ირანი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. სექტემბერი, 2022

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ წამება და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა კვლავ ფართოდ გავრცელებული და სისტემატურია, განსაკუთრებით დაკითხვების დროს. წამების გამოყენებით მიღებული აღიარებითი ჩვენებები ხშირად გადაიცემა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში და მუდმივად გამოიყენება სასამართლოს მიერ. პატიმრები იმყოფებიან მძიმე და არაადამიანურ პირობებში – გადატვირთულობა, მძიმე სანიტარული პირობები, არასათანადო საკვები და წყალმომარაგება, ლოგინების არასაკმარისი რაოდენობა, ცუდი ვენტილაცია და მწერები. ბევრი პატიმრისთვის ხელმისაწვდომი არაა სათანადო სამედიცინო მომსახურება, რაც მათ კოვიდ-19 ინფექციის რისკის წინაშე აყენებს.

2021 წლის აგვისტოში, მედიაში გაჟონა ფოტოებმა, რომლებიც თეირანის ევინის ციხეში იყო გადაღებული. ფოტოებზე აღბეჭდილი იყო ციხის პერსონალის მიერ პატიმრების ცემა, სექსუალური შევიწროვება და სხვა სახის წამება და არასათანადო მოპყრობა პატიმრების მიმართ. მინიმუმ 24 პატიმარი დაიღუპა საეჭვო გარემოებებში, სავარაუდოდ, წამების ან სხვა სახის არასათანადო მოპყრობის და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის გამო. სისხლის სამართლის კოდექსი კვლავ აწესებს ისეთი სახის სასჯელებს, რომლებიც არღვევს წამების აკრძალვის კანონმდებლობას; მათ შორისაა გაროზგვა, მხედველობის შეზღუდვა, ამპუტაცია, ჯვარზე გაკვრით სიკვდილით დასჯა და ჩაქოლვა. 2021 წლის თებერვალში, ურუმიეს ციხეში, ჰადი როსტამი 60-ჯერ გაროზგვით დასაჯეს შიმშილობის გამოცხადების გამო; ამასთან, მას გამუდმებით ემუქრებოდნენ ამპუტაციის სასჯელის სისრულეში მოყვანით. სექტემბერში კი, აჰარის ციხეში, ჰადი ატაზადე გაროზგვის შემდეგ გარდაიცვალა. ადგილობრივი აქტივისტების ინფორმაციით, მინიმუმ 152 პირს მიუსაჯეს გაროზგვა.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ყოფილი დაკავებულები საუბრობენ მათ მიმართ მოპყრობაზე. ყოფილი პატიმრების თქმით, მათ სცემდნენ და აწამებდნენ, ვიდრე არ აღიარებდნენ იმ დანაშაულს, რომლის აღიარებასაც მათგან გამომძიებლები ითხოვდნენ. ზოგიერთი დანაშაული, პატიმრობასა და ჯარიმასთან ერთად, ოფიციალურად ისჯება გაროზგვითაც. პოლიტიკური პატიმრები მუდმივად აწყობენ გაფიცვებს შიმშილობის გამოყენებით და აპროტესტებენ საპატიმროებში არსებულ არასათანადო პირობებსა და მოპყრობას. 2010 წლიდან 2021 წლის სექტემბრამდე მინიმუმ 72 პატიმარი დაიღუპა ციხეებში; უმეტეს შემთხვევაში, პატიმრების დაღუპვას წინ უსწრებდა მათ მიმართ წამების, არასათანადო მოპყრობისა თუ სხვადასხვა სპეციალური საშუალებების [ცრემლსადენი გაზი, იარაღი] გამოყენება.[2]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კანონმდებლობა კრძალავს ნებისმიერი ფორმით წამების გამოყენებას აღიარებითი ჩვენებისა და თუ ინფორმაციის მიღების მიზნით. მიუხედავად ამისა, ფიზიკური და მენტალური წამება ფართოდ გამოიყენება აღიარებითი ჩვენებების მისაღებად; განსაკუთრებით წინასწარი დაკავების ცენტრებში. 2021 წელსაც ვრცელდებოდა სარწმუნო ინფორმაცია პატიმრების მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ.

საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშია გადატვირთულობის, ფიზიკური ძალადობის და არასათანადო სანიტარიისა და სამედიცინო მომსახურების გამო. პატიმრები რეგულარულად იწყებენ შიმშილობას მათ მიმართ მოპყრობის გასაპროტესტებლად. საპატიმროებში არსებული ვითარება დამძიმდა კოვიდ პანდემიის დროს. საპატიმრობში არ იყო საკმარისი დამცავი საშუალებები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

საპატიმრო დაწესებულებებში ხშირია პატიმრების გარდაცვალება და პატიმრების მხრიდან პატიმრებზე ძალადობა, რასაც ციხის ადმინისტრაცია დრო და დრო ვერ აკონტროლებს. 2020 წელს მინიმუმ 35 პატიმარი მოკლეს და ათობით პატიმარმა მიიღო დაზიანებები ქვეყნის მასშტაბით რვა სხვადასხვა ციხეში. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ციხის აპერსონალი სცემს როგორც პოლიტიკური მოტივით, ასევე არაპოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებს; ახორციელებს შიშველი პატიმრების ჩხრეკას სხვა პატიმრების თანდასწრებით და ემუქრება პატიმრების ოჯახებს. ზოგიერთ ინსტანციაში, პოლიტიკური ნიშნით პატიმრების მიმართ მოპყრობა გაცილებით მძიმეა.

არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით, სამედიცინო მომსახურების შეზღუდვას ციხის ადმინისტრაცია დასჯის მეთოდად იყენებს. გავრცელებული ინფორმაციით, არასათანადო სამედიცინო მომსახურების გამო, ორი პოლიტიკური ნიშნით პატიმარი ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ციხი ადმინისტრაცია პოლიტიკური ნიშნით პატიმრებს ხშირად ათავსებს იმ სექტორსა და საკნებში, სადაც საშიში და მოძალადე პატიმრები იხდიან სასჯელს. გავრცელებული ინფორმაციით, არასათანადო საპატიმრო პირობებისა და მოპყრობის გამო თვითმკვლელობის მცდელობები ხშირია.

ხელისუფლება თითქმის არასდროს იძიებს არაადამიანური მოპყრობისა და საპატიმროში გარდაცვალების შემთხვევებს. მთავრობა საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობების მონიტორინგის უფლებას არ აძლევს დამოუკიდებელ სადამკვირვებლო მისიებს.[3]

[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 29 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 10 ოქტომბერს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წლი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 10 ოქტომბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 10 ოქტომბერს]

[3] ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 12 აპრილს; ხელმისაწვოდმია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 10 ოქტომბერს]

ყაზახეთი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. ივლისი, 2022

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ყაზახეთის შესახებ წერს, რომ ეროვნული პრევენციული მექანიზმის [წამების საწინააღმდეგო ორგანო] 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს წამების 63 შემთხვევა დაფიქსირდა და 13 პირს მიესაჯა სასჯელის სხვადასხვა ზომა. იგივე წყარო, ასევე, საუბრობს დაკავების დაწესებულებებში არსებულ არასახარბიელო ვითარებაზე; კერძოდ, არასათანადო გათბობაზე ზამთვის პერიოდში, არასათანადო საკვებსა და სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაზე [სამედიცინო პერსონალი კვლავ პენიტენციური ადმინისტრაციის მიერ ინიშნება].

2021 წლის 15 ოქტომბერს, ოსკემენის სასამართლომ, ციხის 7 ბადრაგი დამნაშავედ ცნო და 5-დან 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბადრაგები დამნაშავედ ცნეს 25 წლის ანდრეი კონდრატენკოს წამებაში, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. კონდრატენკო 2019 წლის 18 ივლისს საპატიმრო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მოწმის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, ბადრაგი მას არ აძლევდა ძილის საშუალებას და პერიოდულად, წყალში აყოფინებდა თავს. მოწმის ჩვენების მიხედვით, ბადრაგმა აიძულა სხვა პატიმრები, კონდრატენკოს გვამი საპატიმროში გადაეტანათ და თვითმკვლელობის ინსცენირება მოეწყოთ.[1]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ყაზახეთის შესახებ წერს, რომ წინასწარი დაკავების და საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები მძიმეა. წლიდან წლამდე იზრდება თვითმკვლელობის მცდელობები პატიმრებს შორის. მინიმუმ ერთი პატიმარი გარდაიცვალა 2021 წელს თვითმკვლელობის შედეგად და რამდენიმე სხვა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანებები საპატიმრო პირობების გაპროტესტებისას. ამავე ანგარიშის მიხედვით, პოლიცია რეგულარულად იყენებს გადამეტებულ ძალას დაკავების დროს და აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით წამება ფართოდაა გავრცელებული.[2]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ყაზახეთის შესახებ წერს, რომ წამება და არასათანადო მოპყრობა ყაზახეთში ხშირად დაუსჯელად ხდება. 2021 წლის იანვარი-მაისის პერიოდში, ციხის ადმინისტრაციის მიერ წამების ბრალდების 120 რეგისტრირებული ფაქტიდან, არცერთი შემთხვევა არ მივიდა სასამართლომდე. ანგარიშის მიხედვით, 68 წლის პოეტი და დისიდენტი არონ ატაბეკი, რომელიც 2006 წელს ალმატის არეულობების ორგანიზებაში დაადანაშაულეს და 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ჯანრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი ჰოსპიტალში გადაყვანა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ეროვნული პრევენციული მექანიზმის წარმომადგენლებმა მოინახულეს და განაცხადეს, რომ ატაბეკის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. ამის შემდეგ, ატაბეკი შეიწყალეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლით გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე კვირაში, ის ალმატის საავადმყოფოში გარდაიცვალა.[3]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წლის ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ყაზახეთის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კანონმდებლობა კრძალავს წამების გამოყენებას; თუმცა, უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ წამების განმარტება ეროვნულ დონეზე არ შეესაბამება გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციით დადგენილ განმარტებას. ყაზახეთში, სპეციალური კანონით, შეიქმნა ეროვნული პრევენციული მექანიზმი წამების წინააღმდეგ; და ის მთავრობის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენის ოფისის ნაწილია. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში ძალაუფლების გადამეტების 200 იციდენტზე მეტი აღიწერა. აღნიშნული ქმედებებისთვის ციხის ოფიცრების პასუხისგებაში მიცემის ფაქტები იშვიათია და ხშირად ოფიცრები მსუბუქ სასჯელს იღებენ.

ანგარიშს მიხედვით, საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები, ზოგადად, მძიმე და ხანდახან სიცოცხლისთვის საშიშია; ასევე, დაწესებულებები ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს ჯანდაცვის კუთხით. პატიმრების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ხშირ შემთვევებში, უყურადღებოდ რჩება; ან საპატიმრო პირობები აღნიშნულ პრობლემებს აუარესებს. ციხეებში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა. ეროვნული პრევენციული მექანიზმის ინფორმაციით, საპატიმროებში ცუდი ვითარებაა ჯანდაცვისა და სანიტარული კუთხით, ასევე სამედიცინო მომსახურების კუთხით, მათ შორის იმ პატიმრების მიმართ, ვინც დაავადებულია აივ ინფექცია / შიდსით, ტუბერკულოზით და დიაბეტით. ეროვნული პრევენციული მექანიზმის ინფორმაციით, ასევე ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას მოწყვლადი პატიმრების მიმართ, მათ შორის შშმ პატიმრებისა და აივ ინფექცია / შიდსით დაავადებული პატიმრების მიმართ.

2021 წლის 19 ივლისს მანგისტაუს რეგიონის ციხის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 3 პატიმარი დაიღუპა და 8 პატიმარი დაშავდა. ქვეყნის მთავრობამ სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა ინციდენტის გამოსაკვლევად. ეროვნული პრევენციული მექანიზმის ინფორმაციით, ბოლო ვიზიტისას, მათ ციხი ადმინისტრაცია გააფრთხილეს შენობის ავარიულობის შესახებ, თუმცა მათი რეკომენდაციის გათვალისწინება არ მომხდარა.

კოვიდ პანდემიის დროს აქტივისტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ ჯანდაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე ციხეებსა და დაკავების ცენტრებში. პანდემიამ კიდევ უფრო გამოააშკარავა ციხეებში არსებული ცუდი ვითარება ჯანდაცვისა და სანიტარული კუთხით; კერძოდ, იმ პატიმრებს შორის, ვინც ისედაც მოწყვლადი იყო ინფექციის მიმართ. პატიმართა უფლებების დამცველი აქტივისტების ინფორმაციით, ხელისუფლებამ კოვიდ პანდემია გამოიყენა ციხეებში სამედიცინო კუთხით მოპყრობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის შესაზღუდად. შსს-ის ბრძანებით, შეიზღუდა პირადი შეხვედრები პატიმრებსა და მათ ნათესავებს შორის. აღსანიშნავია, რომ პირადი შეხვედრების აკრძალვის საკომპენსაციოდ, გაიზარდა პატიმართა სატელეფონო ზარების რაოდენობა და პატიმრებს საშუალება მიეცათ, ნათესავებთან ონლაინ შეხვედრები გაემართათ.

ეროვნული პრევენციული მექანიზმის ინფორმაციით, ციხეებში ადგილი აქვს ინფრასტრუქტურული ხასიათის პრობლემებსაც. ასევე, ციხეებში მედიკამენტებისა და სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა. პატიმრები და ყოფილი პატიმრები, ასევე, საუბრობენ, ვადაგასული საკვების არსებობის შესახებ. მთავრობა არ აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს თვითმკვლელობების და თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტების შესახებ. ყაზახეთის საპატიმრო დაწესებულებებში არ უშვებენ საერთაშორისო დამოუკიდებელ დამკვირვებლებს და ციხეებში ვიზიტებს ახორციელებს ციხეების მონიტორინგის კომისია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებისგან შედგება. წყაროები აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ კომისიას ექმნება ბევრი ადმინისტრაციული ბარიერი და ის ისედაც ნაკლებად ეფექტურია, რადგან არ აქვს აღსრულების ძალაუფლება, ხოლო ციხეების ადმინისტრაცია და ზოგადად იუსტიციის სექტორი არ არის რეფორმებით დაინტერესებული.[4]

[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ყაზახეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 29 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 29 ივლისს]

[2] საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“; ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ ყაზახეთში; 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 28 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 29 ივლისს]

[3] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ყაზახეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 29 ივლისს]

[4] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადმაიანის უფლებების დაცვის პტრაქტიკის შესახებ ყაზახეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 12 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 29 ივლისს]

რუსეთი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები. ივნისი, 2022

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ ხელისუფლება რეგულარულად უშვებს არასათანადო მოპყრობას, წამებას და საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებას საპატიმროებში და უარს აცხადებს გამოძიების დაწყებაზე. პატიმრების წამება და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა კვლავ გრძელდება რუსეთის პენიტენციური სისტემაში; მიუხედავად იმისა, რომ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოების ინტერნეტში გავრცელების შემდეგ, ხელისუფლებამ მკაცრი რეაგირების პირობა დადო. 2021 წლის ოქტომბერში პატიმრების წამების ამსახველი ახალი ვიდეოების გავრცელების შემდეგ, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. პირი, რომელმაც ინტერნეტში ვიდეოები გაავრცელა, ქვეყნიდან გაიქცა.[1]

მედია საშუალება „Deutsche Welle“ 2021 წლის 6 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ სარატოვის ოლქში მდებარე, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დაქვემდებარებაში მოქმედი, ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებაში პატიმრების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოების გავრცელების შემდეგ, სისხლის სამართლის 7 საქმე აღიძრა. საქმეები გადაცემულია სარატოვის ოლქის განსაკუთრებით მნიშნელოვანი საქმეთა საგამოძიებო განყოფილებას. ძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების ჩადენის ბრალდებებით.

სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, პარალელურად, სამსახურიდან დაითხოვეს აღნიშნული საავადმყოფოს უფროსი პაველ გაცენკო; მისი მოადგილე უსაფრთხოების მიმართულებით სერგეი სალოვი, ოპერატიული განყოფილების უფროსი ანტონ ბოჩკოვი და უსაფრთხოების განყოფილების უფროსი სერგეი მალცევი. სამსახურიდან დათხოვნებს წინ უძღოდა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის სარატოვის ოლქის განყოფილების თავმჯდომარის ალეკსეი ფედოტოვის მიერ თანამდებობის დატოვება. ორგანოში განაცხადეს, რომ სერიოზული დარღვევების გამო ფედოტოვის სამსახურიდან გათავისუფლების პროცესი [შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა] უკვე 22 სექტემბერს იყო დაწყებული.[2]

მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“ 2021 წლის 29 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოების გავრცელების სკანდალის ფონზე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ასევე, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილე ანატოლი იაკუნინი. წყაროების შეფასებით, იაკუნინის [რომელის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში 2019 წელს შსს-დან გადავიდა და დირექტორის მოადგილედ 2020 წლის აგვისტოში დაინიშნა] გათავისუფლების მიზეზი რეალურად არ არსებობდა და მისი გაგდების ინიციატივა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურიდან მოდიოდა. იაკუნინი იყო მეექვსე მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც თანამდებობა დაატოვებინეს. ვიდეოების გავრცელების გამო თანამდებობიდან გათავისუფლებული ყველა მაღალი რანგის ჩინოვნიკი აღმოჩნდა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსი [უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გენერალი] ალეკანდრ კალაშნიკოვი; ის შსს-ის მინისტრის მოადგილე არკადი გოსტოვმა შეცვალა. 23 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრეს-კონფერენციაზე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ პატიმრების მიმართ უფლებამოსილების გადამეტება რუსეთში პრობლემას წარმოადგენს.[3]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ წამება და სხვა არა-ადამიანური მოპყრობა საპატიმრო დაწესებულებებში ენდემური, ხოლო დამნაშავეთა დასჯა იშვიათი მოვლენაა. ნავალნის მომხრე აქციებზე დაპატიმრებულები უჩიოდნენ არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებს დაკავების ცენტრებში.[4] იგივე ორგანიზაცია 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა [წამების ბრალდებებზე], როგორც წესი, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით მიმდინარეობს, რაც გაცილებით მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს.

