ალკოჰოლის მოხმარება – საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში [საანგარიშო პერიოდი 2021 წელი] ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ქვეყნის კანონმდებლობა ისეთ ქმედებებს, როგორიცაა, მაგალითად, „წინასწარმეტყველის შეურაცხყოფა“, „განდომა“, ერთი სქესის წარმომადგენელთა სექსუალური კავშირი, ალკოჰოლის დალევა და ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული ზოგიერთი არაძალადობრივი დანაშაული, განიხილავს დანაშაულებად, რომელთათვისაც, შეიძლება, განაჩენი იყოს სიკვდილით დასჯა. კანონი, ასევე, აწესებს [დასჯის არაადამიანურ მეთოდს] გაროზგვას 100-ზე მეტი სახის დანაშაულისთვის, მათ შორის „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის“ [აღნიშნული ბრალდება ხშირად გამოიყენება დემონსტრაციებში მონაწილე პირთა გასაროზგად].[1]
საერთაშორისო ორგანიზაცია „ARC Foundation“ 2022 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ 2017 წლის 13 აპრილს ბასიჯების გასამხედროებულმა ძალებმა რეიდი მოაწყვეს ახალგაზრდა მამაკაცების თავშეყრაზე, ბაგჰ-ე ბაჰადორანში, ისპაჰანში. დაახლოებით 30 მამაკცი დააპატიმრეს და დასტგერდის ციხეში გადაიყვნაეს. ისპაჰანის სასამართლომ მათ მსჯავრი დასდო „სოდომიასა და ფსიქტოროპული და ალკოჰოლური საშუალებების მოხმარებისთვის“.[2]
ნორვეგიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის ცენტრი „Landinfo“ 2021 წლის დეკემბერში გამქოვეყნებულ ანგარიშში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ წერს, რომ ირანის პოლიცია პასუხისმგებელია ყველა სახის ჩვეულებრივი დანაშაულის [მათ შორის ალკოჰოლის დალევა, ქურდობა, თავდასხმა, ქრთამი და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული] გამოვლენასა და რეაგირებაზე.
ამავე ანგარიშის მიხედვით, ირანის სისხლის სამართლის კოდექსის მეორე წიგნი [217 – 288 მუხლები] ეხება დანაშაულებს, რომელთათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებულია ე.წ. „ჰადი“ [Hadd]. „ჰადის“ სასჯელი ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას, ჩაქოლვას, გაროზგვას, ამპუტაციას, სამუდამო პატიმრობას. სასჯელის ტიპი ისლამური კანონებითაა განსაზღვრული და მიიჩნევა ღმერთის დადგენილად; აქედან გამომდინარე, აღნიშნულის შეცვლის ან პატიების უფლება მოსამართლეს არ აქვს. „ჰადით“ დასჯადი დანაშაულებია გარყვნილება, სოდომია, ლექსბიანობა, პროსტიტუცია, სოდომიას ცრუ ბრალდება, წინასწარმეტყველის ცილისწამება, ძარცვა/ყაჩაღობა, ღმერთის წინააღმდეგ ომი (moharebeh), დედამიწაზე კორუფციის გავრცელება (efsad fe-l-arz) და ალკოჰოლის მოხმარება.
