ირანი. სოციალური ქსელების მომხმარებლების მიმართ დამოკიდებულება. მარტი, 2022

ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ 2022 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში – „ირანელები სოციალურ მედიაში“ – ანგარიშს ავტორი ჰოლი დაგრესი წერს, რომ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არაა ხელმისაწვდომი; თუმცა, Iranian Student Polling Agency 2021 წლის თებერვალში აცხადებდა, რომ 18 წელს ზევით ასაკის ირანელების 74 პროცენტი სოციალური მედიისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების აპლიკაციების მომხმარებელია. ისეთი პოპულარული პლატფორმები, როგორიცაა – ფეისბუქი (Facebook), ტვიტერი (Twitter),  იუთუბი (Youtube) – ირანში დაბლოკილია, მაგრამ სხვადასხვა საშუალებით ირანელები ახერხებენ, წვდომა ჰქონდეთ აღნიშნულ პლატფორმებთან. სოციალური მედიის მომხმარებელთა 64 პროცენტი აქტიურად იყენებს მოკლე ტექსტური შეტყობინებების აპლიკაციას – ვოთსაპი (WhatsApp); 45% ინსტაგრამის, 36% ტელეგრამის (Telegram), 3% ფეისბუქის და 2% ტვიტერის მომხმარებელია. ირანის სახელმწიფო მედიის იფნორმაციით, 2018 წლიდან მოყოლებული, მიუხედავად აკრძალვებისა, სოციალური მედიის მომხმარებელი 45 მილიონი ირანელი, ტელეგრამის არხებზე, ყოველწლიურად 500 მილიონ პოსტს აქვეყნებს. მედია საშუალება BBC წერს, რომ ინსტაგრამზე აქტიურია 50 ისეთი სპარსულენოვანი ანგარიში, რომელთა [თითოეულის] მიმდვრების რაოდენობა 3 მილიონს აჭარბებს; 600 ანგარიშზე მეტს კი მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. მაგალითად, ცნობილი მსახიობი ქალი ტარანე ალიდოსტის ინსტაგრამ ანგარიშის მიმდევართა რაოდენობა 7 მილიონია. თითქმის 8 მილიონამდე მიმდევარი ჰყავს ფეხბურთის ირანელი ლეგენდა ალი დაიეს.

ირანის მოქალაქეები, როგორც ნებისმიერი სხვა, სოციალურ მედიას სხვადასხვა გზით, მათ შორის კომერციული, გასართობი, პოლიტიკური და კულტურული დანიშნულებით იყენებენ. ირანელებს შორის ყველა პოპულარული სოციალური მედია პლატფორმა ინსტაგრამია, რომელიც რეჟიმის მიერ კვლავ დაშვებულია. ირანელი ინსტაგრამ ინფლუენსერები, დასავლელი ინფლუენსერების მსგავსად, საკუთარ ანგარიშებს იყენებს სპონსორობის, პროდუქტების მარკეტინგისა და სხვა სახის რეკლამებისთვის. კულინარიული ინფლუენსერი მაჰდის ფუდი [Mahdis Food (@mahdis_Food)], ვისაც 850 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს, აქვეყნებს პერსონალიზებულ ვიდეო რეკლამებს, სადაც სხვადასხვა სახის პროცედურებს [ლაზერული ეპილაცია, თმების დაგრძელება] უწევს რეკლამირებას. მისი გვერდის ძირითადი თემა კი კულინარიული რეცეპტებია. [წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კითხვაზე პასუხის ავტორის კომენტარი – აღნიშნულ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოებში ქალები, სხვადასხვა სახის თავსაბურავს ატარებენ (ძირითადად ჰიჯაბი და ქუდი) და შეიძლება ითქვას, რომ ისინი არ არღვევენ ირანში დაწესებულ ე.წ. ჰიჯაბის ტარების ვალდებულებას].

ზოგჯერ, წყვილები ერთად ქმნიან სოციალური მედიის ე.წ. კონტენტს [შინაარსს]. მაგალითად მოჰამადი და ფატიმა [@mohammad_vf და @1fatemeh__arjmandi], რომელთაც ერთად 3 მილიონი მიმდევარი ჰყავთ, აქვეყნებენ იუმორისტულ-პაროდიულ ვიდეოებს; პარალელურად, ისინი ვიდეოების საშუალებით რეკლამირებას უწევენ სხვადასხვა პროდუქტს – ვიდეო თამაშებისა და ზაფრანის ბრენდების ჩათვლით [წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კითხვაზე პასუხის ავტორის კომენტარი – @1fatemeh__arjmandi გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოებში ქალები, სხვადასხვა სახის თავსაბურავს ატარებენ (ძირითადად ჰიჯაბი და ქუდი) და შეიძლება ითქვას, რომ ისინი არ არღვევენ ირანში დაწესებულ ე.წ. ჰიჯაბის ტარების ვალდებულებას].

ზოგადად, ვიდეო თამაშები ირანელი ინფლუენსერების შემოსავლის პოპულარული წყაროა; რადგან, თავად ვიდეო თამაშები ირანელთა შორის ძალიან პოპულარული გასართობია. ინსტაგრამის საშუალებით შემოსავლების მიღების შესახებ ირანულ მედია რესურსებზე მრავალი სტატია იწერება. ყველა ინფლუენსერი თავად აწესებს საკუთარ ტარიფს. თეირანში მოქმედი სოციალური მედიის სააგენტოს ინფორმაციით, ირანელი ინფლუენსერების შემოსავალი 6 მილიონ რიალს აღწევს. ამასთან, ინსტაგრამი არის საშუალება ირანელი ქალებისთვის, ვისაც ხშირად არ შეუძლიათ სახლს გარეთ მუშაობა [ტრადიციებისა და ოჯახში ვალდებულებების გათალისწინებით], აწარმოონ ბიზნეს-საქმიანობა სახლიდან.[1]

