რუსეთი. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისგან განდგომილი თანამშრომლები. ივლისი, 2020

რუსული პრესა ბევრს წერს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომლებზე, რომლებმაც საკუთარ ქვეყანას უღალატეს და მოწინააღმდეგე ქვეყნის სპეცსამსახურებთან ითანამშრომლეს. რუსული მედია საშუალება „პოლიტ.რუ“ 2016 წლის ივლისში წერს რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილ პოლკოვნიკზე ალექსანდრ პოტეევზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა და გაასაჯაროვა რუსი არალეგალების (აგენტების) მთელი ქსელი. ალექსანდრ პოტეევს რუსეთში დაუსწრებლად მიუსაჯეს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. პრესაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, პოტეევი 2016 წლის ივლისში გარდაიცვალა. ამავე სტატიაში საუბარია სხვა მსგავს შემთხვევებზეც. „კა-გე-ბეს“ მაიორმა, ნორვეგიის რეზიდენტურის თანამშრომელმა მიხაილ ბუტკოვმა 1991 წელს მიმართა ბრიტანეთის საელჩოს და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მან თავშესაფართან ერთად სპეცსამსახურებისგან პენსიაც მიიღო. მისი ბედ-იღბალი 1999 წლიდან უცნობია. რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი, ევგენი ტოროპოვი, რომელიც კანადაში რუსეთის საკონსულოში პირველი მდივანი იყო, 2000 წელს გაიქცა. 2010 წელს ის საკუთარ აბაზანაში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. კანადური პრესა წერდა, რომ მან შემთხვევით მოკიდა ხელი ელექტრომოწყობილობას. სერგეი ტრეტიაკოვი აშშ-ში 2001 წელს დარჩა. ის 2010 წელს დაიღუპა – გაიგუდა ხორცის ნაჭრით. სტატიაში, ასევე, ნათქვამია, რომ მოწინააღმდეგის მხარეზე გადასული აგენტების ბედი უმეტეს შემთხვევაში უცნობი რჩება, რადგან ასეთ ინფორმაციას ყველა ქვეყანა მკაცრად საიდუმლოდ ინახავს.[1]

რუსული მედია საშუალება „ლენტა“ 2016 წლის ივლისში წერს მოწინააღმდეგის მხარეზე გადასული რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლების შესახებ. „კა-გე-ბეს“ გენერალ-მაიორმა ოლეგ კალუგინმა, რომელიც 1973-1979 წლებში კონტრდაზვერვის უფროსი იყო, 1990 წელს სპეცსამსახურების ღია კრიტიკა დაიწყო. 1995 წელს ის აშშ-ში გაიქცა და 2001 წელს ჩვენება მისცა ჯორჯ ტროფიმოვის წინააღმდეგ, რომელსაც საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედებოდა ბრალად. 2002 წელს კალუგინს მოსკოვში დაუსწრებლად მიუსაჯეს 15 წლით პატიმრობა. კალუგინი აშშ-ში ცხოვრობს. მან 2003 წელს მოქალაქეობა მიიღო და მუშაობა დაიწყო კერძო საგამოძიებო სტრუქტურებში.

„კა-გე-ბეს“ თანამშრომელი ალექსანდრ ზაპოროჟსკი 1994 წელს დაუკავშირდა აშშ-ის სპეცსამსახურებს და მას შემდეგ აწვდიდა მათ საიდუმლო ინფორმაციას. 1997 წელს დატოვა რუსეთი და გაემგზავრა აშშ-ში, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და კერძო ფირმაში მუშაობდა. 2001 წელს, მოსკოვში ვიზიტისას, დააპატიმრეს და 2003 წელს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბოლოოდ, ის აშშ-ში დაპატიმრებულ რუს ჯაშუშებში გაცვალეს. ამჟამად ზაპოროჟსკი მერილენდში ცხოვრობს. ალექსანდრ ზაპოროჟსკისთან ერთად, რუსი გამოაშკარავებული ჯაშუშების სანაცვლოდ, რუსეთმა შტატებს გადასცა იგორ სუტიაგინი, დაზვერვის ოფიცერი გენადი ვასილენკო და „გრუ“-ს ოფიცერი სერგეი სკრიპალი.[2]