ანგარიშის მიხედვით, ალკოჰოლის მოხმარება სხვადასხვა ჭრილში განიხილება და სხვადასხვა ფორმით ისჯება. მაგალითად, ალკოჰოლის მოხმარება, ასევე, ნახსენებია ე.წ. „Ta’zir“ დანაშაულებში [დანაშაულები, რომელთა სასჯელი მოსამართლის დისკრეციაა]. ექსპერტების შეფასებით, პრაქტიკაში, ირანული სასამართლოები იშვიათად სჯიან პირებს საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისთვის. განაჩენის აღსრულება სასჯელის ტიპზეა დამოკიდებული; მაგალითად, გაროზგვა ალკოჰოლის მოხმარებისთვის, მსჯავრის დადების დღესვე აღსრულდება, რადგან მსჯავრდებულები ხშირად სარგებლობენ გასაჩივრების უფლებით. ალკოჰოლის მოხმარება, ასევე, მორალის ჭრილშიც განიხილება და 701-ე მუხლით ამორალურ ქმედებად განისაზღვრება. დანაშულის გამოვლენაზე პასუხისმგებელი მორალის პოლიციაა და საქმეებს სისხლის სამართლის მეორე სასამართლო განიხილავს. სასჯელის ზომად 2-დან 6 თვემდე პატიმრობა და დამატებით 80 როზგია განსაზღვრული.[3]
აშშ-ის კონგრესის კვლევითი ჯგუფი [Congressional Research Service] 2021 წლის 29 ივლისს მომზადებულ ანგარიშში ირანის შიდა პოლიტიკის შესახებ წერს, რომ ბასიჯები ხშირად აპატიმრებენ ქალებს, რომლებიც არღვევენ რეჟიმის დადგენილ საჯარო ჩაცმის წესს და რეიდებს აწყობენ დასავლური სტილის წვეულებებზე, სადაც ხდება ალკოჰოლით გამასპინძლება [რაც ირანში უკანონო ქმედებაა]. ამავე ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის ივლისში დააპატიმრეს ირანისა და აშშ-ის მოქალაქე და მისი ცოლი. მათ 2018 წლის იანვარში 27 წლით პატიმრობა მიუსაჯეს საკუთარ სახლში ალკოჰოლით გამასპინძლებისთვის. ისინი, იმავე წელს, გირაოს სანაცვლოდ გაათვისუფლეს.[4]
გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯავიად რეჰმანი ირანში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებისას, 2021 წლის 16 ივლისს წერს, რომ ბევრია მაგალითი, რომელიც აჩვენებს თუ რამდენად ფართო სპექტრისთვის შეიძლება გამოიყენოს ირანმა სიკვდილით დასჯის განაჩენი. ანგარიშის მიხედვით, გავრცელებული ცნობებით, 2020 წლის 9 ივლისს, მაშჰადში ერთი პირი დასაჯეს სიკვდილით ალკოჰოლის მოხმარების გამო მეექვსე ჯერზე გასამართლების შემდეგ. სპეციალური წარმომადგენელი შეშფოთებას გამოხატავდა კიდევ ერთი მამაკაცის გამო, რომელსაც, პოტენციურად, ასევე ემუქრებოდა სიკვდილით დასჯა ალკოჰოლის მოხმარების გამო, რადგან ბრალდების მხარემ 2021 წლის ივნისში სასჯელის სახით სწორედ სიკვდილით დასჯის შუამდგომლობით მიმართა თეირანის სასამართლოს.[5]
გაეროს სპეციალური წარმომადგენლის ანგარიშში ნახსენები სიკვდილით დასჯის შემთხვევის შესახებ წერს, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც. 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წლის 9 ივლისს, მაშჰადის ცენტრალურ ციხეში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი [სოციალური მედიის მომხმარებლების დახმარებით მოხდა მისი მორტეზა ჯამალად იდენტიფიცირება], რომელიც ალკოჰოლის მოხმარებისთვის იყო დაპატიმრებული. მისი ადვოკატის თქმით, იგივე დანაშულისთვის მას ადრეც ჰქონდა მსჯავრი დადებული. ირანის ისლამური სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ალკოჰოლის მოხმარება „ღმერთის წინააღმდეგ დანაშაულია“ და საწყისი სასჯელის ფორმად, როგორც წესი, გაროზგვა გამოიყენება. ამასთან, კოდექსის 179-ე მუხლი ადგენს, რომ სასჯელი შეიძლება იყოს სიკვდილით დასჯა [ალკოჰოლის მოხამრების გამო] სამჯერ დაპატიმრების შემდეგ.[6]