ინტერნეტ რესურსი „Institute for Internet and the Just Society“ 2021 წლის 9 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ მიუხედავად ავტორიტარული რეჟიმისა, ირანელებს საინტერესესო ურთიერთობა აქვთ სოციალურ მედიასთან. მართალია, ირანის ხელისუფლება სოციალურ მედიაში საფრთხეს ხედავს, ირანელი პოლიტიკოსები [მათ შორის უზენაესი ლიდერი და ახლად არჩეული პრეზიდენტიც] მაინც მზარდი ტემპით იყენებენ სოციალურ მედია პლატფორმებს ამომრჩეველთან კონტაქტისთვის. ირანის ხელისუფლების მედია თავისუფლებისა და ინტერნეტის გამოყენების შემზღუდველი პოლიტიკა არაეფექტურია და მილიონობით ირანელი [სხვადასხვა Proxy და VPN სერვისების გამოყენებით] ახერხებს გვერდი აუაროს შეზღუდვებს და ისარგებლოს სოციალური მედიის პლატფორმებით.[2]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2020 წლის 21 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში ირანში ჩაცმის დაშვებული სტილის შესახებ წერს, რომ ისლამური სისხლის სამართლის კოდექსის 638-ე მუხლის მიხედვით, ყველა, ვინც ცალსახად არღვევს რელიგიურ ნორმებს საჯაროდ, გარდა იმისა, რომ დაისჯება თავისი საქციელისთვის, ასევე, მას ემუქრება პატიმრობა 10 დღიდან 2 თვემდე ვადით ან გაროზგვა [74 როზგი]. ამავე მუხლის მიხედვით, ქალი, რომელიც საჯაროდ გამოჩნდება სათანადო ჰიჯაბის გარეშე, დაპატიმრებული იქნება 10 დღიდან 2 თვემდე ვადით ან დაეკისრება ჯარიმა 50 ათასიდან 500 ათასამდე რიალის ოდენობით. წყაროების შეფასებით, კანონმდებლობა არ განმარტავს სათანადო ჰიჯაბის მნიშვნელობას. ორაქტიკაში კი, ქალებმა, საჯარო სივრცეშ გამოჩენისას, სრულად უნდა დაფარონ თმა და ეცვათ ისეთი სამოსი, რომელიც ფარავს მკლავებსა და ფეხებს სრულად. წყაროების ინფორმაციით, ირანის ხელისუფლება იყენებს სისხლის სამართლის კოდექსს იმ ქალების სამართლებრივი დევნისთვის, ვინც ჰიჯაბის ტარებას აპროტესტებენ.[3]

[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭო“; შუა აღმოსავლეთის პროგრამები; ირანელები სოციალურ მედიაში; ავტორი: ჰოლი დაგრესი [Holly Dagres]; გამოქვეყნებულია 2022 წლის იანვარში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 4 მარტს]

[2] ინტერნეტ რესურსი „Institute for Internet and the Just Society“; სოციალური მედია და ირანი – ქაოტური ორთიერთობა?; სტატიის ავტორი: ლუკას პინო მარტინს ნასიფი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 9 აგვისტოს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.internetjustsociety.org/social-media-and-iran-a-messy-relationship [ნანახია 2022 წლის 4 მარტს]

[3] კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო; ირანი: მიღებული ჩაცმის სტილი, მათ შორის, აღსრულება (2016 – თებერვალი-2020); გამოქვეყნებულია 2020 წლის 21 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2022 წლის 4 მარტს]

ირანი. საპროტესტო აქციები; სოციალურ ქსელებში აქტიურობა. დეკემბერი, 2021

1999 წლის 8 ივლისს, თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ და გააპროტესტეს მთავრობის გადაწყვეტილება რეფორმისტული გაზეთის „სალაამ“ დახურვის შესახებ. სტუდენტების ჯგუფი მხარს უჭერდა იმდროინდელ პრეზიდენტ მოჰამად ჰათამის და მის რეფორმისტულ პოლიტიკურ ფრაქციას – მებრძოლი სასულიერო პირების ასოციაცია – რომელიც უძღვებოდა გაზეთს „სალაამ“. დემონსტრაცია თავდაპირველად მშვიდობიანი იყო; თუმცა, გვიან ღამით უსაფრთხოების სამსახურმა იერიში მიიტანა თეირანის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელზე, სადაც სტუდენტები იმყოფებოდნენ. პოლიცია სცემდა სტუდენტებს და ცეცხლს უკიდებდა ოთახებს. შედეგად, ერთი სტუდენტი დაიღუპა და ასობით დაშავდა, 1500-ზე მეტი სტუდენტი კი პოლიციამ დააპატიმრა. პროტესტმა საერთო საცხოვრებლის ტერიტორია დატოვა და მთელ ქვეყანას მოედო. ათი ათასზე მეტი დემონსტრანტი იმეორებდა მთავრობის საწინააღმდეგო სლოგანებს და ერთვებოდა პოლიციასთან შეტაკებებში ქუჩებში. პროტესტი 6 დღეს გაგრძელდა. სტუდენტური დაუმორჩილებლობის ბოლოს მინიმუმ 4 დემონსტრანტი იყო დაღუპული და თითქმის 1500 დაპატიმრებული. საბოლოოდ, ხელისუფლების კონსერვატიულმა ფრთამ პროტესტი 13 ივლისს ჩაახშო; თუმცა, მიიჩნევა, რომ სწორედ ეს პროტესტი გახდა საფუძველი ათი წლის შემდეგ აღმოცენებული „მწვანე მოძრაობისა“, რომელიც ირანის ისტორიაში [ისლამური რევოლუციის შემდეგ] ყველა ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციად სახელდება.[1]

მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“ 2008 წლის 9 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ 1999 წლის მოვლენებს ბევრი „ირანულ ტიანანმენის მოედანს“ უწოდებს. 8 ივლისის ღამეს, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე იერიშში, უსაფრთხოების ძალების გარდა, ასევე მონაწილეობდა გასამხედროებული ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავს „ჰეზბოლას მეგობრებად“ [Ansar-e Hezbollah] მოიხსენიებდა. თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტები აპროტესტებდნენ რეფორმისტული გაზეთის „სალაამ“ დახურვას და პარლამენტის მიერ გაჟღერებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პრესის თავისუფლების შეზღუდვისკენ იყო მიმართული. საპროტესტო აქციები სანქცირებული იყო თეირანის უნივერსიტეტის ისლამური საზოგადოების სტუდენტთა ცენტრალური საბჭოს მიერ. საერთო საცხოვრებელზე თავდასხმამ ქვეყანა შოკში ჩააგდო და თუ მანამდე სტუდენტური პროტესტი კამპუსის ტერიტორიას არ სცდებოდა, იერიშის შემდეგ, პროტესტმა ქუჩებში გადაინაცვლა და ბევრი რიგითი თეირანელის მხარდაჭერა მოიპოვა. დემონსტრანტების დარბევისას, პოლიციას ზომიერებასა და თავშეკავებაზე არც უფიქრია.

მაშინდელმა პრეზიდენტმა [მოჰამად ჰათამი] დაგმო საერთო საცხოვრებელზე თავდასხმა, მოგვიანებით კი მოვლენებში თავად უზენაესი ლიდერიც ჩაერთო. აიათოლა ჰამენეიმ საჯაროდ მოუწოდა ბასიჯებს არ ემოქმედათ ძალადობრივი მეთოდებით სტუდენტების წინააღმდეგ. „სტუდენტთა საძინებლებში ძალადობრივად შესვლა, სახლებსა და პირად სივრცეში უკანონო შეჭრასავითაა და ყველა უარესი შემთხვევაა, როდესაც ამას ღამით აკეთებ; იმ შემთხვევაშიც კი თუ სტუდენტები შეურაცხყოფას აყენებენ ლიდერს, მომთმენნი უნდა ვიყოთ; თუნდაც მათ ჩემი სურათი დაწვან ან დახიონ“, – ამ სიტყვებით მიმართა აიათოლამ ბასიჯებს და მოთმინებისკენ მოუწოდა. რამდენიმე დღის შემდეგ, თეირანში მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა, რომლის მიზანიც იყო, ეჩვენებინა რეჟიმისა და ხალხის ერთიანობა.

