დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 აგვისტო, 2018

ავღანეთში არსებული ვითარება – ავღანეთის დედაქალაში მორიგი თავდასხმა მოხდა. შეიარაღებული პირები ქაბულში მდებარე არმიის საწვრთნელ ცენტრს დაესხნენ თავს. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ არ გავრცელებულა. წინა დღისით, ქაბულში, სასწავლო დაწესებულებაზე მიტანილი იერიშის შედეგად კი 48 ადამიანი გარდაიცვალა და 67 დაშავდა.[1]

ავღანეთის პრეზიდენტმა დაჯგუფება „თალიბანის“ წინააღმდეგ 3 თვით ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ბრძანება ძალაში იმ შემთხვევაში შევა თუ თალიბანი ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. აღნიშნული გადაწყვეტილება ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დადგომასთანაა დაკავშირებული. პრეზიდენტი აშრაფ ღანი თალიბანს საპასუხო ნაბიჯის გადადგმისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს.[2]

„თალიბანის“ წევრებმა კუნდუზის რეგიონში 3 სამგზავრო ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცეს. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ავღანეთში 170 გატაცებული ტყვის გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობდა.[3] ოპერაციის შედეგად გატაცებულების დიდი ნაწილი – 149 ადამიანი გაათავისუფლეს, მათ შორის ქალები და ბავშვები.[4]

ქაბულში, პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. ამ დროს ქვეყნის პრეზიდენტი ყურბან-ბაირამის დღესასწაულთა დაკავშირებით სიტყვით გამოდიოდა. შემთხვევა დილით მოხდა. დაშავებულების შესახებ ან სხვა რაიმე დეტალები შემთხვევის შეასხებ არ გავრცელებულა.[5]

ერაყის უზენაესმა სასამართლომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები დაამტკიცა – ერაყის უზენაესმა სასამართლომ 12 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგები კანონიერად ცნო და გამარჯვებულ პარტიებს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 90-დღიანი კონსტიტუციური ვადა მისცა. ივნისში გახდა ცნობილი, რომ არჩევნების შედეგებს ხელახლა დაითვლიდნენ. გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის მთავრობამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საარჩევნო პროცესში მასობრივი დარღვევების შესახებ გახდა ცნობილი. არჩევნების შედეგების დამტკიცების შემდეგ კანონმდებლებს 90 დღის ვადაში პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა მოუწევთ, შემდეგ პრეზიდენტის და ბოლოს პრემიერმინისტრისა და მისი კაბინეტის. ერაყში საპარლამენტო არჩევნები 12 მაისს გაიმართა. მასში მონაწილეობას 29 საარჩევნო ბლოკი იღებდა, რომელიც 200 სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პარლამენტში 369 ადგილისთვის 7,000-ზე მეტი კანდიდატი იბრძოდა. არჩევნებში კოალიცია „საირუნმა“ გაიმარჯვა, რომელსაც შიიტი მქადაგებელი მუქთადა ალ-სადრი ხელმძღვანელობს.[6]

პაკისტანის პრემიერი კრიკეტის გუნდის ყოფილი კაპიტანი გახდა – იმრან ხანმა ფიცი 18 აგვისტოს დადო. ის ამ თანამდებობაზე პაკისტანის ეროვნულმა ასამბლეამ აირჩია. მისმა პარტიამ, „მოძრაობა სამართლიანობისთვის“ ივლისის არჩევნებში გაიმარჯვა. პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ 272-მანდატიანი პარლამენტიდან 116 ადგილის მიღება შეძლო. უმრავლესობის ფორმირებისთვის კი, 137 მანდატის მოპოვება იყო საჭირო და ხანს სამთავრობო კოალიციის შექმნა დასჭირდა. იმრან ხანს პაკისტანის ნაკრებში საერთაშორისო დებიუტი 1971 წელს ჰქონდა, 1982 წელს კი გუნდის კაპიტანი გახდა. 2002-2007 და 2013-2018 წლებში ხანი პაკისტანის ეროვნული ასამბლეის წევრი იყო. იმრან ხანის მოძრაობას მხარს უჭერენ სხვადასხვა დაჯგუფებები, რომელთაგან ზოგიერთი ძალიან სადავოა, ერთ-ერთი კი, როგორც ამტკიცებენ, დაკავშირებულია „ალ ქაიდასთან“.