იაროსლავლის კოლონიის 12 ყოფილ თანამშრომელს 4 წლით და სამი თვით პატიმრობა შეეფარდათ, მას შემდეგ, რაც 2017 წელს გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა პატიმრის ცემა. აღნიშნული 12 პირიდან 6 მაშინვე გათავისუფლდა, რადგან სასჯელის გამოცხადების მომენტში, წინასწარ პატიმრობაში უკვე გატარებული ჰქონდათ საკმარისი დრო. კოლონიის ყოფილი დირექტორი და ყოფილი დირექტორის მოადგილე გაამართლეს.

სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლება კვლავ ირღვევა. დაკავებულებს უარს უცხადებენ ადვოკატთან შეხვედრაზე და რიგი პროცესებისა მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა, რის საბაბადაც პანდემიას ასახელებენ. 2020 წლის თებერვალსა და იანვარში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრების ბრალდებით, 18 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს 7 ახალგაზრდას პენზიდან და 2 პირს სანკტ პეტერბურგიდან. არანაირი რეაგირება მოჰყვა არაერთ ცნობას მათ მიმართ წამების და სხვა არა ადამიანური მოპყრობისა თუ მტკიცებულებათა ფაბრიკაციის შესახებ.[5]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 და 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშებში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ ციხეებსა და სხვა საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები განსხვავებულია და ხშირად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშია. გადატვირთულობა, ძალადობა ბადრაგის და პატიმრების მხრიდან, შეზღუდული წვდომა ჯანდაცვაზე, საკვების ნაკლებობა და არა ადექვატური სანიტარული პირობები ფართოდ გავრცელებული პრობლემებია რუსეთის ფედერაციის ციხეებში და სხვა საპატიმრო დაწესებულებებში.

ციხეების გადატვირთულობა სერიოზულ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ კანონით გათვალისწინებულია ქალებისა და მამაკაცების, არასრლუწლოვნებისა და სრულწლოვნების, წინასწარ პატიმრობაში მყოფთა და მსჯავრდებულთა ცალ-ცალკე სექტორებში განაწილება, ხშირია შემთხვევები, როდესაც რიგი საპატიმრო დაწესებულებებისა არ იცავენ აღნიშნულ ნორმას.

ფიზიკური და სექსუალური ძალადობა ციხის ბადრაგის მხრიდან სისტემატური ხასიათისაა. მაგალითად, რუსული მედია 2020 წლის 13 თებერვალს წერდა, რომ მორდოვიის ციხის უფროსმა ვალერი ტროფიმოვმა პატიმარი იბრაგიმ ბაკანიევი კაბინეტში აიყვანა და 6 საათის განმავლობაში ცემდა და ამცირებდა. ბაკანიევს წინა ღამით მომხდარ არეულობაში მონაწილეობას აბრალებდნენ. ბაკანიევის მტკიცებით, მისი წამება შეწყდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამალული დანით ხელები დაისერა და თვითმკვლელობით დაიმუქრა. პატიმარი სამი თვის ვადით სადამსჯელო ქსელში გაამწესეს.

პრობლემას წარმოადგენს პატიმრების მხრიდან პატიმრებზე ძალადობა. მაგალითად, წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა კრასნოდარში განაცხადა დმიტრი კრაკოვსკის მკვლელობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე. წინასწარ პატიმრობაში მყოფი კრაკოვსკის, ოფიციალური პირების ვარაუდით, პატიმრებმა სასიკვდილოდ სცემეს. გავრცელებული ინფრომაციით, დამნაშავეებმა გარდაცვლილის გვამის ჩამოკიდება სცადეს, რათა სიკვდილის გამომწვევი მიზეზები შეენიღბათ.

ვრცელდებოდა ინფრომაციები ციხის ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების რეკრუტირების შესახებ, სხვა პატიმრებზე ძალადობისთვის. მაგალითად, 2020 წლის 22 ივლისს რუსულმა მედიამ და სამოქალაქო მხარდაჭერის კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატიმართა ჯგუფმა სექსუალურად იძალადა და აწამა #7 გამასწორებელი კოლონიის პატიმარ მახარბი ტოსუიევზე. ტოსუიევმა მომხდარის ორგანზიებაში #3 გამასწორებელი კოლონიის საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ედგარ ჰაირაპეტიანი დაადანაშაულა.

გადატვირთულობა, ვენტილაცია, გათბობა, სანიტარული პირობები და საკვები სტანდარტები დაწესებულებებს შორის განსხვავებულია, თუმცა ზოგადად ძალიან ცუდია. გადაადგილებისა და ვარჯიშის შესაძლებლობა წინასწარი დაკავების დაწესებულებებშ მინიმალურია. სასმელი წყალი ხანდახან ლიმიტირებულია და საკვების ხარისხი დაბალია. ბევრი პატიმარი დამოკიდებულია ოჯახის ან არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მიწოდებულ საკვებზე. ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა კვლავ პრობლემური საკითხია. მაგალითად, იეჰოვას მოწმეების ევროპული ასოციაციის ინფორმაციით, 61 წლის ვიქტორ მალკოვი სმოლენსკიდან, საპატიმროდან 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებიდან 3 თვეში დაიღუპა. ასოციაციის მტკიცებით, მას ქრონიკული პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაც უფრო გაუმწვავდა, რადგან საპატიმროში არ ჰქონდა წვდომა სამედიცინო დახმარებაზე. მალკოვი, მისი რელიგიური კუთვნილებს გამო, ექსტრემიზმის ბრალდებით გაასამართლეს და როგორც თავად ამბობდა, არ აძლევდნენ თავისი ქრონიკული დაავადებების სათანადოდ მკურნალობის საშუალებას.

არასამთავრობო ორგანზიაციების ინფორმაციით, აივ ინფექციის მქონე პატიმრების 50% ვერ იღებს სათანადო მკურნალობას. მკურნალობენ მხოლოდ იმ პატიმრებს, ვისაც CD4 თეთრი სისხლის ქსელის დონე კონკრეტულ ნიშნულზე დაბალი აქვთ. არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით, ხანდახან პრობლემაა ანტირეტროვირუსული პრეპარატების მიწოდება.

წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური პატიმრები განსაკუთრებით მძიმე პირობებში არიან და საპატიმრო სისტემაში სადამსჯელო მოპყრობის სუბიექტები არიან; პოლიტიკური პატიმრების მიმართ, მათ შორის, გამოიყენება ისეთი სასჯელები, როგორიცაა სამარტოო საკანში და დასჯის მიზნით ფსიქიატრიულ განყოფილებაში გამწესება. მაგალითად, 2020 წლის 21 მაისს სასამართლომ კამჩატკელ ოპოზიციონერ აქტივისტ ვლადიმირ შუმანინს, სისხლსისამართლებრივი საქმის მსვლელობის პარალელურად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა მიუსაჯა. შუმანინი საჯაროდ ცნობილი პიროვნებაა თავისი „Youtube“ არხის წყალობით, რომლის მეშვეობითაც ის მკაცრად აკრიტიკებდა რეგიონულ და ფედერალურ ხელისუფლებას.

მსჯავრდებულ თუ წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს აქვთ ვიზიტის უფლება, თუმცა სხვადასხვა გარემოებების გამო, მათ ეს უფლება შეიძლება შეეზღუდოთ. კანონის მიხედვით, პატიმრებს, რომლებიც უფრო მძიმე დანაშაულისთვის არიან მსჯავრდებულნი, ვიზიტის უფრო ნაკლები უფლება აქვთ. ასევე, მოსამართლეს შეუძლია, კონკრეტული პატიმრის შემთხვევაში მიიღოს ვიზიტის უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება. ციხის ადმინისტრაციამ, უსაფრთხოების საბაბით, ასევე, შეიძლება პატიმარს ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან შეხვედრა აუკრძალოს. ზოგიერთ წინასწარი დაკავების დაწესებულებაში, სავარაუდოდ, პატიმრებს უკრძალავენ ვიზიტებს და ტელეფონზე წვდომას უზღუდავენ მათზე ზეწოლის მიზნით, აღიარებითი ჩვენებების მისაღებად.

მიუხედავად იმისა, რომ პატიმრებს აქვთ უფლება და საშუალება საჩივრით მიმართონ საჯარო სადამკვირვებლო კომისიებს ან ომბუდმენს, ისინი ხშირად ამ უფლებით არ სარგებლობენ, რადგან შემდგომი რეპრესიების ეშინიათ. ციხის რეფორმის აქტივისტების ცნობით, მხოლოდ ის პატიმრები წერენ საჩივრებს, ვინც უკიდურეს სიტუაციაშია და სხვა გამოსავალი უკვე აღარ აქვს. საჩივრები, რომლებიც კომისიებამდე აღწევს, ხშირად მცირე პირად თხოვნებზეა კონცენტრირებული.

ხელისულფება ნებას რთავს საჯარო ზედამხეველობის კომისიებს, რეგულარული სადამკვირვებლო ვიზიტები განახორციელონ საპატიმროებში არსებული პირობების მონიტორინგისთვის. საჯარო პალატის ინფორმაციით, საჯარო ზედამხედველობის კომისიები თითქმის ყველა რეგიონშია. ადამიანის უფლებათა აქტივისტები შეშფოთებას გამოთქვამენ, რადგან მათი მტკიცებით, ასეთი კომისიების ზოგიერთი წევრი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია, მათ შორის ბევრი სამართალდამცველი სისტემის ყოფილი თანამშრომელი.

კანონმდებლობით, საჯარო ზედამხედველობის კომისიებს უფლება აქვთ პატიმრები, მათივე წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ვიდეოსა და ფოტოზე აღბეჭდონ. მათ ასევე უფლება აქვთ აიღონ ჰაერის ნიმუში ან ჩაატარეონ სხვა გარემოსდაცვითი ინსპექცია, უსაფრთხოების შეფასება და ასევე წვდომა აქვთ ციხეების ფსიქიატრიულ დაწესებულებებზე. კანონი იმ ადამიანის უფლებათა აქტივისტებს, ვინც საჯარო ზედამხედველობის კომისიებში არ ირიცხება, ასევე აძლევს უფლებას, მონიტორინგის მიზნით ეწვიონ დაკავების ცენტრებს და ციხეებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა მხარდაჭერის რეგიონთაშორისი ცენტრის (მუშაობს დაკავებული მიგრანტების მიმართულებით) ცნობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევათ საპატიმროში ვიზიტის უფლება, როდესაც კონკრეტული პატიმარი მოითხოვს და დაეკონტაქტება არასამთავრობო ორგანიზაციას.

ხელისუფლება ქვეყნის საპატიმროებში ვიზიტის უფლებას აძლევს ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს და ასევე, ნებას რთავს, გამოაქვეყნოს ზოგიერთი ანგარიში, მაგრამ კვლავ უკრძალავს მთლიანი ანგარიშების გამოქვეყნებას.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტების მიმართ, ვინც წამების შესახებ ინფორმაციას ავრცელებდნენ, სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულა. მაგალითად, 2020 წლის სექტემბერში, კემეროვოს სამმა საპატიმრო დაწესებულებამ, რეპუტაციის შელახვის ბრალდებით, სარჩელი შეიტანა რამდენიმე პატიმრის, აქტივისტის და ჟურნალისტ ანდრეი ნოვაშოვის წინააღმდეგ; ამ უკანასკნელმა ივნისში გამოაქვეყნა სტატია, სადაც გამოაშკარავებული იყო პატიმართა წამების ფაქტები.[6] [7]

გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი 2021 წელს აქვეყნებს რამდენიმე ორგანიზაციის ავტორობით შექმნილ დოკუმენტს რუსეთის ფედერაციის შესახებ, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად, ერთი აბზაცი ეხება რუსეთის ფედერაციის საპატიმრო დაწესებულებებს. დოკუმენტის მიხედვით, აივ ინფექციით დაავადებული ყველა პატიმარი ვერ იღებს ანტირეტროვირალურ თერაპიას და არ აქვს ექიმთან წვდომა. უფრო ზოგადად, კი პატიმრები ხშირად უჩივიან არასათანადო სამედიცინო ზრუნვას. იმ შემთვევებისას, როდესაც სხვადასხვა სახის საპატიმრო დაწესებულებაში, წამების მსხვერპლი პატიმრები ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციებისგან მხარდაჭერას იღებენ, ადგილი არ აქვს პატიმრებისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმჩენას და წამების ფაქტების შესახებ დოკუმენტაციის ჯეროვან შეგროვებას.[8]

2021 წელს გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ასევე აქვეყნებს ანდრეი რულკოვის ფონდის ავტორობით შექმნილ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ოფიციალური მონაცემებით, პატიმართა დაახლოებით 10% (61,417) აივ ინფიცირებულია და მათი მხოლოდ 52% იღებს ანტირეტროვირალურ თერაპიას. დაკავების პირობები და სახელმწიფო ჯანდაცვა ხელს არ უწყობს გამოჯანმრთელებას, პირიქით, ზრდის დაინფიცირების და აივ ინფექციის გართულების რისკს. აღნიშნული პრობლემა დაკავშირებულია დაგვიანებულ დიაგნოსტიკასთან, ციხეებში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობასთან, ავადმყოფი პატიმრების საპატიმროში დატოვებასთან და სხვა სისტემურ პრობლემებთან.[9]

რუსული მედია საშუალება „რუსული გაზეთი“ 2020 წლის 4 ოქტომბრის სტატიაში წერს, რომ რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში შევიდა კანონპროექტი, რომელიც საგამოძიებო იზოლატორებში მყოფ პატიმრებს საშუალებას აძლევს ახლობლებსა და ოჯახის წევრებს გამოძიების თანხმობის გარეშე დაურეკონ. სტატიის მიხედვით, დაწესებულებებში მოწყობილია სპეციალური სივრცე, საიდანაც პატიმრებს კონკრეტული საფასურის გადახდის შემდეგ, შეუძლიათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს დაურეკონ. საუბრები ისმინება, თუმცა ოჯახს და ახლობლებს საშუალება აქვთ, დაკავებულებს დაელაპარაკონ და დარწმუნდნენ, რომ ისინი კარგად არიან. ყველაფერი ოფიციალურია, თუმცა ყველა პატიმარს თავისი ნება-სურვილით არ შეუძლია ამ შესაძლებლობით ისარგებლოს – საჭიროა გამომძიებლის თანხმობა. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით კი გამოძიების თანხმობა საჭირო აღარაა და საგამოძიებო იზოლატორებში მყოფ პატიმრებს გამომძიებლების ნებართვის გარეშე შეეძლებათ ოჯახსა და ახლობლებს დაურეკონ. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს დაკავებულებისთვის თვეში ორი პაემნის უფლებას. პაემნის ხანგრძლივობა მინიმუმ 3 საათი იქნება. ამ შემთხვევაშიც, საჭირო აღარ იქნება გამოძიების თანხმობა.[10]

იგივე წყარო 2020 წლის 23 დეკემბერს წერს, რომ რუსეთის მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოში წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ამიერიდან იუსტიციის მინისტრს ციხეებისა და სხვა საპატიმრო დაწესებულებების მონახულება გაფრთხილების გარეშე შეეძლება. აქამდე, იუსტიციის მინისტრს საპატიმროში ვიზიტი წინასწარ უნდა შეეთანხმებინა, აღნიშნული ცვლილების მიხედვით კი, იუსტიციის მინისტრს ნებისმიერ დროს შეუძლია საპატიმრო დაწესებულებაში მივიდეს და ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, მინისტრი დაწესებულებაში დაუყოვნებლივ შეუშვას.[11] 2021 წლის მარტში, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ პატიმართა წლიური ანაზღაურება 11 პროცენტით გაიზარდა. ეს პატიმრებს ხელს შეუწყობს სასჯელით გათვალისწინებული ჯარიმები უფრო სწრაფად გადაიხადონ.[12]

რუსეთის ხელისუფლებამ სასჯელაღსრულების სისტემის 2030 წლამდე განვითარების კონცეფცია მიიღო. დოკუმენტი ითვალისწინებს რიგ ჰუმანურ პუნქტებს – იგეგმება პატიმართა რაოდენობის შემცირება და საპატიმრო უწყების ციფრული ტრანსფორმაცია. კონფეცფია მიზნად ისახავს, დაავადებების გამო გარდაცვლილი პატიმრების რიცხვის განახევრებას. ამასთან, საგამოძიებო იზოლატორებში ყველა კამერა აღიჭურვება ტელევიზორითა და მაცივრით. კონცეფცია ასევე ითვალისწინებს რიგგარეშე სატელეფონო ზარის უფლებას საგამოძიებო იზოლატორში ქალებისთვის იმ შემთხვევაში თუ ისინი ურეკავენ თავის 14 წლამდე ასაკის შვილებს. ადგილობრივი ექსპერტების პროგნოზებით, 2030 წლისთვის, იგეგმება, რომ პატიმრთა რაოდენობა 250-300 ათასამდე შემცირდეს (ამჟამად პატიმართა რაოდენობა 500 ათასზე ოდნავ მეტია).[13] გარდა ამისა, 2024 წლისთვის იგეგმება სასჯელაღსრულების დაწესებულებების სახაზინო სახლების 10%-ის დახურვა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საუბარია დაახლოებით 88 სახაზინო სახლზე, რომელიც ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.[14]