ჰოჯატ შარიფი [Hojat Sharifi], ვინც მონაწილეობდა სტუნდენტთა დაუმორჩილებლობაში, მოგვიანებით ამბობდა, რომ „ის პროტესტი, რომელიც რეფორმისტული გაზეთისა და ზოგადად, პრესის თავისუფლების დასაცავად დაიწყო, განვითარებულ მოვლენებში ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო. იმ მოვლენებს ახლაც შეუძლია, ბევრი რამ გვასწავლოს. იმ მოვლენებმა გვაჩვენა სტუდენტური საზოგადოების ნამდვილი სენსიტიურობა ირანული საზოგადოების სხვა სექტორების, კერძოდ მედიის მიმართ“.

სტუდენტი აქტივისტების კიდევ ერთი ლიდერი ალი ნიკოო ნესბატი [Ali Nikoo Nesbati], რომელიც ცენტრალური საბჭოს ერთობის კონსოლიდაციის ოფისის [ყველაზე მნიშვნელოვანი სტუდენტური ორგანიზაცია] წევრი იყო, მიიჩნევს, რომ 1999 წლის მოვლენებმა სტუდენტური მოძრაობა დამოუკიდებელი გახადა და გაათავისუფლა სხვადასხვა ჯგუფთან თუ პოლიტიკურ პარტიასთან კავშირებისგან.[2]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2000 წელს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში 1999 წლის თეირანის პროტესტის შესახებ წერდა, რომ 1999 წლის 15 ივლისს, თეირანის 11 უნივერსიტეტის 25 სტუდენტმა [ლიდერებმა], რომლებიც საკუთარ თავს სტუდენტთა პროტესტის არჩეულ საბჭოს უწოდებდნენ, დემონსტრაციების დროებით შეჩერების შესახებ გამოაცხადეს. 18 ივლისს, დაზვერვის სამსახურმა ირანელი სტუდენტების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარის [მანუჩერ მოჰამმადი (Manoucher Mohammadi)] და მისი მოადგილის [ქოლამრეზა მაჰერი-ნეჟად (Qolamreza Mahjeri-Nezhad)] დაპატიმრების შესახებ გამოაცხადა. საერთაშორისო ორგანიზაციის „Amnesty International“ ცნობით, მოჰამმადის 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაჰერი-ნეჟადი კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს; საბოლლოოდ, ამ უკანასკნელმა 2000 წელს ირანი დატოვა.[3]

განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებზე ვერ მოიძებნა ინფორმაცია კონკრეტულად ქალაქ ურმიაში [დასავლეთ აზერბაიჯანის (West Azerbaijan) პროვინციის უდიდესი ქალაქი] 1999 წელს განვითარებული მოვლენების [საპროტესტო აქციები] შესახებ.

მედია საშუალება CNN 2001 წლის 10 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ირანის ისლამური რევოლუციის 22-ე წლისთავი მასობრივი პროტესტებითა და დაპირისპირებით „აღინიშნა“. შეტაკებები კონსერვატიულ და რეფორმისტ მიმდინარეობებს შორის იმდროინდელ პრეზიდენტ მოჰამად ჰათამის განცხადებას მოჰყვა. ჰათამი ამბობდა, რომ ისლამის ძალადობრივი ინტერპრეტაცია ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იყო. ისლამური რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ „რევოლუცია ყველა ირანელს ეკუთვნის და არავის აქვს უფლება, საკუთარ თავს მიაწეროს. ისლამის არასწორი ინტერპრეტაცია და ვიწრო, ბნელი და არა-დემოკრატიული მიზნებისთვის მისაკუთრების ტენდენცია ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის მომტანია“. ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა თეირანის აზადის სკვერში რევოლუციის წლისთავის აღსანიშნად; მათ თან ჰქონდათ აიათოლა რუდოლა ჰომენეის, აიათოლა ალი ჰამენეისა და ჰათამის ფოტოებიც.

ჰათამის განცხადებიდის შემდეგ, მალევე, კონსერვატორები დაუპირისპირდნენ რეფორმატორული ირანის სახალხო დემოკრატიული ფრონტის პარტიის ლიდერი ჰაშემიტოლა ტაბარზადის მომხრეებს. ტაბარზადის 200-მდე მომხრე შეიკრიბა თეირანის ცენტრალურ ლალეკის პარკში, სადაც მათ დაახლოებით ამდენივე ანსარ-ე-ჰესბოლას [Ansar-e-Hezbollah], იგივე „ღმერთის შვილების“ წევრი დახვდა. პოლიციამ ტაბარზადის 50-მდე მომხრე დააპატიმრა. ტაბარზადიმ განაცხადა, რომ „ჩვენ შევიკრიბეთ, რათა გვეთქვა, რომ რევოლუცია, რომელიც თავისუფლებას გვპირდებოდა, დიქტატორებმა მიისაკუთრეს და ისინი არ ერიდებიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის“. ისლამურ კონსერვატიულ ფრთასთან აფილირებული ანსარ-ე-ჰეზბოლას არცერთი წევრი მაშინ არ დაუკავებიათ.

2000 წელს, პარლამენტში უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ, კონსერვატორები ცდილობდნენ დანაკარგის ანაზღაურებას და ერთმანეთის მიყოლებით ხურავდნენ რეფორმისტულ გამომცემლობებს და აპატიმრებდნენ ცნობილ რეფორმისტებსა და ჟურნალისტებს. ისინი აკონტროლებდნენ საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის მაუწყებლობის ქსელს, შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას.[4]

განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებზე ვერ მოიძებნა ინფორმაცია კონკრეტულად ქალაქ ურმიაში [დასავლეთ აზერბაიჯანის (West Azerbaijan) პროვინციის უდიდესი ქალაქი] და ქალაქ ტაბრიზში [აღმოსავლეთ აზერბაიჯანის (East Azerbaijan) პროვინციის დედაქალაქი] 2001 წელს განვითარებული მოვლენების [საპროტესტო აქციები] შესახებ.