პაკისტანში საყოველთაო არჩევნები 25 ივლისს გაიმართა, რომელშიც ათობით მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. არჩევნების პროცესს მშვიდად არ ჩაუვლია – ქალაქ კვეტაში კენჭისყრის დღეს, ბომბის აფეთქების შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პარტიული აქტივისტების შეიარაღებულ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა. ქვეყნის სხვადასხვა ადგილას შედარებით პატარა აფეთქებები მოხდა და დაპირისპირებული პარტიის ფუნქციონერებს შორის შეტაკებების გამო ორი ადამიანი დაიღუპა და ათამდე დაშავდა. წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო კვირებში მოკლეს 180 ადამიანი, მათ შორის პარლამენტის დეპუტატობის სამი კანდიდატი.[7]

კონგოში კვლავ ებოლას ებრძვიან – კონგოში ებოლას ვირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 47-ს მიაღწია. გავრცელებული ცნობით, კიდევ 63 ადამიანი დაინფიცირებულია. ეპიდემიის მორიგი ტალღა ქვეყანაში 1-ელ აგვისტოს გამოცხადდა. მას შემდეგ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოსახლეობის აცრა დაიწყო. 24 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონგოში ებოლას ეპიდემია დასრულდა. ებოლას ვირუსი საშიში დაავადებაა, რომელიც შიდა სისხლდენას იწვევს და ხშირად ადამიანის გარდაცვალებით სრულდება. ვირუსი დაავადებულ ადამიანთან კონტაქტით ვრცელდება და ადრეულ სტადიაზე გრიპის მსგავსი სიმპტომები აქვს.[8]

ეპისკოპოსის მკვლელობისთვის ეგვიპტეში კოპტური ეკლესიის 2 ბერი დააკავეს – ეგვიპტეში კოპტური ეკლესიის 2 ბერი დააკავეს. პოლიციამ საეკლესიო პირები მას შემდეგ აიყვანა, რაც მონასტრის ეპისკოპოსი მოკლული იპოვეს. ეპისკოპოს ეპიპტანუსის ცხედარი პოლიციამ 29 ივლისს მონასტერში იპოვა. ძალოვანი უწყების წარმომადგენლების თქმით, მკვლელობის მიზეზი განსხვავებული შეხედულებები გახდა, რის გამოც ვაელ საადი და რემონ რაზმი მანსური ეჭვიმიტანილები არიან მკვლელობაში. მომხდარმა ეგვიპტის კოპტური ეკლესია შოკში ჩააგდო. გამოცემის ინფორმაციით, ბერები სასამართლოს წინაშე მალე წარდგებიან, თუმცა ჯერ უცნობია როდის.[9]

საუდის არაბეთში ქალთა უფლებების დამცველს სიკვდილით დასჯიან – ელ-ქატიფში სიკვდილით დასჯიან 5 აქტივისტს, რომლებიც 2011 წლიდან აქციებს მართავდნენ. ისინი შიიტი მუსლიმები არიან და სუნიტი ხელისუფლებისგან დისკრიმინაციას აპროტესტებდნენ. სიკვდილმისჯილთა შორისაა ისლა ალ-ღომღამი (Israa al-Ghomgham), ქალი, რომელიც პირველი ქალია საუდის არაბეთში, რომლის განაჩენიც უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობს უკავშირდება. ის და მისი ქმარი 2015 წლის დეკემბერში დაიჭირეს. მათ ბრალი ედებათ ისეთ აქტივობებში, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენა. ის 2011 წლის მასობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა და მიმდინარე მოვლენებს დოკუმენტურად აღწერდა. 2015 წლიდან ის დამამის ციხეშია. „Human Rights Watch“ საუდის არაბეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას „საშიშ პრეცედენტად“ აფასებს.[10]

[1] Tolo News; Attack on NDS training center ends after 6-hour battle; 16 August, 2018; available at: https://www.tolonews.com/afghanistan/gunmen-open-fire-ana-training-center-kabul

[2] Reuters; Afghanistan announces Muslim Eid holiday ceasefire with Taliban; By Rupam Jain, Sayed Hassib; 19 August, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-ceasefire/afghanistan-announces-muslim-eid-holiday-ceasefire-with-taliban-idUSKCN1L40GB

[3] იმედის ახალი ამბები; თალიბებმა ავღანეტში 3 სამგზავრო ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცეს; 20 აგვისტო, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/74565/talibebma-avganetshi-3-samgzavro-avtobusi-mgzavrebianad-gaitatses

[4] The Washington Post; Afghan forces free 149 people taken by Taliban; 20 August, 2018; available at: https://www.washingtonpost.com/world/asia_pacific/the-latest-afghan-forces-free-149-people-taken-by-taliban/2018/08/20/b0fa37b4-a452-11e8-ad6f-080770dcddc2_story.html?noredirect=on&utm_term=.c7751e24bd9c

