დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 24-30 სექტემბერი, 2018

აშშ ერაყის ქალაქ ბასრაში საკონსულოს დახურვას გეგმავს – აშშ აცხადებს, რომ დახურავს საკონსულოს ერაყის ქალაქ ბასრაში, ირანის მთავრობის მხრიდან მუქარისა და იმ სარაკეტო თავდასხმების გამო, რომლის უკანაც, ვაშინგტონის ვარაუდით, ერაყში მოქმედი ირანის მიერ მხარდაჭერილი ექსტემისტები დგანან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის მეზობელ ქვეყნებში მდებარე აშშ-ის დიპლომატიურ ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებში იგი პირდაპირ ადანაშაულებს ირანს. ამ განცხადების ფონია ცოტ ხნის წინ ქალაქ ბასრაში, აშშ-ის საკონსულოსა და ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, აშშ-ის საელჩოზე განცხორციელებული სარაკეტო თავდასხმები. შენობებისა და პერსონალისათვის სარაკეტო თავდასხმებს ზიანი არ მიუყენებია, თუმცა ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ეს სერიოზული მუქარაა ერაყში მომუშავე ამერიკელი დიმპლომატებისადმი. მაიკ პომპეო ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ირანსა და მასთან კავშირში მყოფ ექსტრემისტულ ძალებს აკისრებს და აცხადებს, რომ მსგავს თავდასხმებზე აშშ-ის პასუხი იქნება სწრაფი და შესატყვისი.[1]

ერაყში სილამაზის კონკურსში გამარჯვებული ქალი მოკლეს – მოდელი და ბლოგერი ტარუ ფარესი, რომელმაც 2015 წელს სილამაზის კონკურსი „მის ბაღდადი“ მაიგო, ერაყის დედაქალაქში მოკლეს. 22 წლის ქალი საავადმყოფოში სამი ნატყვიარით მიიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობამდე ის მძევლად აიყვანეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ შემთხვევამდე, ერაყში, საიდუმლო ვითარებაში, დაიღპნენ სილამაზის სალონის მესაკუთრე და მოდის ექსპერტი.[2]

ერაყის ქურთისტანში საპარლამენტო არჩევნებია – ერაყელი ქურთები ახალ პარლამენტს ირჩევენ. დამოუკიდებლობის მოპოვების უშედეგო მცდელობის შემდეგ, ეს რეგიონის პირველი არჩევნებია. ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული გამარჯვება პოლიტიკურმა პარტიებმა – „ქურთისტანის დემოკრატიული პარტია“ (KDP) და „ქურტისტანის პატრიოტთა ალიანსი“ (PUK) მოიპოვონ. ერაყის ქურთისტანის პარლამენტში სულ 111 ადგილია. აქედან 11 ეთნიკური უმცირესობებისთვის არის განკუთვნილი. არჩევნებში ხმის მისაცემად 3.85 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული.[3]

ეგვიტეში ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით აქტივისტი გაასამართლეს – ადამიანის უფლებების დაცვის აქტივისტს ამალ ფატის ორწლიანი პირობითი სასჯელი და 560 დოლარის ოდენობის ჯარიმა მიესაჯა. ის მაისში მას შემდეგ დააკავეს, რაც ქვეყნის ხელისუფლების კრიტიკისშემცველი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ამალ ფატი ეგვიპტეში არსებულ შევიწროებას აპროტესტებდა. ამალ ფატის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ეგვიპტეში ახლახანს მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც ინტერნეტზე კონტროლი გამკაცრდა. კიბერდანაშაულის შესახებ კანონი გულისხმობს ეგვიპტეში იმ ვებგვერდების დაბლოკვას, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას ან ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს უქმნის. კანონით, ასევე შესაძლებელი ხდება სოციალურ ქსელში 5000-ზე მეტი გამომწერის მქონე ექაუნთის ზედამხედველობა. ეგვიპტის ხელისუფლება კანონის გამკაცრების აუცილებლობას ტერორიზმთან ბრძოლით ხსნის.[4]