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2018 წლის ინფორმაციით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სრული აკრძალვა ადევს ალკოჰოლის მოხმარებას. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა მოქმედებს ავტომანქანის მართვისას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევებზე და ეროვნული მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილი და წახალისებულია საზოაგდოების მოქმედება და ნებისმიერი სახის სამეთვალყურეო სისტემის ფუნქციონირება ალკოჰოლის მოხმარების წინააღმდეგ.[7]
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2018 წელს, ირანის ისლამური რესპუბლიკა 189 ქვეყანას შორის მეცხრე პოზიციაზე დაასახელა ალკოჰოლის მოხმარების მიხედვით. ორგანიზაციის მონაცემებით, 15 წელს ზევით ასაკის მოსახლეობა, ვინც რეგულარულად სვამს ალკოჰოლს, 2016 წლის განმავლობაში მოიხმარდა საშუალოდ 28.4 ლიტრ სუფთა ალკოჰოლს. იგივე მაჩვენებელი 2010 წელს 6 ლიტრი იყო. ირანის ხელისუფლება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანზიაციის მონაცემების საპასუხოდ განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 96%-ს არასდროს მიუღია ალკოჰოლი. მედია საშუალება „IranWire“ 2021 წლის ოქტომბრის სტატიაში წერს, რომ კვლევის [რომელიც 2000 მონაწილეს შორის ჩატარდა] შედეგებით, მოსახლეობის 52% ალკოჰოლს არ სვამს, 24% ალკოჰოლს „ხანდახან“ სვამს, 9% ალკოჰოლს მოიხმარს ყოველკვირეულად და 6% ყოველდღიურად. სტატიაში ნათქვამია, რომ მოსახლეობის მეოთხედი სახლში დამზადებულ ალკოჰოლურ საშუალებებს მოიხმარს.[8]
მედია საშუალება „ABC News“ 2020 წლის 28 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ დაბინძურებული ალკოჰოლის მოხმარების გამო, ირანშ ასობით ადამიანი დაიღუპა. კორონა ვირუსის გავრცელების შემდეგ, ირანში თავი იჩინა ალკოჰოლით ინტოქსიკაციის პრობლემამ, რამაც ასობით ადამიანი შეიწირა. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთ ირანელს ეგონა, რომ ალკოჰოლით კორონა ვირუსის პრევენციას ან მკურნალობას შეძლებდა. ერთერთი საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი აცხადებდა, რომ თავდაპირველად ისინი ფიქრობდნენ, რომ მოსახლეობის ნაწილი ცრუ ინფორმაციის მსხვერპლი გახდა და რომ ისინი შეცდომაში შეიყვანა გავრცელებულმა მცადრა მოსაზრებამ [რომ ალკოჰოლი კურნავდა კორონა ვირუსს]; თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ უმეტეს შემთვევაში საქმე ეხებოდათ ალკოჰოლის რეგულარულ მომხმარებლებს, რომლებიც ალკოჰოლს ე.წ „ბუტლეგერებისგან“ იღებდნენ. ეპიდემიის პირობებში კი მათ მეთანოლზე დაფუძნებული ალკოჰოლის მოხმარება მოუწიათ.
ირანში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ [სტატიის გამოქვეყნების მომენტამდე] ალკოჰოლური ინტოკსიკაციის 2 ათასზე მეტი შემთხვევა იყო დაფიქსირებული; ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად ირანში 244 ადამიანი გარდაიცვალა. ირანში ალკოჰოლის მოხმარება აკრძალულია და ალკოჰოლის მოხმარების მსურველები სასურველ სასმელს შავ ბაზარზე ეძებენ. შავ ბაზარზე კი თავად დილერებმაც ბევრი არაფერი იციან შეთავაზებული პროდუქციის წარმომავლობაზე.[9]