[5] Tolo News; Rocket attack on Kabul during Ghani’s Eid Ceremony; 21 August, 2018; available at: https://www.tolonews.com/afghanistan/rocket-attack-kabul-during-ghani%E2%80%99s-eid-ceremony

[6] Reuters; Iraqi Supreme Court ratifies May election results; 19 August, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-election/iraqi-supreme-court-ratifies-may-election-results-idUSKCN1L40CS?il=0

[7] BBC; Imran Khan confirmed as Pakistan prime minister; 17 August, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-45219455

[8] Reuters; Militia threat hampers Ebola fight in Congo as disease kills 47; By Stephanie Nebehay; 17 August, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-health-ebola-who/militia-threat-hampers-ebola-fight-in-congo-as-disease-kills-47-idUSKBN1L20VB

[9] BBC; Coptic monks charged with bishop’s murder in Egypt; 19 August, 2018; availbale at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-45239401

[10] BBC; Saudi Arabia seeks death penalty for woman activist; 22 August, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-45270224?ns_source=facebook&ns_campaign=bbcnews&ocid=socialflow_facebook&ns_mchannel=social

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 ივლისი, 2018

ინდოეთში 11 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის 17 ბიჭი დააკავეს – ტამილნადუს შტატში, ქალაქ ჩენაიში 17 ბიჭი 11 წლის გოგოს რამდენჯერმე გაუპატიურებისთვის დააკავეს. ცნობილია, რომ ისინი მიმდინარე წლის იანვრიდან არაერთხელ დაესხნენ თავს არასრულწლოვანს და ჯგუფურად გააუპატიურეს. ბრალდებულთა უმეტესობა სკოლის მოსწავლეა. ბრალდებულები სასამართლოს შენობაში გაძლიერებული დაცვის თანხლებით შეიყვანეს, რადგან შენობასთან გოგოს ათობით ნათესავი და უცხო ადამიანები იყვნენ შეკრებილნი. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ბავშვის გაუპატიურების საქმეზე ეჭვმიტანილთა რაოდენობა გაიზარდოს. დაკავებულთაგან 4-მა ბრალი უკვე აღიარა. ერთი თვის  წინ ინდოეთი ქალებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნად დასახელდა. აქ გაუპატიურების შესახებ ყოველდღიურად ასობით განცხადება რეგისტრირდება, თუმცა რამდენ მსხვერპლს ეშინია ამის გაცხადება, უცნობია.[1]

ეთიოპიასა და ერიტრეას შორის პირველი ავიარეისი შესრულდა – ეთიოპიასა და ერიტრეას შორის 20 წლის შემდეგ პირველად, ავიარეისი შესრულდა. ორ ქვეყანას შორის საომარი მდგომარეობა ცოტა ხნის წინ გაუქმდა. პირველი რეისის მგზავრებს შამპანურები და ვარდები დაურიგეს. ეთიოპიის ავიახაზების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ „ერიტრეაში მშვიდობის მტრედი გაფრინდა“. რამდენიმე დღის წინ ერიტრეას პრეზიდენტი ქვეყნებს შორის კონფლიქტის დასრულების შემდეგ ეთიოპიაში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

ქვეყნებს შორის ყველა დიპლომატიური კავშირი ჯერ კიდევ 1998 წელს გაწყდა. მაშინ, როცა ეთიოპიასა და ერიტრეას შორის ომი დაიწყო. ორი წლის განმავლობაში, 2000 წლამდე ომს ათობით ათასი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა. სამხედრო კონფლიქტი ტერიტორიების კონტროლის მოსაპოვებლად მიმდინარეობდა. ომი 1998 წლის 6 მაისს დაიწყო. 12 მაისს ერიტრეის შეიარაღებულმა ჯარებმა ბადმა დაიკავეს. ამას მოჰყვა ერიტრეის ტერიტორიაზე მასირებული ავიადარტყმები. ერიტრეელებმა ფრონტის გარღვევა შეაჩერეს, მაგრამ, დაბომბვას ათასობით ჯარისკაცი ემსხვერპლა. 2000 წლის მაისსა და ივნისში ეთიოპიის ძალებმა ერიტრეელები გააძევეს კონფლიქტური ზონებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ომი ეთიოპიის სამხედრო გამარჯვებით დასრულდა, საერთაშორისო სასამართლოში გამარჯვება ერიტრეამ მოიპოვა. ეთიოპიაში 30-დან 42 ათასამდე ერიტრიელი ლტოლვილი ცხოვრობს.[2]