2003 წლის 12 ივნისს, თეირანში, სტუდენტების მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო იმდროინდელი პრეზიდენტი მოჰამად ჰათამის წინააღმდეგ. სტუდენტები მეტ ლიბერალურ რეფორმას და 1999 წლების მოვლენებისთვის სამართლიანობას ითხოვდნენ. უნივერსიტეტის პრივატიზაციის წინააღმდეგ დაწყებული მცირე სტუდენტური მარში, საბოლოოდ, ძალადობრივ მოვლენებად გადაიქცა. პროტესტმა ფართო სოციალური სპექტრი მოიცვა და დემონსტრანტები ითხოვდნენ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს. პარასკევი ღამის პროტესტი ყველაზე მსხვილი და ძალადობრივი აღმოჩნდა – პროტესტი ჩრდილოეთ თეირანში, შაჰიდ ბეჰეშტის უნივერსიტეტის კამპუსში დაიწყო და თეირანის უნივერსიტეტისკენ მიმავალი ორი მთავარი გზატკეცილი გადაიკეტა. „ეს სამოქალაქო დამოურჩილებლობაა“ – ამბობდა ერთერთი დემონსტრანტი – „ჩვენ მათ წინააღმდეგ ვდგავართ. ჩვენ რეჟიმის წინააღმდეგ ვაპროტესტებთ“.[5]

მედია საშუალება CNN 2003 წლის 16 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ უნივერსიტეტის სტუდენტების ზედიზედ 7-დღიანი პროტესტის შემდეგ, ირანის უსაფრთხოების ძალები ქუჩებში გავიდნენ, რათა პროტესტის შემდგომი გაგრძელების პრევენცია მოეხდინათ. პოლიციის განცხადებით, უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის მინიმუმ ორ ადგილას მოხდა მსუბუქი შეტაკება.[6] მედია საშუალება CBS News 2003 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ უკანასკნელი თვის განმავლობაში, რეფორმების მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციებისას, ჯამში, 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი დააპატიმრეს, მათ შორის 800 სტუდენტი [მათგან 30-მდე ლიდერი].[7]

განყოფილების მიერ შესწავლილ წყაროებზე არ მოიძებნა ინფორმაცია 2005 წელს, სალმაზში [სალმან შაჰრ (Salman Shahr) სალმან შაჰრის რაიონის დედაქალაქი, აბბასაბადი, მანაზადარანის პროვინცია], გაუპატიურების შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მკვლელობის გამო ქალის სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების შესახებ. წყაროების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2005 წელს, აპრილში, ადგილი ჰქონდა აჰვაზის დაუმორჩილებლობის სახელით ცნობილ მოვლენებს. სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში, ხუზესტანის პროვინციაში, ქალაქ აჰვაზში გაიმართა არაბების დემონსტრაცია. საპროტესტო აქცია გამოიწვია ყალბმა წერილმა, რომელიც მედიაში გავრცელდა და რომელშიც საუბარი იყო ხუზესტანის პროვინციაში არაბების რაოდენობის შემცირების აუცილებლობაზე. დემონსტრაციების შედეგად 20 აჰვაზი არაბი დაიღუპა, 500 დაშავდა და 250 პოლიციამ დააპატიმრა.[8]

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო 2021 წლის 22 თებერვალს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ წყაროების ინფრომაციით, ირანი აგზავნის ხალხს [ჯაშუშებს] სხვა ქვეყნებში. ირანის მთავრობა ცდილობს, გამოვლინოს მთავრობის მოწინააღმდეგე აქტივისტები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ინფორმაციის შეგროვებაში დაზვერვის სამსახურიც მონაწილეობს. ირანის მთავრობა, ასევე, იყენებს ლტოლვილებს, სხვა ლტოლვილების მეთვალყურეობისთვის. 2019 წლის დეკემბერში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანელ მამაკაცს ორნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჯაშუშობისთვის – ის ინფორმაციას აგროვებდა ირანელი ლტოლვილების შესახებ შვედეთში, დანიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში. წყაროების ცნობით, ირანის უსაფრთხოების სამსახური ზეწოლისთვის იყენებს პერსონალურ ინფორმაციას და ასე აიძულებს ირანელებს თანამშრომლობას. ხანდახან თანამშრომლობის სანაცვლოდ პატიმრებსაც ათავისუფლებენ.

ინფორმაციაში, ასევე, ნათქვამია, რომ ირანის მთავრობა აკვირდება საზღვარგარეთ პოლიტიკური ოპონენტების საქმიანობას. ხელისუფლება, როგორც წესი, მნიშვნელოვან ხალხს აკვირდება, თუმცა მათთვის საინტერესოა ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ხალხზე ზეწოლისთვის იქნება გამოსადეგი; ასეთი ინფორმაცია შეიძლება იყოს ალკოჰოლის მოხმარება ან რომანტიკული ურთიერთობები. ირანის მთავრობა ჯაშუშობს ოპოზიციასა და სხვა ირანელებზე საზღვარგარეთ. წყაროების ცნობით, ირანის ხელისუფლება ცდილობს დააშინოს საზღვარგარეთ მყოფი ხალხი, რათა მათ შეწყვიტონ მთავრობის საწინააღდმეგო საქმიანობა და რომ ირანის მთავრობას წარსულში უცდია საზღვარგარეთ მყოფი ირანელების ლიკვიდაცია. 1979 წლის რევოლუციის შემდეგ, ირანმა 21 პოლიტიკური ოპონენტი მოკლა საზღვარგარეთ და კიდევ ასობით ემსხვერპლა უცხოური სამხედრო, დიპლომატიური და კულტურული ინფრასტრუქტურის დაბომბვებს.

ირანის ხელისუფლება კონცენტრირებულია პოლიტიკურ ოპონენტებზე საზღვარგარეთ და ყოფილა შემთხვევები, როდესაც აქტივისტები გაუტაცებიათ და დაუბრუნებიათ ირანში. წყაროები ამტკიცებენ, რომ ირანი მომავალშიც ეცდება მაღალი რანგის აქტივისტების გატაცებას და ირანში დაბრუნებას. 2020 წლის დეკემბერში მედია საშუალება „Washington Post“ წერდა, რომ გაქცეული ირანელი პოლიტიკოსი, რომელიც შვედეთიდან თურქეთში მიემგზავრებოდა, გზად გაუჩინარდა; რამდენიმე დღის შემდეგ კი ირანის სახელმწიფო მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პოლიტიკოსი დაპატიმრებული იყო და რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული [ორი წლით ადრე სამხედრო აღლუმზე განხორციელებულ თავდასხმაში ჩართულობა]. მედია საშუალებები იმავე პერიოდში წერდნენ, რომ თურქეთის პოლიციამ დააკავა 11 პირი, რომლებიც ჩართულები იყვნენ ირანელი დისიდენტების გატაცებასა და ირანში დაბრუნებაში.

