ჩინეთი. პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და განქორწინების პროცედურა. ნოემბერი, 2020

პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა – გამოცემა Thought Co ჩინეთში არსებულ „ჰუკოუ“ სისტემის შესახებ 2019 წლის 26 ნეომბერს  გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ აღნიშნული წარმოდგენს სამთავრობო საოჯახო რეგისტრაციის სისტემას, რომელსაც „შიდა პასპორტის“ დატვირთვა აქვს. ჰუკოუს საშუალებით,  არეგულირებენ მოსახლეობის დისტრიბუციას და სასოფლო-ურბანულ დასახლებებს შორის მიგრაციას. ჰუკოუ წარმოადგენს გარკვეულ მეთოდს, რომლის საშუალებითაც მთვარობა ახორციელებს სოციალურ და გეოგრაფიულ კონტროლს ჩინეთის მოსახლეობაზე, რის გამოც ფერმერებს და სასოფლო ადგილებში დაბადებულ პირებს არ გააჩნიათ იგივე უფლებები, რაც ურბანულ დასახლებაში მცხოვრებ თანამოქალაქეებს.

სისტემის ფარგლებში, პირები კატეგორიზიებულნი არიან, როგორც „სასოფლო“ ან „ურბანული“ და მიბმულნი არიან აღნიშნულ გეოგრაფიულ ლოკაციებს. შესაბამისად, საცხოვრებლის შეცვლა და გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული პირობების საფუძველზე და რეზიდენტებს არ აქვთ წვდომა ისეთ უფლებებზე და სერვისებზე, როგორიცაა: დასაქმება; საჯარო სერვისები; განათლება; ჯანდაცვა და ა.შ., თუ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრაციის ადგილზე.

შესაბამისად, სოფელში მცხოვრები ფერმერი, რომელსაც სურს, რომ ქალაქში გადავიდეს და არ გააჩნია შესაბამისი „ჰუკოუ“ ნებართვა, იქ დაახლოებით იგივე სტატუსით სარგებლობს, როგორც – მაგალითად, არალეგალური მიგრანტი ა.შ.შ.-ში. ზოგადად, ურბანული „ჰუკოუ“ ნებართვის მოპოვება განსაკუთრებით რთულია, რადგან ჩინეთის მთავრობას ამ კუთხით კონკრეტული, მცირე კვოტები აქვს გამოყოფილი.