ყაზახეთში ახალი ამბების ჟურნალისტი მოკლეს – 37 წლის ირინა ბეკეტოვა საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. ის საინფორმაციო პორტალში „ყაზახეთის ახალი ამბები“ მუშაობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, რომელიც 34 წლისაა და ასტანაში ცხვორობს, უკვე დაკავებულია. მკვლელობის მოტივი გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია.[5]

ინდოეთში მრუშობა დასჯადი აღარ იქნება – ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ მრუშობას სისხლის სამართლის დანაშაულის სტატუსი მოუხსნა. კოლონიალური ეპოქიდან მოყოლებული, კანონი ყველა კაცს, რომელსაც დაქორწინებულ ქალთან მისი ქმრის თანხმობის გარეშე ჰქონდა სექსი, თავისუფლების აღკვეთით სჯიდა. უცნობია დღემდე რამდენი ადამიანი გაასამართლეს ამ მუხლით. აღსანიშნავია, რომ კანონი არ სჯიდა ქალს და მხოლოდ კაცი მიიჩნეოდა დამნაშავედ. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კანონი კაცების მიმართ დისკრიმინაციული იყო.[6]

[1] იმედის ახალი ამბები; აშშ ერაყის ქალაქ ბასრაში საკონსულოს დახურვას გეგმავს; 30 სექტემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/79330/ashsh-erakis-qalaq-basrashi-sakonsulos-dakhurvas-gegmavs

[2] Kurdistan 24; Iraqi model, fashion icon killed in Baghdad; By Baxtiyar Goran; 27 September, 2018; available at: http://www.kurdistan24.net/en/news/c1ddd610-007f-4716-a1db-b42b936307ad

[3] Reuters; Main Iraqi Kurdish party says it may reject regional election result; By Ahmed Aboulenein, Raya Jalabi; 30 Sepetmeber, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-kurds/polls-open-in-iraqi-kurdistan-for-regional-election-idUSKCN1MA04P?il=0

[4] BBC; Egypt senteces activist for spreading fake news; 29 September, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-middle-east-45691770

[5] იმედის ახალი ამბები; ყაზახეთში ახალი ამბები ჟურნალისტი მოკლეს; 25 სეტქმბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/78791/kazakhetshi-akhali-ambebis-jurnalisti-mokles

[6] BBC; Adultery no longer a criminal offence in India; By Soutik Biswas; 27 September, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-india-45404927

ქუვეითი. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება. იანვარი, 2018 წელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ეხება 2016 წელს განვითარებულ მოვლენებს, ქუვეითი წარმოადგენს კონსტიტუციურ, მემკვიდრეობით ემირატს, რომელსაც ალ შაბაჰის ოჯახი მართავს. მიუხედავად იმისა, რომ ქუვეითში დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი ფუნქციონირებს, ქვეყნის მმართველობასთან დაკავშირებით არსებულ ყველა საკითხზე, საბოლოო გადაწყვეტილებას ემირი იღებს. 2016 წლის 26 ნოემბერს გამართული საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, რომლის დროსაც ოპოზიციური ფრთის რამდენიმე წარმომადგენელმა გაიმარჯვა. საანგარიშო პერიოდში, სამოქალაქო ხელისუფლება ეფექტურად ახორციელებდა უსაფრთხოების ძალების სრულად მართვას.

ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული პრობლემები ძირითად მოიცავდა  მოქალაქეთათვის ხელისუფლების არჩევის დროს ხმის მიცემის შესაძლებლობის შეზღუდვას; სიტყვის, გამოხატვისა და თავისუფლების შეზღუდვას, განსაკუთრებით უცხოელი მუშებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებების შეზღუდვას, რომლებიც მოიხსენიებიან როგორც “bidoon” (მოქალაქეობის არმქონე); ასევე, უცხოელი მოქალაქეების შრომითი უფლებების შეზღუდვას, განსაკუთრებით საშინაო და არაკვალიფიციური სამსახურის სექტორის მიმართულებით, რაც ადამიანთა ტრეფიკინგის მაღალ რისკთანაა დაკავშირებული.

ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ პრობლემათა ჩამონათვალში საუბარია რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ; გარკვეული ჯგუფების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, მათ შორის იგულისხმებიან უცხოელი მუშები, „ბიდუნები“ და ქუვეითელი და არა მოქალაქე ქალები. ანგარიშის მიხედვით, „ბიდუნები“ და სხვა მოქალაქეობის არმქონე პირები, სოციალურ და სამართლებრივ დისკრიმინაციას განიცდიდნენ. ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობა კვლავ ფართოდ იყო გავრცელებული. ასევე, ადგილი ჰქონდა ძალადობას ოჯახებში მომუშავე, არა მოქალაქე მუშების მიმართ. უცხოელი მოქალაქეების უკანონო დაპატიმრების და ქვეყნიდან გაძევების რამდენიმე შემთხვევაც დაფიქსირდა.

ხელისუფლებამ  გარკვეული ნაბიჯები გადადგა მაღალი თანამდებობის პირების დასასჯელად, რომელთა მხრიდანაც ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს, როგორც უსაფრთხოების სამსახურში, ისე მთავრობის სხვა უწყებებში. დაუსჯელობა კვლავ პრობლემას წარმოადგენდა, განსაკუთრებით კორუფციის შემთხვევებში.[1]

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება„Amnesty international“-ის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ქუვეითის ხელისუფლებამ კიდევ უფრო შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება. 2016 წლის იანვარში ძალაში შევიდა ახალი კანონი კიბერდანაშაულის შესახებ, რამაც კიდევ უფრო შეზღუდა ინტერნეტში აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. აღნიშნული კანონით,  მთავრობის, სასამართლო ხელისუფლების ან სხვა პირის წინააღმდეგ მიმართული მშვიდობიანი კრიტიკა დასჯადი გახდა, რაც 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. იანვარში, პარლამენტმა მიიღო კანონი ელექტრონული მედიის შესახებ, რაც არეგულირებს ყველა ინტერნეტ გამოცემას, მათ შორის ელექტრონულ საინფორმაციო სამსახურებს, ინტერნეტ გაზეთებს, ტელევიზიას, სოციალურ მედიას და ბლოგებს. აღნიშნული კანონი ყველა ამ საინფორმაციო საშუალებას ავალდებულებს, რომ სახელმწიფოსგან მიიღოს მაუწყებლობის ნებართვა. ივნისში, ახალი კანონი შევიდა ძალაში, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც  ღვთის, სასულიერო ლიდერების, ან ემირის გმობის ბრალდება დაუმტკიცდება, ეკრძალება საპარლამენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის წამოყენება, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს მთავრობის მოწინააღმდეგე პირების არჩევას.

პარლამენტის წევრი, შიიტი ოპოზიციონერი აბდულა დაშთის, მარტში მოეხსნა საპარლამენტო იმუნიტეტი. იგი საზღვარგარეთ წავიდა, მაგრამ მის წინააღმდეგ წამოწყებული იყო სამართლებრივი დევნა და რამდენიმე სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მთელი რიგი ბრალდებების გამო, მათ შორის იგულისხმება სოციალურ და სხვა მედია საშუალებაში მისი მხრიდან ბაჰრეინის და საუდის არაბეთის ხელისუფლების  კრიტიკა, რაც მშვიდობიანი ხასიათის მატარებელი იყო. მთლიანობაში, მის მიმართ არსებული ბრალდებები 40 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. დეკემბერში, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მის მიმართ არსებული გამამართლებელი განაჩენი და 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რადგან აბდულა დაშთი ქუვეითის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, მან ვერ შეძლო აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება. იგი კვლავ არ იმყოფება ქუვეითში.

პარლამენტის ყოფილ წევრს, მუსალამ ალ-ბარაკს, თავისი გამოსვლის დროს მთავრობის გაკრიტიკების გამო ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეზე მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი.  2016 წლის ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება 13 პირისთვის, რომელთაც პატიმრობა მიესაჯათ მუსალამ ალ-ბარაკის  გამოსვლიდან ამონარიდების წაკითხვისა და გამოქვეყნებისთვის.

ბიდუნთა დისკრიმინაცია

ხელისუფლება კვლავ განაგრძობდა მოქალაქეობის შეჩერებას 100,000-ზე მეტი ბიდუნი მაცხოვრებლისთვის, რომლებიც მოქალაქეობის არმქონეები ხდებოდნენ. მაისში, პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც  ქუვეითის მოქალაქეობას მიანიჭებდა 4,000 ბიდუნს და  წარუდგინა მთავრობას. აღნიშნული კანონპროექტი, 2016 წლის ბოლოსთვის მთავრობის მიერ ჯერ კიდევ არ იყო ხელმოწერილი.