წყაროების ინფორმაციით, ირანის ხელისუფლება ცდილობს ინფორმაციის უკანონო გზებით მოპოვებას საშუალო რანგის აქტივისტების შესახებ ინტერნეტ სივრცეში. ისინი აკვირდებიან „რიგითი ირანელების“ ცხოვრებას, რადგან „ნებისმიერი ინფორმაცია შესაძლოა, იყოს სასარგებლო“. კიბერ უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე ერთერთი კომპანიის ცნობით, ირანის ხელისუფლება კიბერსფეროში ორი სადამკვირვებლო საოპერაციო სისტემით მოქმედებს, იყენებს სხვადასხვა მეთოდს, რათა ჯაშუშურად დააკვირდეს ათასზე მეტ დისიდენტს და ეს ხალხი, რომელიც იმყოფება ირანში, გაერთიანებულ სამეფოში, შეერთებულ შტატებში და კიდევ ათ სხვა ქვეყანაში, ირანელი „ჰაკერების“ მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო, იგივე ანგარიშში, ასევე საუბრობს იმ შემთხვევებზე, როდესაც მთავრობის მოწინააღმდეგე აქტივისტები ირანში ბრუნდებიან. წყაროების ინფორმაციით, „იმ დიდიდენტებს, ვინც ძალიან აქტიურები იყვნენ, უკან დაბრუნება არ შეუძლიათ“. იგივე წყაროების მტკიცებით, „პოლიტიკურად აქტიური პირებისთვის რისკი მაღალია; ამავე დროს, რიგითი ირანელების დაბრუნების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ყველაფერი კარგად იქნება. ზოგადად, თუ ცნობად პირს ეხება საქმე, რისკი მაღალია“. თუ პირი ირანში მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში და შემდეგ ქვეყნიდან წავიდა, თუ ის აღარ იყო პოლიტიკურად აქტიური საზღვარგარეთ, ირანში დაბრუნებისას საფრთხის წინაშე არ დადგება; გამონაკლისია ის შემთხვევა თუ მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და საქმე დახურული არაა; ასეთ შემთხვევაში, პირს დააპატიმრებენ. წყაროების ინფორმაციით, პირი, ვინც ანონიმურად იყო პოლიტიკურად აქტიური საზღვარგარეთ, ირანში დაბრუნება შეუძლია. ამასთან, პირს, ვინც ღიად იყო პოლიტიკურად აქტიური საზღვარგარეთ, სამშობლოშ დაბრუნება არ შეუძლია.

ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტებისა და ორგანიზაციების ინფორმაციით, ბევრი შემთხვევაა, როდესაც ირანში დაბრუნებული დისიდენტები დააპატიმრეს ჩასვლისთანავე. 2020 წლის დეკემბერში ირანმა სიკვდილით დასაჯა ჟურნალისტები, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობდნენ და ახალი ამბების საიტით ოპერირებდნენ. მათ ერაყში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურასთან ინტერვიუზე შეუთანხმდნენ, ერაყში ჩასვლისას კი დააპატიმრეს და ირანის ხელისუფლებას გადასცეს.

წყაროები, ასევე, წერენ, რომ ირანი არ აღიარებს ორმაგ მოქალაქეობას და ბევრი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი აღმოჩნდა ირანში პატიმრობაში.[9]

[1] შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტი; ფაქტები: პროტესტი ირანში [1979 – 2020]; საბოლოო განახლების თარიღი: 2020 წლის 21 იანვარი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://iranprimer.usip.org/blog/2019/dec/05/fact-sheet-protests-iran-1999-2019-0 [ნანახია 2021 წლის 21 დეკემბერს]

[2] მედია საშუალება „რადიო თავისუფლება“; თეირანის 1999 წლის სტუდენტთა პროტესტის გახსენება; სტატიის ავტორი: ირაი გორგინი; გამოქვეყნებულია 2008 წლის 9 ივლისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rferl.org/a/Iran_Student_Protests/1182717.html [ნანახია 2021 წლის 17 დეკემბერს]

[3] კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო; ირანი: 1999 წლის ივლისის დემონსტრაციები თეირანში; გამოქვეყნებულია 2000 წლის დეკემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 17 დეკემბერს]

[4] მედია საშუალება CNN; ისლამური რევოლუციის თარიღი პროტესტებით „აღინიშნა“; გამოქვეყნებულია 2001 წლის 10 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://edition.cnn.com/2001/WORLD/meast/02/10/iran.arrests.02/ [ნანახია 2021 წლის 17 დეკემბერს]

[5] მედია საშუალება „The New York Times“; სტატიის ავტორი: ნეილ მაკფარქუჰარი; გამოქვეყნებულია 2003 წლის 14 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.nytimes.com/2003/06/14/world/student-protests-in-tehran-become-nightly-fights-for-freedom.html [ნანახია 2021 წლის 17 დეკემბერს]

[6] მედია საშუალება CNN; უსაფრთხოების ძალები ირანის პროტესტს ზღუდავენ; სტატიის ავტორი: კასრა ნაჯი; გამოქვეყნების თარიღი: 2003 წლის 16 ივნისი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://edition.cnn.com/2003/WORLD/meast/06/16/iran.us.protests/ [ნანახია 2021 წლის 17 დეკემბერს]

[7] მედია საშუალება CBS News; ირანში რეფორმების მოთხოვნით გამართული აქციებისას 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი დააპატიმრეს; გამოქვეყნებულია 2003 წლის 12 ივნისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.cbsnews.com/news/4000-arrests-in-iran-reform-protests/ [ნანახია 2021 წლის 17 დეკემბერს]

[8] ორგანიზაცია „წარმომადგენლობის არ მქონე ერებისა და ხალხების ორგანიზაცია“; აჰვაზი: ირანის „სისხლიანი პარასკევი“ აჰვაზში; გამოქვეყნებულია 2005 წლის 17 აპრილს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://unpo.org/article/2346 [ნანახია 2021 17 დეკემბერს]

[9] კანადის იმიგრაციისა და ლტოლვილთა საბჭო; კითხვაზე პასუხი: მთავრობის მოწინააღდმეგეთა მიმართ დამოკიდებულება, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფთა მიმართ, მონიტორინგის რესურსი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 22 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე:

[ნანახია 2021 წლის 17 დეკემბერს]