სერგეი სკრიპალი დიდ ბრიტანეთში მოწამლეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ბრიტანეთში მოკლეს, ასევე ნიკოლაი გლუშკოვი. 2018 წლის მარტში, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში „კა-გე-ბესა“ და „ფე-ეს-ბეს“ ყოფილი ოფიცერი ბორის კარპიჩკოვი ამბობს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების კლავენ. მისი თქმით, მან გაფრთხილება მიიღო ყოფილი კოლეგისგან, რომ მზადდებოდა 8 პოლიტიკური ემიგრანტის მკვლელობა. მათ შორის თავად კარპიჩკოვის სახელიც იყო. სიაში იყო ასევე სკრიპალიც.[3]

სერგეი სკრიპალის მოწამვლის შესახებ საუბრისას, ჟურნალისტის კითხვაზე, სოლსბერის შემთხვევა ხომ არ არის ორაზროვანი ნიშანი მათთვის, ვინც რუსეთის სახელმწიფოს ღალატს ფიქრობს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შემდეგნაირად უპასუხა – „[…] ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია და მოღალატეები უნდა დაისაჯონ […] მე არ ვამბობ, ისე უნდა გაკეთდეს, როგორც ეს სოლსბერიში მოხდა, ამას არ ვამბობ; მაგრამ მოღალატეები უნდა დაისაჯონ […]“.[4]

რუსეთის ფედერაციაში ყოფილი „ძალოვნები“, მსჯავრის დადების შემთხვევაში, სასჯელს სპეციალურ ციხეებში იხდიან. ყოფილი „ძალოვნები“ წინასწარი დაკავების იზოლატორში ცალკე ჰყავთ და მათი საპატიმროებში გადაყვანაც სხვა პატიმრებისგან განცალკევებით ხდება. ამის მიზეზი ყოფილი „ძალოვნების“ უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს. რუსეთში ყოფილი „ძალოვნებისთვის“ 15 სპეციალური კოლონია მოქმედებს, აქედან 3 საერთო რეჟიმის, 11 – მკაცრი და 1 – განსაკუთრებული რეჟიმის.

რუსულ მედიაში მრავლად ვრცელდება ინტერვიუები და სხვა სახის ცნობები ყოფილი „ძალოვნების“ ციხეებში არსებული პირობების შესახებ. ყოფილი ან მოქმედი პატიმრები, რომლებიც ადრე სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურაში მუშაობდნენ, ჰყვებიან თავიანთ ისტორიებს და საუბრობენ იმ პირობებზე, რომელიც ე.წ. „წითელ ზონაზე“ აქვთ. რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ სპეციალურ კოლონიებში განსხვავებული სიტუაციაა და ჩვეულებრივ ციხეებთან შედარებით, კურორტს შეიძლება შეადარო. ციხის ადმინისტრაციასთან პრობლემები არ იქმნება, მათ უფლებას აძლევენ, იქონიონ ტელეფონი და ისარგებლონ პაემანით იმ დროსაც, როცა კანონით ეს არაა დაშვებული. სპეციალურ ციხეებში სხვადასხვა წარსულის მქონე კონტინგენტია – შინაგანი ჯარის მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის თანამშრომლები, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები, პროკურორები, გამომძიებლები და მოსამართლეები. ციხის ადმინისტრაცია სპეციალურ კონტინგენტს, საერთო ჯამში, კარგად ექცევა, რადგან აცნობიერებენ, რომ თავადაც შეიძლება მათ ადგილას აღმოჩნდნენ. როგორც რესპონდენტები ყვებიან, საერთო ჯამში, თავად პატიმრებიც, რომლებიც დაკავებამდე სხვადასხვა სისტემაში მუშაობდნენ, ერთმანეთს კარგად ექცევიან. პროკურორები, მოსამართლეები და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, როგორც წესი, დაკავებამდე მათი საქმიანობიდან გამომდინარე, არავის უყვარს, თუმცა პრეტენზიებს მათ მიმართ ღიად არავინ გამოხატავს. საყოფაცხოვრებო პირობები სპეციალურ ციხეებში კარგია და ეს ძირითადად თავად პატიმრების დამსახურებაა, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ პირობები გაიუმჯობესონ.[5] [6] [7] [8]

[1] „პოლიტ.რუ“; ყველა მოღალატის ბედი; 07.07.2016; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://polit.ru/article/2016/07/07/poteev/ [ნანახია 02.07.2020]

[2] „ლენტა“; რეზიდენტების დაუბრუნებლობა; 09.07.2016; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://lenta.ru/articles/2016/07/09/defectors/ [ნანახია 02.07.2020]