2020 წლის სექტემბერში ძალაში შევიდა კანონპროექტი, რომლითაც რუსეთის ფედერაციაში სასჯელის მოხდის წესები იცვლება. ახალი კანონის თანახმად, პატიმარს უფლება აქვს სასჯელი მოიხადოს იმ საპატიმრო დაწესებულებაში, რომელიც მის საცხოვრებელთან ახლოს მდებარეობს. აღნიშნული ცვლილება ეხება როგორც თავისუფლება აღკვეთილ პირებს, ასევე მათ, ვისაც იძულებითი გამასწორებელი შრომა აქვთ მისჯილი. პატიმრის გადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური თავად პატიმრის მოთხოვნის ან პატიმრის ნათესავის (ამ დროს პატიმრის თანხმობა აუცილებელია) მოთხოვნის საფუძველზე.[15]

ევროსაბჭოს 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ეხება წევრ ქვეყნებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებას, რუსეთის ფედერაციაში ყველაზე დიდი ოდენობის თანხაა გამოყოფილი პატიმართა ხარჯებზე (4.17 მილიარდი ევრო). თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციაში პატიმრების ყველაზე დიდი რაოდენობაა და ერთ პატიმარზე 24 საათიოს განმავლობაში დახარჯული თანხა მხოლოდ 2.8 ევროს შეადგენს (საშალო მაჩვენებელი ევროსაბჭოში 133.7 ევროა). 2020 წელს რუსეთის ფედერაციის ციხეებში 519 618 პატიმარი იყო. აღსანიშნავია, რომ პატიმართა რაოდენობა წლიდან წლამდე კლებულობს – 2018 წელს რუსეთის საპატიმროებში 602 176 პატიმარი, 2019 წელს კი 563 166 პატიმარი იყო. ანგარიშის მიხედვით, ევროსაბჭოს ქვეყნებში ყველაზე ხშირად თავისუფლების აღკვეთა პირებს ეფარდებათ ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის. იგივე ტენდენციაა რუსეთის ფედერაციაშიც, სადაც ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის საპატიმრო სასჯელს იხდის 120 ათასი პატიმარი. 2020 წელს რუსეთის საპატიმროებში 2420 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 272 თვითმკვლელობა იყო. ევროსაბჭოს ქვეყნებში საშალო მაჩვენებელი 272 ლეტალური შემთხვევაა, საიდანაც 59 თვითმკვლელობაა.[16]

[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 21 თებერვალს]

[2] მედია საშუალება „Deutsche Welle“; პატიმრების წამების ამსახველი ვიდეო: აღძრულია სისხლის სამართლის 7 საქმე; გამოქვეყნებულია 2021 წლის 6 ოქტომბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.dw.com/ru/v-rossii-vozbuzhdeno-sem-ugolovnyh-del-po-faktam-pytok-v-kolonii/a-59425534 [ნანახია 2022 წლის 21 თებერვალს]

[3] მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“; პატიმრების მიმართ უფლებამოსილების გადამეტების სკანდალის ფონზე რუსეთში მაღალი თანამდებობის პირები გაათავისუფლეს; გამოქვეყნებულია 2021 წლის 29 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 21 თებერვალს]

[4] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 29 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 20 ივნისს]

[5] საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 7 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 21 თებერვალს]

[6] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 21 თებერვალს]

[7] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ რუსეთში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 12 აპრილ; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 20 ივნისს]

[8] გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი; მეშვიდე პერიოდული მიმოხილვა რუსეთის ფედერაციის შესახებ; გამოქვეყნებულია 2021 წელს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 21 თებერვალს]

[9] გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი; ჩრდილოვანი ანგარიში რუსეთის ფედერაციის შესახებ; 70-ე სესია; გამოქვეყნებულია 2021 წელს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 21 თებერვალს]

[10] მედია პორტალი „რუსული გაზეთი“; საგამოძიებო იზოლატორებში ოჯახთან პაემნებს დაუშვებენ; 4 ოქტომბერი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://rg.ru/2020/11/04/arestovannym-predlozhili-razreshit-svidaniia-s-rodnej-bez-sankcii-sledstviia.html [ნანახია 2021 წლის 15 აგვისტოს]

[11] მედია პორტალი „რუსული გაზეთი“; მინისტრი შეტყობინების გარეშე მოვა; 23 დეკემბერი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://rg.ru/2020/12/23/glava-miniusta-smozhet-bez-prepiatstvij-poseshchat-tiurmy.html [ნანახია 2021 წლის 15 აგვისტოს]

[12] მედია პორტალი „რუსული გაზეთი“; სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორი: პატიმართა ხელფასები 11 პროცენტით გაიზარდა; 12 მარტი, 2021; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://rg.ru/2021/03/12/direktor-fsin-zarplata-zakliuchennyh-vyrosla-na-11-procentov.html [ნანახია 2021 წლის 15 აგვისტოს]

[13] მედია პორტალი „რუსული გაზეთი“; კამერა კამერისთვის; 6 მაისი, 2021; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://rg.ru/2021/05/06/povedenie-zakliuchennyh-nachnet-kontrolirovat-iskusstvennyj-intellekt.html [ნანახია 2021 წლის 15 აგვისტოს]

[14] მედია პორტალი „რუსული გაზეთი“; 2024 წლისთვის იგეგმება სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დაწესებულებების თითქმის 10%-ის ლიკვიდაცია; 20 მაისი, 2021; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://rg.ru/2021/05/20/v-rossii-k-2024-godu-planiruiut-likvidirovat-pochti-10-uchrezhdenij-fsin.html [ნანახია 2021 წლის 15 აგვისტოს]

[15] მედია პორტალი „რუსული გაზეთი“; რუსეთში შეიცვალა სასჯელის მოხდის წესი; 29 სექტემბერი, 2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://rg.ru/2020/09/29/v-rossii-izmenili-pravila-otbyvaniia-nakazaniia-v-tiurmah.html [ნანახია 2021 წლის 15 აგვისტოს]

[16] ევროსაბჭო; ციხის მოსახლეობა – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2020 წლის 15 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 15 აგვისტოს]

იორდანია. მევალეობის საკითხი და საპატიმრო პირობები – ოქტომბერი, 2021

ვალის გაუსტუმრებლობის საკითხი – წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მიერ შესწავლილი წყაროების მიხედვით, იორდანიაში ვალის გაუსტუმრებლობა ისჯება სისხლისსამართლებრივი წესით და სასჯელის სახით, ითვალისწინებს პატიმრობასაც.  კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში იორდანიის შესახებ წერდა, რომ იორდანია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ჯერ კიდევ არსებობს ვალის გადაუხდელობის გამო პირთა დაპატიმრების პრაქტიკა. სულ მცირე რაოდენობის ვალის გადაუხდელობაც კი შესაძლოა 90 დღემდე პატიმრობით დასრულდეს, ხოლო – ყალბი ჩეკის გამოწერის შემთხვევაში – 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.  სასამართლოები რუტინულად, ყოველგვარი პროცესის გამართვის გარეშე უსჯიდნენ პირებს სასჯელებს. კანონი არ ითვალისწინებს არანაირ გამონაკლისს, რის გამოც მოვალე შესაძლოა ვერ ახერხებდეს ვალის დაბრუნებას და საპატიმრო ვადის მოხდის შემდეგ, ვალი კვლავაც რჩება. 2019 წლის მონაცემებით, იორდანიის საპატიმროებში მყოფ პირთა 16 % (2 630 პირი) სასჯელს სწორედ ვალის გადაუხდების გამო იხდიდა.

რაც შეეხება კონკრეტულად კანონმდებლობას, ანგარიშის მიხედვით, პირი ვალის გადაუხდელობის გამო პატიმრობას შესაძლოა დაექვემდებაროს 2 რეგულაციის საფუძველზე. პირველი არის იორდანიის აღსრულების შესახებ კანონის 22-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს სასამართლოების მიერ ვალებთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების საკითხს. აღნიშნული კანონი საშუალებას აძლევს კრედიტორებს, სასამართლოს მოსთხოვონ ვალის გადახდის უუნარო პირის დაკავება. კანონის მიხედვით, გადახდის უუნარო პირი, წლის განმავლობაში შესაძლოა დაკავებულ იქნას 90 დღემდე ვადით, თითოეული ვალის შემთხვევაში. შესაბამისად, თუ პირს გააჩნია 4 გადაუხდელი ვალი, ის შესაძლოა მთლიანი წლის განმავლობაში იქნეს დაპატიმრებული. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ პატიმრობა არ ითვალისწინებს ვალის გადახდის ვალდებულების მოშლას და კრედიტორს შეუძლია, მომდევნო წელს კვლავ მოითხოვოს პირის დაპატიმრება, მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლოა უკვე მოხდილი ჰქონდეს ამის გამო სასჯელი.

რაც შეეხება მეორე კანონს, რომლის საფუძველზეც პირი შესაძლოა პატიმრობას დაექვემდებაროს, ესეა იორდანიის სისხლის სამართლის კოდექსის 421-ე მუხლი, რომელიც აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საბანკო ჩეკის გამოწერისთვის მაშინ, როდესაც ბანკის ანგარიშზე პირს არასაკმარისი თანხა გააჩნია. ამ შემთხვევაში, სანქციის სახით გათვალისწინებულია 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის შემდგომ, თუ პირი ვერ გადაიხდის ჩეკით გათვალისწინებულ თანხას, ის შესაძლოა დაექვემდებაროს 90 დღით პატიმრობას ზემოხსენებული  „იორდანიის აღსრულების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე. რამდენიმე გადაუხდელი ვალის არსებობის შემთხვევაში, კრედიტორს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს და მოითხოვოს სასჯელთა შეკრება. Human Rights Watch გაესაუბრა ერთ-ერთ პირს, რომელსაც 6 „ყალბი“ ჩეკის გამოწერის გამო, სასჯელის სახით 42 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

იუსტიციის სამინისტრომ და ადვოკატებმა ორგანიზაციას განუცხადეს, რომ მოსამართლე საკუთარი დისკრეციის ფარგლებში უფლებამოსილია, გადაავადოს სასჯელი ან მიმართოს უფრო ნაკლებად მკაცრ სასჯელს (მაგ. მოგზაურობის შეზღუდვა ან ქონების დაყადაღება). მიუხედავად იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა მტკიცებისა, რომ მოსამართლეები იძიებდნენ მოვალის პირად გარემოებებს, ვიდრე სასჯელის სახით პატიმრობას შეუფარდებდნენ, Human Rights Watch-ის მიერ გამოკითხული 11 პირიდან 10 აცხადებდა, რომ მოსამართლემ მათ პატიმრობა პირველივე ცდაზე, ყოველგვარი სხვა, უფრო მსუბუქი ზომის განხილვის გარეშე მიუსაჯა. [1]

2. საპატიმრო პირობები

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი იორდანიაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ ქვეყანაში მოქმედ 18 საპატიმროში არსებული პირობები განსხვავებული იყო. ძველ ციხეებში პირობები გაუარესებული იყო, მაშინ როდესაც ახალი საპატიმროები თავსებადი იყო საერთაშორისო სტანდარტებთან. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ზოგიერთ ციხეში სახეზე იყო ისეთი პრობლემები, როგორიცაა: გადავსებულობა, შეზღუდული წვდომა ჯანდაცვაზე, პატიმართა არაადექვატური წვდომა სამართლებრივ დახმარებაზე და პატიმართა და მათი ოჯახის წევრთა შეზღუდული სოციალური დაცვა. საჯარო უსაფრთხოების დირექტორატმა (ადგილობრივი შინაგან საქმეთა სამინისტრო) გახსნა 1050 პირის ტევადობის ახალი ქაფქაფას საპატიმრო, რათა მიეღო პატიმრები გადავსებული ციხეებიდან.

დირექტორატი ასევე დგამდა ნაბიჯებს, რათა მონიტორინგი ეწარმოებინა დაკავების ცენტრებზე და უზრუნველეყო მათი თავსებადობა დაკავების კუთხით შემუშავებულ პოლიტიკასთან. ამასთანავე, 2019 წლის ბოლოდან მოყოლებული, იყენებდა ელექტრონულ ბაზებს, სადაც ინახებოდა ინფორმაცია ყველა დაკავებულისა და საქმის შესახებ. დირექტორატის მიხედვით, 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, მათთან შევიდა 39 საჩივარი ციხეებში და სარეაბილიტაციო ცენტრებში პირთა წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების შესახებ. საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობოები აცხადებდნენ, რომ ისლამისტი პატიმრები ციხეებში ექვემდებარებოდნენ შედარებით მკაცრ პირობებს.  ქალთა საპატიმროებში, ზოგადად, გაცილებით უკეთესი პირობები იყო, ვიდრე მამაკაცთა დაწესებულებათა უმრავლესობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ელემენტარული ჯანდაცვითი სერვისები ხელმისაწვდომი იყო ყველა გამოსასწორებელ დაწესებულებაში, სამედიცინო მუშაკები ჩიოდნენ, რომ ქვეყნის მასშტაბით საპატიმროებში არ იყო ადექვატური სამედიცინო მოწყობილობები, მარაგები და საკმარისი რაოდენობის სტაფი. სამედიცინო განყოფილებათა უმრავლესობას არ გააჩნდა სათანადო შესაძლებლობა, ჩაეტარებინა სისხლის ანალიზები და  რენტგენული კვლევა. როდესაც პატიმრის კონდიცია იყო ზედმეტად მძიმე, ექიმები იძლეოდნენ რეკომენდაციას მისი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ.

პროკურორები ახორციელებდნენ დაკავებულთა მდგომარეობაზე მონიტორინგს. 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების დირექტორატის შესაბამისმა სამსახურმა ციხეებში როგორც ადგილობრივ, ისე – საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად  519 ვიზიტი განახორციელა. ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც COVID-19 პანდემიამდე, ასევე  – უშუალოდ პანდემიისას, ხელისუფლება მკაცრად ზღუდავდა პატიმრებთან ვიზიტორის დაშვებას.

მარტში, ორ გამოსასწორებელ დაწესებულებაში ბუნტს ჰქონდა ადგილი მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ გადადებდა სასამართლოში გამოცხადების პროცედურებს (რის გამოც გახანგრძლივდებოდა ზოგიერთი პირის დაკავება) და გააუქმებდა ოჯახის ვიზიტებს ციხეებში, რის საფუძვლადაც COVID-19 პანდემიის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს ასახელებდა. განვითარებული მოვლენების შედეგად, Bab al-Hawa-ს ციხეში 2 პირი დაიღუპა.

შესაბამისი სამსახურები ზოგჯერ არ ატყობინებდნენ დაკავებულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას მათ ოჯახებს ან უგვიანებდნენ აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომას 24 საათიდან 10 დღემდე პერიოდით. საჯარო უსაფრთხოების დირექტორატმა შეიმუშავა ელექტრონული არქივის ახალი სისტემა, რათა გადაეწყვიტა აღნიშნული პრობლემა.

ხელისუფლება ნებას რთავდა ზოგიერთ ადგილობრივ და საერთაშორისო უფლებადამცველ დამკვირვებლებსა და ადვოკატებს, განეხორციელებინათ ციხეებში ვიზიტები და ჩაეტარებინათ კერძო გასაუბრებები. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გააჩნდა ფართო წვდომა ქვეყნის ყველა ციხეში დაკავებულ თუ დაპატიმრებულ პირებთან ვიზიტებზე.

ანგარიშში ასევე საუბარია იორდანიის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ გაუმჯობესებებზე პენიტენციურ სექტორში. კერძოდ, საჯარო უსაფრთხოების დირექტორატმა გაარემონტა 6 საპატიმრო, რის შედეგადაც გაუმჯობესდა სანიტარული პირობები, ვენტილაცია და ტემპერატურის კონტროლო. ამას გარდა, გაიზარდა წვდომა სასმელ წყალზე, მზის შუქზე და ჯანდაცვაზე. ბეირენის და აქაბას ციხეებში გაუმჯობესდა ზოგადი პირობები და გაიზარდა საწოლების რაოდენობა. ჯუვეიდაჰის დაკავების ცენტრს დაემატა ბაღი გარე სივრცეში, რაც გათვალისწინებულია ოჯახის ვიზიტებისთვის. დირექტორატი ასევე საშუალებას აძლევდა 7 ციხეში განთავსებულ დაკავებულებს, დასწრებოდნენ სასამართლო სხდომებს ვიდეო-კონფერენციის ფორმატის მეშვეობით. ხელისუფლება ასევე დგამ ნაბიჯებს, გამოეყენებინა პატიმრობის ალტერნატიული სანქციები არა-ძალადობრივი დანაშაულებისას. 2018 წლის აგვისტოდან მოყოლებული, იუსტიციის სამინისტრომ მსვლელობა მისცა 326 დამნაშავისთვის პატიმრობის ალტერნატიული სანქციის დაწესებას.[2]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House იორდანიის შესახებ 2021 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2020 წელი) წერდა, რომ საპატიმროებში არსებული პირობები, ზოგადად, ცუდი იყო. ამასთან, გავრცელებული ცნობებით, პატიმრები ბადრაგისგან ექვემდებარებოდნენ ისეთ მოპყრობას, როგორიცაა ცემა და ფიზიკური ძალადობა.[3]

[1] Human Rights Watch – publication “We Lost Everything” Debt Imprisonment in Jordan; published in March 2021; available at https://www.hrw.org/report/2021/03/16/we-lost-everything/debt-imprisonment-jordan [accessed 15 October 2021]

[2] United States Department of State – 2020 Country Report on Human Rights Practices: Jordan; published in March 2021; available at

[accessed 15 October 2021]

[3] Freedom House – Freedom in the World 2021 – Jordan; published in  March 2021; available at

[accessed 15 October 2021]

ისრაელი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები. ოქტომბერი, 2021

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Amnesty International“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ისრაელის შესახებ წერს, რომ ისრაელელი ჯარისკაცები, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები კვლავ იყენებენ წამებას და სხვა არაადამიანურ მოპყრობას პალესტინელების მიმართ და ეს გრძელდება დაუსჯელად. აღწერილი მეთოდები მოიცავს ცემას, სილის გაწვნას, ბორკილების მტკივნეულად დადებას, ძილის დარღვევას, მტკივნეულ პოზიციებში გაჩერებას და ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარებს. სამარტოო საკანში ხანგრძლივი პერიოდით, ხანდახან თვეობითაც, მიღებული სადამსჯელო პრაქტიკაა. ისრაელის ძალები ხშირად უზღედავენ სამედიცინო დახმარებაზე წვდომას სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერაციებისას დაშავებულ პალესტინელებს.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ისრაელის შესახებ წერს, რომ უზენაესმა სასამართლომ წამება 1999 წელს აკრძალა, თუმცა დაადგინა, რომ ფიზიკური იძულება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს დაკითხვებისას იმ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა გარდაუვალი საფრთხე. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ბრალს სდებენ ხელისუფლებას ფიზიკური ძალადობის და სხვა ისეთი მეთოდების გამოყენებაში, როგორიცაა იზოლაცია, ძირის დარღვევა, ფსიქოლოგიური დაშინება და ზეწოლა და დამცირება.