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ ჩინეთის მთავრობა კვლავაც უზღუდავდა პირებს სამუშაო ადგილისა და საცხოვრებლის არჩევის უფლებას.  მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სოფლად მაცხოვრებელი ცდილობდა ურბანულ დასახლებებში გადასვლას, რადგან იქ შემოსავალი სულ მცირე სამჯერ აღემატებოდა სასოფლო დასახლებებში არსებული სამუშაოების შესაბამის ანაზღაურებას, ისინი ხშირად ვერ ახერხებდნენ ოფიციალური საცხოვრებლის ან სამუშაო ადგილის შეცვლას. ჩინეთში, ქალაქების უმრავლესობას გააჩნია კონკრეტული კვოტები, თუ რამდენი ბინადრობის მოწმობა შესაძლებელია გასცეს და ყველა დასაქმებულ პირი, მათ შორის – უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ვალდებულნი არიან, აიღონ აღნიშნული მოწმობა. აღნიშნული სისტემა ცნობილია, როგორც  ე.წ. „ჰუკოუ“-ს (Hukou) სისტემა, რის გამოც ქვეყანაში პირებს შეზღუდული აქვთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება. ამას გარდა, ჰუკოუს სისტემა ხელს უწყობას დასაქმებასთან დაკავშირებულ დისკრიმინაციას, რადგან  (ქვეყნის შიდა) მიგრანტ მუშახელს არ აქვს წვდომა ისეთ ბენეფიტებზე, როგორიცაა – ჯანდაცვა, პენსია და შ.შ.მ. პროგრამები.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესახებ 2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2019 წელი) წერდა, რომ არსებული „ჰუკუო“ (საოჯახო რეგისტრაცია) სისტემა არ აძლევს საშუალებას დაახლოებით 290 მილიონ შიდა მიგრანტს, მიიღონ რეზიდენტის სტატუსი (და მასთან დაკავშირებული უფლებები) იმ ქალაქებში, სადაც ფაქტიურად მუშაობენ. ჩინეთის მთავრობამ სისტემის რეფორმირების გეგმა დაასახელა – პირველ ეტაპზე, დაახლოები 100 მილიონ პირს მიეცემა საშაულება, დარეგისტრირდნენ იმ ურბანულ დასახლებებში, სადაც მუშაობენ და ფაქტობრივად ბინადრობენ. მკაცრი შეზღუდვები დარჩება შანხაიში, პეკინსა და სხვა დიდ ქალაქებში. მიუხედავად რეფორმის პოზიტიური შინაარსისა, ის მაინც ვერ უზრუნველყოფს შიდა მიგრანტთა  აღჭურვას სრული უფლებების, მათ შორის – განათლებისა და სხვა სოციალური უფლებების კუთხით (მიგრანთა შვილებს არ აქვთ საშუალება, ისწავლონ ფაქტობრივ ადგილსამყოფელში არსებულ სკოლებში). 2019 წლის აპრილში, რეფორმების კომისიამ ახალი რეგულაცია შემოიღო, რომელიც ავალდებულებს 1-დან 3 მილიონამდე მოსახლეობის მქონე მუნიციპალიტეტებს, გააუქმონ ნებისმიერი „ჰუკოუ“ შეზღუდვა  და მიანიჭონ ყველა მიგრანტ მშრომელს ბინადრობის ნებართვა, ხოლო 3-დან 5 მილიონიან ქალაქებს, შეარბილონ რეგულაციები კონკრეტული კატეგორიის მიგრანტებთან  (მაგალითად, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან) მიმართებით. [2]

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ჩინეთში დამოუკიდებელი ექსპერტის ვიზიტისას შედგენილ ანგარიშში წერდა, რომ ჩინეთში ჰუკოუ-ს სისტემა 1958 წელს შემოიღეს, რის შედეგადაც ქვეყნის მოსახლეობა სასოფლო და ურბანულ კატეგორიებად დაჰყვეს, ასევე – მკაცრად შეზღუდეს მოსახლოების მიგრაცია აღნიშნულ ორ კატეგორიას შორის. აღნიშნულ სისტემას კანონი აწესებს და ის ასევე აკავშირებს პირის მიერ წვდომას ისეთი უფლებებზე, როგორიცაა: საჯარო ჯანდაცვა; სოციალური ბენეფიტები და ა.შ. მისი რეგისტრაციის ადგილთან. მთავრობამ დააანონსა, რომ 2020 წლისთვის საერთოდ გააუქმებდა განსხვავებას სასოფლო და ურბანული რეგისტრაციის ტიპებთან დაკავშირებით, თუმცა, ჰუკოუ სისტემის რეფორმირების ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები, არც ისე ეფექტური აღმოჩნდა. [3]

  1. ჩინეთში განქორწინების შემთხვევაში საჭიროა თუ არა ორივე პირის თანხმობა?

საერთაშორისო მედია საშუალება The Guardian 2020 წლის 29 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ჩინეთში მიიღეს პირველი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც ცვლის ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა: ქორწინება-განქორწინება; შვილად აყვანა და ქონებრივი უფლებები. კანონი კენჭისყრაზე ახლახანს დამტკიცდა და 2021 წლის პირველ იანვარს შედის ძალაში.