ტატუ – მედია საშუალება „Aljazeera“ 2021 წლის 8 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ირანელი ახალგაზრდობა ტატუზე არსებულ ტაბუს ეწინააღმდეგება. ტატუ არტისტები ირანში იმედოვნებენ, რომ მათი შემოქმედება ხელისუფლების თვალში მეტ ლეგიტიმაციას მიიღებს და ტატუს მიმართ სტიგმა ნაკლები იქნება. სტატიაში ნათქვამია, რომ ირანულ კანონმდებლობაში არ არის კონკრეტული ჩანაწერი ტატუს შესახებ, შესაბამისად, ტატუს შექმნა ოფიციალურად არ მიიჩნევა დანაშაულებრივ ქმედებად. ცნობილი შიიტი სასულიერო პირები და უზენაესი ლიდერიც ამბობენ, რომ ტატუ არ არის „ჰარამი“ ან აკრძალული ისლამური კანონებით, ვიდრე ისინი არ ასახავენ „უხამს“ გამოსახულებას. მიუხედავად ამისა, ტატუს, ზოგადად, არ მიესალმება ხელისუფლება და მას დასავლურ ფენომენად მიიჩნევს და ამიტომ სახელმწიფო ტელევიზიები ხაზგასმით აჩვენებენ ისეთ დამნაშავეებს, რომელთაც ტატუ აქვთ. ტატუს ქონა, ასევე, შეიძლება ხელშემშლელი ფაქტორი იყოს მართვის მოწმობის აღებისას; რადგან სხეულზე არსებული საცნობი ნიშნები შეიძლება მენტალური პრობლემის ნიშნად იქნეს აღქმული. მიუხედავად შეზღუდვებისა და არსებული სტიგმისა, ტატუ სულ უფრო პოპულარული ხდება ირანში, განსაკუთრებით 30 წლამდე ასაკის ხალხში, რომელთა რაოდენობა ირანში ათობით მილიონია.[10]
მედია საშუალება „Deutsche Welle“ 2019 წლის 8 მარტს გამოქვეყნებულ რეპორტაჟში წერს, რომ რეპრესიული რეჟიმის ირანში ქალებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება წინააღმდეგობის ფარული ფორმა – სხეულის მოხატვა, განსაკუთრებით კი ტატუ. ირანში ტატუს შექმნა უკანონო ქმედება არაა, მაგრამ ნამდვილად იწვევს უკმაყოფილებას, ამიტომ ტატუ არტისტები ცდილობენ, თავიანთი საქმიანობა საიდუმლოდ შეინახონ.[11]
მედია საშუალება „The Guardian“ 2019 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ტატუ არტისტებს ირანში რეგულარულად აპატიმრებენ და სჯიან ჯარიმებით, გაროზგვით და პატიმრობითაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ტატუ არ არის აკრძალული არც სამოქალაქო კანონებით და არც შიიტური ისლამით, ხელისუფლება მკაცრად უარყოფს მას, როგორც დასავლურ ფენომენს, რომელიც საზიანოა ირანელთა ღირებულებებისთვის. ზოგიერთ საჯარო ადგილას, მაგალითად საცურაო აუზზე, გაკრუნია გაფრთხილება, რომ არ მიესალმებიან ტატუს მქონე პირებს. მიუხედავად ამისა, სხეულის მოხატვა სულ უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდა ირანელებში და კაფეებს ხშირად სტუმრობს ხალხი ხილული ტატუებით. ტატუ, ასევე, ძალიან პოპულარულია ქალებს შორის და თეირანში ბევრი ქალი ტატუ არტისტი ემსახურება კლიენტებს.[12]
წვეულებები – მედია საშუალება „The Indian Express“ 2016 წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ირანის ხელისუფლებამ დაშალა წვეულება და ალკოჰოლის მოხმარების გამო 120 პირი დააპატიმრა. სტატიის მიხედვით, ალკოჰოლის დალევა ირანის მკაცრი ისლამური სწავლებებით უკანონო ქმედებაა,მაგრამ ალკოჰოლის მოხმარება ქვეყანაში მაინც ფართოდაა გავრცელებული.
ირანის ნახევრად-ოფიციალური ახალი ამბების სააგენტო „ISNA“ წერდა, რომ ხელისუფლებამ 120 პირი თეირანის ერთერთ კაფეში გამართული კერძო წვეულების დროს დააკავა. თეირანის პროკურორი აბბას ჯაფარი დოლატაბადის თქმით, წვეულებაზე 15 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს, ხოლო 15 ადამიანი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. მისი თქმით, აღნიშნული კაფე დაიკეტა. დოლატაბადის თქმით, საერთო ჯამში შერეული გენდერულ წვეულებაზე დამსწრე 120 პირი დააპატიმრეს, მათ შორის ორი ე.წ. „მიწისქვეშა მომღერალი“ [underground singers].[13]
