საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House“ 2019 წლის ანგარიშში სერბეთის შესახებ წერს, რომ სერბეთი საპარლამენტო დემოკრატიაა, სადაც არჩევნები მრავალპარტიული შეჯიბრის პრინციპებით ტარდება, თუმცა ბოლო წლებში მმართველი „სერბეთის პროგრესული პარტია SNS“ მნიშვნელოვნად აფერხებს პოლიტიკურ უფლებებს და სამოქალაქო თავისუფლებებს, ახდენს რა ზეწოლას დამოუკიდებელ მედიაზე, პოლიტიკურ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. მიუხედავად ამისა, ქვეყანა განაგრძობს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ.
პირადი დისკუსიები, ზოგადად, აქტიური და თავისუფალია, თუმცა მაღალი პროფილის სამთავრობო კრიტიკოსების სანიმუშო დასჯების ფაქტებმა თავისი როლი ითამაშა ღია დებატებისა და თავისუფალი გამოხატვისთვის მზარდი მტრული გარემოს შექმნაში. 2018 წლის განმავლობაში მთავრობის ოპონენტებად მიჩნეული ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ლიდერების და ცნობილი სახეების წინააღმდეგ, სამთავრობო მედია საშუალებებში ადგილი ჰქონდა რეპუტაციის შელახვისკენ მიმართულ კამპანიებს; ასევე, საგამოძიებო და სხვა საპასუხო (სამაგიერო) ქმედებებს. 2018 წლის ოქტომბერში, ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება ჯანდაცვის სფეროში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელსაც მსახიობი სერგეი ტრიფუნოვიჩი ხელმძღვანელობს. სერგეი ტრიფუნოვიჩი ღიად აკრიტიკებს მთავრობას როგორც სოციალურ მედიაში, ასევე საჯარო გამოსვლებისას. გამოძიების დაწყების პარალელურად, ტრიფუნოვიჩის დადგმა მოხსნეს ნოემბრის ადგილობრივი თეატრალური ფესტივალიდან. ანალიტიკოსების მოსაზრებით, აღნიშნული ქმედებები იყო ტრიფუნოვიჩისთვის სამაგიეროს გადახდა, როგორც ჩანს მმართველი „სერბეთის პროგრესული პარტიის“ მაღალჩინოსნების მოთხოვნით.
მიუხედავად კონსტიტუციისა, რომელიც პრესის თავისუფლების გარანტია და იმის მიუხედავად, რომ ცილისწამება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი არაა, მედიის თავისუფლება შერყეულია ჟურნალისტების წინააღმდეგ სხვადასხვა სახის საჩივრებითა და სისხლის სამართლებრივი დევნით, მედია საშუალებების მფლობელობის კუთხით არსებული გამჭვირვალობის ნაკლებობით, სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლით პოლიტიკოსებისა და პოლიტიკოსებთან დაკავშირებული მფლობელების მხრიდან და ასევე, მაღალი ხარისხის თვით-ცენზურით. სახელმწიფო და მმართველი პარტია ახორციელებს ზეწოლას კერძო მედია საშუალებებზე, მათ შორის სარეკლამო კონტრაქტების გამოყენებით და სხვა არაპირდაპირი სუბსიდიების საშუალებით. იმ დროს, როდესაც ბევრი მედია საშუალება ირჩევს სახელისუფლებო ხაზს და თავს არიდებს მმართველი ძალის კრიტიკას, ზოგიერთი მედია საშუალება განაგრძობს დამოუკიდებელი მაუწყებლობის შეთავაზებას.
2018 წლის განმავლობაში რიგი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და მედია საშუალებებისა აწყდებოდა რეპუტაციის შემლახავ კამპანიებს, სადამსჯელო ხასიათის საგადასახადო შემოწმებებს და ზეწოლის სხვა ფორმებს. გასული წლის განმავლობაში სერბეთის დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციამ მედიის თავისუფლების დარღვევის 102 ფაქტი აღწერა. აღნიშნული ფაქტები მოიცავდა ფიზიკურ თავდასხმებსაც, თუმცა მათი უმეტესობა იყო აგრესიული რიტორიკა და სხვა ფორმებით ზეწოლა და დაშინება. 2018 წლის დეკემბერში საგამოძიებო ჟურნალისტი მილან იოვანოვიჩი, რომელიც აქტიურად აშუქებდა კორუფციის საკითხებს, თავდასხმის მსხვერპლი გახდა – უცნობმა დამნაშავემ მის სახლს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა.