რუსეთი. ოპოზიციონერი ბლოგერების მიმართ დამოკიდებულება. სექტემბერი, 2018

მედია საშუალება BBC 2018 წლის 23 აგვისტოს გამოქვეყნებულ ერთერთ სტატიაში წერს ციმბირის რეგიონის ქალაქ ბერნაულში მცხოვრები 23 წლის რუსი ქალბატონის მარია მოტუზნაიას შესახებ. მარიას განცხადებით, ის რუსულმა სპეც-სამსახურებმა ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს, ხოლო ამის მიზეზი მის მიერ, რუსული სოციალური ქსელის – „VKontakte“ მეშვეობით, სიძულვილის ენის გამოყენება და მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გახდა. ორივე ზემოხსენებული ქმედება რუსეთში დასჯადია. უფრო კონკრეტულად კი, მარიამ სოციალურ ქსელში განათავსა რამდენიმე ე.წ. „მიმი“ (MEME), რამაც რუსული პოლიციის დაინტერესება გამოიწვია. კერძოდ, ერთერთ ასეთ პოსტში ასახულია მონაზონთა ჯგუფი, რომლის წევრებიც სიგარეტს ეწევიან, ხოლო ერთერთი მათგანი ამბობს: „დაუჩქარე, სანამ ღმერთი არ გვიყურებს“. მეორე სურათზე ასახულია მოშიმშილე აფრიკელი ბავშვები ცარიელი თეფშებით ხელში, წარწერით – „შავი იუმორი საჭმელივითაა – ყველა ვერ იღებს“ (“Black humour is like food – not everyone gets it”). მას 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე, BBC-ის ინფორმაციით, ანალოგიური ბრალდებებით, იმავე ქალაქში დაკავებულია კიდევ ორი პირი. როგორც ირკვევა, სამივე შემთხვევაში პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც ორმა სტუდენტმა გოგონამ პოლიციაში საჩივარი შეიტანა, მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.[1]

არასამთავრობო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2018 წლის 21 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ წლის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის შესაბამისმა სამსახურმა „ექსტრემისტთა“ სიაში 762 ადამიანი შეიყვანა, მათი დიდი ნაწილი – სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტების გამო.

ერთერთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა რუსეთის ალტაის რეგიონის ზემოხსენებულ ქალაქ ბერნაულში. საქმე ეხება 19 წლის სტუდენტ დანიილ მარკინს, რომელსაც ბრალად სოციალური ქსელის „VKontakte” მეშვეობით, ქრისტიანობის შეურაცხმყოფელი „მიმების“ გავრცელება ედება. გასული წლის ივლისში, მარკინის სახლში ჩხრეკის ნებართვით პოლიცია შევიდა, მას ჩამოართვეს ელექტრონული მოწყობილობები და წაიყვანეს დაკითხვაზე. დაკითხვის დროს, მისი ტელეფონიდან ამოიღეს 10 ე.წ. მიმი, რომელიც ქრისტიანობას აშარჟებდა, მათ შორის, სურათი, რომელზეც ასახულია პოპულარულ სერიალ „სატახტოთა თამაშის“ პერსონაჟი ჯონ სნოუ, როგორც იესო ქრისტე, ხოლო სურათს თან ერთვის წარწერა – „ჯონ სნოუ აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!“, რაც ერთგვარ პაროდიას წარმოადგენს მართლმადიდებლურ აღდგომასთან დაკავშირებული გამონათქვამისა.

მარკინს დააწერინეს აღიარებითი ჩვენება, რომ მან ნამდვილად შეინახა ზემოხსენებული სურათები საკუთარი ტელეფონის შიდა მეხსიერებაში, ხოლო შემდეგ გაათავისუფლეს. რუსეთის ფინანსური მონიტორინგის შესაბამისმა სამსახურმა მისი საბანკო ანგარიშები გაყინა, ხოლო შემთხვევიდან 1 წლის თავზე – მის წინააღმდეგ საოლქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, 19 წლის ახალგაზრდას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამასობაში, ალტაის პროვინციაში კიდევ 3 ანალოგიური საქმე აღიძრა „ონლაინ კანონდამრღვევთა“ წინააღმდეგ.[2]

„რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ 2018 წლის 3 აგვისტოს სტატიაში წერს 38 წლის რუს ანდერი შაშერინზე, რომელიც ასევე ზემოხსენებულ ქალაქ ბერნაულში ცხოვრობს. მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს არა მარტო სოციალურ ქსელში გავრცელებული რასობრივი და პოლიტიკური კონტექსტით დატვირთული სურათების გამო, არამედ რუსეთის პატრიარქ კირილის „გაშარჟებისთვისაც“. კერძოდ, ანდრეიმ გაავრცელა პატრიარქის სურათი, სადაც მას მაჯაზე ძვირადღირებული საათი უკეთია, ხოლო რუსეთის საპატრიარქოს იგივე, ოფიციალურ სურათზე მოგვიანებით, ზემოხსენებული საათი გააქრეს.

სატელეფონო ინტერვიუს დროს შაშერინმა განაცხადა, რომ ის ბრალდებულია სიძულვილის ენის გამოყენებასა და „მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში“, რაც დაკავშირებული იყო მის მიერ სოციალურ ქსელში კონკრეტული სურათების გავრცელებასთან.[3]

რაც შეეხება ოპოზიციური ბლოგერების ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობას, არასამთავრობო ორგანიზაცია „Freedom House“ რუსეთში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ 2017 წლის ანგარიშში წერს, რომ ამ კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა უკანასკნელი წლების განმავლობაში. განსაკუთრებით აღსანიშნავი ფაქტორები იყო რუსეთის მთავრობის ზეწოლა საკომუნიკაციო და ქსელურ კომპანიებზე, გადმოეტანათ რუსი მომხმარებლების ინფორმაციის შემცველი ბაზები რუსეთის ტერიტორიაზე და, ასევე, აშშ-ში დაფუძნებული საერთაშორისო ვებ-საიტის – LinkedIn დაბლოკვა, ზემოხსენებულ კრიტერიუმთან შეუთავსებლობის გამო.

სამთავრობო უწყებები აგრძელებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური ხასიათის შემცველი ბლოგებისა თუ საიტების ცენზურას, მათ შორის იყო წამყვანი ოპოზიციური ფიგურების: ალექსეი ნავალნისა და გარი კასპაროვის ბლოგები.

ასევე, მთავრობა ხშირად იყენებდა ექსტრემიზმის შესახებ კანონს, რათა შეეზღუდა მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკა. მაგალითად, სხვებთან ერთად, აღნიშნული კანონით აკრძალულ მასალას 2017 წლის აპრილიდან განეკუთვნება პრეზიდენტ პუტინის სურათი, რომელშიც მას მაკიაჟი უკეთია.

დამოუკიდებელ ბლოგერებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ე.წ. „ბლოგერების კანონმა“, რომელიც ავალდებულებს 3 000-ზე მეტი ვიზიტორის მქონე ბლოგერს, დარეგისტრირდეს როგორც, მასობრივი ინფორმაციის გამავრცელებელი; ე.ი. დაკარგოს ანონიმურობა და იყოს სამართლებრივად პასუხისმგებელი მის ბლოგზე არსებულ ნებისმიერი სახის მასალაზე, მათ შორის, მესამე პირის მიერ გაკეთებულ კომენტარზე.