საუდის არაბეთში ავიაციის აკადემია პირველად მიიღებს ქალ სტუდენტებს – საუდის არაბეთში ქალებს ავტომობილების მართვის შემდეგ, უკვე საჰაერო საშუალებების მართვის სწავლის საშუალებაც მიეცათ. ქალაქ დამამში ავიაციის აკადემიამ უკვე დაიწყო განაცხადების მიღება. აკადემიაში მოსახვედრად განაცხადი უკვე ასობით ქალმა შეავსო. ისინი სწავლას სექტემბრიდან დაიწყებენ. „Oxford Aviation Academy“ საუდის არაბეთში $300 მილიონად შეფასებულ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივები თანამედროვე სიმულაციური ტექნიკით თვითმფრინავების მართვას სწავლობენ.[3]

ირანში განხორციელებულ თავდასხმას 10 სამხედრო ემსხვერპლა – 10 ირანელი მესაზღვრე ერაყის საზღვართან ახლოს მოკლეს. ინფორმაციას ირანის ერთ-ერთი ახალი ამბების სააგენტო ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმელების ვინაობა უცნობია. ქურთისტანის პროვინციაში ირანელი სამხედროების განეიტრალების შემდეგ თავდამსხმელებმა ტყვია-წამალის საწყობი ააფეთქეს. ერაყის საზღვარზე, ბოლო წლების განმავლობაში თავდასხმების დროს დაღუპული ირანელი ჯარისკაცების რიცხვმა შემაშფოთებელ ნიშნულს მიაღწია. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.[4]

პაკისტანში პოლიტიკური პარტიის კანდიდატი აფეთქებას ემსხვერპლა – პაკისტანში არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება და დაძაბულობა პიკს აღწევს. კრიკეტის ყოფილი მოთამაშე და ერთერთი პოლიტიკური პარტიის კანდიდატი იმრან ხანი აფეთქებას ემსხვერპლა. ინციდენტის დროს დაშავდა ოთხი ადამიანი. უბედური შემთხვევა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ხუბერ-პახტუნხვას პროვინციაში, პოლიტიკური მსვლელობის დროს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ივლისში, წინასაარჩევნო კამპანიისას განხორციელებულ აფეთქებებს სულ 149 ადამიანი ემსხვერპლა. პაკისტანში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 25 ივლისს არის დაგეგმილი.[5]

ქაბულის აეროპორტში ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო – ქაბულში, ჰამიდ კარზაის სახელობის აეროპორტის შესასვლელთან აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც აეროპორტში ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი აბდულ-რაშიდ დუსტუმი ჩამოვიდა, რომელიც მანამდე ქვეყნიდან ადამიანების წამებისა და გატაცებაში ბრალდების გამო გაიქცა. თვითმკვლელი ტერორისტი აეროპორტის დაცვამ შენიშნა და მას ვიცეპრეზიდენტამდე მისვლის საშუალება აღარ მისცა, ამ დროს კი ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამუშავა. აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. შემთხვევა 22 ივლისს მოხდა.[6]

ერაყში ისლამური სახელმწიფო მებრძოლები სამთავრობო შენობას თავს დაესხნენ – ერაყის ქურთისტანის ქალაქ ერბილში 3 შეიარაღებული მებრძოლი ადმინისტრაციულ შენობას თავს დაესხა. ამ დროისთვის სამივე თავდამსხმელი მოკლულია, შენობის შტურმი კი დასრულებული. ოპერაციისას 1 მძევალი დაიღუპა, 1 სამართალდამცველი და სპეცსამსახურების 3 თანამშრომელი კი დაშავდნენ. მთავრობის ცნობით, თავდამსხმელები დაჯგუფება ისლამურ სახელწმიფოსთან იყვნენ დაკავშირებულები.[7]

სომალიში სამხედრო ბაზაზე თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა – სომალიში ტერორისტული დაჯგუფება ალ შაბაბი ქვეყნის სამხრეთით, საპორტო ქალაქ კისმაიოსტან მდებარე სამხედრო ბაზას თავს დაესხა. შემთხვევას ტერორისტული დაჯგუფების 10 მებრძოლი და 5 სომალელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. თავდასხმა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ტერორისტი მებრძოლის დანაღმული ავტომობილით შეჭრით დაიწყო. მას რამდენიმე მხრიდან შეუერთდნენ მძიმედ შეიარაღებული სხვა მებრძოლები. ალ შაბაბის დაჯგუფების ინფორმაციით, დაღუპულია არა 15, არამედ – 27 ჯარისკაცი. ალ შაბაბი არის ალ ქაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფება, რომელიც ქვეყანაში გაეროს მიერ მხარდაჭერილი სომალის მთავრობის დამხობისთვის იბრძვის. სომალიში ამჟამად აფრიკის კავშირის სამხედრო ძალების 22 ათასი მებრძოლია, რომლებიც ქვეყნის მთავრობას ტერორისტებთან ბრძოლაში ეხმარებიან.[8]