[3] „რადიო თავისუფლება“; რუსული სპეცსამსახურები კლავენ. „კა-გე-ბეს“ ყოფილი თანამშრომელი სკრიპალის საქმეზე. 17.03.2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.svoboda.org/a/29105795.html [ნანახია 02.07.2020]

[4] „რბს ნიუსი“; პუტინმა მოღალატეების დასჯის აუცილებლობაზე ისაუბრა; 27.06.2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.rbc.ru/rbcfreenews/5d1515639a7947683187c6e0 [ნანახია 02.07.2020]

[5] „გულან ინფო“; კანონის მეორე მხარეს; როგორ იხდიან სასჯელს ყოფილი სამართალდამცველები; 10.01.2019; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://gulag-info.ru/gulag-info-news/282-po-tu-storonu-zakona-kak-otbyvayut-nakazanie-byvshie-sotrudniki.html [ნანახია 02.07.2020]

[6] „ლენტა“; „ეტაპზე“ „ბრიონის“ კოსტიუმებით მიდიან; 22.07.2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://lenta.ru/articles/2018/06/22/redzone/ [ნანახია 02.07.2020]

[7] „ჯგუფი 29“; შინაურების ზონა: როგორ ცხოვრობენ კოლონიებში ყოფილი თანამშრომლები; 30.04.2020; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://team29.org/story/2020-04-zona-dlya-svoih-kak-sidyat-byvshie/ [ნანახია 02.07.2020]

[8] „ციხის კონსულტანტი“; პოლიციური ზონები. კურორტები ყოფილი თანამშრომლებისთვის; 15.11.2018; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://vturme.info/mentovskie-zony-lagerja-dlja-byvshih-sotrudnikov/ [ნანახია 02.07.2020]

თურქეთი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. თებერვალი, 2019

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2017 წელი) წერს, რომ საპატიმრო დაწესებულებები, ზოგადად, ბევრ ასპექტში თავსებადი იყო საერთაშორისო სტანდარტებთან. გადავსებულობა (განსაკუთრებით, 2016 წლის ჩაშლილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ) და ადეკვატურ ჯანდაცვაზე წვდომა კვლავ რჩებოდა მნიშვნელოვან პრობლემად.

იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის 15 ივნისის მდგომარეობით, სამთავრობო საპატიმრო დაწესებულებებში პატიმართა საერთო რაოდენობა იყო 224 878, ხოლო მთლიანი პენიტენტიცალური სისტემა გათვლილი იყო მაქსიმუმ 202 676 პატიმარზე. შესაბამისად, სულ მცირე 22 000 დაკავებული ან პატიმარი იძულებული იყო, დაეძინა იატაკზე ან ცვლებში.

მთავრობამ განაცხადა, რომ შესაძლებლობის მიხედვით, ბავშვები განთავსებული იყვნენ ცალკე საპატიმროში, ხოლო სხვა შემთხვევაში – ზრდასრულთა ციხეების განცალკევებულ ნაწილებში. წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები განთავსებულნი იყვნენ მსჯავრდებულ პირებთან ერთად ციხეებში.

სექტემბერში იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2016 წლის ბოლოსთვის, დაახლოებით 69 000 რეგისტრირებული სტუდენტი იყო დაპატიმრებული, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდულად დიდი მაჩვენებელია. ამას გარდა, აგვისტოში საპატიმროთა და დაკავების ცენტრების გენერალურმა დირექტორატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 12-დან 18 წლამდე დაკავებული 2767 დაპატიმრებული პირიდა, 197 სასჯელს იხდიდა ტერორიზმთან დაკავშირებული მსჯავრდებით.

მთავრობამ უარი განაცხადა, გამოექვეყნებინა სტატისტიკა საპატიმრეობში ბუნებრივი მიზეზებით ან სუიციდის გამო დაღუპულ პატიმართა რაოდენობის თაობაზე.