მედია საშუალება „BBC“ 2017 წლის 22 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ირანის მორალის პოლიციამ „მზებუდობის“ წვეულებები დაშალა და 230 პირი დააპატიმრა. წელიწადის ყველაზე მოკლე დღე ირანში ტრადიციულად აღინიშნება. თეირანის მორალის პოლიციის უფროსი კოლ ზულფიკარ ბარფარის თქმით, წვეულების მონაწილეები სვამდნენ ალკოჰოლს და ცეკვავდნენ შერეული გენდერულ წვეულებაზე. სტატიაში ნათქვამია, რომ ალკოჰოლის დალევა ირანში 80 როზგით ისჯება, თუმცა აღნიშნული ქმედების ჩამდენთ, ბოლო წლებში, უფრო ხშირად ჯარიმით სჯიან. პოლიციის განცხადებით, 140 პირი ლავასანის რაიონში მდებარე ბაღში დააპატიმრეს, ხოლო 90 პირი წვეულებას ფერმანიეჰის ჩრდილოეთ რაიონში ესწრებოდა. ორი მომღერალი, რომელიც ღონისძიებებზე გამოდიოდა, ასევე, დააპატიმრეს; გარდა ამისა, პოლიციამ ალკოჰოლური სასმელისა და ნარკოტიკული საშუალებების კონფისკაცია მოახდინა.[14]
მედია საშუალება „The New York Times“ 2018 წლის 2 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ რადგან ტაბუ ირღვევა, ირანელები სულ უფრო ხშირად ერთობიან წვეულებებზე. სტატიაში აღწერილია თეირანში გამართული ქორწილი, სადაც სმოკინგებში გამოწყობილი მამაკაცები და სადღესასწაულო კაბებში გამოწყობილი ქალები საყვარელი სიმღერის [გადასახლებაში მცხოვრები ირანელი მომღერალი ენდის პოპ სიმღერა „The Pretty Ones Have to Dance“] ფონზე ცეკვავენ. სტატიის ავტორის თქმით, ადგილმდებარეობის გარდა, არაფერი მიანიშნებს, რომ ეს დასავლური საქორწინო წვეულება არაა. რეალურად, წვეულების მონაწილეები ისლამური რესპუბლიკის მინიმუმ 6 ფუნდამენტურ კანონს არღვევენ – სქესთა შერევა, ქალები თავსაბურავის გარეშე, ცეკვა, პოპ მუსიკის დაკვრა და ალკოჰოლის მოხმარება [არყით გაჟღენთილი სასმელი წყლის ბოთლებში]. სხვა ეპოქაში ყველა აღნიშნული ქმედებება გაროზგვით ან პატიმრობით ისჯებოდა; ორი მათგანი [ქალები თავსაბურავის გარეშე და ალკოჰოლი] ახლაც ისჯება. მართალია, ასეთი წვეულებები კვლავ კანონგარეშეა და ხანდახან პოლიცია საქმეში ერევა ხოლმე, შერეული ქორწილები ირანში უკვე დიდ ინდუსტრიად იქცა და ბევრი ადგილი მასპინძლობს ქორწილებს თითქმის ყოველ ღამე.
35 წლის ასალ ხალიპური, რომელიც 6 წელია მოდის ღონისძიებებს აორგანიზებს, იხსენებს, რომ თავიდან დიდ რისკზე წავიდა. იმ დღეებში პოლიცია შემთხვევითი წესით რეიდს ახორციელებდა მაღაზიებში, სადაც „შეუსაბამო“ ტანსაცმელს ყიდდნენ. ხალიპურის თქმით, იმ დროს მოდის ღონისძიებები უბრალოდ არ არსებობდა. ირანელები ყოველთვის ახერხებდნენ შემოქმედებითი გზებით გვერდი აეარათ შეზღუდვებისთვის. ამჟამად, ირანელი ქალებისთვის ღია ქურთუკების ტარება დიდი სირთულე აღარაა. მიუხედავად იმისა, რომ მორალის პოლიცია განაგრძობს ქუჩების მონიტორინგს და პერიოდულად თვითნებურად აპატიმრებს ქალებს „შეუსაბამო“ ჩაცმულობისთვის, სახელმწიფომ ნელ-ნელა დათმო თითქმის ყველა წესი და შეზღუდვა, გარდა თავსაბურავის და შორტებისა. ხალიპურის ერთერთ უკანასკნელ ღონისძიებაზე, რომლის სპონსორიც BMW იყო, ახალგაზრდა ქალები ათვალიერებდნენ თაროებს, რომლებიც სავსე იყო ადგილობრივი მოდის დიზაინერების ნამუშევრებით.