[1] BBC; India rape: 17 man accused of multiple attacks on 11-year-old girl in Chennai; 18 July, 2018; available at: https://www.bbc.co.uk/news/world-asia-india-44877729

[2] BBC; Ethiopian Airlines makes historic flight to Eritrea; 18 July, 2018; available at: https://www.bbc.co.uk/news/world-africa-44870778

[3] The National; Saudi aviation academy to train first women pilots; 18 July, 2018; available at: https://www.thenational.ae/world/gcc/saudi-aviation-academy-to-train-first-women-pilots-1.751643

[4] Times of Islamabad; Iraian military 10 soldiers killed in a deadly border attack; 21 July, 2018; available at: https://timesofislamabad.com/21-Jul-2018/iranian-military-10-soldiers-killed-in-a-deadly-border-attack

[5] Reuters; Candidate of Imran Khan’s party killed in bombing days before Pakistan election; By Saud Mehsud; 22 July, 2018; available at: https://uk.reuters.com/article/uk-pakistan-election-attack/candidate-of-pakistani-political-party-killed-in-suicide-attack-at-rally-idUKKBN1KC0DU

[6] Reuters; Islamic State claims suicide bombing targeting Afghan vice president Amaq; 22 July, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-dostum-claim/islamic-state-claims-suicide-bombing-targeting-afghan-vice-president-amaq-idUSKBN1KC0Q4?il=0

[7] Al Jazeera; Iraq: Deadly standoff in Erbil governorate building ends; 23 July, 2018; available at: https://www.aljazeera.com/news/2018/07/gunmen-storm-governorate-building-iraq-erbil-official-180723065501918.html

[8] Daily Sabah Africa; 15 killed after al-Shabaab militants storm Somali military base; 23 July, 2018; availbale at: https://www.dailysabah.com/africa/2018/07/23/15-killed-after-al-shabaab-militants-storm-somali-military-base

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 ივლისი, 2018

ერაყში თვითმკვლელმა ტერორისტმა საარჩევნო ურნების საწყობთან თავი აიფეთქა – აფეთქებისას დაშავდა 19 პირი. უშიშროების სამსახურის თანახმად, თვითმკვლელმა, რომელიც მანქანით მოძრაობდა, აფეთქება მოაწყო საწყობის ჭიშკართან ქალაქ კირკუკში, ხმების ხელმეორედ დათვლის წინა დღეს. საწყობის შენობა დაზიანდა, მაგრამ ურნები ბიულეტენებით უვნებელი გადარჩა, განაცხადა კირკუკის გუბერნატორმა, რაკან ალ-ჯურუბიმ. დაშავებულთა შორის არიან პოლიციელები, ანტიტერორისტული რაზმის წევრები და სამოქალაქო პირები. ზოგიერთი ცნობით, ერთი პირი გარდაიცვალა. 12 მაისის არჩევნების თავდაპირველი შედეგების თანახმად, ხმების უმრავლესობა მოიპოვა ალიანსმა, რომელსაც მეთაურობს შიიტი სასულიერო პირი მუქთადა ალ-სადრი. მაგრამ კენჭისყრა დაჩრდილა ბრალდებებმა გაყალბებების შესახებ. ბიულეტენების ხელმეორედ დათვლა უნდა მოხდეს, მათ შორის, ქალაქ კირკუკშიც. ასევე, ივნისის დასაწყისში დაიწვა საწყობი, სადაც ინახებოდა ბაღდადის ალ-რუსაფას რაიონის ბიულეტენები. ამ ინციდენტს ერაყის პრემიერმინისტრმა, ჰაიდარ ალ-აბადიმ უწოდა „შეთქმულება“, რომლის მიზანი ერაყის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაა.[1]

საუდის არაბეთში კაცებმა ქალს მანქანის მართვა აუკრძალეს და ავტომობილი დაუწვეს – საუდის არაბეთში ერთი თვის წინ ქალებს მართვის მოწმობების აღებისა და ავტომობილების მართვის უფლება მისცეს, თუმცა ადგილობრივი კაცები ამას ირონიით უყურებენ. ერთერთ მძღოლ ქალს, სალმა ალ შარის, რომელიც მექას პროვინციაში, პატარა სოფელში ცხოვრობს, კაცებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომობილი დაუწვეს. კაცებმა მას მოსთხოვეს, შეეწყვიტა მანქანის მართვა, რადგან ამით ის „ეწინააღმდეგებოდა ღმერთის ნებას“. როცა ქალმა მათ ყურადღება არ მიაქცია, კაცებმა მას ავტომობილი დაუწვეს. 31 წლის ქალი ამას ბარბაროსობას უწოდებს. შეზღუდვის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მიიღეს. ივნისში კი ქალებმა პირველი მართვის მოწმობა აიღეს.[2]