უფლებადამცველი ორგანიზაციები ხშირად ხაზს უსვამდნენ, რომ არ გააჩნდათ სათანადო წვდომა სასმელად ვარგის წყალზე, შესაბამის გათბობაზე, ვინტილაციასა თუ განათებაზე. მაგალითად, 5 ივლისს ელბისტანის ციხეში 61 წლის პატიმარი – კამილ უნგუთი გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობებით, მისი გარდაცვალების მიზეზი გაუარესებული პირობები და საპატიმროში მაღალი ტემპერატურა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ირწმუნებოდა, რომ თითოეულ ციხეს ჰყავდა საკუთარი ექიმი, იუსტიციის სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა,  რომ 2016 წლის მარტისთვის ყველა საპატიმროს მხოლოდ 11 ექიმი ემსახურებოდა, რაც პროპორციულად ერთი ექიმს უდრის ყოველ 33 ციხესა თუ 16. 830 პატიმარზე. უფლებადამცველი ასოციაციები განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამდნენ ციხეებში ჯანდაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით, ციხის ექიმთა არასაკმარისი რაოდენობის შესახებ.

უფროს პროკურორებს კანონი საშუალებას აძლევს, წინასწარ დაკავებაში ამყოფონ მათი აზრით საზოგადოებისთვის საშიში პირი, მიუხედავად მისისამედიცინო ჩვენებისა სერიზოული ავადმყოფობის შესახებ.

გარკვეულ შემთხვევებში, შესაბამისი სამსახურები, მართალია, იძიებდნენ ისეთ საჩივრებს, სადაც საფუძვლიანად ჩანდა სავარაუდო კანონდარღვევისა თუ დამამცირებელი ან არაადამიანური პირობების ფაქტები, თუმცა ისინი საჯაროდ არ აქვეყნებდნენ აღნიშნული გამოძიების შედეგებს და ხშირად არც ნაბიჯებს დგამდნენ, დამნაშვე პირების დასჯის კუთხით.

მთავრობის მიერ საპატიმროების მონიტორინგზე ნებადართული ორგანიზაციები იყვნენ ეროვნული ადამიანის უფლებათა და თანასწორების ინსტიტუცია და ომბუდსმენის ოფისი. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისიას და სახალხო დამცველის ოფისს გააჩნდათ უფლებამოსილება, წინასწარი შეტყობინების გარეშე შესულიყვნენ ციხეებში, მათ შორის – სამხედრო ტიპის ციხეებში, და შეესწავლათ სიტუაცია.

დამოუკიდებელი სამონიტორინგო ჯგუფების კუთხით სიტუაცია შემდეგია: თურქეთის მთავრობა ნებას რთავდა ზოგიერთ საერთაშორისო ორგანოს, განეხორციელებინათ ვიზიტები საპატიმროებში. მაგალითად, მაისში, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის დელეგაცია ეწვია თურქეთს და მოინახულა დაკავებულთა სოლიდური რაოდენობა რამდენიმე ციხეში. წლის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობით, მთავრობა საჯაროდ არ ავრცელებდა კომისიის მიერ გამოკვლეული ფაქტების შესახებ ანგარიშს.

პარლამენტის ზოგიერთ წევრს, ასევე, შეეძლო, მოენახულებინა საპატიმროები და გასაუბრებოდა იქ მყოფ პირებს. მაგალითად, მაისში, პარლამენტის წევრმა CHP პარტიიდან – საფაკ პავეიმ, რომელმაც 2016 წლის შემდეგ რამდენიმე ციხეში განახორციელა ვიზიტი, განაცხადა, რომ შესაძლებელია საპატიმროებში ადგილი ჰქონოდა ციხის ადმინისტრაციის მიერ პატიმრების მასობრივ არასათანადო მოპყრობის, შეურაცხყოფისა და წამების ფაქტებს.

მთავრობა არ რთავდა ნებას არასამთავრობო ორგანიზაციებს, განეხორციელებინათ მონიტორინგი ციხეებში.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch თურქეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2018 წელი) წერს, რომ ქვეყანაში არსებულ ციხეებში პატიმართა საერთო რაოდენობა იყო 246 426, რომელთაგან 48 924 სასჯელს იხდიდა ტერორიზმის ბრალდებით.