2017 წლის ივლისში, დაახლოებით  ათასმა პირმა, მოსკოვის ქუჩებში გააპროტესტა მზარდი რეპრესიები ონლაინ მედიაზე და მოითხოვა ამ მიზეზით დაკავებული მოქალაქეების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, მათ შორის, განსაკუთრებით აღნიშნული იყო  ცნობილი ვიდეო ბლოგერი – რუსლან სოკოლოვკი, რომელსაც მსჯავრი დაედო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის, მას შემდეგ, რაც გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახული იყო, თუ როგორ თამაშობდა  მობილურ თამაშს – Pokemon Go-ს ეკლესიაში.

2016 წლის დეკემბერში, ტერორიზმის გაღვივების ბრალდებით, დაკავებული იქნა ციმბირელი ბლოგერი ალქსეი კუნგუროვი, რომელმაც საკუთარ ბლოგ პოსტში გააკრიტიკა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია სირიაში. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ქალაქ ბელგოროდში, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 21 წლის ქალის წინააღმდეგ, რომელმაც 2016 წლის მაისში დაპოსტა ვიდეო, სადაც სიგარეტს უკიდებდა ეკლესიის სანთლების გამოყენებით. მას მაქსიმუმ 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე, 2017 წლის თებერვალში, ჩეჩნეთის საჯარო პროკურორმა სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო ცნობილი კომიკოსისა და ბლოგერის – ილია დავიდოვის წინააღმდეგ 2012 წელს გავრცელებული ვიდეოს გამო, სადაც მან იხუმრა საპირფარეშოში ჯდომისას ყურანის კითხვაზე. იანვარში, მას შემდეგ, რაც აღნიშნულის გამო სიკვდილით რამდენჯერმე დაემუქრნენ, დავიდოვმა დატოვა ქვეყანა.[4]

[1] BBC, Article “The memes that might get you jailed in Russia”, published 23 August 2018, available at https://www.bbc.com/news/blogs-trending-45247879 [accessed 14 September 2018]

[2] Human Rights Watch, Article “Online Jokes Are No Laughing Matter in Russia”, Published 21 August 2018, available at https://www.hrw.org/news/2018/08/21/online-jokes-are-no-laughing-matter-russia [accessed 14 September 2018]

[3] RFERL, Article “Another Russian Faces Criminal Probe Over Social-Media Memes”, 3 August 2018, available at https://www.rferl.org/a/russian-faces-criminal-probe-social-media-memes/29410323.html [accessed 14 September 2018

[4] Freedom House, Freedom on the Net 2017 – Russia, 14 November 2017, available at:

[accessed 17 September 2018]

დაიჯესტი. მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბების ქრონიკა. 1-7 სექტემბერი, 2018

ვითარება ავღანეთში – ზაბულის პროვინციაში თალიბანის მაღალი რანგის მეთეურები მოკლეს. მულაჰ ასადსა და მულაფ სანგალთან ერთად, ავიაგამანადგურებლების შეტევის დროს, მოძრაობის კიდევ რამდენიმე წევრი დაიღუპა.[1]

ავღანეთის სამხრეთ ნაწილში დაუდგენელი პირები 3 სკოლას დაესხნენ თავს. შემთხვევა პაკტიკას პროვინციაში მოხდა. ადგილობრივების ცნობით, ერთერთი სკოლის ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა, დანარჩენ 2-ს კი ყუმბარები ესროლეს. დაღუპულთა დადაშავებულთა შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.[2]

საერთაშორისო კოალიციამ ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთერთი ლიდერი მოკლა. ვილაიათ ხორასანი, იგივე აბუ საად ორაკზაი ნანგაჰარის პროვინციაში საჰაერო იერიშის დროს დაიღუპა.[3]

„თალიბანის“ ერთერთი ლიდერი ჯალალედინ ჰაქანი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის ავღანეთში დაკრძალეს. ჯალალედინ ჰაქანმა „თალიბანის“ ერთერთი ყველაზე საშიში დანაყოფი, ჰაქანის ქსელი შექმნა. დაჯგუფებას ის 70-იან წლებში შეუერთდა. 90-იანი წლებიდან, მას შემდეგ რაც ავღანელმა ჯიჰადისტებმა ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, ჰაქანმა მინისტრის პოსტი დაიკავა და დაჯგუფების მმართველთა საბჭოს წევრიც გახდა. ჰაქანის ქსელი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2012 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამ დროისთვის ჯგუფს მისი შვილი, სირაჯუდინ ჰაქანი მეთაურობს.[4]

ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა, 70-მდე კი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, ქაბულის შიიტურ უბანში ორი აფეთქება 5 ოქტომბერს საღამოს საათებში მოხდა; აფეთქებას, ასევე, ორი ჟურნალისტი ემსხვერპლა – 28 წლის სამინ ფარამარზი და 23 წლის რამიზ აჰმადი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. 2018 წელს ყველაზე მეტი ჟურნალისტი ავღანეთში დაიღუპა. მხოლოდ ამ წელში, ავღანეთში აფეთქებებსა და ძალადობას 10 ჟურნალისტი შეეწირა, ბოლო ინციდენტს კი კიდევ ორი ემსხვერპლა.[5]

ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთით, თალიბანის თავდასხმას 11 ავღანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. შეტაკება ბადღის პროვინციაში მოხდა, რა დროსაც ასევე 13 ექსტრემისტი დაიღუპა. ამავე დღეს ექსტრემისტებმა ტახარის პროვინციაში პოლიციის ერთერთ განყოფილებაზე მიიტანეს იერიში, რასაც რვა პოლიციელი ემსხვერპლა. ხელისუფლების ცნობით, თალიბებმა ერთი პოლიციელი ტყვედ აიყვანეს.[6]

სირიაში ომს ერთ თვეში 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქი ემსხვერპლა – მათ შორის 66 ბავშვია. სირიის ადამიანის უფლებათა ქსელის (SNHR) ინფორმაციით, 36 ადამიანი ასადის რეჟიმის მთავარი მხარდამჭერის, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იმსხვერპლა, სირიის სამთავრობო ძალების თავდასხმის გამო 239 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი ადამიანია დაღუპული ტერაქტებისას. ამავე ანგარიშის მიხედვით, იანვრიდან დღემდე სირიაში 6 036 ადამიანია დაღუპული. სირიის ომში, 2011 წლიდან ამ დრომდე 350 ათასზე მეტი ადამიანია მოკლული.[7]