ისრაელის კანონმდებლობა, პოლიტიკური პრაქტიკა, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია ქმნის ისეთ გარემოს, სადაც მთავრობის გამჭვირვალობა სათანადო დონეზეა. ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის მიხედვით, ყველა მოქალაქესა და რეზიდენტს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია საჯარო უწყებისგან. მიუხედავად ამისა, კანონი უშვებს გამონაკლისებს, რომლის მიხედვითაც შეიარაღებულ ძალებს, დაზვერვის სამსახურს, ატომური ენერგიის სააგენტოს და პენიტენციურ სისტემას უფლება აქვს ინფორმაცია არ გაასაჯაროვოს; წყაროების შეფასებით, ასეთი დაშვება შესაძლოა, უწყებებმა დანაშაულების დაფარვის მიზნით გამოიყენონ.

ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ისრაელის საპატიმროებში 4 ათასზე მეტი პალესტინელი იმყოფება, მათ შორის 357 ადმინისტრაციულ პატიმრობაშია. სისხლის სამართლის კოდექსით, პირი, რომელიც ეჭვმიტანილია უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დანაშაულში, შესაძლოა, ოფიციალური პროცედურების დაწყების გარეშე დარჩეს პატიმრობაში 96 საათის განმავლობაში და 21 დღის განმავლობაშ შეეზღუდოს წვდომა ადვოკატთან.[2]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ისრაელის შესახებ წერს, რომ კანონმდებლობა კრძალავს წამებას, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტკივილის მიყენებას, თავდასხმას ან ზეწოლას. ქვეყნის კანონმდებლობა უშვებს გამონაკლისს ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული დაკითხვების შემხვევაში და ნებადართულად მიიჩნევს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომელსაც უწოდებენ „გამონაკლის ღონისძიებებს“. აღნიშნული მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარდაუვალი საფრთხის არსებობის დროს. 2018 წელს ისრაელის მთავრობამ დაადგინა, რომ დაკითხვის ასეთი მეთოდები, წესები და პროცედურები, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, არის საიდუმლო ინფორმაცია. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ უსაფრთხოების სამსახური დაკავებულებს, დაკითხვის მიზნებიდან გამომდინარე, იზოლაციაში ამყოფებს მხოლოდ გადაუდებელ შემთვევებში, როდესაც არ არსებობს სხვა ალტერნატივა და რომ უსაფრთხოების სამსახური იზოლაციას არ იყენებს დაკითხვის გახანგრძლივების, აღიარებითი ჩვენების იძულების ან დასჯის მიზნებით. სისხლის სამართლებრივ საქმეებში, რომელსაც პოლიცია წარმართავს, თუ სავარაუდო დანაშაული ისჯება მაქსიმუმ 10 წლის ვადით პატიმრობით, დაკითხვის ჩაწერა სავალდებულოა. ისრაელის წამების საწინააღმდეგო საჯარო კომიტეტის ცნობით, ხელისუფლება აღიარებს, რომ იყენებს „გამონაკლის ღონისძიებებს“, მაგრამ იუსტიციის სამინისტრო არ ასაჯაროვებს ინფორმაციას ასეთი საქმეების რაოდენობის შესახებ. ისრაელის წამების საწინააღმდეგო საჯარო კომიტეტის ცნობით, „გამონაკლისი ღონისძებები“ მოიცავს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ცემა, სტრესულ პოზიციაში გაჩერება ხანგრძლივი ვადით, გაუპატიურების ან ფიზიკური ზიანის მუქარა, ძილის დარღვევა და ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ ისრაელის კანონმდებლობა პატიმრებს და დაკავებულებს უზრუნველყოფს უფლებით, იმყოფებოდნენ ისეთ პირობებშ, რაც არ იქნება მათი ჯანმრთელობისა და ღირსებისთვის ზიანის მომტანი. ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები წერენ, რომ პალესტინელები, რომლებიც უსაფრთხოების საკითხებითან დაკავშირებით არიან დაკავებულები (ისინი, ვინც ბრალდებულები ან გასამართლებულები არიან ნაციონალისტური მიზეზებით მოტივირებული ძალადობისთვის), ხშირად, უფრო მკაცრ პირობებში არიან, ვიდრე ის პატიმრები, ვინც კრიმინალებად ხასიათდებიან. უფრო მკაცრი პირობები მოიცავს უფრო ხშირ ადმინისტრაციულ დაკავებებს, საოჯახო ვიზიტების შეზღუდვას და სამარტოო საკანში განთავსებას. 2019 წელს სახალხო დამცველის ოფისი, 42 ციხისა და დაკავების ცენტრის შესწავლის შემდეგ, წერდა, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, რაც გაწეულ იქნა საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობების გაუმჯობესებისთვის, დაკავებულთა უფლებების დარღვევებს მაინც აქვს ადგილი. ანგარიშის მიხედვით, ათასობით პატიმარი იმყოფება ექსპლუატაციის ვადაგასულ დაწესებულებაში, სადაც არსებული პირობები შეუსაბამოა. იგივე ანგარიშის მიხედვით, ბევრი პატიმარი, მათ შორის ბავშვებიც, იმყოფებიან სამარტოო საკნებში და მათ მიმართ არაპროპორციულად გამოიყენება ბორკილების დადება. სახალხო დამცველის ოფისის მტკიცებით, მსგავსი მეთოდები განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება მენტალური შეზღუდვების მქონე პატიმრების მიმართ.

2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მთავრობას არ ჰქონდა მიღებული 2015 წლის კანონი პატიმრების შიმშილობის დროს, გარკვეული პირობებით, იძულებითი კვების დასაშვებობის შესახებ. ისრაელის ექიმთა ასოციაციამ კანონი არა ეთიკურად მიიჩნია და ექიმებს მოუწოდა, არ დაიცვან ის. რეგულაციები აწესებს, რომ სამედიცინო პერსონალმა, სამედიცინო შეხედულებების შესაბამისად, პაციენტს უნდა უმკურნალოს მისაღები ხარისხით და გონივრულ ვადაში, ისრაელის პენიტენციური სისტემისთვის არსებული რესურსებისა და ფინანსების ფარგლებში. რეგულაციები, ასევე, უფლებას აძლევს ისრაელის პენიტენციურ სისტემას, პატიმარს უარი უთხრას მკურნალობაზე, თუ ბიუჯეტთან დაკავშირებული დაბრკოლებები იქნება სახეზე.

ადგილობრივი ორგანიზაციის „ექიმები ადამიანის უფლებებისთვის ისრაელში“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ისრაელის პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო კუთხით დიდი ჩავარდნებია. ანგარიშის მიხედვით, ცალკე ჯანდაცვის სისტემა, რომელიც მოქმედებს პატიმრებისთვის, ვერ ახერხებს იგივე სერვისის გაწევას, რასაც მოქალაქეები იღებენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის ორგანიზაციებისგან. პატიმრებისთვის გაწეული მომსახურება არ აკმაყოფილებს ქვეყანაში არსებულ ზოგად სტანდარტებს და გამოკვლეული შემთხვევების ნახევარში პატიმართა ჯანმრთელობა იდგა რისკის წინაშე არა სათანადო მკურნალობის ან მკურნალობაზე უარის თქმის გამო. ორგანიზაცია მოუწოდებდა ხელისუფლებას, პატიმრებისთვის აემოქმედებინა იგივე ჯანდაცვის სისტემა, რაც მოქმედებს ისრაელის დანარჩენი მოქალაქეებისთვის.

ხელისუფლება აცორხიელებს სათანადო საგამოძიებო ღონისძიებებს არა სათანადო მოპყრობის შესახებ სარწმუნო ცნობების შემთხვევაში. 2020 წლის 25 აგვისტოს კნესეტმა მიიღო კანონი, რომელიც აწესებს პატიმრებთან ვირტუალური მოსმენების ჩატარებას კოვიდ პანდემიის პირობებში. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ნებადართულია ადვოკატების ვიზიტები და არცერთ პატიმარს აღნიშნული უფლება არ ეზღუდება. ადგილობრივი არასამთავრობო როგანიზაციები, რომლებიც ციხეების მონიტორინგს ახორციელებენ, ამტკიცებენ, რომ პალესტინელების შემთხვევაში აღნიშნული უფლება ირღვევა. მთავრობა შეზღუდულად უშვებს საოჯახო ვიზიტებს პატიმრებთან დასავლეთ სანაპიროდან და უფრო მკაცრად ზღუდავს ვიზიტებს ღაზის სექტორიდან.

მიუხედავად კოვიდ პანდემიისა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციამ მოინახულა ისრაელის საპატიმრო დაწესებულებები, მათ შორის დაკითხვის ცენტრები და შეამოწმა დაკავების პირობები, პატიმართა მიმართ დამოკიდებულება და საოჯახო ვიზიტებზე წვდომა. კომიტეტის ოჯახზე წვდომის პროგრამა, რომელიც პალესტინელებს ძლევს საშუალებას ოჯახის წევრებს შეხვდნენ, კოვიდ პანდემიის ფარგლებში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვების ფარგლებში, შეჩერებულია ღაზის სექტორის მცხოვრებლებისთვის.

2018 წელს კნესეტმა მიიღო დროებითი კანონი (სამი წლის ვადით), რომელიც პატიმრების (გარდა უსაფრთხოების პატიმრებისა) ვადამდე გათავისუფლებას უშვებდა, რათა აღსრულებულიყო უზენაესი სასამართლოს დადგენილება, რომ საპატიმრო დაწესებულებებში, პატიმრისთვის გამოყოფილი უნდა იყოს 48 კვადრატული ფუტი საცხვორებელი ფართი. არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით, პატიმარზე გამოყოფილი იყო 33 კვადრატული ფუტი და პატიმართა 40% იკავებდა 32 კვადრატულ ფუტზე ნაკლებს.[3]

[1] AI – Amnesty International: Amnesty International Report 2020/21; The State of the World’s Human Rights; Israel and the Occupied Palestinian Territories 2020, 7 April 2021

 (accessed on 7 October 2021)

[2] Freedom House: Freedom in the World 2021 – Israel, 3 March 2021

 (accessed on 7 October 2021)

[3] USDOS – US Department of State: 2020 Country Reports on Human Rights Practices: Israel, West Bank and Gaza (Israel), 30 March 2021

 (accessed on 7 October 2021)

თურქეთი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები. თებერვალი, 2021

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია კრძალავს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას, თუმცა ადგილობრივი და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი პოლიციის ოფიცერი, ციხის პერსონალი, სამხედრო და სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი მსგავს პრაქტიკას მიმართავს. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, ანკარის ადვოკატთა ასოციაცია, ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სახელისუფლებო აგენტები, დაკავების ცენტრებში, ზოგიერთი პირის მიმართ იყენებენ დაშინებას, არასათანადო მოპყრობას და სავარაუდოდ წამებასაც. ანკარის ადვოკატთა ასოციაციამ გაასაჯაროვა წამების სავარაუდო მსხვერპლთა დეტალური ინტერვიუები, სადაც ისინი საუბრობენ მათ მიმართ მოპყრობაზე. თურქეთის ეროვნული პოლიცია მსგავსი შინაარსის ბრალდებებს უარყოფს.

2018 წლის თებერვალში გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებზე, ნილს მელზერი, სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამდა თურქეთის პოლიციის საპატიმროებში წამებისა და სხვა არაადამიანური მოპყრობის შესახებ მზარდი ბრალდებების თაობაზე. მელზერი აღნიშნავდა, რომ დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც კავშირში იყვნენ გიულენის მოძრაობასთან ან ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, აცხადებდნენ არასათანადო მოპყრობის შესახებ; კერძოდ, აღიარებითი ჩვენებისა თუ სხვათა დადანაშაულების მიზნით მათ მიმართ დაკითხვის სასტიკი მეთოდების გამოყენების შესახებ. აღნიშნული სასტიკი მეთოდები მოიცავდა ცემას, ელექტროშოკის გამოყენებას, ცივი წყლის დასხმას, ძილის შეწყვეტას, დაშინებას, თავდასხმას და სექსუალურ ძალადობას. სპეციალური მომხსენებელი აცხადებდა, რომ ხელისუფლება არ დგამდა სათანადო ნაბიჯებს მსგავსი შინაარსის ბრალდებების სათანადო გამოძიებისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მიმართულებით.

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები საუბრობენ წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ პოლიციის საკნებში. მათი მტკიცებით, ასეთი პრაქტიკა უფრო გარცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების პოლიციის ზოგიერთ განყოფილებაში. ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, მათ მიიღეს 65 საჩივარი სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მისდევს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას პოლიციის მხრიდან წამების გამოყენების საკითხში, უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან სერიოზული ქმედებებს ადგილი არ აქვს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იგივე ანგარიშში წერს, რომ თურქეთის ციხეები ზოგადად შეესაბამება გაეროს სპეციალური მომხსენებლის სტანდარტებს ფიზიკური პირობების, როგორიცაა მაგალითად, ინფრასტრუქტურა და საბაზისო აღჭურვილობა, კუთხით. აღსანიშნავი გამონაკლისია გადატვირთულობა, რომელიც თავის მხრივ, იწვევს პრობლემებს პატიმართა სათანადო ჯანდაცვის უზრუნველყოფის კუთხით. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წელს ხელისუფლებამ მოიძია დაფინანსება დამატებითი საპატიმროებისთვის.

ციხეების გადატვირთულობა სერიოზული პრობლემაა. თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის 353 საპატიმრო 218 950 პატიმარზეა გათვლილი, პატიმართა რაოდენობა კი 286 ათასია. ოფიციალური სტატისტიკის არ არსებობის პირობებში, დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ გასული წლის განმავლობაში 3 ათასი პატიმარი სამარტოო საკანში იყო გამწესებული. სამარტოო საკნის გამოყენების პრაქტიკამ იმატა, რაც დამკვირვებლების ვარაუდით, დაკავშირებულია ციხეებში თვითმკვლელობის მზარდ მაჩვენებელთან.

არასრულწლოვანი პატიმრები, იმ შემთხვევაში თუ ცალკე დაწესებულება არაა ხელმისაწვდომი, იმყოფებიან იმავე საპატიმროებში, სადაც სრულწლოვანი პატიმრები, თუმცა განცალკევებულ სექციებში. ნებადართულია ექვს წლამდე ასაკის ბავშვების ყოფნა პატიმარ დედებთან. წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები იმავე დაწესებულებებში არიან, სადაც მსჯავრდებულები.

ხელისუფლება არ აქვეყნებს მონაცემებს ციხეში არსებული პირობების ან ციხის თანამშრომელბის ქმედებების შედეგად გარდაცვლილი პატიმრების შესახებ. ადგილობრივი მედიის მტკიცებით, იზმირის ციხეში, რვა თვის განმავლობაში 14 პატიმარი გარდაიცვალა. მედია საშუალების მტკიცებით, არსებულმა გადატვირთულობამ და სათანადო ჰიგიენისა და საკვების ნაკლებობამ ეპიდემიის გავრცელება გამოიწვია, რის გამოც კარანტინის დაწესება გახდა აუცილებელი.

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ამტკიცებენ, რომ პატიმრები ხშირად განიცდიან სასმელი წყლის, სათანადო გათბობის, ვენტილაციის, განათების, საკვებისა და ჯანდაცვის სერვისების ნაკლებობას. იგივე პრობლემების შესახებ 2019 წლის სექტემბერში პარლამენტის დაკავებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის კომიტეტის წევრმაც განაცხადა.

2019 წლის სექტემბერში იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტისადმი მოხსენებაში განაცხადა, რომ 1300-ზე მეტი სამედიცინო მუშაკი ემსახურებოდა 286 ათას პატიმარს; მათ შორის იყო 6 ექიმი, 65 სტომატოლოგი და 805 ფსოქოლოგი. უფლებადამცველი ასოციაციები სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამდნენ ციხის ექიმების ნაკლებობის გამო. ადამიანის უფლებათა ასოციაციის ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბერში 1334 პატიმარი იყო ავად ქვეყნის ციხეებში და მათგან 457 მძიმე მდგომარეობაში.

