დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 სექტემბერი, 2019

იემენის კრიზისი – საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით იემენში განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. კოალიციამ განაცხადა, რომ მის სამიზნეს გასამხედროებული დაჯგუფება წარმოადგენდა, თუმცა თავად ამბოხებულები აცხადებენ, რომ თავდასხმა განხორციელდა შენობაზე, რომელსაც ისინი ციხედ იყენებდნენ. შემთხვევის ადგილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა მოინახულეს. მათი განმარტებით, შენობაში ბოლოს კოლეჯი იყო განთავსებული, თუმცა ამჟამად ცარიელია, მანამდე კი საპატიმრო დაწესებულებას წარმოადგენდა. იემენში სამხედრო კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო.[1]

ვითარება ავღანეთში – ავღანეთის დედაქალაქში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. თავდასხმა „მწვანე სოფლის“ კომპლექსთან ახლოს მოხდა, სადაც უცხოური კომპანიებია განთავსებული. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.[2] მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის დედაქალაქში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა; დაშავებულთა რაოდენობამ კი ასს გადააჭარბა.[3]

აშშ, თალიბებთან შეთანხმების შესაბამისად, ავღანეთიდან 5400 სამხედროს გაიყვანს. შეთანხმება მოლაპარაკებების 9 რაუნდის შედეგი გახდა. ხუთი სამხედრო ბაზიდან აშშ-ის არმიის ჯარისკაცებს 135 დღის განმავლობაში გაიყვანენ. სანაცვლოდ, „თალიბანი“ პირობას დებს, რომ ქვეყანა აშშ-სა და მის მოკავშირეებზე თავდასხმების მოსამზადებელ ბაზად აღარ იქნება. შეთანხმების ძალაში შესვლამდე დოკუმენტს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნდა გაეცნოს. ინფორმაცია შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა; ხალილზადის ინტერვიუს ეთერში გასვლისას ქაბულში აფეთქება მოხდა, რომელსაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო. როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვაშინგტონსა და „თალიბანს“ შორის შეთანხმებით ავღანეთში ყოველდღიური ძალადობა არ შეწყდება. დღეისათვის ავღანეთში 14 000 ამერიკელი სამხედრო მსახურობს. კონტინგენტის სრულად გაყვანა რამდენიმე პირობაზე იქნება დამოკიდებული. კერძოდ, ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებასა და ცეცხლის შეწყვეტაზე.[4]

ბალხის პროვინციის ზარის რაიონში თალიბანის მებრძოლებთან შეტაკებას 6 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა; 11 კი დაიჭრა. ავღანეთის არმიის ინფორმაციით, სამხედროებმა თალიბანის 13 მებრძოლი მოკლეს და 9 დაჭრეს.[5]

მორიგ აფეთქებას ქაბულში სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა და 40-ზე მეტი დაშავდა. აფეთქება ქალაქის ცენტრში, ერთერთ ყველაზე დაცულ უბანში მოხდა, სადაც აშშ-ის საელჩო და სამთავრობო უწყებები განლაგებული. ბომბი მანქანაში იყო დამონტაჟებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.[6]

თურქ ოპოზიციონერს ერდოღანის კრიტიკის გამო 9 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – ქვეყნის ძირითადი ოპოზიციური პარტიის „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ სტამბოლის განყოფილების ხელმძღვანელს კანან კაფთანჩიოღლუს ბრალი სახელმწიფო დაწესებულებებისა და პრეზიდენტის შეურაცხყოფასა და ტერორიზმის პროპაგანდაში მონაწილეობაში დასდეს. კაფთანჩიოღლუ ბრალს არ აღიარებს და განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, ვინაიდან მისი დახმარებით ოპოზიციონერმა კანდიდატმა ეკრემ იმამოღლუმ სტამბოლის მერის არჩევნებზე მმართველი პარტიის კანდიდატი დაამარცხა. განაჩენის გამოცხადების პარალელურად სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. შეკრებილები კანან კაფთანჩიოღლუს სოლიდარობას უცხადებდნენ.[7]

[1] იმედის ახალი ამბები; იემენში ავიაიერიშს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა; 01.09.2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/115314/iemenshi-aviaierishs-100ze-meti-adamiani-emskhverpla

[2] AP; Taliban attack Kabul as US envoy says deal almost final; By Rahim Faiez and Cara Anna; 3 September, 2019; available at: https://www.apnews.com/5b43a817115a46aab585700ee7e67a23

[3] იმედის ახალი ამბები; ქაბულში ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა; 3 სექტემბერი, 2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/115437/qabulshi-teraqtis-mskhverplta-ritskhvi-gaizarda

[4] Tolo News; Exclusive interview with US chief negotiator Zalmay Khalilzad; 2 September, 2019; available at: https://www.tolonews.com/must-see-vidoes/exclusive-interview-us-chief-negotiator-zalmay-khalilzad

[5] 1TV News AF; Twitter Post from 3 September, 2019; available at: https://twitter.com/1TVNewsAF/status/1168835593058553856

[6] Reuters; Taliban suicide bomber kills at least 10 civilians, two NATO troops in Kabul; By Abdul Qadir Sediqi, Rupam Jain; 5 September, 2019; available at: https://www.reuters.com/article/us-afghanistan-attack/taliban-suicide-bomber-kills-at-least-10-in-kabul-42-wounded-idUSKCN1VQ0J4

[7] AP; Turkey: Politician convicted for tweets insulting president; 6 September, 2019; available at: https://apnews.com/035cfaac770d475ba495ba0a472d3202