ანგარიშის მიხედვით, კვლავ გრძელდებოდა სავარაუდო ბრალდებები საპატიმროებსა და დაკავების ცენტრებში პირთა წამების, არასათანადო და დამამცირებელი მოპყრობის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე, თებერვალში, საკუთარ წერილობით ანგარიშში ყურადღება გაამახვილა გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმაც.[2]

[1] United States Department of State – TURKEY 2017 HUMAN RIGHTS REPORT available at

[accessed 25 January 2019]

[2] Human Rights Watch – World Report 2019 – Turkey available at

[accessed 25 January 2019]

აზერბაიჯანი. საპატიმრო დაწესებულებებში არსებული პირობები. თებერვალი, 2019

ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (საანგარიშო         პერიოდი – 2017 წელი) წერს, რომ საპატიმროების სამონიტორინგო ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიხედვით, ციხეებში პირობები ზოგჯერ იყო მკაცრი და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში, რისი განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორებიც იყო გადავსებულობა, არაადეკვატური კვება, დეფექტური გათბობა და ვინტილაცია და დაბალი ხარისხის ჯანდაცვა. დაკავებული პირები ასევე აცხადებდნენ, რომ ადგილობრივი სასამართლოების წინასწარი დაკავების იზოლატორებშიც, რომლებიც მიწისქვეშ იყო მოწყობილი, აღინიშნებოდა არადამიანური პირობები და გადავსებულობა. ისინი ასევე საუბრობდნენ ვინტილაციისა და სათანადო სანატარიის კუთხით პრობლემებზე.

მამაკაცი და ქალი ბრალდებულები ერთად იყვნენ განმწესებულები წინასწარი დაკავების იზოლატორებში, თუმცა ერთმანეთისგან იზოლირებულად. მსაჯვრდების შემდეგ, ქალი პატიმრები გადაჰყავდათ სპეციალურად ქალებისთვის განკუთვნილ საპატიმროებში. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ როგორც წესი, ქალი პატიმრები ცხოვრობდნენ შედარებით უკეთეს პირობებში, მონიტორინგს ექვემდებარებოდნენ უფრო ხშირად და გააჩნდათ შედარებით უკეთესი წვდომა ვარჯიშსა თუ სხვა სახის აქტივობებზე, ვიდრე მამაკაცი პატიმრები. მიუხედავად ამისა, ქალთა ციხეებშიც ისეთივე პრობლემები ფიქსირდებოდა, როგორიც მამაკაცთა საპატიმროებში. უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, დაფიქსირდა 4 შემთხვევა, როდესაც 7 წლამდე ბავშვი მსჯავრდებულ დედასთან ერთად, ციხეში ცხოვრობდა.

მართალია, მთავრობა აგრძელებდა ახალი საპატიმროების შენებას, თუმცა, ზოგიერთი საბჭოური დროის საპყრობილე, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს, არ იყო თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან. ყველაზე ცუდი პირობები ფიქსირდებოდა გობუსტანის; N3; N14 და ტუბერკულოზის სამკურნალო პენიტენციაური ცენტრის საპატიმროებში.

ადამიანს უფლებათა დამცველები აცხადებდნენ, რომ ადგილი ჰქონდა ბადრაგის მიერ პატიმრების ცემის, ასევე, მათი იზოლირებულ საკანში, განმარტოებით განთავსების  ფაქტებს. ადგილობრივი და საერთაშორისო სამონიტორინგო ორგანიზაციები ხაზს უსვამდნენ განსაკუთრებით მძიმე პირობებს გობუსტანის მკაცრი რეჟიმის საპატიმროში.

ვრცელდებოდა ცნობები ციხეებში პატიმრების წამების შესახებ. მაგალითად, მედია და ადამიანის უფლებათა აქტივისტების ინფორმაციით, აგვისტოში, გობუსტანის საპატიმროში წამებას დაექვემდებარნენ „მუსლიმთა საძმოს მოძრაობის“ წევრები აბბას ჰუსეინოვი და ჯაბბარ ჯაბბაროვი. აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიებები არ დაწყებულა.

პატიმრები ჩიოდნენ, რომ ზოგჯერ უწევდათ ხანგრძლივი პერიოდის საკანში გატარება და ამ პერიოდის განმავლობაში არ შეეძლოთ ფიზიკური აქტივობით დაკავება. ისინი ასევე საუბრობდნენ პრობლემებზე ძირითადად გადავსებულობის, ვინტილაციის, სანიტარიის და ჯანდაცვის კუთხით. მართალია, აზერბაიჯანის სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საბოლოოდ, მას მედიკამენტები მიაწოდეს, მაგრამ ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მოადგილეს –  გოზელ ბაირამლის, ბაქოს ციხის ადმინისტრაციამ არ მიაწოდა სათანადო წამალი, რამაც მისი ჯანმრთელობის საგრძნობი გაუარესება გამოიწვია.