უფლებადამცველი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ექიმები, მათ მიმართ შემდგომი რეპრესიების შიშის გამო, ხელს არ აწერენ სამედიცონო დოკუმენტაციას, რომელიც პატიმრების სავარაუდო წამებას ასახავს. შედეგად, პატიმრები ვერ ახერხებენ მათ მიმართ სავარაუდო წამების დამადასტურებელი სამდიცინო დოკუმენტაციის მოპოვებას. მთავარ პროკურატურას აქვს ფართო დისკრეცია, განსაკუთრებით ანტიტერორიტული კანომდებლობით, რომ პირები, ვისაც მიიჩნევენ საზოგადოების უსაფრთხოებისთვის საფრთხის მატარებლად, განამწესონ წინასწარ პატიმრობაში, მიუხედავად სამედიცინო დოკუმენტებით დადასტურებული სერიოზული ავადმყოფობისა.

ხელისუფლებამ რიგ შემთხვევებში, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის სარწმუნო ბრალდებების შემთხვევებში, დაიწყო გამოძიება, თუმცა არ გაუსაჯაროვებია გამოძიების შედეგები ან ინფორმაცია დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის შესახებ. მთავრობა არ ასაჯაროვებს ინფორმაციას ციხეში სავარაუდო ძალადობის შესახებ. ზოგიერთი უფლებადამცველი ორგანზიაცია ამტკიცებს, რომ პატიმრებს ხშირად თვითნებურად უკრძალავენ ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან შეხვედრას.

მთავრობა ნებას რთავს ზოგიერთ დამკვირვებელს, მათ შორის პარლამენტარებს, მოინახულონ საპატიმრო დაწესებულებები. მთავრობა ციხეების მონიტორინგის ნებას არ რთავს არასამთავრობო ორგანიზაციებს.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, რომ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ხელისუფლების მხრიდან წამების გამოყენება კვლავ რჩება აქტუალურ საკითხად. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები წამებას და სხვა არაადამიანურ მოპყრობას იყენებენ კონკრეტული პროფილის პირების მიმართ, ესენი არიან გიულენის მოძრაობის წევრები, ქურთები და მემარცხენეები. პროკურატურა მსგავს ბრალდებებს არ იძიებს.[2]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, რომ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გაზრდილი იყო ბრალდებები წამებისა და სხვა არაადამიანური მოპყრობის შესახებ;  მსგავსი მოპყრობის ობიექტები ხშირად ისინი იყვნენ, რომელთაც ბრალად ედებოდათ პოლიტიკური თუ სხვა ხასიათის დანაშაული. ანგარიშის მიხედვით, წამებისა და არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევების დროს, პროკურორები არ ატარებენ სათანადო საგამოძიებო ღონისძიებებს და ქვეყანაში არსებობს უსაფრთხოების ძალებისა და პოლიციის დაუსჯელობის ღრმად გამჯდარი კულტურა.

ანგარიშის მიხედვით, ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) 2016 წლის შემდგომ, ქვეყანაში 3 ვიზიტი ჩაატარა. აგვისტოში, თურქეთის მთავრობამ ნება დართო კომიტეტს, გამოექვეყნებინა 2017 და 2019 წლებში განხორციელებული ვიზიტების შესახებ ანგარიშები, სადაც საუბარი იყო პოლიციის დაკავებაში მყოფი პირების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და გადავსებულ საპატიმროებში გაუარესებული ფიზიკური პირობების შესახებ.[3]

ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი (CPT) 2020 წლის 5 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც თურქეთის საპატიმროებში 2019 წელს განხორციელებულ ვიზიტს ეხებოდა, წერდა, რომ ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულაბში, რომელიც კომიტეტმა მოინახულა, ზოგადი პირობები იყო კარგი და დამაკმაყოფილებელი. შენობები არ  საჭიროებდა რემონტს, იყო სუფთა და კარგად ვენტილირებული. მიუხედავად ამისა, კომიტეტს სურს აღნიშნოს, რომ ფიქსირდება გარკვეული ხარვეზები, მაგალითად: ბევრ საკანს არ აქვს წვდომა ბუნებრივ შუქზე, ხოლო ხელოვნური განათებები ზოგჯერ საკმარისი არაა.

ანგარიშის მიხედვით, კომიტეტი უკანასკნელი ვიზიტების ფარგლებში (2009 წლიდან მოყოლებული) აკრიტიკებდა თურქეთის ხელისუფლებას საპატიმროებში გადავსებულობის მაღალი მაჩვენებლის გამო. ამას გარდა, კომიტეტი ნეგატიურად აფასებდა საპატიმროებში არსებულ ზოგიერთ პირობებს, მაგალითად: ზედმეტად ვიწრო საკნებს; პატიმართა შეზღუდული წვდომას საკნის-გარეთ აქტივობებზე და ზედმეტად გადატვირთული ჯანდაცვით სერვისებს. თურქეთის მთავრობამ, აღნიშნული საპასუხოდ, გააფართოვა ქვეყნის სასჯელაღსრულებით დაწესებულებათა ქსელი და, ბოლო პერიოდში, უფრო ხშირად იყენებდა ისეთ სასჯელის სახეებს, როგორიცაა პირობითი მსჯავრი და დაკავება/დაპატიმრების სხვა ალტერნატიული ღონისძიებები. თუმცა, სამწუხაროდ, 2019 წლის ვიზიტმა ნათლად აჩვენა, რომ მიუხედავად თურქეთის მთავრობის მიერ მიღებული ზომებისა, სიტუაცია კვლავაც კრიტიკული იყო.

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ  Şanlıurfa-ს რეგიონში 2016 წელს გახსნეს ორი ახალი საპატიმრო, რომელთა ოფიციალური ტევადობაც 1050 პირს შეადგენდა, კომიტეტის ვიზიტის დროს დაფიქსირდა გადავსებულობის მაღალი მაჩვენებელი. კერძოდ, თითოეული ზემოხსენებული საპატიმროს შემთხვევაში, პატიმართა პოპულაცია აღემატებოდა 1600 პირს. ანალოგიური პრობლემა ფიქსირდებოდა კომიტეტის მიერ მონახულებულ ახლადგახსნილ საპატიმროებში Diyarbakır-ის რეგიონშიც.

CPT გამოთქვამს შეშფოთებას თურქეთში 2000-იანი წლებში დაწყებული, ციხეების პოპულაციის ზრდის ტენდენციის შესახებ. ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის ნოემბრისთვის თურქეთში პატიმართა რაოდენობამ 260 000-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 2006 წელს განხორციელებული ვიზიტის დროს, კომიტეტი ასევე შეშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ თურქეთში პატიმართა პოპულაცია გაორმაგდა და 112 000-ს მიაღწია. 2013 წლის ვიზიტის დროს აღნიშნული მაჩვენებელი 130 000-ს უდრიდა, ხოლო 2017 წელს 220 000-ს მიაღწია.

კომიტეტი მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას, მიიღოს გადამწყვეტი ზომები, რათა შეამციროს საპატიმროებში პატიმართა პოპულაციის ზრდა და აღმოფხვრას გადავსებულობასთან დაკავშირებული პრობლემა. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია პროკურატურისა და სასამართლო ორგანოების ჩართულებაც, მათ შორის ტრეინინგების სახით, რათა უზრუნველყოფილ იქნას იმის გაგება, რომ წინასწარი დაკავება და პატიმრობა წარმოადგენს სასჯელის ყველაზე მკაცრ ზომას და, რომ აღნიშნული არ უნდა იყოს გამოყენებული ყველა შემთხვევაში.[4]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2019 – Turkey, 11 March 2020 available at

[accessed 2 February 2021]

[2] Freedom House: Freedom in the World 2020 – Turkey, 4 March 2020

[accessed 2 February 2021]

[3] Human Rights Watch – World Report 2021 – Turkey; published on 13 January 2021; available at

[accessed 2 February 2021]

[4] Council of Europe – Report to the Turkish Government on the visit to Turkey carried out by the European Committee for the Prevention of Torture and Inhuman or Degrading Treatment or Punishment (CPT) from 6 to 17 May 2019; published on 5 August 2020; available at

[accessed 2 February 2021]

ყაზახეთი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები. დეკემბერი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ საპატიმროებში არსებული პირობები, როგორც წესი, იყო მძიმე, ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში და არ შეესაბამებოდა საერთაშორისო ჯანდაცვით დადგენილ სტანდარტებს. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრები ხშირად მკურნალობას საერთოდ არ ექვემდებარებოდნენ,  ან მათი მდგომარეობა, ციხეში არსებული პირობების გამო, კიდევ უფრო უარესდებოდა. ამას გარდა, საპატიმროებში ფიქსირდებოდა სამედიცინო პერსონალის სერიოზული ნაკლებება.

ქვეყანაში მოქმედი „ეროვნული წამების პრევენციის მექანიზმი“ (NPM) საკუთარ ანგარიშებში აღნიშნავდა, რომ საპატიმროებში შემდეგი უფლებადარღვევები ფიქსირდებოდა: მძიმე პირობები ჯანდაცვისა და სანიტარიის კუთხით, სუსტი სამედიცინო სერვისები, მათ შორის, იმ პატიმრებისთვის, რომელთაც ჰქონდათ აივ-ინფექცია/შიდს-ი, ტუბერკულოზი და დიაბეტი. ამას გარდა, არსებობდა წამების მაღალი რისკი პატიმრის ჩხრეკის, გამოძიების და სხვა საპატიმროში გადაყვანის დროს; პროკურორები სათანადოდ არ იძიებდნენ წამების შესახებ საჩივრებს; პატიმრების კომუნიკაცია ოჯახებთან შეზღუდული იყო; მოწყვლადი ჯგუფების (შშმ პირები, შიდს-ით დაავადებულები და ა.შ.) მიმართ ფიქსირდებოდა დისკრიმინაცია.

ინფრასტრუქტურული პრობლემების გადასაჭრელად, ყაზახეთის მთავრობამ 2019 წელს, დროებით დახურა ყველაზე უარესი პირობების მქონე 4 საპატიმრო, ხოლო 2018-ში – კიდევ 8. როგორც NPM, ასევე – საჯარო მონიტორინგის კომისია, რომლებიც ახორციელებდნენ მონიტორინგს ციხეებში, ავრცელებდნენ ცნობებს საპატიმროებში არსებული ისეთი ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ, როგორიცაა: არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენური პირობები; ცუდი საკანალიზაციო სისტემა  და არასანიტარული საწოლები. PMC ცნობით, ზოგიერთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატიმარს თვეების განმავლობაში არ გააჩნდა წვდომა შხაპზე. ამას გარდა, იყო სამედიცინო მუშაკებისა და მედიკამენტების ნაკლებება, ასევე – გადაადგილების კუთხით არსებული პრობლემები იმ პატიმართათვის, რომელთაც გააჩნდათ შეზღუდული შესაძლებლობა. ბევრი საპატიმროს შემთხვევაში, NPC-ს მიხედვით, პატიმრებს ეზღუდებოდათ წვდომაგარესამყაროსთან და მათი ცოდნა საკუთარი უფლებების შესახებ, იყო ძალიან მწირი. პატიმრები, ასევე, გამოხატავდნენ შეშფოთებას საჭმლის ხარისხზე და ამბობდნენ, რომ ზოგჯერ, მათ ვადაგასული საკვებით კვებავდნენ.

მთავრობა არ გამოუქვეყნებია სტატისტიკა 2019 წელს ციხეებში პატიმართა გარდაცვალების, მათ მიერ თვითმკვლელობის ან თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევების შესახებ. PMC ინფორმაციით, ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა. მაგალითად, 17 სექტემბერს, პატიმარმა ევგენი ბელოვმა სცადა თვითმკვლელობა ჩამოხრჩობით, ხოლო 1 კვირის შემდეგ – მინის ნატეხის გამოყენებით. პენიტენციური კომიტეტის სპიკერმა განაცხადა, რომ ბელოვის ეს ქმედებები, სხვა პატიმრებთან კონფლიქტის შედეგი იყო. თუმცა, ბელოვის დედამ მედიას განუცხადა, რომ მისი შვილი ხშირად ჩიოდა ციხის თანამშრომლების მხრიდან მასზე ზეწოლისა და ძალადობის შესახებ.

შესაბამისი სამსახურები არ ატარებდნენ გამოძიებას, რათა სათანადოდ დაესაჯათ სავარაუდო არასათანადო მოპყრობაში ბრალდებული პირები. უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ციხის ადმინისტრაცია არ იძიებდა პატიმართა საჩივრებს წამების შესახებ და სათანადოდ არ სჯიდა სავარაუდო დამნაშავე თანამშრომლებს. ვრცელდებოდა ცნობები, რომ საპატიმროებში ფიქსირდებოდა ძალადობა და წამება, რომელსაც პატიმრების მიმართ ჩადიოდნენ ე.წ. „ასისტენტ-პატიმრები“; ესენი წარმოადგენდნენ იმ პატიმრებს, რომლებიც ციხის ადმინისტრაციისგან განსაკუთრებულ პრივილეგიებს იღებდნენ, მათ მიერ კონკრეტული ბრძანებების შესრულების სანაცვლოდ.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ომბუდსმენმა მიიღო 148 საჩივარი პირთა წამების, ძალადობისა და სხვა არასათანადო თუ დამამცირებელი მოპყრობის შესახებ. აპრილში მან გამოხატა შეშფოთება ციხეებში წამების და ძალადობის მზარდი შემთხვევების შესახებ. ომბუდსმენმა, ასევე, საჯაროდ გამოაქვეყნა მის მიერ პროკურატურისადმი მიწერილი წერილი, სადაც აკრიტიკებდა აღნიშნული ორგანოს თანამშრომლების მიერ საპატიმროებში წამების შემთხვევების გამოძიების არაეფექტურობას.

ივლისში ვებ-გვერდ Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ ზარეჩნიის საპატიმროს პერსონალი ფიზიკურად უსწორდებოდა პატიმრებს. ვიდეოს ერთერთ მონაკვეთში, პირები სცემდნენ ადამიანს, რომელიც ჰაერში იყო გამოკიდებული უკან გადაგრეხილი მკლავებით. პრეზიდენტმა ტოკაევმა მალევე საჯაროდ მოუწოდა შესაბამის ორგანოების  საქმის გამოძიებისკენ. აგვისტოში, მედიაში გავრცელებული ცნობებით, აღნიშნულ საქმეზე დააკავეს საპატიმროს 7 თანამშრომელი, ხოლო კიდევ 8 (მათ შორის – ციხის უფროსი) – თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა იერლან ტურგუმბაევმა მოინახულა ციხე და განაცხადა: „საპატიმრობში წამება ჩვენი პენიტენციური სისტემის სირცხვილია“.

4 სექტემბერს, პავლოდარის სასამართლომ, პირთა წამებისთვის  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საპატიმროების 13 ყოფილ თანამშრომელს. აღნიშნული საქმე ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, როდესაც პავლოდარის ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი საკანში დანით მიყენებული 130 ჭრილობისგან გარდაცვილი იპოვეს. 3-წლიანი გამოძიების შედეგად, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი გარდაცვალებისა და წამების 26 ფაქტის მტკიცებულებები.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ყაზახეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საპატიმროებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში არსებული ზოგადი პირობები მძიმეა. ამას გარდა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წლის ივლისში, ალმაატის მახლობლად მდებარე ციხის 5 თანამშრომელი დააკავეს და ბრალად წაუყენეს პატიმართა წამება მას შემდეგ, რაც გავრცელდა მათი ქმედების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა.[2]

იგივე Freedom House ყაზახეთში დემოკრატიზაციის და კანონის უზენაესობის კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2020 წლის 6 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ 2015 წლიდან მოყოლებული, ყაზახეთში დაპატიმრებულ პირთა რაოდენობა 21%-ით შემცირდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მოქმედ საპატიმროებსა და დაკავების ცენტრებში, წამების შემთხვევები კვლავაც ფართოდ არის გავრცელებული. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ აწამებენ პატიმრებს ალმატის რეგიონის ზარეჩნის LA155/8საპატიმროში, ყაზახეთის გენერალურმა პროკურორმა დაიწყო ციხეთა და დაკავების ცენტრების ინსპექტირების კამპანია. კამპანიის ფარგლებში იდენტიფიცირებულ იქნა 2500 კანონდარღვევა, რომელთა შორის იყოს როგორც სათანადო სანიტარული პირობების არარსებობის, ასევე – პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. აუდიტმა ასევე აჩვენა, რომ არც ერთ შემოწმებულ კოლონიაში ზოგადი პირობები  არ იყო თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch  ყაზახეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ მიმდინარე წელს, რამდენიმე საქმის ფარგლებში, პირთა წამების გამო პოლიციისა და საპატიმროთა თანამშრომლები გაასამართლეს. თუმცა, 2019 წლის პირველ ნახევარში, სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამების შესახებ მიღებული 119 საჩივრიდან, მხოლოდ 13 გადაიგზავნა სასამართლოში. აგვისტოში, ზერეჩნოეს საპატიმროს 7 თანამშრომელი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა თუ როგორც აწამებდნენ ისინი პატიმრებს. პრეზიდენტმა ტოკაევმა გენერალურ პროკურორს მოუწოდა საქმის „დეტალური გამოძიებისკენ“. თუმცა, უფლებადამცველებმა ოქტომბერში გამოხატეს შეშფოთება იმის შესახებ, რომ მიმდინარე საქმეში დაზარალებულთა ნახევარმა უკან წაიღო ციხის თანაშრომლების წინააღმდეგ ბრალდებები.[4]

საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ყაზახეთის შესახებ 2020 წლის ანგარიშში წერს ეჭვმიტანილებისა და პატიმრების მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ახალი შემთხვევების შესახებ. კერძოდ, კაპჩაგაიში მდებარე საპატიმროს კოლონიის პატიმარმა – ვალერი ცოიმ რამდენჯერმე (23 და 26 აგვისტოს, ასევე – 3 სექტემბერს) განაცხადა, რომ ციხის პერსონალმა ის წამებას დაუქვემდებარა. ცოის მიხედვით, ის ხელკეტებისა და ხის ჯოხების გამოყენებით ცემეს, ხოლო შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დააშინეს, რათა ჩუმად დარჩენილიყო. 1-ელ ოქტომბერს ცოიმ, აღნიშნულის თაობაზე, რეგიონულ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა, რაზეც ალმატის რეგიონის ანტი-კორუფციულმა ბიურომ გამოძიება დაიწყო. პატიმარი მალევე ალმატიში მდებარე წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს. საქმე 24 ნოემბერს, სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო დაიხურა. ანტი-კორუფციულმა ბიურომ დაასკვნა, რომ 4 სექტემბერს ვალერი ცოიმ თავად იპოვა პოლიციელის ხელკეტი, ხოლო შემდგომ საკუთარ თანამესაკნეს სთხოვა, ეცემა იგი. ცოიმ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა, წლის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობით, მისი საქმეკვლავ განხილვის პროცესში იყო.[5]

„გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ ეგიდით შექმნილი „წამების წინააღმდეგ კომიტეტისადმი“ 2018 წლის 5 დეკემბერს ყაზახეთის მთავრობის მიერ გაგზავნილ მეოთხე პერიოდულ ანგარიშში აღნიშნულია ის ნაბიჯები, რომლებიც ყაზახეთის მთავრობის მიერ იდგმება, რათა სათანადოდ იმპლემენტირებული იყოს კონვენციით გათვალისწინებული სხვადასხვა დებულებები.