ერაყში მიტინგზე პოლიციასთან შეტაკებისას 1 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა – ერაყის ერთერთი მთავარი პორტი, რომელიც ქალაქ ბასრაში მდებარეობს, ქალაქში არსებული მასობრივი შეტაკებების გამო დროებით დაიკეტა. ბასრას სამხრეთით აქციის მონაწილეები და პოლიციელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც 1 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ერაყის სამხრეთ ნაწილში, რომელიც ძირითადად შიიტებით არის დასახლებული, პროტესტის ტალღა რამდენიმე კვირაა გრძელდება. ისინი აპროტესტებენ ინფრასტრუქტურის და ელექტროენერგიის არარსებობას, ასევე კორუფციას. 2-მილიონიანი ქალაქის მოსახლეობა უწყლობასაც უჩივის და ამბობს, რომ მათ სახლებში მარილიანი წყალი მოდის.[8]

იემენში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას აქციებით აპროტესტებენ – იემენში, ქალაქ ადენში ასობით დემონსტრანტი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას და ვალუტის გაუფასურებას აპროტესტებს. მომიტინგეებმა ქალაქის სამხრეთით გადაკეტეს ძირითადი საავტომობილო გზები და საბურავები დაწვეს. აქციების შედეგად ქალაქში მაღაზიები და სახელმწიფო სტრუქტურების ნაწილი დაიკეტა. იემენური რიალი დოლარის მიმართ სამოქალაქო ომის შემდეგ სულ უფრო უფასურდება. ფულის გაუფასურებამ მთელი რიგი სამომხმარებლო პროდუქცია გააძვირა და ის ქვეყნის მოსახლეობის ნაწილისთვის ხელმიუწვდომელი გახადა.[9]

ტერაქტი სომალიში – სომალის დედაქალაქის, მოგადიშუს ცენტრში აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. მათ შორის სამი ჯარისკაცია, რომლებიც ტერორისტის ავტომობილის შეჩერებას შეეცადნენ. კიდევ სამი დაღუპული კი ბავშვია. ტერორისტი მანქანით შეეცადა გაერღვია საგუშაგო, თუმცა სამართალმდაცველებმა მისი შეკავება შეძლეს, მაგრამ ისინი ადგილზე დაიღუპნენ. აფეთქების შედეგად, დაინგრა ახლომდებარე სკოლა, დაზიანდა შენობები, მათ შორის, მეჩეთიც. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ალ-შაბაბმა აიღო.[10]

საუდის არაბეთში სოციალურ ქსელში რელიგიურ თემაზე ხუმრობა დასჯადი ხდება – რელიგიურ თემაზე ქილიკობის გამო, ადამიანი შესაძლოა ციხეში 5 წლის ვადით ჩასვან. ამის შესახებ საუდის არაბეთის პროკურატურის განცხადებაში წერია. „სოციალურ ქსელებში იმ შინაარსის შექმნა და გავრცელება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი წესრიგის, რელიგიური ფასეულობების და ზნეობრივი ნორმების დაცინვას ან ძირის გამოთხრას, კიბერდანაშაულად განიხილება“, – ნათქვამია განცხადებაში. 2012 წელს საუდის არაბეთში ვებგვერდ „საუდის არაბეთის ლიბერალური ქსელის“ დამფუძნებელი  ქვეყანაში სასულიერო პირებისა და სასულიერო პოლიციის კრიტიკისთვის დააპატიმრეს. მას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.[11]

ინდოეთში ჰომოსექსუალების კავშირი სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება – ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო – ჰომოსექსუალების სექსი სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება. ახალი ვერდიქტი აუქმებს წინა დადგენილებას, რომელიც კოლონიალიზმის პერიოდში მიიღეს. მის მიხედვით, გეების სექსუალური კავშირი გამოცხადებული იყო, როგორც „არაბუნებრივი ქცევის დანაშაული“. ბოლო წლების განმავლობაში ინდოეთში ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციისთვის მრავალი ლგბტ ორგანიზაცია მუშაობდა.[12]

[1] Xinhua News; Airstrikes kill 2 Taliban commanders in Southern Afghanistan; 1 September, 2018; available at: http://www.xinhuanet.com/english/2018-09/01/c_137436028.htm

[2] Xinhua News; Militants attack 3 schools with hand grenades in E. Afghanistan; 2 September, 2018; available at: http://www.xinhuanet.com/english/2018-09/03/c_137441444.htm

[3] CNN; US confirms death of ISIS leaderin Afghanistan; By Ryan Browne, Eli Watkins and Sam Kiley; 3 September, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/09/02/politics/isis-leader-killed-afghanistan/index.html

[4] The Guardian; Leader of Haqqani network in Afghanistan is dead, say Taliban; 4 September, 2018; available at: https://www.theguardian.com/world/2018/sep/04/jalaluddin-haqqani-leader-of-militant-haqqani-network-in-afghanistan-has-died-say-taliban

[5] CNN; Two journalists among 20 killed in wrestling club blasts in Kabul; By Ehsan Popalzai and Bard Wilkinson; 6 September, 2018; available at: https://edition.cnn.com/2018/09/06/asia/kabul-attack-wrestling-intl/index.html

[6] იმედის ახალი ამბები; ავღანეთში თალიბანის თავდასხმას 11 ჯარისკაცი და 13 ექსტრემისტი ემსხვერპლა; 6 სექტემბერი, 2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://imedinews.ge/ge/msoflio/76555/avganetshi-talibanis-tavdaskhmas-11-jariskatsi-da-13-eqstremisti-emskhverpla

[7] Daily Sabah; 391 civilians, including 66 children, killed in Syria in August; 1 September, 2018; available at: https://www.dailysabah.com/syrian-crisis/2018/09/01/391-civilians-including-66-children-killed-in-syria-in-august

[8] Reuters; Protesters torch political party offices in Barsa’s fourth night of violence; By Aref Mohammed and Raya Jalabi; 6 September, 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-iraq-protests/main-iraqi-port-closed-as-one-dies-25-injured-in-basra-protests-idUSKCN1LM0N6?il=0

[9] Reuters; Protests over Yemen’s weakening currency paralyze Aden; By Mohammed Mukhashaf; 2 September; 2018; available at: https://www.reuters.com/article/us-yemen-security/protests-over-yemens-weakening-currency-paralyze-aden-idUSKCN1LI0EZ?il=0

[10] US News; Suicide car bombing in Somalia’s Capital kills at least 6; 2 September, 2018; available at: https://www.usnews.com/news/world/articles/2018-09-02/suicide-car-bombing-in-somalias-capital-wounds-at-least-4

[11] The Independent; Saudi Arabia prosecutor seas people who post satire on social media can be jailed; By Tom Barnes; 5 September, 2018; available at: https://www.independent.co.uk/news/world/middle-east/saudia-arabia-social-media-satire-jail-sentences-twitter-facebook-censorship-a8523781.html

[12] BBC; India court legalizes gay ses in landmark ruling; 6 September, 2018; available at: https://www.bbc.com/news/world-asia-india-45429664