სტატიის მიხედვით, თეირანის ერთერთ კაფეში, სადაც სამი წლის წინ მხოლოდ ინსტრუმენტული მუსიკა იყო დასაშვები, ცნობილი დასავლელი თანამედროვე შემსრულებლის [Dua LIPA] სიმღერებს უკრავდნენ. ახალგაზრდები, მაკბუქებით და თეთრი ყურსასმენებით, ისხდნენ მაგიდებთან და ლატეს მიირთმევდნენ. პოლიცია ხშირად აკვირდება ასეთ ადგილებს, მორალური ნორმების დამრღვევთა გამოსავლენად, თუმცა, ახლა ეს დარღვევები უკვე მხოლოდ კოცნასა და ხელის ჩაკიდებას გულისხმობს.
სოციოლოგი ჰოჯა კალაში ამბობს, რომ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ჭიდილმა საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის, ბევრი დაღალა. ხალხი კმაყოფილია, რათქმა უნდა, იმ უფლებებით, რაც სახელმწიფოს გამოსტაცა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამ უფლების ქონას, თუ მაინც შეიძლება დაგაპატიმრონ შერეულ საქორწინო წვეულებაზე?! „ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიცვლებით, მაგრამ მმართველ ძალას არ აქვს ხედვა, როგორც მართონ ქვეყანა; მათ არ აქვთ გეგმა, როგორც უპასუხონ საზოგადოების მოთხოვნებს. ერთი ნათელია, ეს კონფლიქტი ცვალებად საზოგადოებასა და ხისტ კანონებს შორის, დიდხანს ვეღარ გაგრძელდება“. სოციოლოგიის პროფესორი და რეფორმისტი პოლიტიკოსი ჰამიდრეზა ჯალაიპურის თქმით, მეტად უნდა იაქტიურონ და იბრძოლონ ახალი კანონებისთვის. მისი თქმით, ნანობს, რომ ხელიდან გაუშვეს შანსი, ცვლილებები კანონში ასახულიყო – „ჩვენ უბრალოდ ვერ შევძელით ეს ყველაფერი ფურცელზე გადაგვეტანა“.[15]
მედია საშუალება „AP News“ 2021 წლის 4 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ ირანის ხელისუფლებამ შერეული გენდერული წვეულება დაშალა და 16 პირი დააკავა. შემთხვევა ხორასან რაზავის პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი პროკურორის თქმით, ქალაქ გოლმაკანში, გოლბაჰარის ვილაზე დააკავეს 16 პირი, რომლებიც წვეულებაზე ცეკვავდნენ. მისივე თქმით, ისინი მოიხმარდნენ ალკოჰოლს და შეურაცხყოფდნენ ისლამს წმინდა რამადანის დროს.[16]
ელექტრონული მუსიკა – მედია საშუალება „The Guardian“ 2019 წლის 25 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ 10 წლის წინ, ირანის ხელისუფლება ელეტრონულ მუსიკას ავიწროვებდა და ზღუდავდა, ახლა კი ეს უცნაური, ხშირად დასჯადი ჟღერადობა თავის გზას პოულობს. ირანი არის ქვეყანა, სადაც მუსიკა პოლიტიკურად და კულტურულად აკრძალულად ითვლება და ამიტომ შემსრულებლებმა, ვისაც საკუთარი შემოქმედების ხალხისთვის გაცნობა სურთ, ირანის კულტურისა და ისლამური სწავლების სამინისტროსგან ნებართვა უნდა აიღონ; ან ისინი დაპატიმრების რისკის წინაშე აყენებენ თავს. მაგრამ ახლა, მეოცნებე მუსიკალური საზოგადოებას შეუძლია ღიად გააზიაროს თავისი უცნაური შემოქმედება. აღნიშნული მიმართულებით პირველი ნაბიჯები ახლა უკვე კარგად ცნობილმა ატა ებტეკარმა, იგივე სოტემ [„ბგერა“ სპარსულიდან] გადადგა. მისი ბოლო ალბომი „Sacred Horror in Design“, რომელიც 2017 წელს გამოიცა, ფართო აღიარება მოიპოვა თავისი ელეტრონული და კლასიკური ირანული მუსიკის სინთეზისთვის. ახლა ატრისტი ახალ ელეტროაკუსტიკურ ალბომზე [Parallel Persia] მუშაობს.