ანგარიშის მიხედვით,  2015 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი რეგულაციები, რომელთა საფუძველზეც, სისხლისსამართლებრივი წესით გასაამართლეს წამებაში ბრალდებული 63 სამართალდამცავი. მათ უმრავლესობას, სასჯელის სახით პატიმრობა მიესაჯა.ამას გარდა, უშუალოდ საპატიმროებთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაკავებულ პირებს სათანადო წვდომა გააჩნიათ ჯანდაცვაზე, ადექვატურ კვებასა და უნიფორმაზე.

მოქმედი კანონმდებლობით, ყველა დაკავებულ პირს აქვს უფლება მიიღოს სათანადო ჯანდაცვა და მკურნალობა, და რომ აღნიშნული სერვისებით მიღებისას, ისინი სარგებლობენ იგივე სტატუსით, როგორითაც ყაზახეთის მოქალაქეები. აღნიშნულ ჯანდაცვით და სამკურნალო სერვისებს პატიმრებს სამედიცინო დაწესებულებები აწვდიან. ყაზახეთის პენიტენციურ სისტემასგააჩნია 71 სტაციონარული სამედიცინო ერთეული; ღია საპატიმროებში არსებული 14 სამედიცინო ცენტრი და 7 ციხის საავადმყოფო.

რაც შეეხება პატიმრების კვებას, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO) და „გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ მიერ გაცემულ რეკომენდაციების ფარგლებში, მოცემული საკითხი ყაზახეთის მთავრობის მიერ გადახედილ იქნა. კერძოდ, აღნიშნული პროცესის ფარგლებში, დაპატიმრებულ პირთა დღიური რაციონი გაიზარდა 15-დან 26 ერთეულამდე. საკვებ ულუფებში დამატებულ იქნა: კარაქი; რძის პროდუქტები; კვერცხი; მშრალი ხილი; ციტრუსი და სხვადასხვა ხილის წვენი. ანგარიშის მიხედვით, როგორც საპატიმროებში, ასევე – წინასწარი დაკავების დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს კვება დღეში სამჯერ მიეწოდებათ, ხოლო სამედიცინო ჩვენებების მქონე პატიმრებს, ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით – დღეში ოთხჯერ.

აღნიშნულ დოკუმენტში დაფიქსირებულია უშუალოდ ყაზახეთის მთავრობის ოფიციალური პოზიცია და ის არ შეიცავს „წამების წინააღმდეგ კომიტეტის“ კომენტარებს. ანგარიში კომიტეტს გადაეგზავნა 2018 წლის დეკემბერში, ხოლო მასზე დასკვნითი კომენტარები „წამების წინააღმდეგ კომიტეტს“ ჯერ არ გამოუქვეყნებია.[6]

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (RFE/RL) 2020 წლის 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ყაზახეთის ცენტრალურ რეგიონ ყარაღანდიში მდებარე მკაცრი რეჟიმის საპატიმროში გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც პირი, რომელსაც თვალები და პირი ამოკერილი აქვს, საპატიმროში წამების შემთხვევებზე საუბრობს.

„ცენტრალური აზიის რეგიონის პენიტენციურმა დეპარტამენტმა“, აღნიშნული ვიდეოს გავრცელებიდან მალევე, გამოძიება დაიწყო. მათი განცხადებით, ისინი ასევე შეისწავლიან კოლონიაში სხვა პატიმრების მიერ გადაღებულ ვიდეობსაც და თუ მათი ბრალდებები დადასტურდება, ყველა პასუხისმგებელი პირი სათანადოდ დაისჯება.

აღნიშნულ ვიდეოში პირი აცხადებს, რომ ბევრ პატიმარს ყოველდღიურად აწამებენ, რის გამოც ისინი (პატიმრები) მიმართავენ ისეთ უკიდურეს ზომებს, როგორიცაა: ხელების დასერვა; თავის ჩამოხრჩობა; საკუთარი სხეულის დასახიჩრება და ა.შ., რათა გამოხატონ პროტესტი, ან დროებით მაინც აირიდონ წამება, სანამ მიღებული დაზიანებების გამო, გარვკეული პერიოდით, საავადმყოფოში იმკურნალებენ. ის მიმართავს ქვეყნის პრეზიდენტს, გენერალურ პროკურორსა და მინისტრებს დახმარებისთვის. პატიმრის განმარტებით, მათი ყოფა იმდენად აუტანელია, რომ თვალებს და პირს იკერავენ, რათა არ ჰქონდეთ საშუალება ციხის პერსონალი დაინახონ, ან მათ გაესაუბრონ.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ უკანასკნელ წლებში, ყაზახეთში პატიმრებმა არაერთხელ მიმართეს ბუნტს, რათა გაეპროტესტებინათ საპატიმროებში არსებული პირობები. ყურადღების მისაქცევად, ბევრი მათგანი საკუთარ სხეულსაც კი ისახიჩრებდა.[7]

იგივე წყარო 2020 წლის 14 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ყაზახეთმა 82  პენიტენციურ დაწესებულებაში, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, რის გამოც პატიმრების ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვნად შეიზღუდა. გამოცემის მიერ გამოკითხული პირი – იულია ილჩენკო (რომლის ქმარიც ერთერთ საპატიმროში იხდის სასჯელს) აცხადებდა, რომ „პატიმრებს არ აძლევენ პირბადეებს და, ასევე, მათი საკნები არ ექვემდებარება დეზინფექციას“. ამას გარდა, მან ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთის ციხეებში გადავსებულობა მნიშვნელოვანი პრობლემაა და, რომ ზოგჯერ, ერთ საკანს 25 პატიმარიც კი იზიარებს.

სტატიის მიხედვით, უფლებადამცველები აცხადებდნენ, რომ ყაზახეთში, ბევრ საპატიმრო დაწესებულებაში არსებული ზოგადი პირობები პანდემიის დაწყებამდეც არ იყო თავსებადი საერთაშიროსო სტანდარტებთან, ხოლო მას შემდეგ, ბუნებრივია, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. მათ ასევე დაამატეს, რომ ლოქდაუნის ფარგლებში მიღებული ღონისძიებები არღვევს პატიმართა უფლებებს და მათ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას რისკის წინაშე აყენებს.

ორგანიზაციის მიერ გამოკითხული სხვა პირი – ადვოკატი ქუსპანი აცხადებდა, რომ ყაზახეთის ციხეების უმრავლესობაში საკნები ძველი, ბინძური და მცირე ზომისაა, სადაც 4 პირისთვის გათვალისწინებულ საცხოვრებელ ფართს ხშირად 8 ან მეტი პატიმარი იყენებს. ქუსპანი ასევე ამბობდა, რომ საკნებში არ აღწევს არც მზის შუქი და არც სუფთა ჰაერი, ხოლო პატიმრებს ხშირად უწევთ საკვების მიღება ტუალეტების მიმდებარედ, რაც მისი განცხადებით დამამცირებელი და არაჰიგიენურია.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საპატიმროები ვერ უზრუნველყოფენ პატიმართა წვდომას ისეთ ელემენტარულ ჰიგიენურ საშუალებებზე, როგორიცაა: სუფთა თეთრეული, პირბადეები, სადიზინფექციო საშუალებები და მედიკამენტები, რის გამოც, მათ  აღნიშნულ საშუალებებს ოჯახის წევრები უგზავნიან.[8]

[1] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Kazakhstan; published in March 2020; available at

[accessed 16 December 2020]

[2] Freedom House – Freedom in the World 2020 – Kazakhstan; published in March 2020; available at

[accessed 16 December 2020]

[3] Freedom House – Report on democratisation (electoral process, civil society, independent media, governance) and rule of law (corruption) in 2019 – Kazakhstan; published on 6 May 2020; available at

[accessed 16 December 2020]

[4] Human Rights Watch – World Report 2020 – Kazakhstan; published in January 2020; available at

[accessed 16 December 2020]

[5] Amnesty International – Human Rights in Eastern Europe and Central Asia – Review of 2019 – Kazakhstan; published on 16 April 2020; available at

[accessed 16 December 2020]

[6] United Nations Convention against Torture and Other Cruel, Inhuman or Degrading Treatment or Punishment – Fourth periodic report submitted by Kazakhstan under article 19 of the Convention pursuant to the optional reporting procedure, due in 2018* , ** [Date received: 5 December 2018]; available at

[accessed 16 December 2020]

[7] Radio Free Europe/Radio Liberty (RFE/RL) – article “Kazakh Penitentiary Launches Probe After Inmate Video Alleges Widespread Torture”; published on 24 November 2020; available at

[accessed 16 December 2020]

[8] Radio Free Europe/Radio Liberty (RFE/RL) – article„Kazakh Prisoners Packed In Cells, Endure ‘Degrading’ Conditions In Coronavirus Lockdown“; published on 14 September 2020; available at https://www.rferl.org/a/kazakh-prisoners-packed-in-cells-endure-degrading-conditions-in-coronavirus-lockdown/30838547.html [accessed 16 December 2020]

რუსეთი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული ვითარება. ოქტომბერი, 2020

2017 წლის 6-7 ივნისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, თავის 1288-ე შეხვედრაზე დადებითად შეაფასა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმები და მიიღო გადაწყვეტილება CM/Del/Dec(2017)1288/H46-24, რომლის მიხედვითაც, მინისტრთა კომიტეტმა:

„4. დადებითად შეაფასა ხელისუფლების მიერ ფედერალური პენიტენციური სამსახურის მმართველობის ქვეშ მყოფ დაწესებულებებში დაკავების არასათანადო პირობების გამოსწორების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროგრესი; ….

  1. ამ მიმართულებით დადებითად შეაფასა ფედერალური მიზნობრივი პროგრამის – „სასჯელაღსრულების სისტემის განვითარების“ ფარგლებში დაკავების პირობების გაუმჯობესების მიზნით საპატიმრო დაწესებულებების, მათ შორის, სამედიცინო პალატებისა და დაწესებულებების რეკონსტრუქციისა და განახლების მიზნით განხორციელებული ძალისხმევა;
  2. აღნიშნა ინსპექტირებისა და ხელახალი განხილვის მექანიზმის გაძლიერების საკითხი პატიმრობის პირობების კონვენციისეულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
  3. დადებითად შეაფასა, ასევე, პატიმრობის დაწესებულებების გადატვირთულობის პრობლემის აღმოსაფხვრელად სისხლის სამართლის წარმოების ეფექტიანობის ზრდა და წინასწარი პატიმრობის შემთხვევების შემცირება, დაკავების ალტერნატივების გამოყენების გზით; …
  4. ასევე, აღნიშნა, ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რუსეთის სასამართლოებში არსებული ზრდადი პრაქტიკა, დაკავების არასათანადო პირობების გამო ფულადი კომპენსაციის გაცემის შესახებ….“.[1]

***

2019 წლის 4-6 ივნისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა განიხილა რუსეთის ფედერაციის საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები და მიიღო გადაწყვეტილება CM/Del/Dec(2019)1348/H46-23, რომლის მიხედვითაც, მინისტრთა კომიტეტმა:

„6. დადებითად შეაფასა დაკავების პირობების გაუმჯობესების მიმართულებით გაწეული პროგრესი;…..

  1. დადებითად შეაფასა ციხეების გადატვირთულობის შესამცირებლად გატარებული ზომები, განსაკუთრებით, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში თავისუფლების აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების შემცირება; ასევე, წინასწარი პატიმრობისა და მსჯავრდებულთა რაოდენობის 30%-ით შემცირება;
  2. სასამართლო განხილვის ეტაპზე სამართლებრივი დაცვის საშუალებაზე წვდომის საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტმა დადებითაც შეაფასა პრევენციული მექანიზმების ფუნქციონირება, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტებები მტკიცების ტვირთთან, რუსეთის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის საფუძველზე საპატიმრო დაწესებულებებში მყოფი პირების მიერ მტკიცებულებების შეგროვებაში სასამართლოს დახმარების კომპეტენციებთან დაკავშირებით და სასამართლო ბაჟის შემცირებასთან დაკავშირებით.
  3. დადებითად შეაფასა დაკავების პირობების მონიტორინგი საპროკურორო, დეპარტამენტისა და სახალხო დამცველის დონეზე.“[2]

***

რუსეთის ფედერაციის  შესახებ წამების კომიტეტის 2018 წლის 28 აგვისტოს მეექვსე პერიოდული ანგარიშის (CAT/C/RUS/CO/6) მიხედვით,  კომიტეტი მიესალმება რუსეთის ინიციატივებს კონვენციის შესაბამისად თავისი ეროვნული კანონმდებლობის გადახედვასა და შესწორებასთან დაკავშირებით, მათ შორის:

(ა) რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 43-ე და 96-ე მუხლებში 2015 წელს შესულ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც გამომძიებელს ეკისრება ვალდებულება, პატივი სცეს დაკავებული პირების მიერ ნათესავებთან კონტაქტის ქონის უფლებას;

ბ) 2015 წლის 13 ივლისს 260-ე ფედერალურ კანონში, სასჯელაღსრულების კოდექსში შესულ ცვლილებას, რომლის საფუძველზეც ბრალდებულ პირებს გაეზარდათ ყოველთვიური შემწეობა.[3]

კომიტეტი, ასევე, მიესალმება რუსეთის მიერ კონვენციის აღსრულებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს და შესაბამისი პროგრამებისა თუ ადმინისტრაციული ზომების დახვეწას, მათ შორის, ადამიანის უფლებათა კომისრის დანიშვნას 85-ვე ოლქში.[4]

წამების კომიტეტი 2018 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის 24-ე პარაგრაფში მიესალმება წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ კომიტეტთან რუსეთის ფედერაციის აქტიურ თანამშრომლობას და მიესალმება რუსეთის ფედერაციის პოზიტიურ დამოკიდებულებას ვიზიტების შესახებ კომიტეტის მიერ შესაბამისი ანგარიშების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.[5]

წამების კომიტეტი მიესალმება რუსეთის ფედერაციის მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დაკავების პირობების გაუმჯობესებასთან, მათ შორის, სამედიცინო სერვისებზე დაკავებულების წვდომასთან დაკავშირებით 2015 წელს განხორციელებულ რეფორმებს.[6]

***

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 2018 წლის ანგარიშის (A/HRC/WG.6/30/RUS/2) მიხედვით, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში, მოსამარლეთა და იურისტთა დამოუკიდებლობის შესახებ სპეციალურმა მომხსენებელმა დადებითად შეაფასა რუსეთის ხელისუფლების მიერ სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები.[7]

***

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის 9 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე ევგენი მიხაილოვიჩ შმელევი რუსეთის წინააღმდეგ (Yevgeniy Mikhaylovich Shmelev against Russia), სადაც სასამართლო დადებითად აფასებს რუსეთში ბოლო პერიოდში პენიტენციური სისტემის დახვეწის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, ისევე როგორც, სამართლებრივ დახმარებაზე წვდომის უზრუნველსაყოფად გატარებულ ზომებს. სტრასბურგის სასამართლო ასევე დადებითად აფასებს, საპატიმრო დაწესებულებებში პატიმართა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ახლადდაარსებულ ზიანის ანაზღაურების მექანიზმს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე კმაყოფილებაა გამოხატული იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი ხელისუფლება და სასამართლოები კარგად იცნობენ და ითვალისწინებენ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას.

უფრო ვრცლად:

2019 წლის 31 ოქტომბერს და 2020 წლის 10 იანვარს რუსეთის მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს წერილობით აცნობა იმ საკანონმდებლო და პრაქტიკული რეფორმების შესახებ, რომლებიც რუსეთის პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა და რომლებიც მიზნად ისახავდა დაკავების პირობების დახვეწასა და ამ მიზნით სამართლებრივი დაცვის ახალი მექანიზმების დანერგვას.[8] განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებული იყო ახალ ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსზე, სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე და რუსეთის უზენაესი სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე.[9] რუსეთის მთავრობამ სასამართლოს ასევე ინფორმაცია მიაწოდა 2019 წლის 27 დეკემბერს მიღებული „კომპენსაციის აქტთან“ დაკავშირებითაც, რომელიც ადგენს ზიანის ანაზღაურების უფლებას დაკავების პირობების დარღვევების გამო.

