საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“-ის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020 წელი] ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ფილიპინებში წერია, რომ 2020 წლის თებერვალში ქალაქ მაკატის პოლიციის ქმედებამ პროტესტი გამოიწვია, როდესაც მათ 67 პიროვნების „პროფილირება“ მოახდინეს, როგორც „Oplan X-men”, რომელიც მიმართული იყო ტრანსგენდერი ქალების წინააღმდეგ.
იმავე წლის აპრილში, სამი LGBTI პირი დაექვემდებარა ადგილობრივი მთავრობის მხრიდან დამამცირებელ მოპყობას, რაც გამოიხატა სექსუალური ხასიათის ქმედებების შესრულებაში, როგორც სასჯელი COVID-19-ის გამო დაწესებული კომენდანტის საათის სავარაუდო დარღვევისთვის.
2020 წლის დეკემბერში სენატის პანელმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საფუძველზე დისკრიმინაციისა და ძალადობის აკრძალვას.[1]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2020] ადამიანის უფლებების შესახებ ფილიპინებში წერია, რომ ქვეყნის კანონმდებლობა არც კრიმინალიზებას უკეთებს ზრდასრულთა შორის ნებაყოფლობით ერთსქესიანთა სექსუალურ ქცევას და არც კრძალავს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციას. ფილიპინების თვრამეტმა ქალაქმა, ექვსმა პროვინციამ, სამმა ადგილობრივმა თვითმართველობამ (barangay) და ერთმა მუნიციპალიტეტმა მიიღო ანტი დისკრიმინაციული განკარგულების ვერსია, რომელიც იცავს LGBTI პირების უფლებებს (lesbian, gay, bisexual, and transgender), გარდა intersex უფლებებისა.
ქვეყნის ოფიციალური პირები კრძალავენ ტრანსგენდერი პირების მიერ პასპორტის აღებას, რომლებიც მათ გენდერულ იდენტობას გამოხატავს.
ოფიციალური ორგანოები გენდერს დაბადებისას ბეჭდავენ, როგორც ეს პირის დაბადების მოწმობაში და პასპორტშია მითითებული. შესაბამისად, ეს პრობლემებს უქმნის ტრანსგენდერ პირებს მოგზაურობისას, კონკრეტულად კი მათ უარს ეუბნებიან თვითმფრინავში ასვლაზე.
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ფიქსირდება LGBTI პირების მიმართ დისკრიმინაციის ფაქტები. მათ შორის დასაქმების, განათლების, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სფეროებში.
2020 წლის ივნისში მანილაში პოლიციამ LGBTI ღირსების მარშის 20 მომიტინგე დააკავა, ჯანდაცვის უსაფრთხოების პროტოკოლის დარღვევისთვის, ქვეყნის მასშტაბით არსებული კარანტინის დროს.[2]
საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House”-ის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ ფილიპინებში წერია, რომ ნორმები, რომლებიც არეგულირებს თანასწორ მოპყრობას, არათანმიმდევრულად არის დაცული და ზოგიერთი ჯგუფი საერთოდ სამართლებრივ დაცვას არის მოკლებული.
LGBTI პირები აწყდებიან მიკერძოებულ დამოკიდებულებას დასაქმების და განათლების სფეროებში.
ანგარიშში ასევე წერია, რომ ანტი-დისკრიმინაციული კანონპროექტი, რომელიც ქვედა პალატამ 2017 წელს მიიღო, წინ არ წასულა. ამის მიუხედავად, რამდენიმე ქალაქმა, მათ შორის მანილამ, 2020 წლის ოქტომბერში მიიღო განკარგულება, რომელიც აღიარებს LGBTI უფლებებს და კრძალავს დისკრიმინაციას.
ეროვნული კანონმდებლობის არარსებობის გამო დაბადების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების შეცვლა შეუძლებელია, თუმცა 2008 წელს უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო intersex ინდივიდის სარეგისტრაციო დოკუმენტების შეცვლა, რათა ასახულიყო მისი სასურველი სახელი და სქესი.
ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ ქვეყანაში კანონმდებლობა არ ზღუდავს სპეციფიკური ჯგუფების პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას. გარდა ამისა, ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულია საჯარო სამსახურზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა. ამის მიუხედავად, ქვეყანაში პოლიტიკური დინასტიების დომინირება დაბრკოლებას წარმოადგენს ზოგიერთი ჯგუფის პოლიტიკური უფლებების განხორციელებისთვის.[3]
ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ფილიპინების შესახებ ანგარიშში წერს, რომ ფილიპინები ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული ქვეყანაა აზიაში LGBTI პირების მიმართ.
ანგარიშის მიხედვით ქვეყნის კანონმდებლობა არ კრძალავს ზრდასრულთა შორის ნებაყოფლობით ერთსქესიანთა სექსუალურ ურთიერთობებს და LGBTI თემის წინაშე მდგარი საკითხები საჯაროდ განიხილება.
მიუხედავად ქვეყანაში არსებული შედარებითი ტოლერანტობისა, LGBTI თემის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტები ფიქსირდება და ისინი ხვდებიან უამრავ სოციალურ, კულტურულ და საკანონმდებლო ბარიერებს.
ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ფილიპინების შესახებ ანგარიშში ასევე უთითებს, რომ LGBTI სტუდენტები ექვემდებარებიან შევიწროებას, იმის მიუხედავად, რომ კანონი ამას კრძალავს.
ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ ქვეყნის განახლებული სისხლის სამართლის კოდექსი გამოიყენება სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე ადამიანების დასაშინებლად, დასაპატიმრებლად ან ბრალის წარსადგენად.
ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ ტრანსგენდერი ადამიანები უფრო მეტად განიცდიან შევიწროებას, ვიდრე სხვა LGBTI თემის რომელიმე წარმომადგენელი. 2015 წელს აშშ-ის მეზღვაური დააპატიმრეს ტრანსგენდერი ქალის მკვლელობისთვის, რომელიც აშკარა სიძულვილის დანაშაული იყო.
ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი ასევე წერს, რომ LGBTI თემის წარმომადგენლებს, დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად, შეუძლიათ, გადავიდნენ დიდ ქალაქებში, მაგალითად, მანილაში, რომელსაც აქტიური LGBTI თემი ჰყავს.
LGBTI პირების, რომლებიც ცხოვრობენ სამხრეთში, განსაკუთრებით მუსლიმურ რაიონებში, გადაადგილება განსაკუთრებით სავარაუდოა.
ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი შეფასების სახით წერს, რომ LGBTI თემის წარმომადგენლები ყოველდღიურად ექვემდებარებიან ოფიციალური და სოციალური დისკრიმინაციის დაბალ დონეს. ეს არ არის მტკიცედ დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსთან ან გეოგრაფიული მდებარეობას, გარდა LGBTI პირებისა, რომლებიც ცხოვრობენ ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონში მუსლიმურ მინდანაოში (BARMM), რომლებსაც ემუქრებათ სოციალური და ოფიციალური დისკრიმინაციისა და ძალადობის ზომიერი რისკი.
ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის შეფასებით, ტრანსგენდერი პირები ექვემდებარებიან ძალადობისა და დისკრიმინაციის ზომიერ რისკს ქვეყნის ყველა კუთხეში.[4]
[1] „Amnesty International“ – ანგარიში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ – ფილიპინები; გამოქვეყნებულია 2021 წლის 7 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 28 იანვარს]
[2] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ – ფილიპინები; გამოქვეყნებულია 2021 წლის 30 მარტს, ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 28 იანვარს]
[3] „Freedom House” – ანგარიში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ – ფილიპინები; გამოქვეყნებულია 2021 წლის 3 მარტი; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 28 იანვარს]
[4] ავსტრალიის მთავრობის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტი – ანგარიში ფილიპინების შესახებ; გამოქვეყნებულია 2021 წლის 23 აგვისტოს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 28 იანვარს]