ყოფილი პატიმრები და დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ პატიმრებს ხშირად უწევდათ სააბაზანოს ან საპირფარეშოს სარგებლობისთვის, ასევე, საკვების მისაღებად –  ქრთამის გადახდა. მართალია, კანონი იძლევა საშუალებას, პატიმარმა ოჯახისგან დამატებითი საკვები ყოველდღიურად მიიღოს, თუმცა, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ციხის ადმინისტრაცია კონკრეტულ პატიმრებს არ რთავდა ნებას, მიეღოთ ოჯახების მიერ გაგზავნილი საკვები. ზოგიერთ საპატიმროსა და დაკავების ცენტრში პატიმრებს არ გააჩნდათ წვდომა სასმელად ვარგის წყალზე.

მიუხედავად იმისა, რომ უმრავლეს შემთხვევებში, პატიმრებს უპრობლემოდ, ყოველგვარი ცენზურის გარეშე, შეეძლოთ შეეტანათ საჩივრები სასამართლოებსა თუ სახალხო დამცველის ოფისში, ვრცელდებოდა ცნობები, რომ ციხის ადმინისტრაცია ხშირად კითხულობდა აღნიშნულ დოკუმენტებს. ამას გარდა, უფლებადამცველი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მკაცრი რეჟიმის დაწესებულებებში ზოგიერთი პატიმარი აწყდებოდა გარკვეულ სირთულეებს საჩივრის შეტანასთან მიმართებით.

მართალია, ომბუდსმენის ოფისი ატარებდა მრავალჯერად ვიზიტებს და იძიებდა აღნიშნულ საჩივრებს, მაგრამ აქტივისტები აცხადებნენ, რომ აღნიშნული ორგანო არ იჩენდა შესაბამის აქტიურობას და  არასათანადო ყურადღებას უთმობდა პატიმართა საჩივრებს, მაგალითად, სავარაუდო წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ბრალდებებს, როგორც იყო მოძრაობა „მუსლიმთა ერთობის“ თავმჯდომარის მოადგილის, აბბას ჰუსეინოვის და N!DA აქტივისტის – ბაირამ მამადოვის შემთხვევებში.

ციხის ადმინისტრაცია, ზოგჯერ, ზღუდავდა ადვოკატების ან ოჯახის წევრების ვიზიტებს, განსაკუთრებით იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც საზოგადოების მიერ აღქმული იყვნენ, როგორც პოლიტიკური პატიმრები.

მთავრობა ნებას რთავდა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მოანახულებინათ ციხეები და გაცნობოდნენ მდგომარეობას. მათ შორის იყო: წითელი ჯვარი, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და სხვადასხვა ევროპული ქვეყნების პარლამენტარები და დიპლომატები. შესაბამისი ორგანოები ასევე ნაბას რთავდნენ წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, მოენახულებინათ ომის ტყვეები და სამოქალაქო დაკავებულები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით იმყოფებონდნენ საპატიმროებში.

უფლებადამცველთა და მთავრობის საერთო, საპატიმროთა სამონიტორინგო ჯგუფი, სახელწოდებით საჯარო კომიტეტი უფლებამოსილი იყო, ციხეებში ვიზიტი განეხორციელებინა პენიტენციალური სამსახურისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, სხვა ჯგუფებს, რომლებმაც სამსახურს წინასაწარი შეტყბინება გაუგზავენს, საპატიმროში შესვლისას ექმნებოდათ გარკვეული დაბრკოლებები.[1]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House აზერბაიჯანის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ საპატიმროებში პირობები, ზოგადად, მიღებულ სტანდარტებს ქვემოთაა. ჯანდაცვა ხშირად არაადეკვატური, ხოლო გადავსებულების პრობლემა – რუტინულია.[2]

არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის აზერბაიჯანის შესახებ 2018 წლის ყოვეწლიური ანგარიშის მიხედვით, წამება და არასათანადო მოპყრობა კვლავ დაუსჯელად მიმდინარეობდა. 17 დაკავებულმა პირმა გააჟღერა საფუძვლიანი ბრალდებები დაკავების იზოლატორებში აღიარებითი ჩვენებების მიღების მიზნით, არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ. მათი განცხადებით, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის განყოფილების სათავო ოფისში ოფიცრებმა მათ თავზე ტომრები ჩამოაცვეს და ხელკეტების გამოყენებით ცემეს. ასევე, ზოგიერთის თქმით, მათ მიმართ გამოიყენეს ელექტრული შოკი და ემუქრებოდნენ ცოლებისა და დების გაუპატიურებით. დაკავებული პირების განცხადებით, უშუალოდ დაკავებისას ისინი ასევე ცემეს პოლიციის მანქანაში. შესაბამისმა სამსახურებმა აღნიშნული ბრალდებები სათანადოდ ვერ გამოიძიეს.[3]