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება – თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმა განაცხადა, რომ 9 ივლისს თურქეთში საგანგებო მდგომორეობა გაუქმდება, რომელიც 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შემოიღეს. 6 ივლისს თურქეთში ხელს მოაწერენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ზომების შესახებ დოკუმენტს. ის საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ამოქმედდება, რა ზომებზეა საუბარი ჯერჯერობით უცნობია. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 2016 წლის 15 ივლისს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შემოიღეს.[3]

სომალის დედაქალაქში აფეთქებებს 9 ადამიანი შეეწირა – ათზე მეტი დაშავებულია. მოგადიშუში შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიჭრა. პოლკოვნიკ აჰმედ მოჰამედის განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან შეტაკებები ისევ გრძელდება. სააგენტოს ცნობით, სამინისტროს შენობაში თანამშრომლები ისევ რჩებიან. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა ორგანიზაცია „აშ-შაბაბმა“ აიღო.[4]

[1] იმედის ახალია ამბები; ერაყში თვითმკვლელმა ტერორისტმა საარჩევნო ურნების საწყობთან თავი აიფეთქა; 1-ელი ივლისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/68223/erakshi-tvitmkvlelma-teroristma-saarchevno-urnebis-satskobtan-tavi-aipetqa

[2] Independent; Saudi woman’s new car set on fire by young men who harassed her; By Bethan McKernan; 4 July, 2018; available at: https://www.independent.co.uk/news/world/middle-east/saudi-woman-driving-ban-lifted-new-car-harrassment-intimated-arson-mecca-a8431591.html

[3] Anadolu Agency; Twitter News; State of emergency to be lifted as of Monday after announcement of news Cabinet: Turkish premier; 5 July, 2018; available at: https://twitter.com/anadoluagency/status/1014788828769476608

[4] Associated Press; The Latest: All attackers dead as Somali siege ends; 7 July, 2018; available at: https://apnews.com/0b1618f34cae409399f0aa8e0280e0a2

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 ივნისი, 2018

ქაშმირში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება გრძელდება – ინდოეთის მთავრობის საწინააღმდეგო აქციების დროს დაშავებული დემონსტრანტი საავადმყოფოში გარდაიცვალა. აქციის მონაწილეები პოლიციას ქვებს უშენენ. პოლიცია, საპასუხოდ, ცრემლსადენ გაზს იყენებს. ქალაქის ზოგიერთ ნაწილში კომენდანტის საათია დაწესებული. შეიზღუდა ინტერნეტის მიწოდება. ქაშმირი ინდოეთსა და პაკისტანს შორის დავის საგანს წარმოადგენს. ისლამისტები ქაშმირის ინდოეთისგან გამოყოფისთვის იბრძვიან.[1]

საუდის არაბეთში პირველად ქალმა მართვის მოწმობა აიღო – სპეციალური ღონისძიებისას პირველ ქალს მართვის მოწმობა გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გადასცა. შარშან საუდის არაბეთში ქალებს ოფიციალურად მიეცათ ნება, რომ მანქანები მართონ. რამდენიმე დღის წინ შეიხს, რომელმაც განაცხადა, რომ საყიდლებზე წასვლისას ქალის თვინი მეოთხედამდე მცირდება, ამიტომ მათზე მართვის მოწმობები არ უნდა გაიცეს, ქადაგება აეკრძალა.[2]

ტერაქტს ავღანეთში 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – ინციდენტი ქაბულის უნივერსიტეტთან მოხდა, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც შეკრების დასრულების შემდეგ შენობიდან სასულიერო პირები გამოდიოდნენ. ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა; გარდაცვლილთაგან 7 სასულიერო პირია, 4  – დაცვის თანამშრომელი. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[3]

ავღანეთში 4 მილიონამდე ბავშვი სკოლაში ვერ დადის – გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშის თანახმად, მაღალი ინტენსივობის კონფლიქტის გამო ქვეყანაში დაახლოებით 3,7 მილიონი ბავშვი ვერ ახერხებს სკოლაში სიარულს. ანგარიში „გლობალური ინიციატივა – სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები“ შეეხება ავღანელ ბაშვებს, რომელთა ასაკი 7-დან 17 წლამდეა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც 2002 წლიდან ავღანეთში გაიზარდა სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების რაოდენობა.[4]

[1] BBC; Kashmir unrest as protester run over by police dies; 2 June, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-india-44341496