ქალთა უფლებები

საანგარიშო პერიოდში, ქალები კვლავ აწყდებოდნენ დისკრიმინაციას სამართლებრივი კუთხით და პრაქტიკაშიც. მაისში, საკანონმდებლო  და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა  მოქალაქეობის შესახებ არსებული კანონის ჩასწორებული ვერსია დაამტკიცა, რომელიც ქუვეითელ ქალს უფლებას აძლევს მისი მოქალაქეობა გადასცეს თავის შვილს მიუხედავად მამის მოქალაქეობისა. აღნიშნული ცვლილება წლის ბოლოსთვის ჯერ კიდევ არ  იყო მიღებული.[2]

“Human Rights Watch”-ის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქუვეითის პერსონალური სტატუსის შესახებ კანონი, რომელიც ეხება ქუვეითელების უმეტესობას, სუნიტ მუსლიმებს, დისკრიმინაციულია ქალების მიმართ. მაგალითად, ზოგიერთ ქალს, საქორწინო კონტრაქტის გასაფორმებლად მამაკაცი მეურვის ყოლა მოეთხოვება. ქალებმა განქორწინების სურვილის შემთხვევაში, უნდა მიმართონ სასამართლოს, თუმცა ისინი შეზღუდული უფლებებით სარგებლობენ, მაშინ როდესაც, მამაკაცს სასამართლოს გარეშე შეუძლია განქორწინდეს. ქალებმა შეიძლება დაკარგონ შვილებზე მეურვეობის უფლება, იმ შემთხვევაში, თუ ხელმეორედ იქორწინებენ ოჯახს გარეთ. წესები, რომლებიც შიიტ მუსლიმებს ეხება, ასევე დისკრიმინაციულია ქალთა მიმართ.

ღალატი და ქორწინების გარეთ ურთიერთობა კრიმინალიზებულია. ერთსქესიანთა ურთიერთობა მამაკაცებს შორის დასჯადია და შვიდწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ტრანსგენდერი პირები ისჯებიან 2007 წლის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, რომელიც კრძალავს „ნებისმიერი გზით საწინააღმდეგო სქესის იმიტირებას“.[3]

მიგრანტი მუშების უფლებები

მიგრანტი მუშები, მათ შორის საოჯახო სფეროში, მშენებლობაში და სხვა სექტორში დასაქმებული პირები, კვლავ განიცდიდნენ ექსპლუატაციას და ძალადობას „kafala“-ს, ოფიციალური თავდებობის სისტემის პირობებში. აღნიშნული სისტემა მუშებს მჭიდროდ აკავშირებდა დამქირავებლებთან, რომლის ნებართვის გარეშეც მუშას არ შეეძლო სამსახურის შეცვლა, ან ქვეყნის დატოვება. ივლისში, ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც დაწესდა მინიმალური ხელფასი საოჯახო სფეროში დასაქმებული პირებისთვის, რომელთა უმეტესობას ქალები წარმოადგენდნენ.

სიკვდილით დასჯა

საანგარიშო პერიოდში სასამართლოებმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს პირებს, რომლებიც გასამართლებული იყვნენ მკვლელობისთვის ან ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებებით. საანგარიშო პერიოდში სიკვდილით არავინ დაუსჯიათ.[4]

[1] U.S. State Department:2016 Country Reports on Human Rights Practices-Kuwait https://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2016/nea/265506.htm [accessed 04 January 2018]

[2] Amnesty International Report 2016/17 – Kuwait https://www.amnesty.org/en/countries/middle-east-and-north-africa/kuwait/report-kuwait/ [accessed 04 January 2018]

[3] Human Rights Watch: World Report 2017/Kuwait/Events of 2016  https://www.hrw.org/world-report/2017/country-chapters/kuwait [accessed 05 January 2018]

[4]Amnesty International Report 2016/17 – Kuwait https://www.amnesty.org/en/countries/middle-east-and-north-africa/kuwait/report-kuwait/ [accessed 04 January 2018]