2019 წლის 29 აპრილს რუსეთის მთავრობამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წარუდგინა დაკავების პირობებთან დაკავშირებით ანგარიში[10] და სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის 6 აპრილს რუსეთის მთავრობამ დაამტკიცა ფედერალური მიზნობრივი პროგრამა „პენიტენციური სისტემის განვითარება 2018-2026“, რომლის ბიუჯეტიც შეადგენს 54.9 მილიარდ რუბლს (დაახლოებით 763 მილიონი ევრო). აღნიშნული სამოქმედო გეგმა ფარავს როგორც წინა საპატიმრო, ასევე საპატიმრო დაწესებულებებს. 2018 წელს განხორციელდა 135 შენობის რეკონსტრუქცია, 183 წინა საპატიმრო დაწესებულების განახლება, 3 საპატიმრო დაწესებულებისა და 27 სასჯელაღსრულების ცენტრის გახსნა და ა. შ. 2018 წლის დეკემბერში რუსეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებების, კერძოდ, განახლებული 109-ე მუხლის თანახმად, გაიზარდა გამომძიებლის მტკიცების ტვირთი დაკავების საჭიროების დასაბუთების შესახებ. 2016 წლიდან განხორციელებული რეფორმების შედეგად, საპატიმრო დაწესებულებებში მყოფ პირთა რაოდენობა 117,500 პირიდან (2016 წელს) შემცირდა 99,800 პირამდე (2019 წელს). საერთო ჯამში, საპატიმრო დაწესებულებებში მყოფ პატიმართა რაოდენობა 2017 წელთან შედარებით 2018 წელს შემცირდა 7%-ით (2013 წელთან შედარებით 17.2%-ით).

საქმეზე ევგენი მიხაილოვიჩ შმელევი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული „კომპენსაციის აქტით“ დაკავების პირობების დარღვევის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების დადგენილი მექანიზმი არის მარტივი და ხელმისაწვდომი, არ აწესებს მოსარჩელისათვის მიზანშეუწონელ ტვირთს.[11]

სტრასბურგის სასამართლოს ასევე აღნიშნავს, რომ საჩივრების განხილვის მექანიზმი შეიცვას მთელ რიგ პროცედურულ გარანტიებს. საჩივრები განიხილება კანონიერი სასამართლოს მიერ, შეჯიბრებითი და ღია პროცესის გარანტირებით; მოსარჩელეს აქვს შესაძლებლობა ჰყავდეს მის მიერ არჩეული სამართლებრივი წარმომადგენელი. სასამართლოს აქვს შესაძლებლობა წინასწარი ზომები გამოიყენოს, ეს არის მნიშვნელოვანი მექანიზმი განმცხადებლის სხვა დაწესებულებაში გადასაყვანად ან სამედიცინო შემოწმებისთვის.[12]

სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების 115-ე პარაგრაფში განმარტა, რომ: „სასამართლო კმაყოფილია პროცედურის განხორციელებისას არსებული პროცედურული გარანტიებით, როგორიცაა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, სამართლებრივ დახმარებასა და დაცვის სხვა საშუალებებზე წვდომა, რომლებიც დაკავშირებულია შეჯიბრებითობის პრინციპთან. დაკავებულთა სპეციალური მდგომაროების გასათვალისწინებლად მიღებულია შესაბამისი უსაფრთხოების ზომები. არ არსებობს მიზეზი იმ დასკვნის გამოსატანად, რომ პროცესი გონივრულ ვადაში არ წარიმართება ან არ მოხდება ზიანის ანაზღაურება დროულად.“

დაკავების არასათანადო პირობების შემთხვევაში შესაბამისი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ „ახალი კომპენსაციის აქტი, წარმოადგენს, რეალურად ადეკვატურ და ეფექტურ საშუალებას ზიანის ანაზღაურების მისაღებად და განმცხადებლებს დავის მათ სასარგებლოდ გადასაწყვეტად გონივრულ შესაძლებლობას სთავაზობს.“[13]

ამავე გადაწყვეტილების 129-ე პარაგრაფში სტრასბურგის სასამართლომ გამოხატა თავისი კმაყოფილება რუსეთის წინასწარი პატიმრობის დაწესებულებებში განხორციელებული მთელი რიგი პოზიტიური რეფორმების შესახებ.

ამ გადაწყვეტილების 133-ე, 134-ე და 135-ე პარაგრაფებში სასამართლომ დადებითად შეაფასა პენიტენციურ დაწესებულებებში დაკავების პირობების გაუმჯობესების მიმართულებით რუსეთის მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები.

ამავე გადაწყვეტილების 154-ე პარაგრაფის მიხედვით, სტრასბურგის სასამართლომ 2020 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ „კომპენსაციის შესახებ აქტი“ წარმოადგენს ადეკვატურ და ეფექტიან სამართლებრივი დაცვის საშუალებას რუსეთის ფედერაციაში პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთათვის. ამავე გადაწყვეტილების 155-ე პარაგრაფში სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი ყველა იმ პირის სარჩელი,  რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლების დარღვევას რუსეთის პენიტენციურ დაწესებულებებში დაკავების არასათანადო პირობების არსებობის გამო, არ უნდა იქნეს დასაშვებად ცნობილი იმ საფუძვლით, რომ რუსეთშივე არსებობს მათი უფლებების ეფექტიანი დაცვის საშუალება „კომპენსაციის შესახებ აქტის“ სახით.

ამავე გადაწყვეტილების 161-ე პარაგრაფში სტრასბურგის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ხელისუფლების მიერ დაკავების მატერიალური პირობებისა და წინასწარ პატიმრობაში/პატიმრობაში მყოფი პირების რაოდენობის შემცირების საკითხზე. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი დადებითად აფასებს რუსეთის პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებულ რეფორმებს. ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ რუსეთში ეროვნულ დონეზე არსებობს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი მექანიზმები წინასწარ პატიმრობასა და პატიმრობაში მყოფი პირებისთვის.

საბოლოოდ, სასამართლომ დასაშვებად არ ცნო განმცხადებლების საჩივარი რუსეთის ციხეებში კონვენციის მესამე მუხლით დაცული წამების აკრძალვის უფლების დარღვევის შესახებ.[14]

***

ყურადსაღებია, ასევე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2014 წლის 31 ივლისს გამოტანილი განაჩენი საქმეზე ტერშიევი აზერბაიჯანის წინააღდეგ (Case of Tershiyev V. Azerbaijan)[15]:

განმცხადებელი აცხადებდა, რომ რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარებოდა წამებას და მისი სიცოცხლე იქნებოდა საფრთხის ქვეშ, რამდენადაც იგი იყო ჩეჩენი და მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში რუსეთის ფედერალური ძალების წინააღმდეგ.[16]

განაჩენის მე-60, 62-ე და 63-ე პარაგრაფების მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინების მიუხედავად, რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი არ დაექვემდებარებოდა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას.[17]

განაჩენის 61-ე პარაგრაფის მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ გასათვალისწინებელი იყო ის ფაქტიც, რომ მოცემულ საქმეში ექსტრადიცია უნდა განხორციელებულიყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელსაც კონვენციის დებულებების შესრულების ვალდებულება აქვს აღებული.[18]

[1] ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, 1288-ე შეხვედრა, გადაწყვეტილება CM/Del/Dec(2017)1288/H46-24, 2017 წლის 6-7 ივნისი.

[2] ევროპის საბჭო, მინისტრთა კომიტეტი, CM/Del/Dec(2019)1348/H46-23.

[3] რუსეთის ფედერაციის  შესახებ წამების კომიტეტის 2018 წლის 28 აგვისტოს მეექვსე პერიოდული ანგარიში (CAT/C/RUS/CO/6), პარაგრაფი 5.

[4] რუსეთის ფედერაციის  შესახებ წამების კომიტეტის 2018 წლის 28 აგვისტოს მეექვსე პერიოდული ანგარიში (CAT/C/RUS/CO/6), პარაგრაფი 6(e).

[5] რუსეთის ფედერაციის  შესახებ წამების კომიტეტის 2018 წლის 28 აგვისტოს მეექვსე პერიოდული ანგარიში (CAT/C/RUS/CO/6), პარაგრაფი 24.

[6] რუსეთის ფედერაციის  შესახებ წამების კომიტეტის 2018 წლის 28 აგვისტოს მეექვსე პერიოდული ანგარიში (CAT/C/RUS/CO/6), პარაგრაფი 38.

[7] გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 2018 წლის ანგარიში (A/HRC/WG.6/30/RUS/2), პარაგრაფი 29; იხ. ასევე, მოსამარლეთა და იურისტთა დამოუკიდებლობის შესახებ სპეციალური მომხსენებლის 2014 წლის 30 აპრილის ანგარიში (A/HRC/26/32/Add.1), პარაგრაფი 89.

[8] ევგენი მიხაილოვიჩ შმელევი რუსეთის წინააღმდეგ (Yevgeniy Mikhaylovich Shmelev against Russia), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECtHR), Application no. 41743/17,  2020 წლის 9 აპრილი, პარაგრაფი 13 [შემდეგში: შმელევი რუსეთის წინააღმდეგ].

[9] შმელევი რუსეთის წინააღმდეგ, პარაგრაფი 14.

[10] DH-DD(2019)473, იხილეთ ასევე: ევროპის საბჭოს 2019 წლის 4-6 ივნისს გამართული 1348-ე შეხვედრის ოქმი, CM/Notes/1348/H46-21, 2019 წლის 6 ივნისი.

[11] შმელევი რუსეთის წინააღმდეგ, პარაგრაფი 111.

[12] იქვე, პარაგრაფი 112.

[13] იქვე, პარაგრაფი 119.

[14] იქვე, პარაგრაფები 163-164.

[15] ტერშიევი აზერბაიჯანის წინააღმდეგ (Case of Tershiyev V. Azerbaijan), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECtHR), Application no. 10226/13, 2014 წლის 31 ივლისი.

[16] იქვე, პარაგრაფი 51.

[17] იქვე, პარაგრაფები 60, 62, 63.

[18] იქვე, პარაგრაფი 61.

უკრაინა. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული ვითარება. სექტემბერი, 2020

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ საპატიმროებსა და დაკავების ცენტრებში არსებული პირობები კვლავ რჩებოდა მძიმედ, არ იყო თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და, ზოგჯერ, საფრთხეს უქმნიდა პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ფიზიკური ძალადობა, შესაბამისი სამედიცინო სერვისებისა და კვების უკმარისობა, ცუდი სანიტარული პირობები და ადექვატური განათების არარსებობა კვლავაც პრობლემად რჩებოდა. გადავსებულობა ისევ აქტუალურ საკითხს წარმოადგენდა, თუმცა, უფლებადამცველი ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ 2016 წელს გატარებული რეფორმების შედეგად, ვითარება ამ კუთხით, შედარებით გამოსწორდა.

ანგარიშის მიხედვით, ასევე პრობლემას წარმოადგენდა ციხის პერსონალის მხრიდან განხორიცელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები. მაგალითად, მარტში, #26 საპატიმროში ვიზიტისას, არასამთავრობო ორგანიზაცია “Kharkiv Human Rights Protection Group”-ის წარმომადგენლებს პატიმრებმა განუცხადეს, რომ ციხის ადმინისტრაციამ, იმისთვის, რომ თავიდან აერიდებინა სავარაუდო ბუნტი, გამოიძახა სპეც. დანიშნულების რაზმი და მასობრივ ცემას დაუქვემდებარა ისინი. ექსპერტებმა 7 პატიმრის სხეულზე სერიოზული ფიზიკური დაზიანების კვალი დაადასტურეს. 8 სხვა პატიმარი, ინციდენტის შემდგომ, გადაიყვანეს Kryvy Rih-ის საპატიმროში, ხოლო მანამდე, მათივე განცხადებით, აღნიშნული პატიმრები ციხის პერსონალმა დაუქვემდებარა ცემას. საპატიმროს ადმინისტრაციის განცხადებით, პატიმრებმა ჯანმრთელობის დაზიანები თავად, განზრახ მიიყენეს.

გარდა ამისა, ვრცელდებოდა ცნობები უშუალოდ პატიმრებს შორის ერთმანეთზე ძალადობის ფაქტებზეც. მაგალითად, პრესის მიერ მარტში გავრცელებული ცნობების თანახმად, ბერდიანსკის ციხეში ერთმა პატიმარმა მეორე გააუპატიურა, სავარაუდოდ, ციხის ადმინისტრაციის მითითების შესაბამისად. მსხვერპლი,  სავარაუდოდ, 23 წლის სამხედრო მოსამსახურე იყო, რომელიც საპატიმროში პოსტის ნებართვვის გარეშე მიტოვებისთვის იხდიდა სასჯელს. ციხის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფდა, რომ დანაშაული მათი მითითების საფუძველზე მოხდა. პოლიციამ დაიწყო გამოძიება, მაგრამ ოქტომბრის თვის მდგომარეობით, არავინ დაუკავებიათ. პრესის მიხედვით, ადგილობრივი პროკურორი და პოლიციის წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვდნენ მსხვერპლს და მისგან სავარაუდოდ ითხოვნდნენ ხელის მოწერას კონკრეტულ დოკუმენტზე, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ ის მომხდარ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას საპატიმროს ადმინისტრაციას არ აკისრებდა.  ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების მიხედვით, აღნიშნულ საპატიმროზე წარსულში ვრცელდებოდა ცნობები სავარაუდო წამების შესახებ.

ანგარიშის მიხედვით, დაკავების დაწესებულებათა უმრავლესობა იყო მოძველებული და საჭიროებდა რემონტს. დაკავებულები აცხადებდნენ, რომ მათ საკნებში ვენტილაციის კუთხით საკმაოდ მძიმე პირობები იყო, ასევე – ფიქსირდებოდა მწერების ჭარბი რაოდენობა. პოლიციის დროებით და წინასწარი დაკავების ცენტრებში, საპატიმრო დაწესებულებებთან შედარებით, ზოგადი პირობები უფრო ცუდი იყო. ზოგიერთ შემთხვევაში, არ არსებობდა ადექვატური სანიტარული პირობები და შესაბამისი სამედიცინო სერვისები. საკუთარ 2017 წლის ანგარიშში, „ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი“ (CPT) გამოხატავდა შეშფოთებას იმაზე, რომ წინასწარი დაკავების ცენტრებში მყოფ პატიმრებს, ზოგადად, არ ჰქონდათ საკნის-გარეთ აქტივობებზე წვდომა, გარდა ეზოში დღეში ერთსაათიანი ვარჯიშისა.

ფიქსირდებოდა პრობლემები საჭმლის ხარისხის კუთხითაც. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები იღებდნენ დღეში სამჯერად კვებას, ბევრგან აღნიშნული საკვები ფასდებოდა, როგორც „საჭმელად უვარგისი“. პატიმრებში ხშირად გამოკიდებულნი იყვნენ იმ დამატებით საკვებზე, რომელსაც ოჯახებიდან გზავნილების სახით იღებდნენ. CPT აღნიშნავდა, რომ ზოგიერთ წინასწარი დაკავების ცენტრში, დაკავებულებს არ ჰქონდათ მდგრადი წვდომა საკვებსა და სასმელ წყალზე. ამას გარდა, UN SRT-ის მიხედვით, ჰიგიენის პროდუქტების უმრავლესობა, მათ შორის – ტუალეტის ქაღალდი, საპონი და ა.შ. პატიმრებს არ მიეწოდებოდათ და ისინი, ამ კუთხით, დამოკიდებულნი იყვნენ ოჯახებსა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებზე.

გაერო და სხვა სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებდნენ ჯანდაცვითი სერვისების მიწოდების კუთხით არსებულ სისტემურ პრობლემებზე. CPT მიხედვით, დღის წესრიგში იდგა ისეთი პრობლემები, როგორიცაა: კონფიდენციალურობის პრინციპის უგულებელყოფა; დაზიანებების არასათანადო და არაადექვატური აღწერა და შესაბამისი დარგის სამედიცინო სპეციალისტებზე (მათ შორის, გინეკოლოგებსა და ფსიქიატრებზე) არასათანადო წვდომა. დეფიციტი იყო თითქმის ყველა ტიპის მედიკამენტზე და პატიმრები იძულებულნი იყვნენ, ამ ასპექტში, თავიდან ბოლომდე ოჯახებზე ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი. საპატიმროებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში პირობები იყო ცუდი და არაჰიგიენური. ბიუროკრატიული და ფინანსური ხასიათის საკითხები აფერხებდა პატიმართა დროულ გადაყვანას საქალაქო საავადმყოფოებში, რასაც შედეგად მათი გახანგრძლივებული ტრავმა და დაგვიანებული დიაგნოზი სდევდა თან.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინაში პატიმრებსა და დაკავებულებს შეუძლიათ პატიმრობის პირობების შესახებ საჩივრებით მიმართონ სახალხო დამცველს. მიუხედავად ამისა, უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ციხის ადმინისტრაცია ან ცენზურას უქვემდებარებდა აღნიშნულ საჩივრებს, ან ცდილობდა დაერწმუნებინა პატიმრები, არ გამოეყენებინათ აღნიშნული მექანიზმი. ფიქსირდებოდა საჩივრების ავტორი პატიმრების მიმართ სასჯელის დაკისრების და დევნის ფაქტებიც. უფლებადამცველი ჯგუფები ასევე აღნიშნავდნენ, რომ კანონისმიერი ნორმები ყოველთვის არ უზრუნველყოფნდნენ საჩივრების კონფიდენციალურობას, რაც პრობლემას წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ საპატიმროების ადმინისტრაცია ზოგადად, ნებას რთავდა პატიმრებს, მიეღოთ ვიზიტორები, პატიმართა უფლებადამცველი ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ ზოგიერთ ოჯახს ამ კანონიერი უფლების გამოყენებისთვის ქრთამის გადახდა უწევდა.