[2] Associated Press; First Saudi women receive drivind licenses amid crackdown; By Aya Batrawy; 4 June, 2018; available at: https://apnews.com/4c188141657a44299d2e22b4fac25707

[3] იმედი; ახალი ამბები; ავღანეთში მორიგ ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა; 4 ივნისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/64553/avganetshi-morig-teraqts-14-adamiani-emskhverpla

[4] იმედი; ახალი ამბები; ავღანეთში 3,7 მილიონი ბავშვი სკოლაში ვერ დადის; 4 ივნისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/64523/avganetshi-37-milioni-bavshvi-skolashi-ver-dadis

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 16-23 მაისი, 2018

ერაყის საპარლამენტო არჩევნებში შიიტურმა ბლოკმა გაიმარჯვა – კოალიცია „საირუნმა“, რომელსაც შიიტი მქადაგებელი მუქთადა ალ-სადრი ხელმძღვანელობს. კოალიციამ პარლამენტში 54 მანდატი მოიპოვა და ახლა მან მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს, რომელმაც ქვეყანა მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა მართოს. მეორე ადგილზე ჰადი ალ-ამირის ფათაჰი გავიდა, რომელმაც 47 მაინდატი მოიპოვა.[1]

ავღანეთში თალიბანის 300-მდე მებრძოლი გაანადგურეს – ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ფარაჰში, სამხედროებმა თალიბანის 300-მდე წევრი გაანადგურეს. ინფორმაცია პროვინციის გუბერნატორმა გაავრცელა. ჯანდაცვის უწყების ცნობით, ოპერაციის დროს 15 სამხედრო და 10 პოლიციელი დაიღუპა. ნატოს განცხადებაში ითქვა, რომ ფარაჰის ბრძოლებში A-10 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები იყვნენ ჩართულნი. ფარაჰის პროვინციაში ბოლო თვეებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ადგილობრივი ხელისუფლება და უხუცესები, რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანას ითხოვდა.[2]

ტერაქტები ავღანეთში – ჯელალაბადში მომხდარი აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 45 დაშავდა. აფეთქებები ისმოდა ქალაქის სტადიონზე, კრიკეტის მატჩის დროს. გარდაცვლილთა შორის არიან შეჯიბრის ორგანიზატორები და ქალაქ მეჰთარლამის მერის მოადგილე. თალიბანმა მომხდარში მონაწილეობა უარყო.[3]

16 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა კანდაჰარის პროვინციაში, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი დანაღმულ მანქანაში აიფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.[4]

კონგოში ებოლას ვირუსი გავრცელდა – კონგოში ვირუს ებოლას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა. კონგოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაავადების დიაგნოზი ქალაქ მბანდაკაში მცხოვრებ ადამიანს დაუსვეს. ებოლას ვირუსი საშიში დაავადებაა, რომელიც შიდა სისხლდენას იწვევს და ხშირად ადამიანის გარდაცვალებით სრულდება. ვირუსი დაავადებულ ადამიანთან კონტაქტით ვრცელდება და ადრეულ სტადიაზე გრიპის მსგავსი სიმპტომები აქვს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ებოლას ქალაქში გავრცელება იმის მიმანიშნებელია, რომ ეპიდემიის საფრთხე არსებობს. ექიმების თქმით, ებოლათი დაავადებულ მოქალაქეებთან კონტაქტი 400-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა, რომლებიც შეიძლება სასიკვდილო ვირუსის მატარებლები იყვნენ.[5]

საუდის არაბეთში ქალთა უფლებადამცველები დააკავეს – საუდის არაბეთში ქალთა უფლებების დამცველი 7 ადვოკატი დააკვეს. დაკავება საუდის არაბეთში ქალებისთვის მანქანის ტარების აკრძალვის გაუქმებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოხდა. დაკავების მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა აქტივისტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ქალების დადუმებას ცდილობს. ადგილობრივი სახელმწიფო ტელევიზიები კი აცხადებენ, რომ ისინი ეჭვმიტანილნი არიან უცხო ქვეყნების ხელისუფლებასთან კონტაქტში. გასული წლის 26 სექტემბერს, საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმებების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ. 2018 წლის მარტიდან, 30 წლის შემდეგ პირველად, საუდის არაბეთში კინოთეატრები გაიხსნა, რომლებიც 1970-იანი წლების ბოლოს კონსერვატორი სასულიერო პირების ზეწოლით დახურეს. ახლა კრონპრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს ატარებს და კონცეფციის „ხედვა – 2030“ ფარგლებში ცხოვრების ბევრ სფეროზე ზეწოლას ასუსტებს. მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთში დღემდე ბევრი რამ აკრძალულია. აკრძალვა ეხება ცხოვრების სხვადასხვა სფეროს და მოსახლეობის სხვადასხვა ფენას ისე, რომ კანონში გაწერილიც არ არის, უბრალოდ ტრადიციიდან ან ადგილობრივი სასულიერო პირების გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.[6]