ატა ებტეკარის პირველი მცდელობა [2000-იან წლებში], ირანის ელექტრონული მუსიკა ქვეყნის გარეთ გაეტანა, უშედეგო აღმოჩნდა – „ექსპერიმენტულ ელექტრონულ მუსიკას ახალგაზრდობა იმ დროს უბრალოდ ჯერ არ ქმნიდა“. ის 2013 წელს დაბრუნდა და აღმოაჩნა, რომ რაღაცები შეიცვალა. ირანის ხელისუფლების მარწუხები მუსიკაზე შესუსტდა და რამდენიმე ექსპერიმენტული პროდიუსერი უკვე აქტიურობდა. 2015 წელს მან, თანამოაზრეებთან ერთად, დაარსა „SET Festival“, სადაც ირანელებს აუდიოვიზუალური წარმოდგენის ყურება და ელექტრონულ მუსიკაზე ცეკვა შეეძლოთ. მართალია ამას ბევრი ძნელად მოსაპოვებელი სამთავრობო ნებართვა დასჭირდა, მაგრამ ამჟამად ფესტივალი ლეგალურია; მეტიც, ის ყოველ წელს ანშლაგით ტარდება.[17]
მედია რესურსი „Shondaland“ 2020 წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის ეს მოულოდნელია, ირანში საკმაოდ განვითარებულია ჰიპ-ჰოპ, რეპ და ელექტრონული მუსიკა. ირანის ელექტრონული მუსიკის პლატფორმა „Deep House Tehran“ ფარავს საზოგადოების ისტორიებს. პლატფორმის დამფუძნებელია თეირანში მოღვაწე DJ, პროდიუსერი და ხმის არტისტი ნესა აზადიკჰაჰი. მისი თქმით, ისინი ხელს უწყობენ ირანელ არტისტებს და ასევე თანამშრომლობენ ბევრ კარგ შემსრულებელთან მსოფლიოში.
თავად აზადიკჰაჰს, საჯარო წარმოდგენების გამართვისას, არასდროს შექმნია პოლიტიკური პრობლემა, რადგან მისი წარმოდგენები ყოველთვის ისეთ ადგილებში იმართება, რომელთაც მსგავსი ღონისძებების გამართვის ნებართვა აქვთ [მაგალითად ხელოვნების გალერიები]; თუმცა, მისივე თქმით, ირანში წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე როგორ ქალი დიჯეი, ადვილი არ ყოფილა. თუმცა, როგორც თავადვე ამბობს, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქალმა დიჯეებმა პოპულარობა მოიპოვეს და ახლა აუდიტორია უფრო ნორმალურად ხვდება ამ ფაქტს, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია. აზადიკჰაჰის თქმით, ტექნოლოგიების დახმარებით, ირანელ ელექტრონული მუსიკის ატრისტებს ექნებათ მეტი შესაძლებლობა, ჟანრში თავიანთი შემოქმედებითობა შეიტანონ.[18]
[1] საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2021 წელი; გამოქვეყნებულია 2022 წლის 13 იანვარს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 14 თებერვალს][2] საერთაშორისო ორგანიზაცია „ARC Foundation“; EASO-ის კითხვაზე პასუხების კომენტარი; გამოქვეყნებულია 2022 წლის იანვარში; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 14 თებერვალს][3] ნორვეგიის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის ცენტრი „Landinfo“; წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია – ირანი; გამოქვეყნებულია 2021 წლის დეკემბერში; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 14 თებერვალს][4] აშშ-ის კონგრესის კვლევითი ჯგუფი „Congressional Research Service“; ირანი: შიდა პოლიტიკა და აშშ-ის პოლიტიკა და ვარიანტები; განახლებულია 2021 წლის 29 ივლისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 14 თებერვალს][5] გაეროს გენერალური ასამბლეა; სპეციალური წარმომადგენლის ანგარიში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ; გამოქვეყნებულია 2021 წლის 16 ივლისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 14 თებერვალს][6] აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის შესახებ ირანში – 2020 წელი; გამოქვეყნებულია 2021 წლის 12 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 14 თებერვალს][7] ჯანმრთელობის მსფოლიო ორგანიზაცია; ირანის ისლამური რესპუბლიკა; გამოქვეყნებულია 2018 წელს; ხელმისაწვდომია ბმულზე:
[ნანახია 2022 წლის 14 თებერვალს][8] მედია საშუალება „IranWire“; კვლევამ აჩვენა, რომ ირანის მოსახლეობის მეოთხედი სახლში დამზადებულ ალკოლურ საშუალებებს სვამს; გამოქვეყნებულია 2021 წლის 22 ოქტომბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://iranwire.com/en/features/10618 [ნანახია 2022 წლის 14 თებერვალს]
[9] მედია საშუალება „ABC News“; კორონა ვირუსთან ბრძოლის პარალელურად, ირანი ალკოჰოლის კრიზისსაც ებრძვის; გამოქვეყნებულია 2020 წლის 28 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://abcnews.go.com/Health/iran-confronts-deadly-alcohol-crisis-midst-dealing-coronavirus/story?id=69842613 [ნანახია 2022 წლის 14 თებერვალს]
[10] მედია საშუალება „Aljazeera“; ახალგზარდა ირანელები ეწინააღმდეგებიან ტატუზე არსებულ ტაბუს; გამოქვეყნებულია 2021 წლის 8 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.aljazeera.com/news/2021/3/8/dangerous-irans-tattoo-artists#:~:text=There%20are%20no%20specific%20laws,not%20officially%20considered%20criminal%20activity.&text=A%20number%20of%20prominent%20Shia,they%20depict%20%E2%80%9Cobscene%E2%80%9D%20imagery. [ნანახია 2022 წლის 14 თებერვალს]
[11] მედია საშუალება „Deutsche Welle“; ირანში ქალი საიდუმლოდ იკეთებს ტატუს; გამოქვეყნებულია 2019 წლის 8 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.dw.com/en/women-get-tattooed-in-iran-in-secret/av-47825790 [ნანახია 2022 წლის 14 თებერვალს]
[12] მედია საშუალება „The Guardian“; ჩუმი წინააღმდეგობა: თეირანის დამალული ტატუ სტუდიები; გამოქვეყნებულია 2019 წლის 4 თებერვალს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.theguardian.com/cities/2019/feb/04/a-silent-act-of-resistance-the-hidden-tattoo-studios-of-tehran [ნანახია 2022 წლის 14 თებერვალს]
[13] მედია საშუალება „The Indian Express“; ირანის ხელისუფლებამ წვეულება დაშალა და 120 პირი ალკოჰოლის დალევისთვის დააპატიმრა; გამოქვეყნებულია 2016 წლის 15 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://indianexpress.com/article/world/iran-authorities-break-up-a-party-arrest-120-for-drinking-alcohol-4427336/ [ნანახია 2022 წლის 14 თებერვალი]
[14] მედია საშუალება „BBC“; ირანის მორალის პოლიციამ მზებუდობის წვეულება დაშალა და 230 პირი დააპატიმრა; გამოქვეყნებულია 2017 წლის 22 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.bbc.com/news/world-middle-east-42459544 [ნანახია 2022 წლის 14 თებერვალს]
[15] მედია საშუალება „The New York Times“; გამოქვეყნებულია 2018 წლის 2 ივნისს; სტატიის ავტორი: ტომას ერდბრინკი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.nytimes.com/2018/06/02/world/middleeast/iran-taboos-parties-alcohol.html [ნანახია 2022 წლის 15 თებერვალს]
[16] მედია საშუალება „AP News“; ირანის ხელისუფლებამ შერეული გენდერული წვეულება დაშალა და 16 პირი დააპატიმრა; გამოქვეყნებულია 2021 წლის 4 მაისს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://apnews.com/article/middle-east-iran-arrests-religion-7a4aca05d45afa8daf1ab30fabf0f252 [ნანახია 2022 წლის 15 თებერვალს]
[17] მედია საშუალება „The Guardian“; ირანის ელექტრონული მუსიკის მიწისქვეშეთში; გამოქვეყნებულია 2019 წელს 25 მარტს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.theguardian.com/music/2019/mar/25/inside-the-iranian-electronic-underground-ata-ebtekar-set-festival-mahdyar [ნანახია 2022 წლის 14 თებერვალს]
[18] მედია პორტალი „Shondaland“; რას გვეუბნება სპარსული მიწისქვეშა მუსიკა ირანის შესახებ; სტატიის ავტორი: ნიკი შობერი; გამოქვეყნებულია 2020 წლის 15 დეკემბერს; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.shondaland.com/inspire/a34946112/what-persian-underground-music-tells-us-about-iran/ [ნანახია 2022 წლის 14 თებერვალს]