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International აზერბაიჯანის შესახებ 2018 წელს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში (საანგარიშო პერიოდი – 2017-2018 წლები) წერს აქტივისტისა და ბლოგერის – მეჰმან ქალანდაროვის შესახებ. ის 28 აპრილს, კურდახანის ციხეში, საკუთარ საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ადგილობრივი უფლებადამცველების განცხადებით, ქალანდაროვი აწამეს და შემდეგომ ფარულად დაასაფლავეს, რათა მტკიცებულებები დაემალათ. წლის დასასრულისთვის გამოძიება კვლავ მიმდინარეობდა.[4]

[1] United States Department of State – AZERBAIJAN 2017 HUMAN RIGHTS REPORT, available at

[accessed 1 February 2019]

[2] Freedom House, Freedom in the World 2018 – Azerbaijan, 28 March 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5ac48b0ea.html [accessed 4 February 2019]

[3] Human Rights Watch, World Report 2018 – Azerbaijan, 18 January 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5a61eea14.html [accessed 4 February 2019]

[4] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Azerbaijan, 22 February 2018, available at: https://www.refworld.org/docid/5a99394e4.html [accessed 4 February 2019]

რუსეთი. სპეციალური საპატიმრო დაწესებულებები. ივნისი, 2018

„Amnesty International“ 2018 წლის ანგარიშში რუსეთის ფედერაციის შესახებ წერს, რომ კვლავ ვრცელდებოდა ინფორმაცია ციხეებსა და დაკავების ცენტრებში წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ. ზოგიერთ პატიმარს ზოგჯერ თვეების განმავლობაში უწევს მგზავრობა, რომ სასჯელის მოხდის ადგილს მიაღწიოს. მათი ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ხშირად ინფორმაცია არ აქვთ პატიმრების ადგილსამყოფელის შესახებ.[1]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ანგარიშში წერს, რომ ციხეებსა და დაკავების ცენტრებში ვითარება მძიმეა. გადატვირთულობა, დაცვია და პატიმრების მხრიდან მომავალი ძალადობა, შეზღუდული წვდომა ჯანდაცვაზე, ჰიგიენისა და კანალიზაციის ნაკლებობა. პატიმრის მხრიდან პატიმარზე ძალადობა, რასაც ხშირად ბადრაგი ახალისებს, რჩებოდა სერიოზულ პრობლემად. ჯანდაცვა, კვება, ვენტილაცია და სანიტარული სტანდარტები სხვადასხვა დაწესებულებაში სხვადასხვაგვარი, ზოგადად კი ცუდი იყო. სისხლის სამართლის სიტემაში ხარისხიან სამედიცინო დახმარებაზე წვდომა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. მნიშვნელოვან პრობლემად რჩებოდა, ასევე პატიმრებში გავრცელებული ტუბერკულოზი და აივ ინფექცია. ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებს, სხვა პატიმრებთან შედარებით, კიდევ უფრო მძიმე პირობებში ამყოფებენ და მძიმე სადამსჯელო ღონისძიებებს მიმართავენ, მაგალითად, პატიმრის იზოლაცია და ფსიქიატრიულ განყოფილებაში დასჯის მიზნით გამწესება. პატიმრებს ოფიციალურად შეუძლიათ, არსებული ცუდი პირობები გაასაჩივრონ, მაგრამ ისინი შემდგომ ზეწოლის და რეპრესიების შიშითა, ამას არ აკეთებენ. საჩივრებს მხოლოდ ის პატიმრები წერენ, ვისაც უკვე სხვა გზა აღარ აქვს.[2]

რუსეთის ფედერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურის ყოფილი თანამშრომლებისთვის სპეციალური ციხეები მოქმედებს; ასეთი ტიპის დაწესებულება რუსეთის მასშტაბით რამდენიმეა. საინფორმაციო სააგენტო „ТАСС“ 2018 წლის 27 თებერვალს რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის კომენტარს ავრცელებს, სადაც ანატოლი რუდნი აცხადებს, რომ იზრდება იმ მსჯავრდებულთა რაოდენობა, რომლებიც ადრე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები იყვნენ; ამიტომ, მისი თქმით, ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლებისთვის კიდევ ერთი საპატიმრო დაწესებულება აშენდება.[3]