აკადემიური თავისუფლება მეტწილად მხარდაჭერილია ქვეყანაში, თუმცა ბოლო პერიოდის საკანონმდებლო ცვლილებები ბადებს შეშფოთების საფუძველს პოლიტიკური ზეგავლენის მიმართულებით. უმაღლესი განათლების შესახებ კანონით, რომელიც 2017 წელს იქნა მიღებული, გაიზარდა სახელმწიფოს მიერ დანიშნული წევრების რაოდენობა უმაღლესი განათლებისა და ეროვნული აკრედიტაციის საბჭოებში. კიდევ ერთი კანონით, რომელიც ასევე 2017 წელს იქნა მიღებული, განათლების მინისტრს მისცა ცენტრალიზებული კონტროლი სკოლების დირექტორების დანიშვნის მიმართულებით.[1]
საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2019 წლის ანგარიშში სერბეთის შესახებ წერს, რომ ჟურნალისტები კვლავ არიან თავდასხმებისა და დაშინების მსხვერპლნი და სერბეთის ხელისუფლება აღნიშნული არ ახდენს სათანადო რეაგირებას. სახელისუფლებო მედია საშუალებები განაგრძობენ რეპუტაციის შემლახავ კამპანიებს დამოუკიდებელი მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ადამიანის უფლებათა დამცველები კვლავ მტრულ გარემოში განაგრძობენ საქმიანობას. ინტერნეტ სივრცეში რეგულარულად ვრცელდება მუქარები ადამიანის უფლებათა აქტივისტების მიმართ და გამოძიება ამ მიმართულებით გაჭიანურებულია.[2]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში სერბეთის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ადგენს გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის პრესის თავისუფლებას, თუმცა მედიის ფლობის კუთხით არსებული გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო, მთავრობა კვლავ განაგრძობს სხვადასხვა მედია საშუალების ფლობას. მედიის თავისუფლებას ჩრდილს აყენებს, ასევე, მუქარები და თავდასხმები ჟურნალისტებზე. დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებით, პრესის თავისუფლების მხრივ, 2017 წელი ერთერთი ყველაზე უარესი იყო სერბეთში და 2018 წელს მედიის თავისუფლების კუთხით სიტუაციის გაუარესების ტენდენცია შენარჩუნდა.[3]
ევროკომისია სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესის ანგარიშში, რომელიც 2019 წლის მაისში გამოქვეყნდა, წერს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების კუთხით ჯერჯერობით პროგრესს ადგილი არ ჰქონია. პროგრესის არ არსებობა კი, თავის მხრივ, უკვე სერიოზული შეშფოთების საგანია. საერთო გარემო კვლავ არ არის სახარბიელო გამოხატვის თავისუფლების უფლების აღსრულებისთვის. ჟურნალისტების დაშინების, მათ მიმართ მუქარისა და ძალადობის ფაქტები კვლავ შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ასეთი ფაქტი გამოძიებული და სასჯელი დაკისრებული იქნა, ზოგადად, გამოძიებები ამ კუთხით კვლავ იშვიათია. ევროკომისია მიიჩნევს, რომ სერბეთმა უნდა შექმნას ისეთი გარემო, სადაც გამოხატვის თავისუფლება შეუფერხებლად აღსრულდება და უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტებისა და ბლოგერების დაშინებების, ფიზიკური თავდასხმების, მათ მიმართ ძალადობისკენ წაქეზებისა და მათი პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტებზე სათანადო რეაგირება. ასევე, საჯაროდ დაგმოს მსგავსი ქმედებები.[4]
[1] Freedom House: Freedom in the World 2019 – Serbia, 4 February 2019
[2] HRW – Human Rights Watch: World Report 2019 – Serbia/Kosovo, 17 January 2019
[3] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2018 – Serbia, 13 March 2019
(accessed on 28 November 2019)[4] European Commission: Serbia 2019 Report [SWD(2019) 219 final], 29 May 2019