მთავრობა, ზოგადად, ნებას რთავდა ისეთ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, როგორიცაა – CPT, HRMMU და ომბუდსმენის ოფისი, დამოუკიდებელი სამონიტორინგო საქმიანობა ეწარმოებინათ საპატიმროებსა და დაკავების ცენტრებში.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House უკრაინის შესახებ 2020 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ბევრ საპატიმროში არსებული პირობები არაჰიგიენური და ჯანმრთელობისთვის საშიში იყო.[2]

არასამთავრობო ორგანიზაცია Kharkiv Human Rights Protection group 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერდა, რომ უკრაინის ზოგიერთ პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებს არ გააჩნდათ საკმარისი რაოდენობის საწოლები, რის გამოც, იძულებულნი იყვნენ, ცვლებში ეძინათ.  აღნიშნული პრაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული წინასწარი დაკავების იზოლატორებშიც, სადაც დაკავებულები ასევე უჩიოდნენ განათებისა და სუფთა ჰაერის ნაკლებებობასაც. ამ კუთხით, განსაკუთრებით პრობლემატურია ე.წ. „ტრანზიტული საკნები“, სადაც ერთი ციხიდან მეორეში გადასაყვანი პატიმრები დროებით არიან განთავსებულნი.

ფიზიკური პირობები პენიტენციურ დაწესებულებათა უმრავლესობის შემთხვევაში არადამაკმაყოფილებელია, რაც ძირითადად განპირობებული იყო ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა – საცხოვრებელი ფართის სიმცირე; მძიმე სანიტარული პირობები; სარდაფებში განთავსებული საკნები; განათების და ტემპერატურის კონტროლის კუთხით არსებული პრობლემები; შეზღუდული წვდომა სუფთა ჰაერსა და სასმელ წყალზე და ა.შ. როგორც წესი, ადექვატური საპატიმრო პირობები ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ არასრულწლოვანთათვის; ქალებისთვის და პრივილეგირებული პირებისთვის.

უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ იმ საქმეებში, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დააადგინა, საქმე ეხებოდა საპატიმრო დაწესებულებებში ისეთ სამართალდარღვევებს, როგორიცაა: გადავსებულობა; არაადექვატური სანიტარული და ჰიგიენური პირობები; არასაკმარისი განათება და ვენტილაცია; საკნებში მწერებისა და ობის არსებობა; შხაპზე შეზღუდული წვდომა; შეზღუდული დღის გასეირნება; საკვების დაბალი ხარისხი და ა.შ. აღნიშნული დარღვევები დადგინდა უკრაინის არაერთ რეგიონში მდებარე მრავალ დაწესებულებაში.

ანგარიშის მიხედვით, პატიმრებისთვის განკუთვნილი საკვები სტანდარტები არ იყო თავსებადი ჯანდაცვის სამინისტროსა და „ევროპის საპატიმროთა წესებით“ დადგენილ სტანდარტებთან. საპატიმროთა უმრავლესობის შემთხვევაში, საჭმელს გააჩნდა ცუდი ორგანოლეპტიკური თვისებები; მზა საკვებში არ იყო საკმარისი რაოდენობის ხორცი; ცუდი შესანახი პირობების შედეგად გაფუჭებული საკვები მარაგები მაინც გამოიყენებოდა და ა.შ. ასევე, იყო პრობლემები ციხეებში საკვების დისტრიბუციის თვალსაზრისითაც.

ანგარიშში ასევე აღნიშნუალი, რომ 2018 წელს მიიღეს კანონი პენეტენციური სიტემის ოპტიმიზაციის შესახებ, რომელის ფარგლებშიც, 17 პენიტენციური დაწესებულება დროებით დაიხურა. დახურული ციხეები შეირჩა არა იმ პრინციპით, თუ რამდენად საჭიროებდა შენობა და იქ არსებული ფიზიკური პირობები ოპტიმიზაციისა და რემონტს, არამედ – საპატიმროში არსებულ პატიმართა რაოდენობით. მაგალითად, დაიხურა შოსტიკივსკას N66 ციხე, რომელიც ახალი გარემონტებული იყო და იქ არსებული პირობები სტანდარტებს აკმაყოფილებდა. ხოლო უკრაინაში მოქმედი ბევრი, გაცილებით ცუდი პირობების მქონე საპატიმრო კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას. [3]

უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარის ოფისი საკუთარ 2020 წლის ანგარიშში წერდა, რომ 2018-2020 წლებში, უკრაინის საპატიმროებში კომისიის მიერ განხორიცელებულმა სამონიტორინგო ვიზიტებმა აჩვენა, რომ ადგილი ჰქონდა ისეთ დარღვევებს, როგორიცაა, მაგალითად – პატიმრების მიმართ არალეგალური ფიზიკური ძალის გამოყენება.

2019 წლის დეკემბერში, კროპივნიცკის წინასწარი დაკავების ცენტრში მორიგი სამონიტორინგო ვიზიტისას, კომისიამ მიიღო არაერთი საჩივარი წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ. ციხის ადმინისტრაცია ცდილობდა, დაემალა ჯანმრთელობა დაზიანებულ პატიმართა რეალური რაოდენობა და ასევე, არ აწვიდა მათ შესაბამის სამედიცინო დამხარებას. საბოლოოდ, გაირკვა, რომ ნაცემი იყო 82 დაკავებული და მხოლოდ კომისიის ჩარევის შემდგომ აღუდგათ მათ წვდომა შესაბამის სამედიცინო და იურიდიულ სერვისებზე. წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები (22 შემთხვევა) გამოვლინდა ოლექსიევკას N 25 გამოსასწაორებელ კოლონიაშიც. ორივე ზემოხსენებული შემთხვევის ფაქტზე, უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ გამოძიება დაიწყო.

2018 წლის განმავლობასი, კომისიამ მოქალაქეებისგან მიიღო 1666 საჩივარი პენიტენციურ დაწესებულებებში უფლებადარღვევების შესახებ. 2019 წელს კი ეს რიცხი 1775-მდე გაიზარდა, რომელთაგანაც 1023 ციხეში არაადექვატურ პირობებს ეხებოდა, ხოლო 43 კი – სავარაუდო წამებას.

წინასწარი დაკავების ცენტრებში სამონიტორინგო ვიზიტისას, ფიქსირდებოდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა – პატიმრებისთვის არაადექვატური საცხოვრებელი პირობები; პატიმრებს არ გააჩნდათ ინდივიდუალური საწოლები; საკანთა უმრავლესობა იყო გადავსებული და დაკავებულები იძულებულნი იყვნენ, დაეძინათ ცვლებში. პატიმრების განაწილებისას, ციხის ადმინისტრაცია არ ითვალისწინებდა საკნების ფართობს, რის შედეგადაც, ირღვეოდა პატიმრების უფლებები.

ვიზიტების უმრავლესობისას, გამოვლენილ იქნა, რომ საკნებში არსებული ელექტრო-ენერგიის გაყვანილობა პოტენციურად საშიში იყო პატიმრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ასევე – არღვევდა უკრაინაში მოქმედ კანონს სახანძრო უსაფრთხოების შესახებ.

ამას გარდა, უკრაინის საპტიმროებში, ადგილი ჰქონდა დაკავებული შ.შ.მ. პირების უფლებების დარღვევასაც. კერძოდ, ციხეების ადმინისტრაცია არ უქმნიდა მათ საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებით გათვალისწინებულ და აუცილებელ საცხოვრებელ პირობებს.[4]

[1] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – Ukraine; published in March 2020; available at

[accessed 29 September 2020]

[2] Freedom House – “Freedom in the World 2020 – Ukraine”; published in March 2020; available at

[accessed 29 September 2020]

[3] Kharkiv Human Rights Protection group – Seventh Periodic Report of Ukraine on Implementation of the Convention against Torture and Other Cruel, Inhuman or Degrading Treatment or Punishment; published in January 2020; available at

[accessed 30 September 2020]

[4] The Ukrainian Parliament Commissioner for Human Rights – “Information of the Ukrainian Parliament Commissioner for Human Rights, acting as a national preventive mechanism, on the implementation in Ukraine of the UN Convention against Torture and Other Cruel, Inhuman or Degrading Treatment or Punishment (submitted in the context of the seventh periodic report of Ukraine on the implementation of the Convention at the 70th session of the Committee against Torture )“; published in 2020; available at

[accessed 30 September 2020]

თურქეთი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული ვითარება. აპრილი, 2020

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია კრძალავს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას, თუმცა ადგილობრივი და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი პოლიციის ოფიცერი, ციხის პერსონალი, სამხედრო და სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი მსგავს პრაქტიკას მიმართავს. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, ანკარის ადვოკატთა ასოციაცია, ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სახელისუფლებო აგენტები, დაკავების ცენტრებში, ზოგიერთი პირის მიმართ იყენებენ დაშინებას, არასათანადო მოპყრობას და სავარაუდოდ წამებასაც. ანკარის ადვოკატთა ასოციაციამ გაასაჯაროვა წამების სავარაუდო მსხვერპლთა დეტალური ინტერვიუები, სადაც ისინი საუბრობენ მათ მიმართ მოპყრობაზე. თურქეთის ეროვნული პოლიცია მსგავსი შინაარსის ბრალდებებს უარყოფს.

2018 წლის თებერვალში გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებზე, ნილს მელზერი, სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამდა თურქეთის პოლიციის საპატიმროებში წამებისა და სხვა არაადამიანური მოპყრობის შესახებ მზარდი ბრალდებების თაობაზე. მელზერი აღნიშნავდა, რომ დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც კავშირში იყვნენ გიულენის მოძრაობასთან ან ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, აცხადებდნენ არასათანადო მოპყრობის შესახებ; კერძოდ, აღიარებითი ჩვენებისა თუ სხვათა დადანაშაულების მიზნით მათ მიმართ დაკითხვის სასტიკი მეთოდების გამოყენების შესახებ. აღნიშნული სასტიკი მეთოდები მოიცავდა ცემას, ელექტროშოკის გამოყენებას, ცივი წყლის დასხმას, ძილის შეწყვეტას, დაშინებას, თავდასხმას და სექსუალურ ძალადობას. სპეციალური მომხსენებელი აცხადებდა, რომ ხელისუფლება არ დგამდა სათანადო ნაბიჯებს მსგავსი შინაარსის ბრალდებების სათანადო გამოძიებისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მიმართულებით.

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები საუბრობენ წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ პოლიციის საკნებში. მათი მტკიცებით, ასეთი პრაქტიკა უფრო გარცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების პოლიციის ზოგიერთ განყოფილებაში. ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, მათ მიიღეს 65 საჩივარი სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მისდევს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას პოლიციის მხრიდან წამების გამოყენების საკითხში, უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან სერიოზული ქმედებებს ადგილი არ აქვს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იგივე ანგარიშში წერს, რომ თურქეთის ციხეები ზოგადად შეესაბამება გაეროს სპეციალური მომხსენებლის სტანდარტებს ფიზიკური პირობების, როგორიცაა მაგალითად, ინფრასტრუქტურა და საბაზისო აღჭურვილობა, კუთხით. აღსანიშნავი გამონაკლისია გადატვირთულობა, რომელიც თავის მხრივ, იწვევს პრობლემებს პატიმართა სათანადო ჯანდაცვის უზრუნველყოფის კუთხით. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წელს ხელისუფლებამ მოიძია დაფინანსება დამატებითი საპატიმროებისთვის.

ციხეების გადატვირთულობა სერიოზული პრობლემაა. თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის 353 საპატიმრო 218 950 პატიმარზეა გათვლილი, პატიმართა რაოდენობა კი 286 ათასია. ოფიციალური სტატისტიკის არ არსებობის პირობებში, დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ გასული წლის განმავლობაში 3 ათასი პატიმარი სამარტოო საკანში იყო გამწესებული. სამარტოო საკნის გამოყენების პრაქტიკამ იმატა, რაც დამკვირვებლების ვარაუდით, დაკავშირებულია ციხეებში თვითმკვლელობის მზარდ მაჩვენებელთან.

არასრულწლოვანი პატიმრები, იმ შემთხვევაში თუ ცალკე დაწესებულება არაა ხელმისაწვდომი, იმყოფებიან იმავე საპატიმროებში, სადაც სრულწლოვანი პატიმრები, თუმცა განცალკევებულ სექციებში. ნებადართულია ექვს წლამდე ასაკის ბავშვების ყოფნა პატიმარ დედებთან. წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები იმავე დაწესებულებებში არიან, სადაც მსჯავრდებულები.

ხელისუფლება არ აქვეყნებს მონაცემებს ციხეში არსებული პირობების ან ციხის თანამშრომელბის ქმედებების შედეგად გარდაცვლილი პატიმრების შესახებ. ადგილობრივი მედიის მტკიცებით, იზმირის ციხეში, რვა თვის განმავლობაში 14 პატიმარი გარდაიცვალა. მედიასაშუალების მტკიცებით, არსებულმა გადატვირთულობამ და სათანადო ჰიგიენისა და საკვების ნაკლებობამ ეპიდემიის გავრცელება გამოიწვია, რის გამოც კარანტინის დაწესება გახდა აუცილებელი.

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ამტკიცებენ, რომ პატიმრები ხშირად განინდიან სასმელი წყლის, სათანადო გათბობის, ვენტილაციის, განათების, საკვებისა და ჯანდაცვის სერვისების ნაკლებობას. იგივე პრობლემების შესახებ 2019 წლის სექტემბერში პარლამენტის დაკავებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის კომიტეტის წევრმაც განაცხადა.

2019 წლის სექტემბერში იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტისადმი მოხსენებაში განაცხადა, რომ 1300-ზე მეტი სამედიცინო მუშაკი ემსახურებოდა 286 ათას პატიმარს; მათ შორის იყო 6 ექიმი, 65 სტომატოლოგი და 805 ფსოქოლოგი. უფლებადამცველი ასოციაციები სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამდნენ ციხის ექიმების ნაკლებობის გამო. ადამიანის უფლებათა ასოციაციის ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბერში 1334 პატიმარი იყო ავად ქვეყნის ციხეებში და მათგან 457 მძიმე მდგომარეობაში.

უფლებადამცველი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ექიმები, მათ მიმართ შემდგომი რეპრესიების შიშის გამო, ხელს არ აწერენ სამედიცონო დოკუმენტაციას, რომელიც პატიმრების სავარაუდო წამებას ასახავს. შედეგად, პატიმრები ვერ ახერხებენ მათ მიმართ სავარაუდო წამების დამადასტურებელი სამდიცინო დოკუმენტაციის მოპოვებას. მთავარ პროკურატურას აქვს ფართო დისკრეცია, განსაკუთრებით ანტიტერორიტული კანომდებლობით, რომ პირები, ვისაც მიიჩნევენ საზოგადოების უსაფრთხოებისთვის საფრთხის მატარებლად, განამწესონ წინასწარ პატიმრობაში, მიუხედავად სამედიცინო დოკუმენტებით დადასტურებული სერიოზული ავადმყოფობისა.

ხელისუფლებამ რიგ შემთხვევებში, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის სარწმუნო ბრალდებების შემთხვევებში, დაიწყო გამოძიება, თუმცა არ გაუსაჯაროვებია გამოძიების შედეგები ან ინფორმაცია დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის შესახებ. მთავრობა არ ასაჯაროვებს ინფორმაციას ციხეში სავარაუდო ძალადობის შესახებ. ზოგიერთი უფლებადამცველი ორგანზიაცია ამტკიცებს, რომ პატიმრებს ხშირად თვითნებურად უკრძალავენ ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან შეხვედრას.

მთავრობა ნებას რთავს ზოგიერთ დამკვირვებელს, მათ შორის პარლამენტარებს, მოინახულონ საპატიმრო დაწესებულებები. მთავრობა ციხეების მონიტორინგის ნებას არ რთავს არასამთავრობო ორგანიზაციებს.[1]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Freedom House“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, რომ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ხელისუფლების მხრიდან წამების გამოყენება კვლავ რჩება აქტუალურ საკითხად. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები წამებას და სხვა არაადამიანურ მოპყრობას იყენებენ კონკრეტული პროფილის პირების მიმართ, ესენი არიან გიულენის მოძრაობის წევრები, ქურთები და მემარცხენეები. პროკურატურა მსგავს ბრალდებებს არ იძიებს.[2]

საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის შესახებ წერს, რომ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გაზრდილი იყო ბრალდებები წამებისა და სხვა არაადამიანური მოპყრობის შესახებ; თუმცა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად, აღნიშნული მიმართულებით, თურქეთში პროგრესი შეინიშნება. მსგავსი მოპყრობის ობიექტები არიან ქურთები, მემარცხენეები და ფეთჰულა გიულენის მიმდევრები.

ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ორი ვიზიტი განახორციელა თურქეთში, მათ შორის უკანასკნელი 2019 წლის მაისში, თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ კომიტეტს ანგარიშის გამოქვეყნების ნებართვა არცერთ შემთვევაში არ მისცა.[3]

[1] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2019 – Turkey, 11 March 2020

 (accessed on 31 March 2020)

[2] Freedom House: Freedom in the World 2020 – Turkey, 4 March 2020

 (accessed on 31 March 2020)

[3] HRW – Human Rights Watch: World Report 2020 – Turkey, 14 January 2020

 (accessed on 31 March 2020)