სტატიის მიხედვით, ჩინურ საზოგადოებაში განსხვევებული მოსაზრებები გამოიწვია კანონით გათვალისწინებულმა ერთ-ერთმა დებულებამ, რომლის მიხედვითაც, განქორწინების მსურველმა წყვილი, შესაბამისი ორგანოსადმი განქორწინების მოთხოვნის მიმართვის შემდეგომ, 30 დღე უნდა ელოდოს, ვიდრე მათ მოთხოვნას შესაბამისი მსველელობა მიეცემა. აღნიშნული „დასაშოშმინებელი“ პერიოდი განკუთვნილია იმისთვის, რომ წყვილი დაფიქრდეს, ნამდვილად სურს განქორწინება თუ ეს უბრალოდ „ცხელ გულზე მიღებული“ გადაწყვეტილება იყო. ახალ კანონს ჩინეთში ბევრი აკრიტიკებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს პირად ცხოვრებაში სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევაა. სტატიის ავტორის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა ამ გზით ცდილობს, შეამციროს ქვეყანაში განქორწინების მაჩვენებელი, რადგან უკანასკნელი წლების განმავლობაში, ის მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ზემოხსენებული „დასაშოშმინებელი“ პერიოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ ორივე მხარე თანახმაა და ითხოვს განქორწინებას. როდესაც ერთ-ერთი მხარე ოჯახური ძალადობის საფუძველზე ითხოვს განქორწინებას, ეს წესი არ იმოქმედებს. სხვები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ იმ საკითხს, თუ როგორ გადაწყვეტს სასამართლო, რამდენად სახეზე არის ოჯახური ძალადობა და ამის გამო შესაძელებელია თუ არა, რომ კონრეტულ შემთხვევაში, ზოგიერთი პირი მნიშვნელოვნად დაზარალდეს.[4]

ჩინეთის 1981 წლის განქორწინების შესახებ კანონის 24-ე მუხლის მიხედვით, განქორწინება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ როგორც ამის სურვილს როგორც ქმარი, ასევე – ცოლი, გამოხატავენ. ამისთვის ორივე მხარემ ქორწინების რეგისტრაციის ოფისს უნდა მიმართოს, რომელიც სათანადო პროცედურის შემდეგ, გამოსცემს განქორწინების დამადასტურებელ დოკუმენტს.

25-ე მუხლის თანახმად,  თუ მხოლოდ ერთ მხარეს სურს განქორწინება, მას შეუძლია მიმართოს მედიაციას ან პირდაპირ ხალხთა სასამართლოს, რათა დაიწყოს განქორწინების პროცედურა. აღნიშნული პროცედურის ფარგლებში, სასამართლო პირველ რიგში, ეცდება მედიატორის როლი გასწიოს და შეარიგოს წყვილი. თუ მედიაცია ვერ შედგება, სასამართლო გამოსცემს განქორწინების აქტს, რადგან აღარ არსებობს წყვილის თანაცხოვრების საფუძველი.

26 მუხლი აწესებს შეზღუდვას, მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ქმარი წარმოადგენს მოქმედ სამხედროს. კერძოდ, აღნიშნულ შემთვევაში, ქმრის თანხმობის გარეშე, განქორწინება არ შედგება.

ცოლის მიერ განქორწინების ცალმხრივად მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა ტიპის შეზღუდვა, მოცემულ კანონში არაა.[5]

[1] United States Department of State – Country Report on Human Rights Practices 2019 – China; published in March 2020; available at

[accessed 16 November 2020]

[2] Freedom House – Freedom in the World 2020 – China; published in March 2020; available at

[accessed 16 November 2020]

[3][3] UN Human Rights Council – “Visit to China Report of the Independent Expert on the enjoyment of all human rights by older persons”; published on 7 August 2020; available at

[accessed 16 November 2020]

[4] The Guardian – article “Anger in China at law ordering ‘cooling-off’ period before divorce”; published on 29 May 2020; available at https://www.theguardian.com/world/2020/may/29/anger-in-china-at-law-ordering-cooling-off-period-before-divorce [accessed 16 November 2020]

[5] Refworld – China: Marriage Law of 1981; available at

[accessed 16 November 2020]