ირანის პრეზიდენტი სტადიონებზე ქალების დაშვების მომხრეა – ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ გასაუქმებელია სტადიონებზე ქალების ყოფნის აკრძალვა. ირანელ სპორტსმენებთან შეხვედრისას მან აღნიშნა, რომ ისლამი კაცების და ქალების გაყოფას არ ითვალისწინებს და ამიტომ, ქალებსაც უნდა ჰქონდეთ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების უფლება, მით უმეტეს, რომ სპორტით აქტიურად არიან დაკავებულნი და წარმატებებსაც აღწევენ. ირანელ ქალებს სტადიონებზე ყოფნა აუკრძალეს 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. სასულიერო პირები აკრძალვას იმით ამართლებენ, რომ ქალებს არ უნდა ესმოდეთ სტადიონებზე კაცების გინება. პრეზიდენტი როუჰანი ამ არგუმენტს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ქალები არ უნდა ისჯებოდნენ სტადიონებზე კაცების ცუდი ქცევის გამო. ირანის პრეზიდენტის კიდევ ერთი წინადადებაა, რომ ტელევიზიით გადაიცეს ქალთა სპორტული შეჯიბრებები. „რატომ არ უნდა ვაჩვენოთ, მით უმეტეს, რომ თამამად ეჯიბრებიან მსოფლიოში ცნობილ გუნდებს და დიდ გამარჯვებებსაც აღწევენ“, – განაცხადა ჰასან როუჰანიმ. 2 მარტს, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის, ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ირანის მთავრობისგან მიღებული დაპირებით, უახლოეს მომავალში ქალებიც შეძლებენ საფეხბურთო მატჩებზე დასწრებას. 23 მაისს, ირანულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ინფანტინომ პრეზიდენტი როუჰანი ოფიციალურად მიიწვია რუსეთში, 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნაზე.[7]

სირიის არმია დამასკოს სრულად აკონტროლებს – სირიის შეიარაღებული ძალების ცნობით, პირველი ექვსი წლის განმავლობაში, სირიის არმიამ დამასკო და მისი გარეუბნები ტერორისტებისგან გაწმინდა და მთლიანად აკონტროლებს. არსებული ინფორმაციით, ჯიჰადისტების ნაწილმა იარმურკის პალესტინელების ბანაკი და ჰაჯარ-ალასვადი დატოვა.

სირია; 2018 წლის მაისი.[8]

[1] Aljazeera; Will Sadr’s victory diminish Iran’s influence in Iraq? By Zaid al-Ali; 27 May, 2018; available at: https://www.aljazeera.com/indepth/opinion/sadr-victory-diminish-iran-influence-iraq-180525115900074.html

[2] Vancouver Courier; Official: Government troops push back Taliban from west city; By Associated Press; 15 May, 2018; available at: http://www.vancourier.com/official-government-troops-push-back-taliban-from-west-city-1.23303854

[3] იმედი; ახალი ამბები; ავღანეთში კრიკეტის მატჩის დროს მომხდარ აფეთქებას 8 ადამიანი შეეწირა; 19 მაისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/62233/avganetshi-kriketis-matchis-dros-momkhdar-apetqebas-8-adamiani-sheetsira

[4] Gulf News; 16 klled, 38 wounded by blast in Afghan city Kandahar; By AFP and Reuters; 22 May, 2018; available at: https://gulfnews.com/news/asia/afghanistan/16-killed-38-wounded-by-blast-in-afghan-city-kandahar-1.2225247

[5] BBC; DR Congo Ebola outbreak spreads to Mbandaka city; 17 May, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-africa-44150762

[6] იმედი; ახალი ამბები; საუდის არაბეთში ქალების უფლებადამცველები დააკავეს; 19 მაისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/62293/saudis-arabetshi-qalebis-uplebadamtsvelebi-daakaves

[7] იმედი; ახალი ამბები; ირანის პრეზიდენტი სტადიონებზე ქალების დაშვებას ემხრობა; 23 მაისი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/62815/iranis-prezidenti-stadionebze-qalebis-dashvebas-emkhroba

[8] BBC; Syria war: Army takes full control of Damascus after ousting IS; 21 May, 2018; available at: http://www.bbc.com/news/world-middle-east-44198304?ocid=socialflow_twitter