიანი დაიღუპა; 28 ივნისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/67940/etiopiashi-etnikur-niadagze-konpliqtshi-10-adamiani-daigupa