რუსულ მედიაში ხშირად წერენ სპეციალურ ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ. საინფორმაციო სააგენტოს „MKSET“ ჟურნალისტი კონსტანტინ კლიმოვი, რომელმაც პირადად მოინახულა ბაშკირიაში მდებარე სპეციალური ციხე, წერს, რომ ყოფილი ძალოვნები მოკრძალებულად ცხოვრობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და პროკურატურის ყოფილი თანამშრომლები ას ადამიანზე გათვლილ დიდ ოთახებში ცხოვრობენ და ორსართულიან საწოლებზე ძინავთ. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ჩვეულებრივ კოლონიებში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ამ ციხეში პატიმრებს პროდუქტებით სავსე მაცივარი აქვთ, რაც სხვაგან იშვიათობაა.

ამავე სტატიაში, ავტორი წერს, რომ ლაზარეთში მხოლოდ ოთხი პაციენტი დახვდა და მათთვის არ უკითხავს თუ რა აწუხებდათ. ციხის ექიმის ინფორმაციით კი, პატიმრებს შორის ძირითადად გულის დაავადებები და ჰიპერტონიაა გავრცელებული.[4]

საინფორმაციო სააგენტოს „ირკუცკი ონლაინ“ ჟურნალისტი ალინა ვოვჩეკი ირკუცკის მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელი კოლონიის შესახებ, სადაც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული ყოფილი ძალოვნები იხდიან, წერს, რომ ციხე სრულად შევსებულია. 1220 პატიმრიდან 640 დასაქმებულია, მათგან 120 მუშაობს ფეხსაცმლის სახელოსნოში, 140 ქსოვილებზე მუშაობს, ხოლო ხის დამუშავებით 90 ადამიანია დაკავებული. კოლონიის ხელმძღვანელობის თქმით, დაწესებულებამ ყველა წარმოებიდან 9 თვის განმავლობაში 141 მილიონი რუბლის შემოსავალი მიიღო.

ჟურნალისტი აღწერს ერთერთ საცხოვრებელ კორპუსსაც. მისი თქმით, საძინებელი ოთახები ნათელი და სუფთაა. წესრიგზე კი თავად პატიმრები ზრუნავენ. კოლონიის თანამშრომლების თქმით, ეს დაწესებულება ერთადერთია ირკუცკის ოლქში, სადაც მოწყობილია სალოცავები ქრისტიანებისთვის, მუსლიმებისთვის, იუდაიზმისა და ბუდიზმის მიმდევრებისთვის. პატიმრები ეზოში ორჯერ გაჰყავთ – დილით და საღამოს. ზაფხულში პატიმრებს ფეხბურთისა და ფრენბურთის თამაშის ნებასაც რთავენ; იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.[5]

[1] Amnesty International, Amnesty International Report 2017/18 – Russian Federation, 22 February 2018, available at:

[accessed 22 June 2018]

[2] USDOS – US Department of State: Country Report on Human Rights Practices 2017 – Russia, 20 April 2018

 (accessed on 22 June 2018)

[3] საინფორმაციო სააგენტო „ТАСС“; სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური გასამართლებული ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლებისთვის ახალ კოლონიას გახსნის; 2018 წლის 27 თებერვალი; ხელმისაწვდომია ბმულზე: http://tass.ru/obschestvo/4990722 [ნანახია 2018 წლის 25 ივნისს]

[4] საინფორმაციო სააგენტო „MKSET“; როგორ და რით ცხოვრობენ „ზონაზე“ სამართალდამცავი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები; კონსტანტინ კლიმოვი; 2017 წლის 21 მარტი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://mkset.ru/news/society/21-03-2017/kak-i-chem-zhivut-na-zone-byvshie-sotrudniki-pravoohranitelnyh-organov-c4a51201-3874-436b-8a17-50cbadd3c4cb [ნანახია 2018 წლის 25 ივნისს]

[5] საინფორმაციო სააგენტო „ირკუცკი ონლაინ“; კოლონიის შიგნით: ყოფილი ძალოვნების შრომა და ცხოვრება; ალინა ვოვჩეკი; 2017 წლის 24 ოქტომბერი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.irk.ru/news/articles/20171024/prison/ [ნანახია 2018 წლის 25 ივნისს]